პარაკლისი
წმიდისა საკვირველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა,
ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისა

მღდელმან: კურთხეულ არს-ი

და უკეთუ ერისკაცია იტყვის: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამენ.

დიდებაი შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგვიწყალენ ჩუენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ; უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაი შენი, იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაი მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაი...

უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაი შენდა.

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა.

მუხლი .ა. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი.
მუხლი .ბ. ყოველი თესლები გარე მომადგა მე, და სახელითა უფლისაითა ვერეოდე მათ.
მუხლი .გ. არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი .დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ჴმაჲ 4.

კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშჳდისა, და მოძღურად მარხვისა, გყო შენ ქრისტემან სამწყსოჲსა შენისათჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლჱ და სიგლახაკითა სიმდიდრჱ, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ქრისტესა -ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სხუაჲ ტროპარი, ჴმაჲ 1

გამოსჩნდი შენ მბრძოლად მწვალებელთა პირველსა შინა კრებასა და საწაულთ-მოქმედ-იქმენ, ღმერთშემოსილო სპირიდონ, მამაო ჩუენო, და მკუდარი, საფლავსა შინა მყოფი, ჴმოვან-ჰყავ და გუელი ოქროდ შესცვალე, და ჟამსა ლოცვათა წართქმისასა ანგელოზნი გმსახურებდეს შენ, წმიდაო, და ესრეთ ღირსად იმყოფებოდი შენ მღდელთმთავრობისა პატივითა, დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გჳრგჳნოსან-გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არა თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად; არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი, და ცოდვაჲ ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რაჲთა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა, რამეთუ ესერა, უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა, ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღჴოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაჲ და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიჴსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო; იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი, მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა, ჴმაჲ 2

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განჴორციელდა ჩუენ ცოდვილთათჳს, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

წრფელი, მშჳდი და მოწყალე იყავ შენ, ნეტარო, შეცულ სიყუარულითა, ბრძენ და გონიერ, ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა, ამისთჳსცა გევედრებით: დაჴსენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ჴორცთა სალმობანი შეწევნითა შენითა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დევნულებანი თავს-იდევ სარწმუნოებისათჳს ბილწთა მთავართაგან და ყოველნი მახენი მტერისანი შემუსრენ ძალითა სულისაჲთა, აწ მიჴსენ მე მაჴეთა მათგან მეოხებითა შენითა, ახოვანო, და დამიცევ მე ყოვლისაგან საცთურისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სამწყსოჲსაგან ცხოვართაჲსა, მსგავსად დავითისა, გამოგიყვანა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მწყემსად პირმეტყუელთა ცხოვართა დაგადგინა, ხოლო ეკლესიამან ტრიმიფუნტისამან, ვითა-რცა საუნჯე მრავალსასყიდლისაჲ, გპოვა შენ და სიხარულითა შეგიწყნარა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაჲ და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაჲ და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაჲ, რაჲთა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაჲთა ჴმა-ვჰყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენსა გარეშე, ღმრთისა ჩემისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

პირველსა შინა კრებასა მამათასა თანაზიარ იქმენ ნიკოლოზ საკჳრველთმოქმედისა, მსახურო ქრისტჱსო, ღმრთისმეტყუელო სპირიდონ, და სიტყუათა მარტივთა მიერ შემკობილმან დაუსაბამოჲსა მამისა ძჱ ჴმამაღლად ჰქადაგე, თანაარსად და თანასწორად მამისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, კურთხეულო ძალითა მაღლისაჲთა, და ენითა მით საღმრთოჲთა, ვითარცა შურდულითა შეთხზულითა, დაამხუე არიოზის განდგომილებაჲ, ვითარცა დავით გოლიათი, და აღამაღლენ გჳრგჳნი მართლ-აღმსაარებელთაჲ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ დიდებულად გამოათარგმანე შენ, მღდელთმთავარო, მღდელთმთავართა კრებულსა შორის, და ჴელთა შენთა მიერ თიხისა შთაზელვითა ცეცხლი და წყალი გამოჰხადე, და პირთა სამებობაჲ ძალითა სასწაულებრივითა ნათლად აჩუენე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაჲ ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაჲთა გიგალობდე: არავინ არს წმიდაჲ შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ შენსა გარეშე, დედოფალო.

 

გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..

მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: შეგვიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთმოყუარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათვის (ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის).

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი), და ყოვლადუსამღდელოესისა (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღდელთმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალოს მონა ანუ მხევალი (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით). განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხორებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთაისა და მიუტევენ მათ ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა მართმადიდებელთა ქრისტეანეთათვის.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).

მღდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

წარდგომაჲ, ჴმაჲ 8.

ქრისტჱს ეკლესიაჲ მოძღურებითა შეამკვე და ხატებაჲ ღმრთისაჲ საქმით განაშუენე, ღირსო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ განბრწყინდა სოფელსა შინა სათნოებათა სიმრავლჱ და მადლი კურნებათაჲ განანათლებს ყოველთა, ვინაჲცა სარწმუნოებითა ვდღესასწაულობთ ჴსენებასა შენსა, მამაო.

 

გალობაჲ 4, უფალო მესმასა

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თჳთ უფალი, განჴორციელებული ღმერთი, და მიჴსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაჲ ძალსა შენსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

დაადგრა შენ თანა საღმრთოჲ სული საკჳრველთმოქმედი, ნეტარო მამათმთავარო, და ხილვათა საღმრთოთა ღირს იქმენ ხილვად და ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკჳრველად.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ეჰა, სასწაული საშინელი, რამეთუ ჴმა-ჰყავ რაჲ, მეყსეულად მკუდარი გეზრახა, ვითარცა ცხოველი, და მდინარე დაყუდნა სიტყუათა შენთა ბრძანებითა, და სენი იგი მეფისაჲ მყის განიდევნა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლოცვითა შენითა საქანელნი ცისანი განახვენ, ღირსო, და გვალვისაგან იჴსენ ქუეყანაჲ, სენთაგან კაცნი გამოიჴსნენ და მკუდარნი აღადგინენ ჭეშმარიტად, ღმერთშემოსილო სპირიდონ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განჴორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მჴსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშჳდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაჲ ღმერთი არაჲ ვიცით.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ნაკუერცხალთა მიერ სულისა წმიდისათა აღეგზენ, ღმრთივსულიერო, და მრავალნი მიიტაცნე სარწმუნოებად ჭეშმარიტისა ღმრთისა, მეცა ცოდვათაგან დაბნელებული ესე განმანათლე, და მიჴსენ რწმენისაგან არა ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ღმრთისმსახურთა მათ მამათა ემსგავსე, ყოვლად სამღდელოო სპირიდონ, და ერი ღმრთისაჲ აცხოვნე დანთქმისაგან სულთა წარწყმედელისა, ეგრეთვე აწცა დაიფარე სატანისა მაჴეთაგან და სჯულისაგან უცხოჲსა საზეპუროჲ ერი ივერიისაჲ.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მძლედ და მოღუაწედ ჭეშმარიტად მორწმუნეთა ერსა გამოსჩნდი განსაცდელთა შინა და მარადღე ახარებდი ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა, ეგრეთვე აწ ჩუენცა გუექმენ ნუგეში-ნისმცემელ და აღმაშენებელ ნაკლულევანებათა და მწუხარებათა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გჳშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაჲ მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაჲთა შეგჳწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო.

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოჳვლტი: აღმომიყუანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მწყემსისა კეთილისა იქმენ მწყემსმთავარ სარწმუნოჲ, ღმრთივგანბრძნობილო, შემწჱ ქურივთაჲ და მამაჲ ობოლთაჲ, მწუხარეთა ჴელისაღმპყრობელ და მძლავრთა მამხილებელ თუალუხვავი, ღირსო.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოძღურებისა საღმრთოჲსა განმტკიცებითა სუეტად გამოსჩნდი ქრისტჱს ეკლესიისად და წინამბრძოლად სარწმუნოებისად, და ერსა ქრისტჱსსა წარუძეღუ გზასა წრფელსა მართლმადიდებლობისასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აბრაჰამის უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდ, ღმრთივგონიერო, და ჟამსა სიყმილისასა უხუებით ზრდიდი უპოვართა, აწცა მვედრებელთა შენთა მოგუხედენ და გჳჴსენ მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა საშოჲ შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

 

გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..

მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

მღდელმან: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგუცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

მღდელმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ, უფალო.

მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისაი, და მაცხოვარი სულთა ჩუენთა, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდი: ამინ.

 

კონდაკი, ჴმაჲ 2

სურვილითა ქრისტჱსითა იღუაწე, ყოვლად სამღდელოო სპირიდონ, გონებაჲ ფრთოვან ჰყავ, და ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა, ხილულისა საქმითა, უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივ-სულიერო, რამეთუ მსხუერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ, და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათჳს.

იკოსი, ჴმაჲ 2

დედის წიაღითგან განწმედილსა მღდელთმთავარსა უფლისასა ვაქებდეთ აწ, სპირიდონს, რომელმან მადლთა ფიცარნი მოიხუნა, საღმრთოჲსა დიდებისანი, და საკჳრველებითა ყოველთა დაბადებულთა შორის დიდებულსა, და ვითარცა მჴურვალესა თჳთ-მხილველსა, და გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა, რამეთუ იგი იქმნა მსხუერპლ საღმრთოჲსა ქრისტჱს საკურთხეველისა, და კადნიერად მეოხ-არს ჩუენ ყოველთათჳს.

 

მღდელმან: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომაჲ, ჴმაჲ 4

მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

მუხლი: პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნჱ.

მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ.

მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

გუნდი: ამინ.

მღდელმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

მუხლი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

მღდელმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება, მშჳდობაჲ ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა

მღდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

მღდელმან: მოხედენ.

სახარებაჲ მათესი

ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ჴელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

დიდებაჲ შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა წმიდისა მღდელთმთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცენ უშჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: უმანკოებით აღასრულე ცხორებაჲ შენი და სიწმიდითა გულისაჲთა იქმენ ჭურ პატიოსან და სამკჳდრებელ სულისა წმიდისა, და იცხე საცხებელითა სიწმიდისაჲთა და იქმენ მღდელთმოძღუარ, და საკჳრველებათა და ნიშთა მიერ, ვითარცა მზე განჰბრწყინდი. ამისთჳს საღმრთოსა ჴსენებასა შენსა სარწმუნოებით აღვასრულებთ, სპირიდონ ნეტარო. მეოხ გუეყავ სულთა ჩუენთათჳს.

 

მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ძლიერებითა ჯუარისა ვაზისაჲთა; მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყუელისა, წინამორბდისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა წინასწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა, წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა, წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა; წმიდისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაჲსი-თა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისაჲთა და წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა: წმიდისა მთავარმოწამისა ძლევაშემოსილისა გიორგისა და წმიდისა დიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისაჲთა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთა-ვთაჲთა; წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესა და მარინესითა; წმიდისა ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარად მფარველთა მისთა, და მოწაფეთა შორის ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისაჲთა; წმიდათა სანატრელთა მამათა ჩუენთა: ლუკიანე, დოდო, დამიანე, ონოფრე და სჳმეონ გარე-ჯელთა; წმიდისა მღდელ-მოწამისა ნეოფიტე ურბნელისა და წმიდისა დიდისა მოწამისა აბო ტფილელისაითა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა და გრიგოლ ხანძთელისაჲთა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანესი, გაბრიელისა, იოვანე-თორნიკყოფილისა, ეფთვიმისა და გიორგისაჲთა, წმიდათა დიდებულთა მოწამეთა არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინჱსა, წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, აშოტ კურაპალატისა, დავით აღმაშენებელისა და სოლომონისაჲთა; წმიდისა და კეთილმსახურისა მეფისა თამარისითა, წმიდათა კეთილად მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: არჩილ, ლუარსაბ, დემეტრე, შუშანიკ და ქეთევანისაჲთა; წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა; წმიდისა ილია მართლისაჲთა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისა იოაკიმ და ანნაჲსითა; და წმიდისა საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაჲთა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა გევედრებით შენ, მრავა-ლმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგჳწყალენ ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. გუნდი: ამინ.

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

ძლისპირი: ბრძანებამან უშჯულოჲსა მძლავრისამან უფროჲსად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათჳს და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სიწმიდითა განვლე ცხორებაჲ ესე და ექმენ მზრდელად და მწედ უქონელთა და ღატაკთა, ხოლო სიყუარულისათჳს გლახაკთა მიმართ გველი ოქროდ გარდასცვალე, ღმრთივ-დიდებულო, და მიჰმადლე იგი მათ, რომელნი მოელოდებოდენ შენმიერსა შეწევნასა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ქუელისმოქმედისა ცხორებისა შენისა მიერ აღივსე საღმრთოჲთა სულითა და განაძლიერენ უძლურნი კურნებათა შენთა მადლითა, აწ ჩუენთჳსცა ოხად ნუ დასცხრები, მჴნეო სპირიდონ, და განგუათავისუფლენ ყოვლისაგან სენისა და სალმობისა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

მადლი ხილულთა და უხილავთა მტერთა დათრგუნვისაჲ მოიღე ზეგარდამო და მსწრაფლ შეეწევი სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა, ამისთჳსცა მოიხილე ჩუენ ზედა და გარე წარგვხადე განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი მეოხებითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტევანი ცხორებისაჲ გამოიღე, ვითარცა რაჲ ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღჳნოჲ წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაჲ, სიმთრვალისა ბოროტისა დამჴსნელი.

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაჲ ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

სრულ-ჰყავ რაჲ სრბაჲ შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა, განმარჯუებითა ბუნებისა წესთა ზედა, განუხრწნელად დაიცუნა წმიდაჲ ნეშტი შენი მეუფემან, განსამტკიცებელად მართლმადიდებელისა სარწმუნოებისა და ნიშად უკუდავებისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან ღმრთისა სასურველისა შენისა, არაჲვე დაუტევენ მოსავნი შენნი, არამედ ვითარცა არწივი ფრთივ-მალჱ მოვლი ყოველსა სოფელსა, განსაცდელთაგან იჴსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და კურნებასა მიანიჭებ მთხოველთა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჵ, დიდებული საკჳრველი, სასწაულთა ელვითა უნათლეს მზისა ბრწყინავ, ყოვლად სანატრელო, და დაჴსნი სალმობათა საჴუმილსა, ნუგეშინისცემ მწუხარეთა, სწყალობ უპოვართა და ყოველთა მვედრებელთა შენთა გამოუბრწყინვებ შეწევნისა შენისა საბოძვართა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშჳდე ცხოვრებაჲ და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაჲთა მარადის გაკურთხევდე შენ.

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

ძლისპირი: დაუსაბამოჲსაგან მამისა ძე ღმრთისაჲ გამოსჩნდა, ქალწულისაგან მჴსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაჲთა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უხრწნელნი ნაწილნი შენნი უშურველად აღმოაცენებს მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა, და ყოველთა აღადგინებს დიდებად ღმრთისა, რომელმან-იგი სამართლად გადიდა შენ, ბრძენო სპირიდონ, და საკჳრველთმოქმედებითა და ნიშთა სიმრავლითა პატივ-გცა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ყოველსა სოფელსა აზიარებს სიხარულსა ქალაქი კერკირა, სადა აწ დაუნჯებული არს ნაწილთა შენთა წმიდაჲ ლუსკუმაჲ, და ყოველნი სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მიემთხვევიან სათხოვარისა კეთილად აღსრულებასა.

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ჵ, საქმე განსაკრთომელი, რომელიცა საღმრთომან ცხორებამან შენმან მოგმადლა, რამეთუ მკუდარი, ვითარცა ცხოველი, უმცხინვარეს მზისთუალისა ჰნათობ ყოველსა ქუეყანასა, ღმრთივსანატრელო, და ლუსკუმით გამო ჰქადაგებ ქრისტესა ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოჲ დიდი, დიდებულისა შობისა შენისაჲ განაკჳრვებს ანგელოზთა, ღმრთივ-მიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა - ყოვლისა სოფლისა სასოჲსა.

 

ღირს არს ჭეშმარიტად, რაჲთა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა, უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან აკმიოს

 

ეჰა, რაბამ დიდებულ არს საჴსენებელი შენი, ყოვლად ქებულო სპირიდონ, რამეთუ ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული იქმ საკჳრველთა, და თანამზრუნველ და მფარველ ექმნები ქუეყანასა ზედა და ზღუათა შინა, შორიელთა და მახლობელთა.

საკჳრველებათა შენთა სიმრავლჱ, ვითარცა რაჲ მდინარჱ წყალუხვი, მორწყავს კიდეთა ქუეყანისათა და მსასოებელთა შენთა მიანიჭებს ნუგეშინისცემასა და მჴნეობასა, ამისთჳს გულსმოდგინედ მოჳსწრაფით ტაძარსა შენსა შუენიერსა და ნაწილთა შენთა საყოფელთა, რაჲთა კურნებაჲ აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.

განსაცდელთა შინა მყოფთა შემწე ხარ განმზადებულ, სპირიდონ მღდელთმოძღუარო, და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისაჲთა, აწ დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მწვალებელთა ენანი მოაუძლურენ ძალითა ქრისტჱსითა.

შენ, ქადაგსა ჭეშმარიტებისასა და ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა სოფლისასა ქებით შეგამკობთ და ვევედრებით მომცემელსა შენდა სასწაულთა საკჳრველთასა, რაჲთა საცთურებასა და ჭირთა საჴუმილსა შინა, ჩუენცა გუასხუროს ცუარი მადლისა შენისაჲ, რაჲთა გული ჩუენი არა გრილ იყოს სმენად საღმრთოთა სწავლათა და დიდებად და გალობად ღმრთისა.

ჵ, ახოვანო და ღუაწლსა შინა სახელოვანო მღდელთმთავარო სპირიდონ, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ (3-გზის). დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის დაუკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩუენ; უფალო, გჳჴსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უშჯულოებანი ჩუენნი; წმიდაო მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი სახელისა შენისათჳს.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს, და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა და ნუ შემიყუანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყჳს მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიჴსენებ უშჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გჳჴსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენ ზედა და შემიწყალენ ჩუენ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რაჲთა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხო-რებაჲ ნათესავისა ქრისტეანეთაჲსა.

 

მღდელმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

მღდელმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხორებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მხევლისა) ღმრთისა. რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი, ანუ ეკლესიაჲ და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მაჴჳლისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისა, რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარეწარაქციოს რისხუაჲ, მარადღე ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხჳსაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

გუნდი: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).

მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორის, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღდელმან: მერმე და მერმე მუჴლთმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: ამინ.

 

სავედრებელი ლოცვა

ჵ, სიბრძნითა მით სარწმუნოებისაჲთა და საქმითა მოღუაწებისაჲთა განჰბრწყინებულო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ! მამათა სამკაულო, მღდელთა გჳრგჳნო და ანგელოზთა მოდასეო, კერკირას ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლჳლთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო.

ჵ, წმიდათა შორის დიდებულო და მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, ყოვლადსაკჳრველო მღდელთმთავარო სპირიდონ! ისმინე აწ სულთქუმაჲ და ვედრებაჲ ჩუენი და ყოვლადძლიერითა მეოხებითა შენითა წინაშე ღმრთისა გჳჴსნენ სიყმილისაგან, რღვნისა, ცეცხლისა და სიკუდილშემოსილისა წყლულებისა, რამეთუ ჟამსა ქუეყნიერისა ცხორებისა შენისასა ზედამოსლვისაგან მტერთასა და სიყმილისაგან დაიჴსნიდი ერსა შენსა, ხოლო მეფე განათავისუფლე განუკურნებელისა წყლულებისაგან და ცოდვილნი მრავალნი მოიყვანენ სინანულად, მკუდარნი აღადგინე მადლითა ღმრთისაჲთა, ვეცხლისმოყუარებაჲ ძირითურთ აღმოფხუარ და მოწყალებისათჳს გუელი ოქროჲსა სამკაულად შესცვალე, გლახაკთა მწყალობელ ექმენ, ჟამსა სიყმილისასა უპოვარნი უხუებითა გამოზარდე, და სარწმუნოებაჲ ღმრთისმეტყელე შორის ღმერთშემოსილთა მამათაჲსა, მწვალებელნი დაამხუენ და მარტივთა და წრფელთა სიტყუათა მიერ არიოზ მგმობარი განაქიქე, და ყოვლისავე შემძლებელ იქმენ შენ მიერ შეყუარებულისა ტკბილისა იესუჲსა მიერ. მას ევედრე, სანატრელო, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საბრჴისაგან და ძმათა მტერობისაგან, რაჲთა არა ჰსთქუან ყოველთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. მცხინვარებითა სიწმიდისა შენისაჲთა აცხოვნე, განაბრწყინვე და შეიწყალე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი, მართლმადიდებელნი მხედართმთავარნი და ქალაქ-მთავარნი, და ქრისტეს მოყუარე მჴედრობაჲ, მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი დაიფარენ, მოსახელენი და მვედრე-ბელნი შენნი ადიდე.

ჵ, ყოვლად ტკბილო და მოწყალეო მღდელთმთავარო სპირიდონ, ტრიმიფუნტელო საკჳრველთმოქმედო, გარდამოიხილე მოწყალითა თუალითა ერსა ჩუენსა ზედა და ევედრე სახიერსა ღმერთსა, რაჲთა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ მოგვაგოს ჩუენ მოწყალებისაებრ თჳსისა, და მოგუმადლოს მშჳდობითი და უშფოთველი ცხორებაჲ, სიმრთელჱ სულთაჲ და ჴორცთა ჩუენთაჲ, კეთილნაყოფიერებაჲ ქუეყანისაჲ და კეთილდღეობით გვაცხოვნოს ყოველნი, რაჲთა წინამძღუანებულნი და დაცულნი ლოცვითა შენითა, მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშჳდობასა და შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობით დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მღდელმან: სიბრძნით ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

გუნდი: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის). გვაკურთხენ.

მღდელმან: ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თჳსისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა იყოს ტაძარი), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანაჲსითა, და წმიდისა საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაჲთა და ყოველთა წმიდათაჲთა შეგჳწყალნეს და გუაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

გუნდი: ამინ.

 

ერისკაცმან: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, წმიდისა საკჳრველთმოქმედისა მამისა ჩუენისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსისაჲთა, და ყოველთა წმიდათაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.

 

განტევებისა შემდგომად ვიტყჳთ დასდებელთა:

ზეგარდამოჲთა ნათლითა ჰბრწყინავ, მამათმთავარო სპირიდონ, და საღმრთოჲთა ძალითა კურნებასა მიჰმადლებ სულთა და ჴორცთასა, ვინაჲცა ამბორს-უყოფს ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და პატივს-სცემს სანატრელს ლუსკუმსა შენსა, ვითარცა საუნჯესა სიწმიდეთა მტჳრთველსა, სადაჲთ-იგი აღმოდის კურნებათა საღმრთოჲ მდინარჱ და დიდი წყალობაჲ.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა მღდელთმთავრისა სპირიდონისა, ტრიმიფუნტელისა საკჳრველთმოქმედისაჲთა ღირს მყვენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა, ამინ.

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი