სწავლანი კეთილზნეობისა და წმიდა ცხოვრებისათვის
წმიდა მამის ანტონი დიდისა

81. შეუძლებელია ადამიანმა სიკვდილი აიცილოს თავიდან - ამისთტვის არავითარი საშუალება და ხერხი არ არსებობს. კარგად უწყიან რა ეს, ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები, სულით გამოცდილნი და ღვთისმოყვარენი, მხოლოდ სათნოების მოსაპოვებლად იღვწიან და კეთილმსახურად ზრახავენ, და სიკვდილსაც ყოველგვარი ოხვრა-კვნესის, შიშისა და ტირილის გარეშე ხვდებიან. ისინი იმას ფიქრობენ, რომ ხორციელი სიკვდილი უცილობელი ხვედრია ადამიანისა, და ამასთან, იგი მოგვაშორებს ჩვენ იმ ბოროტებისაგან, რომელსაც ამქვეყნიურ ცოდვილ ცხოვრებაში შეიძლება ვეწიოთ.

82. კი არ უნდა შევიძულოთ ხოლმე სათნოებას მოკლებულნი, კი არ უნდა გავურრისხდეთ ასეთ ადამიანებს, რომელთაც დავიწყებიათ კეთილმსახური და ღმერთისათვის მოსაწონი ცხოვრება, და ამის მიზეზით უმართლო და ღმთისმგმობი დოგმატებით მსჯელობენ, არამედ კიდევ უფრო უნდა გვებრალებოდეს ისინი, რადგანაც დაგლახაკებულან გონიერებით, დაბრმავებულან გულით და დაღუპვისაკენ მიექანებიან, რადგანაც ბოროტება სიკეთედ მიაჩნიათ, უცნობელნი არიან ღმერთისა და სამგზის შეჩვენებულნი არიან. ასეთნი უნდა გვეწყალებოდეს და შეძლებისამებრ უნდა შევეწიოთ, რათა გულისხმა-ჰყონ თავიანთი შეცდომილება.

83. ყველასთან ნუ დაიწყებ საუბარს კეთილმსახურებასა და სათნო ცხოვრებაზე. შურის წინაშე შიშის გამო კი არ გაფრთხილებ ამისთვის, არამედ იმიტომ, რომ, როგორც მე ვგონებ, უგუნურს მხოლოდ სასაცილოდ მოეჩვენება შენი საუბარი. მსგავსს მხოლოდ მსგავსი თანაუგრძნობს, ხოლო ზემოხსენებული საუბრისათვის ბევრნი როდი არიან მზად, და არც ნამდვილად ღირსეული მსმენელები არიან მრავლად სულიერი საუბრებისა, უფრო სწორედ ასეთნი ძალზე მცირენი არიან. ამიტომ ჯობს, სულ არ ილაპარაკო უგუნურ ადამიანთან, რადგანაც ეს როდი ნებავს ღმერთს შენი ხსნისათვის.

84. სული თანაელმის სხეულს, სხეული კი არ თანაუგრძნობს სულს. ასე მაგალითად, როცა სხეულს ჰგვემენ, მასთან ერთადვე სულიც იტანჯება, და როცა სხეული ჯანსაღი და მტკიცეა, ამით სულიერი გრძნობაც ადამიანისა დაამებულია. მაგრამ როცა სული მძიმეს რასმე განსჯის და სინანულით არის აღვსებული, მასთან ერთადვე არ განსჯის და არ ინანიებს სხეულიც, არამედ თავისთვის არის, ისე, რომ არ მოქმედებს სულის მსგავსად და თითქოს ერთ ადგილას არის გაქვავებული. განსჯა რაიმე სიმძიმის გამო და მონანიება ცოდვებისა - მტკივნეული რამ არის ადამიანის სულისათვის, და არა სხეულისათვის, და ამგვარადვე მხოლოდ სულისაგან აღმოცენდებიან ბოროტი ვნებებიც - უცნობელობა ღმერთისა, ამპარტავნება, ურწმუნოება, ანგარება, პატივმოყვარეობა, უთანხოება, სიკეთის უგრძნობელობა და სხვა ამის მსგავსი ბოროტი ვნებები ადამიანისა.

85. ღმერთზე ფიქრისას უნდა იყო კეთილმოშიში, უშურველი, გულკეთილი, თავშეკავებული, მდაბალი, მორჩილი, უხვი, თანაზიარი სხვებისა, არამოკამათე და სხვა სათნოებებით აღსავსე, იმიტომ, რომ ადამიანის სულისათვის უპირველესი მოსახვეჭია ეს - თავი მოაწონოს ღმერთს ყველა ამ სათნოებებით. გარდა ამისა, ჯერ-არს არ დავგმოთ და არ გავკიცხოთ ვინმე ღმერთზე განსჯისას, ანუ არავისზე მოძმეთაგან არა ვთქვათ - ბოროტიაო, ამან შესცოდაო, არამედ უმჯობესია საკუთარი ბოროტი საქმეები გამოვიძიოთ და საკუთარი ცხოვრება განვიხილოთ გამოწვლილვით, მარტოდ ყოფნის ჟამს, და შევეკითხოთ ხოლმე საკუთარ თავს - მოსაწონია თუ არა იგი ღმერთისათვის? რა ხელი გვაქვს იმასთან, თუკი ვინმე სხვა არის ცოდვილი?

86. ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი ცდილობს კეთილმოშიში იყოს, ხოლო ასეთი ის არის, ვინც არ ისურვებს თავისთვის არაფერს უცხოსა და გარეშეს. უცხო და გარეშე მორწმუნე ადამიანისათვის - ყოველივე ამაქვეყნიურია. მაშ, მოიძაგე და უგულებელჰყავი ყოველივე ამქვეყნიური, რადგან შენ ხატი და მსგავსსება ხარ ღმერთისა. ღვთის ხატება და მსგავსება აქვს ადამიანს მაშინ, როცა იგი მართლიად და ღვთის სათნომყოფელად ცხოვრობს, ხოლო ასეთი ცხოვრება კი შეუძლებელია, თუკი ადამიანი არ მოშორდება ყველაფერ იმას, რასაც ბოროტ ვნებათა და ბილწ გულისწადილთა აღძვრა შეუძლია მასში. ვისაც ღვთისმოყვარე გონება აქვს, იგი ყოველივეში გამოცდილი და დახელოვნებულია, რაც კი მხსნელი შეიძლება იყოს სულისთვის. ასეთი ადამიანი ნამდვილად კეთილმოშიშია. ღვთისმოყვარე კაცი არავის არაფერს არ საყვედურობს და არც გაჰკიცხავს მოძმეს ცოდვისათვის, რადგან იცის, რომ თვითონაც ცოდვილია. ასეთი ღირსება ღვთისმოყვარე სულისა - სხვისი განუსჯელობა - ერთი ნიშან-თვისებათაგანია იმ სულისა, რომელიც ხსნის გზაზე დამდგარა.

87. ბოროტ საქმეებს ისურვებენ ხოლმე მხოლოდ ის ადამიანები, რომელნიც მთელს თავის ძლასა და უნარს არ ზოგავენ იმისათვის, რომ წარმავალი, ამქვეყნიური დიდება-სიმდიდრე მოიპოვონ. მათ დავიწყებიათ სიკვდილი და საუკუნო დაღუპვა საკუთარი სულისა, და სულ არ ზრუნავენ ყოველივე იმისათვის, რაც მხსნელი შეიძლება იყოს მათი სულებისათვის. ამ ბედკრულ ადამიანებს ოდნავადაც კი ვერ წარმოუდგენიათ მთელი სიმძაფრე და დაუსრულებლობა სატანჯველისა, რომელიც სიკვდილის შემდგომ უნდა დაითმონონ, - ამქვეყნად, სიცოცხლის ჟამს ჩადენილი ბოროტებებისათვის.

88. ღმერთი არ არის მიზეზი ბოროტებისა. შემოქმედმა გონიერება მიანიჭა ადამიანს, უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, და ამასთან სრული თავისუფლებაც; ხოლო ბოროტი ვნებები იმის გამო აღმოცენდებიან ადამიანის სულში, რომ იგი მცონარებასა და უზრუნველობას მიეცემა ხოლმე. ღმერთი კი სულაც არ არის მიზეზი ამ ბოროტი ვნებებისა, ადამიანის სულს რომ მოსწყლავენ და დაღუპვისაკენ მიაქანებენ. და დემონებიც, რომელნიც კეთილ, ნათლის ანგელოზებად არიან დაბადებული ღმერთის მიერ, სწორედ თავიანთი თავისუფალი ნების არჩევანით იქცნენ ბოროტ სულებად, ისევე, როგორც ადამიანთა უდიდესი ნაწილიც მხოლოდ საკუთარი ნებით დამონებია ბოროტს.

89. კეთილმსახურად მცხოვრები ღვთისმოშიში ადამიანი არ დაუშვებს იმას, რომ ბოროტი ვნება დაეუფლოს მის სულს, ხოლო როცა სულში არ არის ბოროტი, მაშინ იგი უხიფათოდ და უვნებლად ჰგიებს. ამგვარ ადამიანებზე ხელი არა აქვს არც ბოროტ დემონს და არც შემთხვევის მზაკვარებას. ღმერთი აშორებს მათ ყოველნვე ბოროტს, და ისინიც უვნებლად ცხოვრობენ მისი საფარველის ქვეში თავადაც შემსგავსებულნი ღმერთს. თუკი შეაქებს ვინმე ასეთ ადამიანს, მას გულში გაეცინება თავის შემქებელზე, ხოლო თუ გაჰკიცხავს ვინმე, იგი თვითონ არ ეცდება თავი დაიცვას მკიცხველთაგან და არც განრისხდება იმის გამო, რამ ასე ლაპარაკობენ მასზე.

90. ბოროტება იმგვარადვე მიეთვისება ხოლმე ბუნებრივს, როგორადაც ჟანგი ეთვისება სპილენძს, ანთუ ჭუჭყი - სხეულს კაცისას. მაგრამ მსგავსადვე იმისა, რომ არც მექვაბეს არ წარმოუშვია ჟანგი და რაც მშობლებს კაცისას - ჭუჭყი, ასევე არც ღმერთს დაუბადია ბოროტება. ღმერთმა ადამიანს სინდისი და გონიერება მომადლა იმისთვის, რომ მას ბოროტისაგან მოშორება შესძლებოდა, რადგან, ამასთანავე, ეცოდინებოდა - ბოროტი საზიანოა ჩემი სულისთვის და მხოლოდ სატანჯველს განმიმზადებსო. მაშ, დაუკვირდი ამას, ძმაო, და თუ ოდესმე ძლიერებასა და სიმდიდრეში მყოფ წარმატებულ ადამიანს შეჰხვდები არაფრით არ აამო მას და არ შეაქო ამგვარი მდგომარეობისათვის, რადგან თუკი შეაქებ და აამებ მას, თვითონაც ცთუნებული აღმოჩნდები დემონთაგან. ასეთ დროს მარად სიკვდილი გედგას თვასწინ, და თუ ასე იქნება, არასდროს არ ისურვებ თავისთვის არაფერს ბოროტს, ანუ ცხოვრებისეულ და ამაქვეყნიურ სიკეთეთ.

91. ღმერთმა, შემოქმედმა ჩვენმა, უკვდავება მიჰმადლა ცათა შინა არსებულთ, მაგრამ ამასთანავე ცვალებადობას დაქვემდებარებულნი დაჰბადა ისინი, რადგან თავისუფლებაც მიანიჭა. ყოველივე დანარჩენს მან სიცოცხლე და მოძრაობა შესძინა, და ყველაფერი ეს ადამიანისათვის შეჰქმნა. ამრიგად, ნუ წარგიტაცებენ ხოლმე ცხოვრებისეული სიკეთენი, რისკენაც ეშმაკი გიბიძგებს ბოროტ ზრახვათა შეგონებით, არამედ მარად გახსოვდეს, რომ ზეციური სიკეთენი მიგელის, ყოველი განსაცდელის ჟამს ასე უთხარი ხომე საკუთარ თავს: თუკი მოვისურვებ, ხელ-მეწიფება წინ აღვედგე ბოროტს და ვძლიო ჩემს სულში ბოროტ ვნებებს; მაგრამ მე ვერ გავიმარჯვებ, თუკი საკუთარ სურვილთა დაკმაყოფილბაც მენდომება! აი, ამგვარად იღვაწეთ, ძმანო, და თქვენ შეიძლებთ იხსნათ თავი.

92. ადამინის სიცოცხლე შეთანხმიერებაა, შერწყმაა გონებისა (სულისა), სამშვინველისა და სხეულისა; ხოლო სიკვდილი ამ შერთებულ ნაწილთა დაღუპვა და გაქრობა კი არ არის, არამედ დარღვევაა მათი კავშირისა; ამ კავშირის დარღვევის შემდეგაც ღმერთი ყველა ამათ ინახავს.

93. გონება არ არის სამშვინველი. იგი ღვთის ნიჭია, რომელმაც სული უნდა იხსნას. ღვთის სათნო-მყოფელი გონება სამშვინველს წინ მიუძღვება ამა ცხოვრებაში და ურჩევს ყოველივე წარმავალის, ნივთიერისა და ხრწნადის მოძაგებას. და მათს ნაცვლად შეყვარებას საუკუნო, უხრწნელი და არანივთიერი, ანუ სულიერი სიკეთეებისა იმგვარად, რომ სხეულშივე მცხოვრებმა ადამიანმა გონებით წარმოიდგინოს და შეიმეცნოს ღვთაებრივი სიკეთენი. ამრიგად, ღვთისმოყვარე გონება ადამიანისა კეთილისმყოფელია, მხსნელია სულისა.

94. სული, რომელიც სხეულის საამებლად მოქმედებს, ბნელი შეიქნება ხოლმე ამ სიამეთაგან და საბოლოოდ იღუპება. ღვთისმოყვარე გონება ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. იგი მწუხარებას მოუვლენს სხეულს. გასთანგავს მას შრომით, მარხვით, მღვიძარებით და ასე იხსნის მას დაღუპვისაგან, მსგავსად იმ მკურნალისა, რომელიც დანით გაჰკვეთს სხეულს, ანდა მოსწვავს მას, რათა სენისაგან განკურნოს და სიკვდილს გადაარჩინოს.

95. ის სულნი, რომელნიც ღვთისმოყვარე გონებით არ არიან აღვირასხმულნი და მართლიად წარმართებულნი, და ამის გამო ბოროტ ვნებებს დამორჩილებიან - ამაქვეყნიურ სიამეთ და მათგან მომდინარე მწუხარებას, - ასეთი სულები დასაღუპად არიან განწირული მსგავსად უგუნური პირუტყვებისა. ამგვარი სულები, გატაცებულნი ბოროტი ვნებებით, იმ ცხენებს ჰგვანან, მეეტლეს რომ ვეღარ დაუმორჩილებია და დასაღუპად მიექანებიან.

96. უდიდესი სნეულება დამიანის სულისთვის, უკიდურესი უბედურება და წარსაწყმედელია მისთვის - უცნობლობა ღმერთისა, რომელმაც ყოველივე ადამიანისათვის და მისი ხსნისათვის შეჰქმნა, მხოლოდ მას მოჰმადლა რა გონიერება და ნიჭი სიტყვისა; გონიერებითა და ამ ნიჭით სიტყვისა ადამიანის სულს ძალუძს ზეცად აღმაღლდეს და თანაზიარი შეიქნას ღმერთისა, როცა მისი მჭვრეტელი, ჭეშმარიტებით შემცნობი და მარადის მადიდებელი იქნება.

97. სული - სხეულშია დავანებული, სულში - გონიერება ჰგიებს, ხოლო გონებაში - სიტყვაა, რომლის მეშვეობით განჭვრეტილი და განდიდებული ღმერთი უკვდავყოფს ადამიანის სულს - უხრწნელებასა და საუკუნო ნეტარებას ანიჭებს მას. ყოველივე არსებულსაც ხომ ღმერთმა მიანიჭა სიცოცხლე თავისი ერთიანი სახიერებით.

98. ღმერთმა, ყოველგვარ მოწყალებაში უშურველად უხვმა და ყოვლადსახიერმა, თავისუფალი, თავის თავზე ხელმწიფების მქონე დაჰბადა ადამიანი, და იმის შესაძლებლობაც მიანიჭა მას, რომ სათნოეყოს თავის შემოქმედს, თუკი, რაღა თქმა უნდა, სურვილი ექნება ამისა. ხოლო ღმერთს იმ შემთხვევაში სათნო-ეყოფა ადამიანი, თუკი მასში ბოროტება არ იქნება. იმიტომ, რომ თუკი თვით ადამიანებიც აქებ-ადიდებენ კეთილ საქმეებსა და სათნოებებს წმიდა ღვთისმოყვარე სულისას და ასევე ჰკიცხავენ და ჰგმობენ მის ბოროტ და სამარცხვინო საქმეებს, რაოდენგზის უმეტესადრე ღმერთს ეყვარება ყოველივე კეთილი, თავის მიერ შექმნილ ადამიანში, მას, ვისაც მისი ხსნა უნებებია!

99. ყოველგვარ სიკეთეს, რასაც კი იქმს ადამიანი, ღმერთის მიერ იქმს, და ყველა სათნოებაც მისგან აქვს მიღებული. ხოლო ბოროტებას თავისი ნებით ეწევა ხოლმე, საკუთარ თავში არსებული მიზეზით - ბოროტი ვნებებისა და ბილწი გულისწადილისაგან, რომელთა გამოც ადამიანი უგულისხმოა სიკეთისა.

100. უგულისხმო სული, ბუნებით უკვდავი და მბრძანებელი სხეულისა, მის მონად შეიქნება ხოლმე გრძნობისმიერ სიამოვნებათა მოსურვების მიზეზით, რადგან არ უწყის, რომ როცა სხეულს აამებს, ამით სულს ღუპავს, ასე რომ, უგულისხმობით დაბნელებული და დამახინჯებული სული ადამიანისა მზრუნველობით დაჰფუფუნებს სხეულს, და თავისდა წარსაწყმედად, სურს სიამენი მიანიჭოს მას.

101. ღმერთი სახიერია, ადამიანი კი - უსახური, ბოროტი თავის ცოდვათა გამო, ცათა შინა არ არის ბოროტება, ამქვეყნად კი - ჭეშმარიტი სიკეთე არ არის. მაგრამ გონიერი კაცი უკეთესს ირჩევს თავისთვის: იგი მთელი თავისი უნარით ცდილობს ღმერთი შეიმეცნოს, ყოველივესთვის მადლს მიუძღვნის და განადიდებს მას. თავისი სხეულით კი, პირველ ყოვლისა, სიკვდილს მოიძაგებს, რაკი მის ბოროტ ვნებებს (მოთხოვნებსა და სურვილებს) არ ემონება და არ დააკმაყოფილებს, რადგან კარგად უწყის მათი დამღუპველობა სულისათვის.

102. ცოდვისმოყვარე ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ცხოვრებისეული სიკეთენი მოიპოვოს, ხოლო სიმართლისათვის იგი ნაკლებ გულმოდგინეობს, რადგან სულ არ ფიქრობს ამქვეყნიური ცხოვრების უსამართლობაზე, არამდგრადობასა და ხანმოკლეობაზე; ასეთ ადამიანს არ ახსოვს სიკვდილი, არ იცის, რომ იგი მოუსყიდავია და გარდაუვალი. თუკი მოხუცების ჟამსაც კვლავ ამგვარია ადამიანი - ურცხვი და უგუნური, იგი მსგავსად დამპალი ხისა, არავითარი საქმისათვის გამოსადეგი არ არის და ღმერთისათვისაც ყოვლად უხმარია.

103. შვებას და სიამეს განვიცდით ხოლმე ჩვენ მას შემდეგ, რაც რაიმე სამწუხაროს და სამძიმოს დავითმენთ. აკი წყალსაც სიამით ვერ დალევს კაცი, თუკი წყურვილი არ კლავს; საზრდოსაც უამურად მიიღებს ის, ვისაცშიმშილი არ დაუთმენია; ძილითაც ტკბილად ვერ ჩაიძინებს კაცი, თუკი მანამდე, შრომით დაღლილს, რული არ ართმევდა თავს; და სიხარულსაც ისე ძალიან არ განიცდის ადმიანი, თუკი მწუხარება არ დაუთმენია. და ზუსტად ამგვარადვე საუკუნო სიკეთეებით ვერ დავტკბებით ჩვენ ცათა შინა, თუკი ამქვეყნად ცხოვრების ჟამს ყოველივე წარმავალსა და ხანმოკლეს არ მოვიძაგებთ.

104. სიტყვა, ენით გამოთქმული - გონების მსახურია. როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი, - კეთილგონიერი თუ უგნური,- რაც მის გონებას სურს, სიტყვაც იმასვე გამოხატავს ხოლმე.

105. გონებას ყველაფრის დანახვა შეუძლია, იმისაც კი, რაც ცათა შინაა, და ვერაფერი ვერ დააბნელებს მას ისე, რომ ეს უნარი დაუკარგოს, გარდა ერთისა - ცოდვისა. ხოლო წმიდა შეურყვნელი გონებისათვის არაფერი არ არსებობს ისეთი, რასაც იგი ვერ შეიცნობდა, ისევე, როგორც სიტყვისთვის არ არსებობს რაიმე გამოუთქმელი.

106. თავისი სხეულით ადამიანი მოკვდავია, ხოლო თავისი გონებითა და სიტყვით - უკვდავი. როცა დუმხარ - გონებისმეტყველებ, და გონებისმეტყველებით საკუთარ თავში უბნობ, რადაგანაც მდუმარებით გონება სიტყვას წარმოშობს, ხოლო სიტყვა, რომელიც მადლს მიუძღვნის ღმერთს და განადიდებს - არის ხსნა ადამიანის სულისა.

107. უაზროდ, განუსჯელად მოლაპარაკე ადამიანს არა აქვს გონიერება, რადგანაც იგი ისე წარმოთქვამს სიტყვებს, რომ არაფერს არ ფიქრობს მათს გამო. შენ კი განსაჯე ხოლმე და დაუკვირდი, თუ რისი თქმა და გაკეთება იქნება სასარგებლო შენი ხსნისათვის.

108. გონიერი სიტყვა, სასარგებლო სულისთვის - ღვთისაგან მომადლებული ნიჭია, და პირიქით: ცარიელი, უსაგნო სიტყვა, რომლითაც ადამიანს, ვთქვათ, სურს განსაზღვროს სივრცე ცასა და მიწას შორის, ანდა ზომა-სიდიდე მზისა თუ ვარსკვლავებისა, არის წარმონაშობი ამაოდ დამაშვრალი ადამიანისა, ამპარტავნებისა და ამაოების სიყვარულით რომ ეძიებს იმას, რაც არავითარ სარგებლობას არ მოუტანს მის სულს. ასეთი ადამიანის ძალისხმევა იმის მსგავსია, როცა უგუნური ვინმე საცრით ცდილობდა წყლის ამოღებას, - იმიტომ, რომ ყოველივე ამას ადამიანის გონება ვერასოდეს ვერ მისწვდება ბოლომდე.

109. ზეცას ვერავინ ვერ ხედავს, და იმის შეცნობაც, რაც მასშია, არავის ძალუძს გარდა იმ ადამიანისა, რომელიც სათნოდ ცხოვრობს და ღვთის მოშურნეობა აქვს; ასეთმა ადამიანმა იცის შემოქმედი და მარად მას განადიდებს, ვისაც ყოველივე ადამიანის საცხოვრებლად და ხსნისათვის დაუბადია; იგი ღვთისმოყვარეა და კარგად უწყის, რომ ღმერთის გარეშე არაფერი არ არსებობს, და რომ იგი ყოველგან არის და ყოველივეში მყოფობს, რადგანაც არაფრით შემოზღუდული და შემოფარგლული ღმერთია.

110. როგორადაც იშვება ადამიანი დედის სხეულიდან - შიშველი ევლინება რა ამა ქვეყანას, ასევე სიკვდილის ჟამსაც შიშველი გამოდის სული სხეულიდან, ამასთან ერთნი ადამიანის სულთაგან წმიდანი და ნათელნი არიან, სხვანი კი დასვრილ-დალაქავებულნი შეცოდებებით. ამიტომაც გონიერი და ღვთისმოყვარე სული, სანამ ის სხეულშია, მარად ფიქრობს სიკვდილის შემდგომ მოსალოდნელ სატანჯველზე ცოდვით დასვრილის სულისთვის, და კეთილმოშიშად ცხოვრობს, რათა განსჯილ არ იქნას ღმერთის მიერ და ამ სატანჯველთ არ ეწიოს. ხოლო ურწმუნო ადამიანები და სულით უგნურნი ვერ გულისხმაყოფენ ყოველივე ამას და სცოდავენ ხოლმე: ისინი უგულებელჰყოფენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში იმას, რაც მათ სიკვდილის შემდგომ მოელით.

111. მსგავსადვე იმისა, როგორც დედის საშოდან გამოსულ ადამიანს არ ახსოვს ყოველივე ის, რაც დედის სხეულში ყოფნისას იყო მის თავს, ასევე სხეულიდან გამოსვლისას, ამქვეყნიდან განსვლის ჟამს არ გეხსომება ყოველივე ის, რაც მანამდე იყო.

112. როგორადაც დედის საშოდან გამოსვლის შემდგომ შეიქენი სხეულით უფრო დიდი და უკეთესი, ასევე სხეულიდანაც გამოსული წმიდად და შეუგინებლად, უკეთესი იქნები და უხრწნელად დაიმკვიდრებ ცათა შინა საუკუნოდ.

113. როგორადაც შენი სხეულისთვის იყო აუცილებელი შობილიყო მას შემდეგ, რაც საშოში განვითარდებოდა და ჯეროვან სისრულეს მიაღწევდა, ასევე შენი სულისთვისაც აუცილებელია დასტოვოს სხეული მას შემდეგ, რაც ღმერთის მიერ დადგენილ ზღვარს მიაღწევს სხეულში ცხოვრებისას.

114. როგორადაც მოექცევი შენს სულს მანამ, სანამ იგი სხეულში იქნება დამკვიდრებული ამქვეყნად, ამგვარადვე მოგექცევა ისიც მას შემდეგ, რაც დასტოვებს სხეულს. თუკი ადამიანი კარგად ემსახურა თავის სხეულს ამქვეყნად, არანაირი შვება-სიამე არ მოაკლო მას და ყოველმხრივ დაჰფუფუნებდა, ამით მან ძალზე ცუდი სამსახური გაუწია საკუთარ თავს სიკვდილის შემდგომ, რადგანაც ასეთი ადამიანი მხოლოდ სატანჯველთ დაატეხს თავის სულს.

115. როგორც დედის საშოდან გამოსულ ჯერეთ უმწეო სხეულს შენსას არ შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა და გაზრდილიყო ამქვეყნად, ასევე შენს სულსაც აარ შეეძლება იხსნას თავი და ღმერთთან მარადიულ თანაზიარებაში იყოს, თუკი ამქვეყნად სათნო ცხოვრებით ღვთისმცნობელობის ნიჭით არ იქნება აღჭურვილი.

116. სულთან შერწყმული სხეული დედის საშოდან სამზეოზე გამოდის და ცხოვრებას იწყებს ამქვეყნად. სული კი, როცა ამ სახით სხეულს უერთდება, ნივთიერ წყვდიადში ტყვევდება სხეულიდან განსვლამდე. ამიტომაც კი არ უნდა შევიბრალოთ სხეული და კი არ უნდა დავფუფუნებდეთ მას, არამედ აღვირი ამოვდოთ, რადგანაც მტერია, წინააღმდგომი სულისა. მრავალრიცხოვანი სიამენი ბოროტ ვნებებს აღანთებენ ადამიანში, ნაყროვენებაც ბილწ გულისწადილთ წარმოშობს, ხოლო მარხვა და თავშეკავება კი დააცხრობენ ვნებებსა და იხსნიან სულს.

117. ხორციელი ხედვის ორგანო თვალია, ხოლო სულიერი ხედვისა - გონება. როგორადაც თვალების არმქონე სხეულია ბრმა და მზესაც კი ვერ ხედავს, დღის ნათლით შემმოსველს მთელი ხმელისა და ზღვებისა, და არც ის იცის, თუ რა სიტკბოების მომნიჭებელია მისი ნათელი, ასევე ბრმაა ის სულიც, რომელსაც კეთილსახიერი გონება არა აქვს. ასეთმა სულმა არ იცის ღმერთი, შემოქმედი და მწყალობელი ყოველი ქმნილებისა და არც განადიდებს მას. ამის გამო ბრმა სულს არც ის ძალუძს, რომ ღვთაებრივი უხრწნელება შეიძინოს და საუკუნო სიკეთეთა მიღების ღირსი გახდეს.

118. ღვთაებრივი განგებულებითაა ამქვეყნად ყოველივე, რაც კი არსებობს და მოქმედებს. ღვთის მიერ დადგენილი წესით განუხრელად არესრულება ამქვეყნად, მაგალითად, ის, რომ მზე ყოველდღე ამოდის და ჩადის, ხოლო მიწა კი შესაფერ დროს თავის ნაყოფთ გამოიღებს, და ეს ყოველივე ადამიანისათვის დაებადა და მისთვის ხდება.

119. უცნობელობა ღმერთისა - კაცის უგუნურებითა და უგუულისხმობითაა. სწორედ ამ უცნობელობისაგან აღმოცენდება ბოროტება. ღვთისმცნობელობის ძლით კი კაცს სიკეთე მოემადლება, რომელიც იხსნის მის სულს. ამრიგად, თუკი მღვიძარი იქნები და ღვთისმოშიშებით ჰგიებ, ეცდები რა, ამასთანავე, არ დაემონო შენს სურვილებს, მაშინ შენი გონება მხოლოდ სათნოებების მოსაპოვებლად იქნება მიმართული; ხოლო თუკი ღმერთის უცნობელობით იქნები მთვრალი და ხორციელ სიამეთ დამონებული ეცდები, შენი ბოროტი გულისთქმანი აღისრული, მაშინ შენ პირუტყვს მიემსგავსები და დაიღუპები, რადგან არ გეხსომება ის სატანჯველი, სიკვდილის შემდგომ რომ მოგელის.

120. ყოველივე, რასაც კი ღმერთი იქმს, სახიერი და ყოვლადკეთილი, იგი ადამიანისათვის იქმს, ხოლო ყოველივეს, რასაც კი ადამიანი აკეთებს, იგი თავისთვის აკეთებს - კეთილ საქმეთაც და ბოროტთაც. იმისთვის, რომ უმეცრებაში არ დარჩეთ ბოროტ ადამიანთა დანიშნულების გამო, გეტყვით, რომ როგორადაც ქალაქები ინახავენ ჯალათებს სასჯელის ღირს ბოროტმოქმედთა დასასჯელად, და არა საქებ-სადიდებლად მათი უბოროტესი საქმისა, ასევე ღმერთიც ნებას აძლევს ბოროტ ადამიანებს იყვნენ ამქვეყნად და უმეტესობასაც კი შეადგნედნენ იმისთვის, რომ მათი საშუალებითვე დაისაჯონ ყველა უკეთურნი. ბოლოს კი ღმერთი ყველა ბოროტ ადმიანს განიკითხავს იმისთვის, რომ ისინი მას კი არ ემსახურებოდნენ, არამედ მონურად იცხრობდნენ თავიანთ გაბოროტებას და ამით ბოროტებასვე მიამთხვევდნენ ადამიანებს.

გაგრძელება...