საგალობელი
წმიდისა და ცხოველსმყოფელისა სუეტისა ცხოველისა,
კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისაჲ

ჴმაჲ ა. შენ სიტყუა.

პირველითგან მყოფო ღმერთო და მარადის არსო, სიტყუაო მამისაო, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, შენ მეცა მომეც სიბრძნჱ და სიტყუაჲ მეტყუელსა, რაჲთა ღირსად შევამკო დღესასწაული წმიდისა და ცხოველისა სუეტისაჲ.

მთავარნი ანგელოზნი დღეს ქუეყანისათა თანა ძნობენ ბრწყინვალედ და ოხრიან ჴმატკბილად დიდებით ქებასა სუეტისა მის წმიდისა და ნეტარისა დღესასწაულსა ყოვლადქებულსა, რომლისა მიერ იქმნა გამოჴსნაი ჩუენი.

შემოკერბით დღეს, კრებულნო, მორწმუნეთა ერნო, და ქებით უგალობდეთ დღესასწაულსა ამას ყოვლად ბრწყინვალისა სუეტისა მის წმიდისა და ნეტარისა, დღესასწაულსა ყოვლად განათლებულსა, რომლისა მიერ იქმნა ცხორებაჲ ჩუენი.

სუეტო ყოვლად შუენიერო, საკჳრველებათა ღმრთისათა ცხადმყოფელო, არა ჴელითა კაცთაჲთა ტჳრთულო, არამედ ზე ჰაერთა დამოკიდებულო მიუწდომელითა განგებულებითა მისა და ღმრთისა და მეუფისათა.

 

სხუაჲ ბ. მამისაგან შობილი.

ყოვლად ბრწყინვალეო და ბრწყინვალე მყოფელო და განმანათლებელო გულსა და გონებასა ყოველთასა მსასოებელთა შენთასა, რამეთუ ვითარცა საკჳრველებით საცნაურ გყო ღმერთმან, ეგრევე საკჳრველებით აცხოვნებ ყოველთა და იჴსნი განსაცდელთაგან, რომელნი სახელსა შენსა ხადიან.

სუეტსა ამას ღმრთივბრწყინვალესა, რომელსა ჰკრთებიან შარავანდედნი ნათლისანი და გამოსცემს სუნნელებასა, სულიერად განმამდიდრებელსა მვედრებელთასა, მოვედით, უგალობდეთ და ვადიდებდეთ, ერნო, და ვჰნატრიდეთ სანატრელსა ნინოს, დედასა ჩუენ ქართველთასა, ღირსქმნილსა სუეტსა საკჳრველებასა. სანატრელი და წმიდაჲ დედაკაცი, ზეცისა ძალთაგანცა ყოვლად საქებელი, რომლისა ცრემლთა ნეკტარი მიზეზ იქმნა უცხოსა და კაცთაგან გამოუთქუმელსა სახილავსა სუეტისა ბრწყინეალისასა, რომელი სიმრავლემან ერთამან ვერ შეძრეს, ჴელთა მიერ უხილავთა ამაღლებული იხილა და ჰმადლობდა ღმერთსა.

 

აქებდითსა: დ ˜ მჴნეონი.

დღეს ბრწყინვალედ გამოგჳჩნდა წმიდაჲ და ყოვლადქებული დღესასწაული სუეტისა ცხოველისაჲ, რომლისა მიერ ვიგემებთ ჩუენ სულთა საცხორებელსა სიტკბოებისა წყაროსა მიჰრონსა უკუდამყოფელსა და ღმერთმყოფელსა, მაუწყებელსა ჩუენდა მერმისა მის სუფევისა და შუებისა უოხჭნოჲსა სიყუარულისა.

ყოველნი მოვედით ჩუენდა, ნათლით შემოსილნი ერნი, კათოლიკე ეკლესიისა შვილნი, რომელთა მიგიღებიეს ნიში ნათლისღებისაჲ და ურთიერთას ძნობდით და უპირობდით, რამეთუ დღესასწაულსა ჰყოფს და განაცხრობს ერთობით შვილთა თჳსთა, რომელნიცა აღმოიშვნეს ემბაზსა მას უკუდავმყოფელსა.

მოიწია სიხარული, მოიწია აწ ცხორებაჲ, მოიწია ყოვლისა სოფლისა განათლებაჲ, რამეთუ სძალი ქრისტეს ღმრთისაჲ წმიდაჲ და ღმრთივბრწყინვალე კათოლიკე ეკლესიაჲ განგჳმზადებს ჩუენ ქორწილსა არა ჴორციელსა, არამედ ზეციერსა, უკუდავსა, და სამარადისოსა შუებასა, რომელსა შინა ვმოხარულობდეთ.

 

სხუანი გიხაროდენნი, ა ˜ გუერდი

გიხაროდენ, სუეტო ცხოველო, რომელი წმიდასა და წმიდა-მყოფელსა მიჰრონსა უწყაროებ სულსა მორწმუნეთასა, ღმერთ-ჰყოფ ყოველთა შენდა მომართ მოლტოლვილთა. ეჰა, სანოვაგესა წმიდასა, ტკბილსა მგემებელსა და სულნელსა, საყნოსელთა განმანათლებელსა, მხიარულმყოფელსა სულთასა ზეცისა სივრცესა ელვებრ აღმაფრინვებელსა ფრთითა ცეცხლისფერითა, რომელი შესწუავს სულთა ბოროტთა და წინააღმდგომთა, ხოლო მიიწევის საყდართა წინაშე სამეუფოთა და განისუენებს სამარადისოდ.

გიხაროდენ, ნეტარო დედაო, ქართველთა სულსა დაბნელებულსა უფსკრულსა ჯოჯოხეთისასა პირველ მიმავალთა აღჳრ-ამსხმელო ღმრთისა სიბრძნითა, ხოლო თოვლებრ განმასპეტაკებელო ჴელოვანო, ოქროსსახედ განმწმედელო და წმიდამყოფელო, რომელმან საშოდ სულთა ჩუენთა მოისიბრძნე კათოლიკე ეკლესიაჲ და მას შინა მარადის იშუებენ და ღმერთსა უგალობენ და ადიდებენ ქებით, რომელმან სუეტი სამკაულად ეკლესიისად და ჩუენდა სასოდ მოგუანიჭა.

გიხაროდენ, სუეტო წმიდაო, რომელსა ტომნი ქუეყანისანი და ზეცისა ანგელოზნი შიშით გადიდებენ და ერთობით ვჴმობთ სუეტო ცხოველო, მზისა უბრწყინვალესო და ეთერისა ხილვასა უვაღრესო, ცისკრისა და ელვის ნათელთა უჩინო მქმნელო, კაცობრივთა ჴელთაგან შეუხებელო და განუცდელო, ხოლო ანგელოზთაგან ტჳრთულო, მეოხ გუეყავ ჩუენ და დაგჳფარენ განსაცდელთაგან.

 

ბგ ˜ ი, ყოველი სასოებაჲ.

დღეს სიბრძნემან ღმრთისამან და სიტყუამან მამისამან შეუმზადა საყდარსა თჳსსა დიდებაჲ მიუწდომელი და ყოვლად უსაზღვრო და სუეტი ცხოველი, რომელი-იგი ბრწყინვალითა მით ნათლითა კამკამებს და აღავსებს ყოველსა სოფელსა სულნელებითა საღმრთოჲთა დღესასწაულობს და განანათლებს სულსა და გულსა მგალობელთა და შვილთა თჳსთა და მოგუმადლებს ცხოვრებასა და დიდსა წყალობასა.

ამას სუეტსა ცხოველსა, რომელსა უხილავად ანგელოზნი უპირობენ და უგალობენ და ადიდებენ, ხოლო ჩუენ ხილულად შვილნი თჳსნი გარემოდგომილნი განვსცხრებით და ვიტყჳთ გიხაროდენ, სუეტო ქუეყანით ზეცად ამაღლებულო და ზე ჰაერთა ტჳრთულო არა ნივთთაგან კაცობრივთა, არამედ ჴელითა ანგელოზთათა უხილავად, რომელი გუფარავ მარადის შენდამი მოლტოლვილთა.

ორნი ესე მდინარენი, იმიერ და ამიერ წარმრღუნელნი საცთურისანი და ბილწებათა წმიდამყოფელნი, რომელნი ჴმამაღლად ძნობით განსცხრებიან და შეამკობენ დღესასწაულსა და ჩუენ თანა ჴმობით ოხრიან ფრიად საშინელებით და სუეტსა ცხოველსა შეასხმენ, გიხაროდენ შენ, სუეტო წმიდაო, ებგურო და მცველო ჩუენო და შვილთა შენთაო, რომელნი ჩუენცა შენითა დიდებითა ნეტარ ვიქმნებით.

 

დ ˜ გუერდი, ჵ, სასწაული.

ჵ დედაო ყოვლად საკჳრველო, რომელმან ხილვაჲ იგი ცნობათა უაღრესი იხილე და ცრემლთა ნეკტარითა მორწყე იატაკი იგი, რომელსა ზედა მდგომარე იყავ. ამისთჳსცა განკჳრდა სული შენი ხილვად უხილავსა სუეტსა ზეცად აღმავალობასა და განჰკჳრდი, რაჟამს-იგი კუალად შთამოიყვანა ღმერთმან საცხორებელად ჩუენდა.

ჵ მოციქულებრი იგი სული, რომელა ელვისსახედ, სირად რჩეულად მოიფრინვა სულსა ეშმაკთასა მწყლველად და განმგურემელად. ხოლო კაცთასა განმჭურეტელად და წუთხსა ნაკერპავსა სრულიად წარმომრღუნელად და სუეტსა ნათლისასა ნათლად ჩუენდა გამომაჩინებელსა, რომელიცა ყოვლადვე გჳპყრიეს სასოდ და შესავედრებელად ჩუენდა.

ჵ სასწაული საკჳრველთაჲ სუეტი, სასოჲ და ზღუდჱ ქართველთა ნათესავისაჲ, რომელი უხილავად ჩუენ შორის მდგომარე არს. ესე ბევრეულთა ჴელთა ტვრთვასა ურჩ ექმნა, ხოლო თვნიერ ჴელთა კაცობრივთა [ამაღლდა] და, კუალად შთამოსრული, შორის ცისა და ქუეყანისა მდგომარე არს და სამარადისოდ სცავს ამას სამეფოსა.

 

ა ˜ გუერდი. სიბრმნე.

ცანი ქუეყანისა თანა და ქუეყანაჲ ნაშობთა მისთა თანა და ცაჲ მნათობთა მისთა შორის, მზე და მთოვარე ვარსკულავითურთ და კუალად ქუეყანაჲ ნაშობითურთ თჳსით, ერთბამად ყოველთა აღიმღერენით, პირუტყუნო, მჴეცთა თანა ველისათა მშჳდობაჲ ყავთ, ხოლო ნერგნო და მცენარენო ფერად-ფერადნო, საცნაურნო ველისა და უდაბნოჲსანო, ნაყოფიერნო ნაყოფითა და სულნელნო, სულნელებასა გამოსცემდით და ერთობით შემოკერბით, უგალობდით და აქებდით და სიხარულით ცხოველნიცა ჰკრთებოდეს, რამეთუ სუეტი წმიდაჲ ცხოველსმყოფელი ბრწყინვალედ ერსა თჳსსა ახარებს სულითა და აღავსებს უკუდავებისა საზრდელითა.

დიდებაჲ

ესე სუეტი ზეშთა დიდებული ღმრთითგანვე საცნაურ არს, რამეთუ ძუელ ოდესმე დიდსა მოსეს შორის მოგზაურობდა და ისრაიტელთა კეთილად უცთომელად ავლინებდა წინამღოლითა ღმრთივბრწყინვალითა მიმყოვრებულთა ჟამთა ოთხ ათეულთა წელთასა უდაბნოსა მოქალაქეთა ისრაიტელთა, ჟამიერად დგომისა და ლტოლვისა მაუწყებელ, უზრუნველ ექმნებოდა, ხოლო ამალეკსა და ფარაოს მგუემელ უწყალო საღმრთოჲთა მით განგებულებითა სასწაულთა საკჳრველთა იქმოდა, ხოლო აწ უზეშთაეს მოქმედებს ყოველთა შორის ურწმუნოთა შემმუსვრელ, ხოლო მორწმუნეთა ძალ და ცხოვრება.

აწდაჲ

მოვედით ყოველნი ნათლისა ნაშობნი ძენი ემბაზისანი, ტრფიალნი დღესასწაულისანი, და ვიხილოთ უცხოჲ სახილავი.

სუეტი ჰკრთების და ბრწყინვალედ სხივთა ელვებრ განუტეობს, ხოლო კუართი აღმოცისკროის და შუქნი ნათლისანი მზეებრ აღმოიჭჳრობენ, ხოლო ცაჲ ეკლესიისაჲ ეთეროჲს და ნათელთა მრჩობლობასა სამყარო ექმნების, ხოლო დღესასწაული ფშჳს სულნელებასა და ჩუენ, მორწმუნენი, განვსცხრებით ნანარად.

ეჰა შეთქრომასა ნათელთასა ძნობით მგალობელნი უპირობთ ესრეთ მეტყუელნი: ძეო ღმრთისაო, მიზეზო ნათელთაო, დაგჳფარენ განსაცდელთაგან შენნი და დედისა შენისა სარწმუნოებით თაყუანისმცემელნი.

 

სტიქარონნი. ჴმა ა ˜. ნათელი ნათლის.

ნათელი სამბრწყინვალე მიუწდომელი, სამებაჲ ყოვლადწმიდაჲ, ნათლისა მიზეზი და სიწმიდისა წყაროჲ ყოვლად ძლიერი ვადიდოთ და შესხმით ვღაღადებდეთ მეტყუელნი სამწმიდასა ქებასა:

წმიდა არს მამაჲ ღმერთი მარადის დაუსაბამოჲ,

წმიდა არს ძე ღმერთი თანაარსი,

წმიდა არს სული წმიდაჲ ღმერთი მამისა და ძისა თანა.

ნათელი ნათლისაგან მოვლინებული წმიდაჲ კუართი საუფლოჲ იესუ ღმრთისაჲ და სუეტი ცხოველი და საყდარი ღმრთისაჲ ძრწოლით იქებოდენ და ნათელთა მიზეზსა უგალობდეთ მეტყუელნი:

წმიდა არს მამაჲ მშობელი ძისა დაუსაბამოჲ,

წმიდა არს ძე და სიტყვაა მამისაჲ ყოვლადძლიერი,

წმიდა ხარ შენ, უკუდავო სულო წმიდაო.

ნათელნი ნათლისაგან აღმზეებულნი, მზისა უბრწყინვალესნი და დიდებულნი მკჳდროვანისანი ზეშთა-იქებოდენ დღეს ყრმანი, კათოლიკე ეკლესიისა შვილნი, ღაღადებდით მეტყველნი:

წმიდა არს საყდარი მაღალი და აღმატებული,

წმიდა არს კუართი წმიდაჲ ნეტარი იესუ ღმრთისაჲ,

წმიდა ხარ შენ, ცხოველო სუეტო წმიდაო.

 

ხმა ბ, დიდებაჲ. მდინარე.

საყჳრნი ქუხდით კიდეთა ქუეეანისათა და, ზეცისა ძალნო, რომელნი ხართ მაღალთა შინა, ელვებრ ჰკრთოდეთ, ქროდით და ფრინევდით დაუცხრომელად, და ყოველთა ტომთა მიმართ იტყოდით და ოხრით ძნობდით. მოისწრაფეთ ყოველთავე, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ დღესასწაულობს და ქორწილსა შეჰმზადებს თჳსსა საყოფელისასა და სუეტსა ყოვლად წმიდასა მის შორის სახედ ძუძუსა გუაწოებს ყოველთავე და უკუდავებად გუაგემებს მიჰრონსა წარმოუცალიერებელსა. ესე სუეტი ისრაიტელთა უდაბნოს ოთხ ათეულთა წელთა ანაყოფებდა წინაძღომითა უცთომელითა მართებით ავლინებდა. ესევე თაბორს და იორდანეს ძესა ღმრთისასა მსახურ ექმნა. ხოლო ჩუენ ვღაღადებთ: საკჳრველთმოქმედო უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

დ გუერდი. არა დააკლდი.

საყდარი ღმრთისაჲ მაღალი, მიმსგავსებული ზეცათა, რომელსა უპყრიეს შორის სუეტი საშოსა შინა, ვითარცა დედასა, და შვილთა თჳსთა კრთომით ხარებით განაცხრობს და მადლთა უფსკრულსა უწყაროებს მიჰრონსა მას წმიდასა ოქრონეკტარსა, სულისა ცუარსა.

ცაო, საყდარო ღმრთისაო და სუეტო განმანათლებელო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, წინაჲსწარმეტყუელთა და მამათაგან სუეტად ნათლად ცეცხლისად, წმიდად და უბიწოდ მოსწავებულო, დაგჳფარენ და დაგჳცვენ მშდობით ყოველთა ბოროტთა განსაცდელთაგან.

ვითარცა ორთა ქადაგთა სახეთა მდინარისათა დიდმან ანდრეა და ღირსმან ნინო წარრღუნეს ყოველი სიხენეშჱ კერპთაჲ ქართველთა თემისა, ეგრე სახედ ესე ორნი მდინარენი წარჰრღუნიან ყოველსა სიბილწესა და კეთილსა ნაყოფსა რწყვენ დაუცხრომელად.

 

დ გუერდი. ედემი.

ღმრთივ აღმართებულსა ამას სუეტსა, ჰაერთა განმკუეთელსა და სიმაღლესა ეთერისასა ელვებრ მომვლელსა და კუალად მოქცეულსა ჩუენდავე მომართ საუკუნოდ მოწყალებით და ჩუენ შორის დადგრომილსა, უგალობდეთ საკჳრველისა დავითის თანა და ვიტყოდით: კურთხეულ არს მომავალი ჩუენდა სახელითა უფლისაჲთა, რომელი მარადის ჰგიეს და ბრწყინავს უკუნითი უკუნისამდე და მერმეცა ვღაღადებდეთ და ვიტყოდით: სახლსა შენსა ჰშუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა (ფს. 92,5) გუაცხოენენ ჩუენ, მაღალთა შინა მყოფო.

 

გალობანი ღამისთევისანი შჳდ ჟამთა სერობისათა დასრულებისა

ჭჴმაი გუერდი

უგალობდითსა: წამისყოფითა.

ნათელო ნათლისაგანო, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, მომეც სიტყუაჲ და გონებაჲ აღებად პირისა, რაჲთა ნათელნი შენნი ქებით შევამკვნე, - ეკლესიაჲ და სუეტი წმიდაჲ.

სუეტო ცხოველსმყოფელო, ბრწყინვალებითა შენითა განანათლენ თუალნი სულისა ჩემისანი, რაჲთა ზე მაქუნდენ მარადის, სადა ნათელი ღმრთეებისაჲ ჰგიეს მარადის.

კუართი წმიდაჲ მჴსნელისაჲ, რომელი მყის აღტაცებით მოიწია პირველვე განგებულებით, სადა შეიმზადებოდა საყდარი ღმრთისაჲ, რომელსა ძრწოლით თაყუანის-ვსცემთ.

ქებაჲ ღმერთსა მხოლოსა, ყოვლისავე შემძლებელსა, რომელმან დაბნელებულნი გამოგჳჴსნნა კერპთა მწარისა მონებისაგან და აზნაურ გუყვნა და ნათელი საღმრთოჲ მოგუფინა.

სამებასა წმიდასა, სამებით მნათობიერსა, უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ, რამეთუ სახე ნათლისა მისისაჲ სუეტი ცხოველი გამოგჳცხადა მორწმუნეთა.

ყრმაჲ მცირჱ ქრისტე ღმერთი, რომელი ბრჭალითა იპყრობს და განაგებს ზეცითასა და ქუეყანისათა, ესე ქალწულმან წმიდამან გჳშვა ჴორცითა, რომელი აცხოვნებ სულთა ჩუენთა.

 

განმლიერდასა: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო.

ღმერთო, მაცხავარო ჩუენო, ყოველთა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, შენვე, მაცხოვარო, წმიდაჲ ეკლესიაჲ დაამყარე და მას შინა სუეტი წმიდაჲ, რომელი ჰგიეს თაყუანისსაცემელად ჩუენდა.

სუეტო წმიდაო, რომელი ჩუენ მიერ გარეშეცვულ ხარ და ანგელოზნი უხილავად ჩუენ თანა ძნობენ, აჰა ესერა დღეს მოვედით და უგალობდეთ, რომელმან მოგუანიჭა ჩუენ სუეტი წმიდაჲ წმიდამყოფელი სულთა ჩუენთაჲ.

წმიდაჲ ნინო მოციქული, დედაჲ ქართველთა თემისაჲ, არმაზის მეხის დამტეხელი, ხოლო სუეტისა წმიდისა ნეტარი ცრემლთა მისთა ნეკტარითა ჩუენდა სასოდ მომნიჭებელი შევამკოთ გალობითა და ქებითა.

ჰოჲ, დედაო სანატრელო, რომელი ხილვითა ზეშთა ბუნებისათა საკჳრველთა ღირს იქმნებოდე, რაჟამს მდინარესა მფრინველნი შავნი განსპეტაკნებოდეს, მაშინ მოესწავებოდა ნათლისღებაჲ საღმრთოჲ.

მამასა თაყუანის-ვსცემდეთ, ძესა აღვამაღლებდეთ და სულსა წმიდასა ვადიდებდეთ, სამგუამოვანსა სამებასა წმიდასა ერთ ღმრთეებად აღვიარებდეთ სუეტისა მის ცხოველისა, შემზადებულსა სასოდ და მაცხოვრად ჩუენდა.

ჰოჲ, დედაო და ქალწულო, ნათელო ნათლისა სუეტსა მსახეებელო, ხოლო სუეტად სახელდებულო, რომელსაცა შიშით გადიდებენ ქერობინნი და ჩუენცა მათ თანა ძრწოლით გიგალობთ და გაქებთ დაუცხრომელად.

 

მესმასა: ქრისტე ღმერთი.

ქრისტე ღმერთო, რომელმან სიბრძნით ყოველივე განაგე კაცთმოყუარებით ჩუენთჳს და მრჩობლთა ყოფადთათჳს აქათ და მერმეთა, დიდებაჲ სახიერებასა შენსა.

ნათლისა სუეტო, ცეცხლისსახეო, შემწუველო უღმრთოთა ერისაო, რაჟამს ტაძარსა შენსა მოვიდეს წარმართნი, განხილვასა ეცადნეს, ხოლო შენ ცეცხლისა მიერ შესწუენ.

რაჟამს-იგი წარმართთა ერნი საუნჯესა მგონებელნი ჴელ-ჰყოფდეს კადნიერად, ცეცხლი გამოჰკრთა და უწყალოდ შეჭამნა უბადრუკნი, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვცემთ ქრისტესა.

საუნჯეო ღირსო, ყოველთა კეთილთა ჴსენებისა უზეშთაესო, რამეთუ ვერ ცნეს დიდებაჲ შენი ბარბაროზთა, ამისთჳსცა მიეგო უბადრუკთა ღირსი პატიჟი.

განყოფილო სამგუამოვანებით, ხოლო განუყოფელო ღმრთეებითა, სამმნათობიერო, ერთბრწყინვალებაო, მამაო და ძეო და სულო წმიდაო, გუაცხოვნენ ჩუენ.

აჰა, გნატრით ყოველნი, ვითარ წინაჲსწარჰმეტყუელე, ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, რამეთუ შენგან შობილი ღმერთი დღეს ერისა თჳსისა მიერ დღესასწაულსა შეჰმზადებს.

 

ღამითგანსა: შენდა აღვიმსთ[ობთ].

შენ ხარ ნათელი და ბრწყინვალებაჲ გამოუთქუმელი, რომელი სამყაროსა და მზესა მძლე ექმნები, სუეტო ცხოველსმყოფელო, დაგჳცვენ თაყუანისმცემელნი შენნი.

ცეცხლმან საღმრთომან, მზემან სიმართლისამან ქრისტემან სამოსელი თჳსი მოგუანიჭა საფარველად ჴორცთა და სულთა ჩუენთა, რომელსა ჩუენ ძრწოლით თაყუანის-ვცემთ.

სუეტით ცხოველით მიჰრონსა გუაწოებს, ვითარ ძუძუთა, ხოლო კუართსა შინა წარგუგრაგნის იესუ მჴსნელი და ესრეთ განგუასპეტაკებს. დიდებაჲ სახიერებასა მისსა.

საყდარო ვრცელო, ქუეყანასა ზედა ცად დაფუძნებულო, იხარებდ, რამეთუ ღმერთი შენ შორის სუფევს, ხოლო ჩუენ დღეს ნანარად შვილნი შენნი გიგალობთ ჴმატკბილად.

ღმრთისმეტყუელებით ერთითა ბუნებითა იდიდების სამებაჲ, ხოლო განგებულებით ძე ღმრთისაჲ ორ ბუნებად, არამედ სამივე ერთღმრთეებად ვიცით და ერთარსად თაყუანის-ვცემთ.

ჰოჲ საკჳრველი! ქალწული წმიდაჲ შობს უმამაკაცოდ, ხოლო ქალწულადვე ჰგიეს და კაცობრივთა წესთაგან უცხო იქმნა, ხოლო ჩუენ ამისთჳს თაყუანის-ვცემთ.

 

ღაღადყავსა: ვითარცა-იგი იონა.

ანგელოზთა განწყობილნი, უხილავად მგალობელნი შენსა გარემოჲს, ცხოველო სუეტო, ხილულან ჩუენ მიერ, ჩუენცა მათ თანა ვადიდებთ შემამკობელსა შენსა ღმერთსა.

უკეთურნი ბარბაროზნი, საუნჯესა დაფარულად მგონებელნი განხილვასა რაჟამს ეცადნეს, გამოჰკრთა ცეცხლი, უწყალოდ შემჭამელი საფუძვლით.

ჰოჲ, საუნჯეო ნამდჳლვე ფასდაუდებელო სუეტო, არა კაცთაგან შეცვულო, არამედ ანგელოზთაგან, ხოლო შეხებად ჴელთაგან კაცობრივთა შეუძლებელო.

კადნიერთა ჴელყოფისა განხილვისა შენისათჳს მსწრაფლ შურისგებაჲ მიეგო უკეთურთა ბარბაროზთა, რაჟამს ცეცხლითა მყის შეიწუხეს უწყალონი უწყალოდ.

ჰოჲ, სამებაო, საკუთრად თაყუანისმცემელნი შენნი განყოფილად განუყოფელად სამგუამოვნად და ერთარსად, დაგვფარენ ჩუენ ყოველთა ბოროტთა და განსაცდელთაგან.

გიხაროდენ, დედოფალო, სასოო და საფარველო და ზღუდეო ყოველთავე თაყუანისმცემელთა შენთა მორწმუნეთაო, ძისა შენისა აღბეჭდულთაო.

 

კურთხეულარსა: ყმათა ბაბილონს.

ყრმათა ბაბილონს ცეცხლი შემაცურეველი, ვითარცა წყალი სახედ სუეტისა განანათლებდა და უვნებელობისა სულითა იტყოდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

ყრმათა ემბაზსა ნაცვლად ბომონისა მოგუანიჭებს ქრისტე მეუფჱ და ნაცვლად სისხლისა მიჰრონსა გუაყნოსებს, ჵ შეცვალებაი ესე, საკჳრველთმოქმედო ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

ყრმათა ბაგინსა არმაზისასა დაკლვად მომავალთა სატანა უპირობდა და განსცხრებოდა, ხოლო აწ ნათლისღებად ყრმანი მომავალნი ქრისტესა აკურთხევენ.

ყრმათა გალობაჲ საყდრისა შენისა შვილთაჲ მიითვალე, ძეო ღმრთისაო, რომელნი სამოსელსა შენსა და სუეტსა წმიდასა გალობით უპირობენ და შენ გაკურთხებენ აწ და უკუნისამდე.

ღმერთო ღმერთთაო და უფალო უფლებათაო, წმიდაო სამებაო ერთღმრთეებაო, დაგვფარენ ჩუენ აღმსარებელნი შენნი სარწმუნოებით ჩუენ, რაჲთა გაკურთხევდეთ შენ.

ყოვლადწმიდაო ოქროჲსა წმიდისა სასაკუმევლეო, სულნელებითა სავსეო, რომელი განაკჳრვებ საყნოსველსა კაცთასა, ამისთჳს გაკურთხევთ შენ და შენგან შობილსა.

 

აკურთხევდითსა: რომელი მხოლოჲ.

რომელი მხოლოჲ არს მეუფჱ დიდებისაჲ, სახიერმან შეჰმზადა დღესასწაული ცხოველისა სუეტისაჲ, რომელი ჰნათობს ელვარედ კათოლიკე ეკლესიისა გუამსა.

დღეს მოხარულობენ ეკლესიისა შვილნი დღესასწაულსა საყდრისა მაღლისასა, რომელიცა იხარებს ღმრთივბრწყინვალედ სუეტისა წმიდისა შორის, ამისთჳს ერნი აღამაღლებდით უკუნისამდე.

ჰოი, კუართო საღმრთოო, რომელსა ზედა ელვებრ მზისსახედ გნათობს სუეტი ყოვლადწმიდაჲ და უხილავად ანგელოზთა დასნი ძნობით გალობენ და ქრისტესა აკურთხევენ უკუნისამდე.

სანატრელო ნინო, ქართლისა მაცხოვარო, რომელმან გამოიჴსნენ ბნელისა საცთურთაგან სულნი ჩუენნი და უკუდავებისა საზრდელითა გუასერებ, რომელ არს წმიდაჲ მიჰრონი სულნელებისაჲ.

სამებაო ღმერთო, სამგუამოვნად ცნობილო და ერთღმრთეებით თაყუანისცემულო ერთო, შეურწყმელად და განუყოფელად აღსაარებულო, გიგალობთ და გაკურთხევთ აწ და უკუნისამდე.

გიხაროდენ, ღმრთისა დედაო უბიწოო, რომლისა ნაწილად ღირს ვიქმნენით ქართველნი, ნეტარ ვართ ჩუენ შენგან, ყოვლადწმიდაო, რომელი მარადის გუფარავ და გჳღუწი, და ჩუენ გაკურთხევთ უკუნისამდე.

 

ადიდებდითსა: მტჳრთველმან.

ნათელსა მზისასა უფერულმყოფელო და სხივთა მისთა ყოვლად უჩინომყოფელო, ეთერსა მზისასა და ცისკარსა დღისასა ყოველთა მძლეობითა უზეშთაეს ღირს ქმნილო სუეტო ნათელო, უნათლესო ნათელთაო.

ცეცხლსა ღმრთეებისასა გარეშემწუელო, რომლის მიერ ვიჴსენებით ცეცხლისაგან საუკუნოჲსა, იგი მხოლოჲ შენ შორის ეგზებოდა მარადის, ხოლო შენ უვნებვლად ჰგიე უკუდავმყოფელად სულთა ჩუენთა, კუართო წმიდაო საღმრთოო.

სანატრელო დედაო ნინო, რომელმან მეხდატეხილ ჰყვენ ბომონნი და ბაგინნი და წარჰრღუნენ ყოველნი საპკურებელნი მათნი და გამოგჳბრწყინვე ჩუენ ნათელი ღმრთეებისაჲ ბნელსა უმეცრებისასა მსხდომარეთა.

ოდესმე მგლოვარეო ქალაქო მცხეთისაო, ეშმაკთა სიღოდასა და განცხრომასა შენ შორის, აჰა აწ იხარებდ და დღესასწაულობდ ნაცვლად სიღოდათა მგალობელობენ შენ შორის ეკლესიისა შვილნი სამარადისოდ.

სიხარულო და სიქადულო ყოველთა მორწმუნეთაო, სამებაო წმიდაო, რომელნი შეურევნელად გულითა წმიდითა გადიდებთ და გიგალობთ შიშით და ძრწოლით, ღმერთო, დაგჳცვენ ჩუენ მარადის, რომელნი ერთღმრთეებად აღგიარებთ.

ოქროჲსა პალატო წმიდაო, რომელმან ცათა დაუტევნელი ღმერთი საშოსა დაიტიე, სძალო, შეუწუელად დაცვულო, გიხაროდენ, დამცველო სულთა და ჴორცთა ჩუენთაო ყოვლისა ბოროტისაგან.

 

ოხითაი, დ ˜ გუერდი.

კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული და სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანუაგედ წმიდად მიჰრონსა გჳწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ.

 

წარდგომა დ

მოიწია სიხარული და დიდებაჲ ყოვლისა სოფლისაჲ, რამეთუ წმიდაჲ კათოლიკე ეკლესიაჲ განაცხრობს შვილთა თჳსთა და დღესასწაულსა სუეტსა ცხოველისასა შეჰმზადებს და წმიდასა მიჰრონსა უხუად განუყოფს ყოველთა და უკუდავებისა სანუაგითა ისტუმრებს, რომელთა სასოებაჲ და სარწმუნოებაჲ მტკიცჱ და შეურყეველი უპყრიეს, რაჲთა მისითა მეოხებითა მოგუანიჭოს ღმერთმან სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

ა ˜ გუერდი.

გიხაროდენ, ჰოჲ, სანატრელო დედაო ნინო, მოციქულთა სიქადულო და დედათა დიდებაო, რომელი ღუაწლითა და შრომითა შენითა და სამარადისოთა ლოცვითა და მარხვითა მიემთხვე სანატრელსა ხილვასა, ანგელოზთაგან ოდენ ღირს ქმნილსა, რამეთუ კაცობრივთა ჴელთაგან შეუძლებელი სუეტი შეუხებელად ამაღლებული ზეცად იხილე და კუალად, ნეკტართა ცრემლთა შენთაჲთა შთამოსრული შორის ცისა და ქუეყანისა და მიუახლებელი კაცობრივთა ნივთთაგან, ჰგიეს სამარადისოდ და ჰფარავს სულთა და ჴორცთა ჩუენთა.

 

გალობანი სუეტისა ცხოველისანი

უგალობდითსა ჴმაჲ დ ˜ ზღუაჲ უვალი.

აღაღე პირი ჩემი და აღავსენ იგი მადლითა, რაჲთა აღმოვთქუა სიტყუაჲ, სიტყუაო მამისაო მხოლოდშობილო, ჯეროვანი და ღირსი, შესხმად საყდრისა შენისა და სუეტისა ცხოველისა.

შემოკერბით, კრებულნო სულიერნო მორწმუნეთა ერნო, და ქებით უგალობდეთ დღესასწაულსა ამას ყოვლადწმიდისა საყდრისა მაღლისასა და სუეტსა ყოვლადწმიდასა ვადიდებდეთ და თაყუანის-ვსცემდეთ.

სუეტო ყოვლადწმიდაო, ნათელო და ბრწყინვალებაო, მზეო დაუვალო, რომელი ჰნათობ სულსა და გონებასა შინა მორწმუნეთა, რომელნი აღგიარებთ სასოდ და სარწმუნოებით თაყუანის-გცემთ.

 

განძლიერდასა: მგალობელნი შვნნი.

ცათა მობაძავსა საყდარსა, რომელსა საშუვალ საშოისა სუეტი უპყრიეს ძუძუდ და უშურველად წარმოგჳცვნებს მიჰრონსა წმიდასა სახედ სძისა, ამას უგალობდეთ და ვაქებდეთ.

სუეტო ბრწყინვალეო და ნათელო, ნათლითა შენითა შეგუზღუდენ შვილნი შენნი, რომელნიცა გარემოდგომით უპირობთ გალობასა და შესხმასა საღმრთოსა შუენიერებისასა.

ეჰა გოდოლი სანატრელი, რომელსა გარე-შეუცავს ნათელი და ბრწყინვალებაჲ დაუფარავი ნივთთაგან სიბრძნით და ღმრთივშუენიერად ნამუშაკევი მისა ღმრთისაჲ

 

მესმასა: იხილა რაჲ...

დედაჲ იგი სანატრელი, რომელსა ქრისტემან ღმერთმან მიანიჭა მოციქულებაჲ და ღირს იქმნა უხილავისა სუეტისა ამაღლებასა საკჳრველსა და კუალად შთამოსლვასა.

ჰოჲ, სანატრელო სუეტო, უცხოდ ხილულო წმიდისა დედაკაცისაგან, ზეცისა ჰაერთა აღმაღლებულო და კუალად ღმრთისა მოწყალებითა მოწევნით ჩუენ თანა გებულო.

სუეტად ნათლისად ყოვლად ბრწყინვალედ ქადაგებულო და მოსწავებულო წმიდათა მამათა და წინაჲსწარმეტყუელთაგან, დედოფალო წმიდაო, ღმრთისა დედაო, მეოხ გუეყავ ჩუენ.

 

ღამითგანსა: შენ უფალო..

შენ ხარ სუეტი ნათელი ნათლთაგანი, რომელი ელვებრ ჰკრთებოდა იორდანეს და თაბორს მწამებელად ძესა ღმრთისასა.

სახედ შენდა ნათლისა სუეტი გამოაჩინა, ნათლისა სუეტო ქალწულო, შენგან ტჳრთულმან ღმერთმან. ამისთჳს თაყუანის-გცემთ შენ მის თანა.

 

ღაღადყავსა: შთავვარდი..

ძუელნი და მამულნი იგი სჯულნი და ბომონთა ნაგებნი შეგუეცვალნეს საკჳრველად და მათ წილ მოგაქუს წმიდაჲ საყდარი და მიჰრონი და სუეტი ცხოველი სასოდ ჩუენდა.

ეჰა საღმრთოთ შეცვალებაჲ ესე, საყდარი არმაზის წილ და მიჰრონი ნაგებთა წილ, ხოლო ბომონთა - სუეტი წმიდაჲ ცხოველი მოგუანიჭა ძემან ღმრთისამან.

ქუეყანით ზეცას მიწევნილო და ზეცას დამკჳდრებულო, ხოლო ჩუენ თანა მარადის მყოფო სუეტო ცხოველო, დედოფალო წმიდაო, მეოხ გუეყავ მოსავთა შენთა.

 

იბაკოჲ დ, მ ˜ ყ

ზეშთა მბრმოლისა ჩემისათჳს და შემწისა უძლეველისა, სუეტისა წმიდისა და ღმრთივბრწყინვალისა, რომელი ჰნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოილსა კუართსა ზედა და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა მედღესასწაულეთა თჳსთა განაშუენებს და ცისკროჲს, და სიხარულთა მრჩობლთა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხმენ, გიხაროდენ სუეტო ცხოველო.

 

იკოსი

აჰა ესერა, შემოკერბით დღესასწაულსა ამას წმიდასა საუფლოსა კიდენი ქუეყანისანი და ანგელოზნი კაცთა თანა, ყოველნი ერთბამად შეერთებითა სულისაითა [სჯულისაჲთა] წინაჲსწარმეტყუელნი და მამათმთავარნი, მოციქულნი, მოწამენი და მღდელთმოძღუარნი, მამათა და ქალწულთა მწყობრნი, მოისწრაფეთ ყოველთა და მოიფრინვეთ, ძნობდით, ჴმობდით და ღაღადებდით, სცემდით ქნარსა, წინაჲსწარმეტყუელნო და ყოველნო წმიდანო, წერილნი განჰჴსნენით ქებისა შესხმად სუეტისა ცხოველისა და იტყოდით:

გიხაროდენ, სუეტო წმიდაო და ცხოველო, რამეთუ კუართსა ზედა საღმრთოსა ცისკროი!

გიხაროდენ, სუეტო განმანათლებელო ცისკიდეთაო, რომელი ანაყოფებ სულთა უკუდავებითა!

გიხაროდენ, სუეტო სანატრელო, რომელი სამარადისოდ ბრწყინვალითა თუალითა უჭჳრობ წმიდასა კუართსა!

გიხაროდენ, რომელი ჰკრთები ელვისსახედ და წმიდასა მიჰრონსა უწყაროებ მორწმუნეთა!

გიხაროდენ, სუეტო საღმრთოო, მგემებელო სიტკბოებასა სულთასა!

გიხაროდენ, სუეტო თანამზრახველო და მესაიდუმლეო დიდისა ღმრთისმეტყუელისა მოსესო!

გიხაროდენ, წინამძღვარო და თანამოგზაურო ისრაიტელთაო!

გიხაროდენ, ახლისა სჯულისა მოსწავებაო, თაბორს და იორდანეს მსახურქმნილო მისა ღმრთისაო!

გიხაროდენ, ნათელო, ნათლისა მწამებელო ძედ საყუარელად!

გიხაროდენ, მამათა მოღუაწეთა უდაბნოჲსათა და წმიდათა მოწამეთა სასოებაო, ჟამად-ჟამად სახილავო ბრწყინვალეო!

გიხაროდენ, მზეებრთა ოქროისსახეთა შუქთა გულსა მორწმუნეთასა ისრებრ მსროლელო!

გიხაროდენ, სიონს მოციქულთა ზედა ათორმეტ ნაწილად ენად ცეცხლისად გარდამოელვებულო!

გიხაროდენ, უფროჲსად ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მსახეებელო, ქუეყანით აღმოცენებულისა და ზეცას აღმწუერვალებულისა, რომელმან ღმერთსა შეგუაერთნა.

გიხაროდენ, სუეტო ცხოველო!

ანგელოზებრ ზეშთა ბრწყინვალედ და ზენათა მიერ ძალთა ქებით ძნობილად, ხოლო ყოვლისა მკჳდროანისა მამზეებელად სასწაულთა მიერ მხილველნი და მეცნიერ ქმნილნი, განკჳრვებით მდგომარენი, ვღაღადებთ შენდამი, მეტყუელნი ესევითართა:

გიხაროდენ, რომლისა ბრწყინვალებითა ნათობს ცისქუეშე!

გიხაროდენ, რომლისა საკჳრველებითა ელავს სოფელი!

გიხაროდენ, მზეო დაუვალო ყოვლად ბრწყინვალეო!

გიხაროდენ, ნათელო ნათელთაო, მძლეო ელვარებითა!

გიხაროდენ, რამეთუ წმიდასა ზედა და ნეტარსა სცისკროჲ კუართსა!

გიხაროდენ, რამეთუ ელვებრ აკრთობ საყდარსა ძისა ღმრთისასა!

გიხაროდენ, მოკლებულისა სარწმუნოებისა განახლებაო!

გიხაროდენ, კერპთა ვიდრემე სიბოროტისა წარმწყმედელო, ხოლო ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღმომაჩინებელო!

გიხაროდენ, რომელმან ნათელშეცვულ ჰყვენ მკჳდროვანნი!

გიხაროდენ, რომელმან მოსრენ ძენი აგარისნი უსჯულონი და აღადგინე რქაჲ მაცხოვარებისაჲ!

გიხაროდენ, წინამბრძოლო უძლეველო ქრისტიანეთაო, ღმრთისა კაცთა დამაგებელო!

გიხაროდენ, მომგებელო ერად საზეპუროდ, ნათესავთა წმიდად და სამეუფოდ!

გიხაროდენ, რომლისა მიერ თაყუანის-სცემენ დამბადებელსა!

გიხაროდენ, სუეტო ცხოველო!

ეჰა, საღმრთოთ სიხარული!

ეჰა, დღესასწაული უფროისად დიდებული!

ჰოჲ, რაბამი სიტკბოებაჲ, სულისა უკუდავმყოფელი, რამეთუ სამებისა წმიდისა გამომხატველთა საყდარსა ღმრთისასა, სუეტსა ნათლისასა და კუართსა წმიდასა საუფლოსა ერი მორწმუნეთა უგალობს და ქებასა შეასხამს, რომელსა ანგელოზნიცა ძნობით უპირობენ!

გიხაროდენ, საყდარო ღმრთისა ნათლისაო!

გიხაროდენ, კუართო ნათლისა შემცველო!

გიხაროდენ, სუეტო ცხოველო!

 

კურთხეულარსა: საჴუმილსა შინა

საჴუმილსა შინა ჯოჯოხეთისასა პირველ მიმავალნი მოწყალებათაგან გამოჴსნილნი ვღაღადებდეთ და ვიტყოდეთ, კურთხეულ ხარ შენ, უფალო.

არმაზისა ბომონსა პირველ ყრმანი დაიკლვოდეს და ტიროდეს; ხოლო აწ სუეტსა წინაშე ემბაზსა შინა ნათელიღებენ და ღაღადებენ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო.

გიხაროდენ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო უბიწოო! სუეტო, სიმტკიცეო ჩუენო, ელვისსახედ განმანათლებელო და განმაბრწყინვებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩუენისაო.

 

აკურთხევდითსა: მჴსნელო ყო[ველთაო]

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, გაქებთ და გადიდებთ, რომელმან ღირს-გუყვენ ამის წმიდისა დღესასწაულისა მოწევნად და მხიარულ-ყოფად სულთა და გონებათა ჩუენთა.

გიხაროდენ, სუეტო, რამეთუ ჴორცთა სცავ განსაცდელთაგან, ხოლო სულისა ნათელსა საცნაურ-ჰყოფ ემბაზისა და მიჰრონისა მიერ, და ჩუენ დაუცხრომელად თაყუანის-გცემთ.

გიხაროდენ, სუეტო, რამეთუ ელვებრ ჰბრწყინავ შორის ცისა და ქუეყანისა, და სიყუარულისა მიერ შეგიკრვიან და შეგიერთებიან ზეცისა და ქუეყანისანი.

 

ადიდებდითსა: ლოდი საკ[იდური]

ლოდი ნათლისაჲ, უჴელოდ დამოკიდებული ჰაერთა, უხილავად მდგომარე არს და ანგელოზნი კაცთა თანა უგალობენ დაუდუმებელად: დიდებაჲ სუეტსა, სასოსა ჩუენსა.

საყოფელო სახლო წმიდაო დიდებისა ღმრთისაო, ეჰა, დიდადშუენიერებასა სიწმიდისა შენისასა, რამეთუ სუეტი შენითურთ გუახარებთ შვილთა თჳსთა და გუფარავთ.

სუეტო ჩუენო და ნათელო, დედაო ძისა ღმრთისაო, რომელმან ძუძუთა თჳსთა მიერ იესუ ღმერთი აგემე, ეგრესახედვე სუეტისა მიერ მიჰრონსა ჩუენცა გუაგემენ შენ.

 

სხუანი გალობანი სუეტისა ცხოველისანი

უგალობდითსა: ჴმაჲ დ ˜ გუერდი. სიღრმე მეწამ[ული]

ღმერთო, რომელმან სიონს სული წმიდაჲ მიჰფინე მოციქულთა და ცეცხლი ენად შემწუველად გამოაჩინენ მწვალებელთა ღუარძლისა და საკერპოთა ბომონისა და სიბრძნით აღავსენ, ეგრეთვე მეცა მაწთვე სიბრძნჱ წუეთად ცეცხლისად, რაჲთა ღირსად შევამკოთ დღესასწაული გალობითა საღმრთოჲთა.

გიხაროდენ, საყდარო ცათა მობაძავო, რამეთუ ძე ღმრთისაჲ სიხარულსა შეგიმზადებს ყოვლისა სოფლისათჳს განმანათლებელსა დღეს, რამეთუ სუეტსა წმიდასა ანგელოზნი უხილავად აჰა ესერა აქა მდგომარენი ჩუენ შორის ჩუენთანავე უგალობენ დაუცხრომელად.

სამებაო წმიდაო, სამ გუამოვნად ცნობილო, და ერთღმრთაებაო და ერთო, მამაო ძისა მშობელო, ძეო მისგან შობილო, სულო გამომავალო, ერთად თაყუანისცემულო, რომელი სიბრძნით განაგებ, რომელი ხარ მიზეზი ყოველთავე ნათელთაჲ, გუაცხოვნენ ქმნულნი შენნი და სარწმუნოებით მოსავნი.

დედაო და ქალწულო, ძისა ღმრთისა მტვრთველო, ოქროჲსა პალატო ვრცელო, რომელმან საკჳრველებით ცათა დაუტევნელი საშოსა დაიტიე, სუეტო ნათელო ნათლისა ნათელთა მფლობელისაო, უსაზღვროჲსა საზღვარ ქმნულო, რომელმან შეგუაერთენ შუამდგომელობითა, დაგჳფარენ განსაცდელთაგან.

 

განძლიერდასა: განმაძლიერებელ

გოდოლსა ამას სანატრელსა, რომელსა უტჳრთავს საუნჯჱ უსასყიდლოჲ და ფასდაუდებელი, რამეთუ ერთისა მის მხოლოჲსაგან ოდეს იძლევის, რომელ არს მარგალიტი, სახარებასა წერილი.

ამას სანატრელისა გოდოლსა, რომელი გარე-მოგჳცავს საუნჯესა, ვჭჳრობთ, რაჲთამცა განგუამდიდრნა გლახაკნი, ხოლო იგი სასოებით გვქადაგებს მოცემად უკუდავებისა სიმდიდრესა.

დაუსაბამოსა მამასა, დასაბამიერსა ძესა ჴორცითა და არა ღმრთეებითა, სულსა გამომავალსა სამგუამოვანსა ერთღუმრთეებად ვადიდებთ, თაყუანის-ვსცემთ სამებასა წმიდასა.

წინაჲსწარმეტყუელნო წმიდანო, რომელსა სულისა თუალითა წინაჲთვე იჭჳრობდით და იტყოდით: აჰა ესერა, სუეტი წმიდაჲ ნათლისაჲ გჳპყრიეს ჩუენ, დედაჲ ღმრთისაჲ, ქალწული უბიწოი, ცათა უმაღლესი.

 

მესმასა: მესმა, უფალო

ნეტარმან მან დედაკაცმან, მოციქულთა მოდასემან, წმიდამან ნინო უცხო სახილავი იხილა - სუეტი უხილავითა ჴელითა ტჳრთული.

ცრემლთა ნეკტარმან ფრიადმან, ვითარცა სჳფონმან, ძლიერად შთამოზიდნა სუეტსა ჰაერთა აღწევნულსა და ჩუენ შორის ჰგიეს უკუნისამდე.

კუართი ბრწყინავს, სუეტი ნათობს, ჯუარი ჰკრთების და სხივთა ელვებრ განუტეობს, ხოლო ეკლესიაჲ ღაღადებს: მეფენო და ერნო, იხარებდით დღეს სუეტისა გამომსახველო და ნათელთა მფლობელო და დამბადებელო, ნათელ ყავ სული და გული ჩუენი, სამებაო ღმერთო ერთღმრთეებაო.

სუეტსა სიმტკიცესა ჩუენსა, სიქადულსა ყოვლისა სოფლისასა, ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა თაყუანის ვსცემდეთ ჩუენ, სასოსა ჩუენსა.

 

ღამითგანსა: ნუ სადა.

გიხაროდენ, ცხოველო სუეტო, ბრწყინვალებითა საღმრთოჲთა განათლებულო, რომელი საყდარსა და ჩუენ შორის ბრწყინვალედ ეგზები ცეცხლებრ, ვითარცა ალმური ყოვლად დაუშრეტელი, ჰნათობ სულსა და გონებასა ჩუენსა.

ბაგინსა მას კერპთასა რაჟამს ყრმანი დაიკლვოდეს, სამოელ განსცხრებოდა, ხოლო აწ სუეტსა წინა ემბაზისაგან ყრმანი რაჲ ნათელს-იღებენ, სატანა მჭუვარობს, ხოლო ანგელოზნი იხარებენ და ჩუენ ქრისტესა ვადიდებდეთ და თაყუანის-ვსცემდეთ.

ნათლისა საგრაგნელსა ნათლისა სუეტსა ქუეშე საფარველად მდებარესა კუართსა მას მჴსნელისასა, რომელსა ზედა სუეტი ცეცხლებრ ენთების და ანგელოზნი დაუცხრომელად უგალობენ, ვადიდებდეთ და ვაქებდეთ უკუნისამდე.

სამებისაგანმან ერთმან, ყრმამან ახალმან, პირველ საუკუნეთა ღმერთმან გარეშეუწერელმან, რომელმან გარემოსაბლარდნელი კუართი ნათლისა გუამისა მისისაჲ სასოდ ჩუენ მოგუანიჭა, რომელნიცა შიშით თაყუანის-ვსცემდეთ.

ჵ ნათელთა მთავარნო, ნათლისაგან მამისა უდედოდ შობილო და სუეტისა ნათლისა ქალწულისაგან უმამოდ შობილო, იესუ, ნათლისა მომფენელო სულთა ჩუენთაო, ნათელ გუყვენ დაბნელებულნი ესე.

 

ღაღადყავსა: მომიტევენ.

არმაზის ბაგინსა მას რაჟამს სისხლი ყრმათა ჩჩჳლთა ორთქლოოდა, სამოელისაგან ტკბილად იყნოსვოდა, ხოლო სული საწყალი მათი ჯოჯოხეთს სიმყრალესა იგემებდა.

ნეკტარსა მას ცრემლთასა ნინო სანატრელისათა სუეტი მორჩილ ექმნა და აღფრინვებული კუალად მოქცეული ჩუენდავე მხიარულებით მარადის სანუაგეობს.

ნათლისა საბლარდნელსა ძისა შენისა კუართსა ზედა ნათლისა სუეტი ცეცხლებრ ელვისსახედ ენთების, ღმრთისმშობელო ქალწულო, მეფე მორწმუნე ნათლითა ბრწყინვალე ყავ.

დედათა დიდებაო, ხოლო ქალწულთა სიქადულო, სუეტო განათლებულო, რომელი მიწევნულ გუყოფ ზეცას ძესა თჳსსა, ღმრთისა დედაო, შეგჳწყალენ შემსხმელნი შენნი.

 

კურთხეულარსა: ყრმანი ებრაელნი.

ყრმანი ებრაელნი ლტოლვილნი ფარაო მეფისაგან უდაბნოსა შინა ცეცხლისა სუეტითა უცთომელად ვიდოდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ.

ყრმანი ბომონსა მას არმაზისასა დაიკლვოდეს, ხოლო აწ სუეტსა წინაშე ნათლისასა ნათელს-იღებენ და ღაღადებენ: კურთხეულ ხარ შენ.

ყრმანი ებრაელნი რაჟამს უკუე ვიდოდეს სამებისა ერთისაგანისა ქრისტეს წინა, ბაიაჲთა შეასხმიდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ.

ყრმანი, კათოლიკე ეკლესიისა შვილნი, ნათლითა აღბეჭდულნი, სუეტსა ნათელსა, დედასა ღმრთისასა უგალობდეთ და ვიტყოდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ქალწულისაგან შობილო.

 

აკურთხევდითსა: შჳდწილ.

ცათა მობაძავი ესე ეკლესიაჲ და სუეტი ცხოველი ნათლისა სამოსელსა, ცეცხლისა სახუეველსა, კუართსა ყოვლადწმიდასა უჩრდილობენ ღრუბელთა ნათლისათა და გუამ-ექმნებიან ანგელოზთა განწყობილსა, ნანარად მგალობელსა: ვაკურთხევდეთ და თაყუანის-ვცემდეთ ქრისტესა ღმერთსა, ყოვლისა სიბრძნით განმგებელსა.

ჵ, დედაკაცი მდაბალი, ცათამდე ამაღლებული, სანატრელი ნინო მოციქულთა მოდასე, მოიფრფინვა, ვითარცა ისარი ელვისა ნათლისაჲ საკერპოთა შემწუველად და მწყლველად ეშმაკთა, ხოლო ჩუენ, მორწმუნეთა, სულსა და გონებასა სუეტსა ნათლისასა მომფენელად.

სამთა ნივთთა სამსახეთა, სამებისა გამომსახველთა - ეკლესიასა, კუართსა და სუეტსა ცხოველსა ერთობით ვადიდებდეთ, ვითარცა სამებასა ერთღმრთეებად აღვიარებთ სამნათელთა ერთობით: მამასა, ძესა, სულსა, განუყოფელად და შეურწყმელად, მსასოებელნი მერმისა ცხორებისანი.

გიხაროდენ შენ, ტაკუკო ოქროჲსაო, სავსეო მანანაჲთა და კუალად გიხაროდენ, ემბაზო ნათლისაო, სავსეო მიჰრონითა, უკუდავმყოფელო კაცთაო;

გიხაროდენ, სასაკუმევლეო, სავსეო სულნელებითა, ჩუენდა მაყნოსებელო სამოთხისა ნერგთაო;

გიხაროდენ შენ, დედაო ძისა ღმრთისაო.

 

ადიდებდითსა: განკჳრდეს ზესკნ[ელს ცანი].

ჵ, სუეტო ცეცხლებრ მგზებარეო ნათლითა დაუვსებელითა და მიუაჩრდილებელითა, რომელი ჰნათობ სულსა და გულსა მორწმუნეთასა და შარავანდედნი და სხივნი ნათლისა შენისანი მისწუთებიან ქუეყანისა კიდეთა, რომლისა დიდებითა აღივსების ყოველი ქუეყანაჲ.

წმიდასა შემწუელსა ნათლისასა ლარნაკსა, სუეტისა სახედ აღმწუერვალებულსა, რომელსა შინა მარადის ეგზების ნათელი საღმრთოჲ და ნათლისა საღმრთოჲსა შემწუელსა კუართსა, ზეით შთამომჭჳრობელსა, ვაქებდეთ, უგალობდეთ და თაყუანის-ვსცემდეთ ჩუენ, რაჲთა სულნი ჩუენნი ნათელ-ყვნეს.

ჵ, მზეო დიდებისაო იესუ, ესე ბრწყინვალებაჲ საკჳრველებათაჲ, რომელი შემოჰკრიბე მაცხოვრად ჩუენდა და საუნჯედ წარუპარველად დაგჳუნჯე და უოხჭნოჲსა მის მერმისა სუფევისა მომატყუებელად მოგუეც, დიდებაჲ სახიერებასა შენსა.

საფარი ნათლისა საფარველი ჩუენი წმიდაჲ კუართი და სუეტი ცხოველი, ურთიერთას მახლობელობითა განშუენებულნი, და საყოფელი და საყდარი ღმრთისაჲ, ცად გარდართხმული მრჩობლთა ნათელთა ლაღად მჯდომი მაღალი, ცათა შესწორებული, ჵ ტკბილი მეზობლობაჲ ერთსავანეთაჲ.

ჵ, სამებაო ერთღმრთეებაო, შენი არს სიბრძნჱ და განგებულებაჲ ესე უსაზღვროჲ და მიუწდომელი კაცთაგან; შენ მხოლომან გამოაჩინენ ნივთნი ესე ნათლისანი მაცხოვრად ჩუენდა, მამაო უშობელო, ძეო შობილო, სულო გამომავალო, ერთღმრთეებაო. 

სუეტსა და სიმტკიცესა სოფლისასა, ტაკუკსა ოქროჲსასა, მანანაჲთა სავსესა, ჩუენდა მაგემებელსა სულნელსა, საყდარსა ღმრთისა მაღლისასა, ოქროჲსაცა კიდობანსა, წმიდასა ბაზმაკსა მნთებარესა, ემბაზსა ნათლისასა, ქრისტეს დედასა თაყუანის-ვსცემდეთ.

 

ა გუერდი, გამოავლინე:

სამებისა მსახეებელთა, სამნათელთა საუნჯეთა, საყოფელსა ღმრთისასა - ეკლესიისა გუამსა, კუართსა ღმრთისასა და სუეტსა ცხოველსა, - ნათელთა და მნათობთა სოფლისათა უგალობდეთ, ვადიდებდეთ და თაყუანისვსცემდეთ.

დ გუერდი

დღეს საღმრთოჲ და წმიდაჲ კუართი ჰნათობს და შეამკობს ეკლესიასა ღმრთისასა და სუეტი წმიდაჲ და ცხოველი ჰკრთების ელვისასახედ და გამოსცემს სულნელებასა, რომელნი სარწმუნოებით ვიყნოსავთ და მიჰრონსა უკუდავებისა წყაროს ვიგემებთ თაყუანისმცემელნი სამებისა წმიდისანი.

 

აქებდითსა დიდებაჲ დღეს ქრისტე

დღეს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ ზეშთაბრწყინვალესა და სანატრელსა სიხარულსა საკჳრველსა შეუმზადებს სძალსა თჳსსა ეკლესიასა, რომელსა საშოსა შინა თჳსსა წმიდად ლამპრად უპყრიეს სუეტი ცხოველი და ჰკრთების ელვებრ და ჰნათობს ყოველსა სოფელსა და კიდეთა ქუეყანისათა ახარებს და ჩუენ, შვილნი ეკლესიისანი, ძალთა თანა ზეცისათა უღაღადებთ და ვიტყჳთ: ოხითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და სუეტისა ცხოველისათა, ღმერთო, გუაცხოვნენ ჩუენ.