წმიდა მოციქული ონისიმე (+დაახლ. 109)

კონდაკი: ვნებათა ქრისტესთა საჩინოდ მობაძვაო, თვით მხილველო და მესაიდუმლეო რჩეულო, საღმრთოსა პავლესა ქადაგის შედგომილო, ნეტარო ონისიმე, მის თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

 

ღირსი ონოფრე დიდი (IV)

კონდაკი: ბრწყინვალებითა ყოვლადწმინდისა სულისათა განათლდი შენ, ღმრთივგანბრძნობილო, და დაუტევენ საყოფელი შფოთისანი, და მიიწიე უდაბნოდ, ღირსო მამაო, და იხარებდი ყოველთა ზედა ღმრთისა მიმართ დამბადებელისა; ამისთვის გადიდა შენ ქრისტემან ნეტარო, ნიჭთა დიდთა მომცემელმან.

 

ორმოცი სებასტიელი მოწამე (+320)

ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს ისხნეს, მიიხუენ აწ მეოხებად ჩუენთჳს, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყუარე, გევედრებით.

კონდაკი: ყოველივე მხედრობა ქუეყანისა დაუტევეთ, და ზეცათა მეუფესა შეუვრდით, ღვაწლით შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო, ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ სანატრელნო, და ღირსად მოიგეთ დიდება იგი ზეცათა და სიმრავლეჲ გვირგვინთა.

 

წმიდანნი ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა:
ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი,
მენევსი, ბირილადე და სხვანი (+დაახლ. 319)

კონდაკი: სატანჯველთა მრავალთა მიეცნით ქრისტესთვის, მოწამენო, და სამსახურებელნი იგი კერპთანი დაამხვენით, და დაარღვიეთ ყოველივე უღმრთოებისა საცდური ძალითა ქრისტესითა, და დასთრგუნეთ და ჩუენ ყოველთასარწმუნოდ და ცხადად გვასწავეთ გალობად: ალილუია.