„მხოლოდ ერთი ზნეობა არსებობს, სახელდობრ ის, რომელიც იესო ქრისტემ მოგვცა“ - ა.პ. ჩეხოვი.
XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე და შემდგომშიც ჩვენთან, რუსეთში, სახარებისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა. XIX საუკუნემდე რუსეთში არ გვქონდა ახალი აღთქმის რუსული თარგმანი, და ამდენად სახარების სიტყვა ხალხისთვის მიუწვდომელი ან ბუნდოვანი და გაუგებარი იყო. რუსულმა საზოგადოებამ სახარება რუსულ ენაზე მხოლოდ XIX საუკუნის 30-იან წლებში მიიღო. გაჩნდა შესაძლებლობა, ეკითხათ ეს დიადი წიგნი და მისი ფურცლებიდან ნამცნევ ჭეშმარიტებებზე ეფიქრათ. სახარებისეული მორალის ზემოქმედების შედეგები რუსული საზოგადოების ცნობიერებასა, და, პირველ რიგში, მოწინავე ადამიანებზე უზარმაზარი იყო.
„ბიბლიას, - წერს პუშკინი, - მიხაილოვსკში, გადასახლებაში ყოფნისას, - გამოწვლილვით ვკითხულობდი, თუმცა მანამდეც ხშირად ვკითხულობდი სახარებას“.
„არსებობს წიგნი, - წერდა პუშკინი ჟურნალ „სოვერმენნიკში“, - რომლის სიტყვა განმარტებული, ახსნილი და ნაქადაგებია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, გამოყენებული და მისადაგებულია ცხოვრების ყველა შესაძლო გარემოებისა და მოვლენებისადმი, საიდანაც შეუძლებელია, ისე გაიმეორო რომელიმე გამონათქვამი, ყველამ ზეპირად არ იცოდეს და უკვე ხალხურ ანდაზად არ იყოს ქცეული“.
სახარების წმინდა წყაროდან იკლავდნენ თავიანთ სულიერ წყურვილს ყველანი ვინც ჩვენთან XIX საუკუნეში ნამდვილი მორალის მაცნეებად, მახარებლებად და მქადაგებლებად იქცნენ: ბელინსკი, ჩერნიშევსკი, დობროლუბოვი. ისინი სახარებისეულ მორალზე „აღმოცენდნენ“ და აღიზარდნენ. ამის გამოც ჰქონდათ მათ სინდისი - სუფთა, მორალური მოთხოვნილებანი კი - მაღალი! შემდგომში ისინი თუმცა ჩამოსცილდნენ ეკლესიას, მაგრამ სახარებისეულ სწავლებას ბოლომდე უერთგულეს. მათი მორალი სახარებისეული დარჩა. გავიხსენებთ გერცენის სიტყვებს: „სახარებას გამუდმებით ვკითხულობდი სიყვარულით. ვკითხულობდი ხელმძღვანელობის გარეშე, ყველაფერი არ მესმოდა, მაგრამ წაკითხულისადმი გულწრფელ და ღრმა პატივისცემასა და მოწიწებას განვიცდიდი. ჭაბუკობისას ვოლტერიანელობით ვიყავი გატაცებული, მიყვარდა ირონია, მაგრამ არ მახსენდება, სახარება როდისმე ცივი გრძნობით ამეღოს ხელში. ასეთი დამოიკიდებულება ამ წიგნისადმი მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვა. ყველა ასაკში, სხვადასხვა გარემოებებში, მე კვლავ და კვლავ ვუბრუნდებოდი სახარების კითხვას და ყოველთვის მის შინაარსს სიმშვიდე და თვინიერება შემოჰქონდა ჩემს სულში“.
ქრისტიანობას გამორჩეული პატივისცემით ეკიდებოდა დობროლუბოვიც, რომელიც მას „ღმრთაებრივ მოძღვრებას“ უწოდებდა.
„არის წიგნი, რომელშიც ყველაფერი ნათქვამია, ყველაფერი - გადაწყვეტილია, რომლის შემდეგაც ეჭვი არაფერში აღარ გეპარება, წიგნი - მარადიული ჭეშმარიტებისა, მარადიული სიცოცხლისა. ეს უკვდავი, წმინდა წიგნი - სახარებაა: კაცობრიობის მთელი პროგრესი, ყველა წარმატება მეცნიერებაში, ფილოსოფიაში შედეგია მხოლოდ და მხოლოდ ამ ღმრთაებრივი წიგნის საიდუმლებრივ სიღრმეში შეღწევისა, მისი მარად ცოცხალი, წარუვალი სიტყვის გაცნობიერებისა და გააზრებისა. სახარების საფუძველია ჭეშმარიტების გამოცხადება სიყვარულისა და მადლის წყალობით. სახარების გამორჩეული ნიშანი ისაა, რომ იგი ერთნაირად დამაჯერებლად, ნათლად და გასაგებად ესაუბრება ყველა გონებას, თითოეულ გულს, ვისაც კი გულწრფელად სურს, წყურვილი მოიკლას მისი ჭეშმარიტებებით. იგი ერთნაირად გასაგებია მეფისა და გლახაკისათვის, ბრძენისა და უვიცისათვის; დიახ, ყოველი მათგანი ეზიარება ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას, თუმცა ზოგი ღრმად და მეტად, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ - მაინც ყველა ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას; ამავე დროს, ბრძენი, მაგრამ ამპარტავანი თავის სიბრძნით, უფრო ნაკლებს გაიგებს, ვიდრე მდაბიო, მაგრამ გულით უბრალო და თავმდაბალი ადამიანი, რომელსაც ჰშია ჭეშმარიტება“, - ბ.გ. ბელინსკი. მთლიანად ქრისტიანული სულისკვეთებითაა გამსჭვალული ბელინსკის რეცენზია მაგისტრ დროზდოვის საღმრთისმეტყველო შრომებზე, სადაც ის, როგორც რეცენზენტი, ყველა თავის მსჯელობას სახარებისეული ტექსტების საფუძველზე ავითარებს. ამასთან დაკავშირებით, უნებლიედ მახსენდება მისი ცნობილი წერილი ნ.გოგოლისადმი, რომელშიც იგი ასევე აღფრთოვანებით საუბრობს ქრისტეს შესახებ. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ეს გახმაურებული წერილი რუსი სამღვდელოების მისამართით მკვეთრ გამოხმაურებას შეიცავს, ამიტომ როგორც წესი, ქრისტიანობის საწინააღმდეგო არგუმენტად იყენებენ ხოლმე.
ორი ლიტერატორის კამათი ბატონყმობის შესახებ რუსეთში, გზადაგზა თანამედროვე სამღვდელოების მორალსა და მის როლსაც ეხება ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გოგოლი, როგორც ცნობილია, უაღრესად რელიგიური პიროვნება გახლდათ, რომელსაც რუსი სამღვდელოების მიმართ მაღალი აზრი ჰქონდა, ბელინსკის რელიგიურობა კი უაღრესად თავისებური და ცვალებადი იყო. სიცოცხლის ბოლოს ბელინსკი დასცილდა ეკლესიას, რადგან იგი დესპოტიზმის მათრახად და მის მაამებლად მიაჩნდა. აუცილებელია, აღინიშნოს, რომ სიტყვა „ეკლესია“-ს ბელინსკი იყენებს, რა თქმა უნდა, არა დოგმატური, არამედ ყოფითი და ვიწყო აზრით, ე.ი. მასში თავად თანამედროვე სამღვდელოებას გულისხმობს. მაგრამ დასცილდა რა ეკლესიას, ბელინსკი უკანაკნელ ამოსუნთქვამდე, მაღლა აყენებდა ქრისტეს.
ქრისტიანული სიტყვის აზრს ეზიარნენ გასული საუკუნის „ფილოსოფიური მოძრაობები“. აი, რატომაა, რომ „რომელიმე ვოლტერი, ვინც დაცინვის იარაღით ევროპაში სიუვიცის და ფანატიზმის კოცონები ჩააქრო, რა თქმა უნდა, უფრო მეტადაა ქრისტეში, მისი ხორცი ხორცთაგანია, ვიდრე ყველა ჩვენი...“ - მკვახედაა ნათქვამი.
„მგზნებარე ბესარიონისთვის“, მართლაც, უცხო არ იყო მკვახე და მძაფრი გამონათქვამები. რასაც ის სამღვდელოებას მიაწერს, მართალია მხოლოდ ამ უკანასკნელის უარესი ნაწილის მიმართ. მაგრამ „უარესი ნაწილი“ ყველგან გვხვდება და უზნეო ადამიანებს ნებისმიერ საზოგადოებაში შეუძლიათ შეღწევა.
ბელინსკი თავის წერილს მაშინ წერდა, როდესაც იგი სიძულვილით იყო ანთებული ბატონყმობის მიმართ, და ეკლესიასაც მხოლოდ გაკვრით შეეხო.
მაგრამ ეს ტონი ნაკლებ მამხილებელია, ვიდრე, ჩვეულებრივ, - ბიბლიური, წინასწარმეტყველური, როდესაც საუბარი ფარისევლობასა და საღმრთო მცნებათა დავიწყებას ეხება. წინასწარმეტყველნი - იერემია და ეზეკიელი - ღმრთის სიმართლის დამვიწყებელ მღვდელმსახურებს გაცილებით უფრო მძაფრი და მკვახე გამოთქმებით ამათრახებდნენ, ხოლო ყველაზე მწვავედ კი მათ თვით ქრისტე ამხელდა. იგი პირადად მისთვის მიყენებულ ყველა წყენას, ყველა შეურაცხყოფას ჰპატიობდა, მაგრამ არ ჰპატიობდა ფეხქვეშ გაქელვას ყოველივე იმისას, რაც ადამიანისათვის წმინდაა. ფარისეველნო, თვალთმაქცნო... ბრმა წინამძღვარნო... გველნო, იქედნეთა ნაშობნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?.. მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყველა მართალთა სისხლი (მთ. 23,33,35).
სახარება თავად წარმოადგენს თვალთმაქცობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოწოდებას. ამიტომ მოგვყავს თვალთმაქცობისა და ფარისევლობის მამხილებელი სულისკვეთებით აღსავსე სიტყვები. ეპოქა, რომლის შესახებაც ბელინსკი ლაპარაკობს, - XIX საუკუნის დასაწყისი, - ფილოსოფიური აზრის გაფურჩქვნის ხანა იყო. „ადამიანურმა აზრმა თავი დააღწია ეკლესიის მეურვეობას და დამოუკიდებელ გზას დაადგა, და რასთან მივიდა? თავისი საუკეთესო წარმომადგენლების - რუსოს, გოეთეს, კანტის, ჰეგელისა და სხვათა სახით ფილოსოფია ისევ იმასთან მივიდა, რის შესახებაც ქრისტიანული რელიგია გვასწავლიდა“.
ჰეგელი წერდა, რომ მისი ფილოსოფია მხოლოდ იმის შესახებ ლაპარაკობს, რაც უკვე ქრისტიანულ კატეხიზმოშია ნათქვამი.
„მე ღმერთს ყველა მის ქმნილებაში ვხედავ, თვით ჩემშივე ვგრძნობ მას, - წერდა რუსო, - ვაღიარებ, რომ განმაცვიფრა წმინდა წერილის სიდიადემ, სახარების სიწმინდე ჩემს გულს ეუბნება: შეხედეთ ფილოსოფოსთა წიგნებს, მთელი მათი ბრწყინვალებით, როგორ უმნიშვნელონი და უფერულნი ჩანან ისინი წმინდა წერილის გვერდით“.
„დაე, სულიერი კულტურა სულ უფრო და უფრო მეტად მიიწევდეს წინ, დაე, ბუნებისმეტყველებითი მეცნიერებანი ძლიერდებოდნენ, ვითარდებოდნენ, ღრმავდებოდნენ, და ახალ სივრცეებს ეუფლებოდნენ, დაე, ადამიანური სული სრულქმნილებისაკენ მიისწრაფოდეს, მაგრამ იგი ვერასოდეს ვერ აღემატება ქრისტიანობის იმ სიმაღლესა და ზნეობრივ კულტურას, რომელიც მთელს სახარებაში ანათებს“ - გოეთე. ეკერმანთან საუბარი.
მარტო „ფილოსოფიურ მოძრაობას“ ხომ არ აღმოუჩენია სახარება. როდესაც პოეტი ი.ს.ნიკიტინი მღვდელმთავარ ტიხონ ზადონელის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და აღსასრულს გაეცნო, წამოიძახა: „აი, ეს კი მესმის! აი, სად ყოფილა თურმე სიდიადის სიმაღლე!“
სახარების მიერ გამოწვეული „აზრის მოძრაობით“ იწრთობოდა და ყალიბდებოდა საზოგადოებრივი მორალი, რომელიც სურთ დღეს დაუპირისპირონ ქრისტიანობას, რომელმაც, თავის მხრივ, თვით ეს მორალი წარმოშვა. სახარების წყალობით ხალხში მაღლდებოდა იმის შეგნება, რომ ბატონყმური წყობილება საძაგელია ღმრთისთვის და ღმერთი დიდხანს ვერ მოითმენს უსამართლობას. სახარებისეული სწავლება ნათელყოფდა ბატონყმობის მთელს სულმდაბლობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტიანული იდეა ღმრთის წინაშე ადამიანთა თანასწორობის შესახებ ფანტასტიკურ იდესა არ წარმოადგენდა. იგი სავსებით რეალური და ქმედითი იყო და მან ისტორიაში უამრავი კეთილი ნაყოფი მოიწია. ასე რომ, ბატონყმობის დამხობა მარტო ეკონომიკური მიზეზების გამო არ მომხდარა.