პარაკლისი ქართულად წოდებულისა ივერიის ღმრთისმშობლის ხატისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმაი დ

იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მჭურეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხვევიან, და ჩუენცა თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსლვისაგან მტერთაისა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა იესუს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

იხარებენ მართლმადიდებელნი ერნი, ყოვლადწმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მჭურეტელნი ყოვლადსაკვირველისა და სასწაულთმოქმედისა ხატისა შენისანი და მეოხებითა შენითა სულიერსა და ხორციელსა კურნებასა მარადის მიემთხვევიან, და ჩუენცა თაყუანისმცემელნი მისნი, გულითა მხურვალითა გიგალობთ შენ: შეგვიწყალენ, დედაო სახიერო, მდაბალნი მონანი შენნი და ყოვლისაგან ბოროტისა და ზედამოსლვისაგან მტერთაისა მიხსნენ ჩუენ, ევედრე ძესა შენსა, უფალსა ღმერთსა ჩუენსა იესუს, რაითა ცხოვნებულნი დაგვამკვიდროს ზეციურსა მოქალაქობასა მადლითა და კაცთმოყუარებითა მისითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4 გუერდი

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

ხატი შენი უხრწნელი და კეთილსახელოვანი, ქალწულო, ვითარცა თავსმდები გამოხსნისა ჩუენისაი, განგებულებითა კუალად გუებოძა ჩუენ, უბიწოო, და დაშრეტს იგი ნაკუერცხალთა ჭირთასა ცუარითა მით შენისა სახიერებისაითა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

მოვედით სიხარულითა მორწმუნენო, თაყუანის-ვსცეთ სასწაულთმოქმედსა და ყოვლადპატიოსანსა ხატსა ღმრთისა დედისასა, რომელი კულად მიებოძა ქუეყანასა ივერიისასა ზღუდედ დაურღვეველად, და მცველად მიურულებელად და უძლეველად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უწყი რაი უძლურებაი ბუნებისა ჩუენისაი, საკვირველსა ხატსა შენსა მოგვივლენ ჩუენ, ღმრთისმშობელო, და სიტკბოებითა შენითა, მოგუმადლებ მწუხარებათა წყუდიადისა განმდევნელსა და შარავანდედითა მოწყალებისა შენისაითა ყოველთა განმანათლებელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი საშოსა შენსა და დაადგერ უხრწნელად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელნი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყვარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

ივერიითგან წარტყუენილი ხატი შენი, ღმრთისმშობელო, მიიწია რაი დვინისა სანახებსა, მიეცა იგი, ვითარცა საუნჯეი, ჩერნიგორის მამათა სავანესა, და განერა იგი, შენ მიერ, ყოველსა ჭირსა და სავნებელსა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

ხედვიდეს რაი დიდებულსა ხატსა შენსა, სიმრავლესა მორწმუნეთასა და სასწაულთა აურაცხელთა, რომელნი იქმნებოდა მადლითა შენითა, განამრავლეს პირნი ხატისანი, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლონი მკურნალნი სხეულთანი და სულთანი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათვის შენისა, კუალად გამოგვიჩინე ჩუენ, ღმრთისმშობელო, ხატოვნებაი შენი, რომლისადა მიახლებულნი კურნებასა მოვიღებთ, და მსგავსებასა მას შენსა თაყუანის-ვსცემთ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრე საშოსა ქალწულისასა და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო იყავ და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

 

გვიხსენ ჩუენ, ჰოი ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა.

მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დახსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაი.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასი და ყოვლადუსამღუდელოესისა (მოიხს. ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაი

მრავალფერთა სენთა მაკურნებელ არს და სულთა არაწმიდათა სდევნის მადლი საკვირველთმოქმესისა ხატისა შენისაი, ქალწულო წმიდაო და დედაო, და უზე-სთაეს მზისა გამოუბრწყინვებს ყოველთა შენთა მადიდებელთა შეწევნისა შენისა საბოძვართა.

 

გალობა 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთ-მოყუარე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

ქართულად წოდებული ხატი შენი, ღმრთისმშობელო, არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისა, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით სულიერთა და ხორციელთა უძლურებათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

ჩუენ, რომელნი ესე წინაშე ხატისა შენისა წარდგომილ ვართ, ღმრთისმშობელო, ცრემლით გევედრებით: მოწყალე ჰყავ ძეი შენი, რაითა გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა და გვიხსნას მტერთა წყობათა და ამბოხისაგან ზრახვათა მათთასა და ზედა მოსლვისაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქუმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, უხრწნელო, წილხვედრებულთა შენთათვის, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგუაშორებ მეოხებასა შენსა, რამეთუ ვცოდეთ, ქალწულო, გარნა დღეყოველ შენდამო განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განაქარვე ყუედრებაი დედისა ევაისი, რაჟამს ღმერთი, დამბადებელი შენი მუცლად იღე უზეშთაეს კაცთა ბუნებისაი, და გვიშევ ჩუენ გამოუთქმელად, უბიწოო დედაო ქრისტეის მაცხოვრისაო, მეოხ-გუეყავ ჩუენ მვედრებელთა შენთა.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რაისათვის განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

გამოჩინებასა დიდებულისა ხატისა შენისასა დიდებისვმეტყუელებთ დღეს, უბიწოო, რამეთუ შენ, დედაი ეგე ცხორებისაი ევედრები ქრისტესა ღმერთსა ჩუენთვის, რომელთა ესე დაგვიძს მტკიცე სასოებაი შენზედა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

მხილველნი საკვირველთმოქმედისა ამის ხატისა, ვითარცა მზისა ბრწყინვალისა, ერი სჯულიერი ერთბამად განსცხრების, რამეთუ კურნებასა და მადლსა ჭეშმარიტსა უშურველად აღმოაცენებს ხატი ესე შენი, ვითარცა წყაროი დაუწყუედელი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ წინაშე ხატისა შენისა წარდგომილ ვართ ლმობიერად მორწმუნენი და გევედრებით, დედოფალო წმიდაო, რაითა ვიდოდეთ შენ მიერ უქცეველად გზასა საღმრთოსა ნაწილსა შენსა დამკვიდრებულნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი  დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებმისა მიმართ, გევედრებით.ю

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

აჰა, მადლი აღვსებული პატიოსნისაგან ხატისა შენისა, ყოვლად დიდებულო დედოფალო, რამეთუ ყოველი შემუსრვილითა გულითა აღმოივსებს საღმრთოთა ნაკადთა აღმომდინარეთა უშურველად, და მიიღებს სარწმუნოებითა თხოვასა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

აჰა, ესერა საზეპუროი ერი ჩუენი მოუცავს განსაცდელთა და ჭირთა სიმრავლესა, გარნა დაგვიფარე შენდა მონდობილნი ყოვლისაგან რისხვისა და სავნებელისა, და მტერისაგან მხდომისა, და დაუსჯელად დაგვიცევ ჩუენ, ქალწულო კურთხეულო, ჟამსა განსჯისასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გვიხსენ, ღმრთისმშობელო, ყოვლისაგან კუეთებისა წინააღმდგომისაისა და მტანჯველთა მათ შემთხუევათაგან და ცხორებასა შინა განსაცდელთაგან, შენსა უმოწყალესსა განგებულებასა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთვის, ქალწულო, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუენ მორწმუნეთაი და სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებით შენ და ძესა შენსა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ.

 

გვიხსენ ჩუენ, ჰოი ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა.

მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დახსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ...

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობე-ლისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფეი მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაი, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

კონდაკი

ყოვლითა სულითა და გონებითა შევუვრდებით, ღმრთისმშობელო, ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და ლმობიერად გიღაღადებთ, ღმრთივმიმადლებულო, მოგუეც ჩუენ ყოველთა მადლი შენი და ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა.

 

მღდელმან: მოხედენ. სიბრძნით. წარდგომაი სახარებისაი, ხმაი 4

მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.

მუხლი: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, გუნდი: ამენ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

სახარება ლუკასი

მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი: იხარებდ, დედა-ქალაქო რუსეთისაო, განსცხრებოდე, სავანეო ჩერნიგორისაო და უდაბნოო რაიფისაო, და დღესასწაულობდ, ქუეყანაო ქართველთაო, რამეთუ წყალობითა მოგხედნათ ღმრთისა დედამან და მოგანიჭათ საკვირველთმოქმედი ხატი თვისი, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომხსნელად ვნებათაგან, და პატივისმცემელთა მისთა კუალად მოგუმადლებს დიდსა წყალობასა.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბი-ტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთ-მოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარესითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა წამებულთა, წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშე-ნებელისა და სოლომონისაითა; წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, გიორგი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანაისითა, (და წმიდისა სახელი, რომლისაცა არს ტაძარი), ზესთა საშინელისა განკაცებისა პირისა ღმრთისა ანჩის ხატისაითა, ათონს დავანებულისა ივერიის ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა ხატისაითა; ქართულად წოდებულისა ივერიის ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა ხატისაითა, და ყოველთა წმიდათა და სიწმიდეთა შენთაითა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს, ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

უბიწოო სამკვიდრებელო ნათლისა ყოვლადწმიდისაო, ღმრთისმშობელო, გადიდებთ შენ და გიგალობთ მორწმუნენი, რამეთუ გამოჩინებითა ყოვლადწმიდისა ხატისაითა განგვწმენდ ჩუენ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

ხატი შენი ქართულად წოდებული მდიდრად გვიწყაროებს ჩუენ კურნებასა სულთა და ხორცთასა, და რომელნიცა მას მოწლედ და სურვილითა ამბორს უყოფენ, განიკურნებიან სნეულებათაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ისმინე ვედრებაი ჩუენი, ქალწულო კურთხეულო, და გვიხსენ ჭირთა და ურვათაგან სულითა და ხორცით შენდა შევედრებულნი, რამეთუ შენსა გარეშე თვინიერ ღმრთისა არავინ ვიცით.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ნათელსა უფლისასა ვიდოდით, მოვედით უგალობდეთ ქალაქსა სულიერსა სამეუფოსა, უბიწოსა ქალწულსა, ჭეშმარიტად ღმრთისმშობელსა, ვითარცა არს სასოი და მეოხი სულთა ჩუენთა უკუნითი უკუნისამდე.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

მოვედით ყოველნი სამღდელონი და საერონიცა, რაითა ვადიდოთ ყოვლადუბიწო ქალწული ღმრთისმშობელი, რამეთუ აჰა, ესერა გამოჩნდების აწ განმწმედელად ცოდვილთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

განკურნენ ვნებანი გულისა ჩემისანი, განმინათლე გონებაი ჩემი დაბნელებული და ცხოველ-ყავ სული ჩემი მომკუდარი, და ძედ დღისა და მკვიდრად ნათლისა მაჩინე მე, დედოფალო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოი, წმიდაო უბიწოო, ქალწულო ღმრთისმშობელო, შეიწყნარენ გალობანი ესე, რომელთაცა შენდა შევწირავთ კეთილმოშიშებითა და განგუანათლენ პირითა ხატისა შენისაითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

რომელმა ანგელოზისაგან სიტყუაი შეიწყნარა, და ღმერთი მხოლოი გვიშვა, და ნათელი გამოუბრწყინვა სოფელსა, ყოველნი ვაკურთხევთ და ავამაღლებთ მას უკუნისამდე.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკვირვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეის ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

ვითარცა ხატისა შენისა მწიაღებელი ქუეყანაი რუსეთისაი იქადოდა მას ზედა, ეგრეთვე აწ იქადის ქუეყანაი ჩუენი, კუალად მიმღებელი პირისა მის მამულისა ხატისაი, რამეთუ იცავს იგი თვისითა საფარველითა ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეულთა ქართველთა.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.

ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოჩინებაი სიხარულსა მიჰფენს ერსა ჩუენსა, რამეთუ ყოველი სასოებაი ჩუენი შენზედა დაგვიძს, და შეწევნასა შენსა მინდობილ ვართ. ნუ დააცადებ, ღმრთისმშობელო, მარადის ხსნად ქუეყანისა ამის ჩუენისა და ყოვლისა ერისა ზედა მოსლვათაგან მტერისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

უწყით რაი ოხათა შენთა და მოწყალებათა სიმრავლეი, ლმობიერად გევედრებით: დააყუდე, დედოფალო, დაცემაი მტერთაი და დახსენ განზრახვანი მათნი, ხოლო ჩუენ გუაკურთხენ და გამოჩინებითა ხატისა შენისაითა ყოველთა მართლაღმსაარებელთა ერთა შორის მშვიდობაი და სიყუარული განაჩინე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

წინაითვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინასწრმეტყუელნი გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დახშულად, და მთად გამოუკუეთელად, და კიბედ ზეცისად აღმართებულად, და წყაროდ დაბეჭდულად, სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ, შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმნენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისაისა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

კეთილმორწმუნენო ქართველნო, ვიხარებდეთ კუალად გამოხატვასა კეთილსახელოვანისა ხატისასა, რამეთუ გვივის, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლოი მკურნალი სხეულთაი და მაკურნებელი სულთაი, და სარწმუნოებითა მოვიღებთ მისგან ძღუენთა გულმოწყალებისა ღმრთისა დედისასა.

აწ კუალად მივეახლოთ მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა ქალწულსა მარიამს, თაყუანის-ვსცეთ ანგელოზთაგან პატივცემულსა სახესა მისსა და ხმა-ვჰყოთ ლმობიერად: მოხედე, კეთილმოწყალეო დედაო, მწუხარებათა, ზედა გარემოდგომილთა ჩუენდა და განჰკურნე უძლურებანი სულთა ჩუენთანი.

ნუ მოგუაკლებ შეწევნასა შენსა, ყოვლად მოწყალეო დედოფალო, არამედ დაგვიფარე ვედრებითა შენითა და წილხდომილი ერი შენი, და ქრისტეისმოყუარეი მხედრობაი დაიცევ ძალითა შენითა, რაითა არა ჰსთქუან ყოველთა ურწმუნოთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი.

უხრწნელო ქალწულო, სძალო ღმრთისა მაღლისაო, ნუ განმაგდებ ჩუენ მდაბალთა მონათა შენთა, მომძღუნელთა უღირსთა ვედრებათა და გვექმენ მხურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა მიმართ შენისა, გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და განსაცდელთაგან.

ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი, შენ გადიდებენ, სძალო წმიდაო, ხოლო ჩუენ მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთისა გქადაგებთ, სახიერო დედოფალო, ყოვლად უბიწოდ და მართლმადიდებლობით უფალსა უღაღადებთ:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთასა.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა, რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მა-ხვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ყოვლადმოწყალეო დედოფალო, ქალწულო ღმრთისმშობელო, რომელმან შევ ღმერთი ხორცითა, სარწმუნოებით მლოცველთა თხოვაი ყოველი აღგვისრულე, ეკლესიაი განაბრწყინვე, მღდელობაი სიწმიდითა განაშუენე, მეფობაი კეთილმსახურებითა აღამაღლე, მთავრობაი ღმრთისმოყუარებითა განანათლე, მხედრობაი ახოვნებითა განაძლიერე, მწუხარეთა ტანჯვაი აღუსუბუქე, უძლურთა სიმრთელეი მიჰმადლე, მოწყლულთა და განრღვეულთა კურნებაი მიანიჭე, სნეულებანი თუალთანი განჰკურნენ, ყრუთა სმენაი აღუდგინე, შეპყრობილთაგან სულნი ბოროტნი განსდევნენ, ჩაგრულთა შეეწიე, ცოდვილთა შეუნდევ, კეთროვანნი განსწმიდენ, ყრმანი შეიწყალენ, უნაყოფოთა შვილიერებაი აღუდგინე, ტყუენი საპყრობილეთა და საკრველთაგან გამოიხსენ, და ყოველნი შენდა მომართ მსასოებელნი ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დაგვიფარენ, რამეთუ შენ გაქუს მეოხებაი ქრისტეის ღმრთისა მიმართ და მოტევებაი ცოდვათაი ყოველთა ქრისტეანეთათვის.

ჰოი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, შენსა დედობრივსა მადლსა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი გუაკურთხენ და განგვწმიდენ ცისკროვანებითა საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისაითა და დაიფარე ქუეყანაი ივერიისაი წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა, ხოლო მკვიდრნი მისნი ყოვლისაგან ძვირისხილვისა, რამეთუ დავივიწყეთ კეთილმოქმედებაი წინაპართა ჩუენთაი და მივემსგავსეთ ერთა უცხო თესლთა და ნათესავთა აღბორგებულთა, საწუთოისა ამის მოყუარესა, განდგომილსა ქრისტეისგან, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვჰმონებთ გულის თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა, ვითარცა უსასოონი ქრისტეისგან და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. მოწყალებითა შენითა წარგვიმართე დღენი ცხორებისა ჩუენისანი სათნოებითა და კუალად განგვიახლე მხურვალე სიყუარული სარწმუნოებისაი, კეთილმსახურისა მეფისაი და ღმრთისაგან ბოძებულისა მამულისაი და დავითისა თესლითგან აღამაღლე რქაი ცხებულებისაი. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე დიდი მეუფე ჩვენი - უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. კეთილმორწმუნენი, მხედართმთავარნი, და ქალაქთმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყვარეი მხედრობაი და კეთილისმყოფელნი ჩვენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური, და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჰოი, ღმრთივბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, ვითარცა გაქუს კადნიერებაი დედობრივი, ევედრე სახიერებითა შუენიერსა და კაცთმოყუარებითა ყოვლად ტკბილსა ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, რაითა წმიდათა მამათა მიერ გარდამოცემულსა სარწმუნოებასა შინა განვმტკიცდეთ, ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა, და ყოველთა მცნებათა მიმართ უფლისათა დაუბრკოლებე-ლად ვიდოდეთ და ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა ვსცხონდებოდეთ სიწმიდითა და ღმრთისმოსავობითა, და სათნო ვეყუნეთ შენგან შობილსა და ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რომელი განუმზადა მოყუარეთა თვისთა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სული წმიდითურთ, აწდა მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

განტევების შემდგომი დასდებელი

სიყუარულითა პატივს-ვჰსცემთ და ძრწოლით ამბორს-უყოფთ ხატსა შენსა, ქალწულო უბიწოო, და ერთ-ხმობით ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ შენ, და სარწმუნოებითა თაყუანის-გცემთ, რომელი გამოჩნდი მტკიცედ მცველად და შესავედრებელად ჩუენდა, სძალო ღმრთისა მაღლისაო. მოგუმადლე ჩუენ ყოველთა მადლი შენი და ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩუენგან, არამედ ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ მადიდებელნი შენნი და ხატთა შენთა თაყუანისმცემელნი.

კურთხეულო დედათა შორის მარიამ, შეიწირე ვედრებაი ჩუენი, და დაგვიფარენ განსაცდელთაგან სამწყსონი შენნი, რამეთუ შენ ხარ სასოი ჩუენი.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი