ქრისტეს მიერ საყვარელნო! გახსოვდეთ, რომ სულიერი განწმენდის გარეშე თავისუფლებას სიკეთე არ მოაქვს!
ქრისტე ვერ შეიცნეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რადგან მისგან ამქვეყნიურ თავისუფლებას მოელოდნენ. რომაელების ბატონობის ქვეშ მყოფ ებრაელებს ქრისტე ასწავლიდა, რომ უპირველეს ყოვლისა, სულიერი განწმენდისათვის უნდა ეზრუნათ. ეს კარგად ჩანს დღევანდელი საქართველოს პრესისა და ტელევიზიის ზოგიერთ მაგალითზეც. მარტო გარეგნული პირობებით ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება თავისუფალი და ვერც სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს. მაგალითად, სოლომონ მეფეს აურაცხელი სიმდიდრე ჰქონდა და ყველა გულისწადილს ისრულებდა, მაგრამ ღვთის შეწევნით მიხვდა, რომ ყოველივე ამაოა; მხოლოდ ღმერთია მკურნალი. თუკი მატერიალურ კეთილდღეობას სჭირდება ბეჯითი შრომა და ზრუნვა, მითუმეტეს სჭირდება იგი სულს.
სულიერ საკითხებზე უცთომელი პასუხი შეიძლება მიიღო მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. აირჩიე სულიერი მოძღვარი, რომელიც დაგეხმარება საკუთარი მანკიერების შეცნობაში.
საკუთარი ცოდვის განცდა კი გაგათავისუფლებს ამპარტავნების (სხვაზე უმჯობესად თავის წარმოდგენისგან).
ამპარტავნება წარმოშობს დაცინვას, განკითხვას, ზიზღს, სიძულვილს... ღვთის შვილობა თუ გინდა, უნდა გძულდეს მხოლოდ ბოროტება, ბოროტების ჩამდენი ადამიანი კი უნდა გებრალებოდეს, მისი გამოსწორებისათვის უნდა ლოცულობდე, ევედრებოდე ღმერთს. გახსოვდეს, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, შენს ლოცვას ღმერთი არ შეისმენს!
ნათლობა ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა ქრისტიანთათვის. იგი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. განმეორებით ნათლობას მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ცოდვად მიიჩნევს. ნათლობით გვეხსნება ცოდვები, მაგრამ ცოდვისაკენ მიდრეკილება კი რჩება. ამიტომ ჩვენ ვსაჭიროებთ მუდმივ განწმენდას სისტემატური აღსარებით და ზიარების საიდუმლოს აღსრულებით. ნათლობისას ვპირდებით ღმერთს, რომ განვეშორებით შურს, სიხარბეს, ანგარებას, მკითხაობას, სიძულვილსა და სხვა ბოროტებას; ამიტომ ახალი პირობის დადება არ სჭირდება ღმერთს (იგულისხმება „შეთქმული საკლავი“ და მისთანანი, ქრისტემ ხომ ჯვარცმითა და აღდგომით საბოლოოდ გააუქმა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა). ღმერთი არ საჭიროებს ჩვენგან დახმარებას. ჭეშმარიტი შესაწირავის შინაარსია მოწყალების გაცემა და არა ქეიფი და დროსტარება.
ტაძარი არ არის საქეიფო ადგილი, ტაძარი სალოცავი სახლია! თუ ღვინის ოხშივარი გაგვიქარვებს სასოებას, დავკარგავთ მოწიწებასა და მოკრძალებას ღვთის წინაშე, წყალობის ნაცვლად ღვთის რისხვას მოვიწევთ.
ნუ მიენდობი ნურც შენს მატერიალურ სიმდიდრეს და ნურც ადამიანებზე დაამყარებ იმედს; მიენდე მხოლოდ ღმერთის ნებას, მან უკეთ იცის რა არის შენთვის სასარგებლო და მოგცემს ყოველივეს, რაც კი საჭირო და აუცილებელია. როდესაც შეიგნებ, რომ ყოველი წამი შენი ცხოვრებისა ღვთის ხელშია, გახდები მადლიერებით მლოცველი; გაჭირვებისას – მდაბლად ითხოვ, დალხინებისას – აქებ და ადიდებ ღმერთს.
გახსოვდეს, სანამ მხოლოდ ღმერთზე არ დაამყარებ იმედს და სავსებით არ მიენდობი მის ნებას, ვერასოდეს გახდები თავისუფალი!
იკითხე წმინდა წერილი (ძველი და ახალი აღთქმა), წმინდანთა ცხოვრება და მათი დარიგებანი, რათა მოგემატოს რწმენა და სიყვარული ღვთისა. გახსოვდეს, რომ წმინდა წერილი ღვთის შთაგონებით დაიწერა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ; ასევე ღვთის შთაგონებითაა განმარტებული წმინდა წერილის ყოველი სიტყვა წმინდა მამების მიერ.
ღმერთი გუშინ და დღეს ერთი და იგივეა. ჭეშმარიტება არ იცვლება დროის ან მატერიალური პირობების მიხედვით. ბიბლიის ერთსა და იმავე წინადადებას ამა სოფლის „ბრძენნი“ სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ამიტომ წარმოიშვა კიდევაც სხვადასხვა სახის მწვალებლობანი, მაგალითად: მონოფიზიტობა – VI საუკუნეში, კათოლიციზმი – XI საუკუნეში, პროტესტანტობა – XVI-ში, ე.წ. „იეღოვას მოწმენი“ – XIX-ში და სხვა მრავალი სექტა და რელიგიური დაჯგუფება.
მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უცვლელად ქრისტეს მიერ მოციქულებზე გადმოცემულ და ქრისტიანთა შვიდ მსოფლიო კრებაზე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას.
გახსოვდეს, რომ იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით მთელი კაცობრიობა გამოისყიდა ცოდვებისაგან და დედამიწაზე დაამყარა ეკლესია, რომლის გარეშეც სულის გამოხსნა შეუძლებელია!
ოჯახური ბედნიერების საყრდენი არის სწორი ზნეობრივი ურთიერთობა ქმარსა და ცოლს შორის, რომელიც გულისხმობს ერთმანეთის სიყვარულსა და ერთგულებას. ცოლ-ქმარმა უნდა შექმნას ერთხორცი, ზნეობრივად სრულყოფილი არსება: ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი ზნეობრივი სული მიენდობა მეორეს მარადიული სიყვარულით, რათა ერთმანეთში ნახონ ნუგეში, შველა და დახმარება რთულ ცხოვრებისეულ გზაზე. მართლმადიდებელი ეკლესია ქორწინებას აღიარებს ერთ-ერთ უდიდეს წმიდა საიდუმლოდ. ამ დროს მექორწილეებზე გადმოდის სულიწმიდის მადლი. რომელიც განწმენდს მათ ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, შემდგომში ბავშვის დაბადებასა და მის ქრისტიანულად აღზრდას.
ქორწინების საიდუმლოს აღსრულებას წინ უნდა უძღოდეს შემდეგი: 1) მექორწინეთა თავისუფალი ნება, რომელსაც ისინი აღიარებენ ეკლესიის წინაშე; 2) მშობლების კურთხევა. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანი ვნებას მიიჩნევს სიყვარულად. ადრე თუ გვიან ვნება ნელდება და ქრება და ჩვენ უსიყვარულო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. თუ ადამიანი გიყვარს, თანაგრძნობით შეეცდები მისი ნაკლის გამოსწორებას: კი არ წამოაყვედრებ, არამედ დაფარავ, რომ სხვათა მიერ დასაცინი არ გახდეს და ყოველივე ამას სიყვარულით, მოთმინებით იზამ. სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ შენი მეუღლის ნაკლი თანაგრძნობით აღიქვა. პავლე მოციქული ამბობს: „სიყვარული არ აიმაღლებს თავს, ყოველივეს ზედა უხარის, ყოველივეს დაითმენსო“. საფუძველი ამისა სულიერი ერთობაა. თუ სულიერი ერთობა არსებობს ადამიანებს შორის, ამქვეყნიური პრობლემები, რაც არ უნდა მძიმე იყოს ისინი, მაინც დაიძლევა.
ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს. „ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა“ (ეფეს. 5, 24). „ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5, 22-23).
ამასთანავე, ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. პავლე მოციქული წერს: „ქმართა გიყვარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის“ (ეფეს. 5, 24); „ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს“ (ეფეს. 5, 28).
ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება. აქ ეზიარება იგი რწმენასა და სიყვარულს, აქ ღვივდება მისი სული, აქ იქცევა იგი პიროვნებად.
სამწუხაროა, რომ თანამედროვე ოჯახი თანდათან კარგავს ამ ღრმა აზრს; თანდათან უფრო შემაშფოთებელია მისი რღვევის ნიშნები. მხოლოდ ქალს შეუძლია გადაარჩინოს ოჯახი: დედა ასწავლის შვილს პირველ ლოცვას, უკითხავს მას პირველ ლექსს. დედა შვილით ცხოვრობს, შვილით სუნთქავს, სხეულით გრძნობს მის სულიერსა და ხორციელ სატკივარს. როცა შვილი განსაცდელშია, დედა ნათელმხილველი ხდება, მისი ლოცვა სასწაულმოქმედ ძალას იძენს. წმიდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული!..
ქალმა დაიწყო ადგილის ძიება ოჯახის გარეთ. ტექნიკურმა პროგრესმა, ცივი გონებით განსჯამ, პრაქტიციზმმა გააუხეშა და დაარღვია მისი ფაქიზი ქალური ბუნება. მას გაუნელდა შვილების ყოლისა და მათი აღზრდის სურვილი. გამოვიდა რა ოჯახიდან, ქალმა დაკარგა შინაგანი სიმშვიდე, კდემამოსილება, სისადავე, შინაგანი სიღრმე, გაუმჟღავნებელი განცდა; იდუმალების კვალი ნელ-ნელა ქრება თანამედროვე ქალის სახიდან.
ცოლ-ქმარს შორის უნდა სუფევდეს ურთიერთშეწირვის, თავდადების, თავგანწირვის სულისკვეთება. არასდროს არ უნდა ითხოვდნენ მეუღლეები ერთმანეთისაგან ზრუნვას, არამედ პირიქით უნდა ცდილობდნენ იზრუნონ ერთმანეთზე უანგაროდ და თავისი ზრუნვის საზღაური და საფასური არ მოითხოვონ. ეს არის ქრისტიანული სიყვარულის აღსრულების ერთ-ერთი იდეალური სახე; როცა ოჯახში ასეთი სიყვარულია, ამას აუცილებლად ხედავენ შვილები. ისინი გრძნობენ მშობლიურ სიყვარულს, ხედავენ მათ ურთიერთ სიყვარულს და მათში ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობას ზრდის, უჩნდებათ სურვილი, რომ თვითონაც ასეთივენი იყვნენ მშობლების, ერთმანეთის და საზოგადოების მიმართ.
მართლმადიდებლური ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ; აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის განწმენდა, ხშირად ზიარება, ყოველწლიურად სახლის კურთხევა. აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის ლოცვა, ეკლესიის მიერ სპეციალურად მიცვალებულთა მოხსენიებისათვის განკუთვნილ დღეებში... წმიდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ასეთი ოჯახი გადაიქცევა „სახლის ეკლესიად“, იქ დაივანებს უფალი და დაიცავს მას მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით.
ზოგიერთი მშობელი წუხს, ტირის შვილების უდიერი საქციელის გამო და ვერ შეუგნია, რომ უმეტესწილად თვითონ არის ამაში დამნაშავე, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ აღზარდა ისინი.
მშობლებო, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყველოთ თქვენი შვილები, არამედ დალოცეთ, აკურთხეთ ისინი! გებრალებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. გახსოვდეთ, რომ თქვენს სიტყვებს დიდი ძალა აქვს და აუცილებლად აუხდება თქვენს შვილებს! ბიბლიაც გვასწავლის, რომ მშობლის კურთხევა და ლოცვა განამტკიცებს შვილებს, მათ სახლსა და ოჯახს, წყევლა კი საძირკვლამდე ანგრევს მათ.
შვილებს კი მუდამ უნდა ახსოვდეთ უფლის მეხუთე მცნება: „პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა! მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ხანდაზმულ, ავადმყოფ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა, ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა. დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახებში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.
გახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდი მშობლებს, ისე მოგექცევიან შვილები!
მეხუთე მცნება აგრეთვე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ; მაგრამ თუ რომელიმე პიროვნება, თუნდაც მშობელი ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას მოითხოვს, არ უნდა დავემორჩილოთ მას.
პრობლემა, რომელსაც ჰქვია გაუცხოება მშობლებსა და შვილებს, ახალგაზრდობასა და უფროს თაობას შორის, სათავეს ოჯახის ტრადიციის რღვევიდან იღებს. როდესაც ცოლსა და ქმარს შორის არ არის თავდადებული წრფელი სიყვარული, იწყება გამუდმებული უთანხმოება და ოჯახის რღვევა; როდესაც ოჯახი ირღვევა, ინგრევა მომავალი თაობის ფსიქიკა, სულიერება, შესაბამისად, ინგრევა მომავალი თაობაც. ამიტომ ოჯახზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რასაკვირველია, ქრისტიანობა ოჯახის შექმნის უპირველესი აუცილებელი პირობა უნდა იყოს. არ შეიძლება ქრისტიანენი ვიყოთ მხოლოდ ეკლესიაში და მის კარიბჭეზე გადმობიჯებისთანავე დავინთქმებოდეთ ხოლმე მიწიერი მიზნებისა და საზრუნავების მორევში. ეკლესიიდან შინ, ოჯახში უნდა წამოვიღოთ ქრისტიანული სულისკვეთება, მცნებათა აღსრულება და ყოველდღიური ცხოვრების წესად ვაქციოთ. მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენს ოჯახებს მშვიდობა, სიმტკიცე, ღვთის შეწევნა და წყალობა!