„საგალობელ ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ დიდებულნი
ქმნა, ამცნეთ ესენი... ყოველსა
ქვეყანასა“ (ესაია12,5),
„მშვიდობა თქვენთანა“, - პირველად ამ სიტყვებით აკურთხა აღდგომილმა მაცხოვარმა თვისი მოწაფენი. ამ სიტყვებითვე მიმართავს იგი დღეს მთელ კაცობრიობას, ბოროტების წყვდიადში, ომისა და ძალადობის მორევში დანთქმულ თითოეულ ჩვენგანს. და თუ შენ ქრისტიანი ხარ, გახსენ გულის კარი და იგრძნობ, უფლის ეს დალოცვა, როგორ უწამლებს შენი სულის შეუხორცებელ, ღია ჭრილობებს.
„ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხოვრებაი... ნეტარ არს, რომლისა ღმერთი იაკობისი შემწე არს მისსა და სასოებაჲ მისი არს უფლისა მიმართ ღმრთისა მისისა“ (ფსალმუნი 14,3,5).
ჭეშმარიტად, ერთადერთი იმედი და მხსნელი ჩვენი უფალია.
ძმანო და დანო ჩემნო, უფლის იმედითა და სიყვარულით აღვსილი გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
გწამდეთ ღვთისა და სასოებდეთ მას და ტანჯვა თქვენი სიხარულად შეგეცვლებათ.
წმინდა მამების სწავლებით, სულის ხსნის გზა სამ ძირითად საფეხურს მოიცავს:
უნდა განგეშორთთ ცოდვას;
ხოლო თუ შევცოდებთ, სინანულით უნდა განვიწმინდოთ;
მაგრამ თუ გულწრფელად ვერ მოვინანიებთ, მწუხარებას შეგვამთხვევს უფალი, რათა დანაშაული გამოვისყიდოთ.
ჩვენში უმრავლესობა, ალბათ, მესამე კატეგორიას ეკუთვნის, ამიტომაც განსაცდელი და მწუხარება არ გვტოვებს. მაგრამ გვწამს, მაცხოვარივე მოგვცემს ძალას მათ დასაძლევად. მთავარია, შეჭირვების ჟამს არ დავკარგოთ ღვთისაგან ნაბოძები მადლი, მადლი სიყვარულისა და მუდამ გვახსოვდეს წმინდა ბასილი დიდის სიტყვები: ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, მას მხოლოდ სიყვარულითა და სიკეთით შეიძლება უწამლო.
წარსული თავისი ცოდვა-მადლით უკვე განგვშორდა. ჩვენ ახლა აწმყოსა და მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
ერთ-ერთმა დიდმა მეცნიერმა სიტყვა „დღეს“ ქვაზე ამოკეთა და საწერ მაგიდაზე დაიდო, რათა თავისი თავისთვის მუდამ შეეხსენებინა, რომ ადამიანისათგის ყველაზე ძვირფასი დღევანდელი დღეა. დღეს მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი კარგი და დიადი, რადგან ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს. თუ ამ წესით ვიცხოვრებთ, ჭეშმარიტ გზაზე დავდგებით.
ჭეშმარიტების ძიება ადამიანის სულის თვისებაა და ეს პროცესი მას აუცილებლად მიიყვანს ღმერთამდე - აბსოლუტურ ჭეშშარიტებამდე და მოყვასის სიყვარულამდე. ჭეშმარიტების გარეშე არ არსებობს მომავალი, არ არსებობს ნამდვილი სიხარული, ცხოვრებას არა აქვს აზრი. უფალი ბრძანებს: „სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოანე 8,32).
დღეს თითოეული ჩვენგანი ოცნებობს თავისუფლებასა და მშვიდობაზე. სუვერენული სახელმწიფო, - ეს სიტყვები ხშირად გვხვდება ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე, გვესმის ადამიანთა საუბრისას. ის კი გვავიწყდება, რომ ამასთან ერთად სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანობის გარეშე, რწმენისა და სიყვარულის გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ქვეყანა, რომელიც ამ კანონებით არ ცხოვრობს, ჯოჯოხეთად იქცევა თავისივე ხალხისთვის. სრულყოფილი და სამართლიანი სახელმწიფო რომ შევქმნათ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანები უნდა აღვზარდოთ სიყვარულის, რწმენისა და სამართლიანობის პრინციპებით. მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ, საიდან და როგორ დავიწყოთ აღზრდა.
ცნობილი მეცნიერები, ფილოსოფოსები, ღვთისმეტყველები, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ საქმეს ბავშვის დაბადების პირველი დღიდანვე უნდა შევუდგეთ. ამასთან, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია, ცოდნის მიცემასთან ერთად, გრძნობათა აღზრდაზეც ვიზრუნოთ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გულის კულტურას. გული არის ადამიანის სულიერი და ხორციელი სიცოცხლის შეერთების ადგილი; აქედან მომდინარეობს კეთილი და ბოროტი ზრახვანი და ქმედებანი. ჩვენი გონება გარედან მიღებულ ინფორმაციას აგზავნის გულში, აქ ხდება ყოველივე ამის სამართლიანი ან უსამართლო განსჯა, რომელიც შემდეგ ჩვენს მოქმედებაში ვლინდება. გული არის ცენტრი მრავალგვარი სულიერი გრძნობისა, სხვადასხვა განცდისა, ცხოველური ვნებისა.
ასე რომ, გულში ყალიბდება და მწიფდება პიროვნების ზნეობრივი საფუძვლები, რომელნიც შებდეგ ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს.
წმინდა მეფე დავითმა, ფსალმუნთა შემქმნელმა, მშვენივრად იცოდა გულის მნიშვნელობა, იგი ასე შესთხოვს შემოქმედს: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“ (ფსალმუნი 50,12).
გული, - ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი სიწმინდე, კვარცხლბეკი უზესთაესისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ამიტომაც მიმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს: „მომეც მე, შვილო, გული შენი“ (იგავნი 23,26).
ამის შესახებ დაწვრილებით იმიტომ ვსაუბრობთ, რომ მშობლები ანდა პედაგოგები როცა შვილს ან მოსწავლეს ამა თუ იმ კეთალ რჩევას აძლევენ, ხშირად მათი ნათქვამი რჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. უფროსების დარიგება, ახსნა, მტკიცება უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა, რადგან თავიდანვე დაშვებული აქვთ ერთი დიდი შეცდომა: მათ ვერ შეძლეს ბავშვის გულის კარის გაღება. გული კი მსოლოდ სიყვარულით იხსნება.
მშობელმა თუ მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მსმენელთა სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება; გააღე გული, შედი შიგ, დაამყარე წესრიგი და შენი გემოვნებით განალაგე ყოველი; ხელის შემშლელი არ გეყოლება.
მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია. იგი გაცილებით იმაზე მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია. (ადამიანებს შორის ხომ, გარდა ხილულისა, თვალისთვის შეუმჩნეგელი სულიერი კავშირიც მყარდება).
მაინც რა არის სიყვარული?
შესანიშნავად წერს ფილოსოფოსი პლატონი: „ერთიანობის, მთლიანობის დაუოკებელი სურვილი და მისდამი სწრაფვა არის სიყვარული“ (პლატონი, მ. 1990, ტ. II, გვ. 120). მაგრამ სიყვარულის არსს ყველაზე ღრმად და ნათლად მაინც წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი განმარტავს. „საყვარელნო, ვიყუარებდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი, რომელსა არა უყვარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს“ (I იოანე 4,9).
სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს. ადამიანის სიცოცხლის მთავარი აზრიც ის არის, რომ უყვარდეს სხვა, უყვარდეს ღმერთი, უყვარდეს ბუნება, უყვარდეს კეთილნი და ბოროტნი, უყვარდეს ყველა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია, სხვებსაც ვუყვარდეთ.
რით დავიწყოო? - ყველაზე მცირით, ერთი ადამიანით.
შენს დამოკიდებულებას ამ პიროვნებისადმი უნდა განსაზღვრავდეს არა ვალდებულება, არამედ სიყვარული, მასთან სულიერი ერთობის სურვილი. სხვა ადამიანში, თუნდაც ყველაზე შეუმჩნეველში, ან ცოდვით დაცემულში, უნდა სცადო, დაინახო ღვთის ბრწყინვალების ანარეკლი, - მისი კარგი თვისებები და ასე შეიყვარო იგი.
შენს მოქმედებას საფუძვლად სიყვარული დაუდე და გახსოვდეს, მთავარი ის კი არ არის, რამდენს გაიღებ გაჭირვებულის დასახმარებლად, არამედ ის, თუ სიყვარულის რა წილს ჩადებ შენს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეში. ღვთის სახელით სიყვარულით აღსრულებული კეთილი საქმე მეტად დიდი მადლია წინაშე უფლისა,
ამ ეპისტოლეში მინდა შევეხო ჩვენი მოზარდი თაობის პრობლემას, აღზრდის საკითხს ოჯახსა და სკოლაში, საშუალო სკოლის საგანმანათლებლო კურსს და იმ ზოგიერთ გადაუჭრელ საკითხს რომელიც დღეს დგას ჩვენს წინაშე.
პრობლემები ბევრია და ხშირად არც ვიცით, საიდან დავიწყო მათი მოგვარება. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მოზარდების მიმართ დიდად სცოდავენ როგორც ოჯახი, მშობლები, ისე სკოლა და პედაგოგები.
ოჯახზე რომ ღვთის ლოცვა-კურთხევა იყოს, ცოლ-ქმარს, აუცილებლად, ტაძარში უნდა ჰქონდეს ჯვარი დაწერილი, ხოლო თუ ისინი ჯვარდაუწერელნი არიან, მათი ურთიერთობაც და შვილებიც უკანონო და ღვთის კურთხევის მადლს მოკლებულია.
ბავშვის აღზრდისას ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, სადაც მშობლები ყოველდღიურად კეთილსინდისიერად შრომობენ, ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, ცდილობენ დაეხმარონ გაჭირვებულებს, იქ, სადაც არავინ არავის არ უყვირის, არ უხეშობს, არ ატყუებს... იზრდებიან ასეთივე კეთილი თვისებების მქონე პიროვნებები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შვილების ქრისტიანულ აღზრდას. დღესდღეობით მრავალი სექტა არსებობს: ბაპტისტების, ორმოცდაათიანელების, ევანგელისტების, იეღოვისტების, აღმოსავლურ რელიგიათა წარმომადგენლების: ბუდისტების, ინდუისტების, კრიშნაიდებისა და სხვათა. ისინი ცდილობენ, გაავრცელონ თავიანთი ცრუ სწავლება, ეწევიან აქტიურ პროპაგანდას და ხშირად მიზანსაც აღწევენ, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, რადგან მათ ოჯახიდან არა აქვთ მიღებული საჭირო რელიგიური აღზრდა, არ იცნობენ მართლმადიდებლობას და მტკიცედ არ დგანან თავიანთ სარწმუნოებაზე.
უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, - რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომელიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა. ამიტომაც ჩვენი ეკლესია იწოდება სამოციქულო ეკლესიად და იგი დღემდე იცავს ერთიანი, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის მრწამსსა და ტრადიციებს.
„მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“, - ვკითხულობთ სარწმუნოების სიმბოლოში. რომელიც წმინდა მამათა მიერ I და II მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ჩამოყალიბდა. ამიტომაც დიდ ცოდვასა და დანაშაულს სჩადიან ისინი, რომელნიც ტოვებენ მართლმადიდებლობას და სხვა სექტებში გადადიან. თვითონ სიტყვა „მართლმადიდებლობა“ ანუ მართლად, სწორად დიდება ღვთისა, ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტებაზე მეტყველებს.
ამის შესახებ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ შეგახსენოთ, მარტო მართლმადიდებლურად მონათვლა არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, რათა ვიგრძნოთ ძალა და მადლი მართლმადიდებლური სარწმუნოებისა და არასდროს განცეშოროთ მის ჭეშმარიტ გზას.
ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ, აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის განწმენდა, ხშირად ზიარება, ყოველ წელს სახლის კურთხევა, აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის სპეციალურად მათთვის განკუთვნილ დღეებში ლოცვა... ასეთი ოჯახი, როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე, იქცევა „სახლის ეკლესიად“ და დაივანებს იქ უფალი და დაიცავს მას მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით.
მაგრამ სამწუხაროდ, ოჯახში უფროსები ხშირად არასწორად იქცევიან. ისინი კერპებივით ეთაყვანებიან თავიანთ შვილებს, რაც ღვთის საწინააღმდეგოა; განსაკუთრებულად ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ აღზრდაზე, ცდილობენ აუცილებლად მისცენ საშუალო და უმაღლესი განათლება, ყველაზე მთავარი კი ავიწყდებათ, ავიწყდებათ სულიერი აღზრდა, ავიწყდებათ ბავშვებში იმ მორალური თვისებების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა ახასიათებდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს.
საბოლოოდ შედეგიც სამწუხაროა: შვილები ნელ-ნელა კარგავენ მშობლების სიყვარულს, თანდათან შორდებიან მათ, ყურადღებას აღარ აქცევენ ანდა უპატრონოთა თავშესაფარში აბარებენ. იმაზე კი აღარ ფიქრობენ, რომ იგივე ხვედრი, ანდა უფრო უარესი, თვითონ მათ ელით.
„პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“, - გვასწავლის მეხუთე მცნება.
მშობლების პატივისცემა და მათი რჩევის გათვალისწინება არის საფუძველი ქალიშვილისა თუ ვაჟის მომავალი ოჯახის სიმტკიცისა და ბედნიერებისა. უპატივცემულობა კი - მიზეზი ოჯახის უბედურებისა და დარღვევისა.
პიროვნების ინტელექტუალური თუ სულიერი ჩამოყალიბებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლას. კარგად უთქვამთ: სკოლა ისეთია, როგორიც არის საზოგადოებაო.
საზოგადოება, როგორც ვიცით, დაავადებულია; შესაბამისად დასნეულებულია სკოლაც. ჩვენი საშუალო სკოლა კონსერვატულია და ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს.
მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და საპატიო პროფესიაა მთელს მსოფლიოში, რადგანაც იგი ზრდის მომავალ თაობებს. ჩვენთან კი პედაგოგს არა აქვს ავტორიტეტი არც ოჯახში, არც საზოგადოებაში და არც მოსწავლეთა შორის. უფრო მეტიც, უმრავლეს შემთხვევაში მოწაფეს არ უყვარს სკოლა და არც აღმზრდელნი.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ მასწავლებლის შრომის სოციალურ და საზოგადოებრივ მნიშვნელობაზე, ამის თაობაზე ადგენენ სხვადასხვა დეკლარაციებს... საქმე კი ადგილიდან არ იძვრის, პირიქით, უფსკრულისკენ მიექანება.
ჩემი შეხედულებით, ყველაზე დიდი ხელფასი, ნებისმიერი პროფესიის ადამიანებთან შედარებით, პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ. აქ უნდა მივიზიდოთ ყველაზე ნიჭიერი კადრები, ისეთნი, რომელნიც გამორჩეულნი იქნებიან არა მარტო ცოდნით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღრმა რწმენით, სიყვარულით, დიდი მოთმინებით და სხვა კეთილი თვისებებით, რასაც შემდეგ ისინი თავიანთ მოსწავლეებს გადასცემენ.
მასწავლებლის შესახებ შეიძლება დაუსრულებლად ვილაპარაკოთ, მაგრამ მისი უპირველესი მოვალეობაა გააკეთოს ყველაფერი, თვით შეუძლებელიც კი, რათა მოსწავლეებმა ნამდვილი სიყვარულით შეიყვარონ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიყვარებენ ისინი საგანს, რომელსაც სწავლობენ.
მასწავლებელთა შორის, რა თქმა უნდა, დღესაც არიან ნიჭიერი პიროვნებები, რომელნიც გარდა იმისა, რომ კარგად ფლობენ საგანს, დაინტერესებულნი არიან მაგ., კარგი ბიბლიოთეკის შექმნით, სოფლის მეურნეობით, ხელოვნებით, გატაცებულნი არიან ფილატელიით, ან წერენ ლექსებს... და თავის ინტერესებსა და მისწრაფებებს აღსაზრდელთაც უზიარებენ.
ასეთი პედაგოგები სხვათაგან განირჩევიან მაღალი სულიერობით, ზნეობით, კულტურით. ისინი ღიმილით შედიან საკლასო ოთახებში და თავიდანვე ქმნიან მშვიდ და სასიამოვნო განწყობილებას. არ იჩენენ პედანტობას ჟურნალში დასწრების აღრიცხვისას, არ ცდილობენ ორიანის დაწერას და იმ მოსწავლეთა დასჯას, რომელთაც არა აქვთ გაკვეთილი მომზადებული. ბავშვებთან მათი შეხვედრა რომ საინტერესო იყოს, ისინი რამდენიმე წუთს უთმობენ მეცნიერულ მიღწევებზე, ხელოვნების სიახლეზე ან სხვა საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს.
მაგონდება ერთ-ერთი ჩემი პედაგოგი, რომელმაც გაკვეთილზე კონსპექტის რვეულთან ერთად ხელჩანთიდან ამოიღო დანა, ჩანგალი, კოვზი... და თითქმის მთელი გაკვეთილის მანძილზე გვიხსნიდა მათი ხმარების წესებს, სადილობის დროს ქცევის ეტიკეტს. ჩვენ იმ დღეს ბევრი რამ საჭირო შევითვისეთ. მის საგანს კი ამით არაფერი დაჰკლებია.
ამ ცოტა ხნის წინათ საპატრიარქოს რეზიდენციაში გვეწვივნენ თბილისის 126-ე საშუალო სკოლის მე-7 კლასელები. გაიმართა საინტერესო საუბარი, რომელსაც ბავშვებთან ერთად პედაგოგები და მშობლებიც ესწრებოდნენ. მე მათ ვუამბე საქართველოს ეკლესიის, საპატრიარქოს შენობის ისტორიის შესახებ, ვუთხარი ისიც, რომ საპატრიარქოში გახსნილია უფასო სასადილო ხელმოკლე სტუდენტებისთვის, გაჭირვებული მარტოხელიბისა და მოხუცებისთვის. ბოლოს ვთხოვე მასწავლებლებს, რომ ამიერიდან აღარ დაეწერათ ორიანი მოსწავლეებისათვის და ბავშვებსაც, - რომ არ ჩაეგდოთ პედაგოგები უხერხულ მდგომარეობაში. ეს წინადადება სიხარულით მიიღო ორივე მხარემ.
სამი-ოთხი კვირის შემდეგ ისინი კვლავ მოვიდნენ ჩემთან და მოიტანეს შეგროვილი თანხა - ხუთასი მანეთი უფასო სასადილოსთვის.
ღირებული ეს ფული კი არ არის, არამედ სურვილი ბავშვებისა, მონაწილეობა მიეღოთ ღვთის სათნო საქმეში, რისთვისაც მათ მთელი დანაზოგი გაიღეს, შეიწიროს უფალმა მათი ქველმოქმედება და აკურთხოს ისინი.
ამ ქრისტიანულ საქციელში ჩანს პედაგოგთა კეთილი გავლენა.
როდესაც მასწავლებლის ნაკლზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი დამნაშავენი არ არიან; დამნაშავეა განათლების დღეს არსებული სისტემა, რომელმაც კარგახანია დრო მოჭამა, მაგრამ მაინც ვერავინ ბედავს მის შეცვლას.
ამ სისტემაში აღმზრდელი არარაობას წარმოადგენს. მას აძლევენ გარკვეულ პროგრამას და აიძულებენ მის შესრულებას; დაფიქრების საშუალებასაც კი უსპობენ იმაზე, რომ მიხვდეს, პროგრამის ათვისება კი არ არის მთავარი, არამედ ბავშვებისათვის მორალური, ზნეობრივი, სულიერი საზრდოს მიწოდება, რათა ისინი ჭეშმარიტ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. პედაგოგი სახელმწიფოსა და საზოგადოებისაგან, მშობლების, დირექტორისა და მოწაფეებისაგან იმდენად დათრგუნულია, რომ ფაქტიურად დაკარგული აქვს თავისი თავისადმი რწმენა, თვითონაც ადვილად იმცირებს თავს და არც ცდილობს, როგორმე განშორდეს ამ ჭაობს.
მართალია, სავალალოა მასწავლებელთა მდგომარეობა, მაგრამ მთელი ტრაგედია მაინც იმაშია, რომ ისინი ზრდიან ასეთივე შეზღუდულ და უსახო მომავალ თაობებს, შეუგნებლად უვითარებენ რა მათ სკოლისადმი და საერთოდ სწავლისადმი სიძულვილს.
აიღეთ თუნდაც სახელმძღვანელოები, როგორ არის ისინი შედგენილი?! მე, მაგალითად, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს განზრახ იმგვარადაა იქ მასალა წარმოდგენილი, რომ საბოლოოდ ჩაუკლან ბავშვს ცოდნის შეძენის სურვილი.
საშუალო სკოლის პროგრამაც ისეა აგებული, თითქოს მოსწავლეებს ყველაფრის ცოდნა ეძლეოდეთ. მაგრამ ეს ერთი შეხედვით; სინამდვილეში მიღებული ცოდნა არაფრის მომცემია, რადგანაც ყველა საგანი ზედაპირულად ისწავლება. ასეთივე მდგომარეობა გრძელდება ინსტიტუტებში. ასე ყალიბდებიან შემდეგ ამბიციური უმეცრები, რომელთა გამოსწორება უკვე შეუძლებელია.
იმედია ახალი თაობა გაითვალისწინებს წარსულის ამ ნაკლოვანებებს და მიიღებს შესაბამის ზომებს.
იქნებ სჯობდეს, სკოლის პროგრამა და საგნები ცალ-ცალკე შეიქმნას ჰუმანიტარული და ტექნიკური განყოფილებებისათვის. ე.ი. გაგვეხსნა ერთი ტიპის სკოლები ჰუმანიტარებისათვის, მეორე ტიპისა კი - მათთვის, ვისაც ტექნიკური საგნები იტაცებს, მაგრამ ისე, რომ ორივე სახის სკოლებში დარჩენილიყო ზოგადსაგანმანათლებლო კურსი. სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში, სხვებთან ერთად, ისწავლება ზნეობრივი ღვთისმეტყველება. საშუალო სკოლის პროგრამაშიც შეიძლებოდა შეგვეტანა ეთიკა.
განა დრო არ არის დავფიქრდეთ იმაზე, ტყუილად რატომ ვასწავლით ჩვენს ბავშვებს მაგ., ალგებრას, გეომეტრიას, ფიზიკას, ქიმიას და სხვა ისეთ საგნებს, რომლებიც ცხოვრებაში შეიმლება საერთოდ არ დასჭირდეთ. მაშინ, როდესაც არაფერს ვეუბნებით რწმენის, სიყვარულის, სიძულვილის, შურის, სინანულის, შერიგების უნარის, ამპარტავნების, თავმდაბლობის, სამართლიანობის, მოწყალების, სიძულვილის, სიცრუის, სიმართლის, შრომის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ.
ამიტომაც შედეგად მივიღეთ საზოგადოება ქურდებისა და ბოროტმოქმედებისა, მლიქვნელთა, ცრუთა და უზნეოთა, დაბალმა სულიერობამ სხვა მხრივაც იჩინა ჩვენს ხასიათში თავი: ადრინდელ ჩემს ეპისტოლეში უკვე მქონდა იმის შესახებ საუბარი, რასაც აქ კიდევ გავიმეორებ: ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ამიტომაც ჩვენს მოქმედებას ხშირად გრძნობები წარმართავს, გრძნობა კარგია, იგი გულიდან მომდინარეობს, მაგრამ არ არის საკმარისი, აუცილებელია გონების, ზოგჯერ ცივი გონების კონტროლი, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი საქციელის შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგები.
ამ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა მწერალმა საუბრისას ასე ბრძანა: თუ ვინმე დამარტყამს, მეც დავარტყამ და სულაც არ ვფიქრობ, რა შეიძლება ამას მოჰყვესო.
დიახ, ეს ქართულ ხასიათში დევს და იგი ჩვენი დიდი ნაკლია. ასე ცხოვრება არ გამოგვადგება. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგ, რადგანაც ეს „შემდეგ“ ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის შეიძლება საბედისწეროდ იქცეს.
ჩვენი შვილებიც უნდა შევაჩვიოთ განსჯას, გონიერ აზროვნებასა და მოქმედებას. ამიტომაც ყოველნაირად უნდა შევეცადოთ, კონცენტრირება გავუკეთოთ მთელ ჩვენს სულიერ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და შევქმნათ საშუალო სკოლის ყველა კლასისათვის ფილოსოფიური ღრმა აზროვნების კურსი.
წიგნები უნდა შედგებოდეს კანონებისა და ღრმა აბსტრაქტული აზროვნების შემცველი მაგალითებისაგან. რა თქმა უნდა, გამოყენებული უნდა იყოს ღვთისმეტყველება, ლოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა, ისტორია და სხვა დისციპლინები.
პროგრამა თანდათან უნდა რთულდებოდეს ისე, რომ საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღოთ ანალიტიკურად, ღრმად მოაზროგნე ახალგაზრდები.
ალბათ, ასევე საჭიროა, მეცნიერთაგან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეიმუშავებს პროგრამას და შეადგენს წიგნების სერიალს ბავშვების აღზრდის თაობაზე ოჯახში. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, პატარები თავიდანვე მიეჩვიონ ფიქრს; დაე, მათ ნორჩ თავებსა და გულებში დაიბადოს ახალი იდეები, თუნდა უტოპიური. შემდეგ ეს ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდება.
დღეს სკოლადამთავრებული ყმაწვილები საერთოდ არ იცნობენ ცხოვრებას, არ არიან მასთან შეგუებულნი, არ არიან შრომას შეჩვეულნი და ხშირად სრულიად შემთხვევით ხვდებიან ამა თუ იმ სასწავლებელში.
ვფიქრობ, სკოლაში ყოფნის პერიოდში მოსწავლეები ხშირად უნდა ატარონ ქარხნებში, ფაბრიკებში, სამეცნიერო ცენტრებში, რომ მათ გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ამა თუ იმ საქმიანობაზე. საშუალო სკოლაში ბავშვმა აუცილებლად უნდა შეითვისოს რაიმე ხელობა, რომელიც მას მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოადგება. არჩეული სპეციალობა უნდა აინტერესებდეს მოსწავლეს და უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ხელობით, საჭიროების შემთხვევაში, არჩინოს თავისი თავიც და ოჯახიც.
ბოლოს მინდა შევეხო მშობლებისთვისაც და მასწავლებლებისთვისაც ერთ მეტად საყურადღებო საკითხს, საკითხს სიტყვის მნიშვნელობის შესახებ.
სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთიანობა; მასში განსაკუთრებული მისტიური ძალაა ჩადებული.
მშობლებო! არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ.
მასწავლებლებო! თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია, ხეს რომ ყოველ დღე შესძახო, გახმიო, გახმება. ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.
განსაკუთრებული ყურადღებით მოექეცით ე.წ. ძნელადაღსაზრდელთ. სწორედ მათგან გამოდიან გენიალური ადამიანები ან ცნობილი დამნაშავენი. ასეთი ბავშვები ფლობენ დიდ ენერგიას და ითხოვენ განსხვავვბულ დამოკიდებულებას. კარგი აღმზრდელის ხელში ისინი გამორჩეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, თუ არა და მათი განვითარება სხვა მიმართულებით წავა.
ყოველთვის გახსოვდეთ, თითოეულ თქვენს მოსწავლეში ჩადებულია რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. მიეხმარეთ მას, გამოავლინოს იგი.
პედაგოგს, რომელიც ვერ იოკებს სიბრაზეს, საჯაროდ კიცხავს და შეურაცხყოფს მოსწავლეებს, უნდა ეყოს ვაჟკაცობა და გამბედაობა იმისა, რომ თვითონ დატოვოს სკოლა. იგი შეიძლება გამოდგეს ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, მაგრამ არა სკოლაში, რადგანაც ის ვერ შეძლებს რწმენითა და სიყვარულით აღზარდოს კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარის მქონე მომავალი თაობა. ეს კი ჩვენს წინაშე მდგარი მეტად რთული, მაგრამ აუცილებლაღ გადასაწყვეტი ამოცანაა.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, ხელი შევუწყოთ მათი ნორჩი, შეურყვნელი გულის კულტურის სრულყოფას. წმიდა იოანე კრონშტანდტელი ამბობს: „გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურია. გაუფრთხილდით მას. ნუ დაამძიმებთ, ნუ გაამიწიერებთ. იყავით მეტად თავდაჭერილნი ჭამა-სმისას და საერთოდ ერიდეთ ხორციელ სიამოვნებებს. გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი“. სხვა ადგილას კი იგივე წმინდანი წერს: „გულის სიცოცხლე სიყვარულშია, ხოლო ღვარძლი და მტრობა მოყვასისა კლავს მას. უფალი იმიტომ გვაცხოვრებს ამ სოფლად, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა მთლიანად მოიცვას ჩვენი გული. ამას ელის იგი ყველასგან. ეს არის მიზეზი და მიზანი ქვეყნის არსებობისა“.
ასეთი ფიქრებითა და სურვილებით ვეგებებით ჩვენ აღდგომილი მაცხოვრის ბრწყინვალე დღესასწაულს - პასექს უფლისას.
“ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“.
დაე, ღვთაებრივმა ნათელმა დაივანოს ჩვენს სახლებსა და გულებში და დაემკვიდროს ჩვენს შორის თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა. განგვაშოროს ურთიერთ სიძულვილს, შურსა და მტრობას.
დღეს მე სიყვარულით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო: რუსებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, სომხებო, აზერბაიჯანელებო, ებრაელებო, ქურთებო, ესტონელებო და ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული საქართველოს მიწისა. თქვენ ხომ მრავალი წელია ქართველთა გვერდით ცხოვრობთ და ძმური ურთიერთობის გარდა მათგან სხვა არაფერი გინახავთ. გახსოვდეთ, საქართველო ადრეც გიცავდათ და კვლავაც დაგიცავთ. ხოლო ის, ვინც ჩვენს შორის ღვარძლსა და მტრობას სთესს, ჩვენი საერთო მტერია.
მშვიდობა და ღვთის კურთხევა იყოს ჩვენთან და ჩვენს შორის, ამინ.
განსაკუთრებფლი გრძნობით მინდა მივმართო შიდა ქართლის მცხოვრებთ: როგორც ქართველებს, ისე ოსებს. შეწყვიტეთ მტრობა და შუღლი. თქვენს შვილებს მომავალში ხომ ერთად მოუწევთ ცხოვრება, დაფიქრდით ამაზე, რას უმზადებთ მათ?მწამს, ღვთის წყალობით, დადგება ბშვიდობიანი დრო და კვლავ ძმური ურთიერთობა დამყარდება ჩვენს შორის.
უფალო, მუხლმოდრეკილნი ვდგავართ შენს წინაშე სუსტნი და ცოდვილნი არა იმისათვის, რომ მოვიწონოთ ან ვიმართლოთ თავი, არამედ გთხოვოთ შენდობა და შემწეობა, გევედრებით, არ მოგვაკლო შენი კურთხევა, რათა ჩვენზეც აღსრულდეს სიტყვები შენი: „მშჳდობასა დაგიტევებ თქუენ, მშჳდობასა ჩემსა მიგცემ თქვენ“ (იოანე 14,27).
ღირსგვყავ, უფალო, შენი ღვთაებრივი მშვიდობისა.
„გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან“.
ძმანო და დანო ჩემნო, გიხაროდეთ
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა !
პასექი ქრისტესი
თბილისი, 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.