პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმაი 6

მეოხებათა შინა მხურვალეო შემწეო და მთხოველთა მსწრაფლ-მსმენელო, ქრისტეის სარწმუნოებისათვის წამებულო ახალციხისა მთავარო შალვა, შეიწირე ვედრებაი ჩუენი, და ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაითა აცხოვნოს სულნი ჩუენნი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებათა შინა მხურვალეო შემწეო და მთხოველთა მსწრაფლ-მსმენელო, ქრისტეის სარწმუნოებისათვის წამებულო ახალციხისა მთავარო შალვა, შეიწირე ვედრებაი ჩუენი, და ქრისტესა ღმერთსა ევედრე, რაითა აცხოვნოს სულნი ჩუენნი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოებაი ჩემი. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. -მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისაითა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლ ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1 გუერდი

ძლისპირი: ეტლთა სიმრავლეი მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ახოვნებითა ღუაწლთა მათ შენთაითა და აღსარებითა ქრისტეს ღმრთისაითა, ნეტარო, უჩუენე ყოველთა უძლეველი სიმხნეი წამებისა შენისაი, რომლითა მოიწყლა მაცთური.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეს ჯუარითა აღჭურვილსა მარტვილსა და უძლეველსა მოწამესა, ვითარცა ქართველთა უბრძოლველსა გოდოლსა და ზღუდესა დაუცემელსა გაქებთ და ვადიდებთ განმადიდებელსა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

არა ჰრიდე ჰასაკსა მას შენსა სიჭაბუკისასა და პატივსა მთავრობისასა, მხედარო მაღლისა მის მეუფისაო, და შეურაცხ-ყავ ქადებაი იგი მძლავრისაი სახელისათვის ქრისტეისისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაისწარმეტყუელთამან წინაით მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვისცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგვიხუენ ჩუენ, ქალწულო.

 

გალობაი 3, განძლიერდასა

ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ, მხნეო, გამოცდილ მხედრობითსა წყობასა და კუეთებასა, ბრძენო, წინააღმდგომთა ყოველთასა, რომლითა დასცენ და შემუსრენ ცრუ-სჯულისდებისა მრწმუნებელნი. ეგრეთვე აწ ბნელი უღმრთოთაი განხადე და განანათლენ მორწმუნენი.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა რჩეულმან ღმრთისამან, წმიდამან და საყუარელმან, პატივი და სიმდიდრეი განსცვალე ბრწყინვალებად დაუვალად და შერთუად სიმრავლესა მოწამეთასა. აწ მაქებელნი შენნი გვიხსენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დიდ-არს ძლევაი ბრწყინვალეი, რომელი აჩუენე ხორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უხორცომან, რამეთუ ქრისტესთვის გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად და სიხარულითა ღუაწლისა შენისაითა ეკლესიაი შუენიერად მეწამულ-ყავ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტეს მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაი ზეციერი გვითხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.

 

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაი, ხმაი 4

ვითარცა კლდე და გოდოლი მტკიცე და ურღვეველი, ნეტარო, ზახებასა მტერთასა არა შეშინდი, არამედ მძლავრთა უშჯულოებანი განაქიქე და მბრძოლთა მტერისაითა ცხადად არცხვინე, შალვა საკვირველო, და მოიკალ რაი ხელითა მტარვალთაითა, ზეცისა მხედრობათა თანა ბრწყინვალედ განშუენებული ქრისტესა წარმოუდეგ. ევედრე მას შეწყალებად სულთა ჩუენთა.

 

გალობაი 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ლიქნამან მძლავრისამან ვერ უძლო შეძრვად ურყეველისა მის სიმტკიცისა შენისა, ჰოი, საჩინოო მხედარო შალვა, რამეთუ დამყარებულ იყო კლდესა ზედა ქრისტეს მცნებათასა.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უძლეველი გონებაი, მოუდრეკელი სული მოთმინებითა მოიგე, მხნეო, და მტერთა მანქანებაი განაქარვე, ეგრეთვე აწ საცთურისაგან მტერთასა მაქებელნი შენნი განგვათავისუფლენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელმან ქრისტესთვის გულსმოდგინედ იღუაწე და ქართველთა ეკლესიაი ღუაწლითა შენითა განაბრწყინვე, აწ დაშრიტე აღძრვაი მწვალებელთაი და მართლმადიდებელნი ქრისტეანენი განადიდენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.

 

გალობაი 5, ღამითგანსა

ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ვარსკულავი მნათობი აღმობრწყინდი შენ მრავალთა ტანჯვათაგან და განანათლე ეკლესიაი ქრისტეის ღმრთისაი ღუაწლთა შენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰოი, დიდებული საკვირველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა ბრწყინავ შენ, ნეტარო შალვა, და ჰნათობ ყოველთა კიდეთა ქუეყანისა ჩუენისათა, დაუვსებელისა ნათლისა მიფენითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ლამპარ ბრწყინვალე იქმენ შენ, შალვა, განმანათლებელ მორწმუნეთა სულთა და მაოტებელ სულთა უკეთურთა, აწ გვიხსენ საფრხისაგან ეშმაკისა და მძლავრებისაგან ხორცთაისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაი, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი.

 

გალობაი 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მხედრობაი ქუეყანისაი მოიძულე, ბრძენო სპარაზენო, და ზეცისა დიდებისა მოსურნე იქმენ, და წყლულებაი და ყუედრებაი და ბოროტად სიკუდილი თავს იდევ, სანატრელო.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დიდებაი და პატივი დიდებული და გვირგვინი წმიდა მარტვილობისაი დაადგა თავსა შენსა ცხოველსმყოფელმან მარჯუენემან მაცხოვრისმან, კეთილად-მძლეო მოწამეო

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მტკიცეო სუეტო სარწმუნოებისაო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა მოიხილოს ერსა თვისსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და დაიცვას ყოვლისაგან ჭირისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახვილმან, იხილე-რაი ჯუარსა ზედა ძეი შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოი გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.

 

გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღირსო და საკვირველთმოქმედო მამაო გრიგოლ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ხმაი 2

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სარწმუნოებითა და მძლავრთა უღმრთოებაი ამხილე, ბრწყინვალეო მთავარო შალვა, ვინაიცა გვირგვინი სიმართლისაი ღირსად მიიღე და მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა შეიწირე, წმიდითა მეოხებითა შენითა მიანიჭებ ყოველთა ცოდვათა შენდობასა.

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა სახარებისა, ხმაი 4:

საკვირველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

მუხლი: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის)

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაი მათესი

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მეოხებითა წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უშჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: მეოხო მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო, პატიოსანო მარტვილო, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულო, ახალციხისა ერისთავო, წმიდაო შალვა, გვირგვინოსანმყოფელსა შენსა იესუს ევედრე, რაითა მოგუანიჭოს მგალობელთა შენთა მშვიდობაი და პატივისმცემელთა შენთა დიდი წყალობაი.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყო-ფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაითა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდისა წინაისწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოისითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა, და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა ქალწულ-მოწამისა ბარბარესითა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სვიმეონ გარეჯელთა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაითა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაითა; წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინესა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასლანისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაითა; ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა: გაბრიელ, იოანე, ექვთიმე, თორნიკ-იოანე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა ხუარაზმელთაგან ტფილისსა შინა წამებულთა, წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: წმიდისა ილია მართლი-საითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაისითა; წმიდისა დიდისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაითა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

გალობაი 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარსდეგ წმიდითა გონებითა და სარწმუნოებითა მტკიცითა, მხნეო, წინაშე უშჯულოთა მძლავრთასა და ხმა-ყავ დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სახედ მსხუერპლისა შესწირენ სულნი და ხორცნი ქრისტესა, ახოვანო, სატანჯველთა სიმრავლითა და ესრეთ ღაღად-ყავ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მდიდრად გარდაეფინა ბაგეთა შენთა მადლი სულისა, ყოვლად წმიდისა ცხოველსმყოფელისა, ქრისტეის მხედარო, და მხურვალედ ღაღად-ყავ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზეი იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.

 

გალობაი 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: „ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სამბრწყინვალისა ღმრთეებისა აღმსარებელი, სამსჯავროსა მას მძლავრთასა კურთხეულითა ენითა ქართულითა ღაღადებდი და იტყოდი: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წინა-მდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რაი ხედევდი, დიდო მოწამეო, უშიშითა გონებითა უფალსა უგალობდი: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გსუროდა რაი გვირგვინითა მოწამეთაითა შემკობად, დაითმინენ გუემათა ფიცხელთა მწარენი წყლულებანი, საღმრთოითა მადლითა და ხმა-ყავ: „აღგამაღლებთ შენ, ღმერთო, უკუნისამდე“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდა და ყოვლად უბიწოი, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმა-მაღლად გიგალობთ შენ.

 

გალობაი 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: ესაია, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძეი დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აწ ისწრაფე და განგუარინენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა და გვიხსენ ვედრებითა შენითა, რაითა აღიძრას გონებაი ჩუენი ღუაწლთა შენთა ბრწყინვალითა ქებითა:

წმიდაო, დიდებულო მოწამეო შალვა ახალციხელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგუფინე მადლი ყოვლად განწმედილისა ლოცვისა შენისა, ყოვლად ქებულო შალვა, და გვიხსენ სენთა და სალმობათაგან, და ვნებათა ჭირთა და განსაცდელთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელი ცათა შინა ხარ და მხედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდაით გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რაისა-ესე აღვასრულებთ და შეიწყნარე სიგლახაკეი სიტყუათა ჩუენთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყუელმან წინაით გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაითა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

მოვედით სარწმუნოებისა მკვიდრნო ერნო, მართლმადიდებელნო ქართველნო, ვიხარებდეთ და ქრისტეს მოწამისა ხსენებასა ქებით აღვასრულებდეთ, რამეთუ სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა მიანიჭებს მადლსა უშურველად.

ვითარცა ძალითა ქრისტეისითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე დაამხუნე მტერნი ჩუენნი მცბიერნი და უკეთურებითა და ზაკუვით მოსრულნი ურიცხვნი თანამზრახველნი მათნი, რომელნიცა მტრობენ დედისა ღმრთისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა და მართლაღმსაარებელსა.

რომელმან შეიმოსე ქრისტე სამოსლად და მადლითა მისითა არცხვინე მტერთა მათ უკეთურთა, აწ ოხაი ჩუენი შესწირე მხსნელისა მიმართ და გვითხოვე, შეჰმუსროს მტერნი ჩუენნი ურიცხუნი და ძლევაი მოსცეს საზეპუროსა ერსა ჩუენსა.

წინაშე ღმრთისა კადნიერებითა მდგომარემან, ვითარცა მოწამემან ითხოვე ქრისტეს მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცეი მორწმუნეთა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

უფროსად კურთხეულო მარიამ, უპატიოსნესო ქერუბიმთაო და უზესთაესო სერაბიმთაო, ლოცვითა კეთილად მძლისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა, ღირს მყვენ სასუფეველსა შინა დიდებად ღმრთისა უკუნისამდე:

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაითა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხორებაი ნათესავისა ქრისტეანეთაისა.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, კაცთმოყუარე, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა, რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოი ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაი ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაი და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსვლისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაითა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათვის სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თვისითა, და გარეწარაქციოს რისხუაი, მარად დღე ჩუენ ზედა მომავალი, და გვიხსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგვიწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველო მხედარო ბრწყინვალეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა მომნიჭებელო, წმიდაო დიდო მოწამეო, შალვა მთავარო ახალციხელო!

ჰოი, ღუაწლისა-მძლეო დიდო მოწამეო შალვა ახალციხელო! მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა და ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა დაიფარე ქუეყანაი ივერიისაი წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა, ხოლო ყოველთა მკვიდრთა მისთა მოგუმადლე შენებრ მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და თვინიერ შებრკოლებისა აღგვიდგინე ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა სამძღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე. ევედრე, ყოვლადბრწყინვალეო მარტვილო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა შეგვინდოს განდგომილებანი, ეკლესიათა ნგრევა-შეგინებანი, ღმრთისმსახურთა მკვლელობანი, ღალატი, შური და უწესობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კვლანი და სხვანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.

ჰოი, ძლევით გვირგვინოსანო დიდო მოწამეო შალვა! ვითარცა გაქუს კადნიერებაი დიდი, იმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაი, სიმართლისმოყუარებაი, მრავალშვილიანობაი, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაი. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

მღდელმან: სიბრძნით!

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

გუნდი: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის), გუაკურთხენ.

მღდელმან: ჩამოილოცოს

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მისისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ხმაი დ

ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, ახოვანო და უძლეველო დიდო მოწამეო შალვა ახალციხელო! კრძალვით შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა, რომელი უშურველად აღმოაცენებს სიმტკიცესა, მადლსა და წყალობასა, და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, ნეტარო. ვინაითგან სისხლი დასთხიე ქრისტეს სიყუარულითა, კადნიერებაი გაქუს მის წინაშე, გვითხოვე, რაითა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ხორციელთა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და შენ თანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა უკუნისამდე.

დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაითა წარგვივიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი