წმიდა მოწამე იაკინთე (+108)

კონდაკი: ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან და ხე გველისა საცთურისა წარსწყმინდა კადნიერებითა სულისათა, ამისთვისცა გვირგვინოსან-ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალმოწყალე.

 

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი (I)

ტროპარი: მოციქულო წმიდაო იაკობ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: მტკიცედ დამდებელსა სულსა შინა კეთილ მსახურთასა სიბრძნისა დოღმატსა, სიბრძნით ვნატრიდეთ ყოველნი, ვითარცა ღმრთის-მეტყველსა, იაკობს, რამეთუ საყდარსა დიდებისასა წინაშე მეუფისა მდგომარე, ყოველთა თანა ანგელოსთა იხარებს დაუცხრომელად მვედრებელი ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოციქული იაკობი, ხორციელად უფლის ძმა (+ დაახ. 63)

ტროპარი: ვითარცა უფლისა მოწაფემან მიიღე, მართალო, სახარება, და ვითარცა მოწამესა გაქუს აღსარებაჲ, და კადნიერება, ვითარცა ძმასა ღმრთისასა, და მეოხება, ვითარცა მღუდელსა. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: მამისა მხოლოდ შობილმან ღმერთმან სიტყვამან, უკანასკნელთა დღეთა ჩუენდა მომართ მოსრულმან, იაკობ ღმრთის-მეტყველო, პირველად მწყემსად და მოძღურად იერულისალიმელთა განგაჩინა შენ, და სარწმუნოდ განმგებელად საიდუმლოთა სულიერთა, ვინა ყოველნი პატივს-გცემთ შენ იაკობ.

 

მღვდელმოწამე იანუარ ეპისკოპოსი და მისთანა წამებულნი
ფავსტო, პროკულ და სოსიოს დიაკონნი, დოსითეოზ მკითხველი, ევტიქი და აკუტიონი (დაახლ. 305)

კონდაკი: სამღვდელოთა საცხებელიტა განშუენდით, დიდებულნო იანვარა და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღარადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყვარისა ღმრთისა.

 

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი (I)

კონდაკი: გამოსჩნდით ვითარცა ვარსკვლავნი ყოვლადბრწყინვალენი, და განანათლებთ ყოველსა სოფელსა ნათლითა ქადაგებისათა, საღმრთონონ მოციქულნო იასონ და სოსიპატრე, აცხოვნენით სარწმუნოებით პატივისმცემელნი თქუენი.

 

წმიდა წინასწარმეტყველი იერემია (VI ს. ქრ. შობამდე)

კონდაკი: განწმენდილ იქმენ სულითა, დიდო წინასწარმეტყველო, და გული შენი ნალის სახედ ჰყავ, დიდებულო იერემია, და წინასწარმეტყველეისა მადლი8 ზეცით მოიღე, და ღაღად-ჰყავ მაღლითა ხმითა კიდეთა შინა სოფლისათა, ვითარმედ ეს არის ღმერთი ჩუენი და არა ესწორის მას სხუა, რომელი განხორციელდეს ქუეყანას ზედა განცხადებულად.

 

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)

კონდაკი: მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: წრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.

 

წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი:
ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე,
კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი,
იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაი, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ცუენისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.

 

წმიდა მოწამენი: პროკლე და ილარიო (II)

კონდაკი: მსგავსად ვარსკულავისა მის მთიებისა აღმოგვიბრწყინდა ჩუენ მოწამეთა პროკლეს და ილარიონის პატიოსანი ღუაწლნი განმანათლებელად ჩუენდა  სასწაულთა ნათლითა; ამისთვის ვდღესასწაულობთ ხსენებსა მათსა და ვიტყვით: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რათა აცხოვნეს სულნი ჩუენი.

 

ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი (+875)

ტროპარი: მადლი ჰპოვა სოფელმან შობითა შენითა, ღირსო, და იხარებს ერი ქართველთა მის შორის აღმოცენებისა შენისათვის, რამეთუ ხედვენ შორის მადლსა საღმრთოსა მქონებელად, რომელმან ანგელოზებრ უხორცო აჩუენე ცხორებაჲ, და სასწაულთა მოქმედებითა შეიმკუე მოღუაწეთა შუენიერებაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: სიყრმით შენითგან ღირსო, იწყე აღმოსლვად  ხარისხთა სათნოებისათა, და სოფლისა დამტევებელმან არად შერაცხენ სიმდიდრენი მისნი, რომელი აღყუავდი სახლსა შინა ღმრთისასა მსგავსად ფინიკთასა, ილარიონ სამ-გზის სანატრელო, ვინა ყოველნი ერნი ქართველთანი პატივით გაქებთ, ვითარცა მამასა და მეოხსა ჩუენსა.

 

ღირსი ილარიონ ახალი (+875)

კონდაკი: ცხოვრებაი შემოსილად შეზღუდენ არვენი შენი და მწყემსობითა უვნებელითა სამწყსო დაიმარხე, და გამოსჩნდი მაღალთ და დიდ საქმითა, ახალო ილარიონ, ვინაიცა ყოვლად სახარულევანი იგი ცხოვრებაი მაღლისა სიონისა დაიმკვიდრე შენ; ევედრე ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) (+1907)

ტროპარი: ღუაწლითა და სისხლითა შენითა უდაბნოი იგი სოფლისაი მოიმუშაკე და გონებითა ღმრთივბრწყინვალითა დაცემულნი კუალად აღგვადგინენ, ჭეშმარიტებაჲ სთესე და გვირგვინი უკუდავებისაჲ მოიპოვე, სიმართლისათვის დაითმინე და ზესთა სოფელი დიდებისაჲ დაიმკვიდრე, ძეო ქართველთა ერისაო, ერისათვის წამებულო, წმიდაო ილია მართალო, ყოვლადდიდებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ძმათა შენთათვის, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

წინასწარმეტყველი ილია (ელია) თეზბიტელი (IX საუკუნე ქრისტეს შობამდე)

ტროპარი: წინასწარმეტყუელო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენითა განახმენ ცვარნი წმისანი და დაცსენ მტერნი წინააღმდგომნი, ილია, დიდად სახელოვანო, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

ტროპარი: ხორცითა ანგელოზმან და წინასწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსვლისა მეორემან წინამორბედმან, ილია ყოვლადდიდებულმან ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთოვანთა განწმენდად, და პატივისმცემელთა მისითა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობასა.

კონდაკი: წინასწარმეტყუელო და წინასწარმხილველო დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩუენისათა, ილია დიდად სახელოვანო, რომელმან სიტყუითა შენითა დააყენე წყალ მდინარე იგი ღრუბელი, მეოხ გუეყავ ჩუენ მხოლოსა მიმართ კაცთმოყყარისა.

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლები - იოაკიმე და ანა (I)

ტროპარი: მართალთა შენთა უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, და მათ მიერ გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სხვა ტროპარი: რომელი ჰსჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ყრმა ღმრთის-მშობელი გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამის-თვისცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.

კონდაკი: იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.

 

ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა და გაბრიელი (X)

კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთასაგანაბრწყინეთ შრომანი თქვენი და ქვეყანაი აღავსეთ კეთილმასურებისა წერილითა, და ანგელოზნი განკვირდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძვად თქვენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკვირვო აჩვენეთ საქმენი, მამანო ათონელნი მნათობნო ყოვლისა სოფლისანო.

 

ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: იოანე - ექვთიმეს მამა, იოანე (თორნიკ-ყოფილი), გაბრიელი და ექვთიმე (X)

ტროპარი: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

სხვა ტროპარი: ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალ-წილად მოისთულენით სათნოებათა თქუენთა ნაყოფნი, და იქმენნით მწყემს სამწყსოთა ქრისტჱსთა, და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისაჲთა, ხოლო განრაჲხვედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღირსნო მამანო ჩუენნო ათონელნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

წარდგომა: მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.

კონდაკი: უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!

 

წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)

ტროპარი: ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ მცნობელთა თქუენთა: იოანე, სიყრმითვე მუშაკო განშუენებად ღმრთისა სავანისა, გიორგი წინაჲსწარმეტყველებისა ნიჭითა აღმკულო; წყუდიადსა შინა უსჯულოებათასა გზნებულნო ლამპრად მართლმადიდებლობისა, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

წმიდა იოანე მოწყალე (+620)

ტროპარი: მოთმინებითა შენითა მოიგე სასყიდელი შენი ღირსო მამაო, და ლოცვათა შინა სამარადისოდ მღვიძარე იყავ, გლახაკნი შეიყვარენ, და ესენი პოვნიერ-ჰყუენ, მამაო წმიდაო იოანე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: სიმდიდრე შენი განუყავ დავრდომილთა, და ზეციერი სიმდიდრე მიიღე აწ, იოანე ყოვლად ბრძენო, ამისთვისცა ყოველნი აღმსრულებელნი ხსენებისა შენისანი შეგივრდებით, მოწყალებისა თანა მოსახელეო.

 

წმიდა იოანე ოქროპირი (+407)

ტროპარი: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

 

წმიდა ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

კონდაკი: სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთაებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლებს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს, ბასილის დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის თანა იოანეს ენა ოქროვან წოდებულსა ყოველნი, რომელი სიტყვათა მათთა ტრფიალთ-ვართ, მოვედით თანად და გალობად პატივს ვსცემდეთ მათ, რამეთუ ესენი ყოვლადწმინდასა სამებასა ჩვენთვის მარადის ევედრებიან.

კონდაკი: სამღვდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა, და მღვდელმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსვენება, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა მხოლოთ, რომელმან ადიდენ წმინდანი შენი.

 

ღირსი იოანე კლემაქსი (+649)

ტროპარი: უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედთა გამოცნდი, ღმერთშემოსილო წმინდაო მამაო იოანე: მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა რომლნი სარმუნოებით შენდა მოილტვიან, დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან-გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

კონდაკი: ვითარცა რა დიდი მზე, მოძღურებითა და საკვირველებითა ბრწყინვალებითა სამარადისოთ განანათლებ სოფლისა სავსებასა, ზეცისა მესაიდუმლეო ღირსო იოანე.

 

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი,
დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი,
ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი (VI)

ტროპარი: ჰკამკამებ უდაბნოსა, ნათობ ქართველტა უმეტეს მზისთუალისა, მამო მამათაო იოანე, მეოხ-იქმენ მათვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.

კონდაკი: ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმინდისათა გვიწყაროებ და სასწაულთა სიმრვალითა განგვაბრწყინვებ, მამო წმინდაო იოანე, მოეც მშვიდობაი მთავრობასა და მხედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი მადიდებელნი შენნი, იხსნენ განსაცდელთაგან.

 

წმიდა დიდებული, ყოვლადქებული მოციქული და მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი (98-117)

ტროპარი: ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღვთისმეტყველო იოანე, მეოხ-გვეყავნ ჩუენ.

ტროპარი: მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყუარელო, მსწრაფლ გუეწიე და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე, ღმრთისმეტყველო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგუანიჭოს ჩუენ დიდი წყალობაი.

კონდაკი: დიდებულბანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის, ვითარცა ღმრთისმეტყუელი და მეგობარი ქრისტესი.

 

წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვეცხლონი, კვიროს და იოანე და
მათთანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი, თეოდოტია, თეოქსისტა და ევდოქსია (+311)

ტროპარი: საკვირველებანი წმინდათა შენთა მოწამეთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგვანიჭებ, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყვარემან.

კონდაკი: საღმრთოთა მადლთაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმიდანნო, და დაუცხრომელად საკვირველმოქმედებთ, ყოველთა ვნებათა ჩვენთა უხილავად ხელთმოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ ყოვლადქებულით, რამეთუ თქუენ ხართ საღმრთონი მკურნალნი.

 

ღირსი იოანე, მოწაფე გრიგოლ დეკაპოლელისა (IX)

კონდაკი: ცხოვრებაი შენი განაშუენე კრძალულებითა, მამაო, და ხორცნი მოაკუდინენ, და სძლე მტერისა მანქანებისა, ყოვლადნეტარო, და აღხედ ღმრთისა მიმართ უჭირველისა და დაუსრულებელისა ცხოვრებისა, ვითრცა ღირსი მკვიდრობისა, იოანე, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

 

წმიდა ალექსანდრე (+340), იოანე (VI) და პავლე ახალი (+784) - კონსტანტინოპოლის პატრიარქნი

კონდაკი: ქრისტეს სიყვარულითა აღტკინებულთა, დიდებულნო, უღელი მისი აღიღეთ, პატიოსანი ჯვარი, და მობაძავ ცხოვრებისა მისისა გამოსჩნდით, და საღმრთოსა დიდებისა მისისა ზიარ იქმენით, ალექსანდრე ღმრთივგანბრძნობილო იოანეთურთ საკვირველით და პავლე დიდებულითა, ვინაიცა საყდრისა მისისა წინაშე მდგომარე ხართ წადიერად, მას ევედრენით სულთა ჩუენთათვის.

 

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (+570)

ტროპარი: იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა, და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმრთისა, რომელმან მოსცა ესე-ვითარი მამა, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ.

კონდაკი: წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყუარე მამაო იოსებ, ამისთვის ქუეყანასა ზედა ცხოვრებითა შვენიერითა და ქცევითა საწადელითა იქცეოდი, და იქმენ შეზავებულ ვითარცა მარილითა სიყვარულისა ღმრთისათა, ამისთვის გნატრით და გევედრებით, რათა გვიოხო წინაშე მეუფისა.

 

ღირსი იოსებ მგალობელი (+883)

კონდაკი: სინანულისა აღვსებული წყარო ხარ დაულევნელი და ნუგეშინისცემლისა დაუსრულებელისა მომცემელი, და ლმობიერისა უფსკრული, იოსებ, მოგვცენ ჩუენ ცრემლნი საღმრთოისა სინანულისანი, რომლითა აქავე ჰპოვნეთ ნუგეშინისცემისა მიმთხვევა რმრთისა მიერ სეწევნისა შენისა მთხოველთა, წმინდაო.

 

წმიდა დიდმოწამე ირინე (I-II)

კონდაკი: ქრისტეს ტრფილებითა მოწყლული და შედგომილი კვალთა მისთა, ასული მეფისა, განშუენებულ ხარ, ყოვლადქებულო, სულითა, ქალწულმოწამეო, ღუაწლთა მიერ, ირინე გვირგვინოსანმან მიიღე ცხოვრებაი საუკუნო და საშუებელი.

 

ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)

კონდაკი: იქმენ შენ მტკიცე სულითა, ირინე, და სარწმუნოებით განეწყვე, და ცხადად არცხვინე ბოროტსა, და ქრისტეს მიმართ მოუწოდე ბევრეულთა ერთა სიმრავლისა, ნეტარო, და პორფირი განცხადებული გმოსიეს, და აწ ანგელოზთა თანა იხარებ.

 

წმიდა მართალი იობ მრავალვნებული (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)

ტროპარი: სიმდიდრესა რა სათოებათასა იობისა ხედვიდა იგი მართალი მტერი, წარპარვასა მისსა განიზრახვიდა და ამისთვის განარღვევდა გოდოლს მას გვამისა მისის, გარნა საუნჯესა მას უბიწოსა გვამისა მისისასა ვერ შეუძლებდა წარპარვად, რამეთუ პოვებდა მას შეჭურველად, ხოლო მე უბადრუკი ესე შიშველ და ტყვე-მყო; ამისთვის ისწრაფე, მაცხოვარ, პირველ აღასასრულისა სხნად ჩემდა მზაკვრისა მისგან და მაცხოვნე მე.

კონდაკი: ვითარცა ჭეშმარიტად მშვიდი და ღმრთისა თანამზრახველი, წმინდა ქმნილად გამოსჩნდი შენ დიდებულო იობ, მონაო მართლაო, და განანათლე სოფელი მოთმინებითა შენითა, ჭირთა თავსდებითა და მოქალაქობითა ყოველნი ვაქებთ აღმასრულებელნი სახსენებლსა შენსა.

 

წმიდა მოწამენი ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79)

კონდაკი: ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ და წამრმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაი, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერებაი იგი ღმრთისა მოძუღურებითა ღმრთისმსახურებისათა, ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო; ამისთვის ხსენებასა შენსა სიყუარულით პატივს ვსცემთ ჩუენ, ყოვლადბრძენო ლეონტი.

 

წმიდა მოციქულნი: იროდიონ, აგაბო, ასინკრიტე, რუთოს, ფლეგონტე, ერმი და სხვანი (I)

კონდაკი: გამოსჩნდით თქვუნ მოწაფეთ ქრისტესა და მოციქულად, ყოვლადპატიოსანნო იროდიონ დიდებულო, აგაბო, რეფე, ასინკრიტი, ფილამონ, ერმი ეპაფროსითურთ და მარადის ევედრენით უფალსა მოცემად ჩუენდა ცოდვათა მოტევებისა, რომელნი გიგალობთ თქვენ.

 

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383)

კონდაკი: ვითარცა სათნოომან ღმრთისამან და სარწმუნომან, ქრისტეს ეკლესიისა შურით აღტკინებულმან აღვირნი იგი ვალენტიანესი იპყრენ და წინაისწარმეტყუელე მისა მიმართ დახშვისათვის ეკლესიისა წარსაწყმედელი იგი სიკუდილი, ვინაცა იოტე ჩუენ ყოველთათვის, ღირსო ისააკ, რომელნი პატივს გცემთ შენ.

 

ღირსი ისააკი, დალმატი და ფავსტო (IV-V)

კონდაკი: მარხვითა განბრწყინვებულსა, ვითარცა მნათობსა და მწვალებელთა სარწმუნოებად მომაქცეველსა, ღირსად ვაქებთ ისააკსა, დალმატის თანა და ფავსტოსსა, ვითარცა ქრისტეს სათნოთა, რამეთუ მას ევედრებიან ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მღვდელმთავარი ისე წილკნელი (VI)

ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ოქროსა სასანთლესა ზედა დაიდგ მამაო, ნათელი ეგე არა ხვიმირსა ქუეშე დაფარული, და განგვანათლენ ჩუენ ელვითა სწავლათათა, ამისთვისცა ეკლესია ორღანოსა მაგას სულისასა ნათელ-ხმოვანსა გაქებს ღირსად, ისე მღუდელმთავარო, ითხოვე ერისათვის მორწმუნისა, ხსნა ფლობისაგან უცხო თესლთასა და მგალობელთათვის შენთა დიდი წყალობაჲ.

 

ღირსი ისიდორე პელუსიელი (+დაახლ. 436-440)

კონდაკი: მეორედ მთიებად გპოვა შენ ეკლესიამან, ყოვლადდიდებულო, და სიტყუათა შენთა ელვითა განათლებული ღაღადებს შენდა მომართ: გიხაროდენ, ყოვლად სანატრელო და ღმრთივგანბრძნობილო ისიდორე.

 

წმიდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი (+362)

კონდაკი: სარწმუნოებითა ქრისტესითა მოწყლულთა ყოვლადნეტართა და მისთა სარწმუნოებით მსმელთა სასმელისათა სპარსთა სამისნონი და სამსახურებელნი ქუეყანად დააკვეთენით, სამებისა რიცხვნო, მეოხებასა ყოფდით ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოციქული იუდა, ხორციელად ძმა უფლისა (+დაახლ. 80)

ტროპარი: ნათესავად ქრისტესა, ჰოი იუდა, და მხნედ მოწამედ საღმრთოთ გქადაგებთ შენ საცთურისა უჩინომყოფელად და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისა თვისცა დღეს ყოვლადწმინდისა ხსენებისა შენისა მედღესაწაულენი ცოდვათაგან ხსნასა მოველით ლოცვითა შენითა.

კონდაკი: პავლეს თანამზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მას თანა ქადაგებაი მოგვითხრენ ჩუენ საღმრთოსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყუელო იუდა ნეტარო; ამისთვის გიღაღადებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუენ ყოველთათვის.

სხვა კონდაკი: გონებითა მტკიცითა მოწაფედ რჩეულად გამოსჩნდი შენ და გოდლად უბრძოლველად ქრისტეს ეკლესიისა, და წარმართთა უქადაგე სახარებაი ქრისტესი, და რწმუნებად სიტყუისა ერთითა ღმრთაებითა, რომლისა მიერ იდიდე და მოიხვენ ნიჭნი კურნებათანი სენთა კურნებად, რომელნი მოვივლტვით შენდა მომართ, მოციქულო იუდა ყოვლადქებულო.

 

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული:
ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)

კონდაკი: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვიანიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

წმიდა მოწამენი: პამფილე ხუცესი, ვალენტი დიაკონი, პავლე, პორფირე,
სელევკი, თეოდულე, იულიანე, სამოელი, ილია, ისაია და დანიელი (+307-309)

კონდაკი: წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისათვისცა დაიმკვიდრეთ საუკუნო დიდება და მარადის ევედრებიტ ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.

 

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I)

კონდაკი: ვარსკვლავსა ყოვლადბრწყინვალესა ღმრთივშვენიერებისა ნათლითა წარმართთა განმანათლებელსა მოციქულსა ქრისტესა ანდრონიკეს ვაქებდეთ და მის თანა სახარებასა შინა მშრომელსა იუნიას ყოვლადბრძენსა უგალობდეთ და უღაღადებდეთ: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

მოწამენი: იუსტინე ფილოსოფოსი და სხვა იუსტინე, და მათთან:
ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, რუსტი და ხარიტა (165)

კონდაკი: საღმრთოთა მათ ბრძენთა სიტყუათას შენთა მიერ, იუსტინე, ყოველნი ეკლესიანი ღმრთისანი შეიმკვებიან და ცხოვრებისა შენისა ბრწყინვალებითა სოფელი განათლდების, ხოლო სისხლთა დათხევითა გვირგვინი მოიღე და ანგელოზთა თანა სდგა წინაშე ქრისტესა, ევედრე მას დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.