სანამ გინათებთ, გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა (ინ. 12,36). ქრისტიანული მსოფლმხედველობის საფუძველია ნათელი შეხედულება სიცოცხლეზე. ქრისტიანობა სიცოცხლის დამამკვიდრებელი რელიგიაა, რომელიც ადამიანებს სინათლისა და სრულქმნილებისაკენ მოუწოდებს.
ქრისიანული მორალი ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბების, მისი სულიერი აღორძინების მორალს წარმოადგენს. მას სრულყოფილებამდე ავყავართ, და გარდა ამისა, ჩაკეტილი ინდივიდუალიზმის ჩარჩოებიდან გვათავისუფლებს, რათა საკუთარი სიცოცხლე მთელი კაცობრიობის სიცოცხლეს შევუერთოთ.
შესაძლებელია, რამდენიმე გვერდზე ქრისტეს ყველა მცნების ჩამოთვლა ადმაიანის პირადულ თვისებათა სრულყოფის შესახებ. მათგან მხოლოდ რამდენიმე და ყველაზე დამახასიათებელ მცნებას გავიხსენებთ:
ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა...
ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის...
ნეტარ იყვნენ მოწყალენი...
ნეტარ იყვნენ მშვიდობისმყოფელნი...
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის...
ამის მსგავსი - აფორიზმებივით მოკლე, მაგრამ შინაარსობრივად ღრმა მცნებებითაა სავსე მთელი სახარება: იყავით თქვენ სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი (მთ. 5,48). იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი (ლკ. 6,36). შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ (ინ. 8,32). გწამდეთ ნათელი, რათა გახდეთ ძენი ნათლისა (ინ. 12,36). დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენასას ზეციურს (მთ. 5,16).
ქრისტიანული მორალის საფუძველს წარმოადგენს ქრისტეს სწავლება ადამიანისადმი სიყვარულზე. ქრისტე მიმართავს მოწაფეებს: გაძლევთ თქვენ ახალ მცნებას, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი; და როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ ერთმანეთი. იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფები ხართ, თუ გექნებათ ერთმანეთის სიყვარული (ინ. 13,34-35).
მაგრამ რას ნიშნავს, ნამდვილად გიყვარდეს ადამიანი? ყოველივე ამაღლებული ლოგიკურ განსაზღვრებას ძნელად ემორჩილება. როგორ შეიძლება გამოითქვას, რა არის ქრისტიანული ცხოვრება სიყვარულში, თუ მისი ძალა ყველაზე მეტად მოთმინებაში ვლინდება? სიყვარული სულგრძელია და ტკბილი; სიყვარულს არ შურს და არასოდეს არ ქედმაღლობს. სიყვარული არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს. სიყვარული ფარავს მრავალ ნაკლოვანებას და წინააღმდეგობას; ხელს არ უწყობს, მაგრამ ფარავს რა მათ, აღმოფხვრის...
სადაც სიყვარულია, იქ ყოველთვის ურთიერთთანხმობაა, სადაც სიყვარულია, იქ ყოველთვის იმედიცაა. სიყვარული ყველაფერს ითმენს, ყველაფერი გადააქვს იმიტომ, რომ ძლიერია. ჭეშმარიტი სიყვარული მუდმივია, არ იშრიტება და არასოდეს არ მთავრდება.
სიყვარულის ეს ჰიმნი თავდაპირველად პირველ ქრისტიანთა ბაგეთაგან გაისმა. ჩვენ მხოლოდ პავლე მოციქულის სიტყვებით წარმოვადგინეთ: ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი, - წერდა იგი რომაელ ქრისტიანებს, - ერთიმეორეს ასწრებდით ურთიერთპატივისცემას (რომ. 12,10). არც რწმენა, არც დოგმატიკა, არც მისტიკა, არც ასკეტიზმი, არც მარხვა, არც გრძელი ლოცვანი, არამედ სწორედ სიყვარული შეადგენს ქრისტიანის ჭეშმრიტ ბუნებას. ყველაფერს ძალა ეკარგება, თუ უმთავრესი - ადამიანისადმი სიყვარული არ იქნება. ქრისტიანისათვის თვით ყველაზე უძვირფასესიც კი - მარადიული სიცოცხლე - განპირობებულია იმით, უყვარდა თუ არა მას თავისი ცხოვრების მანძილზე ადამიანები, როგორც საკუთარი ძმები. წმ. იოანე ღმრთისმეტყველი გვასწავლის: ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან გადავალთ სიცოცხლეში, რადგანაც გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს ძმა, სიკვდილში მკვიდრობს (1 ინ. 3,14). თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორ შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს (1 ინ. 4,20).
განსაკუთრებული ძალით ამის შესახებ მოციქული პავლე საუბრობს: კაცთა და ანგელოზთა ენაზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. წინასწარმეტყველების მადლი რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო, და მქონდეს მთელი რწმენა, ისე რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის, დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია (1 კორ. 13,1-4).
დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ სახარებისეულმა ქადაგებამ ადამიანისადმი სიყვარულის შესახებ ელვასავით გაანათა ძველი სამყარო. სახარებამ ძველ სამყაროში შემოიტანა ახალი სულიერი ფასეულობები: რწმენა, იმედი და სიყვარული. მაგრამ სიყვარული, - მოციქულის სიტყვებით, - ამათ შორის უმთავრესია. ის არის სრულქმნილებათა გვირგვინი.
ქრისტიანული რელიგია ადამიანისგან განუწყვეტლივ ზეაღსვლას მოითხოვს. ადამიანებისადმი მსახურების მოთხოვნა მთელს სახარებას მსჭვალავს: ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსახსნელად (მთ. 20,28).
ქრისტე გვასწავლიდა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი განაგებენ მათ. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს (მთ. 20,25-26). გამოსამშვიდოდებელ საღამოზე ქრისტემ თავად დაჰბანა ფერხნი თავის მოწაფეებს. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა: თუ მე მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ერთმანეთს ფეხებს (ინ. 13,14). ესაა ნიმუში და მაგალითი იმისა, თუ ამა ქვეყნის ძლიერნი როგორ უნდა ემსახურებოდნენ კაცობრიობას. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული (გალ. 6,2).
სიყვარულის საქმეებში სახარება მოითხოვს თავმდაბლობას, რაც შეუთავსებელია თვალთმაქცობასთან. და როცა გასცემთ მოწყალებას, ნუ აყვირებთ თქვენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი... როცა გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენას, რას აკეთებს მარჯვენა (მთ. 6,2-4).
ქრისტიანულ რელიგიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღესასწაულებსა და მარხვებს, რომლებიც წმინდა წერილს ეყრდნობა. წინასწარმეტყველი ესაია მიმართავს ადამიანებს: განა ასეთი მარხვაა სასურველი ჩემთვის (ე.ი. უფლისათვის, ვინც მარხვა დაადგინა), როცა ვიცი თავს იტანჯავს და ლერწამივით ხრის თავს და ქვეშ ჯვალო და ნაცარი აქვს დაგებული? განა ამას ჰქვია მარხვა და უფლის სათნო დღე? განა ეს არის მარხვა, მე რომ ავირჩიე: რომ დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაწყვიტო უფლის აპაურები, თავისუფლად გაუშვა დათრგუნვილნი და დალეწო ყველა უღელი? რომ მშიერს გაუყო შენი პური და უსახლკარო ღარიბ-ღატაკნი სახლში შეიყვანო, რომ შემოსო შიშველი, როცა დაინახავ და შენ სისხლსა და ხორცს არ დაემალო? (ესაია 58,5-7).
ასე ესმოდათ მარხვის დანიშნულება ჯერ კიდევ უახლოეს დროში. ხოლო აი, რას ამბობს იგივე წინასწარმეტყველი დღესასწაულთა შესახებ: თუ შეაბრუნებ შენს ფეხს შაბათისაგან, რომ დათრგუნო სურვილი ჩემს წმინდა დღეს, შერაცხავ შაბათს სანეტაროდ და უფლის წმიდად მის განსადიდებლად, და პატივს მიაგებ მას, არ მოიქცევი შენი ჩვეულებით, სურვილს არ აისრულებ და ფუჭსიტყვაობას არ მოჰყვები, მაშინ ინეტარებ უფალში... (ესაია 58,13-14). (ებრაული სიტყვა „შაბათი“ ნიშნავს „შესვენებას“, „განსვენებას“. ქრისტიანებთან შაბათის ნაცვლად კვირადღე იდღესასწაულება).
მწიგნობრები და ფარისევლები ქრისტეს იმის გამო კიცხავდნენ, რომ მან შაბათი დაარღვია. ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება ემსახურო ღმერთს, და ამასთან, ადამიანი დაივიწყო. მაგრამ ქრისტემ მიმართა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა და არა კაცი - შაბათისათვის (მარკოზი 2,27). ეს იდეა გასდევს მთელს სახარებას. ადამიანურობა - ესაა სწორედ ქრისტიანული რელიგიის საფუძველი.