მღდელმან: კურთხეულ არს-ი
და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.
დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.
მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ
იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
მოწყლულმან სურვილითა საღმრთოითა, წყლულებანი მრავალნი თავს ისხენ, და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად მოითმინენ, ვინაიცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაი ზეცისაი დაიმკვიდრე, სამ-გზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწყლულმან სურვილითა საღმრთოითა, წყლულებანი მრავალნი თავს ისხენ, და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად მოითმინენ, ვინაიცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაი ზეცისაი დაიმკვიდრე, სამ-გზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ძლისპირი: სასწაულითა იხსნა ერი უფალმან და ზღუაი მღელვარეი სიტყვით განახმო პირველ, და დღეს უხრწნელად იშვა ქალწულისაგან და წარმიძღუა ჩვენ ზეცად ბუნებით სწორი მამისა თანა, რომელსა უგალობდეთ.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის [**]
სატანჯველთა სასტიკებაი სიმხნითა დაითმინე და მადლი მიიღე ნიჭთაგან სულისაითა სალმობისა და ტკივილისა განდევნად. ამისთვისცა აღმძრავს ჩუენ სიყუარული შენი, წმიდაო, და გევედრებით, შეგვეწიე, რომელნი აღმზადებულ ვართ გალობად შენდა.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჩუენდა მოხედვადცა ისწრაფე, სურვილით მოწევნულთა ტაძარსა ამას შენსა და მადიდებელთა დღესასწაულსა შენსა ყოვლადვე განათლებულსა, ნეტარო ქეთევან, და ხსნაი მითხოვე მერმეთა მათ სატანჯველთაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
რომელმან დედოფლობისა პატივი მარტვილობასა ზედა განსცვალე და სარწმუნოებაი მაღალი აღმოსთქვი, აწ წმიდასა წმიდათასა სასუფეველსა წინაშე ქრისტეისა იდიდები გვირგვინითა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვერ შემძლებელ ვართ ქებად შენდა ღირსებით, ღმრთისა დედაო, რამეთუ უზეშთაეს ცნობათა ჩუენთა ამაღლებაი იპოვე, ხოლო არაი დავდემნეთ დიდებად შენდა, მსგავსად ძალისაებრ ჩუენისა, რაითა შემწედ მოგიგოთ.
ძლისპირი: ღმერთო, მოხედენ მონათა გალობასა და დაამდაბლე სილაღეი მაცთურისაი, და ზეშთა აღამაღლე დღეს ეკლესიაი, და შეუშფოთებელად დაამტკიცენი მოსავნი შენნი მართლმადიდებლობასა.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სისხლთა შენთა მდინარემან, მარტვილო, საღმრთომან და წმიდამან, მორწყო ქრისტეს ეკლესიაი და ვარდად და ყუავილად სულნელად სასწაულნი აღმოაცენა, ამისთვისცა მადლსა მას კურნებათასა მიანიჭებ, მოწამეო, სურვილით მგალობელთა შენთა.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შემუსრვილმან ტანჯვითა და უმსჯავროითა განსჯითა დასჯილმან არა უარყავ ღმერთი, არამედ კადნიერებით და ახოვნებით აღიარე ყოველთა უფალი ღმერთი და მეუფეი, და სამთა ყრმათა გალობასა ღმრთივ-შუენიერად გალობდი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
არა ზარ-გცემდეს, საკვირველო, მძვინვარებანი იგი მწარეთა ტანჯვათანი, რამეთუ გწყუროდა მიღებად სასუმელი ქრისტეისი, ამისთვის საღმრთოითა დიდებითა შენითა ვიქადით და გევედრებით: მეოხებად ნუ დასცხრები, წინაშე სამებისა წმიდისა ჩუენთვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდაი წმიდათაი, ქალწულებით მშობელი, უკუდავებისა მიმსგავსებულ იქმნა დღეს საყდართა ქერაბიმთა, რაჟამს იტვირთა დაუსაბამოი სიტყუაი ხორციელ-ქმნული წიაღთა თვისთა, მხსნელი დაბადებულთა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მაქებელნი შენნი, წმიდაო დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ღუაწლისა მძლეო დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
იქმენ შენ, ვითარცა ოქროი ბრძმედისა მიერ გამოხურვებულ, წმიდაო ქეთევან, და დაუტევენ სოფლისა ყოველნივე, და ქრისტესა ტრფიალ-იქმენ, და სიცბილსა სპარსთასა ამხილე. იქმენ ჭურ-პატიოსან, ჯაჭუ სარწმუნოებისაი, ხოლო ჩაფხუტ სასოებისაი, და მახვილ ძლევისაი, და ესრეთ გვირგვინითა განშუენებული იხარებ წინაშე ღმრთისა, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.
ძლისპირი: პირველ აუწყა წინაისწარმეტყველებით ცხოვრებაი კაცთაი ამბაკუმ და იტყოდა: რისხვასა შინა მოვიხსენი წყალობაი, ჩრდილოით მაღნართაით, მო-რაი-ხუედ შენ, მაცხოვარ, ერისა ამის სიტყვაი დამბადებელი.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ერთგულებისათვის მამულისა, ვითარცა წარსდეგ წინაშე უღმრთოისა მის შაჰისა, და ითხოვე უვნებელობაი სამეფოისა შენისა, ეგრეთვე აწ მხურვალითა შუამდგომლობითა წინაშე ღმრთისა, დაგვიფარე ჩუენ ყოვლისაგან ბოროტისა.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მდგომარემან წინაშე საყდართა მათ მსაჯულთა უსჯულოთასა ყოველივე სიმწარეი სატანჯველთა მხურვალედ და წადიერად დაითმინე, ღუაწლისა მძლეო მოწამეო, და ზეცისა დიდებასა მიემთხვიე, აწ კარნი წყალობისანი ლოცვითა შენითა განგვიხვენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აწ ოხაი ჩუენთვის შესწირე მხსნელისა მიმართ და გვითხოვე, რაითა გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა და გვიხსნას მტერთა წყობათა და ამბოხისაგან ზრახვათა მათთასა და ზედა მოსლვათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწული წმიდაი იესეის ძირისაგან აღმოგვიცენდა და გვიშვა სიტყუაი ღმრთისაი, რომელი პირველ საუკუნეთა იყო და უვნებელად დაიცვა ქალწულებაი შობასა მისსა უაღრეის ბუნებათა.
ძლისპირი: საცთურთა ბნელთა ღამისაითა შენდობად მოხვედ, ქრისტე, აღმსობილნი შევსწირავთ დღეს გალობასა შენდა, ვითარცა ღმერთ ხარ, რაითა წარმიძღვე გზასა მშვიდობისასა შესვლად სასუფეველსა, რომელ აღმითქუ ჩვენ.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელი ღუაწლთა მიერ განბრწყინდი უბრწყინვალეს მზისა და შეამკევ ასპარეზი ძლევისაი, აწ მეოხ-გუეყავ ღმრთისა მიმართ, ჰოი, მოწამეთა შორის დიდო ქეთევან, რაითა მივიწივნეთ ნათლისა მიმართ ჭეშმარიტისა.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა მნათობი ბრწყინავ სოფელსა შინა, შემდგომად სიკუდილისაცა, ღუაწლით შემოსილო, მხნეო მოღუაწეო, ამისთვისცა ნუ დასცხრები ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და ურვათაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ვინაიცა განაქარვე ცრუ-შჯულთა იგი საცთურებანი, და გვირგვინი მოიხვენ ბრწყინვალეი ღმრთისაგან, მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთა და გვიხსენ ვნებათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცხორებისათვის კაცთა ნათესავისა განხორციელდა ღმერთი შენგან, ქალწულო, შეურევნელად შეიერთა კაცებაი და იშუა მხოლოი ორითა ბუნებითა და მით ბრწყინვალედ განანათლა სოფელი.
ძლისპირი: შთახდა იონა სიღრმესა მას ზღვისასა და ღაღადებდა ღმრთისა მიმართ ვედრებით, აღმომიყვანე დანთქმისაგან, უფალო, ხოლო მე, ქრისტე, შენდა მომართ ვღაღადებ: უგულებელს-ჰყავ ბრალთა ჩემთა სიმრავლეი.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეიწირე აწ ქებაი მადიდებელთა შენთა და ნუ მოიხსენებ ძვირთა ჩუენთა, არამედ განაცისკროვნე მტკიცითა სასოებითა მწუხარეი ცხორებაი ჩუენი, ღუაწლისა მძლეო ქეთევან, და დაგვიფარე ცოდვითა დაცემისაგან.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელმან შეიმოსე ქრისტე სამოსლად და მადლითა მისითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, აწ წინაშე ღმრთისა კადნიერებითა მდგომარემან ითხოვე, რაითა დაამხუნეს მტერნი ჩუენნი ცბიერნი და ძლევაი მოსცეს საზეპუროსა ერსა ჩუენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ვითარცა მცველსა და შემწესა მორწმუნეთასა, და ზედა მდგომელსა ჩუენსა და მოსწრაფედ მსმენელსა პატივს-გცემთ შენ, მხნეო მოწამეო, და გევედრებით: გვიხსენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და შეწევნითა შენითა არცხვინე მოძულეთა ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სძალო წმიდაო, ვედრებად ნუ დასცხრები, რომლისა იქმენ დედა უბიწოებით, რაითა განვერნეთ ღელვათა ცოდვისათა, რამეთუ შენ ხარ მყუდროი ნავსაყუდელი მოსავთა შენთა, ღმრთისმშობელო ქალწულო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მაქებელნი შენნი, წმიდაო დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ღუაწლისა მძლეო დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გუნდი: ამინ.
ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა, ზეცათა დედოფალი ქუეყნიერსა დედოფალსა, ასული დავითისი, ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმა საქმით აჩუენა თვისებაი მისი, და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღუწის ჩუენ ყოველთათვის.
მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაი, ხმაი 7
პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მუხლი: რაი მივაგოთ უფალსა ყოვლისავეთვის, რომელ ესე მომაგო მე.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
გუნდი: ამინ.
მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობაი ყოველთა.
გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.
მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
მღდელმან: მოხედენ.
მას ჟამსა შინა წარვიდა მიერ იესუ და მივიდა ადგილთა ტვიროსისაითა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესუ არა მიუგო მას სიტყუაი. და მოუხდეს მოწაფენი იესუს და რქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: არა ვიდრე-მე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისაითა. ხოლო იგი მოუხდა და თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა, ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდმოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთაისა. მაშინ მიუგო იესო და რქუა მას: ჰოი, დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაი ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს! და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა დიდისა მოწამისა, ქეთევან დედოფლისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცე უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: სიჩჩოითგანვე განმსდიდრდი სათნოებითა და სპარსთა მიმართ მოღუაწებისა ასპარეზი განვლე, და ქუეყანასა აღთქუმისასა მიისწრაფე, მრავალმოღუაწეო ქეთევან, ხოლო მგალობელთა შენთა მოგვცემ ლხინებასა ღმრთისა მიერ და დიდსა წყალობასა, რომელნი სურვილით აღვასრულებთ ხსენებასა შენსა.
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა, და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა, წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, გიორგი, იოანე და ექვთიმე მთაწმინდელთა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, შუშანიკ და ლუარსაბისაითა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა წამებულთა, წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; და წმიდისა დიდისა მოწამისა, ქეთევან დედოფლისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
ძლისპირი: სიყუარულითა ყოველთა მხსნელისაითა არად შეჰრაცხეს ყრმათა რისხვაი მძლავრისა ღმრთის მოძულისაი, და ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწუნეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ტანჯვაი დაითმინე, ღირსო მოწამეო, და გუემანი მძვინვარენი, და სახუმილი განმცდელი და არა უარჰყავ ქრისტე, ყოველთა დამბადებელი და წადიერებით მას მხოლოსა უგალობდი: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან...
შეიწირე კნინი ესე გალობაი ჩუენი, ვითარცა ღირსი რაიმე, და ყოვლისაგან რისხვისა და სავნებელისა გვიხსენ ჩუენ, რაითა საღმრთოითა შეწევნითა შენითა მოქადულნი უფალსა უგალობდეთ: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
რომელმან ქრისტეისთვის გულსმოდგინედ იღუაწე და ქართველთა ეკლესიაი ღუაწლითა შენითა განაშუენე და შეამკევ, აწ მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუხედენ და გზაი იგი ჩუენი სამეუფოი წარგვიმართენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ერთი ძეი მხოლოი, თანა დაუსაბამო მამისა და სულისა წმიდისა შენგან განხორციელდა უქცეველად, უსძლოო სძალო მარიამ, რომელსა უღაღადებთ: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
ძლისპირი: ყრმანი ბაბილონს შეუწველნი პირველად სახე გექმნეს შენ, ქალწულო დიდებულო, რაჟამს შენგან იშვა ცეცხლი ღმრთეებისაი და დაგიცვა შენ უვნებელად, უბიწოდ, ყოველი ერი მარადის გაკურთხევს შენ.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მარწუხთა მიერ უწყალოდ ძუძუთა დაგლეჯანი, და განხურვებულნი იგი შამფურნი და მოტყინარეი იგი გვირგვინი რვალისაი, ვითარცა შეხდომანი სხვისა ხორცთა ზედა, თავს ისხენ, კეთილად-მძლეო მოწამეო, და ამაღლებდი ღმერთსა უკუნისამდე.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან...
ლურსმანთა მიერ განხურვებულთა იწვებოდი და ბარითა იპებოდი, და გონებაი შენი შეურყეველად ეგო, კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა, მისგან ითხოვე, გვირგვინოსანო ქეთევან, დიდებულო, განათლებაი სულთა ჩუენთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მწყობრსა შინა მარტვილთაითა განშუენებულო დედოფალო, ევედრე ყოველთა მწყალობელსა, რაითა არა მოაკლდეს სარწმუნოებაი ქართველთა ერსა, და გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნი სამკალსა თვისსა, განსამტკიცებლად ყოველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, უბიწოო ღმრთისმშობელო ქალწულო, ევედრე ჩუენთვის, რომელი ჰშევ უთესლოდ, რაითა მიხსნეს საფრხეთაგან მტერისაითა.
ძლისპირი: ჯერ-არს დუმილი, ვინაითგან ვერ შეუძლებთ ღირსებით ქებად შენდა დღეს, ღმრთისმშობელო, ხოლო არავე დავდუმნეთ შიშისათვის, არამედ, მსგავსად უძლურებისა ჩუენისა, შევსწიროთ შესხმაი, რომლითა გადიდებდეთ.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ნაწილნი შენნი სანატრელნი, სამკურნალოდ გამოგვიჩნდა, საკვირველთმოქმედო დიდებულო, რომელთაგანაც აღმოვივსებთ დაუწყვედელსა კურნებასა სულთა და ხორცთა ჩუენთასა, ყოვლად ქებულო ახოვანო მარტვილო.
წმიდაო, დიდო მოწამეო, დედოფალო ქეთევან...
აწ შეიწყნარე ჩუენიცა ესე ვედრებაი და მხურვალედ ლოცვაი ჰყავ ჩუენთვის წინაშე უფლისა ღმრთისა, რაითა მეფეი ქრისტეის მოყუარეი ცხებულ იქმნას და გვირგვინოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოისასა, განსაბრწყინვებლად ყოველთა ქართველთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ვითარცა კადნიერებისა მქონებელი უფლისა მიმართ, ლმობიერად ევედრე ღმერთსა, რაითა გვიხსნას ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან და სატანისა მახეთაგან და მოგუმადლოს უშფოთველი და გონიერი ცხორებაი ყოველთა მორწმუნეთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ღირსად ადიდა ძემან მშობელი თვისი, რამეთუ მისგან შეიმოსა კაცებაი და ძეი მაღლისაი ძედ ქალწულისად იწოდა. ერთი ორითა ბუნებითა დაადგრა, რომელსა ღირსად მორწმუნენი ვადიდებთ.
ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან აკმიოს
ჰოი, დიდებული სიმხნეი შენი, მარტვილო შუენიერო, ახოვნებაი სულისაი და სიმტკიცეი გონებისაი და დიდ-სულობაი ყოველსა შინა, სიწრფოებაი გულისაი და სიბრძნეი მდიდარი და წყურილი ქრისტეისთვის სიკუდილისა, ამისთვისცა ცათა შინა მიიღე გვირგვინი დიდებისაი და აღთქმული იგი მადლი კურნებისაი.
ჰოი, გვირგვინოსანო ქეთევან, დიდებულო, შეეწიე საღმრთოსა ერსა შენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისაისა ქუეყანასა ზედა და ნუ მისცემ სამკვიდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, რაითა არა ჰსთქუან ყოველთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი.
სამგზის სანატრელო დედაო და ჩუენთვის მეოხო ბრძენო დედოფალო! აწ ევედრე ზეცათა დედოფალსა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხდომილთა თვისთა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა მისსა მიმართ.
ჰოი, კეთილად-მძლეო მოწამეო, რომელი ქუეყანასა ზედა ნიშთა და სასწაულთა და საკვირველთა დიდებულთა აღასრულებ, რომელთაი არა არს რიცხვი, მოვედ აწ და შემოგვიკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი.
ჰოი, დიდო მნათობო ქართველთაო, წმიდაო დედოფალო ქეთევან! რომელმან დასდევ სული შენი ერისათვის მსგავსად მხსნელისა, ნუ დაიდუმებ ოხად წინაშე მისსა, რაითა ღირს-გვყოს კურთხეულთა წინაპართა ჩუენთა მიერ ნაღუაწსა ივირონსა შინა კუალად ქართველთა დამკვიდრებისა და მას შინა საუკუნოდ ნათესავთა შენთა მოხსენებისა და საუფლოისა დიდებისა და ქებისა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დედოფალო მარიამ, ლოცვითა წმიდისა, დიდისა მოწამისა ქეთევან დედოფლისაითა ღირს მყვენ ჩუენ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა დიდებად და გალობად:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...
მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.
მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონათა (ანუ მხევალთა) ღმრთისაითა და ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისაითა, რაითა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვის აგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
მღდელმან: მერმე და მერმე მუხლთ-მოდრეკით. უფლისა მიმართ ვილოცოთ.
გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.
ჰოი, საცნაურო მზეო, მნათობო საქართველოისაო, საკვირველებათა უხუებითა მომნიჭებელო, მოწყალეო, ურისხველო, გლახაკთა ხელისაღმპყრობელო და დავრდომილთა მსწრაფლშემწეო, წმიდათა შორის დიდებულო და დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო დედოფალო, ყოვლად ქებულო ქეთევან!
ჰოი, საკვირველო და ჭეშმარიტად ახოვანო მოწამეო, ღუაწლისა მძლეო ქეთევან! დედობრივითა მოწყალებითა შენითა შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაითა გარე წარაქციოს ყოველნი მტერნი და მაჭირვებელნი ჩუენნი და მოგუანიჭოს ძლევაი მათ ზედა, ხოლო სარწმუნოებაი იგი ჩუენი ქრისტეის მიმართ კუალად განაახლოს და მოგუმადლოს მოუკლებელი სიყუარული ღმრთისაი, მეფისაი და მამულისაი, და აღგვიდგინოს რქაი ცხებულობისაი, რაითა არა მოაკლდეს მეფობაი ნათესავთა შენთა ქუეყანასა ამას უკუნისამდე ჟამთა და იყუნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა, და დიდებულ იყუნენ უკუნისამდე. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი. მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლად ქებულო ახოვანო მარტვილო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხვანიცა, შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჰოი, კეთილმსახურებასა შინა დიდო და მწყობრსა შინა მარტვილთაითა განბრწყინვებულო, წმიდაო დედოფალო ქეთევან! მოწყალებითა იესუს ღმრთისა მსგავსითა, მეოხ გუეყავ წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცუალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: სიბრძნით!
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.
გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის). გუაკურთხენ.
მღდელმან: ჩამოილოცოს.
გუნდი: ამინ.
ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მოწამისა, საქართველოს მნათობისა დედოფლისა ქეთევანისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
არაი თუ ღირს ვართ მოხსენებად ბრწყინვალისა ღუაწლისა შენისა, არამედ აღმძრავს ჩუენ ფრიად სიყუარული შენი, მოწამეთა შუენიერებაო ქეთევან, და ყოვლითა გულითა შევსწირავთ შენდა მომართ ვედრებასა: შეგვეწიე, რომელნი მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, ნეტარო, ნუ მოგუაკლებ საფარველსა შენსა მადიდებელთა დღესასწაულისა შენისაითა, და გვიხსენ ჩუენ ყოველნი ურვათა და განსაცდელთაგან.
დედოფალო მარიამ, მოგვხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა ყოვლად პატიოსანისა ხატისა წმიდისა დედოფლისა ქეთევანისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი
[*] გუერდი - ჰიმნოგრაფიულ ტერმინი, რომელიც აღნიშნავს დამატებით ხმას (5-8), ძირითადი ხმებისაგან განსხვავებით (1-4). „ხმაი 1 გუერდი“ - აღნიშნავს მე-5 დამატებით ხმას.
[**] შეგიძლიათ ჩაურთოთ სხვა ჩასართავიც: წმიდაო დიდო მოწამეო ქეთევან, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა, ან მეოხ-გუეყავ წინაშე ღმრთისა.