ქრისტეს მიერ საყვარელო ღვთივგანბრძნობილო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, ძვირფასო ძმანო და დანო - შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ, გილოცავთ დიდსა და სასიხარულო დღესასწაულს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ამ ზეიმთა ზეიმს - პასექს მარადიულსა და საცხოვნებელს, და ვხმობ:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ეს საზეიმო მილოცვის სიტყვა გამოსახავს არსს ჩვენი რწმენისა, გამოსახავს ჩვენი სასოების სიმტკიცესა და უძლეველობას, უდიადეს ძალას ჩვენი საუკუნო სიყვარულისა.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
მაშ, მიღებული და შეწყნარებულია ღვთის მიერ საცხოვნებელი მსხვერპლი და აღსრულებულია საიდუმლო კაცთა მოდგმის განოხსნისა.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
გამოისყიდა. უფალმა ის ქმნილება, რომელიც ყოველი მისი ქმნილების გვირგვინად შეიქმნა - ადამიანი, და რომელსაც ღვთისაგან მინიჭებული ჰქონდა პასუხისმგებლობა და თავისუფლება: მოვალეობა და უზენაესი ჯილდო.
„რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას? დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი, და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა“ (ფსალძუნი 8,4-6).
რა იდუმალება და ძლიერება იფარება ამ სიტყვებში საღვთისმეტყველო აზრისა და ქრისტიანული მოღვაწეობისათვის! ყოველი ეს ღვთივბოძებული ნიჭი ჩვენს წინაშე განუსაზღვრელ სივრცეს ხსნის სულიერი მოქალაქეობისა და სულიერი ღვაწლისათვის, ასეთი კურთხევა შესაძლებლად ხდის ჩვენს ზნეობრივ სრულყოფას, და კურთხეულია შემოქმედება, სწორედ მაშინ ხდება ჩვენთვის გასაგები ჩვენი აზროვნება, სიტყვა, გრძნობა და დაუოკებელი სწრაფვა პირველმიზეზისადმი. ყოველივე ეს კი შედეგია უსასრულო ღვთაებრივი სიყვარულისა.
წმ. ბასილი დიდის სიტყვით, - ადამიანი არის ქმნილება, რომელმაც მიიღო ბრძანება განღმრთობისა, მაგრამ ეს ბრძანება ადამიანის თავისუფლებაზე ძალდატანება როდია, ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და პიროვნულმა არსებამ, შეიძლება მიიღოს ან უარყოს ბრძანება ღვთისა. იგი რჩება პიროვნული თავისუფლების გვირგვინით შემოსილი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძალიან შორდება ღმერთს და მაშინაც, როცა თავისი ბუნებით ღვთის მსგავსებასაც კი კარგავს.
ეს ნიშნავს, რომ ღვთის ხატება არავითარ შემთხვევაში არ ირღვევა ადამიანში (წმ. ბასილი დიდის სიტყვები, ჩვენთვის ცნობილ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის 43-ე სიტყვიდან. იხ. მოსკოვში 1844 წ. გამოცემული „წმ. მამების მრომები“, ნაწ. IV,გვ. 104-129).
ღმერთო მრავალმოწყალეო, სიყვარულსა შენსა არა აქვს ზღვარი!
როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო დამყარებული ღმერთსა და ადამიანს შორის? ადამიანის სულს თავისი საზრდო უნდა ეპოვა ღმერთში, და ღვთით ეცხოვრა, ხოლო ადამიანის სხეული უნდა დაქვემდებარებოდა სულს, - ასეთი იყო ადამიანის უკვდავი ბუნების თავდაპირველი სახე.
კარგავს რა ღმერთს, ადამიანის სული იწყებს ცხოვრებასა საზრდოობას თავისივე ფიზიკური სხეულით, საიდანაც წარმოდგებიან ვნებები, ხოლო სხეული, რომელიც იძულებულია გარე სამყაროში - უსულო და მკვდარ მატერიაში - ეძიოს საზრდო, შედეგად მხოლოდ სიკვდილს პოულობს და ადამიანის სრულყოფა ირღვევა.
დღეს, ვდღესასწაულობთ რა თქვენთან ერთად მსოფლიოს ერთერთ უდიდეს სასწაულს - ქრისტეს დიდებულ აღდგომას - რომელიც საწინდარია ჩვენი მომავალი სულიერი და ფიზიკური აღდგომისა, აღვავლენთ ლოცვებს უფლისა ყოვლისამპყრობელისა მიმართ, რათა მან განაახლოს ჩვენი სულიერი არსი და დაგვიბრუნოს პირველქმნილი ბუნება, რათა ჩვენი აღდგომა და განახლება დაიწყოს ჯერ კიდევ აქ - დედამიწაზე. როცა ვუერთდებით სიცოცხლის წყაროს - უფალს - მისი უკვდავი ხორცისა და სისხლის ზიარებით, ვხდებით ნაწილი მისი მარადიული და უკვდავი სხეულისა, რომელიც შეაერთებს თავის არსში ცოცხალთა და მკგდართა და წარმოქმნის ერთს, ქრისტეს წმიდა ეკლესიას.
ღვთისა და კაცის ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, ამაშია ჩვენი იმედი, „რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს“ (2 კორ. 4,14).
ეს ერთიანობა გვაიძულებს ვიფიქროთ ჩვენი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, რათა იგი არ დაემსგავსოს მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც საჭიროებს ისევ და ისევ ზევით აზიდვას, და რომლის შეჩერება და უკან დაბრუნება დიდ სულიერ დაძაბულობასა და სულიერ ტანჯვასთანაა დაკავშირებული.
ღმერთი არის უმაღლესი იდეალი ყველა ჩვენი ზნეობრივი სწრაფვისა. ეს უზენაესი ძალა უდევს საფუძვლად და იგია შინაარსი და მისწრაფება ადამიანის მორალური ცხოვრებისა.
ამგვარად, განახლებული ქრისტიანის მიზანი მტკიცე რწმენასთან ერთად, უნდა იყოს სიყვარული, კეთილმოქმედება, სულიერი სრულყოფა, რის შედეგადაც ადამიანი დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას აღწევს.
ყოველივე ამის მიღწეგა შესაძლებელია, თუ მოვუხმობთ მთელ ჩვენს ნებისყოფას და გავყვებით წმ. პეტრე მოციქულის სიტყვებს: „აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“ (2 პეტრე 3,18).
ქრისტიანობა - ესაა რელიგია სრულყოფილი სიყვარულისა, მარადიული სიხარულისა და უხვი ღვთაებრივი ენერგიისა.
გისურვებთ, გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული: სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედა სამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთისა და ყოველივე იმის მიმართ, რაც კი ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ თვალთა აღხილვასა და აღდგომას.
ძვირფასო დებო და ძმებო, აღდგომილი უფალი ჩვენ ყველას გველოდება სიყვარულით გაშლილი ხელებით. ვიქმნეთ ღირსეულნი მისი ღვთაებრივი სიყვარულისა, რადგანაც „ვითარცა-იგი მამაი აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაი ჰნებავს, აცხოვნებს“ (იოანე 5,21).
სიხარულით მოდით და დატკბით ღვთაებრივი ტრაპეზის ზიარებით,
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1978 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.