მღდელი: კურთხეულ არს-ი.
და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
გუნდი: ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და
შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა;
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ
თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუჴლი 1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუჴლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუჴლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი 4. ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
გარეჯითგან ჰბრწყინევდი, ვითარცა სანთელი მაღალსა ზედა სასანთლესა მღდელობისასა, და სამებისა ნათლითა ჰნათობდი რაჲ ქუეყანასა ჩუენსა, მონაზონთა გულსმოდგინებასა აღაორძინებდი და სხუათა უმრავლესთა აღადგინებდი სურვილად მონაზონებისა, სჯულისა განმწმედელო მამაო დოდო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთშემოსილო მამაო დოდო, მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებითა შენდა მოივლტიან; დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი; დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან-გყო შენ; დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ძლისპირი: ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ ზღვასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხივნეს სიმტკიცითა მკლავისათა, ქრისტეს მიერ იჴსნნეს ისრაელნი და ახლად იტყოდეს ძლევისა გალობასა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ვაქებთ საკჳრველთა მათ ღუაწლითა შენთა და მადლობასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმან მოგავლინა მოღუაწედ და მლოცველად ერისა ჩუენისა და დიდებად და სიმტკიცედ კახეთისა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ნერგად ღმრთივშუენიერად აღმოსცენდი ძირთაგან წარჩინებულთასა, და სიყრმითგან ევლტოდი რაჲ შფოთთა სოფლისათა, ისწრაფდი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გამოგირჩია რაჲ უფალმან ჭურად რჩეულად, დამტევნელად მადლთა მათ თჳსთა, უპოვარებისა მოყუარჱ დაეყუდე ნინოწმიდას და ღუაწლითა ძლიერითა სათნო ეყავ ღმერთსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ ჭეშმარიტად დედაჲ ღმრთისაჲ, წმიდაჲ, სამოთხისა სამკაული და მეფეთა ძლევაჲ, და აწ შემსხმელნი შენნი გჳჴსნენ მტერთა უხილავაგან, ძლევისა გალობითა დღეს.
ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოვლადვე კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთმოყუარე.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
გესმა რაჲ საკჳრველნი საქმენი დავითისა, ასურეთით ქართლად მოსრულისა და მოწაფისა თჳსისა ლუკიანესა თანა გარეჯად დამკჳდრებულისა, აღიძარ ხილვად მისა და მიიწიე კარსა ზედა სენაკისა მისისასა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
გიხილა რაჲ, გულისჴმა-ყო სიწმიდჱ შენი ნეტარმან დავით, და აღივსო სიხარულითა, ხოლო იუბნეთ რაჲ მოძღურებაჲ საღმრთოჲ და სულიერი, ევედრებოდით ღმერთსა, რაჲთა ივერთა ერი დაიფაროს ყოველთაგან ვნებათა და განსაცდელთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გხედვიდა რაჲ ფრიად მოღუაწესა, წმიდაჲ იგი გიჩვენებდა გაღმართ კლდესა, და გეტყოდა: „ქმენ სადგური და ეკლესიაჲ სახელსა ზედა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა", და გაკურთხა იწროსა მას გზასა ზედა დაყუდებისასა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ურიცხუთა განსაცდელთა შინა შთავვარდი უბადრუკი, ჩემთა მათ აურაცხელთა ცოდვათა მიერ და სიღრმედ ბოროტთა მივიწიე საწყალობელი, ხოლო შენ, დედოფალო, წმიდაო, მიჴსენ მონაჲ შენი და მაცხოვნე მე.
მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთსა).
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელი: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათჳს.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).
მღდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
იშუებს აწ ერი ჩუენი ღმრთივბრწყინვალესა მას დღესასწაულსა შენსა, და ძალნიცა ზეცისანი უხილავად გალობენ ძნობითა, ხოლო ბანაკი მონაზონთაჲ იხარებს, მოქადული შრომათათჳს შენთა, უდაბნოსა შინა აღსრულებულთა, ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივისმცემელთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა.
ძლისპირი: ესმა მოსვლა შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხვედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ერჩდი ბრძანებასა წმიდისა მამისასა, და განხვედ რაჲ რქასა მას, ნეტარო, დაემკჳდრე იწროსა მას ნაპრალსა კლდისასა, და შრომითა და მოღუაწებითა სათნო ეყოფვოდი ღმერთსა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
იყავ რაჲ მხედველი დაფარულთა ვნებათა და საცთურთა ბოროტისათა, განჭურეტდი ყოველთა გულისწადილთა შენდამი მოსწრაფეთა, და განამტკიცებდი ღუაწლთა და სათნოებათა შინა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დაღათუ არს ადგილი ეგე ურწყული და უნუგეშისცემოჲ, ნეტარო, მრავალნი შეუდგნენ კუალსა შენსა, და იქმნებოდენ რაჲ მონაზონ, ქუაბთა და სენაკთა გამოკუეთდენ კლდეთა შინა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვნებანი სულისანი განკურნენ და განმინანათლე გონებაჲ და გული, დედაო ღმრთისაო, რომელმან ნათლისა მომცემელი, ქრისტე მაცხოვარი უშევ კაცთა.
ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტვი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლო მრავალმოწყალე.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ასწავებდი რაჲ სჯულსა ქრისტეანობისასა წარმართთა, ნათელ-სცემდი მათ, რამეთუ მღდელ იყავ შემწირველი მსხუერპლისაჲ, და ასწავებდი გზასა მას სასუფეველად მიმყუანებელსა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
რომელთა აღირჩიეს შენთანა მოღუაწებაჲ, სანატრელო, აღუშენე ტაძარი სახელსა ზედა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა, და აღმართენ მონასტერნი საყოფელად მათდა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოისწრაფდენ რაჲ ერნი შენდა უდაბნოს, ჰკურნებდი უძლურთა და ბოროტითა სენითა შეპყრობილთა, და განამტკიცებდი მორწმუნეობასა მათსა. აწ სულთა ჩუენთა წყლულებანი განჰკურნე და სიმრთელჱ მოანიჭე ჴორცთა ჩუენთა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთი წმიდაჲ ჴორც-შესხმული ჰშევ, ქალწულო, წმიდაო, წმიდა-მყოფელად ჩუენდა, რომელნი სარწმუნოებით და შიშით წმიდა-ვჰყოფთ წმიდასა, წმიდა-მყოფელსა ჩუენსა.
ძლისპირი: ზღუაჲ აღძრული ღელვითა წარწყმედელი დააცხრვე, ქრისტე, შერისხვით დააყუდე. მეცა დანთქმული ცოდვათაგან აღმომიყვანე, მოწყალე.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ღუაწლსა მას ფიცხელსა შედგომილი განძლიერდი და ცრემლთა დინებითა სულნელ იქმენ, ვითარცა ნელსაცხებელითა, აწ გუასხურე ცუარი მადლისა შენისაჲ და მოგვანიჭე მოშურნეობაჲ უბიწოჲსა ცხორებისაჲ.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ცოდვილთა და შეცთომილთა მოაქცევდი სინანულად, და უფალსა ევედრებოდი რაჲ გაძლიერებასა მათსა, სიყურულითა გმორჩილებდენ, მამაო, და ადიდებდენ ღმერთსა. მას ევედრე აწ, რაჲთა გჳჴსნეს ვნებათაგან სულიერთა და ჴორციელთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მრავალსა ჟამსა დაჰყავ რაჲ წინამძღურობასა შინა, მზეებრ განანათლე უდაბნოჲ ესე მჴეცთა სადგური და ეშმაკთა საყოფელი, და მათ წილ დაამკჳდრე კაცნი ანგელოზთა სწორნი, რაჲთა მარადის ადიდებდენ ღმერთსა, ყოვლად ძლიერსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნუგეშინისმცემელად, და ძალად და შესავედრებელად, და ჴელისაღმპყრობელად გვაქუ შენ, ქალწულო, ყოვლად წმიდაო, მოსავნი შენნი გჳჴსენ ყოველთა ჭირთაგან და განსაცდელთა.
მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელი: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელი: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელი: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
სიყრმე უსრული სიჩჩოსა, ჰასაკ სრულ სიბერედ ისხენ და დანერგენ შორის შენსა ღუაწლნი მამათანი, რწყულნი იგი მათ მიერ მდიდრად ცრემლითა, და შენცა არავე უდებ-ჰყავ ნამცნებნი მათნი, და გამოგვიჩნდი შვილთა ეკლესიისათა მფარველად, თანამოდასეო ზეცისათა მათ ძალთაო, და თანამოკარვეო დავით გარეჯელისაო, სრულებაო მამათაო, ღირსო დოდო.
იხარებს ქართველთა ეკლესიაჲ შვილთა თანა თჳსთა, და იქადის კახეთი აღმოცენებისათჳს შენისა, განანათლე რაჲ მკჳდრნი მისნი საღმრთოჲთა სწავლითა, და გარეჯის უდაბნოსა შინა განამრავლე სავანენი და აღავსე მამათა მიერ სულიერთა, ჰმწყსიდი რაჲ შიშითა ღმრთისაჲთა და ჭეშმარიტითა მოძღურებითა, ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, და ჰბრწყინავ ზეცათა შინა.
მადლითა საღმრთოჲთა განანათლენ რაჲ მხარჱ კახეთისაჲ, მაუწყებელ-არს „დოდორქაჲ“ მოღუაწებათა შენთა საკჳრველთა და ღაღადებს შენთა შრომათათჳს მათ შორის აღსრულებულთა, ამისთჳს მოჳჴსენებთ ნაშენებთა შენთა და ვევედრებით განმადიდებელსა შენსა, რაჲთა ღირს-გვყოს გარეჯის სავანეთა აღდგინებისა, და მათ შინა მოღუაწეთა მამათა განმრავლებისა და მსახურებასა შინა შენმიერითა მადლითა განმტკიცებისა.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით.
წარდგომა ჴმაჲ 4 - პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
მას ჟამსა შინა დადგა იესო ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა.
გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა დოდო გარეჯელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: შენ, ქადაგსა ჭეშმარიტებისასა და ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა ქართველთა ერისასა ქებით შეგამკობთ, მამაო სანატრელო, დოდო გარეჯელო, და გევედრებით წადიერად: აღაპყრენ აწ ჴელნი შენნი ყოვლადწმიდისა მიმართ სამებისა და გვითხოვე შეუძრველად დაცვაჲ ეკლესიისა, ჴსნაჲ ივერიისაჲ ზედამოსვლათაგან მტერისა და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და მორწმუნენი ღირს-გვყოს შენდობასა და წყალობასა.
მღდელი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთაჲთა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანჱსითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრჱსა და პავლჱსითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა, და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაჲ, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაჲთა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაჲთა; წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დამიანე, ონოფრე და სჳმეონ გარეჯელთა, და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაჲთა; ღმრთივგანბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთჳმე და გიორგი მთაწმინდელთაჲთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და კონსტანტინე მთავრისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაჲთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაჲთა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანჱსა, თამარისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაჲთა; წმიდათა აღმსაარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანჱსი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანნაჲსითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დოდო გარეჯელისაჲთა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელი: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ძლისპირი: უფროჲსად ამაღლებულმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან, სახუმილი მოტყინარე ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ზეგარდამო გეუწყა რაჲ აღსასრული შენი, მამაო, აკურთხევდი და განამტკიცებდი მოწაფეთა შენთა, რამეთუ მწუხარებდენ განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰვედრე რაჲ სამწყსოჲ და მერმე სული თჳსი უბიწოჲ უფალსა, წარგიძღუა ანგელოზთა გუნდი, და აღგიყვანა წინაშე საყდარსა მისსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ხედვიდენ რაჲ პირსა შენსა, ვითარცა ანგელოზისასა, მრავალმოღუაწჱ გვამი შენი შეხვიეს ძაძასა, და დაფლეს რაჲ სენაკსა შენსა, დაადეს ლოდი და დაუტევეს ხურელი აღმოსაღებად მიწისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცხოვრებისა საყუდელად გიცნობთ ყოველნი, ქალწულო, ღელვანი ვნებათანი შესცვალენ მყუდროებითა, და სინანულისა მოგებაჲ მოეც მოსავთა შენთა.
ძლისპირი: შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
დაღათუ საფლავმან დაგფარა, ღუაწლი შენი, ღმრთივგანბრძნობილო, არცა-ღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, არამედ სავანესა მას უწოდეს „დოდორქაჲ“, და სენაკი შენი, შექმნილი ეკლესიად, შეამკეს დიდებულად.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
პატივი სიწმიდისაჲ არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, რამეთუ ღუაწლი შენი განადიდა ეკლესიამან და ნაწილთა შენთა სამარხოჲ, ვითარცა უფსკრული მადლთაჲ ეპყრა ქართველთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სავანჱ შენი მრავალგზის აოხრდა რაჲ მტერთაგან, საფლავი შენი იქმნა მიუდგომელ, და დაშრტა კანდელი წინაშე მისსა, ამისთჳს გარდასვენებაჲ შენი დავითის ლავრსა განიზრახა ბერმან მიქაელ-გობრონ საბინინმან.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ სასანთლე ბრწყინვალე ქრისტეს მჴსნელისა, და შენდა შევწირავთ მსოფლიოსა ქებასა, გიხაროდენ, ქალწულო, სასოო სოფლისაო, გიხაროდენ შენ, სნეულთა ძალო და მკურნალო.
ძლისპირი: ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, ჰშვა ძე დაუსაბამო, ემმანუილ ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან ჰშვა იგი, ვნატრიდეთ.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ძნიადღა პოეს დოდორქას ტაძარი შენი ბერთა, და აღმოწმიდეს რაჲ აღვსილი ლამითა და ქვითა, აღასრულეს პარაკლისი და ვითარცა წმიდასა ეკლესიისასა, გევედრებოდენ შეწევნასა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
აღხადეს რაჲ ლოდი სამარხოსა, აღმოჴდა მისგან სული სულნელებისაჲ, და ყოველნი ძრწოლით გაქებდენ შენ, ღირსო, და ადიდებდენ ღმერთსა, მას ევედრე აწ განმტკიცებისათჳს სარწმუნოებისა ჩუენისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღმოასვენეს რაჲ წმიდაჲ ნეშტი შენი, ნეტარო, წარიხუნეს გალობითა, და აჰა, წინა მიეგებნეს მამანი ლიტანიითა, და შეასვენეს რაჲ ეკლესიასა, დაკრძალეს მახლობლად დავითისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განმანათლე მე, ღმრთისმშობელო, ვნებათა ბნელსა შინა შეყენებული ესე, გამომჴსენ ცეცხლისა მისგან, ცოდვილი ესე საწყალობელი, შემდგომად ღმრთისა სასოო ჩემო, ყოვლადწმიდაო.
ღირს არს ჭეშმარიტად რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი აკმევს, მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს:
მსმენელნი ღუაწლისა შენისანი დიდისა დავითისა თანა გაქებთ, მნათობო ქართველთა ერისაო და უმეტეს კახეთისაო, მონაზონთა შორის ბრწყინვალეო მამაო დოდო, და მოვისწრაფით გარეჯსა - ნაწილთა თქუენთა წმიდასა საყოფელსა, რომელ ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და გევედრებით: წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინეთ და დაგჳფარეთ ცოდვით დაცემისაგან.
ეჰა, ვითარნი ღუაწლნი აჩუენე ქრისტეს სამწყსოსათჳს, სანატრელო მამაო, რამეთუ დიდებულად შეამკევ წმიდაჲ ეკლესიაჲ ცხორებისა ბრწყინვალებითა, და ღაღადებს უდაბნოჲ გარეჯისა და გვიჴმობს ქებად ღუაწლისა შენისა და სიწმიდისა, ხოლო ჩუენ ვიხარებთ სულითა და ვითხოვთ შენმიერსა შეწევნასა წინაშე ღმრთისა, რაჲთა განაშოროს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა და დამგვამტკიცეთ კლდესა მას ზედა ქრისტეს მცნებათასა.
შემოვკრბეთ, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა დოდოს, ვითარცა უდაბნოსა სავანთა განმამრავლებელსა და მართალსა სარწმუნოებასა შინა ქართველთა დამამტკიცებელსა, რომელმან მდიდრად მოჰფინა მადლი და კურნებანი ქუეყანასა ჩუენსა და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ მოსცა ესევითარი მამაჲ და მეოხი დედისა მისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა.
ჵ, სანატრელო მამაო ჩუენო დოდო, ყოვლად ბრძენო, არა მხოლოჲ მკჳდრ ხარ შენ ზეცისა, არამედ მლოცველი და მსწრაფლშემწჱ, და ყოვლად ძლიერი მფარველი მრავალჭირნახულისა ერისა ჩუენისა, ამისთჳს აღგძრავთ შენ მეოხებად ღმრთისა მიმართ, განაქარვოს მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ და ძალი, სიბრძნჱ, და ერთსულოვნებაჲ მოჰმადლოს განბნეულსა ერსა ქართველთასა.
მოღუაწებრითა კადნიერებითა მოიხილე ჩუენ ზედა, რომელნი გიხმობთ შენ, ჵ, მამაო საკჳრველო, და შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, შენ მიერ შეყუარებულსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს ყოვლადწმიდასა საფარველსა თჳსსა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, რაჲთა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და მადლსა და დიდებასა აღუვლენდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.
უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხჳსაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.
მღდელი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღდელი: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე-წარაქციოს რისხვაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელი: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ჵ, ნათელ-ცისკროვნო ვარსკვლავო უდაბნოჲსაო, ღირსო მამაო ჩუენო დოდო გარეჯელო, დიდო იღუმენო „დოდორქის“ საღმრთოჲსა სავანისაო და სიქადულო საუფლოჲსა ერისა ჩუენისაო; მოღუაწებისა ძეგლო და მტკიცეო კლდეო სარწმუნოებისაო; მამათა წინამძღუარო და შუენიერო სამკაულო ქრისტეს ეკლესიისაო; მრავალთა სასწაულთა მოქმედო და მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!
ჵ, მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, დიდო საკჳრველთმოქმედო დოდო გარეჯელო! რომელი ზეგარდამოჲთა განგებულებითა ღმრთისაჲთა მიიწიე გარეჯისა უდაბნოსა ნავთსაყუდელად სულთა და განმამრავლებლად სავანეთა, სრულ ყავ ანგელოსებრივი სრბაჲ შენი ქუეყანასა ზედა, და აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან წინაშე ქრისტჱს ღმრთისა და მაცხოვრისა, მოჰმადლე ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი წმიდასა ეკლესიასა, ნათლად და გჳრგჳნად მადლთა, და თაყუანის-ვსცემთ მათ და გევედრებით: მეოხ გუეყავ წინაშე მისსა, რაჲთა მადლი თჳსი და წყალობაჲ განუახლოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და დაგვიცვას მტერისა საფრჴისაგან და ანტიქრისტეს სიცბილისაგან და მძლავრებისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განამტკიცე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი. განაძლიერე ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჵ, უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო და კეთილად განმგებელო მოღუაწეო, ღირსო მამაო ჩუენო, წმიდაო დოდო გარეჯელო! რომელმან აღირჩიე ცხოვრებაჲ ანგელოზებრივი და შეიმოსე წმიდაჲ იგი სქემაჲ მონაზონებისაჲ, აწ მოგჳჴსენენ წინაშე ღმრთისა, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ დიდი მისა მიმართ, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა განბრწყინვებაჲ, სამღდელოთა - პატიოსნებაჲ, მთავართა და განმგეთა ჩუენთა - კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა - მამაცობაჲ, ერისაგანთა - უცოდველობაჲ და დედათა - კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმის-ყოფისაჲთა, აღგვიდგინოს სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ და ქურივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგუანიჭოს სიწმიდითა ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, რაჲთა არა გვეუფლოს განმხრწნელი იგი სული ამა საუკუნისაჲ, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა უგალობდეთ, ვაკურთხევდეთ და დიდების-ვმეტყველებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რომელსა მხოლოსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მღდელი: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
მღდელი: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელი: ჩამოილოცავს...
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის)
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა დოდო გარეჯელისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:
გჳვი შენ მცველად მიურულებელად, სამ-გზის სანატრელო წმიდაო დოდო, და გევედრებით: გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაჲთა სულნი ჩუენნი იჴსნნეს მონებისაგან ბნელისა ეშმაკისა და ტყვეობისაგან ვნებისა, ხოლო ჟამსა მას შინა განსჯისასა განგვარინოს საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, უბიწოო სძალო და დედაო, ქალწულო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა დოდო გარეჯელისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
ავტორ-შემდგენელი თინათინ მჭედლიშვილი