სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

სააღდგომო ეპისტოლე

წმიდა სინოდის წევრებს - ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებს,
მთავარეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ღვთივკურთხეულ სულიერ შვილვბს, მკვიდრთა საქართველოჲსა
და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებთ

საიდუმლოი ესე დიდ არს: ხოლო მე ვიტყჳ
ქრისტესთჳს და ეკლესიისა (ეფესელთა 5,32)

სადღესასწაულოდ გუგუნებენ სააღდგომო ზარები... მსოფლიოს ამცნობენ დიად გამარჯვებას - ძლევას სიცოცხლისას სიკვდილზე, ახარებენ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.

ამ სიხარულს გაუწყებთ დღეს მეც ღვთივგანბრძნობილო მწყემსმთავარნო და მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, მონოზონნო და ყოველნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

ეს ის სიტყვებია, რომელთაც აზრობრივად გადავყავართ იმ დროში, როცა ღრმა მწუხარებას მოეცვა მაცხოვრის მოწაფენი და მენელსაცხებლენი დედანი. ზოგიერთის გულში ეჭვსაც დაესადგურა: იყო კი იესო ის მესია, საუკუნეთა მანძილზე რომ ელოდა ტანჯული კაცობრიობა; და თუ ჭეშმარიტად ქრისტე იყო, როგორღა შეძლეს ჯვარს ეცვათ იგი?

განვლო შაბათმა... იწურება მესამე დღე მაცხოვრის გარდაცვალებიდან. ღრმა ძილით სძინავს ყველას; მარტო მოციქულები და მენელსაცხებლენი დედანი ფხიზლობენ, გლოვობენ მოძღვარს. ინათა თუ არა, მენელსაცხებლეთ საფლავს მიაშურეს; სიჩუმეს მხოლოდ მცველების ფეხის ხმა არღვევს. მოულოდნელად ყველამ იგრძნო ძლიერი მიწისძვრა, გამოეცხადათ ანგელოზი, სახე რომლისა იყო, ვთარცა ელვაჲ და სამოსელი სპეტაკი, ვითარცა თოვლი; ნუ გეშინინ, - თქვა მან, - ვიცი, რამეთუ იესოს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ, არა არს აქა, რამეთუ აღდგა... (მათე 28, 3, 5-6).

გოლგოთა და აღდგომა...

ეს საშინელი განსაცდელი საჭირო იყო გადაეტანათ წმ. მოციქულებსა და მენელსაცხებლე დედათ და მათ გამოცდას გაუძლეს.

გამოცდა...

თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ისვვე როგორც წარსული ჩვენი ერისა, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის სხვადასხვა გასაჭირს, მწუხარებასა და უბედურებას, ათასგვარ სიძნელესა და დამცირებას, რათა მან ბოლოსდაბოლოს შეიცნოს თავი თვისი. განგიცდია შენ ეს ყოველი? - ეს სისასტიკეა. - შეიძლება თქვა ან გაიფიქრო; მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. როდესაც განცხრომით ცხოვრობ, გავიწყდება ყველაფერი: ღმერთიც, შენი უკვდავი სულიც, გავიწყდება, რომ მდგმური ხარ წუთისოფლისა და ზესთასოფელს დაემკვიდრები. როდესაც არ იცი, რა არის გაჭირვება, ფიქრობ, რომ ბედნიერი ცხოვრება შენით მოიპოვე და ეს მუდამ ასე იქნება; ამ დროს მოდის შენთან უფალი და ცდილობს, გაგაღვიძოს; გაგათავისუფლოს ბურანისაგან. საწოლ ოთახში განგაცალკევებს, ავადმყოფობის სარეცელს დაგიგებს... თუ იცი რატომ? შენთან საუბარი სურს, სურს უწამლოს იმ სენს, შენს სატკივარზე უფრო საშიში რომაა, სურს მიეახლოს შენს სულს, რათა განკურნოს იგი. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდები, რომ მთელი გავლილი ცხოვრება შეცდომებითაა სავსე; და თუ, ღვთის მადლით, ამას შეიგნებ, უკვე სწორ გზაზე დგახარ.

ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს: რამდენი წლისა ხარ? ეს ულმობელი კითხვა თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას. სულ ცოტა , ხნის წინ ბავშვი იყავი და თანატოლებთან თამაშობდი, ახლა კი ოცი წლისას ცხოვრების გზა გაქვს ასარჩევი. ყრმობის ასაკმა ადრეული გაზაფხულივით სწრაფად გაიფრინა. თუ უკვე ორმოცისა ხარ, მაშ შენი მზე დასავლეთისკენ მიდრეკილა; ამის დამადასტურებელია ჭაღარა, თოვლივით ნელ-ნელა რომ ფარავს შენს თავს; რამდენი წლისა ხარ? თუ სამოცს გადასცდი და მალე სამოცდაათისაც გახდები, გახსოვდეს, მარადიულობის კარიბჭესთან დგახარ. დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ... (ფს. 89, 10) - ამბობს დავით წინასწარმეტყველი.

გზა შენი მომქანცველი, ურვითა და ჭმუნვით სავსე იყო. ამქვეყნიური ქოხი გენგრევა და იცი, ვერაფრით უშველი. დათვლილია შენი წლები, იქნებ თვეებიც... ამ დროს მაინც უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: ვარ კი მზად, წარვდგე წინაშე უფლისა, აღვასრულე მე ჩემი ვალი?

ცხოვრება მგზავრობაა, მიახლოებაა მარადიულობასთან. ჩვენ კი ძალიან ცოტას ვფიქრობთ ამაზე.

როგორია ღვთის კანონი, როგორ მიჰყავს შემოქმედს ადამიანი თავისკენ? თავდაპირველად ქვევით, შემდეგ კი ზევით, ჯვარცმიდან აღდგომისა და ამაღლებისაკენ, ბნელიდან ნათლისაკენ. ხშირად ვერ ვხსნით, რატომაა აუცილებელი ჩვენთვის მძიმე განსაცდელი, ხშირად ვერ ვიგებთ, არ გვესმის უფლისა; მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანს მივაღწევთ, მივხვდებით, რომ განვლილი სიმწარე და შეჭირვება საჭირო და აუცილებელი იყო სულის წრთობისათვის.

როგორც მთელი კაცობრიობის, ისე საქართველოს ისტორიაში წარმართობა ხანგრძლივი და მძიმე პერიოდია, ქრისტიანული დილის წინარე ბნელი ღამეა.

ტკბილ არს ნათელი, - ამბობს ეკლესიასტე, - კეთილ თუალთა ხედვად მზისა (ეკლესიასტე 2,7).

ადამიანი ესწრაფვოდა სინათლეს, ეძიებდა ნათელს, ელტვოდა სიმართლეს, ჭეშმარიტს, სიკეთეს, მაგრამ ვერ ხვდებოდა, საით გაეგნო გზა.

გზა ჭეშმარიტი, გზა ცხოველი თავად მოაბიჯებდა კაცობრიობისაკენ. და დადგა ჯამი აღმოსავლისა მზისა ქრისტიანეთასა.

ქრისტეს ნათელმა განაბრწყინვა მსოფლიო; იგი გვაცისკროვნებს ჩვენც, თუმცა გამოცდა კვლავაც გრძელდება.

ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა (პირველშეწირულის ლიტურღია).

ეს სიტყვები მრავალ კითხვას აღგვიძრავენ: რას წარმოადგენს ქრისტეს ნათელი და სად ვეძიოთ იგი? თუ თავადი იგი განანათლებს ყოველთა, მაშინ რატომღა არიან წარწყმედულნი, მრავალნი გზასა ფართოსა?

მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ (იოანე 8,12) - ბრძანებს მაცხოვარი.

საოცარი სიტყვებია. ისინი მიუთითებენ იესო ქრისტეს მხოლოობასა და განუმეორებლობაზე, მის ძალაუფლებაზე ქვეყანასა ზედა. ამგვარად თქმა არ შეეძლო და არც შეუძლია წინასწარმეტყველს, მოციქულს, ფილოსოფოსს, მეცნიერს, არც სხვა ვინმეს კაცთაგანს, ასე მხოლოდ ღმერთკაცი ზრახავს. „ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად“. იოანე ღვთასმეტყველი ამბობს: ღმერთი ნათელ არს (I იოანე, 1,5).

იესო ქრისტე არა მსგავს არს ნათლისა, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარვდების; იგი ნათელია დაუსრულებელი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმძლეველი, ნათელი რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია (იოანე 1,5).

ეკლესიის გარეშე მდგომთ, მათ, ვისაც ქრისტიანობა მხოლოდ თეორიულად ესმით, მაცხოვარი ზოგჯერ მორალისტად მიაჩნიათ, ადარებენ მას დიად ადამიანებს: ბუდას, მუჰამედს, ფილოსოფოსებს და ა. შ. ნაწილი კი საერთოდ უარყოფს იესოს მოძღვრებას და იმის დამტკიცებასაც ცდილობს, ქრისტე, როგორც პიროვნება, არ არსებობდაო.

იესო ქრისტე და მისი მოძღვრება არ საჭიროებს ვინმეს დაცვას; მსოფლიოს თითქმის 1000 ენასა და დიალექტზე თარგმნილი სახარება თვითაა საუკეთესო მოწმობა და ღაღადება ნათელზე, მსხვეპლზე გოლგოთისა - იესო ქრისტეზე, თავისი ნებით სოფლის ცოდვათა მტვირთველზე.

კრავი უფლისა ჯვარს აცვეს, ის კი მაინც ცოცხალია, მას უარყოფვნ, იგი კი კვლავაც ჩვენთანაა, ჭიშკარს უკეტავენ, ის დგას და რეკავს კარზე შენი გულისა, იცდის, როდის შეუშვებ;

ერთნი მაცხოვრის მოწოდებისთანავე აღებენ კარებს, მეორენი მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიწიერი ფუფუნება აზრს დაკარგავს მათთვის, როცა ბრძენთაბრძენი სოლომონივით დარწმუნდებიან, რომ ყოველივე ამსოფლიური „ამაოა და სულსა შეაჭირვებს“. სხვანი ოდენ სასიკვდილო სარეცელზე, მარადიულობის კარიბჭესთან მდგარნი, უხსნიან გულს უფალს, მათ მთელი სიცოცხლის მანძილზე ელოდებოდა მაცხოვარი. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს აღებენ კარებს, კაკუნის გაგონებაზე კიდევ უფრო იკეტებიან და ცდილობენ დაირწმუნონ თავი, რომ მათ არ უხმობენ. ისინი ისე განლვენ საწუთროს, მარადიულ ნათელს ვერც დაინახავენ, ვერ განიცდიან სიხარულს ჭეშმარიტს; მიემგზავრებიან საუფლოსა ბნელეთისასა... სადა არა არს ნათელი, არცა ხედვად ცხოვრებისა კაცთასა (იობი 10,22).

ვის მიმართავს უფალი? ყოველდღიური საქმიანობით დაღლილ, დღევანდელი დღის საზრუნავით მცხოვრებ ჩვეულებრივ  ადამიანებს: გლეხებსა და მუშებს, მწერლებსა და მეცნიერებს, ფილოსოფოსებს, სახელმწიფო მოღვაწეთ, ბავშვებსა და დიდებს... პირადი, საოჯახო ან საზოგადოებრივი ინტერესებით შეპყრობილ ადამიანებს. უზრუნველთა და დამწუხრებულთ, უნუგეშოთა და შეჭირვებულთ, მდიდართა და ღატაკს, - ჩვენ, ჩვენი ღირსებებითა და ნაკლოვანებებით. ნათელი ქრისტესი სულიერი ძალაა, საფუძველია ქვეყნიერებისა. თუ მზის სინათლის გარეშე სიცოცხლე შეწყვეტდა არსებობას თვინიერ ღვთაებრივი ენერგიისა სიცოცხლე საერთოდ არ წარმოიშვებოდა. სიცოცხლე, მიზიდულობისა თუ სხვა კანონები, რომლებიც სამყაროში მოქმედებენ, გამომსახველნია უმაღლესი ჰარმონიისა, შედეგია ღვთაებრივი გონებისა და ძალისა.

ნათელი ესე ბრწყინავდა და იბრწყინვებს ნიადაგ, განურჩევლად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. საკითხავი ისაა, გავხდებით ჩვენ თანაზიარნი ამ ნათლისა, შევიცნობთ კი მას? შევძლებთ გავიგოთ, რომ ...ძე ღმრთისაჲ მოვიდა და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა იესუ ქრისტესა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი, ცხორებაჲ საუკუნოჲ (I იოანე 5,20). მხოლოდ ქრისტეს ნათელს ძალუძს ფერისცვალება სამყაროსი და ჩვენი. გიხაროდეთ ყოველთა, რომელთა მოგიპოვებიეს მცირედი ნაწილიც კი ზეციური ნათლისა, რომელნიც შემოსილნი ხართ მისი შარავანდედით: თქუენ ხართ ნათელნი სოფლისანი... ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა (მათე 5,14-16). გარნა სად ვეძიოთ ნათელი ესე, რათა განვიბანოთ მის სხივებში? ცოდნაში, მეცნიერებაში, სიმდიდრესა თუ განცხრომაში? მაგრამ ყოველივე ეს ხომ არამტკიცე, წარმავალი და არასაიმედოა. პასუხი ერთადერთია: ქრისტეს ნათელი თვით მის სხეულშია, ღვთაებრივი ლოგოსის სხეულში - ეკლესიაში. ეს ის ეკლესიაა, რომელიც კლდესა ზედა არს დაშენებული და რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ სძლევენ.

მაცხოვარმა ეკლესიას მიმადლა ძალა სულისა წმიდისა. ყოველგვარი არსებობა განსაზღვრულ ფორმას მოითხოვს. ფორმა საჭირია ქრისტიანის რგლიგიური ცხოვრებისთვისაც და იგი პოვებს კიდეც მას ეკლესიაში მრავალგვარი სახით გამოვლენილს. ჩვენს ტაძრებში აღესრულება საიდუმლოებანი: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, ქორწინებისა, ავადმყოფზე სრულდება საიდუმლო ზეთის კურთხევისა, საიდუმლოა ასევე მღვდლობა, ანუ ხელდასხბა სამღვდელო ხარისხში. ამ შვიდი საიდუმლოს გარდა ტაძარში სრულდება სხვადასხვა ლოცვა: პარაკლისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, პანაშვიდი და წესის აგება განსვენებულთათვის, წყლის, მარილის კურთხევა და სხვა; ყოველივე ეს იმიტომ შეგახსენეთ, რომ ქრისტიანმა გაიგოს, არ არის საკმარისი იყო მორწმუნე, აუცილებელია ეკლესიურობა, რომ ეკლესია საიმედო გემია აბობოქრებულ ზღვაში.

აი, უკვე თითქმის 2000 წელია საქართველოს ეკლესია თავის ისტორიულ მისიას ასრულებს.

ყველა ჩვენი სახელოვანი წინაპარი იყო და კვლავაც დარჩება წევრად ჩვენი ეკლესიისა; ეკლესია მარტო ჩვენ, მიწაზე მცხოვრებნი კი არა ვართ, ეკლესიაა, უპირველეს ყოვლისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, საქართველოს დედა და დიასახლისი, მოციქულები, წინასწარმეტყველები, ჩვენი მეფეები და პატრიარქები, ყველა ადამიანი, ვინც კი რწმენითა და სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან; ეკლესიაა ათასობით მოწამე და წმიდანი, დიდი მოღვაწენი. ესენი ყველანი ჩვენთან ერთად ქმნიან ერთიან ეკლესიას, რომლის თავიც ბრძანდება მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. ამ ეკლესიის დიადი მისიაა თითოეული პიროვნების განახლება, სულიერი ფერისცვალება და ამაღლება.

ტაძარი ადგილია ადამიანის ეკლესიური კურთხევისა, კარიბჭეა მარადიულობისა, სავანეა ღვთისა. აქაური მადლმოსილი გარემო აღაზევებს, აკეთილშობილებს სულს, განწმედს და განათავისუფლებს ცოდვებისაგან.

გავიხსენოთ თუნდაც ისტორიული ფაქტი: მძიმე განსაცდელის დროს, მტერთა შემოსევების ჟამს, წმ. თამარ მეფეს ბრძოლის წინ ლაშქარი ტაძარში მიჰყავდა; აქ მეობრები მეფესთან ერთად ლოცულონდნენ, ამბობდნენ აღსარებას, ეზიარებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ეკვეთებოდნენ მომხდურს. ბრძოლის დამთავრების მერე ჯარი კვლავ ეკლესიაში ბრუნდებოდა და უფლისადმი სამადლობელო ლოცვებს აღავლენდა.

ტაძარი ოაზისია, სადაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალით, ღელვითა და ამაოებით დაღლილი სული შინაგან მშვიდობასა და სიწყნარეს პოვებს. იმათაც კი, ვინც აქ 10-15 წუთით შემთხვევით შემოდის, რომელთაც არაფერი იციან ღვთის, მარადიული ცხოვრებისა და უკვდავი სულის შესახებ, იზიდავს უჩვეულო გარემო, ღვთისმსახურების მშვენიერება, საეკლესიო გალობა. ხოლო ის, ვინც დიდი რწმენითა და ღვთაებრივი სიყვარულითაა გამთბარი, შეიგრძნობს გაცილებით სიღრმისეულსა და არსებითს, ვიდრე უბრალო ესთეტიკური სიამოვნებაა. ამ სიღრმისეულსა და არსებითს განსაკუთრებით დღეს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე ვეზიარებით.

ჩვენი მრწამსი, ჩვენი სარწმუნოების ყველა საყრდენი ქრისტეს აღდგომის, სიცოცხლის მიერ სიკვდილის ძლევის ფაქტზეა დაფუძნებული. და უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი (1 კორინ. 15,17) - წერს მოციქული პავლე. მაცხოვრის მაცხოვნებელი ტანჯვისა და სიკვდილის აზრი აღდგომამ საცნაურ ჰყო. მხოლოდ აღდგომის შემდეგ დაიწყო კაცობრიობამ ქრისტეს სხეულში - ეკლესიაში გაერთიანება. ეს მძიმე და ხანგრძლივი პროცესია და იგი დღესაც გრძელდება. ო, როგორ ნელა აღწვვს ადამიანებში მთელი სამყაროსა და ცხოვრების განახლების მომწოდებელი სული სიყვარულისა და ურთიერთნდობისა.

„მშვიდობა თქვენდა!“ - ეს იყო აღდგომილი მაცხოვრის პირველი სიტყვები; რომ შეიცნო არსი და სიღრმე ქრისტეს აღდგომისა და შენც გახდე თანამოზიარე ამ დიადი ზეიმისა, ყოვლისმომცველი მშვიდობაა საჭირო. მშვიდობა ღმერთთან, მოყვასთან, თვით შენს თავთან. უფლის მიერ ბოძებული მშვიდობა კი არ უნდა განვაგდოთ, უნდა მივიღოთ იგი და გავხდეთ მონაწილე ამ ღვთაებრივი ნიჭის ჩვენში განხორციელებისა. რა გასაკვირია, რომ თაობათა მანძილზე მოწინავე ადამიანები უსაზღვრო ენერგიას ხარჯავდნენ, რათა მსოფლიოში მშვიდობის დაცვის საქმეში ჩაერთოთ ზნეობრივი ძალა მთელი კაცობრიობისა. მშვიდობა ყველასათვის უძვირფასესი განძია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ბოროტი ნებაც. როდესაც იგი ზეიმობს, ხალხს თავს ომის საშინელება ატყდება და ადამიანები სისხლისა და ცრემლის მორევში ინთქმებიან. ასე იყო ყოველთვის, მაგრამ მომავალში ასე აღარ იქნება. თანამედროვე იარაღის პირობებში გაცილებით უფრო საშინელი და გამოუსწორებელი მდგომარეობა შეიქმნება. ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ უკვე განვლილია ის პერიოდი, როცა ესა თუ ის საკითხი ძალის პოზიციიდან წყდებოდა, რომ დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშე დგას, ტყვეა ატომური ენერგიისა, რისგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს; და გვწამს, უფალი დაგვეხმარება.

აღდგომილი ქრისტე გვაძლევს ყოველივეს, რაჲც ცხოვრებისა და ბედნიერებისათვისაა აუცილებელი. უპირველესად იგი გვანიჭებს სულსა და ნიჭს სიყვარულისას, რათა შევუმსუბუქოთ ტვირთმძიმე და მაშვრალ კაცობრიობას გზა მიმავალი ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა... რომელსა შინა სიმართლე დამკვდრებულ არს (2 პეტრე 3, 13).

საყვარელნო სულიერნო შვილნო ჩემნო!

გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომას, გისურვებთ, რომ პასექის ბრწყინვალე სხივებმა შემოანათონ თითოეული თქვენგანის ბინაში, გაათბონ თქვენი სული, დაივანონ გულში და აღავსონ იგი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. სადაც ბრძანდება უფალი, მუნ სიხარული და ნათელი ჰგიეს; სადა არს სიყვარული - მუნ ერთობა და მიტევება.

ყველას მარადიულ სიხარულს გისურვებთ.

ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ   ა ღ დ გ ა   ქ რ ი ს ტ ე !

აღდგომა ქრისტესი.
თბილისი, 1983 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.