ფსალმუნი ამბობს: „ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხნი შენნი“, ანუ როგორც დედა, როცა ბავშვი სწავლობს სიარულს, თვალს ადევნებს მის ყოველ ნაბიჯს და თუ ხედავს, რომ მან შეიძლება რაიმეს წამოჰკრას ფეხი, მაშინვე აჰყავს ხელში - ამის მსგავსად ეპრყობიან ანგელოზები ადამიანებს და თუკი ისინი ბავშვივით მინდობილნი არიან ღმრთის ნებაზე, წმიდა ანგელოზები დედობრივი მზრუნველობით იცავენ მათ საცდურის ლოდზე შებრკოლებისგან. მართალ იოსებს ეჭვი შეეპარა ღმრთისმშობლის უბიწოებაში და განიზრახა მისი ფარულად გაშვება, მაგრამ ამ უსამართლობისაგან იგი იხსნა ანგელოზმა. ანგელოზები იფარავენ ჩვენი სულების სიწმინდეს და ამასთან იცავენ ჩვენს ხორციელ უსაფრთხოებასაც ხილულ და უხილავ მტერთაგან, აშკარა და ფარულ საფრთხეთაგან. ოდესღაც სირიის მეფის მიერ ელისე წინასწარმეტყველის შესაპყრობად გამოგზავნილმა მრავალრიცხოვანმა ჯარმა ალყა შემოარტყა ქალაქს, სადაც თავი შეეფარებინა წინასწარმეტყველს. მოსალოდნელი საშიშროების ხილვისას მისი მოწაფე შიშმა შეიპყრო, მაგრამ იგი დაამშვიდა მოძღვარმა, ვისი ლოცვითაც მოწაფეს აეხილა თვალები და იხილა ანგელოზთა კრებულნი, რომლებიც წინასწარმეტყველის დასაცავად ამხედრებულიყვნენ (4 მეფ. 6,17). ეკლესიის ისტორიამ შემოგვინახა მრავალი შემთხვევა ანგელოზთა საკვირველი მფარველობისა, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხრობთ.
ერთხელ ნეტარმა თეოდორემ, ედესის ეპისკოპოსმა, ჰკითხა ერთ წინამხედველ მესვეტეს, თუ როგორ ცნობდა და განასხვავებდა იგი მართალთა და ცოდვილთ. მესვეტემ მიუგო: „თუ ჩემს სვეტთან ჩაივლის მართალი და ღმრთისმოშიში კაცი, მე ვხედავ ღვთის მადლს და ნათელ ანგელოზებს, რომლებიც მას ორივე მხარეს მიჰყვებიან, ეშმაკები კი შორს მიდიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას; მაგრამ თუ ჩაივლის ცოდვილი, მის გარშემო ვხედავ მოზეიმე ეშმაკთა ხროვას, მფარველი ანგელოზი კი მას მოშორებით მიჰყვება, მწუხარებს და გლოვობს მისი დაღუპვის გამო. მაგრამ როცა ეშმაკებს სურთ საბოლოოდ დაღუპონ ეს კაცი, მაშინ მოდის მფარველი ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით და განდევნის მათ“. ასე გვიცავენ წმიდა ანგელოზები მტრის საფრთხეთაგან.
ეს ზეციური დესპანნი ზრუნავენ ადამიანების არა მარტო სულიერ გადარჩენაზე, არამედ მათ ხორციელ ჯანმრთელობაზეც. პატერიკი მოგვითხრობს, თუ როგორ განკურნა მფარველმა ანგელოზმა ერთი მეუდაბნოე, რომელიც კუჭის ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა. ანგელოზი ეჩვენა სნეულს და ტანჯვის მიზეზი გამოჰკითხა. შემდეგ თითით ბასრი დანის მსგავსად გაუჭრა დაავადებული ადგილი, გამოწმინდა დაგროვილი ჩირქი და მერე ხელით ჭრილობა გაუმთელა; ამგვარად განკურნა მეუდაბნოე და დაუბრუნა მას ფიზიკური სიმრთელე.
ერთხელ აბბა ისიდორემ ამაღლებულ ადგილზე აიყვანა არაწმიდა ზრახვებთან ბრძოლით დაუძლურებული აბბა მოსე და უთხრა: „გაიხედე დასავლეთით“. მოსემ გაიხედა და დაინახა იქ უთვალავი დემონი, რომლებიც მოისწრაფოდნენ ადამიანებთან საბრძოლველად. აბბა ისიდორემ კვლავ უთხრა მას: „გაიხედე ახლა აღმოსავლეთით“. აბბა მოსემ გაიხედა და იხილა დიდებით მოსილ წმიდა ანგელოზთა უთვალავი სიმრავლე. შემდეგ აბბა ისიდორემ მას უთხრა: „აი ისინი, რომლებსაც უფალი გზავნის წმიდანთა დასახმარებლად; ხოლო ისინი, რომლებიც დასავლეთით არიან, ჩვენს წინააღმდეგ აღძრავენ ბრძოლას. მაგრამ ჩვენი შემწენი გაცილებით მეტნი არიან“. ხილვამ გაამხნევა და დაამშვიდა ბოროტი ზრახვებით შეწუხებული ბერი.
ერთხელ ღირსმა ნიფონტმა ლოცვის შემდეგ ჩასთვლიმა და იხილა ვრცელი მინდორი, სადაც იდგა უამრავი ბოროტი სული, მძიმე ცოდვების მიხედვით სამას სამოცდახუთ პოლკად დაყოფილი. ერთ-ერთი ყველაზე შავი ეთიოპელი მათ ბრძოლისათვის ამზადებდა: „მიყურეთ მე და ნურაფრის გეშინიათ, რადგან ჩემი ძალა თქვენთან იქნება“. ეშმაკმა ყოველ პოლკს მისცა გრძნებულებანი და გაუშვა მიწაზე, ქრისტეს ეკლესიასთან საბრძოლველად.
როდესაც ნეტარი მამა ამას უცქერდა, მოესმა ხმა: „ნიფონტ, გაიხედე აღმოსავლეთისკენ“. მან თვალი მიაპყრო აღმოსავლეთს და იხილა სუფთა და ლამაზი მინდორი, რომელზეც იდგა დემონებზე ორჯერ მეტი თეთრით მოსილი ჭაბუკი, ასევე ბრძოლისათვის განმზადებული. შემდეგ მოვიდა მზეზე უფრო ნათელი სახის კაცი და მიმართა მათ: „ასე გიბრძანებთ უფალი საბაოთ: წადით მთელს ქვეყანაზე, დაეხმარეთ ქრისტიანებს და დაიცავით მათი სიცოცხლე“. ღირსმა მამამ განადიდა ღმერთი, რომელიც ასე შეეწევა თავის ეკლესიას.
როდესაც ღირსი კირილე აშენებდა ბელოზერსკის მონასტერს, მშენებლობის წარმატებით გაკვირვებული მეზობლად მცხოვრებნი კირილეს დიდი სიმდიდრის პატრონად თვლიდნენ. ამ ხმებმა ერთ ანგარებიან მემამულემდეც მიაღწია. მან შეკრიბა თავისი მსახურნი და ღამით გაეშურა ღირსი მამის გასაძარცვავად. გალავანთან მისულმა ბოროტისმზრახველებმა იხილეს, რომ მონასტრის სიახლოვეს მიმოდიოდა მეომართა დიდი სიმრავლე ამოწვდილი ხმლებით. ყაჩაღები დილამდე ელოდნენ მეომართა დაძინებას, მაგრამ ამას ვერ მოესწრნენ და შინ დაბრუნდნენ. მეორე ღამეს მათ უფრო მეტი მეომარი იხილეს და კვლავ ხელმოცარულნი დარჩნენ. დილით მემამულემ მონასტერში მსახური გააგზავნა იმის გასაგებად, თუ რომელი პოლკი იდგა იქ და რამდენი ხნით აპირებდა გაჩერებას. მსახურმა მოიტანა ამბავი, რომ კვირაზე მეტია მონასტერში არათუ ჯარი, ერთი მომლოცველიც კი არ ყოფილა. მაშინ მემამულე მიხვდა, რომ მონასატერს იცავენ ღმრთის ანგელოზები და შეინანა ბოროტი განზრახვა.
ერთხელ ღირსმა ონოფრე დიდმა დაყუდებული ცხოვრების სიყვარულით დატოვა თებაიდის მონასტერი და უდაბნოს მიაშურა. მოულოდნელად მან იხილა ნათლის სხივი და შეშინებულმა უკან გაქცევა დააპირა, მაგრამ ნათლის სხივი მიუახლოვდა მას და მოესმა ხმა: „ნუ გეშინია, მე ვარ შენი ანგელოზი, შენი შობისთანავე უფლისგან შენს დასაცავად დადგენილი, და მუდმივად შენთან ერთად დავდივარ. ამჯერად მე ღმრთისგან ნაბრძანები მაქვს, წაგიყვანო უდაბნოში. იყავი სრული და გულით მდაბალი უფლის წინაშე, ემსახურე მას სიხარულით და მე არ განგეშორები შენ“. ანგელოზი ღირს ონოფრეს წინ გაუძღვა. საკმაო მანძილი რომ გაიარეს, წმიდანმა დაინახა ჩინებული გამოქვაბული და ანგელოზის ნათელი სხივიც გაუჩინარდა.
უდაბნოში განმარტოების პირველი წლები მრავალი განსაცდელით იყო აღსავსე: დღისით ღირს ონოფრეს თაკარა მზე წვავდა, ღამით კი ყინვისგან ითოშებოდა. იგი უდაბნოს მცენარეებით იკვებებოდა, წყურვილს კი ნამით იკლავდა. ღმერთმა თავის ერთგულ შვილს ღვაწლში განმტკიცების შემდეგ ანგელოზი გამოუგზავნა, რომელსაც მასთან პური და წყალი მოჰქონდა. უფლის ანგელოზი მას ოცდაათი წელი კვებავდა; ამის შემდეგ მის გამოქვაბულთან ამოვიდა ფინიკის ხე ტკბილი ნაყოფით და აღმოცენდა წყარო ცივი წყლით. ღირსი ონოფრეს ანგელოზი აზიარებდა იესო ქრისტეს უხრწნელ ხორცსა და სისხლს. „და არა მარტო ჩემთან მოდის ანგელოზი ღმრთაებრივი ზიარებით, - განუცხადა წმიდა მეუდაბნოემ ღირს პაფნუტის, - არამედ სხვებთანაც, რომლებიც ღმრთის გულისათვის უდაბნოში ცხოვრობენ და ვერ ხედავენ ადამიანის სახეს. ანგელოზის ხელებიდან ზიარება მათ გამოუთქმელი მხიარულებით აღავსებს. და თუ რომელიმე მათგანი ისურვებს ადამიანის ხილვას, ანგელოზს აჰყავს იგი ზეცად, რათა იხილოს წმიდანები და განიხაროს; მაშინ ის ადამიანი სულით ნათლდება და ხარობს, რომ ღირს-იქმნა ზეციურ მშვენიერებათა ხილვისა და ივიწყებს უდაბნოში გაწეულ ყველა შრომას. თავის ადგილზე დაბრუნების შედეგ კი უფრო გულმოდგინედ ემსახურება ღმერთს და ესავს, საუკუნოდ დაიმკვიდროს ის, რისი ხილვის ღირსიც გახდა ზეცაში“.
ღირსი მაკარი (ბერძნულად მაკარი ნიშნავს ნეტარს) დიდის მშობლები იყვნენ მართალი აბრაამისა და სარას მოსახელენი და მათ მსგავსად მოხუცებულობამდე შვილი არ მიეცათ. ერთხელ მძიმე სნეულებით სიკვდილის პირას მისულმა აბრაამმა იხილა უფლის ანგელოზი, რომელიც საკურთხეველიდან გამოვიდა, მიუახლოვდა მას და უთხრა: „აბრაამ, აბრაამ, ადექი საწოლიდან“. აბრაამმა მიუგო: „ავად ვარ, ბატონო, არ შემიძლია წამოდგომა“. მაშინ ზეციურმა მაცნემ ალერსიანად მოჰკიდა მას ხელი და აუწყა: „ღმერთმა შეგიწყალა - მიიღო შენგან სნეულება და მოგანიჭა თავისი ლოცვა-კურთხევა: შენი მეუღლე, სარა, შობს ძეს, რომელიც ნეტარის სახელს დაიმკვიდრებს, გახდება სავანე სული წმიდისა, ქვეყნად ანგელოზივით იცხოვრებს და მისი მეშვეობით მრავალნი მივლენ ღმერთთან“.
„მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება
წმიდა ზეციურ ძალთა შესახებ“
თბილისი, 2004 წ.