„...ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს“.
(1 იოანე 2, 8)
ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მოძღვარნო და დიაკონნო, ღირსნო ბერმონაზონნო, საქართველოს ეკლესიის ღვთისსათნო შვილნო, მკვიდრნო ღვთისმშობლის წილხვედრილი კურთხეული საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო თანამემამულენო, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული თანამავალ გეყავნ თქვენ აწ და მარადის!
ტაძრების ზარების გუგუნი მსოფლიოს აუწყებს ერთ-ერთ ყველაზე დიად დღესასწაულს - ქრისტეს აღდგომას... დღეს ზეიმობს ეკლესია, სიხარულს დაუსადგურებია ყოველი ქრისტიანის გულში, აღვსილი ამ ზემიწიერი სიხარულით, სიყვარულით გილოცავთ:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
სიხარულს ხშირად წინ უსწრებს დიდი მწუხარება. ასე იყო მოციქულების დროსაც... ისინი სულით ხორცამდე შეძრულნი იყვნენ მომხდარით. სულ სხვას ელოდნენ, მოვლენები კი სხვაგვარად წარიმართა. მათი იმედი და ნუგეში შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს. ადამიანური ზიზღისა და სიძულვილის ქარიშხალმა გადაუარა იერუსალიმს; შემდეგ კი იქ, სადაც გააფთრებული ბრბო ბობოქრობდა, შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა; დაცარიელდა თხემის ადგილი, მხოლოდ იესოს მახლობელნიღა ტრიალებდნენ ჯვრის შორიახლოს. დაიკარგა რწმენა, განქარდა იმედი, დარჩა ტანჯვა-წვალება და სევდა; და კიდევ სიყვარული, ჯერეთ დაუშრეტელი. შიშსა და სასოწარკვეთას მოუცავს მოციქულნი. უნუგეშოდ დარჩენილნი არ აპირებენ მაცხოვრის ბრძანებისამებრ გალილეაში გამგზავრებას, რადგანაც არ მოელიან შეხვედრას იქ მასთან, ვინც მათ თვალწინ ჯვარს ეცვა, ივნო და დაეფლა.
ო, რა სუსტი და მცირედმორწმუნეა ადამიანი!
მოწაფეებმა მსწრაფლ დაივიწყეს თავიანთი მოძღვრის დარიგებანი, დაივიწყეს ის სასწაულნი, რისი მომსწრენიც თავად იყვნენ. მწუხარება და გულგატეხილობა დაეუფლა მათ... „და აჰა ძრვაჲ იყო დიდი“ და გარდამოხდა ზეცით სხივმოსილი ანგელოსი უფლისა, „ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი“ (მათე 28, 2-3). და იქმნა იგი მოწმე სახილველისა განსაკრთომელისა:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
აღორძინდა რწმენა მოციქულთა, განახლდა იმედი.
რა საოცარი და უჩვეულო ძალისაა ეს სიტყვები, ასე ხშირად რომ წარმოვთქვამთ ამ დღეებში:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა ამ მოვლენის სიდიადესა და განსაკუთრებულობაშია. იგია სასწაული სასწაულთა შორის, რომელიც კი ოდესმე უხილავს ან სმენია კაცობრიობას; იგია ქვაკუთხედი ქრისტიანობისა, რამეთუ „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი“ (1 კორ. 15,17).
„დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!“
ზატიკის ამ ბრწყინვალე დღეებში ჩვენს წინაშე კვლავ მთელი სიმძაფრით დგება რთული, ზოგიერთისთვის გადაუჭრელი კითხვები, დასაბამიდან რომ აღელვებდა ადამის ძეს: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რისთვის ვართ მოწოდებულნი და - საით მივემართებით...
„რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედე მას?“ - მიმართავს დავით წინასწარმეტყველი შემოქმედს (ფს. 8,5).
ეგებ ჩვენ ბუნების მხოლოდ შემთხვევითი გამოვლინებანი ვართ, ანდა ევოლუციის გარკვეული ეტაპის შედეგი და სხვა არაფერი?
ადამიანი ჯერ კიდევ უძველეს დროს მიხვდა, რომ მისთვის მთავარი იყო საკუთარი თავის შეცნობა. ამ გზით მავალმა თავის სულში აღმოაჩინა გაორება, ურთიერთდაპირისპირებულობა: იხილა ხატი ღვთისა და ზნე ცხოველისა, იხილა სიდიადე და სიმდაბლე თვისი, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, იგრძნო მსხვერპლის გაღების დიდი უნარი და მის გვერდით ულმობლობა და უსაზღვრო ეგოიზმი... იქნებ ამიტომაც იყო, რომ ძველმა ეგვიპტელებმა სფინქსი კაცის თავითა და ცხოველის ტანით გამოსახეს.
ადამიანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოცრებაა. საოცარია იგი არა მარტო როგორც სოციალური არსება, არა როგორც ნაწილი ბუნებისა, არამედ როგორც პიროვნება, სულიერი პიროვნება. პიროვნება არ ნიშნავს ბუნებას, ანდა მის ნაწილს; ადამიანი პიროვნებაა არა ბუნებით, არამედ სულით. გარემოს გრძნობადი აღქმა მისი არსის, მისი ყოფის ერთი მხარეა, ამიტომაც არ არის სწორი ადამიანის შესწავლის ცდა მხოლოდ სომატური ანთროპოლოგიის, ბიოლოგიის ანდა საზოგადოების განვითარების ზოგადი კანონების მიხედვით. კაცი, უპირველეს ყოვლისა, ხატია ღვთისა.
აი, როგორ განიხილავს წმ. გრიგოლ ნოსელი სამპიროვანი ღვთის ბუნების ადამიანში განხორციელებულ საიდუმლოს: „ადამ, ქმნილება პირველი და არა შობილი, არს სახე დაუსაბამოისა მამა ღმერთისა, ყოვლისა მპყრობელისა და ყოვლისა მიზეზისა; ძე ადამისა შობილი - მსგავსი არს ძისა და ღვთისა სიტყვისა შობილისა, და ევა, გამოსული ადამისაგან (გარნა არაშობილი მისგან), არს სახე სულისა წმიდისა“ (არქიმანდრიტი კიპრიანე, წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია, გვ. 157).
„ჩაუღრმავდი თავსა, შთაიხედე სულსა შენსა, ვითა სარკესა შინა; და ოდეს კეთილად განარჩევ იქ ყოველსა, შეიცნობ, რომ ხატი და მსგავსი ხარ ღვთისა. და ვითარცა ვერ იხილავ და ვერ უპოვი სახელსა უკვდავსა არსსა შენისა სულისასა, ეგრეთ მიუწვდომელ, შეუცნობელ და უკვდავ არს ღმერთი შენი“, - ვკითხულობთ იქვე (გვ. 159).
სხვა ადგილას წმ. გრიგოლ ნოსელი წერს: ადამიანმა დაიკავა საშუალო ადგილი ღმერთსა და მის მდაბალ ქმნილებათა შორის, ამიტომაცაა იგი გაორებული: ნათელი გონებით ღვთაებრივ მშვენიერებას გვაგონებს; მგზნებარე ვნებებით კი - ცხოველს; ამით აიხსნება ის შინაგანი კონფლიქტი და დაპირისპირებულობა, რისკენაც საერთოდ მიდრეკილია იგი.
ასე რომ, ხატება ღვთისა თითოეულ პიროვნებაშია, როგორც ჩამოყალიბებულ კანონთა წესი. იგი წარმოადგენს მისი ყოფის აუცილებელ პირობას, რომლის საშუალებითაც უნდა განხორციელდეს მსგავსება უფლისადმი. სწორედ ეს არის ადამიანის ცხოვრების მიზანი.
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ შექმნაო გამჩენმა კაცი მხოლოდ ხატად თვისა? უკეთუ იგი იქნებოდა სრულყოფილი არსება, უკეთუ მსგავსება მისი შეესატყვისებოდა ხატებას მისას, იგი იქნებოდა ღმერთი. ეს გზა კი ადამიანს გასავლელი აქვს. მისი თვითსრულყოფისა და ღვთისმიმსგავსების პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც ღვთაებრივმა, ისე კაცობრივმა საწყისმა, რასაც ჩვენ ორი საწყისის სინერგიას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვლინდება ჩვენში თავისუფალი ნება.
„რა გსურს, სულო ჩემო? - ეკითხება თავის თავს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - რა არის მოკვდავთა მიერ დაფასებული სიკეთეთაგან შენთვის მეტ-ნაკლებად ღირებული? ითხოვე რაიმე დიდებული და მიიღებ მას... გნებავს თუნდაც ქვანი პატიოსანნი, ველნი მშუენიერნი და კეთილნი, სიმრავლე ფარათა, ხართა და აქლემთა?.. იქნებ ტახტსა და მბრძანებლობას მიელტვი - ან ხანმოკლე დიდებას, რადგანაც ხვალვე დაგამდაბლებენ, გყოფენ მორჩილად მაშინ, როდესაც განდიდების გზას შეუდგება ვინმე სხვა კაცი, თუნდაც შენი ყმა, ცოტა ხნის წინათ უბადრუკი მსახური შენი... ეგებ გსურს, სულო, ჭეშმარიტების სახელით კანონებით ვაჭრობა (ანუ მათი უსამართლო განმარტება)?.. ნუთუ გონიერისა კაცისათვის აქვს მნიშვნელობა და ფასი მას, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარდების, მას, რაც მსახურებს ბოროტთაცა, და ვერას არგებს მიმავალსა იმა სოფლად“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ.223-224). აი, შედეგიც მიწიერი ბედნიერებისა:
„- სად-რა ვეძიო დიდებული სიტყვები ჩემი? - განიბნია ჰაერსა შინა.
- ხოლო იერი და ფერი ჩემი სიჭაბუკისა? - უკვალოდ გაქრა.
- გარნა დიდება? - იქმნა არარა.
- სიმტკიცე ჩემის სხეულისა სად დაიკარგა? - შემუსრა ჭირმა.
- ადგილ-მამული და სიმდიდრე ვის ხელში არის? - რომელნიმე მიითვალა უფალმან, სხვანი ბოროტ კაცთა დაისაკუთრეს“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 79).
ცხოვრება ქრისტიანისა - ჯვარისმტვირთველობაა, იგი ყოფნაა თვით ქრისტეში, სიყვარულია მოყვასის ბედნიერებისათვის მსხვერპლად გაღებული, გაცხადებაა სულისა და ძალისა, - როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (1 კორ. 2, 4). მთავარია, ადამიანი არ შეეჭიდოს იმ სიმძიმეს, მისთვის რომ არ არის განკუთვნილი; მთავარია, მან მიაგნოს თავის ჯვარს, რათა აკურთხოს იგი უფალმან და იყოს უღელი მისი ტკბილ და ტვირთი მისი სუბუქ.
რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი ქრისტესი, უნდა გვესმოდეს ჯვრის ღრმა აზრი და დიდი ძალა. ჟამნში ვკითხულობთ:
„უძლეველო, ახოვანო, საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, გარეშემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე“.
...თუ შენ შეძლებ ამ სიტყვების გულით მიღებასა და მათი დიდი მნიშვნელობის შეცნობას, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგამარცხებს, და სიცოცხლის ბოლოს შენც შეგეძლება თქვა: „ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალატელთა, 2, 19-20).
ჯვარი ჩვენი ძალაა განწმედის გზაზე. იგია უღონოთა ღონე, სუსტთა სიმტკიცე და ძლიერება, უძლურთა და სნეულთა მკურნალი, ცხოველმყოფელი, დაუშრეტელი წყარო, ფარი და მახვილი ხილული და უხილავი ბოროტი ძალის წინააღმდეგ.
თუ ვერ შევძლებთ ჩვენი ჯვრის ტარებას, თუ ვერ აღვუდგებით წინ ჩვენს ცოდვებს, ვერ დავძლევთ პატივმოყვარეობას, საკუთარი თავის სიყვარულს... და ტვირთით დამძიმებულნი დავეცემით, სულისა განსამტკიცებლად უნდა მივაპყროთ მზერა პატიოსანსა ჯვარსა მისსა, რომელიც ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ეწამა ჩვენთვის... და აუცილებლად ვიგრძნობთ მის დახმარებას.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი, ვინც ქრისტეს მოძღვრებას მიიღებენ, მოვალენი არიან იცხოვრონ ისე, რომ გააგრძელონ საქმენი კაცობრიობისათვის შეწირული უფლისა; უკეთუ გსურთ იყოთ ჭეშმარიტი მორწმუნენი, ღრმად დაუკვირდით ამ სიტყვებს: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34).
თავის უარყოფა ნიშნავს გათავისუფლებას მიწიერი მისწრაფებებისაგან, ვიწრო ეგოიზმისა და ამპარტავნებისაგან (როცა პიროვნება ქედმაღლურად უყურებს და მხოლოდ იმის მიხედვით აფასებს ადამიანებს, თუ ვის რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის), თავის უარყოფა ნიშნავს, მსახურებას მოყვასისათვის.
მაგალითისათვის დავასახელებდი ღვაწლსა და შრომას ქართველთა მეფის თამარისა, რომლის გამეფების 800 წლისთავს წელს ზეიმით აღნიშნავს ჩვენი ეკლესია და ხალხი. იგია სახე ჩვენი ერისადმი შეწირული მოღვაწისა და დიდი ჯვარისმტვირთველისა. სულტანმა რუქნადინმა გადაწყვიტა დაერბია გაძლიერებული საქართველო და აღეგავა იგი პირისაგან მიწისა. მან მეფე თამარს ასეთი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
„...აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქვეყნისა, და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანის-ცეს ჩართსა ჩემსა; სასოება იგი თქუენი ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰამედი აღიაროს“ (ლეონტი მროველი, ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, II, გვ. 93, თბ., 1959).
ხოლო დედოფალმან ასეთი პასუხი შეუთვალა:
„ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსანისა ჯუარისა მვედრებელმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი, რუქნადინო, და ვცან სიცრუვენი შენნი, რომელთა ბჭე ღმერთი იყოს! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღვთისა, ნუ შენი! სამართალი იმისი, ნუ შენი!“ (იქვე, გვ. 93-94).
სიმდაბლისა და მორჩილების ნიშნად წმ. თამარი ფეხშიშველი წარუძღვა ლაშქარს ვარძიიდან ბასიანისკენ, ბრძოლის წინ აკურხა იგი პატიოსანი ჯვრითა, დალოცა და თვით ოძრხეს შემოიქცა, სადაც დღე და ღამეს განუწყვეტელ ლოცვასა და გალობაში ატარებდა; მასთან ერთად ლიტანიობდა მთელი საქართველო.
და შეისმინა უფალმა ვედრება მხევლისა თვისისა. მუსულმანთა 400 000 მეომარი სამარცხვინოდ იძლია ქართველთა 100 000-იანი ქრისტესმოყვარე მხედრობისაგან, განიბნია და შეიმუსრა სიმრავლე აგარიანთა. გამარჯვებულმა ლაშქარმა მეფე თამართან ერთად ვარძიაში მადლობა შესწირა უფალს ხსნისათვის.
მემატიანე მრავალგზის მიუთითებს დედოფლის წმიდა ცხოვრებაზე, რომ იგი ვერ აცდუნა სიამემან ამა სოფლისამან, ვერცა სამეფო გვირგვინმან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ძლიერებამ... ვერ მიდრიკა სიმდიდრემან... რომ მან გამოიჩინა სიბრძნე სოლომონისებრი და ყოვლითა გულითა და გონებითა შეიყვარა და შეიტკბო უფალი; კაცს განაცვიფრებდა ღამეყოველ მღვიძარება მისი, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლით ვედრება ღვთისა. ხშირად თამარი თავისი ხელით მოქსოვილს ან მოქარგულს ყიდდა და მის საფასურს გლახაკთ ურიგებდა - ღარიბებს თავისი შრომით ეხმარებოდა და არა მხოლოდ სამეფო შემოსავლიდან (იქვე, გვ. 79-81).
ისტორიკოსი ასევე გვაუწყებს, რომ თამარის დროს წირვა-ლოცვა შეუმოკლებლად აღესრულებოდა პალესტინის მონასტერთა ტიპიკონის მიხედვით, რომ სამეფო კარზე მყოფთაგან ლიტურღიას, მწუხრს, ცისკარსა და ჟამნს ვერავინ დააკლდებოდა.
წმიდა თამარი იქმნა ის ბრწყინვალე, დაუვალი ვარსკვლავი, რომელიც მარად უნათებს საქართველოს და ათბობს ყოველი ქართველის გულს.
ხშირად კითხულობენ: პიროვნებაში ბოროტების გაძლიერებით თუ იშრიტება ღვთის სიყვარული მისდამი? პასუხი ერთია: ღვთაებრივი სიყვარული ისეთი უსაზღვრო და უნაპიროა, იმდენად დიდი და ამაღლებულია, რომ ვერავითარი სხვა ძალა ვერ შეძლებს ამ სიყვარულსა და ადამიანს შორის ჩადგომას. მაინც როგორია ბოროტების არსი და რა დამოკიდებულება აქვს მას ადამიანთან?
საეკლესიო მწერალთა და ღვთისმეტყველია აზრით, ბოროტება არ არის საწყისი, თანაარსი სიკეთისა, იგი არარსია, უარყოფა ან ნაკლოვანება სიკეთისა, რამეთუ თავად ყოვლის მიზეზი, შემოქმედი, არის სრული სიკეთე, მშვენიერება და სიყვარული.
„ბოროტება არასოდეს ყოფილა და ვერც აქნება თავისი ბუნებით დამოუკიდებელი არსი, რადგანაც არა აქვს მას რაობა, ბუნება და თვითმყოფადი სახე, ძალა, სათვალავი და თვისება. იგი ბუნებრივი ძალების დაშრეტის შედეგია. ამ ძალების არასწორი, გაუაზრებელი მოქმედებაა“ - წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი (მაქსიმე აღმსარებელი, კითხვა-მიგება ფალასისად, საღვთისმეტყველო უწყებანი, 1916; გვ.31-32).
გაუაზრებელი, უგონო ქცევის მსხვერპლის, დაცემული ადამის ძის, აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისათვის ღვთის ნება, და იმავ ხალხის ხსნისათვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდილი დათრგუნავდა მას. მაგრამ მოხდა საპირისპირო - ჯვარცმას მოჰყვა აღდგომა და ამაღლება და წინაშე ყოველთა ხილულთა და უხილავთა არსთა განბრწყინდა ყოვლისმძლეველი ძალა ღვთაებრივი სიყვარულისა.
ამ სიყვარულის ღირსი რომ გახდეს ადამიანი, აუცილებელია, მან სული განიწმიდოს ცოდვებისაგან. ჩვენდა საუბედუროდ, ხშირად ვადანაშაულებთ სხვებს, განვიკითხავთ მტრებს... ჩვენი მწუხარებისა და ტანჯვის მიზეზი კი ჩვენშივეა; უნდა გვახსოვდეს: როდესაც შინაგან სიმშვიდეს ვკარგავთ, ვკარგავთ სიმშვიდეს ჩვენს გარშემოც. ხსნის გზა ერთადერთია: სინანულის საშუალებით უნდა აღვიდგინოთ ჩვენს სულში დარღვეული ჰარმონია, წმიდა ზიარებით უნდა მივეახლოთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, უნდა ვეცადოთ, დავიბრუნოთ ჩვენთა დიდთა წინაპართა რწმენა, სიყვარული, სასოება, თავშდაბლობა... და, როგორც შედეგი ყოველივე ამისა, სიწმიდეც. ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღდგომილი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმიდის სავანედ.
ჭეშმარიტი ღვთისმსახურება განუყოფელია სამშვიდობო მოღვაწეობისაგან. დღეს კაცობრიობა დიდი განსაცდელის წინაშეა. არ შეიძლება გულგრილად ვუყუროთ ხალხთა ტანჯვას, იმას, თუ როგორ იღვრება უდანაშაულო ადამიანების სისხლი, როგორ განლაღებულია ბოროტება; არ შეიძლება გავჩუმდეთ მაშინ, როდესაც მსოფლიოს ემუქრება ბირთვული ომის საფრთხე. მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკით ვერაფერს მივაღწევთ, საჭიროა გააზრებული აქტიური მოქმედება, რომ აცილებულ იქნას ომის საშიშროება.
ის მისია, რაც აკისრია ეკლესიას, არ აძლევს მას დამშვიდებისა და თვითკმაყოფილების უფლებას. ზოგიერთის აზრით, ეკლესია თავს არიდებს თანამედროვე მოთხოვნებს. აუცილებელი კია ვიცოდეთ მისი როლი დღევანდელ პირობებში, ვიცოდეთ, თუ სად არის ჩვენი, მორწმუნეების, ადგილი ამ მშფოთვარე მსოფლიოში. უეჭველია, იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, სადაც ყველაზე დიდი მწუხარება და ცრემლია, იქ, სადაც იბრძვიან მშვიდობის, თავისუფგბის, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის სამართლიანი ურთიერთობისათვის.
განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანების მშვიდობისაკენ სწრაფვა მათ შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მრავალ მხარეს ავლენს. ამ მიზნის მთელი სიდიადე დამაჯერებლობით ცხადოფს რომ ასეთი ურთიერთობა არათუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.
საქართველოს ეკლესია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას.
„ყოველი რომელნი გინდეს თქუენ, რაითა გიყონ კაცთა ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ“ (მათე, 7,12)... „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურიერთას“, - ბრძანებს უფალი (იოანე, 13,35). სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ყველა მცნებაზე მაღალი და ყოვლისმომცველია; ამიტომაც იგი უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრების საფუძვლად. როგორც შედეგი სიყვარულისა, ყველას მომადლებული გვაქვს სიხარულის განცდას უნარი და სურვილი სხვებისთვის მისი გაზიარებისა. სხვადასხვაგვარია სიხარული, განსხვავებულად გრძნობენ მას ადამიანები... ყოველი მნიშვნვლოვანი საეკლესიო დღე სულიერი სიხარულის მომტანია, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მაინც სულ სხვაა; იგი ზეიმია ცისა და მიწისა, რადგანაც სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას ვგრძნობთ და განვიცდით.
თუ გვექნება რწმენა და სიყვარული, ღვთის მოწყალებით, ღირსნი გავხდებით იმ სიხარულისა, რომელსაც არა აქვს დასასრული. მთავარია, არ შევცდეთ, არ გადავუხვიოთ გადამრჩენელი გზიდან.
ღმერთო ძლიერო, შენ ხარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება; მუხლმოდრეკილნი გევედრებით, წარგვიძეღ გზითა შენითა მით იწროითა; მოწყალეო, მოგვმადლე სიბრძნე გულისა, რათა ვცნათ, რაი არს ჭეშმარიტი და ვემსახუროთ მას... უწყით, უფალო, სიცოცხლე ჩვენი წამისყოფაა, სიცოცხლე ჩვენი განსაცდელია ოდენ. უსასოთა სასოო, გეაჯებით, მოგვეახლენ, რათა არ დავინთქათ ზღვასა ცხოვრებისასა; ხელი შენი აღმადგინებელ გვეყავნ ჩვენ დაცემულთა; დავრდომილნი შეგივრდებით და ნუ განგუაგდებ, რამეთუ შენი ვართ, უფალო... და ღირს გვყვენ ჩუენ მარადიული ნეტარებისა, ვინაითგან ნიჭი და წყალობა უზენაესი ფრთეთა ქვეშე შენსა ყოფნაა, შენს მტილოვანში დამკვიდრვბაა.
ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო! კიდვვ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს; იხარეთ და გაახარეთ სხვანიც, ამაშია ადამიანის ნამდვილი ბედნიერება, რამეთუ სასუფეველი ღმრთისაჲ... არს, სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა (რომ. 14,17), ამინ!
ქრისტეს აღდგომა,
თბილისი, 1984.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.