განაყოფიერებიდან მე-5-7 დღეს ხდება იმპლანტაცია – პრე-ემბრიონის მიმაგრება საშვილოსნოს კედელზე. მანამდე კი მორულა ღრუს გაიკეთებს (რომელიც სითხით ამოივსება) და ხდება უჯრედთა გადაჯგუფება. უჯრედების ნაწილი გამოიმუშავებს მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც დაშლიან საშვილოსნოს კედლის ზედაპირულ უჯრედებს და პატარა არსება უფრო ღრმად შეიჭრება ქსოვილში. იგი უკვე დედის წიაღშია, სიცოცხლის პროცესი „სრული სვლით“ მიდის.
ჩასახვის პირველ დღეებში უჯრედები კვერცხუჯრედში მომარაგებული ნივთიერებებით საზრდოობენ, შემდეგ კი იწყებენ საკვების შეთვისებას გარემოდან.
პარალელიზმს ვხედავ უჯრედის კვებასა და ადამიანის მიერ სულიერი საზრდოს მიღებას შორის. იქნებ ზედმეტად თავისუფალია ჩემი წარმოსახვა?! ვიტყვი და განვსაჯოთ...
საოცარი თვისება აქვთ ცოცხალ უჯრედებს – გარედან შესულ საკვებ ნივთიერებებს „აგურებად“ დაშლიან და შემდეგ, თავისი საჭიროებისამებრ, ხელახლა ააწყობენ. ყველაფერს შლიან, იმ შემთხვევაშიც კი შლიან, როცა უჯრედში შესული ნივთიერება ზუსტად ის არის (ქიმიური ფორმულით), რაც მას სჭირდება. უჯრედი პირდაპირ არაფერს მიიღებს, საკვები უნდა „გადახარშოს“ და შემდეგ შეითვისოს მხოლოდ.
ასე იქცევა ადამიანიც სულიერი საზრდოს მიღებისას. ღვთის სიტყვას უშუალოდ არავინ იღებს. სახარება იქნება ეს, წმინდა მამათა შეგონება, თუ მოძღვრის ბაგეთაგან თქმული ქადაგება, ჩვენ ვისმენთ, ვახდენთ მის ანალიზს (“analysis” ბერძნული სიტყვაა და „დაშლას“ ნიშნავს) და მხოლოდ შემდეგ, ძალისაებრ ჩვენი სარწმუნოებისა, გულისა და გონებისა, ჩვენთვის მისაღებ გარკვეულ შინაარსს მივანიჭებთ მას და შევითვისებთ. ამ პროცესში შეიძლება კიდეც შევცვალოთ და დავამახინჯოთ პირველთქმული. უჯრედშიც ხდება დარღვევები სინთეზის დროს...
უჯრედები ინტენსიურად იყოფიან და სამ შრეს ქმნიან. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ყოველივე გათვლილია. წინასწარ არის განსაზღვრული, ამა თუ იმ შრიდან სხეულის რომელი ნაწილი, ორგანო თუ ორგანოთა სისტემა უნდა განვითარდეს. განვითარების მიმდევრობაც დაცულია.
აღიარებული ფაქტია, რომ ადამიანის ემბრიონი მუცლადყოფნის პერიოდში იმ მიმდევრობით გადის განვითარების გზას, რა თანმიმდევრობითაც შემოქმედმა ღმერთმა შექმნა სამყარო – უმარტივესი ორგანიზმებიდან შესაქმეს გვირგვინამდე. მეცნიერება ამას არ უარყოფს, თუმცა თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს. მეცნიერულ ენაზე მას ბიოგენეტიკური კანონი ეწოდება. საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებული უფორმო ადამიანი უხერხემლო ცხოველების, ნაწლავღრუიანების, წარმომადგენელს გვაგონებს. მასაც აქვს ღრუ, ისიც მიმაგრებულია კედელზე ჰიდრას ან მარჯნის პოლიპების მსგავსად. მოგვიანებით, ადამიანის ემბრიონი ხერხემლიანი ცხოველების ჩანასახს ემსგავსება, მაგრამ მსგავსება არ ნიშნავს იგივეობას. ადამიანის ემბრიონს, მაგალითად, აქვს ლაყუჩის ნაპრალები, მაგრამ არა თევზისათვის დამახასიათებელი ლაყუჩის ხვრელები, როგორც ზოგიერთები მიიჩნევენ არასწორად. ლაყუჩის ნაპრალისა და ლაყუჩის ხვრელის შემდგომი ბედი სრულიად განსხვავებულია. ადამიანის ემბრიონის განვითარების მე-4 კვირის ბოლოს იწყება ოთხსაკნიანი გულის განვითარება, რაც ფრინველებისა და ძუძუმწოვრებისათვის დამახასიათებელი ნიშანია. 70 დღის შემდეგ ადამიანის ნაყოფი ძნელად განირჩევა უმაღლესი მაიმუნებისაგან: მსგავსი ფორმები, ორგანოები, მასაც აქვს ტერფები და ხელის მტევნები. მაგრამ ნაყოფი აგრძელებს მეტამორფოზს, მსგავსება ცხოველებთან თანდათან მცირდება და ნაყოფი ადამიანის სახეს მიიღებს.
ანატომიურად, ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რითაც ადამიანი სიცოცხლის ყველა სხვა ფორმისაგან განსხვავდება, არის თავის ტვინის რუხი ნივთიერება – ტვინის ქერქი. სწორედ ქერქია ადამიანის ემოციების, შემეცნების, შეგრძნებების და სხვათაგან განმასხვავებელი ნიშნების მარეგულირებელი ცენტრი. ტვინის ქერქის ფორმირება მთავრდება ორსულობის მე-20-22 კვირას.
გენეტიკური კოდის ენა, რომელიც მხოლოდ ოთხი ნუკლეოტიდური ასოსაგან შედგება, მაგრამ კომბინაციათა დაუთვლელ ვარიანტებს ქმნის, საერთოა ყველა ცოცხალისათვის. ერთი და იგივე ატომები, მოლეკულები, ქიმიური ელემენტები, მარილები, ორგანული ნაერთები გვხვდება როგორც სიცოცხლის უმდაბლეს ფორმებში, ისე შესაქმეს გვირგვინში – ადამიანში. განა რა არის ამაში გასაოცარი?! ამაზე ხომ ძველი აღთქმა გვეზრახება: „წარმოშვა მიწამ მცენარეული... თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავ-თავისი გვარისდა მიხედვით... გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვერისაგან“. ყველგან მიწაა მასალა ცოცხალისა...
პირველი თვის ბოლოს პატარა უკვე მილიონი უჯრედისაგან შედგება. ორგანოების ფორმირებაც დაწყებულია. იწყება მზადება პლაცენტის, სპეციალური საკვები და დამცავი ორგანოს, ჩამოყალიბებისათვის, რაც მე-3 თვეში დასრულდება.
მე-3 კვირის ბოლოს გული იწყებს ძგერას (გული გვინდა ვუწოდოთ იმ შემსხვილებულ მილაკს, რომელიც პულსირებს).
მე-5 კვირა – განვითარებას იწყებს კიდურები; ჩონჩხი ხრტილოვანია და მე-6 კვირას იწყებს გაძვალებას.
მე-8 კვირა: სიგრძე – 3 სმ, წონა – 4.5გ.
იწყება ნაყოფის სტადია, რომელიც ინტენსიური ზრდით ხასიათდება.
ელექტროენცეფალოგრამაზე შეიძლება ჩანასახოვანი თავის ტვინის იმპულსების ჩაწერა. ნაყოფს ყველაფერი „ადგილზე აქვს“: თავი, თვალები, ყურები, შინაგანი ორგანოები, ტერფები, ხელის მტევნები და თითის ანაბეჭდებიც კი...
ნაყოფი ივითარებს პლაცენტას და დამცავ კაფსულას, რომელიც სითხით არის ამოვსებული. ამნიოტურ სითხეში ჩაძირული ნაყოფი მეტნაკლებად დაცულია მექანიკური ტრავმებისაგან.
პლაცენტის საშუალებით ხდება ნივთიერებათა ურთიერთგაცვლა ნაყოფსა და დედის სხეულს შორის. ჭიპლარი, რომელიც ნაყოფის წარმონაქმნია, შეიცავს სისხლძარღვებს და ის გაატარებს ნივთიერებებს პლაცენტიდან ნაყოფისაკენ და პირიქით.
პატარა არსება თავის სამყაროში განმარტოებულა, მოძრაობს; აქვს ძილისა და ღვიძილის პერიოდები; ამოძრავებს თავს; ხუჭავს და ახელს თვალებს; პირში იდებს ცერა თითს და წოვს (ეს ხომ მისი უპირველესი რეფლექსია); ხანდახან კიდეც ასლოკინებს; აქვს ტკივილის, სიცივისა და სიცხის შეგრძნება; გრძნობს საფრთხეს...
მილიონობით ადამიანმა ნახა ბერნარდ ნატანსონის ფილმი „უხმო ღაღადისი“, რომელიც 3-თვიანი ნაყოფის აბორტის ოპერაციის ულტრაბგერითი კინოგადაღებით შეიქმნა. ამერიკელი პროფ. ნატანსონი მეან-გინეკოლოგია, პრაქტიკოსი ექიმია. ფილმის შექმნამდე მას 60000-მდე აბორტი ჰქონია გაკეთებული. ერთ დღეს მან ცოცხალი ჩანასახის ინტენსიური კვლევა დაიწყო თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის გამოყენებით. ... და იხილა, და აღიარა: „ემბრიონი ფორმირებული ადამიანური არსებაა საკუთარი ნიშან-თვისებებით. ეს მეცნიერული ჭეშმარიტებაა და არა მხოლოდ რწმენის საკითხი“. ნატანსონმა ფირზე აღბეჭდა 3-თვიანი ნაყოფის ხელოვნური აბორტის მსვლელობა. ასე შეიქმნა მართლაც სულისშემძვრელი ფილმი „უხმო ღაღადისი“. პირველ კადრებში ჩანს, თუ როგორ განაბულა ნაყოფი ოპერაციის წინ, თითქოს გრძნობს საფრთხეს; მისი გულისძგერა ჩვეული 140-დან 200 დარტყმა/წთ-მდე იზრდება. იგი გაურბის საოპერაციო იარაღს, ცდილობს დაემალოს მას, მაგრამ უშედეგოდ... ბოლოს იგი ფართოდ აღებს პირს და ცდილობს იყვიროს. მაგრამ მისი ხმა დახშულია. დახშულია ჩვენი სასმენელიც და გულის კარიც...
ამრიგად, ჯერ არშობილი ბავშვი არის სრულფასოვანი არსება – ჩასახვის წუთიდანვე მას აქვს სრული გენეტიკური ინფორმაცია, სიცოცხლის კოდი, რომელიც მისი ზრდა-განვითარებისათვის არის აუცილებელი. იგი არის დამოუკიდებელი არსება და არა დედის სხეულის ნაწილი. ამის დასადასტურებლად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ხშირ შემთხვევებში დედა-შვილს განსხვავებული ჯგუფის სისხლი აქვთ, რაც სავსებით გამორიცხავს მუცლადყოფნისას მათი სისხლის შერევის შესაძლებლობას. ადამიანის ნაყოფი ივითარებს საკუთარ ნიშან-თვისებებს. მისი გენეტიკური კონსტიტუცია უნიკალურია, არცერთ ადამიანს არ ექნება ზუსტად მისებური გენები – იგი ღვთის უნიკალური ქმნილებაა. ადამიანის ნაყოფი განუმეორებელია – თუკი ბავშვის განვითარება მუცლადყოფნის პერიოდში შეწყდება ბუნებრივი თუ ხელოვნური აბორტის გზით, იგი ვეღარასოდეს განმეორდება.
როდესაც ზიგოტის „გენეტიკურ სისავსეზე“ ვსაუბრობდით, იმ საფრთხეზე მივანიშნეთ, რასაც კლონირების ექსპერიმენტები შეიცავენ საკუთარ თავში.
„კლონირება“ ბერძნული სიტყვიდან წარმოდგება და უსქესო გამრავლების გზით უჯრედული პოპულაციების (ჯგუფების) და მთლიანი ორგანიზმების წარმოშობას ნიშნავს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან (ზიგოტიდან) განვითარებული ახალი ორგანიზმი არასოდეს არ იქნება დედის ან მამის ზუსტი ასლი, მან ხომ პროგრამის მხოლოდ ნახევარი მიიღო თითოეული მშობლისაგან. კლონირების მეთოდი კი იძლევა საშუალებას მიღებულ იქნას უჯრედის, ქსოვილის და თვით ორგანიზმის ასლებიც კი. ამისათვის საჭიროა გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედს შევუცვალოთ ბირთვი, ე.ი. მისი გენეტიკური პროგრამა (განახევრებული) შევცვალოთ სრული გენეტიკური პროგრამით, რომელსაც სხეულის უჯრედიდან გამოვყოფთ. კვერცხუჯრედი „ტყუვდება“ – რადგან სრული გენეტიკური პროგრამა აქვს, „თავი განაყოფიერებული ჰგონია“ და იწყებს დაყოფას. ჩანასახი იმ გენეტიკური პროგრამით განვითარდება, რასაც ექსპერიმენტატორი შეიტანს კვერცხუჯრედში ბირთვის შეცვლისას. ეს ნიშნავს, რომ ამ გზით შესაძლებელია მივიღოთ დონორი უჯრედის ასლი უჯრედული პოპულაციები და „ტყუპისცალი“ ორგანიზმიც კი. ამასთან, ხდება მამის როლის სრული იგნორირება. არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ „გადასანერგად“ გამზადებულ ბირთვში წინასწარ ნაწილობრივ შევცვალოთ პროგრამა, დავუმატოთ ან მოვაკლოთ რაიმე. აი, ასეთია კლონირების მეთოდური მხარე.
მეცნიერები ერთმანეთისაგან განასხვავებენ ემბრიონისა და ზრდასრული ადამიანის კლონირებას, თუმცა ამგვარი დაყოფა არცთუ მთლად კორექტულია. ემბრიონის კლონირება მხოლოდ პირველი ეტაპია ადამიანის კლონირების გზაზე, რომელიც უმკაცრესი კონტროლის პირობებშიც კი უცილობლად დასრულდება ადამიანის კლონირების მცდელობით (რის პრეცენდენტზეც უკვე ხმაურობენ საინფორმაციო საშუალებები). აკრძალვები არ ვრცელდება კერძო სექტორზე. ერთადერთი, რაც კერძო კომპანიებს აბრკოლებს, სამუშაოების ფინანსური მხარეა, კლონირება ხომ უაღრესად ძვირადღირებულ ტექნოლოგიებს საჭიროებს. ზრდასრული „ტყუპისცალის“ კლონირებისათვის აუცილებელია არსებობდეს ე.წ. სუროგატი დედა, რომელიც თანახმა იქნება საკუთარ საშოში „გაზარდოს“ ნაყოფი მომწიფებამდე და შემდეგ შვას იგი ვითარცა საკუთარი.
ემბრიონთა კლონირება ითვალისწინებს ტრანსპლანტაციისათვის საჭირო ორგანოების, ჯირკვლების ან ქსოვილების მიღებას ემბრიონის არადიფერენცირებული უჯრედებიდან, რასაც წინ უსწრებს კვერცხუჯრედის ბირთვის შეცვლა ავადმყოფის ორგანიზმის უჯრედიდან გამოყოფილი ბირთვით. ეს კი თითქმის მთლიანად გამორიცხავს ანტაგონიზმს ავადმყოფის ორგანიზმსა და გადასანერგ ორგანოს ან ქსოვილს შორის, რაც დღემდე ტრანსპლანტოლოგიის უმთავრეს პრობლემად რჩება.
დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში დაშვებულ იქნა კლონირების ექსპერიმენტები 14-დღიან ემბრიონზე (ისინი ამჯობინებენ ტერმინი „პრე-ემბრიონის“ ხმარებას). რატომ მაინცადამაინც 14-დღიანი ლიმიტი? მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ დროიდან უჩნდება ემბრიონს მგრძნობელობა (რაოდენი „ჰუმანიზმია“!).
დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ერთი საკითხის გარშემო – ექნება თუ არა სული კლონირების გზით „გამოყვანილ“ არსებას?! ადამიანის კლონირების დამქაშები საკითხს ასე აყენებენ: „თუკი ადამიანს ძალუძს ორგანიზმის კლონირებასთან ერთად მისი სულის კლონირებაც, რაზე მიგვანიშნებს ეს? და თუკი კლონირებული ემბრიონი უსულოა, მაშინ რატომ უნდა შევიზღუდოთ ჩვენს კვლევებში?! მიგვიშვით, რათა ვზარდოთ და ვჭრათ ემბრიონები, ვეძიოთ და ვპოვოთ. ჩვენ მემკვიდრული დეფექტების გამოსწორებაც შეგვეძლება, იმ შეცდომების, ღმერთმა რომ დაუშვა ზოგიერთი ადამიანის შექმნისას...“
დიახ, ღმერთმა რომ დაუშვა! „შეცდომა დაუშვა“ და „შეეშალა“, ეს სიტყვები სრულიად განსხვავებულ აზრს იძენენ, როცა სუბიექტი ღმერთია. ღმერთი დაუშვებს ადამიანში ამა თუ იმ დეფექტის არსებობას, ზოგჯერ ლეტალურისაც, ჩვენივე ხსნისათვის, რათა გამოგვაფხიზლოს, სინანული აღძრას ჩვენში და არა მასთან მეტოქეობის სურვილი.
ადრეულ სტადიაზე ემბრიონის არადიფერენცირებულ (ე.წ. ღეროვან) უჯრედებს აქვთ უნარი ნებისმიერი ორგანოს და ქსოვილის უჯრედებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამ ეტაპზე არიან ისინი საინტერესო ემბრიონის კლონირების მნებებელთათვის. სანამ სპეციალიზაციას განიცდიდნენ და კონკრეული ფუნქციების შესრულებას დაიწყებდნენ, მათგან შეიძლება ახალი ორგანოები და ქსოვილები „გამოვზარდოთ“, რათა პერიოდულად შევიცვალოთ დაზიანებული თუ გაცვეთილი ნაწილები.
მივყვეთ ოცნებას: ყველას მოგვეცემა შესაძლებლობა ვიქონიოთ სხეულის „სათადარიგო ნაწილები“, გვექნება ჩვენ-ჩვენი საწყობი (თუ გნებავთ, ბანკი) გაყინული უჯრედებით, ორგანოებით (მარაგის მოცულობა, ალბათ, ისევ და ისევ ფულით განისაზღვრება). ორგანოთა ბაზარიც იქნება, სადაც ახალი, გაუყინავი ნაწილები გაიყიდება... ღმერთო, მომიტევე ამგვარი მკრეხელობა! მე მხოლოდ ის სურათი დავხატე, რაც დღევანდელობის ლოგიკური გაგრძელებაა. შემზარავია ყოველივე ეს!
თუკი დაიწყებ, ძნელია შეჩერდე. მითუმეტეს, თუკი ამგვარი ექსპერიმენტების ეთიკური მხარე შენთვის არაარსებითია: მთავარია, გააკეთო, შენც შეძლო, შემოქმედად იგრძნო თავი.
მაინც საით წაგვიყვანს ეს გზა? - ტაძრისკენ ნამდვილად არა. ადამიანი დაკარგავს სიკვდილის შიშს, მრავალთათვის ერთადერთ „ლაგამს“, და „უკვდავების თანაზიარი გახდება“. საკუთარი თავის ხიბლში ჩავარდნილი ფულიანი არსებები საკუთარ ორეულებს შექმნიან, ბევრ ასლებს დაუკვეთენ, რათა არ ამოწყდნენ, არ გადაშენდნენ ამა სოფლიდან. გარდაცვლილთა გაცოცხლებაზეც იზრუნებენ...
მაგრამ ადამიანთა კლონირება ჯერჯერობით (!) იკრძალება. კანონის შემოვლას ცდილობენ მავანნი, შემოვლით გზებს ეძებენ. კიდევაც მიაკვლიეს. ახლახანს სენსაციური ცნობა გაავრცელეს უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებმა – სინჯარაში წარმატებით იქნა გამოზრდილი ადამიანის პირველი 100-უჯრედიანი პართენოტი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებდა სიცოცხლისუნარიანობას. განვმარტოთ ამ ახალი მონსტრის ვინაობა. ეს გახლავთ ხელოვნურად ინდუცირებული, ქალწულებრივი გამრავლების პროდუქტი. კვერცხუჯრედის ბირთვი აიძულეს (ქიმიური აგენტების ზემოქმედებით) გაორმაგებულიყო, თავი „ზიგოტად მოსჩვენებოდა“ და დაეწყო ემბრიონული განვითარება. ასეთი გზით განვითარებული ჩანასახი, რასაკვირველია, დედის ანალოგი იქნება, სპერმა ხომ სიახლოვესაც არ გაჰკარებია კვერცხუჯრედს, „ქალწულებრივი გამრავლებაც“ ამიტომ უწოდეს ამ პროცესს, კვერცხუჯრედი ხომ „უბიწოა“.
არცერთ ქვეყანაში არ არსებობს პართენოტებზე მუშაობის ამკრძალავი კანონი, ან რომელ კანონმდებელს მოუვიდოდა აზრად ამგვარი სიბილწე. ჩქარობენ „ექსპერიმენტატორები“, ვაითუ ვინმემ ალაგმოს მათი ფანტაზია. უფრო დიდი სიბილწეც განუზრახავთ: გაჩნდა ცნობები, თუ როგორ იგეგმება ადამიანის ჩანასახის შექმნა მხოლოდ სპერმატოზოიდების მონაწილეობით. ექსპერიმენტის გეგმა ასეთია: გაუნაყოფიერებელ კვერცხუჯრედში დაშლიან ბირთვს და მის ნაცვლად შეიყვანენ ორი სპერმატოზოიდის ბირთვს. მათი ურთიერთშერწყმით აღდგება მთელი და „ორმაგად მოტყუებული“ ზიგოტა დაიწყებს ზრდა-განვითარებას. ასეთი ცდების პერსპექტივა ეიფორიაში აგდებს ჰომოსექსუალისტ წყვილებს, მათ საერთო შვილის ყოლის შესაძლებლობა უჩნდებათ.
ბოლო არ უჩანს ადამიანის ბილწ ფანტაზიას. სრულიად აბსურდული იდეები ჩვენს თვალწინ ისხამენ ხორცს. უყურებ შეშლილ მსოფლიოს და შიში გიპყრობს, უსასოობა გეუფლება: რა ძალა შეაჩერებს ამ ნიაღვარს, ვინღა შეაჩერებს?!..
„და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ“. (მათ. 27,14).
...არ გვსურს ვემსგავსოთ პილატეს. ჩვენს გვერდით ხდება ყოველივე და ეს ყველას გვეხება. იარაღად სიტყვა გვაქვს მხოლოდ და არც ჩვენ ვიქნებით უბრალო, თუკი დავდუმდებით...
ჯერ კრძალვით შევსთხოვ უფალს: „აღაღე პირი ჩემი ზრახვად სიტყვათა შენთა“, შემდეგ კი ვიტყვი, კი არ ვიტყვი, ვიყვირებ და ჩემს ხმას შევაშველებ დედის წიაღში შეფარებული პატარას უხმო ღაღადისს.