ხორციელის კვირიაკე - საშინელი სამსჯავროს ხსენება

      დიდი იქნება შიში და ძრწოლა და გაშმაგება, როდესაც უფალი შემოჰკრებს მიუკერძოებელ სამსჯავროს და განიხვნება საშინელი წიგნები, სადაც ჩვენი საქმეებია ჩამოწერილი, სიტყვები და ყველაფერი, რაც კი ჩაგვიდენია და რის დაფარვასაც ვფიქრობდით ღვთისგან, რომელიც გამომცდელია გულთა და თირკმელთა. მაშინ თითოეულ ჩვენთაგანს მოეთხოვება რწმენის აღმსარებლობა, მონათვლის მოვალეობა, სარწმუნოება, სუფთა ყოველგვარი მწვალებლობისგან, ბეჭედი შეუბღალავი და კვართი შეუმწიკვლებელი...
      იმა დღეს შეუძლებელია სხეული სულისაგან ცალკერძ დადგეს, არამედ ერთად წაწრსდგებიან წინაშე პირუთვნელი მსაჯულისა და უცვალებელი სამსჯვაროჲსა. დიდითა დიდებითა მოუხმობს იგი ყველას სახელდებით, და ჩვენც ყველანი წარვსდგებით განშიშვლებულნი. იქ არ იქნება ორატორული სიტყვა, სიმართლის მძლეველი; არც ენის მრავლისმეტყველება, არამედ საქმენი აიწონება; არაა იქ საჭირო ძღვენი, არც დაცვა, არამედ თითოეულს თავისი ტვირთი მიაქვს... იქ სიბერისა არ სჯერათ, სახელდიდებულება არაა, სხეულის ნაკვთების კეთილშობილებას არად დაგიდევენ, იქ პირისახის მშვენიერება არ აღელვებს მსაჯულს, არამედ ქალწულობის ღირსება და სხვა სათნოებანი მოწყალეს ქმნის მსაჯულსა მას, შობილს ქალწულისაგან. იქ დიდი და პატარა თანაბრად განიკითხება. ხშირად იმ სამსჯავროზე შვილები მშობლებს ამხელენ... იქ მონაც ბატონის წინაშე კადნიერად წარსდგება, და მხევალი წინაშე ქალბატონისა, და მოსწავლე მასწავლებლის წინაშე. ყველა ისინი განიკითხებიან საშინელ სამსჯავროზე... და საქმე თითოეულისა საცნაურ გახდება.

აჟამს განეხმოდიან წიგნნი იგი გულთანი, და გამოსჩნდებოდიან საქმენი ყოველთანი წინაშე შენსა, და ღელე გლოვისა საშინელად გრგვინვით ოხრვიდეს და ეტყინებოდეს, და ცოდვილთა დასნი საუკუნოდ დასჯად წარისხმოდიან, სამართლად განსჯითა შენითა, და უნაყოფოდ სცრემლეოდიან. მაშინ შეგვიწყალენ ჩვენ მადიდებელნი შენნი სახიერ; და გვიჴსენ სატანჯველთაგან, მხოლოო უცოდველო.

ხრვასა ნესტვისასა, დაცალიერდენ საფლავნი, აღსდგებოდიან მკვდარნი, და შეძრწუნდენ ყოველნი დაბადებულნი, ხოლო იხარებდენ მართალნი შვებითა, ელოდიან მისაგებელსა, რომელთა მიიხვნენ გვირგვინნი; ხოლო ცოდვილნი, მწარედ იგლოვდენ, წარსხმულნი სატანჯველსა მას საუკუნესა დაულევნელსა. მაშინ მეუფეო, ნუ მოიჴსენებ შეცოდებათა მათთა, არამედ ღირს-ჰყვენ ნაწილსა მოყვარეთა შენთასა.

აჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქვეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდნენ ყოველნი დაბადებულნი; მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე, და საშინელად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ, და დაფარულნი გამოსცხადნენ; მაშინ მიჴსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა, და ღირს-მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო.

წმიდა იოანე ოქროპირი

განსჯისათვის ცოცხალთა და მკვდართა

ჰოი, კაცო, მარადის გქონდეს შიში უფლისა, გახსოვდეს სიკვდილი და ის საშინელი დღე, როცა აღეგზნება და დაიწვება სამყარო, დადნება და დაიშლება ქვეყანა, განადგურდება მისი საქმენი. ვარსკვლავნი ჩამოცვივდებიან, როგორც ფოთლები, მზე და მთვარე დაბნელდება... როდესაც ძე ღვთისა, ზეციდან ქვეყნად გარდამომავალი გამოჩნდება, ცათა ძალნი ძრწოლას დაიწყებენ მის წინაშე, ხმა საყვირისა დასწვავს ყოველს და დაინთქმება უკეთურება. იქნება სასტიკი ქარნი, საშინელი მიწისძვრანი, საზარელი ქუხილნი, შემაძრწუნებელი მეხისტეხანი, რომლის მსგავსი არც არასოდეს ყოფილა და არც როდესმე მოიწევა მანამ, სანამ ამის დრო არ დადგება. ძალნი ცათანიც კი შიშით შეძრწუნდებიან იმ საშინელი ზარისაგან, რომელიც იმ დღეს იქნება.

ჩვენ როგორღა ვიქნებით, ძმანო ჩემნო, ამ შემაძრწუნებელ დღეს? საშინელი ძრწოლა შეგვიპყრობს ყოველს. გაიხსენეთ, რა დღეში იყვნენ ისრაელნი სინას უდაბნოში. მათ ვერ დაითმინეს სასტიკი ქარები, სიბნელე, საყვირის ხმა, ცეცხლის ალიდან გამოსული ხმა უფლისა და თხოვეს მას, აღარაფერი განეცხადებინა მათთვის, რადგან არ შეეძლოთ თავს ედვათ ღვთის სიტყვა. ისრაელისათვის უფლის ეს განცხადება საოცარი სიმშვიდით აღესრულა. მისი შედარება არც კი შეიძლება მეორედ მოსვლასთან, რადგან მაშინ უფალი რისხვით კი არ გარდამოვიდა ადამიანებზე, გულისწყრომით კი არ განსწავლა ისინი, არამედ უდიდესი სიკეთითა და სიმშვიდით, რათა ნუგეში ეცა და შესწეოდა მათ.

აწ ისმინეთ, ძმანო ჩემნო, თუ მაშინ თავისი სახიერების გამო ჩვენს ნუგეშინისსაცემად გარდამოვიდა უფალი და ვერ დავითმინეთ მისი მოსვლის ზარი, მიუხედავად იმისა, რომ არც ცა აღენთებოდა, არც სამყარო დნებოდა, არც ქვეყანა და მისი საქმენი იწვოდა, არც საყვირის ხმა გაისმოდა, როგორც მქადაგებელი მკვდართა გაღვიძებისა, რომელნიც საუკუნითგან იყვნენ შესვენებულნი, არც ცეცხლი აენთებოდა, არც სხვა რამ საშინელება ხდებოდა, რაღას მოვიმოქმედებთ მაშინ, როცა უფალი გარდამოხდება რისხვით და მიუწვდომელი გულისწყრომით, დაჯდება ტახტზე და მოუწოდებს ყოველს მზის აღმოსავალიდან - დასავალამდე, კიდით - კიდემდე, რათა განიკითხოს ერი თვისი და ყოველ კაცს მისი საქმეებისამებრ მიაგოს?

ვაი, ჩვენ, ძმანო ჩემნო, რა მდგომარეობაში ვიქნებით მაშინ, როცა ყოველნი, შიშველნი და ქედდადრეკილნი წარვსდგებით მის წინაშე, მეტად შემაძრწუნებელსა და ზარის დამცემ ადგილზე. სად იქნება იმ დროს ჩვენი ჭაბუკური კადნიერება და სხეულის ძლიერება? სად იქნება ჩვენი მშვენიერება, მაცდური და უსარგებლო? სად იქნება ძვირფასად შემკული სამოსელი, ან ცოდვილი გულისთქმანი და ბილწებანი? სად იქნებიან მაშინ სოდომიანნი? სად იქნებიან მსმელნი ღვინისა და განცხრომაში მყოფნი? სად იქნებიან ზარმაცნი და განსვენებაში, საკუთარ ნებაზე მცხოვრებნი? განა ყოველივე ეს არ წარხდება და ნისლივით არ გაიფანტება?

სად იქნება მაშინ სიყვარული ოქროსა და ვერცხლისა და მისნი მოყვარენი, რომელნიც შეურაცხყოფდნენ ყოველს და თავიანთი თავი რაღაც ეგონათ? სად იქნება მაშინ ამაო დიდებულება? სად იქნება სიმამაცე და ძლიერება? სად იქნება მეფობა, მთავრამა, ერისთავობა? სად იქნებიან ისინი, რომლებიც ამაყობდნენ სიმდიდრის სიმრავლითა და საღმრთო საქმისთვის არას ზრუნავდნენ?.. სად იქნება მაშინ სიბრძნე ფილოსოფოსთა და მათი ცუდი გამოძიება? ვაი მათ, რადგან შეშფოთდებიან და შეძრწუნდებიან, როგორც მთვრალნი და ყოველი მათი ამა სოფლის სიბრძნე დაინთქმება. სად იქნება მაშინ ბრძენი, სად იქნება მწიგნობარი, სად იქნება მაშინ ამაოების მფლობელი?

ჰოი, ძმანო ჩემნო, გულისხმაყავით, როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება, როცა პასუხი მოგვეთხოვება ყოველი საქმისთვის, დიდისა თუ მცირისათვის. როცა პასუხი უნდა გავცეთ სიმართლის მსაჯულს ყოველი ამაო სიტყვისათვის. როგორი იქნება ჩვენი ყოფა იმ დროს, როცა დავდგებით მარჯვენა მხარეს მსაჯულისა და დიდების მეუფისა? როგორ ვიქნებით, როდესაც მოგვიკითხავენ ჩვენ წმიდანნი და მართალნი, იქ მყოფნი? როცა მოგვიკითხავს აბრაამი, ისააკი, იაკობი, დავითი, მოსე, ნოე, იობი, ყოველი წინასწარმეტყველნი, მოციქულები, მოწამენი და ყოველნი მოღვაწენი, რომელთა ცხოვრება გვესმოდა აქ და გვიკვირდა. თითოეული სიყვარულით მოგვიკითხავს და შეგვიტკბობს, გამხიარულებული ჩვენი ხსნის გამო.

როგორი მიუწვდომელი სიხარული იქნება, როდესაც მეუფე მხიარული პირით მიმართავს მის მარჯვენით მდგომთ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქუენთვის სოფლის დაბადებითგან წინაით“ (მათ. 25, 34), მაშინ მიიღებენ ისინი მშვენიერ გვირგვინს ღვთის დიდებული ხელისაგან და სასუფეველს დაიმკვიდრებენ; იქნებიან ქრისტესთან და ღვთის მოყვარეთათვის აღთქმულ სიკეთეში დაივანებენ. მაშინ უკვე აღარ იქნება შიში და მწუხარება. გულისხმაყავი, ძმაო, როგორც უკვე ვთქვით, სასუფეველი ცათა, ეს არის გვირგვინი ღვთის ხელით დადგმული და სუფევა ქრისტესთან, უკუნისამდე. გულისხმაყავი, ძმაო, რას ნიშნავს ყოველ ჟამს ღვთის პირის ხედვა, შენს განმანათლებლად, როცა არც მზე გაგინათებს დღისით, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა, არც მთვარე ღამით, უფალი იქნება შენი საუკუნო ნათელი და ღმერთი - შენი დიდება. ეს არის, ძმაო, ის რაც აღეთქვა ღვთის მოყვარეთ, რომელთაც ეშინიათ მისი და იცავენ მის მცნებებს.

ასევე გულისხმაყავი, ძმაო, წარწყმედა ცოდვილთა, როცა ისინი წარსდგებიან საშინელ სამსჯავროზე, როგორი სირცხვილი და მწუხარება მოევლინებათ, როცა დადგებიან მარცხენით მეუფისა; როგორი ბნელი დაკრავთ მათ, როგორ შეძწუნდებიან, როცა ისმენენ: „წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა“. ვაიმე, ძმანო ჩემნო, რა მწარე მწუხარება შეიპყრობს მათ სულთ, როცა ხმანი კრებულისა იღაღადებენ ცოდვილთა ჯოჯოხეთში ჩასვლას. ვაიმე, ძმანო ჩემნო, როგორი გლოვა და მოთქმა იქნება, როცა გაუყენებენ მათ საუკუნო სატანჯველის გზას - დაუთმენელს და დაულევნელს, სადაც იქნება ტირილი განუწყვეტელი, კბილთა ღრჭენა და მარადიული ჯოჯოხეთი, რისიც თავად ეშმაკსაც ეშინია.

ვაი, საყვარელო, რა არის ჯოჯოხეთი? - ცეცხლი დაუშრეტელი, წყვდიადი საუკუნო, სადაც ცოდვილნი უწყალოდ იტანჯებიან. ისინი თავიანთი სატანჯველის გამო იღაღადებენ ღვთის მიმართ, მაგრამ უფალი არ უსმენს მათ. მაშინ მიხვდებიან, რომ ამაო იყო მათი ცხოვრება ამ წუთისოფელში, რადგან არ ეგონათ, რომ აქაური, წუთიერი სიტკბოება საუკუნო სიმწარედ გადაექცეოდათ. ისინი აღიარებენ თავიანთ ბოროტ საქმეებს და იტყვიან: უფლის სასჯელი სამართლიანია, რამეთუ გვეუწყა ამის შესახებ და არ ვინებეთ ბოროტი საქმეებისაგან განშორება. მაგრამ იმ დროს უკვე აღარანაირი სარგებელი აღარა აქვს მათ ღაღადებას.

გევედრებით თქვენ, ძმანო, რადგან ამ საშინელ დღეს მოველით, ვისწრაფვოთ, განვიწმიდოთ ცოდვებისაგან, რათა უბიწო სულით, მშვიდობით წარვსდგეთ უფლის წინაშე.

ძველი ქართული ტექსტის მიხედვით მოამზადა
ნინო გაგოშაშვილმა

არქიმანდრიტი რაფაელი

საშინელი სამსჯავრო

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ძმანო და დანო! უფალი, რომელმაც ერთხელ შექმნა სიცოცხლე, საშინელ სამსჯავროზე მტვერისა და ხრწნილებისაგან აღადგენს კაცობრიობას ადამიდან ვიდრე უკანასკნელ დღემდე. მართალნი აღდგებიან მსგავსნი ქრისტე მაცხოვრისა, ანგელოზური ბრწყინვალებით და საღმრთო ნათლით გაცისკროვნებულნი. ცოდვილნი - შავბნელი და მყრალი სხეულით, მსგავსი მათ მიერვე ჩადენილი ცოდვებისა. ძმანო და დანო, ყოველი აზრი, სიტყვა ან საქმე მსგავსია თესლისა, რომელსაც ჩვენი გულის სიღრმეში ვთესავთ, მსგავსად ხნულში ჩაგდებული მარცვლისა. მარადისობაში ამ თესლისგან აღმოცენდება ან ბრწყინვალე, სურნელოვანი ყვავილები ან შხამიანი, ეკლოვანი მცენარეები.

სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ მასზედ მოხდება განკითხვა, არა მხოლოდ კაცთა, არამედ ასევე ანგელოზთა. დემონები იხილავენ თავიანთ თავს, როგორც ოდესღაც მშვენიერ ანგელოზებს, რომელნიც უგალობდნენ უფალს ქერუბიმთა საგალობელს კაცთათვის გა???აზე. ესაა საგალობელი, ესაა ჰიმნი, ესაა მხურვალე სიყვარული და სწრაფვა წმინდა სულებისა ღვთისკენ. სატანა, რომელიც ერთ დროს სერაფიმთა დასს ეკუთვნოდა, იხილავს, როგორ აღსდგა იგი უფლის წინააღმდეგ, როგორ გადაიქცა საშინელ ჯოჯოხეთურ არსებად, უზარმაზარ ობობად, რომელმაც ცოდვის ქსელში გაახვია მთელი სამყარო, იგი იხლავს, თუ როგორ გადაიქცა საზარელ ჯოჯოხეთურ გველად, რომელმაც სასიკვდილოდ მოშხამა უთვალავი მსხვერპლი. იგი ამ ქვეყნად ჩადენილი ყველა ცოდვის უხილავი თანამონაწილეა. ყოველ ბოროტებაში მისი სასიკვდილო სუნთქვა ისმის, ყოველ დანაშაულში - მისი ქვემძრომელი მზაკვრობაა. სატანა იხილავს საშინელ სამარეს - ჯოჯოხეთს, რომელიც თვითონვე გაუმზადა საკუთარ თავს. იგი იხილავს შავ ჯოჯოხეთურ ცეცხლს, საკუთარ მსხვერპლთათვის დანთებულს და რომელშიც საბოლოოდ თვითონვე უნდა იტანჯოს დაუსრულებლად.

სამსჯავროს ეწოდება საშინელი, იმიტომ, რომ იგი იქნება საყოველთაო. ისევე როგორც ვერავინ გაექცევა სიკვდილს, ასევე ვერავინ შესძლებს დააღწიოს საშინელ სამსჯავროს თავი. მკვდრეთით აღდგებიან მართალნიც და ცოდვილნიც. მაშინ სხეული მიემსგავსება სულს, იგი აღარ იქნება ნივთიერი, ხორციელი, შედგენილი მიწისა და წყლისაგან, არამედ იქნება სულიერი და უხრწნადი. მართალნი იქნებიან მსგავსნი მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე მაცხოვრისა. ეფრემ ასური გვაუწყებს საიდუმლოს - ყოველი ჩვენგანი აღსდგება 33 წლის ასაკში. რას ნიშნავს ეს? ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში გადის თავისი განვითარების განსაზღვრულ ციკლს. ოცდაათი წელი ესაა ადამიანის სულის უმაღლესი განვითარების პერიოდი. ე.ი. ესაა ადამიანური სრულყოფილება ამ სიტყვის მიწიერი გაგებით. ღრმა მოხუცები და ჩვილები აღსდგებიან არა მიწიერ ასაკში, რომელშიც ისინი აღესრულებიან, არამედ აღსდგებიან სრულყოფილ ასაკში, ამავე დროს ახლობლები და ნათესავები შეიცნობენ ერთმანეთს.

სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ მასზედ გაშიშვლდება ყველა ჩვენი საქმე, ყველა ჩვენი აზრი, სიტყვა, ღრმა, დაფარული გულის ზრახვები. იმას, რასაც ფარულად ვიქმოდით, გამჟღავნდება ცხადად, იგი, რასაც მარტო ჩვენ თვითონ ვცოდავდით, გაშიშვლდება მთელი ქვეყნის წინაშე. როდესაც ჩვენ ცოდვებს სრული სიცხადით ვიხილავთ, მათ საშინელებას და სიბილწეს, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით წამოვიძახოთ: მთებო, ჩამოგვექეცით თავზე და დაგვიფარეთ ამ სირცხვილისაგან!

დანო და ძმანო, წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ჩვენ გვაქვს ე.წ. გულის მეხსიერება. ისინი მას გულის საკანს უწოდებენ, სადაც იწერება ყველაფერი, მთელი ჩვენი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება და აი, საშინელ სამსჯავროზე გადაიშლება ეს წიგნი, დაწერილი ჩვენი სულის სიღრმეში და მხოლოდ მაშინ დავინახავთ, თუ როგორები ვართ სინამდვილეში და არა ისეთები, როგორსაც ხატავდა ამას ჩვენი გაალმასებული ამპარტავნება. დავინახავთ ასევე, თუ რამდენგზის მოგვიხმობდა სულიწმიდა გადარჩენისათვის. გვსჯიდა, შეგვიწყნარებდა, ჩვენ კი რა მედგრად ვეწინააღმდეგებოდით ღვთის წყალობას და მივილტვოდით მხოლოდ ცოდვებისა და ვნებებისაკენ. ჩვენს კეთილ საქმეებს კი ჩვენი პირფერობის სიამაყის და ანგარების „წყალობით“ ვიხილავთ როგორც მატლთაგან გამოჭმულს.

დანო და ძმანო, სამსჯავროს ეწოდება საშინელი იმიტომ, რომ ის იქნება საბოლოო. ჩვენთვის ამ ქვეყნად სანამ ვცოცხლობთ, გამუდმებით შესაძლებელია სინანული, როგორც ცოდვის ბნელი საპყრობილიდან თავისუფლებისაკენ გამავალი კარი. საშინელ სამსჯავრომდე ჩვენ შეგვეწევა ეკლესიისა და ახლობლების ლოცვა, მაგრამ საშინელი სამსჯავრო იქნება საბოლოო და მის შემდეგ სამსჯავრო აღარ იქნება. საშინელ სამსჯავროზე საბოლოოდ გაიყოფა კეთილი და ბოროტი, ნათელი და ბნელი. მართალნი დაიმკვიდრებენ სამუდამო ცხოვრებას, ესაა მარადიული მსგავსება ქრისტე მაცხოვართან, მარადიული გაბრწყინება ღვთიური ნათელით.

მარადიულ ცხოვრებაში ყოველი წამი იქნება სულ ახალი და ახალი, სულ მეტი ბედნიერების, სიხარულის, სინათლის და ნეტარების მომტანი.

მარადიული სიკვდილი ცოდვილისა, ესაა მიმსგავსება სატანასთან, უფრო და უფრო ღრმად ჩაძირვა წყვდიადის ოკეანეში. ჯოჯოხეთი - ეს არის ადგილი მივიწყებული. ეს ის ადგილია, სადაც არ აღწევს ღვთის წყალობის სხივები, ჯოჯოხეთი აღხოცილია ღვთის სიყვარულიდან.

დანო და ძმანო! ზოგიერთი თქვენგანი იკითხავს: შეიძლება ცხოვნებული იყოს ბედნიერი, როდესაც მისი ახლობლები და ნათესავები ჯოჯოხეთში იქნებიან, ისინი ვისთანაც მათ აკავშირებდათ სიყვარული ამქვეყნიურ ცხოვრებაში? ეს რთული კითხვაა. როდესაც ჩვენ გვიყვარს ესა თუ ის ადამიანი, ჩვენ გვიყვარს იგი რაიმე სათნოებისთვის. ხოლო აღმდგარი ცოდვილები იქნებიან ცოდვისა და ბოროტების განსახიერება. ისინი დემონების დარი იქნებიან. ამიტომ ჩვენ მათ სიყვარულს ვერ შევძლებთ, ისევე როგორც ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. წარმოიდგინეთ, თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, თქვენ ვერ შეძლებთ მის სიყვარულს, მეტიც, ძრწოლით დაიხევდით უკან. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისათვის განწირულნი. ისინი იქნებიან აღსავსე არა მარტო სასოწარკვეთილებითა და სევდით, არამედ სატანისტური ამპარტავნებითაც. ცოდვილის სული იქნება ანთებული ღმერთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით და ამ სიძულვილით ისინი სიამოვნებით დაწვავდნენ თვით ზეცას და სამოთხეს.

დანო და ძმანო! სამოთხის ნეტარება - ესაა ღვთის სიყვარულისა და წმინდანთა ურთიერთსიყვარულის ნეტარება. სერაფიმე საროველი წერს: ადამიანმა რომ იცოდეს რა საშინელია ჯოჯოხეთი, და რა ტკბილია სამოთხე, ყველანაირ ტანჯვას გაუძლებდა აქ მიწაზე. ერთხელ ღირსი სვიმეონი, ახალ ღვთისმეტყველად წოდებული, ისე გაბრწყინდა სული წმიდისაგან, რომ წამოიძახა: ო, ღმერთო! ალბათ ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერი არსებობს ქვეყნად! და პასუხად მიიღო: იგი რასაც წმიდანები განიცდიან ამქვეყნად ხორციელი ყოფნის ჟამს, სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით მოგვაგონებს ქაღალდის კუთხეში დახატული და ცაზე მოკაკაშე მზის შედარებას.

ეფრემ ასური წერს, რომ მაშინ სულთა ურთიერთობა სხვაგვარი იქნება. არსებობს მაცხოვრის სიტყვები, რომელნიც დაცულია არა სახარებაში, არამედ მამებთან: იმქვეყნად შინაგანი იქნება, როგორც გარეგანი. ხოლო გარეგანი, როგორც შინაგანი. ე.ი. გარეგანი ეს სხეულია, შინაგანი - სული. სხეული განსულიერდება, მსგავსი გახდება სულისა. შინაგანი - სული გახდება როგორც გარეგანი, ე.ი. იქნება ხილული. ეფრემ ასური წერს: მოისურვებ თუ არა იყო წმიდა მოწამეებთან, მათ ირგვლივ აღმოჩნდები; მოისურვებ თუ არა დატკბე მართალთა ტკბილმოუბრობით, არა ენით, არა ბაგეებით, არამედ გულითა და სულით შესძლებ მათთან საუბარს, ე.ი. შენ იხილავ მათ სულებს შენი სულით; დატკბები მათი სილამაზისა და სიყვარულის ჭვრეტით, რაც წმინდანთაგან ყველაზე გადმოედინება.

დანო და ძმანო! სამოთხეში, მხოლოდ მარადიულ ცხოვრებაში შეიმეცნებს ადამიანი ტანჯვის საიდუმლოებას, რომ ამქვეყნად, მიწაზე მწუხარება, შრომა და განსაცდელი - ესაა ღვთის უდიდესი წყალობა და ადამიანი სვამს იმ ბარძიმიდან, რომლიდანაც სვამდა თვით უფალი იესო ქრისტე. ჩვენ ამიტომაც მარადიულ ცხოვრებაში მადლობელი ვიქნებით ჩვენი მტრებისა, მადლობელი ვიქნებით მაწყევართა, მათი, ვინც უსამართლოდ მოგვექცნენ, იმიტომ, რომ ისინი უნებლიედ ხელს უწყობდნენ ჩვენს გადარჩენას. აქ ამქვეყნად ჩვენთვის მრავალი რამაა გაუგებარი, მაგრამ აქ ჩვენ მხოლოდ პირველ გვერდს ვხედავთ წიგნისა, რომელიც გაცხადდება მარადისობაში და იქ ჩვენ შევიგრძნობთ მთელ სიღრმეს ღვთიური სიბრძნისა, მთელს ძალას ღვთის სიყვარულისა.

დანო და ძმანო! ერთხელ ალექსანდრიის ეპისკოპოსი თეოფილე ნიტრიის მთას ეწვია და ყველაზე გამოცდილ ბერს ჰკითხა: „ყველაზე საუკეთესო რა ჰპოვე სულიერ ცხოვრებაში?“ და მან უპასუხა: „ყველაფერში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი“. ეპისკოპოსმა დასძინა: „ეს არა მარტო საუკეთესო, არამედ ერთადერთი გზაა გადარჩენისათვის“.

მაშ, დანო და ძმანო, მუდამ გვახსოვდეს საშინელი სამსჯავრო, ფხიზლად გვეპყრას საკუთარი სინდისი, რათა იგი მკაცრად გვამხილებდეს ჩვენ და მაშინ საშინელი სამსჯავრო იქნება ჩვენთვის მარადიული ცხოვრების კარიბჭე!

ამინ!