წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)

ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.

 

ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია (+304)

კონდაკი: იქმენ შენ მტკიცე სულითა, ირინე, და სარწმუნოებით განეწყვე, და ცხადად არცხვინე ბოროტსა, და ქრისტეს მიმართ მოუწოდე ბევრეულთა ერთა სიმრავლისა, ნეტარო, და პორფირი განცხადებული გმოსიეს, და აწ ანგელოზთა თანა იხარებ.

 

მოწამე ქრისტეფორე (+250)

ტროპარი: სამოსლითა სისხლითა მიერ შენთა შემკობილთა შუენიერად მდგომარე ხარ შენ წინაშე მეუფისა ძალთასა, ქრისტეფორე, მარადის სახსენებელო, და შენცა უხორცოთა თანა და მოწამეთა გუნდსა უგალობ სამწმინდათა და საშინელითა ტკბილითა მით ხმითა; ამისთვისცა მეოხებითა შენითა აცხოვნე სამწყსო შენი.

კონდაკი: მაღლით ბრძენო, მადლისა მომღებელმან ქრისტეს ღმრთისა თანა მოსახლე იქმენ, ქრისტეფორე დიდებულო, მოღუაწეთა საღმრთო სამკაულო, რომელთა თანა მეოხ გუეყავ შეცოდებათაგან ხსნისა მონიჭებად ჩუენდა.

 

წმიდა მოწამე ქრისტინე (+დაახლ.300)

კონდაკი: ნათლისა სახედ ტრედად იცნობე, მქონებელი ფრთეთა ოქროვანითა, და სიმაღლისა მიმართ ცათასა აღფრინდი, ქრისტინე პატიოსანო; ამისთვისცა დიდებულსა დღესასწაულსა შენსა აღვასრულებთ და სარწმუნოებით თაყუანს ვსცემთ ნაწილთა შენთა ლარნაკსა, რომლისა მიერ აღმოცენებიან ყოველთა მდიდრად კურნებანი საღმრთონი სულთა და ხორცთა.