სავედრებელი პარაკლისი ღირსისა მამისა ჩუენისა პიროს ბრეთელისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყჳს: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაჲ, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოჳჴსენე დღეთა პირველთაჲ, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მუხლი .1. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მუხლი .2. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ.
მუხლი .3. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .4. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი

მოციქულებრივი სრბაჲ აღასრულე, მო-რაჲ-ხვედ ქუეყანასა ჩუენსა, ღმრთეებრივო ხატო სინანულისაო და შემომკრებელო გარემო შენსა მეძიებელთა საღმრთოჲსა მადლისათაო, რომელმან ღუაწლითა შენითა განაბრწყინვე ერი ქართველთაჲ, ღირსო მამაო პიროს ბრეთელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ტროპარი

იყავ რაჲ ათორმეტთა მოწაფეთა შორის იოანე ზედაზნელისაჲთა, მისგან განისწავლე და განათლდი რაჲ მადლითა საღმრთოჲთა, მკჳდრნი ქართლისანი განამტკიცე ღმრთისმსახურებასა შინა და მახლობლად ბრეთისა აღაშენე მონასტერი საცხოვნებლად სულთა და სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ, ნეტარო პიროს, ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ურვისა და ზედა დასხმისაგან ხილულისა და უხილსავისა მტერისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 7

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვიხარებთ ჴსენებასა შენსა და მადლობასა შევსწირავთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა, რომელმან მოგავლინა მოღუაწედ და მლოცველად ერისა ჩუენისა და დიდებად და სიმტკიცედ ქართლისა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იყავ რაჲ ნათესავით ასური, ისწრაფდი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, და გამოსჩნდი სათნოდ სამებისა წმიდისა, მას ევედრე აწ, ღირსო, გჳჴსნნეს ჩუენ უძლურებათაგან და ჭირთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლოცვითა მოიპოვე რაჲ მაცხოვრისაგან მადლი სულისა წმიდისაჲ, ყოველთა ჴორციელთა შუებათა და გემოთა მათ გულისთქუმისათა შეურაცხის-ყოფდი მღვიძარებითა და მარხვითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

 

გალობა 3, განძლიერდასა

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შეიმოსე რაჲ სახე მონაზონებისაჲ, დაუტევე სოფელი წინამძღურობითა ღირსი იოანჱსითა, და თანამოსაგრეთა თანა იღუწიდი სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ, სანატრელო, ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ცოდვისა და საცთურისა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოვლად ქებული მოძღუარი შენი და ბრწყინვალჱ მნათობი იოანე, სამარადისოჲსა ლოცვითა განკაფავდა რაჲ სხეულსა, იქმოდა ღმრთისა მიერ მრავალთა ნიშთა და სასწაულთა, და კეთილად გმწყსიდათ მოწაფეთა თჳსთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ევლტოდა რაჲ მამაჲ იოანე საწუთოსა მას დიდებასა, უდაბნოდ განვიდა, და დაჯდა ქუაბსა მას შინა მოწაფეთა თანა, რომელთა შორის აღრაცხული მისგან განისწავლე და განათლდი მადლითა საღმრთოჲთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მჴსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა უხილავთა და ხილულთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტჱსმოყუარისა მთავრობისა და მჴედრობისა მისისათჳს).

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტჱს მიერ ძმათა ჩუენთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა შეიწყალოს მონა ანუ მჴევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იჴსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ჴორცთაჲსა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათჳს.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ

დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაჲ ჴსენებასა შენსა, პიროს სანატრელო, და იხარებს კრებული მორწმუნეთაჲ, მომჴსენებელი ღუაწლისა შენისა, ღირსო, და ითხოვს მეოხებასა შენმიერსა ღმრთისა მიმართ, რაჲთა განჰკურნოს ვნებათაგან შესუარული გულისთქმანი ჩუენნი, რომელნი განარისხებენ გონებასა ჩუენსა და დააცხროს ღელვანი ბოროტისა უღირსებისაჲ, რაჲთა უკუნისამდე ვადიდებდეთ ძლიერებასა მისსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაღათუ ანდრია მოციქულმან იქადაგა სახარებაჲ ძისა შენისაჲ ივერიას - წილხვედრსა შენსა, კუალად მოავლინე ქალწული ნინო ჴსნისათჳს ერისა ჩუენისა, და შემდგომად ასირიითგან წარმოგზავნე რაჲ ათსამმეტნი მამანი განსავრცობად ქრისტეს სარწმუნოებისა, მათ მიერ დაამყარე ქართლოსიანნი კლდესა ზედა სარწმუნოებისასა, მშობელო სიტყჳსაო, და მიერითგან არღარა ოდეს მიდრეკილ არს ქუეყანაჲ ესე ჩუენი წმიდისა და მართლისა სარწმუნოებისაგან, და არცა-ღა მივდრკეთ უკუნისამდე მადლითა-ვე წმიდისა სამებისაჲთა და მეოხებითა შენითა, ყოვლად უბიწოო დედოფალო, სასოო და მფარველო ჩუენო, აწ ვედრებად ნუ დასცხრები ქრისტჱს ღმრთისა მიმართ ჩუენ მოსავთა შენთათჳს.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰჴედ ქუეყანად, სმენაჲ შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გხედვიდა ნეტარი იოანე სულითა უძლეველსა, მიიწიე რაჲ საზომსა დიდსა, და სქემითა ანგელოზებრითა შეგმოსა და გაკურთხა იწროსა მას გზასა ზედა მონაზონებისასა სრბად წმიდითა ჯუარითა თჳსითა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განჴდა რაჲ მოღუაწებაჲ თქუენი ანტიოქიასა და ყოველსა შუამდინარეთსა, უცხოებად წარსლვაჲ განიზრახა მოძღუარმან შენმან, და გევედრებოდათ მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა იღუწიდეთ თქუენ და ილოცვიდეთ მასვე უდაბნოსა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არა განუტევეთ მარტოჲ იოანე, ესრეთ შეკრულ იყვენით რაჲ სიყუარულითა სულიერითა, და ზეგარდამოჲთა წოდებითა წარმოემართნეთ ივერიას, განვრცობილ იყო რაჲ მუნ კერპთაყვანისცემაჲ სპარსთა მძლავრებითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

 

გალობა 5, ღამითგანსა

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებდით.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სხუთა მათ მოწაფეთა თანა მოგზაურ ექმენ რაჲ იოანეს - მოძღუარსა შენსა, დაბებკულითა მოსილნი, უხამლონი, კუნკულითა, მშჳდობითა მოიწივნეთ მცხეთად და მადლობასა აღუვლენდით ღმერთსა. მას ევედრეთ, რაჲთა წარმართოს ცხორებაჲ ჩუენი ნებისაებრ თჳსისა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აჰა, წინა მოგეგებნათ თქუენ ევლავიოს - კათალიკოსი ქართლისაჲ, უწყებული სულითა, და ზოგად მის თანა მოიღეთ რაჲ ენანი ცეცხლისანი, თაყუანის-ეცით სუეტსა მას ცხოველსა და ადიდებდით ღმერთსა. მას ევედრენით, წმიდანო ათსამმეტნო მამანო, რაჲთა მოგვცეს თქუენებრი გულისჴმისყოფაჲ კეთილისაჲ და ბოროტისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ცრემლთა ითხოვდით რაჲ მყუდროსა სამკჳდრებელსა ღმრთისაგან, უჩუენა იოანეს მთაჲ ჩრდილოეთით კერძო მცხეთისა და ჯუარისა მის პატიოსნისა, და მუნ დაეყუდნეთ, ვითარცა სათნო-იყო სულმან წმიდამან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.

 

გალობა 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განჴრწნისაგან და სიკუდილისა მიჴსენ, ქრისტე.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღირჩია რაჲ მარტოდ მყოფობაჲ ნეტარმან იოანე, ქუაბსა შინა დაემკჳდრა, და თანა აქუნდა რაჲ წმიდანი ნაწილნი მარტვილთანი, მოგანიჭათ მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა იცვებოდეთ მათითა მადლითა და განამტკიცებდეთ მაზდეანთა მიერ ცთუნებულთა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განეშორნეთ რაჲ ურთიერთას წმიდანი ეგე ათსამმეტნი, რომელნიმე დაემკჳდრნეს გარემო სამეუფოჲსა მის ქალაქისასა, და რომლენიმე მთათა, ქუაბთა და ხურელთა ქვეყანისათა, ხოლო შენ წარივლინე ქართლსა და უშიშად განჰფენდი სიტყუასა ღმრთისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დამკჳდრდი რაჲ მახლობელად ბრეთისა სოფლისა, წმიდაო პიროს, დააფუძნე მონასტერი და აღაშენე მუნ ტაძარი სახელსა ზედა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისასა, ჰგიეს რაჲ აქამომდე სადიდებელად უფლისა, და წოდებულ არს სახელსა ზედა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან სჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.

 

მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი

მართლმადიდებლობისა მოძღურებანი დანერგენ და სარწმუნოებასა შინა განაძლიერე რაჲ ერი ქართველთაჲ, ლამპარი შენი განაბრწყინვე ანგელოზებრივი ცხოვრებითა, მსგავსად სიძისა მის ქალწულთა მომლოდინეთა, და აწ იხარებს ეკლესიაჲ ჴსენებისა შენისათჳს, რამეთუ მარადის ევედრები ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.

იკოსი

იქადის აწ შუამდინარეთი აღმოცენებისათჳს შენისა, და იხარებს მხარჱ ქართლისაჲ, განანათლე რაჲ მკჳდრნი მისნი საღმრთოჲთა სწავლითა, ხოლო წმიდაჲ ეკლესიაჲ ჩუენი იშვებს შვილთა თჳსთა თანა, აღასრულებს რაჲ ჴსენებასა შენსა და ქებით ადიდებს ქრისტესა ღმერთსა, რომელმანცა მოგუმადლა ჩუენ წმიდანი ათსამმეტნი ასურელნი მამანი, რომელთა შორის ჰგიებ შენცა, ნეტარო პიროს, და მეოხ ხარ მოსავთა შენთათჳს და მგალობელთა.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა ჴმაჲ 4 - პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

მუხლი: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

 

ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასჴნენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ-არს ცათა შინა.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა პიროს ბრეთელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღჴოცე უსჯულოებანი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: ჰბრწყინევდი ვითარცა სანთელი მაღალსა ზედა სასანთლესა მონაზონებისასა, სჯულისა განმწმედელო მამაო პიროს, და სამებისა ნათლითა ჰნათობდი რაჲ ქუეყანასა ჩუენსა, მონაზონთა გულსმოდგინებასა აღაორძინებდი და სხუათა უმრავლესთა აღადგინებდი სურვილად მონაზონებისა, აწ ითხოვე ქრისტჱს მიერ შეუძრველად დაცვაჲ მართლაღსარებითა დამტკიცებულისა ეკლესიისა, მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, სიმტკიცჱ მორწმუნეთა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუე ლისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, და წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთ-მოქმედისა და და სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაჲ, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაჲთა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაჲთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთჳმე და გიორგი მთაწმინდელთაჲთა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარჱსა და მარინჱსითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა და კონსტანტინე მთავრისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაჲთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაჲთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაჲთა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაჲთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა; დემეტრე-დამიანჱსა, თამარისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსარებლისაჲთა; წმიდისა არქიმანდრიტისა, ღირსისა მამისა ჩუენისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანნაჲსითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პიროს ბრეთელისაჲთა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობა 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოგავლინა რაჲ ივერიას განსამტკიცებლად სარწმუნოებისა, ქრისტემან მოსცა მადლი სიტყუასა შენსა, მას ევედრე, რაჲთა გჳჴსნნეს მონებისაგან ეშმაკთაჲსა და გარდახდომისაგან სჯულისა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქადაგებდი რაჲ ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, ამხილებდი შეცთომილთა, ნუგეშინის-სცემდი მწუხარეთა, სნეულთა კურნებდი და სულთა ბოროტთა აოტებდი შეპყრობილთაგან.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ძლიერი შური გაქუნდა შენ, პატიოსანო მამაო, ვითარცა ელიას, რამეთუ აღეგზენ ცეცხლითა საღმრთოჲთა და შესწუენ ენანი მწვალებელთა და წარმართთანი ქრისტეს შეწევნითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ ჩუენ მარადის.

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გულსმოდგინედ ილოცვიდი რაჲ ყოვლისა სოფლისათჳს, უფროჲს ქართველთათჳს აღავლენდი ვედრებასა, რაჲთა წინააღმდგომთა მათ ჭეშმარიტებისათა სძლევდეს მართლითა სარწმუნოებითა და მარადის მოიხვეჭდეს განმარჯვებასა მტერთა და მაჭირვებელთა ზედა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განამრავლებდი რაჲ სწავლათა სულთა მარგებელთა, კურნებათა იქმოდი შეწევნითა ღმრთისაჲთა და განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა. აწ გაქუს შენ შუა-მდგომელობაჲ ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე, რაჲთა გჳჴსნეს რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ენამან შენმან ღმრთის-მეტყუელმან ქუეყანაჲ ესე ჩუენი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა რაჲ გულნი უმეცართანი, მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად და სცხონდებოდენ სულიერად. აწცა განანათლენ ცოდვითა დაბნელებული სული ჩემი, მამაო პიროს, და გული ჩემი აღავსენ სიყუარულითა საღმრთოჲთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სჯულისა კიდობანმან მოგასწავა შენ, არათუ ფიცარნი გაქუნდეს შენ, არამედ ქრისტე ღმერთი სჯულისმდებელი, ღმრთისმშობელო, რომელი იგი უსჯულომან ერმან ჯუარს აცუა ჴსნად ჩუენდა, რომელნი ვიტყვით: ღმერთსა და უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

გალობა 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

გემცნო რაჲ დღჱ საწუთოჲთგან განსლვისა შენისაჲ, მჴნეო მოსაგრეო, შეჰვედრე სამწყსოჲ თჳსი და მერმე სული უფალსა, და შეერთე რაჲ სიმრავლესა მას წმიდათასა, მრავალმოღუაწჱ გუამი შენი დაკრძალეს წმიდასა მას ტაძარსა შენსა.

ღირსო მამაო პიროს, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

იქადის აწ ერი ჩუენი და განსცხრების სავანჱ ბრეთისაჲ, რამეთუ მივისწრაფვით წიაღსა მისსა, რომელსა შინა მდებარჱ წმიდათა ნაწილთა შენთა პატიოსანი სამარხოჲ, ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, მდიდრად აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და კურნებასა მიჰმადლებს მჴურვალედ შევრდომილთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქრისტემან მოგცა მადლი სასწაულთაცა საქმედ და ესრეთ პატივ-გცა საწუთროსა ამას, ხოლო შემდგომად სიკუდილისა უფროჲს იდიდე წინაშე მისსა, და გაქუს რაჲ მადლი შეწევნისაჲ, მეოხ გვეყავ, რაჲთა მოგუანიჭოს შიში ღმრთისაჲ და ახოვანებაჲ სულისაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი სჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.

 

ღირს არს ჭეშმარიტად რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

მღდელი აკმევს; მკითხველი ან ერისკაცი კითხულობს

განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან, ღირსო, გამოაცხადნა სიმჴნენი ღუაწლთა მათ შენთანი, და განჰფინნა რაჲ კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, მოვიდოდეს მორწმუნენი, და შენ მიერ განსწავლულნი აღეშენებოდენ სულითა, ეგრეთვე აწ წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინე, მჴნეო მოღუაწეო, და დაგვიცევ ჩუენ უბიწოდ წვალებისაგან, რაჲთა წრფელითა გულითა ვფუცოთ ყოველთა: `არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, და არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო~ და ღირს ვიქმნეთ ქებად და გალობად ღმრთისა.

ჰბაძე რაჲ მოძღუარსა შენსა, ღირსო მამაო პიროს, ღუაწლითა ფრიადითა მიიწიე საზომსა დიდსა და დიდებულად შეამკევ წმიდაჲ ეკლესიაჲ ჩუენი სასწაულთა და ნიშთა საკჳრველთა აღსრულებითა და ცხორებისა ბრწყინვალებითა, ხოლო მხილველნი და მსმენელნი წმიდისა ცხორებისა შენისანი ადიდებდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკჳრველსა, მას ევედრე აწ, წარმოავლინოს ჩუენდა რჩეულნი და ბრძენნი განმგებელნი და ღირსნი მამანი, მასწავლელნი საღმრთოჲსა სიტყჳსა, რაჲთა ყოველთა აღგვაორძინებდენ ყოვლითავე სულიერითა და ჴორციელითა კეთილითა და უფალსა ვადიდებდეთ სულითა და ჭეშმარიტებითა.

ვითარცა მზჱ ბრწყინვალეჱ, ჰნათობდი ქართველთა ეკლესიისა სამყაროსა, იყავ რაჲ მოძღუარი ჭეშმარიტი ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა და ღმრთისმშობლისა მიმართ დიდად მვედრებელი ერისათჳს ჩუენისა და ფრიად მოყუარული წილხვედრისა ერისა მისისა - ივერიისა და კეთილად მოღუაწჱ მლოცველი ივერიელთათჳს და წარმართებისათჳს მათისა, აწ გევედრებით, იმეოხე წინაშე ღმრთისა, რაჲთა ერი ჩუენი იჴსნნეს საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტჱს ზაკუათაგან და საცთურისა.

მადლითა საღმრთოჲთა განანათლენ რაჲ მხარჱ ესე ქართლისაჲ, შემდგომად სიკუდილისა შენისა მაუწყებელ-არს მოღუაწებათა მონასტერი ბრეთისაჲ და ჴმა მაღლად ჰქადაგებს ლოცვათათჳს შენთა მჴურვალეთა, ხოლო ჩუენ გული გჳთქმს მისლვად წმიდასა მას სავანესა, აღმოაცენებს რაჲ მადლსა ჭეშმარიტსა და აღგვადგინებს დიდებად ღმრთისა, რომლისა წინაშე ღმრთივბრწყინვალითა გჳრგჳნითა დიდებულ ხარ, სანატრელო, და გჳთხოვე, რაჲთა მოანიჭოს ერსა ჩუენსა ძლევაჲ მტერთა ზედა, ქრისტეანეთა უვნებლობაჲ და დიდი წყალობაჲ მოსავთა შენთა.

არა მხოლოჲ მკჳდრ ხარ ბრეთისა, ჵ, ყოვლადღირსო მამაო პიროს, არამედ სრულიად მიწა-წყლისა ჩუენისა, და მლოცველი და მსწრაფლშემწჱ, და ყოვლად ძლიერი მფარველი მრავალჭირნახულისა ამის ერისა, ვიდრე ჟამადმდე შეჭირვებულისა, ამისთჳს მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა, რაჲთა შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ განჴადოს და შეჰკრიბოს განბნეული ერი ქართველთაჲ.

ჵ, ახალო მოციქულო და მაჩვენებელო გზისა მის კეთილად მსახურებისაო, ქართლისა განმნათლებელო მამაო პიროს, ტკბილითა მით მეოხებითა და მამობრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, შენ მიერ შეყუარებულსა ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვედრთა თჳსთა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, რაჲთა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა და წმიდა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხჳსაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მჴევალთა) ღმრთისაჲთა და ყოველთა შჳლთა ჩუენისა ეკლესიისაჲთა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლჳს აგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუჴლთ-მოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, სიბრძნისა საუნჯეო და ეკლესიისა ბრწყინვალეო მნათობო, ღირსო მამაო პიროს! ბერთა სამკაულო; ბრეთისა სიქადულო; მღდელთა გჳრგჳნო და ანგელოზთა მოდასეო; ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო ყოველთა პატივისმცემელთა შენთაო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო.

ჵ, ყოვლადსანატრელო ღმრთივსულიერო მამაო პიროს ბრეთელო! რომელმან ქმენ სასწაულნი და ნიშნი მრავალნი, და საწუთოთა შუებათაგან სიმაღლედ აღიყუანენ ერნი ქართლისანი, აწ კეთილითა სიყუარულითა შეერთებულ ხარ მოძღუარსა შენსა იოანე ასურსა, და ძმათა მათ სულიერთა, და ერთობითა იხარებთ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე აწ, რაჲთა მოგვანიჭოს სიბრძნჱ, სიმჴნჱ და მძლეველობაჲ დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, და გჳჴსნნეს ეშმაკის სიცბილისაგან და მძლავრებისა, რაჲთა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ჴმითა მაღლითა ვქადაგებდეთ ქრისტეს ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაჲთა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.

ჵ, მამაო მამათაო, თაო მონაზონთაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, ყოვლად ნეტარო პიროს! აწ განძლიერებულ არს ზრახვაჲ იგი უსჯულოებისაჲ და წილხვედრი ესე ერი ღმრთისმშობლისაჲ დაცემულ არს ცოდვითა და სიბოროტითა და ჩუენცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეულნი, ვსძრწით მოსალოდებელისა მისთჳს დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტჱსისა, გარნა შენ, ღირსო, ვითარ ძუელ ოდესმე დაშუერ ერისა ჩუენისათჳს სულიერად წინაშე მისსა, წარმართობისაგან სრულიად ჴსნად და განრინებად ყოვლისაგან წვალებისა, ეგრეთვე აწ გვაშორე საღმრთოჲსა მსჯავრისა საშინელებაჲ უსჯულოებისა ჩუენისათჳს, და მოწყალებითა შენითა გვითხოე ღმრთისა მიერ ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაჲ, მართლმადიდებლობით განათლებაჲ, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაჲ, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაჲ, ანგელოზთა თანა გალობაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და შენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა პიროს ბრეთელისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

ყოველივე ჴორციელი ნებაჲ დაუტევე და შეუდეგ რაჲ ღმრთისა ნებასა, სანატრელო მამაო პიროს, ზეცით მოიღე მადლი სათნოებისაჲ, და ვითარცა ანგელოზი კაცთა შორის ჰბრწყინევდი საღმრთოჲთა მოქალაქეობითა, და სათნო-ეყავ რაჲ ზეცათა მეუფესა და ღმერთსა, გაქუს კადნიერებაჲ მისა მიმართ, რაჲთა გჳჴსნეს ჩუენ ყოველნი განსაცდელთაგან სულიერთა და ჴორციელთა, და ღირს გვყოს სასუფეველსა ცათასა.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურჳლით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა პიროსისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი