ნიუტონი (1642-1727 წწ.) - თავის კაპიტალურ ნაშრომში - „სამყაროს სისტემები“ - წერს: „ზეციური მეუფე მთელს სამყაროს განაგებს, როგორც ქვეყნიერების მბრძანებელი. უზენაესი ძალაუფლების გამო უზენაეს ღემრთს ვუწოდებთ მას. იგი მთელ სამყაროს მართავს იმით, რომ არსებობს, და იმით, რომ შეუძლია არსებობდეს. ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე ერთიანი ღმერთია; გვაოცებს მისი სრულყოფილების მიზეზი, თაყვანსვცემთ მას და მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე უსაზღვრო ძალაუფლების გამო. ღმერთი საკუთარ ქმნილებათა მიმართ ამ უზენაესი ძალაუფლების გარეშე, წინასწარხედვისა და მიზნის გარეშე სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა ბუნება ან ბედისწერა. ბრმა ფიზიკური აუცილებლობიდან, რომელიც ყოველთვის და ყველგან ერთნაირია, ვერანაირი მრავალფეროვნება ვერ წარმოიშობოდა. ამიტომ დროსა და სივრცესთან შესაბამისობაში მყოფი ამ შექმნილი საგნების მრავალფეროვნება, რაც სამყაროს წყობასა და სიცოცხლეს შეადგენს, მხოლოდ და მხოლოდ თვითმყოფი არსების ნებითა და აზრით შეიძლებოდა წარმოქმნილიყო“.
კარლ ლინეი (1707-1776 წწ.) - XVIII საუკუნეში ბუნების უდიდესი მკვლევარი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია, ღმერთს მისი ქმნილებების მეშვეობით შეიცნობდეს. „მარადიულმა, უსაზღვრო, ყოვლისშემძლე ღმერთმა გვერდით ჩამიარა. მე მას პირისპირ არ შევხვედრივარ, მაგრამ ღმრთაების ანარეკლმა სული ჩემი უსიტყვო მოწიწებითა და კრძალვით აღავსო.
მე ღმრთის ნატერფალს, მის ნაკვალევს მისსავე ქმნილებებში მის ყველაზე პაწაწინა და უჩინარ ქმნილებებშიც კი ვხედავდი. რა ძალაა, რა სიბრძნე, ენითუთქმელი რა სრულქმნილება! ვაკვირდებოდი, უმაღლეს საფეხურზე მყოფი სულიერი არსებები, როგორ არიან დაკავშირებულნი მცენარეულ სამყაროსთან, თავის მხრივ, მცენარეული სამყარო - მინერალურ ნივთიერებებთან, რომლებიც დედამიწის სფეროს ფესვებშია; თვით დედამიწის სფერო მზისკენ მიილტვის, მარად უცვლელი წესრიგით ბრუნავს მის ირგვლივ, და სიცოცხლესაც მისგან იღებს. ვხედავდი, მზე და ყველა ვარსკვლავი, მთელი მზის სისტემა, უსასრულო ვარსკვლავიერი ცა როგორ მოძრაობს სივრცეში, სიცარიელეში როგორ უჭირავს სამყაროს მიუწვდომელ პირველსაწყის მამოძრავებელს, არსებათა არსებას, მიზეზს, მმართველსა და მფარველს, ყოველი ქმნილების შემოქმედს“.
ჩარლზ დარვინი (1803-1882 წწ.) - დარვინის სახელის ირგვლივ მიმდინარეობს ბრძოლა. ცდილობენ, დარვინიზმი რელიგიას დაუპირისპირონ. ჩვენის აზრით, ყოველი მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელი უნდა იყოს, რომ სახეობათა წარმოქმნის არანაირი თეორია, თუკი იგი ჯანსაღ აზრს არ ეწინააღმდეგება, არ შეიძლება ბიბლიას ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ბიბლიაში ადამაინის წარმოშობის მხოლოდ პრინციპული მხარეა გადმოცემული, სახელდობრ - ღმრთის მიერ სამყაროს შესაქმის დასრულება ადამიანის შექმნით. ბიბლია აცხადებს, რომ ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია, თვით ღმერთის ხატება და მსგავსებაა. ბიბლია ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი სხეულებრივი აგებულებითა და შემადგებლობით მიწისგანაა, ადამიანის სული კი - „ღმრთაების სუნთქვაა“. შესახებ იმისა, თუ დედამიწაზე როგორ გაჩნდა ყველა სახეობა და რამდენად ხანგრძლივად მიმდინარეობდა მათი განვითარების პროცესი, ასევე - თვით ადამიანის შექმნის პროცესის შესახებ, ბიბლია არაფერს ამბობს იმიტომ, რომ ეს უკვე მეცნიერების სფეროა და არა - რელიგიისა. ამიტომ დარვინიზმი, სრულიად დამოუკიდებლა დიმისგან, ჭეშმარიტია იგი თუ არაჭეშმარიტი, როგორც საბუნებისმეტყველო თეორია, არ შეიძლება, რელიგიას დაუპირისპიროთ. მაგრამ რადგან ისეთი ადამიანებიც არიან, სხვაგვარ პოზიციებზე რომ დგანან, უპრიანი იქნება, ვნახოთ, თვით დარვინი ამ საკითხს როგორ განიხილავდა.
მოვიტანთ ფრაგმენტებს მისი ცნობილი წიგნიდან - „სახეობათა წარმოშობა“, რომელშიც მისი შეხედულებები ღმრთისა და ქვეყნიერების ურთიერთობაზე მკაფიოდ და ნათლად არის გადმოცემული. დარვინმა ეს წიგნი რამდნჯერმე გამოსცა, ამასთან, უკანასკნელად - სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაშასადამე, ამ შეხედულებებს იგი სიცოცხლის ბოლომდე იცავდა, პირველ რიგში, საგულისხმო და საყურადღებოა ეპიგრაფები. წიგნის დასაწყისში პირველი ეპიგრაფი: მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებით შეგვიძლია, უკიდურეს შემთხვევაში, შემდეგი რამ დავუშვათ: ჩვენ ვხედავთ, რომ მოვლენები გამოწვეულია არა საღმრთო ძალის ცალკეული ჩარევებით, ძალისა, რომელიც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავის ზეგავლენასა და ზემოქმედებას ახდენს, არამედ საერთო კანონების დადგინებითა და არსებობით“ - უდველი. აქ, როგორც ვხედავთ, არამც და არამც უარყოფილი არ არის თვით საღმრთო ძალის არსებობა და მნიშვნელობა სამყაროს წარმოშობის საკითხში. მეორე ეპიგრაფი სიტყვა „ბუნებრივის“ მნიშვნელობას განმარტავს. მესამე ეპიგრაფი უკვე მათ წინააღმდეგაა მიმართული, რომელთაც სურთ, ადამიანური გონება ღვთიურ გონებას დაუპირისპირონ და განვითარების დარვინისტული თეორია ანტირელიგიური მიზნებით გამოიყენონ. „ამიტომ დავასკვნით, რომ არცერთი ადამიანი, რომელსაც სწორი დამოკიდებულება არა აქვს ჯანსაღი აზრის მიმართ, არ ეგების, ფიქრობდეს ან, მით უმეტეს, ამტკიცებდეს, რომ ადამიანს შეუძლია ბოლომდე ჩასწვდეს და ამომწურავად შეისწავლოს ღმრთის სიტყვა, ღმრთისმეტყველება ანდა ფილოსოფია. მაგრამ, დაე, ადამიანები ამ მიმართულებით ან უსასრულო სრულქმნილებისაკენ მიილტვოდნენ ან წარმატებას ესწრაფოდნენ“ - ბეკონი. მეცნიერების პროგრესი.
მთელი ნაშრომისათვის წამძღვარებული ეს ეპიგრაფი იმდენად ნათლად მეტყველებს, თვით დარვინი როგორ და რომელ მსოფლმხედველობას იცავდა და უჭედა მხარს, რომ ყოველეგვარი კამათი აქ, უბრალოდ, ზედმეტად მიგვაჩნია. ეს ეპიგრაფები საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა წიგნის დამამთავრებელი სიტყვები, რითაც დარვინი, ფაქრობრივად, სახეობათა წარმოქმნის საკუთარ თეორიას აჯამებს: „ყველა ეს მშვენივრად აგებული ფორმა, ერთმანეთისაგან ესოდენ განსხვავებული და, ამავე დროს, ერთმანეთზე ესოდენ დიდებულად ურთიერთდამოკიდებულნი, იმ კანონთა წყალობით შეიქმნა, რომლებიც ჩვენს ირგვლივ დღემდე მოქმედებენ. ყველაზე ფართო გაგებით, ამ კანონების არსი - ზრდა და კვლავწარმოება, მემკვიდრეობითობა, თითქმის გარდუვალად რომ გამომდინარეობს კვლავწარმოებიდან, ცვალებადობა, რომელიც პირდაპირ და ირიბად ცხოვრების პირობათა მოქმედებაზე და ვარჯიშსა და უვარჯიშებლობაზეა დამოკიდებული. იმდენად მაღალია გამრავლების პროგრესია, რომ მას სიცოცხლისათვის ბრძოლასთან და მის შედეგთან - ბუნებრივ შერჩევასთან მივყავართ, რასაც ნაკლენად სრულყოფილი ფორმების კვდომა მოჰყვება. ამრიგად, ამ მძვინვარე ბრძოლიდან, რომელიც ბუნებაში მიმდინარეობს, შიმშილიდან და სიკვდილიდან, უშუალოდ გამომდინარეობს ისეთი მაღალი შედეგი, როგორის წარმოდგენაც კი გონებას შეუძლია, - ცხოველური სიცოცხლის უმაღლეს ფორმათა წარმოქმნა. სიცოცხლის შესახებ ასეთ შეხედულებაში არის სიდიადე, - სიცოცხლის სხვადასხვაგვარი ძალა იმთავითვეა შემოქმედის მიერ ჩადებული ფორმათა ან უმნიშვნელო რაოდენობაში, ან მხოლოდ - ერთში. ამასთან ერთად, ჩვენი პლანეტა დღესაც აგრძელებს სივრცეში თავისი გზით გარშემოვლას მიზიდულობის უცვლელი კანონების ძალით. სწორედ მისი სივრციდან დაიწყეს გაჩენა და დღესაც აგრძელებენ გაჩენას განსაცვიფრებლად სრულყოფილი და მშვენიერი ურიცხვი ფორმები“. ამ სიტყვებით მთავრდება წიგნი - „სახეობათა წარმოშობა“.
თავის არანაკლებ ცნობილ ნაშრომში: „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარჩევა“, დარვინი თავში - „ღმრთის იდეის წარმოშობა“ - წერდა: „უნდა აღინიშნოს, რომ საკითხს ღმრთის იდეის წარმოშობის შესახებ არაფერი საერთო არა აქვს თვით შემოქმედი ღმრთის არსებობის საკითხთან, საკითხთან, რომელზედაც კაცობრიობის მრავალ უდიდეს გონებათა პასუხი დადებითი იყო“.
„ჩემზე, - ამბობს დარვინი სხვა ადგილას, - გაცილებით უფრო მძაფრ და ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს სხვა წყარო, რომელიც ღმრთის არსებობაში გვარწმუნებს და რომელიც გონებიდან მომდინარეობს და არა გრძნობიდან. ასეთი რწმენა ჩნდება უკიდურესი სირთულიდან და შეუძლებლობიდანაც კი, უსაზღვრო და გასაოცარ სამყაროს განვიხილავდეთ ადამიანთან ერთად, რომელიც დაჯილდოებულია წარსულის განსჯისა და მომავალზე ფიქრის უნარით (რაც არის შეედეგი ბრმა შემთხვევის ან აუცილებლობისა). ყოველივე ამაზე ფიქრი მაიძულებს, ვაღიარო პირველმიზეზი, რომელიც, გარკვეულწილად, ფლობს ადამიანურ ინტელექტს; ამიტომ თეისტის, ე.ი. ღმრთის მორმწუნის სახელს ნამდვილად ვიმსახურებ“.
ლუი პასტერი (1822-1895 წწ.) - „დადგება ჟამი, როდესაც ჩვენი თანამედროვე ფილოსოფიის სისულელეებს სასაცილოდ აიგდებენ. რაც უფრო მეტს ვმუშაობ, რაც უფრო მეტ დროს ვუთმობ ბუნების შესწავლას, მით უფრო მოწიწებული და მოკრძალებული განცვიფრება მიპყრობს შემოქმედის საქმეთა მიმართ. ლაბორატორიაში მუშაობის დროს ყოველთვის ვლოცულობ“ (Журнал «Вера и разум»; 1905, № 9, გვ. 370).
ნ.ი. პიგოროვი (1818-1891 წწ.) თავის ცნობილ „დღიურში“ წერს: „რწმენა და უმაღლესი არსება, როგორც სიცოცხლის წყარო, სამეცნიერო მტკიცებებს არ ეწინააღმდეგება. მე რომ ღმრთის არსებობის უარყოფა მომესურვებინა, ამას ვერ შევძლებდი ისე, ჭკუიდან რომ არ შევშლილიყავი. თანამედროვენი ამტკიცებენ, რომ შემთხვევიდან - შემთხვევამდე ერთი სახეობიდან მეორე სახეობაში გადასვლას ძუძმწოვრების სახეობამდე მივყავართ, აქედან კი ერთი ხელის გაწვდენაღა რჩება ადამიანამდე, რომლის გონებაც, ბოლოს და ბოლოს, გაუმხელს და გაუმჟღავნებს მას, რომ მის წარმომქმნელ უჯრედს არსებითად არაფერი არ განასხვავებს სხვა ცოცხალი უჯდრებისაგან, და რომ მხოლოდ გარემოს, შემთხვევისა და დროის წყალობით უჯრედისაგან წარმოიქმნა და განვითარდა ადამიანი ან მისი მონათესავე მაიმუნი. ამ დოქტრინის მიმდევრობამ პიედისტალზე აიყვანეს შემთხვევა, შემთხვევით შეცვალეს ღმერთი, და როგორც ზედმეტი ხარახურა, ისე მოისროლეს სამყაროში არსებული გეგმაც და მიზანშეწონილობაც. დოქტრინაში წარსული აწმყოსთანაა შეთანხმებული. და ეს მისი მიმზიდველი მხარეა; ყველაფერი დაბადებულია, და არა - შექმნილი. მაგრამ რას წარმოადგენს ეს შემთხვევა ორიგანული წარმომქმნელი ძალის გარეშე, რომელსაც გარკვეულ დაჯგუფებებამდე მივყავართ, - არ ვიცი. ან იქნებ საერთოდ არც არსებობს შემთხვევა, ან იქნებ შემთხვევასა და ყველა იმ მოქმედებასა და მიზეზს შორის კავშირი არსებობს? ასეთი თვალსაზრისიდან გამომდინარე, შემთხვევა, არც მეტი, არც ნაკლები, იძენს მოქმედების სტატუსს, რისი მიზეზებიც სრულიად უცნობია, მრავალი მოვლენის შესახებ კი მართლაც შეიძლება დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ არც არასოდეს გახდება ცნობილი“.
ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წწ.) - მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი. 1930 წლის ნოემბერში აინშტაინმა ჟურნალისტს, რომელიც ღმრთის არსებობის შესახებ მისი შეხედულება აინტერესებდა, უპასუხა:
„ჩემი რელიგია - ესაა მდაბალი, მოწიწებული აღფრთოვანება უსაზღვრო გონიერების წინაშე, რომელიც თავის თავს სამყაროს ამ ნამცეცა, უწვრილმანეს დეტალებშიც ავლენს, მხოლოდ ნაწილობრივ რომ ძალგვიძს ჩავწვდეთ და შევიცნოთ ჩვენი გონებით. სამყაროს აგებულების უმაღლესი ლოგიკური სიმწყობრისადმი ღრმა ემოციური რწმენა გახლავთ სწორედ ჩემი იდეა ღმრთისა“.
„იცოდე, რომ სამყაროში ბევრი ისეთი რამ არსებობს, რომლებიც რეალურად არსებობენ, მაგრამ რომლებიც შეუმეცნებელია ჩვენთვის და თავის თავში უმაღლეს სიბრძნესა და უმაღლეს სილამაზეს შეიცავენ, იცოდე და გრძნობდე, - ესაა სწორედ წყარო ჭეშმარიტი რელიგიურობისა. ამ აზრით, მე რელიგიურ ადამიანებს მივეკუთვნები“.
ვინ არ იცნობს სახელოვან ნიუტონს, როგორც უდიდეს მეცნიერს ფიზიკის სფეროში. მაგრამ ცოტა ვინმე თუ იცნობს მას, როგორც ღვთისმეტყველს, რომელმაც ახალი აღთქმის წიგნთა განმარტებები დაწერა.
ზოგჯერ ეკლესიას განიკითხავენ, რომ იგი თითქოსდა მეცნიერების მოწინავე და საუკეთესო წარმომადგენლებს დევნიდა. სანიმუშოს კოპერნიკის, გალილეისა და ჯორდანო ბრუნოს ცხოვრებას ასახელებენ ხოლმე.
ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წწ.) - ასტრონიმიის პროფესორი, პოლონეთის ეკლესიის მღვდელი, ერთ-ერთი ტიტანი აზრის, ენერგიის, ხასიათის მრავალმხრივობისა და განსწავლულობის თვალსაზრით, დიდი სახელმწიფო მოღვაწე, უვერცხლო ექიმი, კათოლიკურ-ლუთერანული კრების (1513-1517 წწ.) თვალსაჩინო მონაწილე, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი. ალბათ, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, კოპერნიკის აღმოჩენის არსი მოკლედ იმაში მდგომარეობს, რომ მზე კი არ ბრუნდავს დედამიწის გარშემო, არამედ დედამიწა - მზის გარშემო. კოპერნიკი კათოლიკური ეკლესიის ერთგულ მსახურად რჩებოდა, ცდილობდა, ყოფილიყო ჭეშმარიტი და არა თვალთმაქცი ქრისტიანი, ესწრაფვოდა ცხოვრებაში ქრისტეს მცნებათა შესრულებას, ყველა უქონელს უანგაროდ უწევდა სამედიცინო-საექიმო დახმარებას. ეკლესიის მხრიდან არანაირი დევნა არ განუცდია და მეგობრებით გარშემორტყმული მშვიდობიანად გარდაიცვალა თავის სამშობლოში.
ეპოქა, რომელშიც კოპერნიკი, ბრუნო, გალილეი ცხოვრობდნენ, მრავალი თავისებურებით გამოირჩეოდა. კერძოდ, ჯერ კიდევ ცოცხლობდა ძველ დროთა ტრადიცია, - ჭეშმარიტება განესაზღვრათ და დაეკანონებინათ ძალადობის გზით. პირველ რიგში, იმ ეპოქაში რელიგიას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას შორის ჯერ კიდევ არ არსებობდა მკაცრი დიფერენციაცია. იმ დროში მეცნიერებაც და დასავლეთ-ევროპული ფილსოფიაც ჯერ მხოლოდ თავიანთი საერთო დედის - რელიგიის ფრთებქვეშ იმყოფებოდა და რელიგია ორივეს იცავდა და მფარველობდა.
ის ადამიანები, რომელტაც გალილეი გაასამართლეს, ერთსა და იმავე დროს ეკლესიის წარმომადგენლებიც იყვნენ და მეცნიერებისაც. ხოლო ჯორდანო ბრუნოს გასამართლებისას წმინდა პოლიტიკური მომენტებიც ჰქონდათ მხედველობაში. შესაძლოა, იგი ასე არც დაღუპულიყო, მის მიმართ სამონასტრო შემოსავლებისა და მისი ქონების წინააღმდეგ გამოსვლის ბრალდება რომ არ წამოეყენებინათ. როგორც ეს უტყუარი, ნამდვილი დოკუმენტებითაა დამოწმებული და დადასტურებული, დაკითხვის დროს ინკვიზიტორებს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ ფაქტზე ჰქონდათ კონცენტრირებული (გადატანილი). რას ვიზამთ, არ უყვართ ადამიანებს, როცა მათ ქონებას ართმევენ!
ის, ვინც ქრისტიანული რელიგიის უფრო დაწვრილებით შესწავლას გადაწყვეტს, დაე, თვითონ შეუდგეს მის კითხვას. სიტყვა „სახარება“ „სასიხარულო ცნობას“ ნიშნავს. შეტყობინება და უწყება ახალი სიცოცხლის შესაძლებლობისა სამყაროში „ახალი ადამიანის“ შობის შესახებ, რომელიც ღმრთის ხატადაა შექმნილი, დედამიწაზე იესო ქრისტემ მოიტანა. ის ამქვეყნად მოვიდა იმისთვის, რომ ადამიანთა ხვედრის, ადამიანთა ცხოვრების თანამოაზრე ყოფილიყო, მოვიდა, რათა ხალხისათვის მიეცა მოძღვრება, რომელიც ცეცხლს ჰგავს, ცეცხლს, რომელსაც ადამიანთა ჩამქრალი სულების ანთება შეუძლია. მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავე იფეთქოს (ლკ. 12,49).
ის ამქვეყნად მოვიდა, ადამიანებისათვის თავისუფლება რომ ესწავლებინა. „ახალი ადამიანი“, სახარების მიხედვით, ისაა, ვინც თავის თავში სძლია ყველა გამოცდას, საცდურსა და განსაცდელს (რომელთაც ქრისტემ სძლია) და ვინც ქრისტეს მცნებებს ასრულებს. იყავით თქვენ ისეთივე სრულქმნილნი, როგორი სრულქმნილიცაა მამა თქვენი ზეციერი, იყავით მოწყალენი, ეძიებდით სიმართლეს, შეიცანით ჭეშმარიტება, გახდით ძენი სიმართლისანი.
მცნებებს ღმრთისადმი სიყვარულისა და ადამიანებისადმი, როგორც ძმებისადმი სიყვარულის შესახებ ძველი წარმართული სამყარო არ იცნობდა. მას შემდგომ კაცობრიობის ისტორია ორ პერიოდად განიყოფება - ქრისტემდე (ჩვენს ერამდე) და ქრისტეს აქეთ (სწორედ ქრისტეს შობიდან იწყება ახალი წელთაღრიცხვა), ქრისტეს მიერ კაცობრიობისათვის მოცემულმა სახარებამ ადამიანთა შეგნებაში, მათ ცნობიერებაში გადატრიალება მოახდინა; იმ ფასეულობათა გადაფასება გამოიწვია, რითაც ძველი სამყარო ცხოვრობდა. სახარება არის ახალი სიცოცხლისათვის ხმობილთა რელიგია. მაგრამ მოხმობილი და მოწოდებული ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ამავე დროს, ყველა მოწოდებულში როდი ხდება ახალი სიცოცხლისაკენ სულიერი ფერისცვალება, რადგან როგორც ძველმა წინასწარმეტყველმა თქვა: მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი (მთ. 20,16).
სახარების თანახმად, ცხოვრება - ესაა ადამიანის სულში სინათლის წყვდიადთან ბრძოლა: ბრძოლის ველი -ადამიანის გულია. ეს ბრძოლა მიმდინარეობს კაცობრიობის ისტორიაშიც. ისტორია - ესაა მოვლენათა განუწყვეტელი მონაცველობა. იცვლება ცხოვრების ნორმები, იცვლება ცნებები, ბერდება და ქრება ტრადიციები, ემხობიან და ნადგურდებიან ადამიანთა კერპები, მაგრამ მოვლენათა, მოძღვრებათა და იდეათა ამ მარად მღელვარე ოკეანეში უცვლელი რჩება ერთი სწავლება: გიყვარდეთ ერთმანეთი, რადგან არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული, თუ ვინმე თავს დასდებს თავისი მეგობრისათვის.
ქრისტემ ეს მცნება არა მარტო ასწავლა ადამიანებს, არამედ პირველად თვითონვე აღასრულა იგი, მსხვერპლად გაიღო რა საკუთარი სიცოცხლე კაცობრიობის გადასარჩენად.
გაივლის საუკუნეები, ათასწლეულები, ერთმანეთს შეცვლიან სწავლებანი, მაგრამ ქრისტეს ეს მცნება მუდამჟამს ყოვლადსრულქმნილ, შეუცვლელ და შეუდარებელ მცნებად დარჩება. ის გვანიჭებს აზრს, ძალასა და ნებას სიცოცხლისათვის.
ქრისტე - ძე კაცისა - მარადიული იდეალი იქნება, ადამიანები ყოველთვის დააფასებენ და პატივს მიაგებენ ყოველივეს, რაც სახარებიდან გვეუწყა. მისი მცნებები გზის მანათობელ ვარსკვლავად დარჩება.
ქრისტე არის ნათელი ქვეყნიერებისა, და ეს ნათელი მუდამ გაუნათებს ადამიანებს, ვიდრე ისინი დედამიწაზე იარსებებენ.
კიდევ ერთხელ გავიხსენებ დიდი რუსი ქირურგის, პროფესორ ნ.ი.პიგოროვის სიტყვებს: „მწამს, რომ ქრისტეს მოძღვრების ძირითადი იდეალი თავისი მიწუვდომლობის გამო მარადიული იქნება და ის მარადიულად მოახდენს ზეგავლენას იმ სულებზე, რომლებიც მშვიდობას ღმერთთან შინაგანი კავშირის მეშვეობით ეძიებენ. ამიტომ წუთითაც კი არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ეს მოძღვრება ჩვენი პროგრესის უსწორმასწორო გზაზე ჩაუქრობელ შუქურად დარჩება“.