„მახსოვს ერთი ქალბატონი, ძალზე შეჭირვებული, რომელსაც კაცთაგან არავინ შეეწეოდა. უფალმა მისი დახმარება ისურვა და რაღაც ხილვა მოუვლინა. ამ ხილვის შემდეგ ეშმაკმა ქალს ასეთი რამ ჩააგონა: „ვინ იცის, ღმერთმა ღირსგყო ამგვარი ხილვის მხოლოდ იმიტომ, რომ უდიდესი მისია უნდა დაგაკისროს“. ქალმა ირწმუნა ეშმაკისგან შთაგონგბული აზრები და ბოროტის მახეში გაება. მაგრამ ღმერთმა კვლავ შეიწყალა - ქალს მიეცა გამოცხადება, სადაც უხილავმა ხმამ ურჩია: „მისწერე წერილი მამა პაისის და მასში ყველა ხილვა აღწერე, რაც კი ოდესმე გქონიაო“. ქალმაც ყოველივე აღწერა და წერილი გამომიგზავნა. ხილვები ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ ყველა ეშმაკისგან. მხოლოდ პირველი და უკანასკნელი იყო ღვთისმიერი. საბოლოოდ საცოდავმა ქალმა დამიჯერა და შეძლო, თავი დაეღწია ეშმაკის მიერ ხიბლით დაგებული ხაფანგისთვის“.
მამა პაისი ყვებოდა, რომ ერთხელ ერთი ლაგამამოუდგბელი ცოდვილი ესტუმრა და უთხრა, ღვთისმშობელი გამომეცხადაო. „ღვთისმშობელს“ უთქვამს: „შვილო ჩემო, განუცხადე ხალხს, რომ თესალონიკი ზღვაში ჩაიძირება და ყველა დაიხრჩობა“. მას აღმოხდენია: „ჰოი, ყოვლადწმიდაო! თუ ადამიანებს დახრჩობა ემუქრებათ, მე მოსესავით გადავარჩენ მათ!“ „ღვთისმშობელს“ კი „კურთხევაც“ მიუცია და ნიშანიც, დასტურად იმისა, რომ ეს „დიდი მისია“ დააკისრა: „შვილო ჩემო, მთელ სამყაროს გაბარებ. წადი ვერიაში მავანსა და მავანთან. ის მოგცემს ჯვარს, რათა მონათლო და იხსნა მსოფლიო“. ვერიაში კი ეშმაკი ღვთისმშობლის სახით იმ კაცსაც გამოეცხადა და უბრძანა: ამა და ამ კაცს ჯვარი მიეციო. და აი, ერთმა მოხიბლულმა მასთან მისულ მეორე მოხიბლულს, ცრუმესიას, მისცა ჯვარი კაცთა მოდგმის გადასარჩენად. საბედნიეროდ, კაცობრიობის მხსნელი კურთხევის ასაღებად მამა პაისისთან მივიდა და ყველაფერს მოუყვა. „უკვე სულიერად იყო ავად საბრალო, - იხსენებდა ღირსი მამა, - იმის მაგივრად, რომ მოძღვართან წასულიყო და შეენანა, მან ეშმაკი იპოვა და მის ხაფანგში საბოლოოდ გაება“.
„კაცმა არასოდეს უნდა ითხოვოს ღვთიური ნათელის ხილვა, გამოცხადებები, ნიჭები და სხვა ამგვარი. ღმერთს მხოლიდ იმას უნდა ევედროთ, სინანული მოგვმადლოს. მაშინ მოწყალე უფალი გვიბოძებს ყოველივეს რაც გვჭირდება.
ერთხელ, როცა სინას მთაზე წმინდა ეპისტიმეს მღვიმეში ვცხოვრობდი, ეშმაკმა ისურვა... ჩემთვის სამსახური გაეწია. ჩემი სენაკის ახლოს სამი-ოთხი საფეხური იყო და ღამით მათ სანთებელით ვინათებდი ხოლმე. ერთხელაც ვცადე სანთებელის ანთება, მაგრამ ამაოდ. უეცრად ერთი კლდიდან პროჟექტორივით ძლიერი, კაშკაშა ნათლის სვეტი დამეცა. „არა, - ჩავილაპარაკე, - ასეთი პროჟექტორებისგან თავი შორს უნდა დავიჭირო“, - და უკანვე გავბრუნდი. ნათელი მაშინვე გაქრა“.
ზოგიერთი მოხიბლული თავის იდეებს ეკლესიის წიაღში ავრცელებს. ამიტომ არსებობს დიდი საფრთხე, მისი მიმდევრები, როცა გაიგებენ, რომ რისაც სწამდათ, ხიბლი ყოფილა, არ შეცდნენ და ეკლესიას არ განუდგნენ.
თუ კაცი წრფელად შეინანებს და ხიბლისგან გათავისუფლდება, უნდა დაიმდაბლოს თავი და თავის მიმდევრებს უთხრას, რომ ცდებიან. შეეცადოს, გამოიყვანოს ისინი სწორ გზაზე. მაგრამ თუ მოხიბლულს ამხელენ, მას კი ხიბლის დატოვება არ სურს, მაშინ მისი მიმდევრები რბილად, ტაქტიანად უნდა გავაფრთხილოთ.
ერისკაცი, რომელიც თავის გულისთქმას უჯერებს, ჭკუაზე გადადის. მონაზონი კი ხიბლში ვარდება. ბერმა აბები არ უნდა მიიღოს, აბები მისთვის სინანული და სიმდაბლეა. რაც შეეხება ფსიქოტროპულ საშუალებებს, ისინი ზოგჯერ სასარგებლოა. მათი მიღების შემდეგ მოხიბლული ადამიანი დაღლილობას გრძნობს, რული ერევა, მადა ემატება და უკვე უსხეულო ანგელოზად კი არ აღიქვამს თავს, არამედ ხორციელ ადამიანად.
როცა ადამიანი ხიბლში ვარდება, იგი საკუთარ გულისთქმას ჰყვება. ამიტომ მის გონს მოსაყვანად არავითარი სხვა საშუალება არ არსებობს, გარდა ერთისა: მან თავადვე უნდა იგრძნოს ის საშინელი მდგომარეობა. რომელშიცაა ჩავარდნილი, აღიაროს იგი და დაემორჩილოს თავის სულიერ მოძღვარს, არასოდეს დაუჯეროს გულისთქმას და გამუდმებით ევედროს უფალს შეწყალებას.
მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“ №11, 2004 წ.