ცხოვრების გზაზე ადამიანთა ორ ტიპთან გვიწევს შეხვედრა. ერთნი მეცნიერების სახელით უარყოფენ რელიგიას, მეორენი კი - რელიგიის გამო უნდობლად ეკიდებიან მეცნიერებას; ისეთებიც გვხვდებიან, რომელთაც ადამიანური სულის ამ ორ მოთხოვნილებას შორის ჰარმონიის პოვნა მოახერხეს. და, მართლაც, განა სწორედ ასეთი ჰარმონია არ გახლავთ ის ნორმა, რისკენაც ადამიანი უნდა მიისწრაფვოდეს? ორივე ეს მოთხოვნილება ხომ ადამიანური ბუნების წიაღშია ფესვგადგმული და განა ეს არ განაპირობებს თანამედროვე განსწავლული ადამიანის კრიზისს, რომ მას „გონება გულთან თანხმობაში არა აქვს?“ განა ამ ცამხრივმა „განსწავლულობამ“ და „გონებრიობამ“ არ გათიშა რუსეთში ხალხი და ინტელიგენცია? და თუნდაც მარტო ის გარემოება, რომ დღევანდელ დღეს მეცნიერების დროშის ქვეშ, რომელმაც თითქოსდა უკვე კარგა ხანია, რაც რელიგია უარყო, ხალხს ათეიზმი და ანტიქრისტიანობა ექადაგება, გვაიძულებს და გვავალდებულებს, ღრმად გავიცნობიეროთ და საფუძვლიანად გადავწყვიტოთ საკითხი: ეწინააღმდეგება თუ არა მეცნიერება რელიგიას?
ჯერ კიდევ სოკრატე გვასწავლიდა, რომ სწორი დასკვნების გამოსატანად საჭიროა ცნებათა ზუსტი განსაზღვრა. ამიტომ შევეცადოთ, ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენს მის განსახილველი ორი ცნება - და შემდგომად ამისა, უკვე შევადაროთ ისინი ერთმანეთს.
მეცნიერება სინამდვილის მოვლენათა შესახებ ჩვენი დაკვირვებით მოპოვებული და მიღწეული ცოდნის სისტემას წარმოადგენს. ჩავუღრმავდეთ თითოეულ ამ სიტყვათაგანს. მეცნიერება - ესაა სისტემა, ე.ი. არა ცოდნათა შემთხვევითი შეკრება, არამედ მათი მწყობრი, მოწესრიგებული შეხამება, რაც კლასიფიკაციით ხერხდება, - ე.ი. ერთნაირ და ერთგვარ მონაცემთა ჯგუფებისა და განზოგადებების მიხედვით განთავსებითა და განაწილებით: ანუ იმ ზოგადი ფორმულებისა და კანონების დადგენით, რომელთაც ბუნება ექვემდებარება და ემორჩილება. მეცნიერება მოიცავს და ასახავს მიღწეულ ცოდნას, ე.ი. არა ყოველივეს, არამედ მხოლოდ იმ ცოდნას, რასაც მეცნიერებამ დღემდე მიაღწია და მოიპოვა. სამეცნიერო მოღვაწეობა შეუჩერებლივ მიმდინარეობს, - იგი მუდმივ მოძრაობაშია, და „გონებაჭვრეტითი და ექსპერიმენტული ცდისეული გზით ჭეშმარიტების შეცნობის“ უწყვეტ პროცესად მოიაზრება. ქმნადობისა და ჩამოყალიბების ეს პროცესი მეცნიერებაში რაღაც დინამიკური და მარადმედინია. იგი გადის გზას საკითხებისას, ძიებებისას, დაეჭვებისას, ვარაუდებისას, რომლებიც, შესაძლოა, შემდგომში ყალბი აღმოჩნდეს. მხოლოდ ცოდნა, ე.ი. სინამდვილის ნამდვილი და უტყუარი ასახვა შეადგენს მეცნიერების დადგენილ და სტატიკურ შინაარსს, ე.ი. დასაბუთებულ, დამტკიცებულ, საყოველთაოდ აღიარებულ, საყოველთაოდ მიღებულ აზრებს, მსჯელობებსა და დასკვნებს, რომლებიც ლოგიკურადაც გამართლებულია და ემპირიულადაც, გონებაჭვრეტითაც და ცდისეულადაც.
ეს გახლავთ ცოდნა მოვლენების, ე.ი. ბუნების, სიცოცხლის გამოვლინებათა, მაგრამ არა მათი არსებობის (ფენომენების, მაგრამ არა ნოუმენების) შესახებ, სამყაროს შესახებ, როგორადაც ჩვენ მას ვხედავთ და ვჭვრეტთ, და არა თავისთავად, არსობრივად მყოფი სამყაროს შესახებ. მოვლენებად ითვლება ის, რაც აშკარა შეგრძნებათა ხუთი ორგანოსათვის (თუმცა ეს უკანასკნელი საყოველთაოდ მიღებულ რაოდენობაზე უფრო მეტია), ხუთგრძნობიანი ლოგიკისათვის, რომელიც აღჭურვილი და შეიარაღებულია ჩვენი შემეცნებითი ორგანოების ყოველმხრივი ტექნიკური ძალისხმევით, - მიკროსკოპის, ტელესკოპისა და სხვა სამეცნიერო ინსტრუმენტების სახით. ამგვარად, ზუსტი მეცნიერების სფერო ისევე შეზღუდულია, როგორც მეცნიერული ცოდნის ორგანოები თავისი შემეცნებითი უნარებით. მაგრამ ადამიანს სურს და, დიახაც, უნდა იცოდეს ისიც, რაც მეცნიერების სამანებს მიღმაა, რაც მის ფარგლებს გარეთ იმყოფება. ასე მაგალითად, ფსიქოლოგია მეცნიერებაა მშვინვიერ მოვლენათა შესახებ. ჩვენ კი უფრო მეტის ცოდნა გვწყურია. უცნაური იქნებოდა, გვემტკიცებინა, რომ მეცნიერებამ იცის ან სურს იცოდეს მთელი ყოფიერება, ყოველივე არსებული. „ბევრი რამ ჰხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად, რაც ფილოსოფოსთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ“, - ამბობს შექსპირის ჰამლეტი. ამასთან ერთად ჩვენ მიღმიურის წვდომაც გვსურს, გვურს იმ საკითხების გადაწყვეტა ჰაინრიხ ჰაინეს ჭაბუკის გული რომაა აღსავსე: „რა არის მარადიული საიდუმლო? და რას წარმოადგენს არსება ადამიანისა? საიდან მოდის, ანდა საით მიემართება? ვინ, ვინ სუფევს იქ, მაღლა ვარსკვლავთა მიღმა?“
ცოდნა მეტია, ვიდრე მეცნიერება. ცოდნა სულის იმ უმაღლესი ორგანოებითაც მიიღწევა, რომელთაც არ ფლობს მეცნიერება. ესაა, უპირველეს ყოვლისა, ინტუიცია, ე.ი. ჭეშმარიტების უშუალო გუმანი, რომელიც ამოიცნობს, განჭვრეტს, წინასწარ ხედავს იქ, სადამდეც შემეცნების მეცნიერული უნარი და საშუალებები ვერ სწვდება. უკანასკნელ ხანს ეს ინტუიცია სულ უფრო და უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფიის ყურადღებას. ინტუიციით ჩვენ გაცილებით მეტხანს ვცოცხლობთ, ვიდრე ვვარაუდობთ. სწორედ მას მიყავართ სულის სხვა, უზენაეს სფეროში ანუ რელიგიაში.
ზოგადად რომ ვთქვათ, რელიგია არის კავშირურთიერთობა აბსოლუტურთან, მასთან, ვისაც ღმერთს ვუწოდებთ. რამდენადაც ეს ურთიერთობა ყველას, თვით ათეისტსაც კი აქვს, - ამიტომ სამართლიანია გამოთქმა, რომ ყველას თავისი რელიგია აქვს.
მაგრამ თუ ასეთი ზოგადი სახით მივიღებთ რელიგიის განმარტებას, ის შეიძლება სწორიც იყოს და არასწორიც, ჭეშმარიტიც და ყალბიც, ზნეობრივიც და არაზნეობრივიც. გამომდინარე იქიდან, თუ რას მივიჩნევთ სამყაროს აბსოლუტურ, უმაღლეს და უპირველეს ფასეულობად და როგორ იქნება მისდამი ჩვენი დამოკიდებულება - რა გვწამს და როგორ გვწამს, რას ვიღებთ და როგორ ვიღებთ.
როდესაც დადებითად და არსებითად ვსაუბრობთ, რელიგია არის ღმერთთან ურთიერთობა (შეერთება). და სწორედ ამ რელიგიის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ. რელიგია - როგორც განცდა - ურთულესია. იმ უშუალო და სპეციფიკურ განცდას, რომელიც ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს, ლოცვა ეწოდება.
რა თქმა უნდა, ლოცვა, როგორც მისტიური სწრაფვა, როგორც აღმაფრენა სულისა, როგორც სულიერი ექსტაზი, როგორც რწმენა და გრძნობა, შეუძლებელია, მეცნიერების გვერდით დავაყენოთ. რელიგიასა და მეცნიერებას შორის ნებისმიერი შედარების დროს, შესაძლოა, იმდენივე წინააღმდეგობა აღმოჩნდეს, რამდენიც, ვთქვათ, მუსიკასა და მათემატიკას, ან სიყვარულსა და მათემატიკას შორის არსებობს. შედარებით კი, შეგვიძლია ცნებები და მოვლენები შევადაროთ, ოღონდ თუ მათ ერთ სიბრტყეზე, ერთი კრიტერიუმის შუქზე განვიხილავთ. ამიტომ რელიგიას ჩამოვაშოროთ სინამდვილის შესახებ მისი ინტელექტუალური (გონებისთვის ხელმისაწვდომი) მტკიცებები, ე.ი. რელიგიის ის მხარე, რომელიც საერთოა როგორც რელიგიისათვის, ისე მეცნიერებისათვის, - და ვნახოთ ორივე მათგანის ცოდნა და შეხედულებები ეწინააღმდეგებიან თუ არა ერთმანეთს.
აი, სინამდვილის შესახებ ზოგიერთი დებულება (შეხედულება), რომელთაც ჩვენ, ქრისტიანები ვაღიარებთ: ღმერთი არსებობს, მეტიც, მხოლოდ ის არსებობს და ის, - რაც მასშია და რაც მასთანაა დაკავშირებული. მასში ყოველივეს თავისი ყოფიერება, თავისი არსებობა გააჩნია, მის გარეშე ყოველივე მხოლოდ ამაოებაა და ტანჯვა სულისა. ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთკაცია, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და კვლავ დაბრუნდება დედამიწაზე განსჯად ცოცხალთა და მკვდართა. ადამიანის სულს აქვს თავისი პიროვნული უკვდავება.
თქვენ იტყვით, - კი მაგრამ ჩვენს მეცნიერებაში - მათემატიკაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, ისტორიაში - სად არის მტკიცებანი, რომლებიც ახლახანს დასახელებულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება, - მტკიცებანი ობიექტური და დასაბუთებული, ე.ი. მეცნიერული? არ არის და არსებითად არც შეიძლება იყოს იმიტომ, რომ ყველა დებულება ეხება არსთ, სუბსტანციებს, რომლებიც მეცნიერების კომპეტენციის მიღმაა, და არა მოვლენებს, რომლებიც მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომია.
საიდან იღებს სათავეს, საიდან მომდინარეობს სტუდენტებს, და საერთოდ, განსწავლულ ადამიანებს შორის გავრცელებული, მოარული შეხედულება, რომ მეცნიერება რელიგიას ეწინააღმდეგება?
ამის მიზეზს წარმოადგენს ზედაპირული ცოდნა როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის სფეროში და ამითვე დასტურდება ის აზრი, რომ „ცოდნას მივყავართ ღმერთთან, სანახევრო ცოდნა კი გვაშორებს ღმრთისაგან“. ნახევარცოდნა ჩვენი დროების ავადმყოფობაა. სწორედ ის ქმნის ღმრთისუარმყოფლობისათვის ნოყიერ ნიადაგს. პირველ რიგში, უაღრესად ზედაპირულად ვიცით ფილოსოფია, განსაკუთრებით ფილოსოფიის ის სფერო, რომელიც სპეციალურად ამ საკითხს, ე.ი. შემეცნების თეორიას, ანუ გნოსეოლოგიას უკავშირდება.
როდესაც მალემრწმენობით მეცნიერულ დასკვნებად ვიღებთ მტკიცებებს, რომლებსაც იმ შეხედულების (თვალსაზრისის) სასარგებლოდ მოუხმობენ, თითქოსდა ღმერთი არ არსებობს, ამით კანტის მიერ უკვე გამორკვეულ დებულებას ვივიწყებთ, რომლის თანახმად თეორიტიკული გონება ერთნაირად უძლურია, დაამტკიცოს ან უარყოს ღმერთის არსებობა, სულის უკვდავება და ნების თავისუფლება. ეს ობიექტები და ეს საკითხები სწორედ ამიტომ იწოდებიან ტრანსცენდენტურებად (ისინი მეცნიერების საზღვრებს მიღმა არიან).
გონებით შეგვიძლია მხოლოდ გარეგანი ფაქტი შევიმეცნოთ, და არა საგანი თავის თავში. მთელი სამყარო, რომდენადაც იგი დროსა და სივრცესთანაა დაკავშირებული, ამდენად ობიექტურად შეუმეცნებადია, რადგან დრო და სივრცე ჩვენი ცნობიერების სუბიექტური ფორმებია, რომელთაც სამყაროს მივაკუთვნებთ ხოლმე. აქედანაა გამონათქვამი: „სამყარო - ეს მე ვარ“. ჩვენი შეგრძნებების, აღქმებისა და წარმოდგენების სუბიექტურობას კიდევ უფრო ზუსტად განმარტავს შემეცნების ფსიქოლოგია. ჩვენს მეირ აღქმული ფერი, ტემპერატურა, გემო ჩვენი შეცნობის გარეშე თავისთავად არ არსებობენ (უკუაღიარებას ფსიქოლოგიაში გულუბრყვილო რეალიზმი ეწოდება). თვით მატერიის შეცნობაც კი არ ძალგვიძს ისე, როგორც ის არსებობს, იმიტომ რომ მისი სპეციფიკური თვისებები - მასა, სიმკვრივე და სიმძიმე - სუბიექტურია.
საერთოდ, საგნებს ისე კი არ ვხედავთ, როგორც არსებობენ, არამედ ისე, როგორც მათ პიროვნული, სუბიექტური თვალსაწიერიდან აღვიქვამთ.
მით უფრო არ ძალგვიძს მეცნიერულ-შემეცნებითი უნარებით საგანთა მიღმა არსებულის, ე.ი. საგანთა არსის, და მით უმეტეს - პირველარსის, ე.ი. ღმერთის წვდომა. აი, ამიტომაა შეუძლებელი მეცნიერებისათვის ღმრთის არსებობის უარყოფა, რადგან ეს თემა ისევე, როგორც არსთა მთელი სფერო, უკვე მისი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება!
ისეთი თანამედროვე ფილოსოფოსები, როგორებიც არისნ ბერგსონი, ლოსკი, კანტზე შორსაც მიდიან, როდესაც აღიარებენ და ცდილობენ ღმერთის არსებობის გონებითაც დასაბუთებას. სხვათა შორის, უკვე ამ მიმართულებით გენიალური ნაბიჯები ვ.ს.სოლოვიოვმა გადადგა.
მეორე ჩვენი ცდომილება მეცნიერების მეცნიერთა შეხედულებებთან გაიგივებაა. ზოგჯერ ეს შეხედულებები მართლაც უპირისპირდებიან რელიგიას, მაგრამ დროთა განმავლობაში გაირკვევა ხოლმე, რომ ისინი უპირისპირდებიან არა მარტო რელიგიას, არამედ ბუნებასაც და ჭეშმარიტ მეცნიერებასაც, რომელიც ბუნების ნამდვილ მოვლენებს ასახავს. ამ დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობას სწორედ ის გარემოება განაპირობებს, რომ ეს და მსგავსი შეხედულებები იმდენად ობიექტურ ბუნებას არ ასახავენ, რამდენადაც მეცნიერთა გემოვნებას, გემოვნებას, რომელიც, ამ შემთხვევაში, ცდილობს მეცნიერებისათვის მიუწვდომელ იმ სფეროსად გადასწვდეს, საიდანაც როგორც რწმენის, ისე ცრურწმენის სამეფო იწყება.
ეგრეთ წოდებული მეცნიერული ათეიზმი ნამდვილად უპირისპირდება რელიგიას, მაგრამ ათეიზმი წარმოადგენს მხოლოდ ზოგიერთი სწავლული ადამიანის ვარაუდს - დაუსაბუთებელსა და დაუმტკიცებელს.
ათეისტების მცდელობა, როგორმე დაამტკიცონ ის, რისი დამტკიცებაც შეუძლებელია, უნებლიედ გვაგონებს პუშკინის სტრიქონებს:
Художник варвар кистью - сонной
Картину гения чернит
И свой рисунок беззаконный
Над ним бессмысленно чертит.
თეორია, რომლის თანახმად სამყარო ღმერთს არ შეუქმნია, არათუ მეცნიერულად დასაბუთებულ ჭეშმარიტებას არ წარმოადგენს, არამედ - სრულიად გარეშემეცნიერულია. ეგრეთ წოდებული დარვინიზმი, რომელიც აღიარებს, რომ ადამიანი ევოლუციის მეშვეობით ცხოველთა დაბალი სახეობიდან განვითარდა და ღმრთაების შემოქმედებითი აქტის პროდუქტი არ არის, მხოლოდ ვარაუდი, მხოლოდ ჰიპითეზა აღმოჩნდა, უკვე მოძველებული თვით მეცნიერებისთვისაც კი. ეს ჰიპოთეზა ეწინააღმდეგება არა მარტო ბიბლიას, არამედ თვით ბუნებასაც, რომელიც ერთგულად ცდილობს ყოველი სახეობის სიწმინდის შენარჩუნებას და არ იცნობს თვით ბეღურიდან მერცხლის სახეობისკენ განვითარებისა და გადასვლის ფაქტს. უცნობია მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის ფაქტები. სინამდვილეში ვხვდებით საპირისპირო ფაქტებს. მოვიყვანთ „ყურანიდან“ მუჰამედის მიერ გამოთქმულ ერთ აზრს: „ზოგიერთი ადამიანი ცოდვების გამო ღმერთმა მაიმუნად გადააქცია“.
ჩვენი დროებისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ადამიანის მაიმუნად მორალური გარდაქმა-გადაქცევა.
ადამიანი, როდესაც რომელიმე დაბალ ვნებას ემონება, ვთქვათ, ისეთს, როგორიცაა თრობა, თავდაპირველად სასიამოვნო და სასიხარულო შეგრძნება უჩნდება, მაგრამ შემდეგ თანდათან უგუნურდება და სულელდება, ცხვარს ემსგავსება. ხოლო სმას თუ გააგრძელებს, თავის თავს უკვე ლომად წარმოიდგენს, მზვაობარი და ცოფიანი ხდება; რაც უფრო მეტს სვამს, სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაიმუნს - ხტუნავს, იმანჭება, ათასგვარ სისულელეს სჩადის, ხოლო ცნობიერების დაკარგვამდე უგონოდ მთვრალი უკვე ღორად „გადაიქცევა“ და ტალახში ღორივით გაწვება. განა ყოველდღიურად არ ვხედავთ ჩვენს საზოგადოებაში ადამიანებს ცხვრებად, ლომებად და მაიმუნებად „გადაქცევას“? მაგრამ დედამიწის მთელი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი მაიმუნი, ადამიანივით ეაზროვნა. ამავე დროს, ზედმეტი იქნებოდა, შეგვენიშნა, - მან, ვინც მაიმუნის ადამიანად გარდაქმნის პროცესი წარმოგვიდგინა, თავისი შეცდომა უარყო და ღმრთის წინაშე მდაბლად მოინანია.
თეორეტიკოსები, რომელთათვისაც თავიანთი ტენდენციები ჭეშმარიტებაზე ძვირფასია, საკუთარი ჰიპოთეზის დასაცავად ცრუ მტკიცებებსაც კი მიმართავენ. როდესაც ამ ჰიპოთეზის უარმყოფელ ფაქტებს აწყდებიან, მაშინ აცხადებენ: „მით უარესი ფაქტებისთვის“. რადგან ისინი მოცემული თეორიის გამამართლებელ ფაქტებს ვერ პოულობენ, თავადვე „თხზავენ“ ფაქტებს. ცნობილია ჰეკელის სახელთან დაკავშირებული „სამი კლიშეს“ თეორია. ევოლუციური თეორიის გამართლების მიზნით (რომლის მიხედვით, ადამიანი, მაიმუნი და ძაღლი ერთნაირი ჩანასახიდან ვითარდება), თავის ანთროპოლოგიაში დაბეჭდა ამ ჩანასახთა სამი ნეგატივი. სამივე სინამდვილეში ერთი ნეგატივის პროდუქტები აღმოჩნდა. ისინი ჰეკელმა ისე დაბეჭდა, რომ ნეგატივები მისი ჰიპოთეზისათვის არასასურველი დეტალებისაგან გაწმინდა. პირველად ნაყალბევი ცნობილმა ემბრიოლოგმა გისმა შენიშნა, რაც შემდეგ თვით ჰეკელმაც აღიარა, თავი კი იმ „არგუმენტით“ იმართლა, რომ ჩემი ვარაუდის ჭეშმარიტებაში მტკიცედ ვიყავი დარწმუნებულიო. ამ ნაყალბევის გამო ენერგიული პროტესტი გამოხადა 50 მეცნიერმა, მათ შორის, რუსმა მეცნიერმა ხვოლსონმა, რომელმაც დაწერა ბროშურა „კოშუტის მეთერთმეტე მცნება“ (ეს მცნება შეგვაგონებს: „ნუ წერ იმის შესახებ, რაც არ იცი“).
მეორე „მტკიცება“ ეყრდნობა 1891 წელს მეცნიერ ლობუას მიერ კუნძულ იავაზე ნაპოვნ ძვლებს (თავის ქალის ნაწილი, სამი კბილი და ბარძაყის ძვალი), რომლებიც თითქოსდა ადამიანსა და მაიმუნს შორის გარდამავალ რგოლს წარმოადგენენ.
ეს მოსაზრება სრულიად უსაფუძვლოა და დაუსაბუთებლად მიაჩნია ცნობილ ანატომს, ვირხოვს. მას იმაშიც კი ეპარება ეჭვი, ეს ძვლები, რომლებიც ერთმანეთისგან 16 მეტრის დაშორებით იპოვნეს, საერთოდ ერთი და იმავე ორგანიზმის კუთვნილებას წარმოადგენდეს. ვირხოვმა ამხილა და კრიტიკულად გაანალიზა პრუსიაში ნეანდერტალის ველზე 1856 წელს აღმოჩენილი „ნეანდერტალელის თავის ქალაც“, რომელიც პირველყოფილ ადამიანს მიეწერება, და დაასაბუთა (ბიბლიაში მითითებული ფაქტი), რომ ეს „სახეობები ფიქსირებულია“, ჩაკეტილია და დარვინის ამგვარი დაცვის ყოველგვარი მცდელობა იმ წყალწაღებულ კაცს მოგვაგონებს, ხავსს რომ ეჭიდება.
ვირხოვი ამბობდა: „ცდა, ეპოვნათ ცხოველისაგან ადამიანისაკენ გარდამავალი საფეხური, სრული წარუმატებლობით დასრულდა“. მისი დაკვირვებით, ადამიანისა და მაიმუნის ანატომია ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება (კიდურები, ხერხემალი, ზურგის ტვინი, ქალის ღრუში მოთავსებული თავის ტვინი და სხვა.)
საგულისხმოა, რომ თვითონ დარვინი საკუთარ თეორიას მხოლოდ ჰიპოთეზად მიიჩნევდა (იხ. „სახეობათა წარმოშობა“ და „ადამიანის წარმოშობა“). დარვინი თავის თხზულებებში მაიმუნსა და ადამიანს შორის არსებულ თვისობრივ განსხვავებაზე მიუთითებს, კერძოდ, დანაწევრებულ მეტყველებაზე, რომელიც მარტო ადამიანს ახასიათებს.
საგულისხმოა აგრეთვე დარვინის უბის წიგნაკში (1837 წ.) ნაპოვნი ჩანაწერები, საიდანაც ჩანს, რომ მას თავისი თეორიით მეცნიერული გამოკველევებისათვის მხოლოდ გარკვეული მიმართულების მიცემა სურდა. ამგვარად, დარვინიზმი ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაგრამ იგი მეცნიერებას კი არ წარმოადგენს, არამედ შეხედულებას მეცნიერთა, რომლებიც მეცნიერულად დადგენილ და დასაბუთებულ ფაქტებს უპირისპირდება.
ბიბლია არ უარყოფს განვითარებას სახეობის საზღვრებში; ორგანიზმები, უჯრედიდან დაწყებული და ადამიანით დამთავრებული, განვითარების ჯაჭვს წარმოადგენენ, მაგრამ თვით ეს განვითარება, ე.ი. უდაბლესი საფეხურიდან უმაღლესისაკენ გადასვლა ბუნებაში თავისთავად კი არ მიმდინარეობდა, არამედ ღმრთის გონში (ისევე როგორც, ვთქვათ, ნავი გემისაკენ თავისთავად კი არ ევოლუციონერდებოდა, არამედ ადამიანის გენიაში).
ვითარდება ის, რაც უკვე შექმნილია, რაც უკვე არსებობს. უმაღლესი ხარისხის ქმნილებებისა და სიცოცხლის შექმნის ეს შემოქმედებითი აქტები ღმერთს ეკუთვნის. მეცნიერება იცნობს მხოლოდ ბუნებაში არსებულ ამ სხვადასხვაგვარ სახეობებს და ხარისხებს, ხოლო მათი შექმნის შემოქმედებითი აქტების ბუნება და საიდუმლოება კი მისთვის მიუწვდომელია. იგი გვასწავლის მატერიის ფორმებისა და არა სულის მიზნებისა და მოძრაობების შესახებ, რაც რელიგიის სფეროს შეადგენს.
სხვა თეორია, რომელიც ხელს გვიშლის და გვაბრკოლებს, დავიჯეროთ და ვირწმუნოთ რელიგიური გამოცხადებანი, გახლავთ ის თეორია, რომელიც ჩვენი გარემომცველი სამყაროს ელემენტების გამორკვევას ცდილობს და არა თვით საგანთა არსისას. ესაა მატერიალიზმი, რომელიც სულს უარყოფს და მხოლოდ მატერიის არსებობას აღიარებს (უკუთეორია - სპირიტუალიზმი კი მხოლოდ სულის არსებობას სცნობს, მაშინ როდესაც დუალიზმი აღიარებს ორ არსს ანუ ორ სუბსტანციას - სულიერსა და მატერიალურს). ეს თეორია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მეცნიერების უუნარობას (უძლურებას), შეაღწიოს არსთა სფეროში, გაიხედოს მოვლენათა საფეხურებს მიღმა. მან დღემდე ისიც კი ვერ შეძლო, განესაზღვრა, თუ რა არის მატერია, და ვერ შეძლო სწორედ იმის გამო, რომ ვერც ცდას, ვერც გონებითჭვრეტას ვერ ძალუძს, ჩასწვდეს მატერიის არსს.
გავიხსენოთ ამ უკანასკნელის შესახებ ძირითადი ვარაუდები. ეგრეთ წოდებული ატომისტური თეორია მიიჩნევს, რომ მატერიის შემადგენელ პირველ ელემენტებს ატომები წარმოადგენენ, ატომი ნივთიერების განუყოფელი და დაუშლელი ნაწილაკია, და უკვე ასეთი განმარტება ჩვენგან ლოგიკის საპირისპიროდ ბრმად დაჯერებას, ბრმა რწმენას მოითხოვს, რადგან თუ ატომი მატერიალურია, მაშინ მას სიგრძე და განფენილობა გააჩნია, ხოლო ყოველგვარი განფენილობა გაყოფადი და დანაწევრებადია.
ნივთიერებას, რომელიც სავარაუდოდ სივრცეს ავსებს ატომებს შორის, ეთერი უწოდეს და ჩათვალეს, რომ ის შეიძლება იყოს უწონადო და წონადი. ამასთან, მისი წონა სხვადასხვაგვარად განისაზღვრება. ასე მაგალითად, ტომსონი ამტკიცებს, რომ ეთერის ერთი კუბური მეტრი 0,0000000000001 გრამს იწონის. სხვა მეცნიერის (გერის) გამოთვლას კი ასმილიონჯერ დიდ რიცხვთან მივყავართ. რადიუმის აღმოჩენასთან ერთად რადიაქტიურობის მოვლენები ატომების დაშლის პროდუქტად ჩათვალეს და ამჟამად ახალი - ელექტრონული თეორია ააგეს (შექმნეს). ატომი ათასობით ელექტრონისაგან შედგება (და კორპუსკულებად იშლება), ეს ელექტრონები ანუ ელექტრული მუხტები ატომში მოძრაობენ, როგორც ერთგვარ კოსმიურ სისტემაში. მატერიის აგებულების, აღნაგობის სურათი ამგვარად წარმოიდგინება: 1 კუბურ სანტიმეტრში 20 ტრილიონი მოლეკულაა, ერთ მოლეკულაში - ორი ატომი, ატომში - რამდენიმე ათასი ელექტრონი, ურთიერთდაშორება, მანძილი მათ შორის იმდენად უზარმაზარია მათსავე ზომებთან შედარებით, რომ მზის სისტემაში პლანეტებს შორის არსებულ მანძილს შეესაბამება (ოლივერ ლოჯი). ამრიგად ჩვენ ვცდილობთ ხილული კოსმოსის უხილავი კოსმოსით ახსნას, რომლის მოქმედი ძალაც - ელექტრობა - ჩვენთვის არსებითად მაინც უცნობი რჩება, რასაც თვით ისეთი სპეციალისტებიც კი აცხადებენ, როგორიცაა, ვთქვათ, ხვოლსონი. ერთი ფოლოსოფოსის აზრით, ატომისტური თეორიის ელექტრონულით შეცვლა მონეტის უფრო წვრილ ერთეულებად დახურდავებას ჰგავს.
მექანისტურ თეორიას გააჩნია ტენდენცია, - მატერია ძალებად და მოძრაობებად დაშალოს, მაშინ როდესაც ენერგეტიკას ყოველივე ენერგიის სახეობაზე დაჰყავს, ხოლო ატომების ნაცვლად ძალთა არამატერიალურ ცენტრებს აღიარებს. თვით მატერიის, როგორც სუბსტანციის არსებობა, დადგენილი არ არის (ემპირიოკრიტიცისტი ერნტს მახი უარყოფს სხეულთა ობიექტურ არსებობას: „სხეული კი არ იწვევს შეგრძნებებს, არამედ შეგრძნებათა კომპლექსი წარმოქმნის სხეულს“). (შევადაროთ გონებამახვილური დებულება: „მატერია ენერგიაა სტატიკურ მდგომარეობაში, ენერგია კი - მატერია კინემატიკურ მდგომარეობაში“). როდესაც ვადარებთ ამ ბუნებისმეტყველებით მიგნებებსა და მათ ფაზისებს, იძულებულნი ვხდებით ვაღიაროთ, რომ მათ შორის, ალბათ, უფრო რთულია თანხმობის მიღწევა, ვიდრე მეცნიერებასა და რელიგიას შორის. მარტივია მიზეზი: არა მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტები, არამედ მეცნიერთა შეხედულებები. შეხედულებები კი, როგორც ვხედავთ, შეიძლება ეწინააღმდეგებოდნენ არა მარტო რელიგიას, არამედ ერთმანეთსაც და თვით ბუნებასაც კი. უბედურებაც თავისთავად ის კი არ არის, რომ ეს შეხედულებები არსებობენ, რადგან ისინი ჭეშმარიტების შეცნობის გზაზე ჰიპოთეზებსა და პროექტებს, აღმასვლებსა და დაცემებს წარმოადგენენ, არამედ ის, რომ არც თუ იშვიათად ჩვენ ამ დროებით და მცდარ შეხედულებებს ჭეშმარიტებად მივიჩნევთ. ამ შემთხვევაში გასაკვირია ჩვენი გულუბრყვილობა, რაღაც ირონიით ჩვენს მიერ მეცნიერების სფეროში რომ ვლინდება: ჩვენ ხშირად ძალა არ შეგვწევს უცხო შეხედულებათა უღელი მოვიშოროთ და განსაკუთრებული შთაგონებულობისაგან გავთავისუფლდეთ, რასაც, მე პირადად, მეცნიერული ტერმინოლოგიის ჰიპნოზს დავარქმევდი. დაე, წარმოგვიდგინონ გაუგებარი და დაუჯერებელი შეხედულებები, მაგრამ როცა ამას მეცნიერული პათოსით აკეთებენ და მით უფრო, თუ ამ პათოსს ლათინური ან ბერძნული ტერმინებით მოსავენ, ჩვენ უკვე მზად ვართ, ბრმად ვირწმუნოთ და დავიჯეროთ, რადგან ვშიშობთ, რომ სიუვიცეში არ ვიქნეთ მხილებულნი!