ბერძენი იმპერატორის, მავრიკიუსის დროს ფრიგიაში იყო ერთი გამძვინვარებული და სასტიკი ყაჩაღი. მისი დაჭერა ვერაფრით შეძლეს. ნეტარმა იმპერატორმა შეიტყო მის შესახებ, თავისი ჯვარი გაუგზავნა და ბრძანა, გადაეცათ მისთვის, რომ ნურაფრის შეეშინდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ მას წარსული ცოდვები მიეტევებოდა იმ პირობით, რომ გამოსწორდებოდა. ავაზაკმა მართლაც შეინანა, მივიდა მეფესთან, ფეხებში ჩაუვარდა და თავისი ცოდვები აღიარა. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ავად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. ძილში მან საშინელი სამსჯავრო იხილა. გამოღვიძებულმა იგრძნო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და აღსასრული მოუახლოვდა. მაშინ ავაზაკმა ტირილი დაიწყო და უფალს ვედრებით მიმართა: „უფალო, ყოვლისმპყრობელო მეუფეო! უწინარეს ჩემსა შენ ჩემნაირი ყაჩაღი შეიწყნარე, გარდამოავლინე ჩემზე შენი უდიდესი წყალობა: შეიწყნარე სასიკვდილო სარეცელზე ჩემი ცრემლები, როგორც შეიწყნარე მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი, რომელთაც ღირსეული ვერაფერი ქმნეს წინაშე შენსა; ასევე შეიწყნარე ჩემი მწარე ცრემლებიც, განმწმინდე და მომიტევე. ამის შემდგომ ნუღარაფერს მოითხოვ ჩემგან; დროც აღარ მაქვს, მევალენი მიახლოვდებიან. ნუღარ გამოიძიებ ჩემს ცოდვებს და ნუღარ გამომცდი; ვერანაირ სიკეთეს ვერ ჰპოვებ ჩემში; წამომეწივნენ ჩემი უკეთურობანი, აღსასრულს მივუახლოვდი; აურაცხელია ჩემი ბოროტებანი; და როგორც მოციქულ პეტრეს ცრემლები შეიწყნარე, ასევე ჩემიც მიითვალე და შენი გულმოწყალების ძალით აღხოცე ჩემი ცოდვები“. ასე აღიარებდა ცოდვებს ავაზაკი რამდენიმე საათის განმავლობაში და ბოლოს სული უფალს მიაბარა.
მისი გარდაცვალების ჟამს ექიმმა ძილში იხილა: ავაზაკის სარეცელთან მოვიდნენ ეშმაკები სიებით, რომელშიც აღრიცხული იყო ავაზაკის მრავალრიცხოვანი ცოდვები. შემდეგ ორმა ბრწყინვალე ახალგაზრდამ სასწორი მოიტანა. ეშმაკებმა მის ერთ მხარეს დადეს ავაზაკის ცოდვების სია, რამაც სასწორი ერთ მხარეს გადახარა, მეორე კი ზევით აიწია. წმიდა ანგელოზებმა თქვეს: ნუთუ არაფერი გვაქვს?
- რა უნდა გვქონდეს? - შეეწინააღმდეგა ერთ-ერთი მათგანი, - როდესაც სულ რაღაც ათი დღეა, რაც კაცთა კვლას თავი დაანება? მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რაიმე სათნოება მოეძებნათ. ერთ-ერთმა მათგანმა ავაზაკის ცხვირსახოცი იპოვნა, რომელიც მისი ცრემლებით იყო დასველებული და მეორეს მიმართა: „ეს ცხვირსახოცი ნამდვილად მისი ცრემლებითაა დასველებული; დავდოთ იგი სასწორის მეორე მხარეს, მასთან ერთად კი ღვთის კაცთმოყვარეობა და ვნახოთ, რა მოხდება“. როგორც კი ცხვირსახოცი სასწორზე დადეს, მან მეყსეულად გადაწონა და გააწონასწორა მეორე მხარე. ანგელოზებმა ერთხმად წამოიძახეს: „ჭეშმარიტად ღვთის კაცთმოყვარეობამ გაიმარჯვა!“ მათ ავაზაკის სული წაიყვანეს. ეშმაკები ატირდნენ და სირცხვილეულნი გარბოდნენ.
გამოღვიძებულმა ექიმმა საავადმყოფოს მიაშურა. როდესაც ავაზაკის სარეცელს მიუახლოვდა, მისი სული უკვე გასცლოდა სხეულს, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო. თვალებზე ცრემლებით დასველებული ცხვირსახოცი ეფარა. ექიმმა მის გვერდით მყოფთაგან შეიტყო ავაზაკის აღსარების შესახებ. მან აიღო ცხვირსახოცი, იმპერატორს მიუტანა და უთხრა: „ხელმწიფეო! ვადიდოთ უფალი, რომელმაც შენი მეფობის ჟამს ავაზაკი აცხოვნა“.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“