წყევლა - ეს განსაკუთრებული საუბრის თემაა. მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ, როგორც გულმხურვალე ლოცვით შეუძლიათ შვილებისათვის ღვთისაგან უსაზღვრო მადლი მიიღონ, ასევე გაღიზიანებულად ნათქვამით, წყევლით, რისხვით შეიძლება შვილებს უბედურება დაატეხონ თავს.
სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. უფალმა სწორედ სიტყვით შექმნა სამყარო. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს.
მშობლების სიტყვას განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის დაწყევლა. არცერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ, რომ, როგორც დედის ლოცვა აღწევს ღმერთამდე, ისევე - წყევლაც. დედის ყოველი სიტყვა, ზოგჯერ უგუნურად და გაუაზრებლად ნათქვამი, როდესმე მაინც ახდება. ამიტომ დედებს ვურჩევთ ყოველი სიტყვა მოზომონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე შვილს ეხება. ზოგჯერ მეტისმეტი გულისტკივლის გამოსახატავად დედებმა იციან თქმა: „მოგიკვდეს დედა, შვილო!“ აბა დავუფიქრდეთ, როგორ უნდა დაწყევლო შვილი უარესად - ბავშვისთვის დედის სიკვდილზე უარესი რა შეიძლება იყოს?! თვითონვე ვუსურვებთ ჩვენს შვილს ყველაზე უარესს?! აღარაფერს ვამბობთ „საფუძვლიან“ წყევლა-კრულვაზე, რომელიც ასაფეთქებელად გამზადებული დენთივით არის.
აქ მოთხრობილი ამბები ყოველივე ამის სამწუხარო და ნათელი დადასტურებაა.
მშობლის წყევლა თუნდაც აღშფოთება ძლიერად მოქმედებს. თუ მშობელს კი არ დაუწყევლია თავისი შვილი, არამედ მხოლოდ აღშფოთდა მისი საქციელის გამო, ესეც საკმარისია, რომ შვილებმა მოსვენება დაკარგონ. ასეთი ბავშვები შემდგომში მთელ ცხოვრებას ტანჯვა-წამებაში ატარებენ. რა თქმა უნდა, საიქიო ცხოვრებაში ეს მათ შეღავათს მისცემს, რადგან ამ წამებით აქაურ ვალებს ისტუმრებენ. ხდება ის, რის შესახებაც წმ. ისააკი ამბობს: „ამქვეყნად იგემებენ თავის გეენას“, ანუ ქმეყვეყნიური ტანჯვით ის ჯოჯოხეთურ სატანჯველს ამცირებს. ესე იგი როდესაც ძალაში შედის სულიერი კანონები, ასეთი ადამიანი რამდენამდე თავისუფლდება გეენიისაგან, ტანჯვისაგან.
მშობლები, რომლებიც სიტყვით „გზავნიან“ შვილებს ეშმაკთან, მას „უძღვნიან“ თავიანთ შვილებს. ამის შემდეგ ეშმაკს უკვე აქვს უფლება ამ ბავშვებზე, იგი ამბობს: „შენ მე ისინი თავად მომიძღვენი“.
ერის კაცისათვის მშობლის ლოცვა-კურთხევა უდიდესი განძია, ისევე, როგორც მონაზვნისათვის თავის ბერის ლოცვა-კურთხევა. ამიტომაც ამბობენ: „ნუ გაუშვებ ხელიდან მშობლის ლოცვა-კურთხევას“.
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი მამა ბერი პაისი ასეთ შემთხვევას იგონებს: „ერთ ქალს ოთხი შვილი ჰყავდა და ვერც ერთი ოჯახს ვერ ეკიდებოდა. დედა ტირილით მეუბნებოდა: „მომკლავს ამათი დარდი, ილოცე მათთვის“. ეს ქალი ქვრივი იყო, მე მეცოდებოდა იგი და ვლოცულობდი მისი შვილებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. მივხვდი, რომ რაღაცა ისე ვერ იყო... ერთხელ მათ ვკითხე, დედა ბავშვობაში ხომ არ გწყევლიდათ-მეთქი.
- დიახ, მამაო, ბავშვობაში ძალინ ცელქები ვიყავით და დედა მუდამ გვწყევლიდა. - მიპასუხეს.
- წადით და დედათქვენს უთხარით, რომ თქვენი მოუწყობელი ცხოვრების ნამდვილი მიზეზი ეს არის. უთხარით, მოინანიოს, აღსარება თქვას და დღეიდან გამუდმებით გლოცოთ.
წელიწადნახევარში ოთხივემ ოჯახი შექმნა!
კარგია, როცა მშობელი ცოცხალია და ამდენად მონანიება შესაძლებელია. მაგრამ ისმის კითხვა: თუ ის ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ თან წაიღო ეს ცოდვა? შეიძლება თუ არა წყვლისგან განთავისუფლება?
მამა პაისი პასუხობს:
- თუ შვილები საკუთარ თავს ჩაუკვირდებიან და მიხვდებიან, რომ თავის დროზე აშავებდნენ, აწვალებდნენ მშობლებს და ამიტომაც იქნენ დაწყევლილნი, თუ ისინი დანაშაულს აღიარებენ და ცოდვებს მოინანიებენ, ყველაფერი მოწესრიგდება. სულიერ ცხოვრებაში წარმატებით ისინი განსვენებულ მშობლებსაც შეეწევიან.
სულისშემძვრელია ამბავი, რომელიც დეკანოზმა ეფიმ ოსტომისლენსკიმ გვიამბო: „სასწავლებელში სწავლის დროს მე და ჩემი ძმა ბიძაშვილებთან ლოვასა და პავლესთან ვცხოვრობდით. ბიჭების მამა - ბიძაჩვენი თავის მამასთან (ჩვენს პაპასთან) ერთად ასოთხმოცი კილომეტრით დაშორებულ სოფელში ცხოვრობდა. ჩვენი მშობლები კი სხვა მაზრაში სახლობდნენ. ჩვენი პაპაც, მამაც და ბიძაც სასულიერო პირები იყვნენ და ჩვენც, ბიჭებიც ეკლესიურად ვცხოვრობდით.
ერთ კვირა დღეს პავლემ, სრულიად ჯანმრთელმა და საღსალამათმა, თავი შეუძლოდ იგრძნო - თავი ასტკივდა და სიცხემ აუწია. ცოტა ხანში გონება დაკარგა და ხრიალი ამოუშვა. თან თვალებიდან ჩირქი გადმოსდიოდა, პირიდან - ქაფი. მოვიდნენ სემინარიის ექიმი და ექთნები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ვერაფერი გაარკვიეს, თუ რა სჭირდა ბიჭს და ვერც ვერაფერი უშველეს - რამდენიმე წუთში ის გარდაიცვალა. ყველას ამოუხსნელ გამოცანად დაგვრჩა პავლეს უცნაური სიკვდილი.
ერთი კვირის შემდეგ ჩვენთან პაპაჩვენი ჩამოვიდა, რომელმაც კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი ჩამოგვიტანა - გარდაცვლილიყო ბიძაჩვენი, პავლეს მამა. „წინა კვირას დავასაფლავეთ“ - მწარედ ამოიოხრა პაპამ.
ოთხი თვის შემდეგ სემინარიის არდადეგები დაიწყო და მე და ჩემი ძმა, ჩვეულებრივ, სახლში გავემგზავრეთ. ორი კვირის შემდეგ მამაჩვენმა პაპაჩვენის და ქვრივი ბიცოლას მოსანახულებლად წაგვიყვანა. პავლეს გარდა იმ ოჯახში კიდევ შვიდი შვილი იყო, რომელთაგან უფროსი - ევდოკია 16 წლის გახდა.
ჩავედით სოფელში და ისეთი რამ შევიტყვეთ, რაც ამ ცოდვილ დედამიწაზეც კი იშვიათად ხდება: ბიძაჩვენის და მისი შვილის, პავლეს გარდაცვალების შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა ოჯახის კიდევ ერთი შვილი - გიორგი. ცოტა ხნის შემდეგ კი - ევდოკია. ის მდინარეზე სარეცხს რეცხავდა თურმე; უცებ ფეხი დაუცურდა, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო.
უბედურებამ დაისადგურა ოჯახში, სადაც ასე მხიარულად ვატარებდით ბავშვობას. ახლა ყველანი მწარედ ვტიროდით. ყველაზე მეტად თავს იკლავდა ბიცოლა პელაგია. მამაჩვენი, რამდენადაც შეეძლო, ამშვიდებდა.
- არ იწუწუნო, პელაგია. უფალს არ უსაყვედურო. მისი განგებულება ზოგჯერ ჩვენი გონებისათვის მოუწვდომელია, მაგრამ ყოველთვის ბრძნულად განაგებს ყოველივეს თავისი წმიდა ნებით.
პელაგიას ცრემლი არ აშრებოდა თვალზე. ტირილით და გოდებით პასუხობდა მაზლს.
- განა ჩემ ქმართან და შვილებთან დაშორებას ვტირი?! მართალია, ეს ენით აუწერელი ტანჯვა და სიმწარეა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ როდესმე იმ ქვეყანაში შევხვდებით ერთმანეთს... ჩემი მწარე ცრემლების მიზეზი სულ სხვა რამე. ო, ღმერთო ჩემო!..
ჩვენ გაოცებულები ვუყურებდით ბიცოლას. მან ღრმად ამოიოხრა და განაგრძო:
- განა შეიძლება მე, ცოდვილმა, ცრემლებით ჩამოვირეცხო ცოდვა? ვიცი, რომ სამართლიანად განვარისხე უფალი და ეს არ მეპატიება! იცი, რა ჩავიდინე?!
ქმარი რომ დავასაფლავეთ და სახლში დავბრუნდი, ჩემს საძინებელ ოთახში ჩავიკეტე, ღვთისმშობლის ხატის წინ დავეცი და შეშლილივით დავიწყე ბუზღუნი, საყვედურები, ღვთის გმობა: „დედაო ღვთისავ, წაიყვანე ჩემი შვილებიც! წაიყვანე... არ მჭირდებიან!.. და ხედავ, რა მომივიდა?“
- ღმერთო ჩემო, ეს რა გიქნია, პელაგია. - აღმოხდა მამაჩემს.
- მათთვის ხომ ცუდი არაფერი მიქნია? - გაუბედავად წაილუღლუღა საწყალმა ქალმა.
- რა თქმა უნდა, მათთვის არაფერი გიქნია ცუდი. ისინი ღმერთის ნებით აღტაცებულნი არიან. ახლა მათ ვერც სიბოროტე და სიცრუე დაუშავებს რამეს და შეაცდენს მათ სულებს, მაგრამ შენთვის როგორია ეს?!
- აი, ამაზე ვტირი და მოვთქვამ და ვქვითინებ.
როგორც გამოვარკვიეთ, პავლე ზუსტად იმ წუთებში წასულა ამ ქვეყნიდან, როგორც კი დედამისმა ეს შეჰღაღადა ღვთისმშობელს. 180 კილომეტრის იქით ჩააღწია კრულვამ.
„მამის კურთხევა განამტკიცებს ოჯახს, შვილებს. დედის წყევლა კი ძირფესვიანად ამოძირკვავს ოჯახს“. - ამბობს ბრძენი. აი, რა არის დედის წყევლა! არის შემთხვევები, როდესაც წყევლის სიტყვები ზედმიწევნით სრულდება. ამიტომ დედის პირიდან შვილისათვის მხოლოდ სასიკეთო უნდა ამოდიოდეს. ლოცვა არ უნდა შეწყვიტოთ, თუნდაც უფალმა გვიან ისმინოს თქვენი. ცუდი შვილები შეიძლება უფლისაგან დასასჯელად მოგვეცა. ასეთ შემთხვევაში კი არ უნდა ვწყევლოთ ისინი, არამედ უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მათთვის; ისევ უფალს და ღვთისმშობელს შეევედრეთ, რომ ჭკუაზე მოიყვანონ ისინი.
ისიც გახსოვდეთ, რომ, თუ თქვენი შვილი რაიმეს ისე არ აკეთებს, ამაში ისევ თქვენ ტყუიხართ, რადგან თავის დროზე არ ჩაუნერგეთ ღმერთის რწმენა და სიყვარული, მოწიწება ღმერთის ტაძრისადმი და სხვა ქრისტიანული სათნოებისა და ზნეობისადმი. მშობლები სასოწარკვეთას არასოდეს უნდა მიეცეთ, გული არ უნდა გაიტეხოთ. არ არის არც ერთი წმიდანი, რომელაც მთელი ცხოვრება მწუხარების გარეშე გაეტარებინოს; ყველა ადამიანი ცხოვრებაში აუცილებლად იტანდა მწუხარებებს.
ღმერთის სასუფევლისაკენ მხოლოდ ერთი გზაა - გზა მწუხარებისა. ჩვენი ცხოვრება მწუხარებების გარეშე შეუძლებელია, რადგან ვიბადებით ცოდვებში და ვცხოვრობთ ცოდვიანებად. გასაგებია - გიჭირს, ქალიშვილმა ან ვაჟმა გაწყნინათ, აუტანლად მძიმეა ეს. მას არანაირი სიმძიმე არ შეედრება. მაშინვე შენს ზეციურ მამას მიმართე, უთხარი: „მიმძიმს, უფალო!“ და იცოდე, არასოდეს ღმერთამდის ისე არ მიდის ჩვენი ლოცვა, როგორც მაშინ, როდესაც გული უაღრესად დამწუხრებულია. ეძებე შველა მხოლოდ ღმერთში, ეძებე იქ, სადაც იგი განსაკუთრებით ავლენს თავის მადლს - წმინდა ტაძარში, ეძებე მის წმიდა საიდუმლოებებში, ეძებე ის წმიდა წერილში; ეძებე და ყველაფერს იპოვი მასში. იპოვი სიმშვიდეს და დიდ მოწყალებას შენთვის და შენი შვილებისათვის. როცა ასეთნაირად გადაიტან მწუხარებას, დაუყოვნებლივ მოვა ნუგეში.
მძიმე და მტანჯველია შვილების გამო მწუხარება, მანამ, სანამ არ მიხვდები და არ იტყვი: „იყავ ნება შენი, უფალო, ეს ხომ ჩემი ცოდვების გამოა და მათგან განსაწმენდელად მოთმინებით მოვიცდი, სანამ სადარდელი გაივლის“. - დარწმუნებული იყავი, რომ განსაცდელი მალე გაივლის და გული ისე შემსუბუქდება, ისე გაიხარებს, რომ თვალებზე სიხარულის ცრემლები მოგადგება. ღმერთი იმიტომაც უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რომ უფრო მალე მივმართოთ მას, რომ უფრო მალე გაგვახსენდეს ის. „განსაკუთრებით მიმძიმს - ამბობ შენ - ისიც არ შემიძლია, ღმერთს მივმართო, პირჯვრის გადასახვაც კი არ შემიძლია, რომ ღმერთს ვუთხრა, რაც მიმძიმს; არ შემიძლია, არ მაქვს სურვილი“. ჰო, მაგრამ მოდი და სწორედ ეს უთხარი ღმერთს, სწორედ ასე, ამ სიტყვებით, როგორც შეგიძლია, ისე გაანდე შენი წუხილის მიზეზი. და უთუოდ დაინახავ, სიტყვა დამთავრებული არ გექნება, რომ შვებას იგრძნობ. რასაც ღმერთს შესჩივლებ, აუცილებლად მოგეშვება გულზე. „მაგრამ, რატომ ვდარდობ ასე ხშირად და ასე მწარედ? - ისევ იტყვი შენ, - შევთხოვ ღმერთს და დავმშვიდდები; მაგრამ შემდეგ ხომ ისევ ვიდარდებ. ამაზე ასე გიპასუხებ: „მოიშორე ახლანდელი წუხილი და მომავალ წუხილზე ნუ იფიქრებ, მომავალ საწუხარს მოუვლი, როცა მოვა. დროდადრო დამწუხრება აუცილებლად გვჭირდება იმიტომ, რომ შემდეგ ცათა სასუფეველში უნდა შეხვიდე, სადაც მხოლოდ ისინი ცხოვრობენ და ხარობენ, რომლებმაც სააქაო ცხოვრებაში განსაცდელების შემდეგ ღმერთში იპოვეს სიხარული და სიმშვიდე...
მაშ ასე, თქვენ, მშობლებო, განსაკუთრებით დედებო, შვილებთან დაკავშირებით ხშირად იღებთ განსაცდელს, მაგრამ ნუ დამწუხრდებით, ნუ განრისხდებით, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. უფალს ნუ განეშორებით და ყოველთვის დაინახავთ, ხსნა აუცილებლად მოვა.
ამბროსი ოპტინელის წერილებში, რომლებსაც იგი ერისკაცებს წერდა, ნათლად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანია შვილების ზრუნვა მშობლებზე და მშობლების კურთხევა.
წერილის უკეთ გაგებისათვის გავიხსენოთ ათონელ ბერთა ჩვეულება: გარდაცვლილი ძმის საფლავს სამი წლის შემდეგ ხსნიდნენ და მისი იმქვეყნიური ხვედრის შესახებ ნაწილების მიხედვით იგებდნენ. თეთრი, სუფთა ძვლები იმის ნიშანი იყო, რომ ძმას ცოდვები მიეტევა, შავი ძვლები და გაუხრწნელი სხეული კი სულის სავალალო მდგომარეობაზე მიუთითებდა. ამ დროს მთელი მონასტერი გარდაცვლილის სულისათვის იწყებდა ლოცვას და უფალს მისთვის ცოდვების მიტევებას ევედრებოდა.
საინტერესოა ერთი ამგვარი შემთხვევა: ერთ მონასტერში ერთი იეროდიაკვნის ცხედარი გახსნეს, რომელიც არ გახრწნილიყო და ერთიანად გაშავებულიყო.
მეუფემ ცოდვების მიტევების ლოცვა წაიკითხა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. მაშინ მეუფე დაინტერესდა და იკითხა, თუ ვინ იყო გარადაცვლილი და რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამის მიზეზი. მას უპასუხეს, რომ გარდაცვლილი ერთი ღარიბი ქვრივის ერთადერთი შვილი იყო, რომელიც მონასტერში დედის სურვილის წინააღმდეგ დარჩენილა. დედამისი კი სიღარიბის გამო მუდამ წუწუნებდა. ვიღაცამ თქვა, ის ქალი ახლაც ცოცხალიაო.
მეუფემ მისი მოძებნა ბრძანა. მოიყვანეს ოთხმოცდაათი წლის წელში მოხრილი მოხუცებული. მეუფემ შვილის ცხედარზე მიუთითა და სთხოვა ეპატიებინა მისთვის ურჩობა, მაგრამ მოხუცმა ზურგი აქცია მას და იუარა. „მის გამო იმდენი მწუხარება გადავიტანე“. - იმეორებდა ის.
მეუფე ცდილობდა, დაერწმუნებინა დედაბერი, მაგრამ ვერაფერს გახდა. ბოლოს უთხრა: „თუ არ აპატიებ, იცოდე, თავადაც შეკრული იქნები“. მაშინ მოხუცმა უხალისოდ თქვა: „ღმერთმა აპატიოს“. გაშავებული გვამი იმწამსვე ფერფლად იქცა.
უნდა ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში, დედის მიტოვება მისი სურვილის საწინააღდეგოდ ღვთისათვის სათნო არ გამოდგა, თუმცა, ეს საქციელი კეთილი საქმის - ბერობის მოტივით იყო ჩადენილი. (სხვათაშორის ათონელი ბერი პაისი მიუთითებს, რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წყევლა ლოცვა-კურთხევად გადაიქცევა, ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს თავი უფალს მიუძღვნას, მონასტერში წავიდეს და მშობლები ამას არ უთანაგრძნობენ. როგორც ჩანს, აქაც ყველა კონკრეტული შემთხვევა სხვადასხვაგვარად მისაღებია უფლისათვის ბევრი მომენტების გათვალისწინებით).
მშობელთა ნების დარღვევა დიდი ცოდვაა, ვინაიდან ეს ზოგჯერ წყევლას იწვევს. ხოლო წყევლა, თავის მხრივ, უმძიმესი და საშიში ცოდვაა. რატომ? სანამ ამ კითხავს ვუპასუხებდეთ, მეორე კითხვა დავსვათ - რა არის წყევლის მიზანი? ერთხელ პავლე მოციქულმა მძიმე ცოდვის ჩამდენი კორინთელი ქრისტიანი დაწყევლა, რათა „ძალითურთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა მიცემად ეგე-ვითარი იგი ეშმაკსა სატანჯუელად ხორცთა, რათა სული ჰსცხონდეს დღესა მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა“ (1 კორ. 5, 4-5). ამ წყევლის მიზანი გასაგებია - ადამიანი იგვემოს იმისათვის, რათა სული გადარჩეს. მაგრამ ეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა წყევლა უკანასკნელი და უსაშინლესი ზომაა, რომელიც დაწყევლილს დიდ განსაცდელში აგდებს.
ხშირად გაუფრთხილებელი და განუსჯელი წყევლა თვით მაწყევარს აყენებს ზიანს: ნეტარი ავგუსტინე ასეთ შემთხვევას ყვება: ერთი ქვრივი ქალი ვაჟმა შვილების თანდასწრებით სცემა. მათ კი დედა არ დაიცვეს. აღშფოთებული, ის გამთენიისას შვილის დასაწყევლად ნათლობის ემბაზისკენ გაეშურა. გზად მაზლის სახით დემონი შემოხვდა და ურჩია დანარჩენი შვილები დაეწყევლა.
დედამ დაუჯერა და ღმერთს შეევედრა, რომ შვილები მშობლიური ქალაქიდან განდევნილიყვნენ და თავიანთი იერით ხალხი დაეფრთხოთ.
ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში მთავარი დამნაშავიდან დაწყებული ყველა მის შვილს მოკანკალე დამბლა შეეყარა. მათ ამ სახით თანამოქალაქეთა წინაშე გამოსვლა რცხვენოდათ და ამიტომ სხვა ქალაქში წავიდნენ. ისინი მოხეტიალეებად იქცნენ.
დედამ, რომლის უმოწყალო წყელვა ასე საშინელად ასრულდა, სიმწრისაგან თავი ჩამოიხრჩო.
მომავალში მის შვილთაგან ორი პირველმოწამე სტეფანეს წმიდა ნაწილებთან ნეტარი ავგუსტინეს თვალწინ განიკურნა.
„დაე, ღმერთმა მიუტევოს მას და მეც მიმიტევებია!“
ქალაქ ეპიფანში ერთ-ერთი ეკლესიის ნაცვლად, რომელიც სიძველის გამო ინგრეოდა, გადაწყვიტეს ახალი ტაძრის აშენება.
შენობა ფუნდამენტამდე რომ გაწმინდეს, გარდაცვლილი ადამიანის სრულიად უხრწნელი სხეული იპოვეს. იერისა და ტანსაცმლის მიხედვით იგი თავიანთი ქალაქის მკვიდრად მიიჩნიეს, რომელიც 50-60 წლის წინათ მიუბარებიათ მიწისათვის.
იწყეს გამოძიება, თუ ვინ იყო იგი - ღვთისათვის სათნო ადამიანი, რომელიც უხრწნელების ღირსი გახდა, თუ ისეთი ცოდვილი, რომელსაც მიწაც კი არ იღებდა. ცოცხლები ბჭობდნენ, გარდაცვლილი კი ისეთი იწვა, თითქოს გუშინ ჩაესვენებინათ კუბოში.
ეპიფანის უხუცესებს შორის ბევრი ძიების შემდეგ აღმოაჩინეს ღრმად მოხუცებული ქალი. მხცოვანმა ადამიანებმა გაიხსენეს, რომ მათ ბავშვობაში ეს ქალი უკვე ხანდაზმული იყო. გამოკითხვა რომ დაუწყეს, ყველამ შეამჩნია, რომ დედაკაცი საუბარს თავს არიდებდა, მაგრამ როდესაც არ მოეშვნენ, ბოლოსდაბოლოს გამოტყდა:
- დიახ, რადგან ასეა საქმე, იცოდეთ, თუ მიწა არ იღებს სხეულს, ეს მხოლოდ ჩემი შვილი შეიძლება იყოს; ჩემი შვილი და სხვა არავინ.
ამის გამგონე ყველა შეცბუნდა და გაოცდა.
- უმოწყალოდ მექცეოდა მშობელ დედას მთელი თავისი დაწყევლილი ცხოვრების მანძილზე, საბოლოოდ კი ისე მცემა, რომ ნაწნავი მომაგლიჯა. მაშინ დავწყევლე. ადგილზევე ამოხდა სული. როცა ასაფლავებდნენ, თავქვეშ ნაწნავი ამოვუდე, რათა ამისთვის პასუხი ეგო უფლის სამსჯავროზე და იქ ჩემი წყევლა არ მოხსნილიყო. თუ თქვენი მიცვალებულის თავქვეშ ნაწნავს იპოვით, მაშინ ის ჩემი სისხლისმსმელია ნამდვილად“.
მართლაც, გარდაცვლილს ბალიშის ქვეშ ნაწნავი აღმოუჩინეს.
ტაძრის მღვდელმა, სადაც აღმოაჩინეს მიცვალებული, ვედრება დაუწყო ქალს, რათა მიეტევებინა შვილისათვის, მოეხსნა წყევლა. ქალი კი თავისაზე იდგა: „დაე, იყოს იგი სამჯერ წყეული“.
მაგრამ ამაოდ არ აღსრულებულა ღვთის სასწაული. გატყდა მოხუცი: „დაე, ღმერთმა მიუტევოს მას, და მეც მიმიტევებია“.
მივიდა გარდაცვლილთან გამოსამშვიდობებლად, შეხედა, პირჯვარი გადაწერა, თვითონაც გადაიწერა პირჯვარი და აკოცა.
გარდაცვლილის სხეული ყველას თვალწინ დაიფერფლა. დედას კი სამი დღეც აღარ უცოცხლია - ღმერთს მიაბარა სული.
უფალი მხოლოდ მას მერე მიუტევებს შვილს მშობლის უპატივცემლობას, რაც თავად მშობელი აპატიებს.
მშობლებს უნდა ახსოვდეთ აგრეთვე, რომ როდესაც ისინი შვილებზე ზრუნავენ, უფალი მათთან ძალზე ახლოს არის და ხშირად დაუყოვნებლივ უსრულებს თხოვნას, რომელიც შვილების გამოსწორებისაკენ არის მიმართული.
ამის მაგალითია ერთი შემთხვევა, რომელიც ჩვენს დღეებში მოხდა.
მოწიფული შვილი უხეშად არღვევდა ქრისტიანულ მცნებებს და მშობელთა შეგონებებს ყურად არ იღებდა. მოთმინებადაკარგულმა მამამ ერთხელ უთხრა მას: „უფალი დიდხანს ითმენს, მაგრამ მერე მწარედ სცემს“.
იმავე საღამოს მამა სანადირო თოფს ტენიდა. უცებ შემთხვევით ტყვია გავარდა და შვილს მოხვდა. შვილს იმავე წუთს გაახსენდა მამის სიტყვები და გაოცდა, თუ რა სწრაფად აუხდა. საბედნიეროდ ბიჭი გადარჩა. მან იმ დღიდან თავი ანება ცოდვიან ცხოვრებას და ჭეშმარიტ ქრისტიანად იქცა.
მშობლებისადმი გამოჩენილი ურჩობის გამო შვილებს ყველა საქმეში სულიწმიდა და ღვთის კურთხევა განეშორებათ. ეს კი არსით უკვე თავისთავად წყევლაა.
საინტერესოა აგრეთვე ოპტინელი იღუმენის თეოდოსის მონათხრობიც; ადრე დაობლებული თეოდოსი უმცროს ძმას მამის მაგივრობას უწევდა. ძმამ ცხოვრებაში სწრაფად მიაღწია წარმატებას, რის გამოც თავის თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნა - ყველაფერს საკუთარ ძალებს მიაწერდა და ღმერთი დაივიწყა. თეოდოსიმ ძმა ამხილა. მან არ შეისმინა ძმისა, და განაცხადა, რომ ყველაფერი სწორედ საკუთრივ მისი დამსახურება იყო; თან თეოდოსის თანდასწრებით ხატი შეურაცხყო. თეოდოსიმ ამის ატანა ვერ შეძლო და ძმა დაწყევლა. ამ მომენტიდან დაწყევლილი ძმის ცხოვრება უკუღმა დატრიალდა - მან ყველაფერი დაკარგა, გაკოტრდა და სიცოცხლე საცოდავად დაასრულა. თეოდოსი შემდგომში ინანიებდა, თუმცა მოსახდენი მოხდა.
მამა პაისი ათონელის საუბრებიდან:
ხშირად გაიგონებთ, განაწყენებული ადამიანი რომ ამბობს: „ღმერთი მიუზღავს მას სამაგიეროს“.
ამაზე მამა პაისი ასე პასუხობს:
- ადამიანს, რომელიც ამას ამბობს, არ ესმის, რომ ის, ასე ვთქვათ, „კეთილშობილურად“ იწყევლება. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ გულისხმიერნი არიან, რომ აქვთ სიყვარული და სულიერი სიფაქიზე და რომ ითმენენ უსამართლობას. მაგრამ, ამავე დროს, იმათზე, ვინც მათ აწყენინებს, ამბობენ: „დე ღმერთმა მიუზღოს მათ თავიანთი ბოროტებისათვის“. ამქვეყნად ყველა ადამიანი გამოცდას აბარებს იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში სამოთხეში გადასასვლელად. ასეთი „კეთილშობილური“ წყევლით ქრისტიანი „გამსვლელ ქულას“ ვერ მოიპოვებს. განა ასეთ სიყვარულს გვასწავლიდა უფალი? „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას სჩადიან“ (ლუკ. 23, 34). აი, როგორ სიყვარულს გვასწავლის იგი.
ამას გარდა ისიც გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ლოცვა-კურთხევა, როდესაც დაუმსახურებლად გვწყევლიან, ჩვენ კი სიჩუმითა და სიკეთით ვპასუხობთ.
თუკი ჩვენდამი ბოროტად განწყობილი ზოგიერთი ადამიანი სინამდვილეს ამახინჯებს, ცილს გვწამებს ან უსამართლოდ გვექცევა, შევეცადოთ, თუკი შევძლებთ და თუკი ეს პირადად ჩვენ გვეხება, თავი არ გავიმართლოთ და ნუ წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს: „დე, უფალმა მიუზღოს მას“, რადგან ესეც წყევლაა. ყველაზე კარგია, თუ მთელი გულით მოვუტევებთ ჩვენს მტრებს, ღმერთს შევევედრებით შეგვეწიოს ცილისწამების ტვირთის ზიდვაში და შეძლებისდაგვარად გავაგრძელებთ სულიერ ცხოვრებას. დე მოგვექცნენ უსამართლოდ ისინი, ვისაც წესად აქვთ სხვების განკითხვა - ისინი ამ გზით ჭეშმარიტი ცხოვრებისათვის ოქროს გვირგვინებს გვიმზადებენ. რა თქმა უნდა, ღვთისნიერი ადამიანი არასოდეს იწყევლებიან, რადგან მათ სიბოროტე არ აქვთ, მათ მხოლოდ სიკეთე აქვთ. ისინი უდიდეს, სხვებისათვის უხილავ სიხარულს განიცდიან.
...ახლა კი მე თქვენ „დაგწყევლით“! ასე ასე: დაე აღავსოს ღმერთმა თქვენი გულები მადლითა და დიდი სიყვარულით - ისე, რომ ჭკუიდან შეცდეთ, რომ ამიერიდან თქვენი გონება მიწას მოწყდეს და იყოს უფალთან ახლოს, ცაზე. დაე, შეიშალოთ ღვთაებრივი შეშლილობით, ღვთაებრივი სიყვარულისაგან! დაე, თქვენი გულები უფალმა თავისი სიყვარულით დაწვას!“ აი, როგორ „დაგწყევლეთ“ და ნუღარ გამამეორებინებთ, რადგან ჩემი კეთილი „წყევლა“ ჩემი გულიდან მოდის და ამიტომ დიდი ძალა აქვს.
ჯერ კიდევ სანატორიუმში ყოფნისას მე თქვენ მეცოდებოდით, რადგან რვა წელიწადი ელოდებოდა მონასტრის მოწყობას, მაგრამ მონასტრის აშენებას არა და არ დაადგა საშველი. მაშინ მე გითხარით, როგორც კი საავადმყოფოდან გამომწერენ, მონასტერი ისე ჩქარა აშენდება, როგორც წვიმის შემდეგ სოკო ამოდის. ერთ წელიწადში უკვე მონასტერში იქნებით!-მეთქი; და მართლაც, ერთ წელიწადში მონასტერი შეიქმნა. მაშინ სანატორიუმში ჩემი სიტყვები გულიდან მოდიოდა, თქვენც კეთილშობილნი იყავით, ამიტომაც უფალმა არ მიგატოვათ. მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ.
თუ შენ გულთან მიიტან ადამიანის ტკივილს, რომელიც თავმდაბლობით აღსავსე გთხოვს, ილოცო მისთვის, მაგალითად რაიმე ვნებისაგან გასათავისუფლებლად, და შენ ეტყვი მას: „ნუ გეშინია, შენ გამოსწორდები“, ამით შენ მას ღვთაბრივ კურთხევას გადასცემ. ამ კეთილ სურვილში დიდი სიყვარული და დიდი ტკივილია და ამიტომაც დიდი ძალა აქვს. იგი ღვთისათვის სათნოა და ამიტომაც უფალი ამ კურთხევას ასრულებს. ეს იმას ნიშნავსა, რომ თავისთავად ტკივილი, რომელსაც ერთი ადამიანი მეორის გამო განიცდის, იგივე კურთხევაა.
ერთხელ, ომის დროს, მეთაურმა დამავალა სამხედრო ტრიბუნალისათვის გადამეცა ერთი ჩვენი თანამებრძოლი, რომელსაც ბრალად საკუთარი თავის დაჭრა ედებოდა. წარმოშობით იგი დასავლეთ საბერძნეთიდან იყო, პროფესიით მუსიკოსი, ღარიბი, ცოლშვილიანი. მან ასე გადაწყვიტა: „მირჩევნია ცალფეხა და ცოცხალი ვიყო, ვიდრე მკვდარი“ და ფეხში ისროლა, რათა შინ გაეშვათ. ეს ომში დიდი დანაშაულია და სიკვდილით ისჯება.
მას არ უნდოდა, რომ მე იგი ტრიბუნალისათვის გადამეცა. მეც ძალიან მეცოდებოდა ეს უბედური, გული მტკიოდა მისი უბედურების გამო და ვუთხარი: „აი, ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება, შენ ყველაზე უკეთ მოეწყობი! ჩვენი მეთაური შენ საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებით ბარათს გამოგზავნის და რომელიმე წყნარ ადგილას გაგამწესებენ; ისე რომ, შენს შვილებსაც დაეხმარები და თავადაც უსაფრთხოდ იქნები“.
ქ. ნავპაქტში რომ ჩავედით, შევიტყვეთ, რომ ჩვენი მეთაურის წერილი ტრიბუნალში უკვე მოსულიყო და მისი საქმეც დაეხურათ. ასე გადაურჩა დახვრეტას. შემდეგ მეთაურს შეეცოდა იგი და რადგან ოჯახის მამა იყო, მზარეულად დანიშნა ახალწვეულთა განაწილების ცენტრში. მან თავისი ოჯახი ახლოს გადმოიყვანა და მთელი ომი ყველაზე კარგად გაატარა. ზოგჯერ ჯარისკაცები სადილად არ მოდიოდნენ და მას საჭმელი რჩებოდა ხოლმე. ისე რომ, შვილების გამოკვებასაც ახერხებდა.
ის, რაც მე მას ვუსურვე, ღვთისათვის სათნო იყო, რადგან მე ტკივილითა და მთელი გულით ვუთხარი. ამიტომაც უფალმა ეს კურთხევა შეასრულა.
მახსოვს სხვა შემთხვევაც ჩემი ცხოვრებიდან: 8 სექტემბერი იყო - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა. დღესასწაულის შემდეგ მომლოცველებმა ყველაფერი თავდაყირა დატოვეს. მე დავიწყე ნელ-ნელა დალაგება. ვხედავ, ჩემი და და კიდევ ერთი ქალიშვილი დარჩნენ დასახმარებლად. ამ გოგონას კიდევ ორი და ჰყავდა - უფროსი და უმცროსი. ორივე გათხოვილი იყო, ეს კი ჯერ არა. როდესაც ყველაფერი გაასუფთავეს და დაალაგეს, მან მითხრა: „მამაო, თუკი არის კიდევ რამე გასაკეთებელი, დავრჩებით და გავაკეთებთ, რაც საჭიროა“. - „რა კეთილშობილებაა!“ - გავიფიქრე მე. შევედი ტაძარში და მთელი გულით ვთქვი: „ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, მოაწყვე მისი ცხოვრება შენ თვითონ, მე არაფერი მაქვს, რომ მას მივცე“. რომც მქონოდა, მაინც არაფერს აიღებდა ჩემგან. და აი რა მოხდა: იგი სახლში დაბრუნდა, იქ კი ჩემი ყოფილი თანამოსამსახურე ელოდებოდა - ბიჭი კი არა ნამდვილი ოქრო იყო, ძალიან კარგი ადამიანი და ოჯახიც ძალიან კარგი ჰყავდა. ისინი დაქოწინდნენ და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ხედავთ, როგორ დააჯილოვა იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა?!
არქიმანდრიტ რაფაელის ქადაგებიდან
კურთხევა და ლოცვა, - ეს საკრალური სიტყვებია, მაგრამ არის სიტყვები, საწამლავის ან განმგმირავი მახვილის ტოლფასი - ეს წყევლაა. თუ მშობლების კურთხევა იცავს შვილებს მრავალი უბედურებებისგან, უმართავს სულიერ გზას, ზოგჯერ კი გარდაუვალი სიკვდილისაგანაც იფარავს, მშობლების წყევლა სიცოცხლის ქვეშ ეშმაკის ფრთების მსგავსად გაფენილი შავი სამგლოვიარო საფარია. როდესაც მამა წყევლის საკუთარ შვილს, მკვლელობის ტოლფას სისასტიკეს ჩადის, უარყოფს მამობას და წყევლის სიტყვით თავის შვილს დემონს გადაცემს. წყევლა ეს უბედურების სურვილია მიწიერ ცხოვრებაში ეშმაკისადმი მიმართული.
ძველად ფინიკიელი კერპთაყვანისმცემელბი ბავშვების ცეცხლში დაწვით მსხვერპლს სწირავდნენ დემონს. ქრისტიანი მშობლები კი საკუთარი შვილების წყევლით მათზე ბნელ ძალებს უხმობენ მთელი ცხოვრების მანძილზე დასატანჯად და საკუთარი ნადავლივით მარადისობაში წასაყვანად. მშობლები ამით საკუთარ შვილებს ჯოჯოხეთისკენ კრავენ ხელს. წყევლა, ისევე, როგორც კურთხევა, მომავალ თაობებზე გადადის, რაც არანაკლებ საშინელია. მისი ბეჭედი ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს აქვს დასმული. მეფე სოლომონი წერს, რომ დედის წყევლა „აღმოფხვრის ბავშვებს სახლიდან“. არიან ოჯახები, რომლებსაც მუდმივად თავს ატყდებათ უბედურება, ყველა საქმე ეშლებათ, ბავშვები უკვდებათ, ხეიბრები ან ავადმყოფები ებადებათ. არიან ადამიანები, რომელთაც სახეზე აღბეჭდილი აქვთ რაღაცნაირი განწირულობის ნიშანი, რაც უფრო ხშირად მათი მშობლების ან წინაპრების წყველის შედეგია.
საკუთარ მოსისხლე მტერსა და შეურაცხმყოფელზე წარმოთქმული წყევლა უსამართლოდ და სისასტიკედ ერაცხება მაწყევარს; მისი დამღუპველი და გამანადგურებელი მოქმედება იმ ბოროტებას აღემატება, რაც კი ერთმა ადამიანმა შეიძლება მეორეს მიაყენოს. ამიტომაც პავლე მოციქული არა მარტო მცნებად უდებს ქრისტიანებს, არამედ ევედრება მათ: „ნუკი სწყევლით, არამედ აკურთხეთ!“ (რომ. 12, 14).
წყევლათაგან ყველაზე საშინელი მოძღვრის წყევლაა, შემდგომ კი - მშობლისა. მღვდელი, რომელიც თავის შეურაცხმყოფლებსა და მტრებს წყევლის, ხდება მკვლელი, რომელსაც ერთ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში კი - ნაჯახი. შვილების მაწყევარი მშობლები ის გველები არიან, რომლებიც შხამიანი კბილებით გესლავენ საკუთარ შვილებს. წყევლა ლოცვაა ეშმაკისადმი მიმართული, რომ შური იძიოს ჩვენს მაგივრად ადამიანზე, იყოს მისი გზის დამაბრკოლებელი და ავადმყოფობით ჩაიბუდოს მის სხეულში, დაიჭიროს მისი გული, როგორც საკუთარი ნადავლი, რათა მას მფარველი ანგელოზი განეშოროს და ღმერთმაც მიატოვოს.
ხშირად ადამიანი საკუთარ თავსაც იწყევლის ამ დროს. იგი იმ უგუნურს ჰგავს, რომელიც საკუთარ სხეულში იცემს დანას და სატანას ეძახის, რათა თავისთან წაიყვანოს. ასეთი ადამიანი თითქოს ბორკილდადებული ტანჯვა-წამებაზე მიდის. თუ ყველაზე დიდი მცნება სიყვარულის მცნებაა, წყევლა ამ მცნების საწინააღმეგო ყველაზე დიდი ცოდვაა.
შენიშნულია, რომ ერი, რომელშიც წყევლაა გავრცელებული, გადაგვარების გზაზე დგას.
ქრისტე დედამიწაზე მოვიდა მთელი კაცობრიობის ძველი წყევლის მოსახსნელად. მაშასადამე, ვინც იწყევლება, ის ქრისტეს საქმეს ეწინააღმდეგება.
როგორ უნდა მოიქცეს ის, ვინც საკუთარ შვილებს წყევლის? პირველ რიგში, უნდა მოინანიოს ეკლესიაში - ღმერთს სთხოვოს, რომ მისი უგუნური სიტყვები არ აღსრულდეს და ამისათვის შეასრულოს ეპიტიმია (სასჯელი); თუ პირობები საშუალებას აძლევს, ეკლესიაში შეუკვეთოს ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მსახურება მათთვის, ვისაც წყევლიდა, ან მათ სახელზე მოწყალება დაურიგოს ღარიბებს. წყევლით შებილწული ბაგეები, როგორც ადამიანის სისხლით დასვრილი, უნდა დანიწმინდოს და განიბანოს იესო ქრისტეს გამუდმებული მოხმობით.
რა ქნან მათ, ვინც მშობლებისაგან არიან დაწყევლილნი? წყევლის საპასუხოდ მხურვალედ უნდა ილოცონ მშობლებისათვის, გაიაზრონ ის შეცდომები, რისთვისაც დაწყევლილები იქნენ; მღვდლისგან ითხოვონ წყევლის სპეციალური ლოცვის წაკითხვა და ეპიტიმია; ეცადონ ხშირად მიიღონ წმიდა ზიარება. თუ შესაძლებელი იქნება, აუწყონ ამის შესახებ მღვდელმთავარს. ჭრილობის მიყენება უფრო ადვილია, ვიდრე მისი მორჩენა, მაგრამ სინანული და ღმრთის მოწყალება ყოველნაირ ჭრილობას კურნავს, ან ძალას აძლვეს ადამიანს გამოცდის გადასატანად.
არის სიტყვები, რომლებივ აცოცხლებენ და არის სიტყვები, რომლებიც კლავენ. კურთხევა - ეს ის წყალია, რომელიც მარადიულ ცხოვრებაში მიედინება. წყევლა - მკვდარი წყალია, რომელიც ჯოჯოხეთში ჩაედინება და დედამიწაზე ამოიშხეფა ხოლმე უგუნური ადამიანების ბაგეთა საშუალებით.
„დედის ცრემლები“, თბილისი, 2004 წ.