წმიდა ბასიანე - ლავდიის ეპისკოპოსი სირაკუზის ოლქის მმართველის შვილი იყო. მამა მას თავის შემცვლელად ამზადებდა, ამიტომაც განათლების მისაღებად რომში გაგზავნა. ბასიანეს სიყრმეშივე ბევრი სმენოდა ქრისტიანებზე და არ ასვენებდა მათი სწავლებისა და ცხოვრების წესის გაცნობის სურვილი. აქ, რომში, მისი ცნობისწადილი დამკაყოფილდა: ხუცესმა გორდიანმა ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა. ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას ბასიანემ იხილა ემბაზთან მდგომი ანგელოზი, რომელსაც ხელთ სამოსელი ეპყრა ნათელღებულის შესამოსად. მან კადნიერად ჰკითხა ზეციურ მხედარს, ვინ ხარო. ანგელოზმა უპასუხა, რომ უფალმა ის დიდი ხნის წინ გამოგზავნა მასთან დასახმარებლად.
ღირსი დავითი ავაზაკთა რაზმის მეთაური იყო ეგვიპტეში, ჰერმოპოლის უდაბნოში. მის სულს მკვლელობანი და მრავალი სხვა უსჯულოება ამძიმებდა. ხანშიშესულმა გადახედა განვლილი ცხოვრების გზას და თავისმა შავბნელმა საქმეებმა ძრწოლა მოჰგვარა. სინანულმა აღავსო დავითის გული; მან მიატოვა ბანდა, მონასტერს მიაშურა და იღუმენს მისი საძმოში მიღება სთხოვა. იგი სამაგალითო მონაზონი დადგა და მკაცრი ღვაწლით სავანის ძმებს ბევრად გადააჭარბა. რამდენიმე ხნის შემდეგ უფალმა დავითს მთავარანგელოზ გაბრიელის პირით ცოდვათა მიტევება ახარა; ღირსმა მამამ ვერ დაიჯერა, რომ ასეთ დიდ ცოდვილს ღმერთი ესოდენ მცირე ხანში შეუნდობდა. მცირედმორწმუნეობისთვის დავითი დამუნჯდა და მხოლოდ კანონთა კითხვისა და ღმრთისმსახურებაში მონაწილეობის დროს უბრუნდებოდა მეტყველება. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანს სასწაულთქმედების ნიჭი ებოძა. ამგვარად იცხოვრა მან მრავალი წლის მანძილზე, შემდეგ კი მშვიდობით აღესრულა და საუკუნო ნეტარება დაიმკვიდრა.
წმიდა ევდოკიას გამოეცხადა მიქაელ მთავარანგელოზი და აუწყა: „მე ვარ ღმრთის ანგელოზთა მთავარი და დადგენილი ვარ, მივიღო მონანული ცოდვილები და შევიყვანო ნეტარ ცხოვრებაში. დიდი სიხარული აქვთ ზეციურ დასებს, თუ ცოდვილი ინანიებს; რამეთუ ღმერთს, ყოველთა მამას, არ სურს თავის ხატად შექმნილი ადამიანის დაღუპვა. ყველა ანგელოზი ხარობს, როდესაც ხედავენ ადამიანის სულს, სიმართლით შემკულს; ისინი ესალმებიან მას, როგორც თავიანთ დას“.
სპარსეთში, ხოსრო უფროსის მეფობის დროს, ერთი ახალგაზრდა და ლამაზი ქალი, გოლინდუხა, ცოლად გაჰყვა მოგვების მთავარს, სამი წლის შემდეგ ღმრთისგან განათლებულმა გოლინდუხამ გულისხმაჰყო მოგვთა ცდომილება. მას ესმოდა ქრისტიანთა უბიწო რწმენის შესახებ და ფიქრობდა, იგი იყო ჭეშმარიტი რწმენა თუ რომელიმე სხვა, და სურდა, მისულიყო ჭეშმარიტების შემეცნებამდე.
ერთხელ ღამით მან ძილში იხილა ღმრთის ნათელი ანგელოზი, რომელმაც იგი წაიყვანა ბნელ ადგილზე, სადაც ცეცხლში იტანჯებოდა უამრავი ადამიანი. „რა არის ეს საშინელი ადგილი და ვინ არიან ტანჯულნი?“ - იკითხა გოლინდუხამ. ანგელოზმა მიუგო: „ეს არის ცოდვილთა და ურწმუნოთა დასჯის ადგილი, აქ არიან შენი წინაპრები, რომლებიც თაყვანს-სცემდნენ კერპებს, სპარსეთის ცრუ-ღმერთებს“. გოლინდუხამ იწყო მწუხარება თავის წინაპართა დაღუპვის გამო და ტიროდა. შემდეგ ანგელოზმა იგი წაიყვანა სხვა ადგილზე, სადაც იყო ღმრთის სამოთხე - მართალთა სავანე, და პატარა კარიდან უჩვენა დიდი ნათელი და მასში გამოუთქმელი სიხარულით მოზეიმე მრავალი კაცი და ქალი. ანგელოზი შევიდა იმ პატარა კარში. გოლინდუხასაც სურდა მის კვალდაკვალ კარში შესვლა, მაგრამ ანგელოზმა არ მისცა ნება: „არ შეგიძლია აქ შემოსვლა, რადგან არა ხარ ქრისტიანი“.
ამ ხილვის შემდეგ გოლინდუხამ მოისურვა, გამხდარიყო ქრისტიანი. მან იწყო შინაგანად ზრუნვა, რომ წმიდა ნათლისღების ღირსი გამხდარიყო, ცრემლებით ევედრებოდა ქრისტიანთა ღმერთს და მალე შეუსრულდა გულისწადილი. უფლის ანგელოზის წინამძღოლობით იგი გამოვიდა სახლიდან და შეუმჩნევლად მიყვანილ იქნა ხორცშესხმულ ანგელოზთან - უფლის მღვდელთან, რომელიც დაფარულ ადგილას ცხოვრობდა. მისგან ისწავლა სარწმუნოება, ნათელ-იღო და წმიდა ნათლისღებით ეწოდა მარიამი.
წმიდა პავლე უბრალოს ასევე მიმადლა უფალმა სულიერი ჭვრეტის ნიჭი. ერთხელ, მწუხრის მსახურებისას იგი აკვირდებოდა, თუ ვინ როგორი განწყობით შედიოდა ეკლესიაში. მისი სახე, ვისაც სული წმიდა ჰქონდა, ნათელი იყო და მფარველი ანგელოზი სიხარულით შედიოდა მასთან ერთად ეკლესიაში; მაგრამ ერთი ცოდვილი ძმა ეკლესიაში ეშმაკებით გარშემორტყმული შევიდა, მფარველი ანგელოზი კი მოშორებით მისდევდა მას და ტიროდა.
ღირსმა ნიფონტმა ერთი მეძავის სახლის კართან იხილა მტირალი ანგელოზი ჭაბუკის სახით და მოთქმის მიზეზს შეეკითხა. ანგელოზმა მიუგო: „მე ღმრთისგან დავალებული მქონდა, დამეცვა ადამიანი, რომელსაც ახლა ამ სახლში მეძავთან სძინავს. მე არ შემიძლია მშვიდად ვუყურო უსჯულოებას, რომელსაც იგი სჩადის. როგორ არ ვიტირო, როცა ღმრთის ხატება ასეთ უკუნშია ჩავარდნილი“. „რატომ არ დასჯი მას, რომ ცოდვას განეშოროს?“ - განცვიფრდა ნეტარი მამა. ანგელოზმა მწარედ ამოიოხრა. „შეუძლებელია მასთან მიახლოება. მას შემდეგ, რაც შესცოდა, იგი ეშმაკის ტყვეა და მე მასზე გავლენა აღარ მაქვს, რადგან ღმერთმა ადამიანი თავისუფალი შექმნა, აჩვენა მას გზა ფართო და გზა ვიწრო, რომ მან თავისთვის სასურველი გზა აირჩიოს“.
ერთხელ კონსტანტონოპოლის ქუჩაში მიმავალმა ნეტარმა ანდრია სალოსმა დაინახა, რომ მიცვალებულს მიასვენებდნენ. როგორც ჩანს, იგი ერთობ მდიდარი იყო. კუბოს უამრავი ხალხი მიჰყვებოდა, სანთლებითა და სასანთლეებით ხელში. ეკლესიის მსახურთა კრებული სამგლოვიარო საგალობლებს ასრულებდა, ისმოდა ახლობელთა გოდება.
წმიდანმა თავისი ნათელი თვალით იხილა, თუ რა ხდებოდა; მრავალი ეთიოპელი, სანთლებით წინ მიმავალი, ხმამაღლა გაჰყვიროდა: „ვაი მას, ვაი მას!“ - ხელში საბერველი ეჭირათ და ხალხს თავზე ფერფლს აყრიდნენ. კუბოს უკან მიმავალი ეშმაკები ურიცხვ ცოდვილთა მსგავსად ცეკვავდნენ და იცინოდნენ. ზოგი ძაღლივით ყეფდა. სხვები ღორებივით ღრუტუნებდნენ, რადგან მიცვალებული მათ სიხარულსა და მხიარულებას ჰგვრიდა. ერთნი უწმინდურებით წუწავდნენ, სხვანი კი კუბოს ირგვლივ ჰაერში დაფრინავდნენ. ცოდვილის გვამიდან საშინელი სიმყრალე ვრცელდებოდა. უკან მიმავალ ეშმაკებს საშინელი ხმაურით აეტეხათ და მომღერლებს ლანძღავდნენ: „უბედურნო ქრისტიანნო, ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე თქვენგანმა იხილოს ნათელი, რადგან თქვენ ძაღლს უგალობთ, ნათელში განუსვენე სულსა მისსაო, ღმრთის მონას უწოდებთ მას, ვისაც მრავალი დანაშაული ჩაუდენია“.
დაკრძალვის შემდეგ წმიდანმა დაინახა ცხარე ცრემლებით მტირალი ანგელოზი ლამაზი ყმაწვილის სახით. როცა იგი მიუახლოვდა წმიდა ანდრიას, ნეტარმა, რომელმაც ეს ყრმა გარდაცვლილის ახლობლად ჩათვალა, ჰკითხრა: „ღმრთის გულისათვის, მითხარი შენი გოდების მიზეზი. მე არასოდეს მინახავს მიცვალებულის ასე მწარედ დატირება“. ყრმამ უპასუხა: „მე გარდაცვლილის მფარველი ანგელოზი ვიყავი. იგი ეშმაკმა თავისთან წაიყვანა და სწორედ ეს არის ჩემი ტირილისა და მწუხარების მიზეზი“.
ნეტარმა სთხოვა: „გამანდე, რა ცოდვები ჰქონდა, რომ ეშმაკის კერძი გახდა“. ანგელოზმა უპასუხა: „ღმრთის რჩეულო ანდრია, რადგან გსურს, გიამბობ ყოველივეს, არაფერს დავფარავ, რადგან ვხედავ სიკეთეს შენი სულისას, წმიდა ოქროსავით ბრწყინვალეს. შენ რომ დაგინახე, თავი ვინუგეშე და დარდი ოდნავ განვიქარვე.
ეს კაცი მეფესთან დიდ პატივში იყო, მაგრამ ცოდვილი და შეუბრალებელი გახლდათ. ავხორცი, ალიაქოთის ამტეხი, მექრთამე და უპირო, პირმოთნე, ლაქუცა, ანგარებიანი, ცრუ, კაცთმოძულე, გულღრძო და უმოწყალო. თავის საბრალო მსახურთ შიმშილითა და ცემით ხდიდა სულს, ზამთარში შიშვლებს ტოვებდა და ბევრსაც წამებით მოუღო ბოლო. მაგრამ მიეზღო სამაგიერო: მოუნანიებლად მოკვდა და ამიტომაც ემშაკები დაეპატრონენ მის სულს. ხოლო მის ბილწ სხეულს როგორ ლანძღავდნენ, შეურაცხოფდნენ, შენ თავადაც ნახე. აი, ამიტომ ვწუხვარ, წმიდანო, დიდი დარდით შეპყრობილი, რომ ვისაც მე ვიცავდი, ის ახლა დემონების დასაცინი გახდა“.
ამ დროს ქუჩაში გამვლელნი ხედავდნენ მხოლოდ წმიდა ანდრიას და არა ანგელოზს, ამიტომ ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „შეხედე ამ სალოსს, როგორ მასხრობს და უაზროდ ელაპარაკება კედლებს!“ თან ხელს კრავდნენ და აქეთ-იქით აგდებდნენ. „რა გჭირს, სულელო, არა ღირს ხარ ესაუბრო ადამიანებს და კედლებს ელაპარაკები!“ წმიდანი კი უხმოდ მიდიოდა მოფარებული ადგილისაკენ და მიცვალებულის გახსენებაზე მწარედ გოდებდა.
„მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება
წმიდა ზეციურ ძალთა შესახებ“
თბილისი, 2004 წ.