კიდევ ერთი უძღები შვილი

ეს ამბავი საბერძნეთში მოხდა.

ათანასე დედისერთა იყო. ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა. მამა ადრე გარდაიცვალა და დედას ძალიან უნდოდა მის შვილს ესწავლა. მაგრამ ათანასე ცუდ წრეში მოხვდა, სწავლას თავი დაანება და ცოდვიან ცხოვრებაში ყელამდე ჩაეფლო. ნარკოტიკებისა და სხვა საეჭვო გართობებისათვის ფული რომ შემოაკლდებოდა, დედას ჩამოაკითხავდა (ის ოჯახიდან მოშორებით, ქალაქში ცხოვრობდა), წესიერად არც კი მოიკითხავდა და ეტყოდა: „ეი, ფული გაქვს? მოიტა აქ, მეჩქარება“. თუ საცოდავი ქალი რამის თქმას გაბედავდა, შვილი ცემდა, ფულს წაართმევდა და გაუჩინარდებოდა.

რვა წელი გრძელდებოდა ასე. დედა ჩემოდნა, ცოცხალ ჩონჩხს დაემსგავსა. იგი ვერაფრით ეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი შვილი ნარკომანების ბანდას ვერასდროს მიატოვებდა, როდისმე ციხეში ჩასვამდნენ და საბოლოოდ დაიღუპებოდა.

დარდისაგან გათანგულ მოხუცს კეთილმა ადამიანებმა ურჩიეს, წმ. იოანე რუსის ნაწილებთან წასულიყო და შვილისათვის ელოცა.

დედა ასეც მოიქცა. ტაძარში მისი თხოვნით წმიდანის წმიდა ნაწილებთან პარაკლისი გადაიხადეს. ქალმა მთელი გულით სთხოვა წმიდანს: „დამიბრუნე შვილი, წმიდაო იოანე, გონს მოიყვანე! გთხოვ, ისევ ისე დამიძახოს „დედა“, როგორც ადრე მეძახდა“.

დედა შინ დაბრუნდა. სახლს რომ მიუახლოვდა, შენიშნა, რომ მისი სახლის კარი ღია იყო. დედას გაუკვირდა, ვინ უნდა ყოფილიყო სახლში?! ქალი შინ შევიდა.

- დედა! - გამოეგება შვილი, - დავბრუნდი, შენ ხომ ეს გინდოდა. ყველაფერს ვნანობ, რაც კი ჩამიდენია. აქ უნდა ვიცხოვრო, ამ სახლში, მამაჩემის სახლში. მხოლოდ გუშინ მივხვდი, რაც ჩავიდინე შენს წინაშე და საკუთარი თავის წინაშეც. მაპატიე, დედა!

ქალი თვალებს და ყურებს არ უჯერებდა. თითქოს ენა წაერთვა, ხმას ვერ იღებდა. მხოლოს საღამოს შეძლო წარმოეთქვა: „კეთილი იყოს შენი მოსვლა, შვილო. ხვალ დილას წავალ იმასთან, ვინც შენ სახლში დაგაბრუნა. წავალ და მადლობას მოვუხდი“.

ორი დღის შემდეგ მღვდლებმა ეს ქალი ისევ ტაძარში რომ დაინახეს, იფიქრეს, ჯერ არ წასულა სახლშიო. თურმე, არათუ წავიდა შინ, არამედ იპოვა კიდეც შვილი, რომელმაც ისევ დაუძახა მას: „დედა“, როგორც ადრე. ასე გაცოცხლდა დედის ლოცვით ის, ვინც „მომკვდარ-იყო“, ასე გადარჩა, ვინც „წაწყმედულ-იყო“.

 

„ცათა დედოფალო, შენ გაბარებ ჩემს შვილს!“

ომების ისტორიებიდან უამრავი მაგალითია ცნობილი, თუ როგორ გადარჩენილან უვნებლად ცხარე ბრძოლებიდან, სადაც ასობით მეომარი იღუპებოდა, მხოლოდ ისინი, რომელთა დედებიც გულმხურვალედ ლოცულობდნენ შვილებისათვის. რა ყოვლისშემძლეა დედის ლოცვები და რა ნაზად უსმენს დედის წუხილს სამყაროს გულმოწყალე შემოქმედი. აი, ერთი საოცარი ამბავი ჩვენი ახლო  წარსულიდან, რომელიც დედის ლოცვის ძალის აშკარა და ნათელი გამოხატულებაა.

„ცარსკოე სელოში“, პეტერბურგიდან ოცდახუთი კილომტერის დაშორებით, საგვარეულო ზნამენსკის ეკლესიაში არის ღვთისმშობლის ძველი, სასწაულთმოქმედი ხატი „Знамение Богоматери“, რომელთანაც უამრავი სასწაული აღსრულებულა.

სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ სმოლენსკელ მემამულე ქალს ე. დუდინსკაიას ჰყავდა ვაჟიშვილი, ფლოტის ოფიცერი. მისი გემი შავ ზღვაზე შორეულ მოგზაურობაში გადიოდა და ამიტომ ქალმა ცარსკოე სელოს მიაშურა, რათა ზემოხსენებული ხატის წინ ელოცა და ასე დაელოცა გზა შვილისათვის. „ცათა დედოფალო, შენ გაბარებ ჩემს შვილს, შენზე მინდობილი ჩემი იმედი, დამიბრუნე იგი უვნებელი ზღვის ქვეშეთიდანაც კი!“ - გულმხურვალედ ილოცა ქალმა და შვილს დაემშვიდობა.

გემი საშინელ შტორმში მოხვდა. ის დაიმსხვრა, დაილეწა, მთელი ეკიპაჟი ზღვის ტალღებმა შთანთქა. ქალბატონ დუდინსკაიას შვილი ტალღებმა გადმოაგდო გემის ბორტიდან. სიკვდილი გარდაუვალი იყო. ახალგაზრდა კაცს ცარსკოე სელოს ხატი გაახსენდა და მთელი რწმენით მოუხმო ღვთისმშობელს: „დედაოფალო ზეცათაო, დედამ ჩემი თავი შენ შეგავედრა, გადამარჩინე მისთვის!“

ამ დროს ტალღამ ისე ძლიერად დაარტყა, რომ გონება დაკარგა. არ იცოდა რამდენ ხანს იყო ასე. გონს რომ მოვიდა, ზღვის ნაპირზე იწვა. მან გულწრფელი მადლობა გადაუხადა ღვთისმშობელს გადარჩენისათვის.

განა აქ კიდევ რამის დამატებაა საჭირო?!

 

არანაკლებ საოცარია მღვდელ ალექსანდრე რომანოვსკის ნაამბობი. ამ შემთხვევიდანაც კარგად ჩანს, რომ შვილების ბედი ძალზე მნიშნველოვანწილად სწორედ დედის ხელშია.

აი, ეს ამბავი:

„ათი წლის წინათ ერთი ბატონის ოჯახში დავდიოდი - მის შვილებს საღვთო სჯულს ვასწავლიდი. ერთ-ერთი ბიჭუნა, შვიდი წლისა, გაცივდა და მძიმედ ავად გახდა - კრუპი, ბავშვის ძალიან საშიში ყელის სნეულება დაემართა. ექიმების მთელმა მცდელობამ ამაოდ ჩაიარა. დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარებოდა - საქმე უკან და უკან მიდიოდა. ბოლოს ექიმებმა უმწეოდ ჩაიქნიეს ხელი - დედას უთხრეს, რომ ბავშვს მხოლოდ რამდინიმე საათის სიცოცხლეღა დარჩენოდა.

ბავშვის დედა ღვთისმოსაობით გამოირჩეოდა. მან, თავზარდაცემულმა, ავადმყოფი შვილი მიატოვა და სამრეკლოში გაიქცა. იქ „ივერიის ღვთისმშობლის“ სასწაულთმოქმედი ხატი იყო დასვენებული. მისი თხოვნით ავადმყოფი ბავშვისათვის ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს. მუხლებზე დამხობილი ქალი მთელი გულით ევედრებოდა ყველა ქრისტიანის დედას, გადაერჩინა მისი შვილი. მან ხატის წინ კანდელიდან ცოტა ზეთი წამოიღო და შინ დაბრუნებულმა იმით დაზილა შვილი, თან განუწყვეტლად, მხურვალე ლოცვით მიმართავდა ღვთისმშობელს, ეჩუქებინა მისთვის შვილი.

ექიმი დამწუხრებული უცქერდა დედის საქციელს - მან არ იცოდა, რა ერჩია მისთვის. ბოლოს, მხოლოდ იმისთვის, რომ რამე მოემოქმედა, ავადმყოფ ბავშვს პირღებინების წამალი მისცა, რადგან, მისი აზრით, ყველაფერი უკვე სულერთი იყო - ბავშვი კვდებოდა.

დამწუხრებულმა დედამ კიდევ ერთი მხურვალე ლოცვით მომაკვდავ შვილს პირში წამალი ჩაასხა. ბავშვმა გაჭირვებით ჩაყლაპა წამალი. მალე პირღებინება აუტყდა, შეშინებულმა დედამ ბავშვს პირთან ორივე ხელი შეუშვირა და რას ხედავს!.. ის წანაზარდი, რომელსაც ბავშვის ყელი ჩაეკეტა, სუნთქვა შეუხუთა და ახრჩობდა, პირდაპირ დედის ხელებში ჩავარდა. ბავშვმა ამოისუნთქა და მალე სრულიად მოიხედა.

ყველაზე მეტად ექიმი გაოგნდა. მან ყველაზე უკეთ უწყოდა, რომ აქ მედიცინა არაფერ შუაში იყო და რომ ეს ყოველივე მთლად ღვთის განგებულების გამოხატულება იყო. არანაკლებ გაოცებული ვუყურებდი მე ყველაფერ ამას. ნათელი იყო - ეს მორწმუნე და ღვთისმშობლის მსასოებელ დედას აჩუქა მეორედ შვილი უფალმა.“

 

იდუმალი პოლკოვნიკი

ომის მონაწილის ნაამბობი

იგი უფროსი ლეიტენანტი ყოფილა, ბატალიონის მეთაური. ერთ-ერთი ბრძოლის დროს გერმანიაში თავის ბატალიონით სპირტის ქარხანა დაუკავებია, რომელშიც სპირტით სავსე ცისტერნები მდგარა. ჯარისკაცებს მეტი რა უნდოდათ - ყველას გახარებია, კარგად მოვილხენთო.

უეცრად საიდანღაც პოლკოვნიკი გამოჩენილა და ბატალიონის უფროსისათვის უბრძანებია, ცისტერნები დაყოვნებლივ დაეცხრილათ.

უფროსი ლეიტენანტი, რასაკვირველია, პოლკოვნიკს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და მასაც ბრძანება შეუსრულებია. ჯარისკაცებს ავტომატებით დაუცხრილავთ ცისტერნები. მთელი სპირტი მიწაზე დაღვრილა.

ჯარისკაცები გაოგნებულები მდგარან, ვერ გაეგოთ, ვის რაში დასჭირდა ეს ყველაფერი. შემდეგ, ცოტა აზრზე რომ მოსულან, პოლკოვნიკის ძებნა დაუწყიათ, რათა გაეგოთ, თუ ვინ იყო ის და რატომ გასცა ასეთი უცნაური ბრძანება. პოლკოვნიკი კი თითქოს მიწამ ჩაყლაპა, გაქრა.

ბატალიონის უფროსს უფიქრია, რამე ხომ არ მომეჩვენაო და ჯარისკაცები გამოუკითხავს, ხომ ნამდვილად პოლკოვნიკი იყო და ბრძანებაც ხომ ნამდვილად გასცაო. ყველას ერთხმად დაუდასტურებია, რომ სწორედ ასე იყო.

როგორც შემდეგ გაირკვა, ცისტერნებში მეთილის სპირტი (ხის სპირტი) მდგარა. ასე რომ, ყველა მის დამლევს გარდაუვალი სიკვდილი ელოდა.

ფრონტიდან შინ დაბრუნებულ უფროს ლეიტენანტს დედის სამლოცველო კუთხეში ხატებთაბ ერთად ერთი ბერ-მონაზვნის სურათში ის პოლკოვნიკი ამოუცვნია, რომელმაც ცისტერნების დაცხრილვის ბრძანება გასცა. მას დედისათვის უკითხავს, თუ ვინ იყო ის.

- ეს ჩემი სულიერი მოძღვარი, მღვდელსქემმმონაზონი სერაფიმეა. იგი ჩემი თხოვნით შენთვის ლოცულობდა მთელი ომის განმავლობაში. - უპასუხია დედას.

 

„დაიკავე ზიუიდ-ვესტი!“

რამდენი რამ ხდება ქვეყნად ისეთი, ჩვეულებრივი ადამიანური გონებით რომ ვერ აიხსნება. - ამბობს ჩვენი მასპინძელი, გადამდგარი მეზღვაური. ის ძალიან საინტერესო ამბებს ყვებოდა ხოლმე, რომელთაგან ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა.

- ეს მართლაც საოცრება იყო. ცურვა ძნელი და საშიში აღმოჩნდა. შემოდგომა იდგა. ცა თავზე ტყვიის ქუდივით გვეხურა. ცივი ქარი უბერავდა. ჩვენ წყნარად მივცურავდით კურსით. პირქუში ოკეანე ხმაურობდა. იმ საღამოს რა დამავიწყებს! ახალგაზრდებმა ჩვენ-ჩვენი მოვალეობები შევასრულეთ და კაიუტაში შევედით. ვიგონებდით ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს, ხმელეთის ცხოვრებას.

უეცრად კარს იქიდან ჩვენი კაპიტნის სწრაფი ნაბიჯების ხმა მოგვესმა. მივხვდით, გაბრაზებული იყო. კაპიტანმა ჩვენი კაიუტის კარი შემოაღო და მრისხანედ იკითხა:

- ბატონებო, რომელმა გაბედეთ ჩემ კაიუტაში ამ დროს შემოსვლა?

ჩვენ გაოცებულები ვდუმდით; თან ერთმანეთს შევყუდებდით.

- ვინ, ვინ იყო იქ აი ახლა, ამ წუთებში? - მრისხანედ გაიმეორა მან. ჩვენს გაოცებულ სახეებს რომ შეხედა, გაბრუნდა და წავიდა. ცოტა ხანში თავისთან მიგვიხმო. ბოცმანებიც იქ იყვნენ. ჩაგვამწკრივეს და ისევ იგივე შეკითხვა გაგვიმეორეს:

- რომელი იყავით ჩემთან კაიუტაში? რომელმა მიეცით თავს ასეთი თავხედური ხუმრობის უფლება? - მრისხანედ გაჰყვიროდა კაპიტანი. პასუხად ისევ ჩვენი საერთო დუმილი და გაოცება მიიღო. მაშინ კაპიტანმა გვითხრა, დასასვენებლად რომ წამოწვა კაიუტაში, ძილ-ღვიძილში ვიღაცის ხმა გაიგონა: „აიღე ზიუიდ-ვესტი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. გემის სვლის სისწრაფე წამში მინიმუმი სამი მეტრი იყოს. იჩქარე, მანამ გვიან არ არის!“

კაპიტნის ნათქვამმა ყველა გაგვაოგნა. მიღებული ბრძანება გემის კურსის შეცვლას და სხვა მხარეს წასვლას ნიშნავდა.

გვიან ღამემდე არავის უძინია. ყველას აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა კაპიტანი. მალე გავიგეთ, რომ კაპიტანმა უფროს ბოცმანთან, ძალიან გამოცდილ მეზღვაურთან მოთათბირების შემდეგ გადაწყვიტა, დაეჯერებინა იდუმალი ხმისთვის. მართალია, გადახრა ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო, დროც ბევრი არ დაგვეკარგებოდა.

- აიღეთ ზიუიდ-ვესტი და ანძასთან კარგი ყარაული დააყენეთ! - უბრძანა ბოცმანს კაპიტანმა. ჩვენ ყურებს არ ვუჯერებდით. ნუთუ ეს ხუმრობა იყო... არა, არ გავდა. დილით ადრე ჩვეულებისამებრ თავი გემბანზე მოვიყარეთ. მესაჭემ მდუმარედ ანიშნა კაპიტანს რაღაც შავ საგანზე, შორიდან რომ მოჩანდა.

ღრუბლიანი დილა იყო. ცუდი ხილვადობის გამო კაპიტანმა ჭოგრიტში ერთბაშად ვერ გაარჩია, რა იყო ის საგანი. შემდეგ იგი ბოცმანს მიუბრუნდა და რაღაცა უჩურჩულა. კაპიტანი ჩვენსკენ რომ შემობრუნდა, დავინახე, რომ სახე გაფითრებოდა.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ყველამ შეუიარაღებელი თვალითაც დავინახეთ, რომ ეს შავი საგანი ტივს გავდა, რომელზედაც ორი მწოლარე ადამიანის სხეული მოჩანდა. ჩვენ ნავი ჩავუშვით. ბოცმანი თვითონ წავიდა ტივისკენ. ტალღები ნავს აქანავებდა. ცოტაც და... უკვე გვიანი იქნებოდა.

ტივზე მყოფნი ცოცხლები იყვნენ თუ არა, არ ვიცოდით. ქართან და ტალღებთან ნახევარი საათის ბრძოლის შემდეგ ბოცმანმა ისინი გემზე ამოიყვანა. ახალგაზრდა მეზღვაური და ბავში იყვნენ - ორივენი უგონო მდგომარეობაში და სიცივისაგან გათანგულები, თითქმის მკვდრები.

გემზე დიდი ალიაქოთი ატყდა. ყველანი, კაპიტნიდან მოყოლებული ბოლო მეზღვაურამდე, გულმოდგინედ ვცდილობდით განსაცდელში მყოფთათვის რამე გვეშველა. მათმა იდუმალმა გადარჩენამ ერთიანად გაგვაოცა; ყველა ვხედავდით, რომ უჩვეულო მოვლენასთან გვქონდა საქმე.

კაპიტანი მზრუნველი დედასავით ევლებოდა ბავშვს, გვერდიდან არ იშორებდა, თავს დასტრიალებდა.

მეზღვაური მხოლოდ ორი საათის შემდეგ მოვიდა გონს. ირგვლივ მიმოიხედა და სიხარულისაგან ბავშვივით ატირდა. დათბუნებულ ბავშვს კი თბილად ეძინა.

- უფალო, გმადლობ! - შესძახა მეზღვაურმა, მშვენიერმა, უბრალო სიმპათიურმა ახალგაზრდამ. - ეტყობა, დედის ლოცვამ ღმერთამდე მიაღწია!

ჩვენ გარს შემოვეხვიეთ მეზღვაურს. მან გემის საბედისწერო ამბავი გვიამბო, რომელიც უზარმაზარ რიფს წამოსდებოდა, დამსხვრეულა და ჩაძირულა. გემზე ხალხი ბევრი არ იყო, ზოგმა ნავებში გადასხდომა მოასწრო, დანარჩენები დაიღუპნენ. თავად რაღაც სასწაულმა გადაარჩინა - იგი გემის იმ პატარა ნაწილზე შერჩა, როემლიც არ ჩაიძირა. ბავშვი უცხო იყო, იგი მაგრად ჩაბღაუჭებია მეზღვაურს და ასე გადარჩა მასთან ერთად.

- ეტყობა, დედა ლოცულობს ჩემთვის! - ამბობდა მეზღვაური და მადლიერების გრძნობით პირჯვარს იწერდა. თან ზევით  იყურებოდა. ნამდვილად ვიცი მისმა, მისმა ლოცვამ გადამარჩინა! ძალიან შემეშინდა, თან ბავშვი ისეთი ძალით მებღაუჭებოდა. ხელს ხომ ვერ ვკრავდი გათოშილს, თან ტიროდა... სანამ გონებას დავკარგავდი ლოცვა დავიწყე... მერე, ბოლოს, რაც მახსოვს, ის იყო, რომ ხმამაღლა დავიყვირე: „დედა, საყვარელო, ილოცე ჩემთვის, ილოცე, მიშველე!“ ეს მაშინ, როცა უკვე ვიფიქრე, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. დედა ჩემთვის ყოველთვის ლოცულობდა, ვიცი.

მან ჯიბიდან დასველებული წერილი ამოიღო და ფრთხილად გაშალა. ეს იყო უწიგნური ქალის ხელით დაწერილი წერილი, რომელმაც იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე, რომ თითოეულმა რამდენჯერმა გადავიკითხეთ ის. წერილის ბოლო სტრიქონები ახლაც მახსოვს: „გმადლობ, შვილიკო, რომ არ გავიწყდება მოხუცი დედა. შენ ჩემზე არ იდარდო, ღმერთი უყურადღებოდ არ დამტოვებს! მე დღედაღამ ვლოცულობ შენთვის, შვილო, იცოდე, დედის ლოცვა ღმერთამდე აღწევს. შენც ილოცე, შვილო, ჯანმრთელად იყავი და არ დაივიწყო შენზე დღედაღამ მლოცველი დედა. ჩემი გული სულ შენთან არის. შენს ყველა გასაჭირს გვრძნობ და ვლოცულობ, ღმერთმა დაგლოცოს და შენი თავი კარგად მიმყოფოს“.

მეზღვაურს, ეტყობა, ძალიან უყვარდა დედა და ხშირად ახსენებდა. სიკვდილს გადარჩენილი პატარა ბავშვი კი ჩვენს უშვილო კაპიტანს ძალიან მოეწონა და იშვილა ის.

საოცარია ადამიანთა ბედის გზები! - დაასრულა თავის მონაყოლი ჩვენმა მასპინძელმა. - კიდევ უფრო საოცარია დედის ლოცვის ძალა.

„დედის ცრემლები“, თბილისი, 2004 წ.