სექტემბერი

1

საეკლესიო ახალი წელი - ინდიქტიონი

ტროპარი: ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა სიტკბოებითა შენითა უფალო, დაიცევ მეფე და სამწყსო შენი, რომელი გევედრებიან ღმრთის-მშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.

კონდაკი: რომელი მკვიდრ-ხარ მაღალთა შინა ქრისტე მეუფეო, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედო და დამბადებელო, რომელმან დღენი და ღამენი, ჟამნი და წელნი ჰქმენ, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწდისა, დაიცევ და შეზღუდე მშვიდობით მართლმადიდებელი მეფეჲ და ქალაქი, და ერი შენი, მრავალ მოწყალე.

 

სასწაული ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, რომელი იყო მიასინეს (864)

ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნავთსაყუდელო და შესავედრებელო კაცთა ნათესავისაო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელი მხოლო ხარ დედა და ქალწული, მარადის კურთხეული და დიდებული, ევდრე ქრისტესა ღმერთსა მონიჭებად ყოვლისა სოფლისა დიდი წყალობა.

 

ღირსი მამა სიმეონ მესვეტე (459)

ტროპარი: სვეტმოთმინებისა ქმნილი, ებაძვე პირველთა მამათა, ღირსო, იობს – ვნებათა შინა, და იოსებს – განსაცდელსა, და უჴორცოთა – მოქალაქობასა, მყოფი ჴორცთა შინა. მამაო წმიდაო სჳმეონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.

კონდაკი: ზენათა ძიებითა, ზენათა შეერთებული, და ცად მეორედ სვეტისა აღმმართებელი, ამათ მიერ თანა მზრახველ ანგელოსთა იქმენ შენ, ნეტარო, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელმად ჩუენ ყოველთათვის.

 

2

წმიდა მოწამე მამაი (+275), მამა მისი თეოდოტე და დედა - რუფინე (III)

კონდაკი: კუერთხითა, წმიდაო, ღმრთისა მიერ შენდა მოცემულითა, ერი შენი დამწყსე ცხოვრება-შემოსილითა საძოვართა ზედა, ხოლო მხეცნი უხილავნი და დაუმშვიდებელნი შემუსრენ ფერხითა ქუეშე მგალობელთა შენთასა, რამეთუ ყოველნი, რომლენი ვართ ძვირთა შინა, მხურვალედ ზედამდგომელად და შემწედ მოგიგებთ შენ, მამანტი.

 

3

მღვდელმოწამე ანთიმოზი - ნიკომიდიელი ეპისკოპოსი (+302)

კონდაკი: მღვდელთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინებულმან, წამებისა გზისა სრუმყოფელმან, კერპთა სამსახურებელნი დაშრიტენ, ღმრთივგონიერებით ბრწყინვალექმნილმან სამწყსოა შენისამან; ამისთვისცა მაქებელნი შენნი საიდულმლოდ გიღაღადებთ შენ, ძვირთაგან მარადის მიხსნიდ ჩუენ ოხათა შენთა მიერ, მამაო წმიდაო ანთიმოზ.

 

4

წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი (III)

კონდაკი: ვითარცა მართლმადიდებლობისა ქადაგსა და მოღუაწესა და ეკლესიისა სიმტკიცესა, გადიდებთ შენ ბაბილა დიდებულო, დღეს განათლებულნი, სოფელსა შინა აღვასრულებთ დიდებასა და ქებასა შენსა, არამედ ვითარცა გაქუს კადნიერებაი უფლისა მიმართ, დაგვიფარენ ქრისტეს მიმართ ვედრებითა სენითა, ჰოი მრავალმოღუაწე.

 

წმიდა წინასწარმეტყველი და ღვთისმხილველი მოსე (+1531 ქრისტეს შობამდე)

ტროპარი: მართალო, მშვიდო, გონება-წრფელო, უღმრთოთა ძლიერად დანთქმულო, ურწყულთა მომრწყუელო და ღმრთისმხილველო, სჯულისა მომცემელო, წინასწარმეტყუელთა დასაბამო, მოსე, მეოხ-გუეყავნ ჩუენ.

კონდაკი: სიმაღლესა სათნოებათასა აღხედ, წინასწარმეტყუელო მოსე; ამისთვის ღირს-იქმენ დიდებასა ღმრთისასა, რომელმან ფიცარი სჯულისანი მის მადლისანი მოიხუენ და გამოსახულნი მადლნი თავსა შორის შენსა გიტვირთავს, და იქმენ წინასწარმეტყელთა დიდებაი და პატივი და ღმრთისმსახურებისა დიდი მესაიდუმლოე.

კონდაკი: გუნდნი წინასწარმეტყელთანი მოსეს და აარონის თანა სიხარულით დღესასაწაულობენ, რამეთუ აღსასასრული წინასწარმეტყუელებისა მათისა აღესრულა ჩუენ ზედა, რამეთუ ბრწყინავს დღეს ქრისტე, რომლითა გვიხსნა ჩუენ ქრისტემან, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

5

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი - იოანე ნათლისმცემლის მშობლები (I)

ტროპარი: მღუდელობისა სამკაულითა ბრწყინვალედ გარეშერტყმულმან, ჰსჯულისაებრ ყოვლად-დასაწველნი შეწყნარებულნი ღმრთისა მღუდელ შვენიერად შესწირენ ზაქარია, და იქმენ მნათობ და მხილველ საიდუმლოთა, და მოსწავებათა მადლისათა შენ შორის მქონებელად გამოსჩნდი ყოვლად-ბრძენო, და მახვილითა მოიკალ ტაძარსა შინა ღმრთისასა, ქრისტეს წინასწარ-მეტყველო, წინა-მორბედისა თანა მეოხ-გვეყავ ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: დღეს წინასწარმეტყველმან და მღუდელმან უფლისამან, ზაქარია, მშობელმან წინა-მორბედისამან, წინა დაგვიგო ტარიგი წინასაწარ-მეტყველებისა, მორწმუნეთა გამომზრდელი, და სასმელი სიმართლისა ყოველთა გვიწდია, ამის-თვისცა იდიდა ვითარცა საღმრთოჲ მესაიდუმლე ღმრთისა მადლისა.

 

6

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ ხონას შინა

ტროპარი: ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზო მიქაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რათა მეოხებითა შენითა შეგვზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უხორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი, შეგივრდებით, და ხელ აღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენ ჩუენ, დიდნო მთავარო ზეცისა ძალთაო.

კონდაკი: მთავარ-ანგელოსო ღმრთისაო, მსახურო საღმრთოსა მის დიდებისანო, ანგელოსთა-მთავარო და წინამძღვარო შეცდომილთაო უმჯობესისა ჩუენცა გვიოხე დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარო.

 

7

წინადღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობისა

ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა, რამეთუ სიხარულით იხარებს ყოველი და განახლდების და ერთბამად იხარებენ ცანი და ქუეყანაი, აქებდით მას, ტომნო წარმართთანო; იოაკიმ განსცხრებოდე და ანა დღესასწაულობდ და ღაღადებდ: ბერწი შობს ღმრთსმშობელსა და მზრდელსა ცხორებისა ჩუენისასა.

კონდაკი: ქალწული დღეს ღმრთისმშობელი მარიამი, სასძლო შეუგინებელი ზეცათა სიძისა იშვების უნაყოფოსგან ღმრთისა განზრახვითა, ეტლი სიტყვისა კეთილად განიმზადების, რამეთუ ამას ეწოდა საღმრთო ბჭე და დედა ცხორებისა ჭეშმარიტისა.

 

წმიდა მოწამე სოზონტი (+დაახლ. 304)

კონდაკი: ჭეშმარიტსა და ღმერთშემოსილსა მოწამესა, და მოღუაწესა კეთილმსახურებისასა გამოცდილსა, შემოკრებულნი დღეს ხმამაღლად შევასხმიდეთ სოზონტის, მესაიდუმლოესა მადლისასა, და საკვრველებითა მდიდრად მომნიჭებელსა, რამეთუ ევედრების ქრისტესა ჩუენ ყოველთათვის.

 

8

შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

ტროპარი: შობამან შენმან, ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგჳბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დაჴსნა წყევა, და მოგუმადლა კურთხევა და განაქარვა სიკუდილი, და მოგუანიჭა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.

კონდაკი: იოაკიმ და ანა ყუედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ჴრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანა-მდებობისაგან ბრალთასა ჴსნილი ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა.

 

წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)

ტროპარი: ბეთანიისა მამანო საკვირველნო, ანგელოზად სახელდებულნო ყოველთა მიერ მცნობელთა თქუენთა: იოანე, სიყრმითვე მუშაკო განშუენებად ღმრთისა სავანისა, გიორგი წინაჲსწარმეტყველებისა ნიჭითა აღმკულო; წყუდიადსა შინა უსჯულოებათასა გზნებულნო ლამპრად მართლმადიდებლობისა, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

9

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშობლები - იოაკიმე და ანა (I)

ტროპარი: მართალთა შენთა უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, და მათ მიერ გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

სხვა ტროპარი: რომელი ჰსჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს, და ყრმა ღმრთის-მშობელი გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამის-თვისცა დღეს ბრწყინვალედ განსცხრების სოფელი, და დღესასწაულობს ეკლესია ღმრთისა პატიოსანსა ხსენებასა მათსა, და ადიდებს ღმერთსა, რომელმან აღგვიდგინა ჩუენ რქა ცხოვრებისა სახლსა დავითისსა.

კონდაკი: იხარებს აწ ანა, ბერწობისა საკრველთაგან ხსნილი, და ზრდის ყოვლად-უხრწნელსა, თანად მომწოდებელი ყოველთა გალობად, რომელმან მოანიჭა საშოთ მისით კაცთა მხოლო დედა, ქმრისა გამოუცდელი.

 

ხსენება მე-3 მსოფლიო კრებისა (431)

ტროპარი: უფროსად იდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარმწუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე, მრავალმოწყალე ქრისტე ღმერთო, დიდედა შენდა.

 

10

წმინდა მოწამენი მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა (305-311)

კონდაკი: სამებისა წმიდისათვის მხნედ მოღუაწეთა, მრავალმანქანა მტერი იოტეთ, ძმებრთანაშეკრულთა სულითა, ვინა განისვენეთ ხუთთა ქალწულთათანა, ზეცისა სასძლოსა, ღვაწლით შემოსილნო, და ანგელოსთა თანა ყოველთა მეუფისა წინაშე მოუკლებელსა სიხარულსა შინა მდგომარე ხართ.

 

11

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი (+474-491)

კონდაკი: ხორცნი განლიე მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა, და შემოქმედისა შენისა მიმართ ვედრებითა ცოდვათა შენთა მისატევებელად, ხოლო მიიღე სრულიად შენდობაი შეცოდებათა და გვიჩვენე ჩუენცა გზაი იგი შენდობისა სინანულითა.

 

13

წმიდა დიდმოწამე, საქართველოს მნათობი კახეთის დედოფალი ქეთევანი (+1624)

ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.

 

14

წმიდა იოანე ოქროპირი (+407)

ტროპარი: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩუენა ჩუენ: არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმჰსწავლენ ჩუენ, ეგრეთვე სიტყვასა ქრისტე ღმერთსა ევედრე მამაო ოქრო-პირო შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ზეცით მოიღე საღმრთო მადლი, და ბაგითა შენითა ყოველთა ასწავე თაყვანის-ცემა სამებისა მხოლოისა ღმრთისა, იოანე ოქროპირო, ყოვლად-სანატრელო, ღირსო, ღირსად გაქებთ შენ, რამეთუ ხარ მოძღვარი, ვითარცა საღმრთოდ გამოჩინებული.

 

15

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი (+570)

ტროპარი: იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა, და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმრთისა, რომელმან მოსცა ესე-ვითარი მამა, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ ლარნაკთა შენთა და შენ მიერ მოიღებენ ღმრთისაგან მდიდრად წყალობასა, ღირსო იოსებ.

კონდაკი: წარუვალისა დიდებისა სუფევა შეიყუარე მამაო იოსებ, ამისთვის ქუეყანასა ზედა ცხოვრებითა შვენიერითა და ქცევითა საწადელითა იქცეოდი, და იქმენ შეზავებულ ვითარცა მარილითა სიყვარულისა ღმრთისათა, ამისთვის გნატრით და გევედრებით, რათა გვიოხო წინაშე მეუფისა.

 

17

წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო (+დაახ. 137)

კონდაკი: სოფიო პატიოსნისა რტოთა, წმიდად გამოჩინებულთა: პისტი, ელპიდი და აღაპი, განასულელეს სიბრძნეჲ ელინთა, მადლითა და მოღვაწებითა ძლევა შემოსილად გამოჩინებულთა, და გვირგვინი უხრწნელებისა ყოველთა მეუფისა ქრისტეს ღმრთისაგან მოიხვნეს.

 

18

წმიდა მოწამენი: ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავნი - ელიზბარი და შალვა (+1661)

ტროპარი: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ-არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

კონდაკი: მტკიცენი და ყოვლად ბრწყინვალენი გუნდნი სამთა მოწამეთანი, სამ-ბრწყინვალისა ღმრთეებისა აღმსაარებელნი, სამსჯავროსა მას შაჰისასა ღაღადებდეს: სისხლსა და სულსა ჩუენსა ხორცთა თანა, ვითარცა უბიწოსა მსხვერპლსა, შევსწირავთ შენდა, მეუფეო, ჩუენცა აღგვრაცხენ შენთა ზეცისა პირმშოთა თანა, ვითარცა ღმერთმან მოწყალემან.

კონდაკი ბიძინასი: მოწყლული სურვილითა მეუფისათა, არა რიდებდა ტანჯვასა ხორცთა თვისთასა, მსგავსად იაკობისსა ასოეულად დაჭრასა, ვინა მოვედით კრებულნო მორწმუნეთანო და შეუთხზათ ქებაჲ ღირსსა ქებისასა ბიძინას, რათა მეოხ იყოს ქრისტეს მიმართ ჩუენ ყოველთათვის.

კონდაკი ერისთავთა: გიხაროდენ, მოწამენო, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლის ღებაჲ სისხლითა თქუენითა და განსწმიდეთ სულნი თქუენნი და სუნნელ იქმნენით, ყვავილნო შვენიერნო და ბრწყინვალებანო მორწმუნეთანო, ელიზბარ და შალვა, მეოხნო და მცველნო სულთა ჩუენთანო.

 

20

წმიდა დიდმოწამე ევსტათი პლაკიდა, ცოლი მისი თეოპისტია და ძენი მათნი: აღაპი და თეოპისტე (+ დაახ. 118)

ტროპარი: მოწამეთა შენთა უფალო ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ვნებათა ქრისტესთა ცხადად მიმსგავსებული, და სარწმუნოებით მისისა სასმელისა მსმელი ევსტათი, ზიარ და თანა მემკვიდრე დიდებისაცა იქმენ თვით მის, ყოველთა ღმრთისა მიერ, მაღლით მომღებელი მოტევებისა.

 

24

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთა სწორი თეკლა (I)

ტროპარი: რომელი დაემოწაფე სიტყვასა პავლესსა უბიწოო, და დაემტკიცე სარწმუნოებასა ზედა პეტრესსა, ღმრთივ-წოდებულო, პირველ მოწამე იქმენ, და პირველ მოღვაწე შორის დედათა აღხედ ცეცხლსა ზედა, და არა შეგეხო ალი მისი, მხეცნი და კურონი შენგან შეძრწუნდეს, სასწაულითა ჯუარისათა. ქრისტესა ევედრე ყოვლად ქებულო, რათა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ქალწულებისა სიკეთითა განბრწყინდი, და მარტვილობისა გვირგვინითა შეიმკვე, და მოციქულება ვითარცა დიდებულსა პავლეს, და ცეცხლისა ალი ცვარად გარდააქციე, და კუროსა გულის წყრომა ლოცვითა შენითა დააცხრვე, ვითარცა პირველ მოწამემან.

 

30

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი (+ დაახ. 335)

ტროპარი: საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელ-მთავარო გრიგოლი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: დიდებულსა მღუდელ-მთავარსა ყოველნივე, ვითარცა მწყემსსა ჭეშმარიტებისასა, დღეს მორწმუნენი ქებით და გალობით შევასხმიდეთ, აწ მწყემსსა და მოძღვარსა, გრიგორის, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა, რამეთუ ქრისტესა ევედრების ცხოვრებად ჩუენდა.