მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილი ბავშვების ჭირვეულობაა. უფროსებს მუდამ გვინდა, რომ ბავშვმა ყველაფერი მართებულად გააკეთოს, ამიტომ ვარიგებთ, როგორ მოიქცეს, ის კი არ გვისმენს, რაც ორმაგად სამწუხაროა - პატარა ცუდად იქცევა და თან ჩვენს მიერ მითითებულ გზას არ მისდევს.
პირველი ჭირვეულობა სამი წლის ასაკში გამოვლინდება. ეს ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთ გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს. მის ცნობიერებაში მნიშვნელოვანი აღმოჩენა ხდება - პატარა ხვდება, რომ მას აქვს საკუთარი ნება, რომელიც შეიძლება სულაც არ ემთხვეოდეს მშობლებისას.
არის ეტაპი, როცა ბავშვი ყველა ნივთს პირში იდებს გასასინჯად. ამით შეიცნობს გარშემომყოფ სამყაროს და განსხვავებული საგნების აგებულებას. სამი წლის ასაკში პატარას უჩნდება უნარი - გამოავლინოს თავისი ნება-სურვილი და ამ უკანასკნელს თავისთვის სასარგებლოდ წარმართავს. მაგალითად: მოუნდა ფაფა, წუთის შემდეგ კი უარს ამბობს მასზე. მოუნდა სათამაშოების შეგროვება, წუთის შემდეგ კი წყვეტს ამ საქმეს. სწორედ ამ ხერხით შეიცნობს იგი სამყაროს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ახლა არა მარტო საგნებს, არამედ ადამიანთა ურთიერთობის სამყაროსაც ეცნობა. იგი სწავლობს, მართებულად გამოხატოს თავისი ნება. ბავშვი ხომ ყოველთვის, აზრის შეცვლასთან ერთად, ყურადღებით აკვირდება გარშემომყოფთა რეაქციას.
მაგალითად, ერთი მორწმუნე ოჯახის უმცროსი ბიჭი ოთხი წლის ასაკში, საღამოს ლოცვისას, უფროსებს ბაძავდა და მეგობრების სახელებს იხსენიებდა. ერთხელ უეცრად თქვა: „უფალო, მოიხსენე გიორგი, ილია და მისი კიტრები“. უფროს ბავშვებს, რასაკვირველია, გაეცინათ, პატარას კი მოეწონა ასეთი რეაქცია. მეორე ღამეს იგი განგებ მოტრიალდა სხვებისკენ და ამჯერად „პომიდორი“ თქვა. თუმცა პასუხად მკაცრი მზერა და ლოყაზე მსუბუქი სილაც მიიღო. ამის შემდეგ მსგავსი ანცობა აღარ გაუმეორებია. შეიძლება ითქვას, შეცნობის ერთგვარი აქტი მოხდა. ბავშვმა გასინჯა ახალი გასართობი, გაიგო, რას იღებს ამის გამო და სამყაროს შესწავლის პროცესი ისევ გაგრძელდა.
ამიტომ ყველა ბავშვური კაპრიზის დროს უფროსების რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა აუცილებელია, ის მართებული იყოს. როცა არამართებულ რეაქციაზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ სიტუაცია, როცა მშობელი ზედმეტი ლოიალობით თავად უბიძგებს პატარას ჭირვეულობისაკენ და სიტუაცია, როცა მშობელი, პირიქით, მეტისმეტად მკაცრია და არ ითვალისწინებს ბავშვის შესაძლებლობებს.
თუ რა შედეგებს იწვევს ბავშვის ჭირვეულობის დაუფიქრებლად შესრულება, კარგად დაინახა ერთმა მორწმუნე ოჯახმა. მათი პირველი შვილი ხშირად ავადმყოფობდა, მშობლებს ძალიან ეცოდებოდათ იგი და ანებივრებდნენ. მოგვიანებით მათ აღმოაჩინეს რამდენიმე „ჯადოსნური“ სიტყვა, რომლებიც უტყუარად მოქმედებდნენ. მაგალითად, საკმარისი იყო - პატარას ეთქვა სიტყვა „სეფისკვერი“, რომ მშობლები მაშინვე გარბოდნენ და მოჰქონდათ სეფისკვერი, ან ღამით გაღვიძებულს ეთქვა „წყალი“ და დედ-მამა მაშინვე საწოლიდან დგებოდა. მალე უფროსებმა შეამჩნიეს, რომ ეს სიტყვები მეტისმეტად ხშირად მეორდებოდა. ბავშვი იღვიძებდა და მშობლების სიტყვები „დაიძინე, საყვარელო“ აღარ აკმაყოფილებდა, იგი ჯიუტად იმეორებდა თავის „ჯადოსნურ“ სიტყვებს. როცა მშობლებმა ეს აღმოაჩინეს, ამ სიტყვებმა მაშინვე დაკარგეს ძალა და შედეგად ბავშვმაც მათი გამოყენება მხოლოდ რეალური საჭიროებისას დაიწყო.
ბავშვები საკმაოდ იოლად ითვისებენ დამთმობი მშობლების მიერ ნაჩვენებ მაგალითებს. მაგალითად, განაწყენებული ბავშვი ფეხებს აბაკუნებს და მშობელიც აკმაყოფილებს მის მოთხოვნას. თუ ბავშვს უკვე კარგად აათვისებინეს ეს მეთოდი, მაშინ მასთან გამკლავება გაუჭირდებათ. თავიდან ის ჯერ ერთხელ დააბაკუნებს ფეხს, შემდეგ ორივე ფეხით, ბოლოს იატაკზე გაერთხმება. ამიტომ, რასაკვირველია, გაცილებით იოლია ასეთი ჭირვეულობის სათავეშივე აღმოფხვრა.
სინამდვილეში, უგუნური მშობლიური დათმობა სიყვარულის ნაკლოვანებიდან მომდინარეობს. „რაც უნდა ის აიღოს, ოღონდ არ იტიროსო“ - აღზრდის ნაცვლად მშობლები მხოლოდ უზრუნველყოფენ შვილების უღრუბლო ბავშვობას, თუმცა ერთსაც დავძენთ - გადაჭარბებული სიმკაცრეც ამავე ნაკლოვანების შედეგია. სიყვარული ხომ ადამიანებს ერთმანეთის სულებს უხსნის, ამიტომ მშობლიური და მოსიყვარულე გული იოლად არჩევს ბავშვურ ჭირვეულობას ნამდვილი საჭიროებისაგან. გულგრილ მშობელს კი შეუძლია, ერთი მხრივ - აღაზევოს პატარას ჭირვეულობა და მეორე მხრივ - არ მისცეს მას საშუალება, დააკმაყოფილოს სულ მცირე ბუნებრივი მოთხოვნილებაც კი.
მშობლები ძალიან ხშირად ისე ასწავლიან ბავშვს, რომ ვერც ამჩნევენ, რომ თავად არიან მაგალითის მიმცემნი და შემდეგ უკვირთ: „ჩვენ ხომ ეს არ გვისწავლებია?“ სინამდვილეში კი ასწავლეს მაშინ, როცა ყველაფერზე უღიმოდნენ და არ აჩერებდნენ. ერთი მოძღვარი ყვებოდა: „უფროს შვილს ხუთი წელი შეუსრულდა და გადავწყვიტე, შრომას მიმეჩვია. თეფშების დარეცხვით დავიწყე. ძალიან გამიკვირდა, როცა ის, რეცხვის ნაცვლად, წყლით იწყებდა თამაშს: „ახლავე დარეცხე თეფშები, მე შენ რა გითხარი?!“ - ტუქსავდა დედა. მაგრამ ეს საქმე პატარასთვის ნამდვილი წამება აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევა მაშინაც გამეორდა, როცა საღამოს ბავშვებს საკუთარი სათამაშოების დალაგება მოსთხოვეს. მშობლებს ხანდახან ყვირილიც კი უხდებოდათ, - ბავშვებს უჭირდათ სათამაშოების დალაგება, რადგან ხელში აღებისთანავე ისევ თამაშის სურვილი უჩნდებოდათ.
ასეთი მდგომარეობიდან გამოსავალი თავად ბავშვებმა მოძებნეს: ერთხელ, აფრიკის ჩიტუნებზე მულტფილმის ყურების შემდეგ, წამოიძახეს: „მოდით, ისე დავალაგოთ სათამაშოები, როგორც წეროები აკეთებენ!“ მალე დალაგება მხიარულ თამაშში გადაიზარდა.
ფსიქოლოგთა დაკვირვებით, სამიდან შვიდ წლამდე პერიოდი ბავშვებისთვის თამაშის ასაკია ამ დროს ისინი ცხოვრებას ითვისებენ. მათთვის ეს განებივრება კი არა, „დიდური“ ცხოვრებისათვის მზადებაა. ერთ პატარას არ უნდოდა ჭურჭლის რეცხვა და დედა უბრალოდ ეუბნებოდი: „კარგი, დაიღალე, წადი, დაისვენე, მაგრამ ჭურჭელი უნდა დარეცხო. ამიტომ მოუხმე კონკიას, რათა მოგეხმაროს“. წუთის შემდეგ გოგონა ბრუნდებოდა, ხანდახან ტანისამოსსაც კი იცვლიდა და ამობობდა: „გამარჯობა, მე კონკია ვარ, ჭურჭლის დასარეცხად მოვედი“. ამის შემდეგ მუდამ ხალისიანად და იოლად აკეთებდა ყველაფერს, ის შრომისმოყვარე გოგონას თამაშობდა და ამ თამაშით ნამდვილ შრომას სწავლობდა.
ბავშვთა ფსიქოლოგი ირინა მედვედევა თავის წიგნში „ფერადი თეთრი ყვავები“ წერს, რომ მშობლებმა, მხატვრების მსგავსად, ბავშვის სულზე ფერადი საღებავებით უნდა ხატონ. თუ ბავშვს გამუდმებით დავტუქსავთ და ვეტყვით, რომ არაფრის კეთება არ შეუძლია, მოუწესრიგებელი, ზარმაცი, ცუღლუტი, ხარბი და ეგოისტია, მაშინ მალე ის მართლა დაიჯერებს ამ ყველაფერს. ჩვენ ვფიქრობთ, ამ მხილებით გამოვასწორებთ, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს შედეგი საწინააღმდეგოა. მომავალში ბავშვი მხოლოდ იმიტომ იზარმაცებს, რომ მან ზარმაცის ნიღაბი კარგად მოირგო. პატარას სული მცენარესავითაა და გამუდმებით შეუცნობელი სიმაღლისაკენ მიიწევს. თუ ბიჭმა იცის, რომ ის მდიდარი და ძლიერია, ეცდება, თავისი ძალა გამოავლინოს და ბევრი კარგი რამ გააკეთოს. თუკი მას „სუსტს“ ვუწოდებთ, ის ყოველნაირად ეცდება, გაექცეს ფიზიკურ დატვირთვას. ამიტომ არ უნდა შეგვეშინდეს ბავშვის წინასწარ შექება, რათა დავანახვოთ - რომელი მიმართულებით წავიდეს ნამდვილი ადამიანობის მისაღწევად. ბიჭის წინაშე მამაკაცის ლამაზი სახე უნდა დავხატოთ: ძლიერი, თავდაჯერებული, მამაცი. გოგონას წინ კი - ნაზი, მზრუნველი, სათნო, რათა ბავშვმა იცოდეს, რისკენ უნდა მიისწრაფვოდეს. ზემოთ ნახსენებ წიგნში მოყვანილია ერთი მაგალითი: მას შემდეგ, რაც შვილი მრავალგზის გულამოსკვნილი ტირილით გამოვარდა კბილის ექიმის კაბინეტიდან, მამამ სახლში დედას უთხრა, რომ ბიჭი უკანასკნელი ვიზიტის დროს ვაჟკაცურად მოიქცა და თითქმის არ უტირია. დედას ძალიან გაუხარდა. გაოცებულმა ბიჭმა მამას მეხედა და შემდეგში უკვე მართლა ცდილობდა, მთელი ძალით დაეფარა ტკივილი და შიში. შედეგად, სულ მალე აღარ ტიროდა და მართლაც ვაჟკაცურად იქცეოდა. ნუ იფიქრებთ, რომ ბავშვის შექებით მას რაღაცას ვუშავებთ. უბრალოდ, მის სულში ნათელი მხარე უნდა დავინახოთ, მამინ ეს მხარე უფრო ხშირად გამოვლინდება ხოლმე. მაგალითად, როცა მამა ვაჟიშვილთან ერთად აკეთებდა საშინაო დავალებებს, ბევრი იწვალა, სულ მარტივი ამოცანა რომ ესწავლებინა მისთვის. საკმარისი იყო დაეტუქსა ცუდი კალიგრაფიისთვის და მოეთხოვა, ლამაზად ეწერა, რომ ბავშვი უფრო უყურადღებო ხდებოდა. მალე მშობლებმა ტაქტიკა შეცვალეს. ასე თუ ისე კარგ ნაწერს უწონებდნენ და ეუბნებოდნენ: „აი, ეს ასო მართალია, ჯერ ძალიან ლამაზად არა, მაგრამ საგრძნობლად უკეთესად დაგიწერია, ზუსტად ისე, როგორც მასწავლებელს“. და ბავშვიც უფრო მეტი მონდომებით აგრძელებდა ასოების გამოყვანას, რათა მშობლები გაეხარებინა. ბავშვში უკეთესი შესაძლებლობების განჭვრეტა მშობლიური სიყვარულის ერთ-ერთი ნამდვილი სახეა.
ბავშვის გარეგნული დაუმორჩილებლობის მიღმა შეიძლება მშობლების მიერ ჩადენილი ადრეული შეცდომებიც იმალებოდეს. მშობლები ხშირად თავად ხატავენ ბავშვის სულზე მუქი საღებავებით. მაგალითად, ბავშვი ტელევიზორთან იკლაკნება, პოპ-მომღერალს ბაძავს, მშობლები კი ამას სიცილით უცქერენ, ბავშვი ფიქრობს, რომ ეს ყველას მოსწონს და აქებენ, ე.ი. მთელი ცხოვრება უნდა იპრანჭოს. შემდეგში უფროსები მას წესიერად მოქცევას მოსთხოვენ და უკვირთ კიდეც: „ასეთი პრანჭვა ხომ ჩვენ არ გვისწავლებია?!“ სინამდვილეში კი სწორედ მათ ასწავლეს, როცა უგუნურად იცინოდნენ და არ ეწინააღმდეგებოდნენ ასეთ ქმედებებს.
მშობლები ძალიან ბევრს არიგებენ შვილებს ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებიან. ერთხელ ერთმა მოძღვარმა შეამჩნია, რომ მისი შვილი უფროსების საუბარში ეჩრება და აწყვეტინებს, არადა ბიჭუნა სულ 5 წლის იყო. მაშინ მოძღვარი დაფიქრდა და გაახსენდა, რომ როცა პატარა 3 წლის იყო, მათთან ერთი ეპისკოპოსი მოვიდა. სტუმარ-მასპინძელი სამზარეულოში საუბრობდნენ. უეცრად ბავშვმა მოირბინა, მამამ საუბარი გაწყვიტა და მთელი ყურადღება შვილისკენ გადაიტანა. შინაგანად უეცრად მას რაღაც ხმამ უთხრა, რომ ეპისკოპოსი შორიდან ჩამოვიდა და მნიშვნელოვანი სასაუბრო ჰქონდა, მაგრამ სიამაყემ, რომ მას ვაჟი ეზრდება, დაძლია ეს განცდა და განაგრძო ბავშვთან ლაპარაკი. ეპისკოპოსთან ერთად ის დიდხანს ისმენდა ბავშვის ტიტინს. ასე ხშირად მომხდარა და სწორედ აქედან მიიღო პატარამ გაკვეთილი. იგი ფიქრობდა, რომ სტუმარზე მნიშვნელოვანი იყო და მშობლებს აუცილებლად უნდა ესაუბრათ მასთან ნებისმიერ დროს.
ძალიან ხშირად ჩვენ გვესმის და თავადაც ვამბობთ, რომ ბავშვი საკუთარ მაგალითზე უნდა აღვზარდოთ, მაგრამ პრაქტიკაში იშვიათია, რომ მშობლების ცხოვრების წესი ბავშვებს გადაეცეთ. თუმცა გარკვეულ პირობებში ბავშვები იოლად ასრულებენ წესებს და იცავენ მშობლების მიერ დაწესებულ კანონებს. როცა ოჯახში ბევრი ბავშვია, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დალაგებაა. ამას რომ გავუმკლავდეთ, ვაწესებთ გარკვეულ აკრძალვებს. მაგალითად - საჭმელი სამზარეულოდან ოთახში არ უნდა გავიტანოთ, იქ ჭამა და ნამცეცების დაყრა არ შეიძლება. აკრძალვა რომ მართებული იყოს და არც ბავშვები განაწყენდნენ, ყველა უფროსმა უნდა დაიცვას მნიშვნელოვანი პირობა: აკრძალვა ყველაზე, ყველგან და ყოველთვის ერთნაირად ვრცელდება!
ჩვენ ყველანი ცხოვრებაში ვიცავდით წესს: „არ გადახტე ფანჯრიდან, თორემ დაიმტვრევი!“ - რადგან ეს ფიზიკის კანონია და ყველაზე და ყველგან ერთნაირად მოქმედებს, ამიტომ ნებისმიერ აკრძალვას ფიზიკის კანონის ძალა უნდა ჰქონდეს. ოთახებში არ შეიძლება ჭამა, იქ არ ჭამს არც დედა, არც მამა, არც ბებია, არც ბაბუა, არც დღისით, არც საღამოს, არც ფილმის ყურების დროს - არასდროს!
საკმარისია მამამ ბუტერბროტი მოიტანოს და ტელევიზორის ცქერის დროს ჭამოს, რომ მეორე წუთს, როცა ის პატარას ასეთ საქციელს აუკრძალავს, ბავშვი ჩათვლის, რომ ოთახში ჭამა საერთოდ შეიძლება, მაგრამ მამამ ეს იმიტომ აკრძალა, რომ ასე სურს. გამოდის, რომ ეს აკრძალვა კანონი კი არა, მამის ჭირვეულობაა. აი, აქ იწყება ბავშვის განაწყენება, ეჭვები, რომ მამა განგებ უწყრება, არ უყვარს ის. როცა მამა შინ არ არის, ჩუმად ყველაფრის კეთება შეიძლება.
რაც უფრო მეტად გავაღვივებთ ბავშვში ჯანსაღ დამოუკიდებლობას, მით უფრო იოლად გაიზრდება და დაძლევს გარდატეხის ასაკს.
მშობლები მუდამ მზადყოფნაში უნდა იყვნენ და გამუდმებით ინტერესდებოდნენ, როგორ იქცევა პატარა საბავშვო ბაღსა და სკოლაში. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბევრი მართლმადიდებელი მშობელი ცდილობს მართლმადიდებლურ გიმნაზიაში მიიყვანოს ბავშვი, რათა სკოლაში არსებული კანონები შინ გამეფებულ წესებს ემთხვეოდეს. როცა ბავშვი 15-16 წლის ასაკში სულიერად გაძლიერებულია, იგი იოლად შეძლებს შეეწინააღმდეგოს ირგვლივ არსებული ათეისტური სამყაროს კანონებს. მანამდე კი მშობლებმა თვალყური უნდა ადევნონ პატარას გარემოცვას.
უფროსების მიბაძვა ბავშვებს სრულიად არ უნდა ავუკრძალოთ. თუ ბავშვი შინაგანად მზადაა და აცნობიერებს, უნდა მივცეთ საკუთარი შესაძლებლობების განვითარების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განვითარება შეფერხდება.
ყველა მშობელს უნდა, შვილები უჯერებდნენ, მაგრამ როცა მორჩილებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე მხარეც. ბავშვმა ზრდასთან ერთად დამოუკიდებლობაც უნდა ისწავლოს. ამიტომ გარკვეულ პერიოდში მშობლებმა მას საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედების შესაძლებლიბა უნდა მისცენ. რაც უფრო მეტად განვავითარებთ ბავშვში ჯანსაღ დამოუკიდებლობას, მით უფრო იოლად გადალახავს ის გარდატეხის ასაკს. ასეთ ასაკში მოზარდები, როგორც წესი, ისეთი დაუჯერებლები არიან, რომ მშობლები თავში ხელს იცემენ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთია ამ ასაკში სულის განვითარების კანონი. გადაწყვეტილების თავად მიღების სწავლის დროს მოზარდი დემონსტრაციულად უარყოფს უფროსების რჩევებსა და გაფრთხილებებს, უნდა ყველას დაუმტკიცოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ მას ეკუთვნის. ამიტომ სანამ იმას გააკეთებს, რაც მოეთხოვება, მოზარდი ხშირად სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს.
გარდატეხის ასაკი არც ისე საუკეთესო დროა მორჩილების სასწავლებლად. მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ სულ არაფერი მოვთხოვოთ ბავშვს. მოთხოვნა საჭიროა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს მოზარდის განსაკუთრებულობა. მაგალითად: მშობლები ამბობენ, რომ გოგონა 9 საათზე დაბრუნდა, მას კი სურს სეირნობის უფლება თერთმეტ საათამდე ჰქონდეს. თუ მშობლები დაუთმობენ, ის გაცილებით გვიან დაბრუნდება და მშობლებს ანერვიულებს; მაგრამ თუ მშობლები არ დაუთმობენ, გოგონა ათზე მოვა. შედეგად, კომპრომისი გამოინახება: მშობლები კმაყოფილები იქნებიან, რომ შვილი მეტ-ნაკლებად კონტროლის ქვეშაა, გოგონა კი არ გაჩერდება თერთმეტამდე, მაგრამ ცოტას გადააცილებს და დაუმტკიცებს მშობლებს, რომ დამოუკიდებელია.
წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მშობლები არა მარტო საკუთარი ცოდვების გამო დაისჯებიან, არამედ ბავშვებზე მავნე ზეგავლენის გამოც. თუკი მშობლები მათ დაცემამდე მიიყვანენ, დაიღუპებიან. თუ გსურს, რომ ოჯახში მტკიცე სტატუსი გქონდეს, ბავშვები ყოველდღე დაარიგე და გულისყურით ადევნე თვალი, ყოველმხრივ მოაწესრიგე და ჩამოაყალიბე მათი სულები.
დასასრულ დავძენთ: ურთიერთგანსხვავებულად მოაზროვნე მშობლები - ეს ყველაზე საუკეთესო საფუძველია ბავშვში ჭირვეულობისა და დაუმორჩილებლობის აღზევებისათვის. როცა მშობელთა შორის ერთსულოვნება არ სუფევს, ბავშვი იმის არჩევას სწავლობს, რაც იოლი, ეშმაკური და მიუღებელია.
ურთიერთგანსხვავებულად მოაზროვნე მშობლები - ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა მათ შორის სიყვარულის ნაკლებობისა: ამ ფესვიდან იზრდება ოჯახში ყველა ნაკლოვანება.
მშობლებს, უპირველესად, სიყვარულის სისავსეს ვუსურვებთ - რათა მოსიყვარულე გულებით ხვდებოდნენ, როგორ მოიქცნენ: სწამდეთ და იმედოვნებდნენ, რომ მათი შვილების სულებშიც ჩანერგილია ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობები, ისინი კი უნდა დაეხმარონ და გახსნან ეს საგანძური!
დეკანოზ ილია შუგაევის სტატის მიხედვით
მოამზადა თამარ ასათიანმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 25-26, 2008 წ.