სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II

სააღდგომო ეპისტოლე

ყოველთა ქართველთა, მკვიდრთა საქართველოჲსა
და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებთა:

„მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და
სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება
სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა“, ამინ.

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

„ღამე იგი განგუეშორა და დღე შემოგუეახლა განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ“ (რომ. 13,12);

პასექი ქრისტესი ძველ დროს მომხდარი სასწაულის გახსენება კი არ არის, არამედ რეალური შეხვედრა აღდგომილ მაცხოვართან, ეს არის სიხარული, რომელსაც მხოლოდ მორწმუნე გრძნობს და განიცდის, ეს არის სიხარული, ადამიანის გულში დაუტევნელი. მისი მადლით აღვსილი ყველას სიყვარულით გილოცავთ:

ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

აღდგა მშვიდობა და ნათელი სოფლისა, აღდგა სიბრძნე და ჭეშმარიტება, აღდგა მეორე ადამი - ღმერთი ვნებული, უფალი უფლებათა. სხეულს გაყრილმა მისმა ყოვლადძლიერმა სულმა შემუსრა საკრველნი სიკუდილისა, ბჭენი ჯოჯოხეთისა და თავის მორწმუნეთ გაუხსნა წინაპართა ცოდვის მიზეზით დახშული კარი ცისა და სამოთხისა.

ქრისტე მიეცა ცოდვათა ჩვენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს (რომ. 4,25); „ვემსგავსოთ ქრისტეს, რამეთუ ჩვენი ხსნისათვის მსგავს ჩვენდა იქმნა; განვღმრთდეთ, რამეთუ იგი ჩვენი მიზეზით განკაცდა, თავი დაიმდაბლა, რათა ჩვენ აღვემაღლებინეთ, სოფელს წარუდგა ღატაკი, რათა ჩვენ გავემდიდრებინეთ. იქმნა შეურაცხყოფილი, რათა ჩვენ განვედიდებინეთ; იყო სატანჯველით გვემული, რათა ჩვენ ძლევაჲ მოგვეპოვებინა; მოკვდა, რომ გამოვეხსენით; აღდგა, რომ ქვესკნელს შთაცვივნულნი ზეცის სიმაღლეს ვზიარებოდით“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი).

ნაწილობრივ მაინც რომ ვიგრძნოთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლის სიდიადე და ჩვენდამი მისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ სულში უნდა ჩავიხედოთ; თითოეულმა ცალცალკე და ყველამ ერთად უნდა განვიცადოთ ჩვენი სისუსტენი, ვამხილოთ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი, რათა მართალ მეზვერესავით გულით შევსთხოვოთ შემოქმედს: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს და იმ მეზვერესავით მივიღოთ შენდობა და მიტევება ცოდვათა ჩვენთა.

დიახ, დღეს ჩვენი მოვალეობაა, თვალი გავუსწოროთ რეალობას. შევჩერდეთ და ვიდრე ხვალისკენ მიმავალ გზას საბოლოოდ დავადგებოდეთ, დავფიქრდეთ, ვინ ვიყავით და რად ვიქეცით. დავფიქრდეთ, როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი, საით გვიბიძგებს ინსტინქტი და სინამდვილეში კი სად არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ბილიკი, რომელსაც ჩვენი სული დაეძებს?

ჩვენს ეროვნულ არსს, ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, როგორც ბრძანებს წმიდა ილია მართალი, სამი მძლავრი ფესვი ასაზრდოებს. საკუთარი მიწა, ქრისტიანობა და ენა ქართული. მათ თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რადგან თუ ქართველთა შორის დაიკარგა გრძნობა და განცდა ამ ჭეშმარიტებისა, იმ გადამრჩენელ ბილიკს ვერასდროს მივაგნებთ.

სააღდგომო ეპისტოლეში მინდა შევეხო ჩვენი დღევანდელობის ზოგიერთ მტკივნეულ საკითხს.

სამწუხაროდ, წარსულმა წლებმა ჩვენს აზროვნებას ფსიქოლოგიური რღვევის მექანიზმის დაღი დაასვა, მისი მიზანი იყო ადამიანის არსიდან ღვთის განდევნა და მისი ადგილის დაკავება. ამიტომ ყველაფერი, რაც აღნიშნულ პრინციპს არ ემორჩილებოდა, იდეოლოგიისთვის მიუღებელი იყო. არ სჭირდებოდა მას დემოკრატია, სიყვარული, თავისუფლება, ჭეშმარიტება... რწმენისა და ინტელექტის უარყოფამ განაპირობა მსოფლმხედველობისა და ზოგადადამიანური მრწამსის რღვევა, სინათლის ადგილას გამეფდა სიბნელე. სიყვარულის ადგილას - სიძულვილი, ცოდნის მაგივრად - უმეცრება, ღვთის ნაცვლად - ურწმუნოება. ზნეობა და სულიერობა ისე დაინთქა მკვდრად ნაშობი იდეოლოგიის სქემაში, ისე გაილია და გაფერმკრთალდა, ვერც კი ვიგრძენით, როდის დავკარგეთ იგი. ადამიანი იქცა მომავლისთვის მეტად საშიშ მანქანად, ავტომატად.

ჩვენი დაბალი სულიერების მანიშნებელი ბევრი მაგალითია, ბევრი ფაქტია.

რით შეიძლება ავხსნათ თუ არა ამით, ქართველის მიმართ ქართველი ადამიანისვე დაუნდობელი სისასტიკე? ჩვენი შვილები ჩვენს თვალწინ ერთმანეთს ხოცავენ ისეთი ღვარძლით, ისეთი გამეტებით, რომლითაც ქრისტიანი კაცი სამშობლოს მტერსაც კი არ გაწირავდა.

ანდა საიდან მოდის ჩვენი დაუოკებელი სურვილი, გამოსწორება დავიწყოო სხვისით და არა ჩვენი თავით? რატომ ვხედავთ სხვის ნაკლს და საკუთარს კი არ ვამჩნევთ, რატომ ვხედავთ სხვა ადამიანში მხოლოდ „სავლეს“ და იმას კი არ ვფიქრობთ, რომ უფალს ძალუძს „სავლე“ აქციოს „პავლედ“, ცოდვილი - წმინდანად, ბოროტი - კეთილად. ამპარტავნება ჩვენი ხშირად იქამდეც კი მიდის, რომ ამ გარდაქმნასაც ვერ ვიტანთ; გვშურს, გვინდა, ადამიანი, რომელსაც ჩვენ ასე მკაცრად ვაკრიტიკებდით, განვიკითხავდით, სამუდამოდ ბოროტი დარჩეს. გვავიწყდება მაცხოვრის ერთ-ერთი მთავარი მცნება: ღვთისა და მოყვასის სიყვარული. ეს თუ ახლავს კაცს, მაშინ იგი მიმტევებელიცაა. ზოგიერთი კი ისეა გაბოროტებული, თვლის, თითქოს მიმტევებლობამ დაღუპა საქართველო [*]. ასეთ პიროვნებაში დაკარგულია არა მარტო ქრისტიანული სული, არამედ ადამიანურიც. უნდა გვახსოვდეს სიტყვები წმიდისა ბასილი დიდისა: ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, მას სიყვარულით უწამლებ მხოლოდ.

ქრისტიანულ რწმენაზე და სიყვარულზე დაფუძნებულმა მიმტევებლობამ კი არ დაგვღუპა, გადაგვარჩინა.

ჩვენი ერის წინაშე დიდი პრობლემები დგას. მდგომარეობა რთულდება და უარესდება იმითაც, რომ ქართველთა შორის არ არის თანხმობა, მეტიც, ხშირად მტრობაა, რაც განსაკუთრებულად გამოვლინდა თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ფონზე.

მრავალპარტიულობა შესანიშნავი და ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობაა, მაგრამ მას ხომ უნდა კეთილად გამოყენება, ისეთ სახელმწიფოებში, სადაც დემოკრატია და პარტიების სიმრავლე უკვე საუკუნეობით არსებობს, გამომუშავებულია კამათის ეთიკა. ჩვენთან კი ეს არც იყო და არც არის. ჩვენი სულიერი და კულტურული დონე იმდენად დაბალია, რომ კამათის დროს გადავდივართ ერთმანეთის შეურაცხყოფაზე, მუქარაზე, არ ვერიდებით არც ცოცხალს, არც მკვდარს. ჯერ კიდევ ძველი რომაელები ამბობდნენ: მიცვალებულზე ან კარგი უნდა თქვა ან არაფერიო. ჩვენ კი წარმართების დონემდეც ვერ ავმაღლებულვართ. ცუდის თქმას არ ვჯერდებით, მკვდრებს საფლავებშიც აღარ ვაყენებთ.

დადგა დრო უფროსი თაობის ჯერ არნახული დაუნდობელი ლანძღვისა იმ საბაბით, თითქოს მან დაღუპა საქართველო.

ის კი გვავიწყდება, რომ XIX-XX საუკუნეებში ჩვენი ერის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები შედეგი იყო სწორედ ქართველთა სულიერი დონის დაკნინებისა, სულმოკლეობისა, ურთიერომტრობისა... და რომ წინაპართა ეს ნაკლი ჩვენშიცაა. ჩვენც მონანი ვართ ამ სიმდაბლისა, თავი კი უცოდველი გვგონია. საკითხავი ისიცაა, მათ ადგილას განა ჩვენ უკეთესნი ვიქნებოდით. გავუძლებდით კი იმ წლების სიმძიმეს?

საერთოდ ჩვენ გვავიწყდება, რომ ცოდვა უნდა გვძულდეს, მაგრამ ცოდვის ჩამდენი ადამიანი, როგორც ბოროტის საცოდავი იარაღი, უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. იგი არ უნდა მოვიძულოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ მას ნაკლის დაძლევაში. მოძმის მხილებას კი სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად, თორემ იგი მოყვასისადმი სიძულვილსა და მტრობაში გადაიზრდება და უფრო დიდი ბოროტების სათავედ იქცევა. ნებისმიერი პარტიის წევრში თუ უპარტიოში, ხანდაზმულში თუ ჭაბუკში მტერი კი არა, ჩვენი მამა, დედა, და, ძმა, მეგობარი უნდა დავინახოთ და ამ თვალთახედვიდან უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების გამოსასწორებლად.

ღმერთი ითხოვს ჩვენგან შენდობას სხვათა, რათა მას მიეცეს საშუალება, იყოს მოწყალე ჩვენდამი; და თუ არ შეგვიძლია მოწყალე ვიყოთ შეურაცხმყოფელთადმი, როგორღა ვთხოვთ უფალს შეწევნას, როგორღა ვამბობთ, „მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“, განა ჩვენ ცოდვებით ყოველდღიურად არ შეურაცხვყოფთ ღმერთს?! რატომ ვითხოვთ მისგან ლმობიერებას, როცა ჩვენ ულმობელნი ვართ?! და თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ კეთილნი ვართ მისდამი. სიკეთეს ჩვენ საკუთარ თავს ვუკეთებთ მხოლოდ.

გონიერნი მაშინ ვიქნებით, თუ საქმის კეთებას დავიწყებთ არა ლანძღვით, არამედ ერთმანეთის გვერდში ამოდგომით, ერთმანეთის მოსმენით, ურთიერთგაგებით, კარგი იდეების გაზიარებით.

სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა დამღუპველია.

ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა შედგეს ყველა პარტიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა კრება, რომელიც გამოიმუშავებს პარტიების კამათის ეთიკის კანონებს, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ყველასათვის.

ცნობილი ფაქტია, ადამიანები ნაკლებად იზიარებენ სხვათა შეზედულებებს, მაგრამ როცა ეცნობიან მათ აზრებს და თავისას ადარებენ, ხშირად შესაბამისი ცვლილებები შეაქვთ თავის მოქმედებასა და მიმართულებაში.

ამიტომაც, თუ გვინდა, რომ ერთიანი გონივრული აზრი ჩამოყალიბდეს, ჩვენთვის მიუღებელი პოზიციებიც ლეგალური უნდა გავხადოთ, უნდა თანახმა ვიყოთ, რომ პრესის საშუალებით ისინი საჯარო და ნათელი გახდეს მთელი საზოგადოებისათვის.

სხვა და სხვა აზრები ერთმანეთზე მოახდენენ გავლენას. ისინი დაუახლოვდებიან, შეავსებენ, მიიზიდავენ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობენ პოზიციათა ურთიერთგაგებას, კონსოლიდაციას.

იმისთვის კი, რომ გავეცნოთ სხვათა შეხედულებებს, განვსაჯოთ და განვსაზღვროთ მომავლის გზის მიმართულება, დრო გვჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ სულსა და ხასიათში გვიზის სიჩქარე, სულსწრაფობა უნდა დავიოკოთ, ხომ ფაქტია, როცა ვჩქარობთ, ბევრ შეცდომას ვუშვებთ.

ყოველივე აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მიტინგებისა და გაფიცვების სახით ევროპიდან შემოსულმა პროტესტის თუ აზრის გამოთქმის ამ ფორმამ დრო მოჭამა, ხალხი შეეჩვია მას, დაიღალა და უკურეაქცია გაჩნდა.

სასურველია, ყველა პარტიის მონაწილეობით შექმნილ კომპეტენტურ ორგანოსთან ჩამოყალიბდეს „იდეათა ბანკი“, რომელიც განიხილავს ყველა წამოჭრილ საკითხს და წინადადებას, მთელი სამართლიანობით განსჯის მათ და საბოლოოდ დაასაბუთებს ამა თუ იმ აზრის სისწორეს ან უმართებულობას.

ორგანოს გადაწყვეტილებას უნდა დაეთანხმოს იდეის შემომტანი.

ორგანოს განაჩენი აუცილებლად უნდა შესრულდეს.

მე იმედის თვალით ვუყურებ მომავალს. ამის საფუძველს გვაძლევს თუნდაც 19 მარტს მომხდარი ფაქტი. ამ დღეს იმძლავრა ჩვენში მიძინებულმა სიყვარულმა, შეერთდა დაქსაქსული ქართული სული, სინანულის მადლით განიბანა და თანადგომისა და თანაგრძნობის სურვილით აღვსილი ერთგულების ფიცით წარდგა ღვთის წინაშე სიონის ტაძარში. ღმერთმა ისმინოს მათი, ღმერთმა დალოცოს და შეკრას საქართველო.

უნდა გვახსოვდეს, მტერი უძლურია თუ ჩვენ ერთად ვიქნებით. მან არ უნდა გამონახოს მოღალატე ჩვენს შორის. მტერი დღესაც არ გვაკლია, მაგრამ უფლის და ღვთისმშობლის დედობრივ კალთას მინდობილნი, მათ ჩვენ ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით მივმართავთ: „თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ, ცეცხლია თქვენი სუნთქვა, თქვენივ შემჭმელი“ (ესაია 33,11).

ხვალინდელ დღეზე ფიქრი განსაზღვრავს ჩვენს განსაკუთრებულ მზრუნველობას ახალგაზრდებზე; ეს სწორია, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება მოზარდ თაობას უნდა მივაქციოთ.

დღეს განსაკუთრებული მისია ეკისრებათ ქართველ დედებს. მათ უნდა შეძლონ ცხოვრების გაუკუღმართებული წესის შეცვლა. მათ აკვნიდანვე უნდა ჩაუნერგონ შვილებს ღვთისა და მოყვასის სიყვარული, ერთგულების, თანაგრძნობის უნარი...

ცხოვრება ისე როდია მოწყობილი, არავისთან შეგექმნას კონფლიქტი, არავის აწყენინო ან არავინ გაწყენინოს. ჩვენს შვილებს უნდა შეეძლოთ მოთმინებაც, შენდობაც, გატანაც. ეს იმას კი არ ნიშნავს, თითქოს მათ არ უნდა ვასწავლოთ ღირსების დაცვა. მაგრამ მათ ღირსება ღირსეულად უნდა დაიცვან, არა ლაჩრული გზით: კაცის კვლით, ბოროტებით, დაუნდობლობით, არამედ სიმართლით, მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით.

მოვუხმოთ სიბრძნესა და სიყვარულს, რამეთუ სიბრძნე მარტოოდენ სიყვარულშია.

საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ასევე სკოლებს.

აშშ-დან საქართველოში ჩამოსულ მოსწავლეთა ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი მიამბობდა, რომ ისინი კოლეჯებში გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა ბავშვებს ასწავლიან ჩხუბისა და უსიამოვნების შემდეგ მასწავლებლებისა და მშობლების ჩაურევლად შერიგების სხვა და სხვა გზას; ასწავლიან სიკეთის ქმნას, მიმტევებლობას, გაჭირვებულისადმი დახმარებას, შრომისადმი პატივისცემასა და სიყვარულს. ჩვენ კი ამაზე არც გვიფიქრია. ჩვენ ვასწავლით, ვინ არის კლასობრივი მტერი და როგორ მოვსპოთ იგი.

სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში იკითხება საგანი, რომელსაც „ზნეობრივი ღვთისმეტყველება“ ეწოდება. თუ ღვთისმეტყყვლება ჯერ კიდევ მიუღებელია ჩვენს სკოლებში, ზნეობა ხომ აუცილებელია. საგანს დავარქვათ „ზნეობრივი კულტურა“ და შევიტანოთ იგი სკოლის პროგრამაში.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ თანამედროვე პედაგოგიკის ნაკლზე. გამოთქმულია მრავალი მოსაზრება, შემუშავებულია პროგრამა... მაგრამ იმას კი არავინ დაკვირვებია, რომ პირველი კლასიდან დამამთავრებელ კლასამდე ერთ სკოლაში მოსწავლეთა სწორად აღზრდა შეუძლებელია; რომ აბსურდი და უდიდესი დანაშაულია, როცა პირველკლასელს ვაიძულებთ, თითქმის იმდენივე ხანს იჯდეს გაკვეთილზე მობილიზებული, რამდენ ხანსაც ვთხოვთ, ვთქვათ, მეათე კლასის მოსწავლეს. სწავლების ასეთი ფორმით ხომ ბავშვს ძალაუნებურად რობოტად ვზრდით.

ყმაწვილის დატვირთვა თავდაპირველად მსუბუქი ფორმით, ვთქვათ 5 ან 10 წუთით უნდა დავიწყოთ. შემდეგ კი ნელ-ნელა გავზარდოთ დრო, რომ ისინი სიბეჯითეს თანდათან შეეჩვიონ. სწავლების პროცესში ჩვენი ის ნაკლიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველებს გვახასიათებს საქმის კარგად დაწყება, მაგრამ დამთავრება კი გვიჭირს, არ გვიყვარს მისი ბოლომდე მიყვანა. ამიტომ ბავშვს რა ხნის განმავლობაშიც დავსვამთ გაკვეთილზე, ისეთი დავალება უნდა მივცეთ, რომ იმ დროში აუცილებლად ჩაეტიოს, დაასრულოს იგი, ან საქმის გარკვეული ნაწილი მაინც, რომ მას გამოუმუშავდეს დაწყებულის აუცილებლად დამთავრების სურვილი და მოთხოვნილება.

ალბათ, ყველაზე სასურველია, სკოლები დაიყოს კლასების მიხედვით, ერთი სკოლა იყოს პირველი კლასებისათვის, სხვა - მეორე კლასებისათვის და ა. შ. ანდა ერთი სკოლა დაწყებითი კლასებისათვის, მეორე - მოზარდთათვის და ა, შ., სამწლიანი შუალედით თითოეული.

ბოლო წლების მღელვარებამ დაგვანახა, რომ ჩვენი მოქმედება ძირითადად გრძნობებსა და ემოციებზეა დაყრდნობილი და რომ გონება არ აკონტროლებს მას. ემოციურობა კარგია, იგი ჩვენი თვისებაა, მაგრამ არ არის საკმარისი. გვაკლია ღრმა ანალიზის უნარი.

საერთოდ, უნდა ითქგას რომ თანამედროვე ადამიანის აზროვნება ზედაპირულია, მოკლებულია ღრმა განსჯას, რასაც მეცნიერები რადიოს, ტელევიზიის, პრესის, კინოს, თეატრის და ინფორმაციის სხვა საშუალებების სიმრავლით ხსნიან. კაცი ვერ ასწრებს ყველაფრის აღქმას, ამიტომაც მისი გონება სწრაფად გადადის ერთი საგნიდან მეორეზე.

მიგვაჩნია, რომ ამ ხარვეზის გამოსწორება შეგვიძლია, თუ შეიქმნება I კლასიდან დამამთავრებელ კლასამდე სასკოლო კურსი ღრმა აზროვნების სწავლებისათვის, სადაც გამოყენებული იქნება ღვთისმეტყველების, ლოგიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის... მონაპოვარი, ჩვენი ერის სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალი (თეორიული მასალა აუცილებლად მაგალითებით უნდა იყოს განმტკიცებული).

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენით და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

ქრისტეს აღდგომის ნათელი მოიცავს მთელ სამყაროს. მისი მადლით ნიშანდებულნი უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვისაგან, რათა ვეზიაროთ ჭეშმარიტებას; თუ არ განვიძარცვეთ სხეული ძგელი ადამისა და არ შევიმოსეთ ქრისტეს სამოსით, მარადიული სიკვდილისათვის გავწირავთ თავს.

მაგრამ იესომ ხომ შემუსრა საკვრელნი სიკვდილისა, - იკითხავს ზოგი.

სიკვდილი სამი სახისაა: ფიზიკური, სულიერი და მარადიული.

მაცხოვარმა ჩვენ სულიერი და მარადიული სიკვდილისაგან გვიხსნა. გვიხსნა სულიწმიდის განშორებისა და მარადიული სატანჯველისგან. მან თავისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა პირველქმნილი ცოდვა და ამით მორწმუნეთათვის სასუფევლის კარი შეაღო.

„მე ვარ აღდგომა“ და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე“ (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკიცება იმისა რომ ჭეშმარიტება სძლევს სიცრუეს, სიკეთე - ბოროტებას, სიყვარული - სიძულვილს, სიცოცხლე - სიკვდილს.

მაშ, დავფლათ ჩვენი ცოდვითი მიდრეკილებანი და შევუდგეთ ქრისტეს, მასთან ერთად მოვკვდეთ, რათა მასთან ერთად აღვდგეთ და ვიდიდებოდეთ მასთან ერთად.

„გიხაროდეთ, რამეთუ უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეუფე; ის გადაგვარჩენს“ (ესაია 33,32).

გიხაროდეთ, ქ რ ი ს ტ ე   ა ღ დ გ ა !

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 1990 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.

 


[*] მიმტევვალიბა და უპასუხისმგებლიაა სხვა და სხვა მცნებებია.