სავედრებელი პარაკლისი
წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა
და წინამორბედისა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი.

და უკეთუ ერისკაცია, იტყჳს: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

გუნდი: ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა. (3-გზის)

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგჳჩნდა ჩუენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუჴლი 1.
აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუჴლი 2.
ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუჴლი 3.
არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი 4.
ლოდი, რომელი შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ჴმაჲ 4.

ჴსენებაჲ მართლისჲ ქებით აღესრულების, ხოლო შენდა კმა არს წამებაჲ უფლისაჲ, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა, და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ჴორცითა გამოჩინებული, ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი (იგივე)

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალჱმისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობა 1, უგალობდითსა; ჴმაჲ 4 გუერდი

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსჱსმან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მეუფისაჲ ეგე ახოვანი წინამორბედი ნათლისაჲ, რომელი იმღერდი წიაღსა დედისასა, ქადაგებდი სჯულისა დაცხრომასა და მადლისა დამტკიცებასა და ერსა ასწავებდი მოწევნულისა მისთჳს სასუფეველისა ცათაჲსა.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიყრმითგან ანგელოზთა წესითა მოქალაქობდი რაჲ უდაბნოსა, დიდ იყავ შორის წინაჲსწარმეტყუელთა, და ღირს იქმენ ნათლის-ცემად ყოველთა მაცხოვარსა და ღმერთსა, მას ევედრე აწ, მიჴსნეს მე ბოროტთა ვნებათაგან.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უდაბნოსა ჴორცითა იქცეოდე და პირველვე იწოდე რაჲ ქადაგად სინანულისა, მომწოდებელად ბრალეულთა გამოსჩნდი და გზა-ექმენ ცოდვილთა მიმყვანებელად წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ განმაძლიეროს მე წინა-აღმდგომთა თჳსთა მიმართ და ეშმაკისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უდაბნოსა აღზრდილმან წინამორბედმან წინა-აუწყა სინანული წარმართთა და ქადაგებდა რაჲ, ქრისტე, ღმრთეებასა შენსა, მოუდრიკე უხრწნელი თავი შენი ნათლისღებად და ცოდვანი სოფლისანი აჰჴოცენ, უფალო, დიდებაჲ ძალსა შენსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთჳს თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყვაჲ ღმრთისაჲ წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთჳს ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მჴსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შემკულ იყო ჰეროდე სიმდიდრითა მით სამეუფოჲთა, ხოლო შენ შეგემოსა რაჲ სტევისაგან აქლემისა, უდაბნოსა მავალი ეგე ამხილებდი და სჯულსა დაუდებდი ძოწეულითა შემოსილსა. აწ ჩუენცა განგვანათლე, წმიდაო, და გჳჴსენ სჯულისაგან უცხოჲსა.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უპოვარ იყავ და არა მჭამელ, და სამეუფოსა მას ტაბლასა ზედა მსხდომარეთა დაადგერ ზედა და სხუათა მბრძანებელსა ესრეთ ეტყოდი: „არა ჯერ-არს შენდა, ძმის-ცოლი თჳსი ცოლად გესუა და აწუევდი მეფესა მას, რაჲთამცა ქალი იგი განეტევა.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

წინა-აღუდგებოდი რაჲ მკლის-მჭამელი ეგე და თაფლისა ველურისაჲ მძლევარსა მეფესა ჰეროდესა და ამხილებდი სათნო-ყოფად ღმრთისა, განრისხნა იგი და უმეტჱსად ჰეროდია, რამეთუ სეხნანი იყვნეს სახელითა და სწორ საძაგელებითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაღათუ ეწადა მოკლვაჲ შენი მეფესა, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ პატივს-გცემდენ ვითარცა წმიდასა წინაჲსწარმეტყუელსა, და დიდად მოშიშებით ისმენდენ სწავლასა და ქადაგებასაცა შენსა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკჳდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ჴორციელად ვითარცა სათნო იყავ და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომა, ჴმაჲ 4.

რაჟამს ძედ დგომილ იყო ელისაბედ შემდგომად სიბერისა, აღვიდა მარიამ მოკითხვად მისა, მაშინ აიმღერნა იოანე სიხარულით მუცელსა შინა დედისა თჳსისასა, რამეთუ ხედვიდა ღმერთსა ჴორცთშესხმულსა წიაღსა შინა ქალწულისასა. და იწყო ქადაგებად ღმრთისა ქუეყანად გარდამოსლვისა პირითა დედისაჲთა, ხოლო სულისა წმიდისა მიერ უწოდეს რაჲ მშობელთა მისთა სახელი იოვანე, რომლითა დაჴსნდა დადუმებაჲ ზაქარიაჲსი, იწყო აღსრულებად ათთა მცნებათა პირველისა სჯულისათა და ცხრათა ნეტარებათა ახლისა აღთქუმისათა, და ექმნა დასაბამ განშორებულთა და სახჱ კეთილისაჲ - მონაზონთა, და ყოველთა მოუწოდდა რაჲ სინანულად, ეტყოდა ერსა: განმზადენით გზანი უფლისანი. აჰა მოვალს, რომლისათჳსცა ვიტყოდე დიდებასა და ქებასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

წინამორბედისა შენისა, მქადაგებელისა ღმრთისა სიტყჳსა დაყენებას ჰგონებდა ბოროტი იგი, რომელმან ჴელითა დედაკაცისაჲთა პირველშექმნული იგი სამოთხით განჴადა, და მანვე აწ ჰეროდიადა ურჯულოებით აღატყინა ეროდჱს თანა, როკვაჲ იგი ქალისაჲ მის სათნო-უყო, რაჲთა მოეკუეთოს თავი, რომელმან ყოველთა უფალსა ქრისტესა ჴელი დასდვა, რამეთუ უმეცარ ქმნა უცვალებელისა მის ჩუენისა ჴსნისა საიდუმლოჲ. არამედ შენ, უდაბნოს ღაღადებისა ჴმამან, ღაღატ-ყავ, რომელსა ჴელი დასდევ მონიჭებად მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, უქორწინებელო და ყოვლად წმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან, რომელი შენგან ჴორციელ იქმნა, დედოფალო, რაჲთა მოსცეს ძლევაჲ ერსა ჩუენსა მორწმუნესა წარმართთა მიმართ და მწვალებელთა, და ჴსნაჲ უღლისაგან მტერთაჲსა, ხოლო მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაჲ დაიცვას შეუძრველად.

 

გალობა 4, უფალო, მესმასა

ძლისპირი: ამხედრდი ეტლთა მოციქულთა შენთასა, უფალო, და აღვირნი მათნი ძლიერად ჴელთ ისხენ, მჴედრობაჲ შენი ცხორებაჲ არს მორწმუნეთა, რომელნი ღაღადებენ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ნათლისა ჭეშმარიტისა ქადაგო წინამორბედო, დაუცხრომელად ამხილებდი რაჲ მეფესა უსჯულოთა საქმეთათჳს, შეგიპყრა და შეგსვა დილეგსა, გარნა არცა საპყრობილედ დაიდუმნე და კადნიერად ეტყოდი: განიშორე მეუღლჱ ეგე შენი უკეთურებისაჲ.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დედისა მიერ ბილწისა ნაშობი, ყოვლად ბოროტი, მის მიერ წარივლინა უსჯულოჲსა ჰეროდეს შობისა ჴსენებასა, რაჲთა როკვითა მოსთხოვოს მას თავი იგი პატიოსანი, რომელმანცა სარცხჳნელი იგი საწოლი მათი ამხილა.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მას ჟამსა შევიდა ბილწი ჰეროდია, ასული ჰეროდიადაჲსი, სერსა მას სისხლის-მსმელსა და ხედვიდა ჰეროდე ასულს მას ძმისა თჳსისასა წინაშე მათსა მროკვალსა და არა ჰრცხუენოდა, არამედ როკვაჲ მისი სთნდა შეღჳნებულსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ასული დედისა მის ურცხჳნოჲსაჲ და წარმწყმედელი სულისაჲ და ჴორცთაჲ როკვისა ფასად გამოითხოვს ჰეროდესგან თავსა შენსა ლანკნითა, ხოლო მან მიზეზ სიკუდილისა ფიცი ყო და მოგკუეთა რაჲ თავი, აღასრულა თხოვაჲ ბილწისა მის ძმისწულისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოჲსა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, ხოლო სარწმუნოებით აღგიარებენ დედად ნათლისა.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჵ, სიბრმჱ ჰეროდესი, რომელმან შეურაცხ-ყო მცნებაჲ ღმრთისაჲ, დასძინა სიძვასა კაცისკვლაჲ, და წმიდაჲ თავი შენი წარკვეთილი და მწთოლვარჱ სისხლითა, ვითარცა ჭამადი დაგებული მისცა ქალსა მას შეგინებულსა ლანკნითა.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არავე დასცხრა დიდი ქადაგი ქრისტეს მოსლვისაჲ ღმრთისმეტყველი ნეტარი, შემდგომად სიკუდილისაცა განქიქებასა და ჴმობდა: „არა ჯერ არს, რაჲთამცა იმრუშე ძმის ცოლისა შენისა თანა, ბილწო, რამეთუ გაყენებს წესი სჯულისაჲ“.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიძვასა დამონებულმან ჰეროდე მოგკლა რაჲ მახვილითა, პატიოსანი გვამი შენი შემურა გუნდმან მოწაფეთა შენთამან და ვითარცა ღვაწლისა მძლჱ და ჭეშმარიტი მოწამჱ, საფლავსა შინა დადვა ნელსაცხებელითა სულნელითა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჵ, წმიდაო წინამორბედო და ქადაგო სინანულისაო, აჩუენე ჩემზედა წყალობაჲ შენი და მოავლინე ჩემზედა მადლისაგან შენისა და განბანენ ვნებანი სულისა ჩემისანი და ლმობიერ-ყავ ფიცხელი გული ჩემი, რაჲთა დავსთხივნე ცრემლნი და განვიბანო ცოდვაჲ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაჲ დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისსა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაჲ და მოტევება ცოდვათა ყოველთა ქრისტეანეთა.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ: მიჴსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჵ, საშინელი იგი ხილვაჲ, რამეთუ ასპიტსა მას, ნაშობსა იქედნისასა მოაქუს ლანკნითა თავი შენი, რომლისაგან ძრწიან ეშმაკთა გუნდნი და პატივს სცემენ ზეცისა მჴდრობანი.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გვამი შენი დაიდვა რაჲ საფლავსა, სულითა წარივლინე ჯოჯოხეთსა და პყრობილთა მისთა პირველვე უქადაგე მოსლვაჲ მზისა სიმართლისაჲ - ქრისტჱს მეუფისა ჩუენისაჲ - მხოლოჲსა მრავალმოწყალისა.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჴმაჲ ღაღადებისაჲ მთათა და ხევთა მავალისა მის უდაბნოჲსა მკჳდრისა თავისა მოკვეთითა მიიწია ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და ღაღად-ყო ძლიერად: „აღახუენით ბჭენი თქუენნი, მეკარეთა მთავარნო, რამეთუ შემოვალს ქრისტე - მეუფჱ დიდებისაჲ“.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იწოდე რაჲ წინამსრბოლ, ქადაგ და ნათლისმცემელ ქრისტჱს ღმრთისა, თავის მოკვეთითა იქმენ წინამსრბოლ მისისა ჯოჯოხეთად შთასლვისა და მუნ მყოფთა ახარე შთასლვაჲ მჴსნელისაჲ მაცხოვრად მათდა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძჱ ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

კონდაკი

წინა-მორბედისა დიდებულისა თავის კუეთა, განგებულებაჲ იქმნა საღმრთო, რაჲთამცა მყოფთა ჯოჯოხეთისათა უქადაგოს მისლვაჲ მაცხოვრისა; გოდებდინ აწ ჰეროდია უსჯულოჲსა მისთჳს მკულელობისა, რამეთუ არა შეიყუარა სჯული ღმრთისა ცხოველისა, არცა სუფევაჲ საუკუნო, არამედ საწუთოჲ ესე ამაო.

იკოსი

ჰეროდეს შობისა დღენი ყოველთა წინაშე იქმნნეს არა წმიდაჲ, რამეთუ შორის მოსმურთა თავი იგი მმარხველისაჲ ვითარცა ჭამადი დაეგო, და სიხარული განიზავა მწუხარებითა, რამეთუ თავი ნათლისმცემელისაჲ ლანკანსა ზედა მდებარე წინაშე ყოველთასა შემოვიდა, ვითარცა იგი ითხოვა ქალმან მან უკეთურმან და გლოვაჲ და მწუხარებაჲ დაეცა მათ ყოველთა ზედა, რომელნი ინახით სდგეს მეფითურთ, რამეთუ არა ახარა მათ, არცა თჳთ ჰეროდეს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ შეწუხნა წუხილითა არა ჭეშმარიტითა, ვითარცა საწუთოთა ამაოთა და წუთ ერთითა.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ჴმაჲ 4

პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი ესე მომაგო მე?

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირს-ყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისათანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

სახარება მათესი

მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსი, და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლის-მცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა. რამეთუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა თჳსისა. რამეთუ ეტყოდა მას იოვანე, ვითარმედ: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად. და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, არამედ ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა მათ იგი. და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი. რომლისათჳს ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოვოს. ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი, ნათლისმცემელისაჲ. და შე-ღავე-წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა ბრძანა მიცემად იგი მას. და მიავლინა იგი და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს. ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან. და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისაჲთა მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

ქადაგი ჭეშმარიტი და გურიტი უდაბნოჲსა, წინამორბედი შენი და ნათლისმცემელი იოანე, რომლისა შენ ჰსთქუ უმეტესობაჲ, ქრისტე, გევედრების და ითხოვს ერისათვის მორწმუნისა მშჳდობასა, რომელნი ადიდებენ ჴსენებასა მისსა, რაჲთა მეოხებითა მისითა მოჰმადლო ეკლესიათა დიდებაჲ, ქრისტეანეთა ერთა უვნებელობაჲ და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, წმიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაჲთა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაჲთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაჲთა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სჳმეონ გარეჯელთა და წმიდათა მოწამეთ ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და სერგი რადონეჟელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანესი, გაბრიელისა, იოანე-თორნიკისა, ეფთჳმისა და გიორგისაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ, ქეთევან და ლუარსაბისაჲთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა, და პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანჱსითა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმე ბაბილონს ცეცხლი მეოტ-იქმნა, რომელსა სამნი ყრმანი საჴუმილსა მას შინა ვარდსა ფერჴითა სტკებნიდეს და განწყობილნი გალობდეს: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ“.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოქალაქობაჲ ანგელოზებრი აღასრულე ქუეყანასა ზედა და ქადაგებდი და ეტყოდი ერსა: „განმზადენით გზანი უფლისანი. აჰა მოვალს, რომლისათჳსცა ვიტყოდე: „აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა“.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

არა ხოლო თუ უდაბნოსა, არამედ წინაშე მეფეთაცა არა დასცხრებოდი უსჯულოებისა მხილებასა, და სულითა მარადის ქრისტჱს თანა გალობდი: „აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.“

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოს - წინამორბედი შენი არა ხოლო თუ განმზადებად გზათა შენთა, არამედ აუწყებდა დამარხვად სამართალთა შენთა, ქრისტე, რაჲსთჳსცა ურჯულომან ჰეროდე დასთხია უბიწოჲ სისხლი უდაბნოჲსა მოქალაქისა, იოანე მართლისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ შენდა მომართ, წინამორბედო, და მახარებელად მოივლინე: კრულთა განჴსნისა, ტყვეთა განტევებისა და ბრმათა აღხილვისა, მკუდართა აღდგომისა და ცხორებისა საუკუნოჲსა, აწ ჩუენცა აღგვისრულე თხოვაჲ გულისა ჩუენისაჲ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სახჱ გექმნა, ქალწულო, მაყვალი მგზებარჱ და არაშემწუარი, რამეთუ დაიტიე ცეცხლი მგზებარჱ წიაღსა შენსა, და არა შევუ მისგან, რომელმან დაწვა მტერისა საცთურნი და მოგვანიჭა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შჳიდ-წილ აღაგზნა საჴუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათჳს გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მჴსნელისა ღაღად-ყო: „აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ენანი ბრძენთა და შემსხმელთანი ვერ შემძლებელ არიან ქებად შენდა, რამეთუ ქრისტემან წამა შენთჳს, წინამორბედო, ვითარმედ უფროჲს ხარ წინაჲსწარმეტყველთა და მოციქულთა, და მართალთა და მარტჳლთა გუნდთა, ვითარცა ნათლისმცემელი და ქადაგი მისი, იოანე ყოვლად ქებულო.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იქმენ მობაძავ ელიაჲსსა, ნეტარო, და მოხვედ რაჲ ძალითა და სულითა მისითა, სიმშვიდესა მოსესსა მიემსგავსე და სიწმიდესა წინაჲსწარმეტყველთასა, და გამოსჩნდი უფროჲს მათსა, იოანე, ანგელოზად იწოდე და მოციქულად და მღდელად და მოწამედ და ღმრთისმეტყველად და წინაჲსწარმეტყველად.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ ზეცისა კაცად და ანგელოზად ქუეყანისა, ქადაგო ღმრთისაო იოანე, დიდებულო, და იქმენ მეგობარ სიძისა მის უკუდავისა, ამისთჳსცა იდიდე მის მიერ და ღირს იქმენ რაჲ სუფევად წინაშე მისსა, მარადის კრებულსა თანა ზეცისა ძალთასა ღმრთივბრწყინვალედ შესწირავ წმიდასა გალობასა

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უჴორცოთა კრებულსა, ადგილთა მათ სიწმიდისათა, და მოუგონებელთა კაცთაგან დიდებასა და თუალით უხილავთა მათ კეთილთა მიიწიე, ქადაგო მაცხოვრისაო, და პირისპირ განიცდი ყოვლად წმიდასა სამებასა, მოგჳჴსენე წინაშე მისსა, რაჲთა დამიფარნეს ყოველთა ურვათაგან, სენთა და სალმობათაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთეებასა სამებასა ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწვდომელსა სამგვამოვნებასა, მამასა უშობელსა და მშობელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა, და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროჲსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარ მაღალი იგი ნებსით თჳსით განჴორციელებად გარდამოჴდა საშოსა ქალწულისასა და განკაცნა უქცეველად სიმდაბლით, ამისთჳს მორწმუნენი ღმრთისმშობელსა უბიწოსა გალობით ვადიდებდეთ.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ანგელოზებრ აღასრულე რაჲ შრომაჲ შენი, დიდო წინამორბედო უფროჲს ნაშობთა შორის დედათაჲსა იოანე, ქრისტესა ქადაგებდი და ერი მოაქციე საცთურისაგან დიდებად სამებისა ერთარსებასა, მას ევედრე აწ, რაჲთა ჩუენცა გჳჴსნეს ყოვლისაგან ჭირისა და ბოროტისა.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა ხარ მწოდებელი სინანულად, ჴმაო სიტყჳსაო და მეგობარო სიძისაო, მოგუმადლე სინანული და ლმობიერ ყვენ გონებანი ჩუენი, იოანე, და წარგვიძეღუ გზასა საღმრთოთა მცნებათსა და გვითხოვე შენდობაჲ ურიცხვთა ცოდვათა ჩუენთა, რომელნი გიგალობთ შენ და გევედრებით დაუცხრომელად.

წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო, წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოციქულთა განწყობილსა და წინაჲსწარმეტყველთასა, და კრებულსა მღდელთმოძღვართასა, მარტვილთა და მართალთასა უზესთაეს იქმენ შენ სიწმიდისა დამნერგველი და მუშაკი ეგე მარხვისაჲ, ვითარცა წამა შენთჳს ქრისტემან მეუფემან, რომელმან ღირსად ადიდა საჴსენებელი შენი, ვითარცა წინამორბედისა თჳსისაჲ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვინ არა გნატრიდეს, ქრისტეს წინამორბედო, ანუ ვინ არა აქებდეს საჴსენებელსა შენსა, რომელსა შინა კრებულ არიან სულები მართალთაჲ და დედაჲ ღმრთისა, მას ევედრე აწ, ღირსო, რაჲთა გჳჴსნნეს წილხვედრნი თჳსნი ეშმაკისა მაჴეთაგან და ბოროტისა მის ანტიქრისტეს საცთურისაგან და ბრძოლისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გარდაცუ მშვილდსა შენსა, ძლიერო, წარემართე და სუფევდ რომელი იშვდ ქალწულისაგან და მოეც ძლევაჲ ერსა ჩუენსა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა და ზრახვაჲ კეთილისაჲ მართლმადიდებლობით დაცვისათჳს მცნებათა შენთა, მეოხებითა დიდებულისა წინამორბედისა შენისაჲთა და დედისა შენისა ღმრთისმშობელისაჲთა.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისაჲსა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რამეთუ გამოაჩინა ძალითა და სულითა ელიაჲსითა წინამორბედი იოვანე და უწოდა მას უფროჲს წინაჲსწარმეტყუელთა და მოციქულთა, რომელმან ენითა მით ღმრთისმეტყუელითა უდაბნოს ჴმა-ყო სინანული ცხორებისაჲ და გუახარა განბანაჲ სულითა და ცეცხლითა.

ღირსად ადიდე, უფალო, წინამორბედი შენი, რამეთუ ღირსი მსახურებაჲ განგებულებისა ღმრთეებისა შენისაჲ სიწმიდითა აღასრულა. სიმართლისათჳს საპყრობილესა შინა ძჳრის-ხილვაჲ თავს-იდვა, ჭეშმარიტებისათჳს თავის მოკუეთაჲ მოიღო, სულნელებითა სოფელი აღავსო, სიწმიდითა ეკლესიანი შეამკვნა, ამისთჳსცა შენ წინაშე მარადის იხარებს და მეოხ არს დაუცხრომელად სულთა ჩუენთათჳს.

წინაჲსწარმეტყველსა და მჴნესა მარტვილსა და ქრისტეს მაცხოვრისა ნათლისმცემელსა მოვედით შევასხმიდეთ, ქრისტეს სამწყსონო, რომელმან უდაბნოჲ მარხვითა განაპოხა და მეფესა ამხილა, ხოლო ჩუენსა სულმოკლებასა ტკბილად ასწავებდა და ჰმოძღურიდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ.

ვითარცა ცისკარი განთიადისაჲ და ვითარცა ვასკულავი დღისაჲ, წინაჲთვე წარუძეღ შენ ნათლად წინაშე პირსა მისსა და უდაბნოს ერსა უქადაგე რაჲ დამბადებელი, ჵ, წინამორბედო, ქადაგო ქრისტჱსო, უწოდე კრავად ამხუმელად ცოდვათა სოფლისათა, ხოლო საღმრთოჲსა შურისათჳს ამხილე რაჲ მეფესა, მიითუალე დიდებულისა თავისა შენისა წარკვეთაჲ, და ყოველთა ქრისტეანეთა გუექმენ მფარველად და მცველად მიურულებელად.

რომელი ნათლისმცემელად ღირს იქმენ, წინამორბედო, ქრისტჱს, ცხორების მომცემელისა სულთა ჩუენთაჲსა, და ჯოჯოხეთისა მყოფთა უქადაგე დიდებაჲ და ცხორებაჲ, საფარველითა მადლისა შენისაჲთა გარემომზღუდენ ყოვლისაგან ბოროტისა და უვნებელად დაიცევ ერი ჩუენი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი ზედა დასხმისაგან მძჳნვარისა მტერისა.

უხრწნელნი ნაწილნი შენნი, ჵ, ნათლისმცემელო, უშურველად აღმოაცენებს მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა, და ყოველთა აღადგინებს დიდებად ღმრთისა, რომელმან-იგი სამართლად გადიდა წინამორბედი თჳსი, ვითარცა დასაბამი მადლისაჲ და დასასრული სჯულისაჲ და წინაჲსწარმეტყველთაჲ, და საკჳრველთმოქმედებითა და ნიშთა სიმრავლითა პატივ-გცა.

ძრწიან ძალნი ბნელისანი და ივლტიან ვნებანი კაცთა მორწმუნეთანი, მადლისა მიერ ღმრთისა, რომელი მოგეცა შენ, ჵ, ქრისტეს წინამორბედო, ნეტარო, არამედ ორთავე ამათ განსაცდელისაგან ერი ჩუენი დაიცევ და ქადაგებათა მათ შენთა და სჯულთა და მოძღურებათა კლდესა მტკიცესა დაგვამტკიცენ, რაჲთა პატივისმცემელნი შენნი მყუდროდ და უშფოთველად ღმერთსა ვადიდებდეთ.

ჵ, სასოო და სიქადულო, დედოფლო ჩუენო ღმრთისმშობელო! გარდამოიხილე ჩუენ ზედა, გუაკურთხენ სარწმუნოებითა შევრდომილნი დედობრივსა მას შენსა მადლსა და შეწევნასა და განგუანათლენ ოხითა წინაჲსწარმეტყუელისა იოანჱსითა, რაჲთა მარადის მართლმადიდებლობითა ვადიდებდეთ სამებასა ერთარსებასა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

გუნდი: ამინ.

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ. დიდებაჲ...

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ. აწდა...

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთასა.

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳსაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, ჩუენის ცხორებისათჳს განხორციელებულისა სიტყჳსა ღმრთისა წინამორბედო და ნათლისმცემელო იოანე, ცოდვილთა სინანულად მომწოდებელო, იადონო ჴმა შუენიერო და გვრიტო უდაბნოჲსა მოყუარეო, წინაჲსწარმეტყველო, მღდელთ-მოძღუარო და მარტჳლო, ჯოჯოხეთს შეწყვდეულთა გამოჴსნისა და აღმოყვანებისა მახარებელო და ყოველთა მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და შესავედრებელო!

ჵ, ყოველთა დედათა ნაშობთა უზესთაესო წინაჲსწარმეტყუელო და მოციქულო, ქრისტჱს ქადაგო იოანე, ნათლისმცემელო და წინამორბედო მადლისაო, მოგეკუეთა რაჲ წმიდაჲ თავი შენი, წმიდისა სამებისა წინაშე მიწევნული თანაზიარ-იქმენ დიდებასა და სუფევასა მას შენ მიერ ნათელღებულისა ქრისტჱსსა, და მოცემულ არს შენდა მეოხებაჲ ყოველთა ბრალეულთაჲ, ვითარ ჯერ-არს შენდა შრომათა შენთათჳს, რომლისათჳსცა შეგივრდები, ღელვაგუემული ესე, და შენ წინაშე აღვიარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ არა მიტევებენ მწიკულევანნი გულისსიტყუანი და მიახლებულ ვარ დანთქმად სიღრმესა შინა ცოდვათა ჩემთასა, და არა არს ჩემთანა საქმეთაგანი კეთილთაჲ, არამედ წარმიძეღუ გზასა სინანულისასა და განდგომილი ესე და ისრითა ვნებათაჲთა ფრიად მოწყლული შემავედრე ღმერთსა, რაჲთა განანათლოს გონებაჲ ჩემი, დაბნელებული ზაკჳთა მტერისაჲთა და განწმიდნეს გული და საცნობელნი ჩემნი მოფენითა მადლისა შენისაჲთა, აღმავსოს მღვიძარებითა საღმრთოჲთა და მომანიჭოს სარწმუნოებაჲ შეურყეველი, ცხორებისა სიწმიდჱ და შიში ღმრთისაჲ. ევედრე, შენ მიერ ქადაგებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი. მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, დაიფარე მოსახელენი და მვედრებელნი შენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი დაიცვენ პატიოსნითა მეოხებითა შენითა.

ჵ, წმიდაო დიდებულო წინაჲსწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტჱსო და ნათლისმცემელო იოანე, წარკვეთითა თავისა შენისაჲთა წმიდა ჰყავ სივრცჱ ყოვლისა სოფლისაჲ, და სჯული ღმრთისაჲ ასწავე რაჲ მორწმუნეთა, აწ ქრისტეს საყდართა წინაშე დიდებით მდგომარჱ მეოხ გვეყავ წინაშე მისსა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, სიმართლისა სიყუარული და სულისა მჴნეობაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, პატიოსნისა წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანჱსითა, და ყოველთა წმიდათაჲთა შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

პატიოსნისა ნათლისმცემელისა ხატისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

წინაჲსწარმეტყუელო და წინამორბედო ქრისტჱსო იოანე და ნათლისმცემელო, მეოხებისა და შუამდგომელობისა ჩუენისათჳს ევედრე შენ მიერ ნათელღებულსა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, ვითარცა სიყუარულისათჳს ჩუნისა საუკუნოჲსა ჯოჯოხეთითგან გამოგჳჴსნა თჳსისა უკვდავის სისხლისა დათხევითა, ეგრეთცა გამოიჴსნას ივერიაჲ გარე მოდგომილთა ურიცხუთა მტერთა და განსაცდელთაგან, ხოლო ვითარცა რქუა ცოდვილთა მოუქცეველთათჳს ცულითა მოკვეთაჲ ვითარცა ხისა უნაყოფოსაჲ, ეგრეთცა მოჰკვეთოს ჩუენგან ცოდვანი და უსჯულოებანი ჩუენნი ოხითა შენითა, და მშვიდობისა ჴმაჲ გარდამოუვლინოს ივერიელთა, რაჲთა დაცულნი და დაფარულნი განსაცდელთაგან საეშმაკოთა, მარადის ვადიდებდეთ იესოს ღმერთსა ჩუენსა თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

დიდებულო და უხრწნელო დედაო ღმრთისაო, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა არაჲ გუაქუს კადნიერებაჲ, რაჲთამცა ვევედრნეთ ღმერთსა, არამედ მეოხ-გვეყავ ჩუენ წინაშე მისსა, რაჲთა შეწევნაჲ, და მოწყალებაჲ, და საფარველი თჳსი არა მოგვაკლოს ოხითა წინაჲსწარმეტყუელისა იოანჱსითა, რომელნი მარადის აღვასრულებთ ჴსენებასა თავისკვეთისა მისისასა და ამბორს უყოფთ წმიდასა და პატიოსანსა ხატსა მისსა.
 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა