ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ჩვენო ძმანო და დანო, „მარადის ხარობდეთ, ყოველთვის ილოცეთ, მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის“ (I თესალონიკ. 5,16-18), რათა უფალი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენს შორის. მაშ, „იხარებდეთ, მართალნო, უფლისა მიერ“ (ფს. 32,1)
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
კონსტანტინეპოლის პატრიარქი, წმინდა პროკლე, თავის სააღდგომო სიტყვაში ამბობს: „ჯვარს აქამდე წყევლისაგან არასდროს გამოუხსნია უფლის ქმნილება; კაცობრიობის გადარჩენის საფასურად არასოდეს მიუჩნევიათ 30 ვერცხლი; უცოდველისა და უდანაშაულოს ტანჯვა არასდროს ყოფილა მიზეზი ადამის მოდგმის ბრალთა გამოსყიდვისა, საფლავს არასოდეს მიუღია სიკვდილის დამთრგუნველი... მაგრამ რას ვამბობ? ეს იყო არა საფლავი, არამედ სასახლე ქორწინებისა“.
ეკლესია გვასწავლის, რომ, როგორც ჯვარცმული მაცხოვარი აღდგა მკვდრეთით განახლებული, გაბრწყინებული სხეულით, ასევე ყოველი მოწრმუნის სხეულიც უკანასკნელ ჟამს ფერნაცვალი აღდგება საფლავიდან, რათა მარადიული დიდების თანაზიარი გახდეს.
აი, როგორ წერს საერთო აღდგომის შესახებ წმ. იოანე ღვთისმეტყველი: „და დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში. და საქმეთაებრ მისისა განისაჯა ყოველი“ (გამოცხ. 20,13).
ადამიანის მომავალ აღდგომას ტერტულიანე ადარებს წლის სხვადასხვა დროს, რომელთაგან თითოეული ატარებს ბეჭედს სიკვდილისა და შემდგომი განახლებისა. „ამის მაგალითადც შენიშნავს იგი, - გამოდგება თუნდაც ზამთარში მცენარეთა კვდომა და გაზაფხულზე მათი გამოცოცხლება, მიწაში გახრწნა ყველა თესლისა და შემდეგ აღმოცენება მისგან შესანიშნავი, საუკეთესო ფორმებისა“ („სხეულის აღდგომის შესახებ“ თავი 12).
წმიდა იოანე დამასკელი კი ასე ამბობს: „აღდგომა არის აღდგინება იმისა, ვინც დაეცა. თუ სიკვდილი სულის სხეულთან გაყრაა, მაშინ აღდგომა უეჭველად არის ხელმეორე შეერთება სულისა და სხეულისა და ხელახალი აღდგინება დაცემული და დარღვეული არსებისა“ („მართლმადიდებელური რწმენის შესახებ“ თავი 4).
ამ რწმენით აღვიქვამთ ჩვენც ქრისტეს აღდგომის დიად საიდუმლოს. ამიტომაცაა, რომ ვიყრით მუხლს და გამორჩეული სიყვარულითა და რწმენით განვფენთ გულს მისი დიდების წინაშე. ეს გრძნობა უჩვეულო და არამიწიერია იმიტომ, რომ იგი მარადიულ სიტკბოებას გვაზიარებს და სრულყოფილი სიხარულით გვავსებს. სწორედ ამას სთხოვდა უფალი თავის ვედრებაში ზეციურ მამას: „გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცი მე ქვეყანისაგან. მათთვის გევედრები, წმიდაო მამაო, დაიცვვ ისინი შენი სახელით“ (იოანე 17, 6,9). „წმიდა ყავ ისინი ჭეშმარიტებით... რათა ჰქონდეთ მათ ჩემი სიხარული სრულად“ (ინ. 17,13,17). „მშვიდობას ჩემსას გაძლევთ თქვენ“ (ინ. 14,27). „ეს გითხარით თქვენ, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული“ (ინ. 15,10).
ასე რომ, იესო ქრისტემ მოგვანიჭა სრულქმნილი მშვიდობა და სიხარული, მაგრამ თანამედროვე ადამიანი ცოდვით სავსე ცხოვრების წესის გამო თითქმის ვეღარ შეიგრძაობს, ვერ აღიქვამს ამ დიად მადლთა ცხოველსმყოფელ ძალას. მოციქული იაკობი ასე ხსნის ამ მდგომარეობას: „არა გაქვთ, იმიტომ, რომ არ ითხოვთ“ (იაკ. 4,1). ხოლო იმისთვის, რომ სწორად ვითხოვოთ, სწორი და მტკიცე სარწმუნოება უნდა გვქონდეს.
სულიერი თვალსაზრისით ადამიანის ცხოვრება ჯაჭვური რეაქციის მსგავსია. თუ პიროვნება დაღმართზე მიექანება, მისი ყოფა სულ უფრო მძიმდება, ერთი ცოდვა მეორეს შობს, მეორე - მესამეს და ა.შ. ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო, რომ კაცმა შეძლოს შეჩერება; ხოლო გაცილებით მეტი ძალიხხმევა მართებს მას, რათა დაიწყოს სულიერი კიბის საფეხურებზე ასვლა. ამ კიბის შესახებ მშვენივრად წერს ღირსი მამა მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებით ახლობელი იმითაც არის, რომ იგი აქ, საქართველოში, გარდაიცვალა. მის დარიგებაში ვკითხულობთ: „ნამდვილ სიყვარულს ბადებსა მიწიერ ვნებათაგან განთავისუფლება, უვნებობას შობს სასოება უფლისა, სასოებას - მოთმინება და სულგრძელება, მათ - ცხოვრების თავშეკავებული წესი, თავშეკავებულობას - შიში ღვთისა, შიშს კი - რწმენა შემოქმედისა“ („სიყვარულის შესახებ“).
ამავე სიტყვაში იგი ასეთ რჩევას გვაძლევს: „როდესაც შენ ვინმესგან შეურაცხყოფილი ან რაღაცით დამცირებული ხარ, ეცადე, განრისხების შედეგად აღძრულ ფიქრებს განერიდო, რათა მათ სიყვარულის გრძნობას არ განგაშორონ და სიძულვილის მორევში არ დაგნთქან“.
წმ. ბასილი დიდის აზრით, სულიერი წინსვლის დაწყება შეუძლებელია ლოცვისა და მარხვის გარეშე, რადგან მხოლოდ ამ საშუალებით აღიდგენს ადამიანი დაკარგულ ღვთაებრივ „სამეუფო ხატს“ და გაიხსნის გზას უფალთან მიახლებისათვის.
წმ. მამა ამასთან გვაფრთხილებს, რომ ცოდვით დაცემა და განდგომა თავშეუკავებლობისაგან მომდინარეობს, რომ ერთი ცოდვა სხვა მრავალსა შობს, რომ ერთი შეხედვით მარტივი ცოდვისაგან, - მაგალითად ნაყროვანებისაგან, სხვა და სხვა ბიწიერი გრძნობები ღვივდება: იბინდება შინაგანი სამყარო, სულიწმიდისეული მადლი თანდათან სტოვებს ადამიანს და იგი ღრმა მჭვრეტელობისთვის (სულიერი ცხოვრებისათვის) გამოუსადეგარი ხდება.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ყოველ საუკუნეს, ყოველ ათწლეულს და თვით ყოველ წელიწადსაც კი, მკვეთრად გამოკვეთილი ნიშნები აქვს და დიდი მონდომების შემთხვევაშიც კი ვერ შევძლებთ მის სრულ სახეცვლილებას. ნათქვამიც არის, დრონი მეფობენ და არა მეფენიო.
მაგრამ ეკლესიამ როგორმე უნდა მიაღწიოს იმას, რომ დროებითმა განცდებმა მარადიულობა არ დაგვავიწყოს და ამასთან მარადიული ყოველთვის განსაზღვრავდეს დროებითს.
ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. ამ მარადცვალებად ყოფაში საზოგადოებისათვის ყველაზე მძიმე გადასატანი ყოველთვის გარდამავალი პერიოდი იყო. ჩვენი თაობა სწორედ ასეთი პერიოდის მომსწრე და მონაწილეა: ურწმუნოებისა და მონობის ხანა თავისუფლებამ და ცხოვრების ახალმა წესმა შეცვალა, მაგრამ მას ხალხი მოუმზადებელი შეხვდა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, რა არის სინამდვილეში თავისუფლება.
უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგია მუდმივი თვითკონტროლი, და მისი საშუალებით ცოდვის მონობიდან თავის დაღწევაა. მოციქული პავლე გვასწავლის, რომ მხოლოდ ღმერთში და ღმერთით შეგვიძლია ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვება „თავისუფლებისათვის ხართ, ძმანო, ხმობილნი, - გვარიგებს იგი, - მაგრამ ხორციელი განცხრომისთვის ნუ მოიხმართ თავისუფლებას“ (გალ. 5,13).
თავისუფლება მშვენიერია, სასურველი და ახლობელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, საშიშიცაა, რადგან თითოეულ ჩვენგანს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს; თავისუფლება ადამიანს აძლევს არჩევანის, ინიციატივის გამოჩენის, შეხედულებების შეცვლის საშუალებას... მაგრამ, ამავე დროს, პასუხსაც სთხოვს ყველა მის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე.
უფალი ბრძანებს: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ... ყოველი შემცოდე კი ცოდვის მონაა“ (იოანე 8,32).
სამწუხაროდ, ჩვენს დროში ადამიანი ხშირად სწორედ ცოდვის მსხვერპლი და მისი მსახური ხდება, რასაც იგი უგუნურებით თავისუფლებად აღიქვამს. წმ. მამები ასეთ მდგომარეობას „უმეცარ თავისუფლებას“ უწოდებენ. „უმეცარი თავისუფლება, - წერს წმ. ეფრემ ასური, - არის სათავე მიწიერ ვნებათა გამრავლებისა. მისი შედეგი კი უსასტიკესი მონობაა“.
მართლმადიდებელ ქრისტიანთათვისაც კი ცოდვის საშიშროება მუდამ არსებობს. იგი ჩასაფრებული კართან გვიცდის, როგორც მრისხანე გაფრთხილება სიკვდილისა, ამიტომაც სიფხიზლის მოდუნება არავის მართებს.
თავისუფლებაზე საუბრისას უნებურად გვახსენდება წლები ძალადობისა და უხეში მატერიალიზმისა, როდესაც საქართველოს იძულებით ჩამოართვეს პოლატიკური დამოუკიდებლობა, ხოლო ჩვენს ეკლესიას - ავტოკეფალია; გარეშე ძალები ყოველნაირად ცდილობდნენ ქართველი კაცისთვის დაევიწყებინათ მშობლიური ენა, კულტურა, საუკუნოვანი ტრადიციები...
შემდეგ მოხდა რევოლუცია და ხალხის და ეკლესიის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ასობით და ათასობით ტაძარი და მონასტერი დახურეს და დაანგრიეს. ათასობით ერისკაცი და სასულიერო პირი აწამეს და გადაასახლეს. საზოგადოება დაყვეს ფენებად და ყველას მკაცრი კონტროლი დაუწესეს. ამასთან ადამიანში პირადი ინიციატივა ჩაკლეს და მხოლოდ ე.წ. გენერალური გეგმის ბრმა შემსრულებლის ფუნქცია დაუტოვეს.
ყველაფერი მიმართეს იქითკენ, რომ დაემცირებინათ და სახე დაეკარგვინებინათ პიროვნებისთვის, რათა მას მხოლოდ არსებობა მიეჩნია ყველაზე დიდ ბედნიერებად.
ეკლესია გამოყვეს სახელმწიფოსგან და შეიძლება ითქვას საზოგადოებისგანაც. მას აუკრძალეს საქველმოქმედო საქმიანობა და სოციალურ პროგრამებში მონაწილეობა. სასულიერო პირებს უფლება არ ჰქონდათ დაეარსებინათ უდედმამო ბავშვთა სახლები, სკოლები, საავადმყოფოები, უფლება არ ჰქონდათ დახმარებოდნენ გაჭირვებულებს.
მართალია, მეოცე საუკუნის დასასრული აღინიშნა ტოტალიტარული რეჟიმის დამხობითა და ახალი ცხოვრების დაწყებით, მაგრამ სერიოზული გართულებები ამასაც მოყვა. გარდაქმნის მოთავეებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ ყველაზე ძნელი ხალხის აზროვნებისა და თვითშეგნების შეცვლა იქნებოდა.
ამიტომაც აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ დღეს მაინც შეიმუშავოს ახალი აზროვნების ისეთი პრინციპები, სადაც უმთავრესი ყურადღება ცალკეულ პიროვნებებს, მათ ყოველდღიურ სატკივარს დაეთმობა, შემდეგ კი გათვალიწინებული იქნება საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები.
არადა ახლა რა გამოდის?
ადამიანებს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მექანიკურად ასრულებდნენ სხვათა მითითებებს, ახლა ეუბნებიან, თქვენ თავისუფალი ხართ და გეგმაც და საქმიანობაც სურვილისამებრ აირჩიეთო. მათ კი არ აციან, როგორ მოიქცნენ, როგორ ისარგებლონ ამ თავისუფლებით. პოლიტიკურ-ეკონომიკური და არსებობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემით გარემოცულთ ორიენტირი საერთოდ დაეკარგათ.
მოსახლეობის დაუსაქმებელი ნაწილი ფაქტიურად განწირულ მდგომარეობაშია. მას წაერთვა იმედი მომავლისა და მისტირის წარსულს, - სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური უძრაობის ხანას და თავისუფლებაც აღარაფრად უღირს.
ზოგიერთებს ნერვული სისტემა იმდენად გადაეღალათ, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაშაღა ხედავენ. ის კი არ იციან, ან ავიწყდებათ, რომ ამით თავს საშინელი მარადიული სატანჯველისთვის იმეტებენ.
მე მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თვითმკვლელთ (სულით ავადმყოფთა გარდა) უკვე ვეღარავინ უშველის, მათთვის ლოცვაც კი აკრძალულია, რადგან ისინი ამ ნაბიჯის გადადგმით თავისი ნებით მარადიული მონობისათვის სულს ეშმაკს აბარებენ.
მაშ, რა ვქნათ? დავბრუნდეთ უკან, კომუნისტური ცხოვრებისა და აზროვნების წესისკენ? ამის მოსურნენი არიან, მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც.
- არა, ეს დაუშვებელია; იგი ჩვენთვის განვლილი ეპატია, გუშინდელი დღეა.
ჩვენი ხალხის მდგომარეობა ზოგჯერ ძალიან ჰგავს იმ ებრაელთა სულისკვეთებას, რომელნიც აყვედრებდნენ და განიკითხავდნენ მოსე წინასწარმეტყველს, ეგვიპტიდან მათი გამოყვანის გამო. ისინი ამბობდნენ: „ვინ გვაჭმევს ხორცს? გვაგონდება თევზი მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში, კიტრები, ნესვები, პრასა, ხახვი და ნიორი. ახლა კი სული გვძვრება, არაფერია მანანის გარდა“... (რიცხვთა 11,4-6).
უდაბნოში მიმავალ ებრაელებს დაავიწყდათ მონობა, ახსოვდათ მხოლოდ საჭმელი და ამიტომაც სურდათ ეგვიპტეში დაბრუნება! ისინი უკვე უარს ამბობდნენ თავისუფლებაზე და ტყვეობაში ყოფნას ამჯობინებდნენ. მაგრამ უფალმა მაინც შეიწყალა თავისი ერი, არ დააბრუნა ეგვიპტეში და მრავალი განსაცდელის შემდეგ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა.
ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ „ეგვიპტეში“ უკან დასაბრუნებელი გზა აღარც ჩვენთვის არსებობს, რომ ღმერთმა მოგვანიჭა თავისუფლება და ვალდებულნი ვართ, ვისწავლოთ თავისუფალ მოქალაქეთა მსგავსად აზროვნება და მოქმედება. ამასთან უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ გაქცევა თავისუფლებისაგან არის გაქცევა ღვთისაგან, რადგან უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორინ. 3,17).
საკითხავი ერთია ოღონდ - მივდივართ კი ჩვენ „აღთქმული ქვეყნისა“ და ნამდვილი თავისუფლებისაკენ?
ნათელია, რომ მეტად რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. მატერიალურ სიდუხჭირეს ისიც დაემატა, რომ ეს არის ხანა მარადიული ღირებულებების რყევისა და მსხვრევისა. ხდება გაუფასურება საუკუნოვანი ტრადიციებისა და ცხოვრების წესისა, ინგრევა იერარქიული რიგი... ანუ ის, რასაც ეფუძნებოდა საზოგადოებრივი წყობა. წარსულის სიკეთენი უგულვებელიყოფა და მის ადგილს იკავებს ახალი, სამწუხაროდ, უარყოფითი ტენდენციები, რაც თავისუფლებას დიდი ეჭვის ქვეშ აყენებს. წმიდა ისააკ ასური ამბობს: „არასრულყოფილ საუკუნეში თავისუფლება, თანაც სრულყოფილი, არ არსებობს“. და მართლაც, განა შეიძლება ჭეშმარიტ თავისუფლებაზე საუბარი იქ, სადაც უარს ამბობენ ზნეობრივ ცხოვრებაზე, და მის ნაცვლად პროპაგანდა ეწევა „ყველაფერი ნებადართულიას“ პრინციპს. ნუთუ ნორმალური ყოფა ეთქმის იმ გარემოს, სადაც ადამიანის კატასტროფული სულიერი დაცემის პროცესს თავისუფლებისაკენ სწრაფვად სახელდებენ და საშინელი ცოდვის მონობას - ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობად აცხადებენ?!
ამიტომაც არის, რომ ყველაზე ძვირფასმა - ადამიანის სიცოცხლემაც კი დაკარგა ფასი.
რა არის მიზეზი ამ საშინელი გადაგვარებისა?
პასუხი მხოლოდ ერთია - ჩვენ ვცხოვრობთ სულიერი, კულტურული და ზნეობრივი კრიზისის პერიოდში. რამდენ ხანს გასტანს იგი, ძნელი სათქმელია; ყველაფერი მაინც ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.
ნუ დაგვავიწედება ისიც, რომ მოვესწარით ახალი ათასწლეულის დასაწყისს. სულ მალე იესო ქრისტეს შობის 2000 წლისთავთან ერთად ჩვენი ხალხი იზეიმებს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 და საქართველოს ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭებიდან 1500 წლისთავს.
როდესაც 2000 წლის ქრისტიანული ცხოვრების გადასახედიდან ვუყურებთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ აწმყოსა და მომავლის წინაშე.
საქართველო ხომ ძველი თვითმყოფადი ქრისტიანული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაა, ამან გადაგვარჩინა და განაპირობა ჩვენი ინდივიდუალური სახის შენარჩუნება. აი, ამ ტრადიციებს უნდა მივყვეთ კვლავაც.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ნაჭუჭში ჩავიკეტოთ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებზე ვიფიქროთ. საქართველო აბრეშუმის დიდი გზის ქვეყანაცაა და ამიტომაც ოდითგანვე გავლენას განვიცდიდით როგორც დასავლეთიდან, ისევე აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კომპიუტერი (ინტერნეტი)... ახალ ნოყიერ ნიადაგს ქმნიან მსოფლიო კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგისთვის.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მას მრავალი უარყოფითი მხარეც ახლავს, ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩვენმა ინტელიგენციამ, ჩვენმა ხალხმა და ეკლესიამ ღრმად უნდა გააანალიზონ, რისი მიღება შეიძლება და რისი არა.
ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ფილოსოფოსი პლატონი სახელმწიფო მოღვაწეთათვის ფილოსოფიურ-ანალიტიკური აზროვნების აუცილებლობის შესახებ წერდა: „ვიდრე სახელმწიფოში ხელისუფალნი არ იქნებიან ფილოსოფოსები, ვიდრე მეფენი და მმართველნი კეთილშობილურად და ღრმად არ იფილოსოფოსებენ და ვიდრე სახელმწიფო ხელისუფლება და ფილოსოფია არ გაერთიანდვბა, სახელმწიფო ბოროტებისაგან ვერ განთავისუფლდება“ („სახელმწიფო“). ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია.
მე ჩვენი დროის ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის ნათქვამიც მინდა შეგახსენოთ: „ადამიანი სუფთა ფურცელი არ არის, რომელზეც ამა თუ იმ კულტურისათვის სასურველ ნიშნებს დაწერ. მას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს მისთვის მიუღებელი სოციალური თუ კულტურული სისტემების ძლიერ დაწოლასაც კი“.
ასე რომ, თუ მოვინდომებთ, თითოეულ ჩვენთაგანს შესწევს ძალა, დაიცვას თავისი თავი, თავისი გარემო და საუკუნეობით განმტკიცებული ჩვენი სულიერ-კულტურული ღირებულებანი.
ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ ის იდეოლოგია, რასაც ხელისუფლება ნერგავს თავის ხალხში, აუცილებელია და სწორი. ეს ყოველთვის ასე არ არის. გავიხსენოთ თუნდაც საბჭოთა იდეოლოგია, ანდა იდეოლოგია ნაცისტური გერმანიისა. ამ სახელმწიფოთა დაშლისთანავე გაუფასურდა მათი იდეებიც. ამიტომაც მე ხაზს ვუსვამ და თქვენს ყურადღებას ვამახვილებ საუკუნეებგამოვლილ ტრადიციებზე; ებრაული სიბრძნე გვასწავლის: „მე თუ ჩემი თავისთვის არა ვარ, მაშინ ვინ იქნება ჩემთვის? ხოლო მე თუ მხოლოდ ჩემი თავისთვის ვარ, მაშინ ვინ ვარ მე? და თუ ახლა არა, მაშინ როდისღა?“
მართლაც, ვერავინ გააკეთებს იმას, რაც შენ შენი თავისთვის უნდა გააკეთო, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რადგან ეგოიზმი დამღუპველია და არა აქვს მომავალი. იმას, რის გაკეთებასაც შენ დღეს მოასწრებ, ნუ გადასდებ ხვალისათვის. ის დღე დაკარგულად ჩათვალე, როცა ვერ შეძლებ სიკეთის ქმნას. და თუ გსურს, იყო ბედნიერი, გახსოგდეს, უანგარო კეთილსაქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ.
ეს სწავლება ხომ ჭეშმარიტებაა, ამიტომაც გაუძლო მან საუკუნეებს და დღესაც თითოეული ადამიანისათვის ცხოვრების პროგრამად და იდეოლოგიად შეიძლება ჩაითვალოს.
თვითონ სიტყვა „იდეოლოგია“ ბერძნულია და ნიშნავს იდეების შესახებ სწავლებას. იდეოლოგია ისეთი „ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელიც ცდილობს, დააწესოს აღზრდის, ეთიკის და პოლიტიკის მისთვის დამახასიათებელი წესები“ („ფილოსოფიური ლექსიკონი“, რედ. შმიდტი). საკითხავია, რამდენად სწორ არჩევანს გააკეთებს მმართველი ძალა ანუ რა საძირკველს დაეყრდნობა ზემოაღნიშნული პრაქტიკული წესები - იქნება იგი ჭეშმარიტ ღირებულებებზე დაფუძნებული თუ ყალბ ლოზუნგებზე აგებული?
ყოველ ადამიანს, ყოველ ქვეყანას უფლისგან თავისი ჯვარი და გზა აქვს მიცემული. მთავარია, მან არ გადაუხვიოს იმ ბილიკიდან, რომელიც მას ღმერთამდე მიიყვანს.
ჩვენ შეიძლება განსხვავებული სურვილები გვქონდეს, განსხვავებული იყოს ჩვენი აზრები, მაგრამ სამართლიანობა, ღრმა ანალიზის უნარი და სიყვარული მუდამ უნდა იყოს ჩვენი თანამდევი, ესაა საფუძველი მშვიდობისა და ურთიერთგაგებისა, როგორც ცალკეუტ პიროვნებებს, ისე ხალხებს შორის.
და თუ ჭეშმარიტი რწმენით, სიყვარულითა და სასოებით შევიმოსებით, და მივენდობით უფალს, ყველანაირ განსაცდელს გავუძლებთ და გავიმარჯვებთ.
აბბა პალადის ასეთი ისტორია აქვს მოთხრობილი: ეს მოხდა ეგვიპტეში, ქრისტიანობის გარიჟრაჟზე; ერთი მოხუცი წარმართი დაიჭირეს მკვლელობის გამო. ცემისას მან ცილი დასწამა და თავის თანამზრახველად დაასახელა ერთი ახალგაზრდაც. ორივეს საშინელი სატანჯველით სიკვდილი - ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ახალგაზრდის ყოველანაირმა მცდელობამ, დაემტკიცვბინა თავისი უდანაშაულობა, შედეგი ვერ გამოიღო.
დასჯის ადგილზე ხალხი მრავლად შეიკრიბა. ჯერ ყმაწვილის გაყვანა ჰქონდათ გადაწყვეტილი, მერე კი მოხუცებულისა. ბედს შეგუებული ყმაწვილი იმასღა ითხოვდა, პირით აღმოსავლეთისაკენ ჩამოეკიდათ, რათა სიკვდილის წინ ლოცვა შეძლებოდა.
როცა ჰკითხეს, - რატომ აღმოსავლეთისკენო, - უპასუხა, რომ ჯერ შვიდი თვეც არ იყო გასული, რაც ღირსი გახდა წმ. ნათლობის მიღებისა და მთელი გულით ნანობდა, რომ ვერ მოასწრო ღვთისსათნო ცხოვრება. ამ სიტყვებმა იმოქმედა მეომრებზე, მათ გადაწყვიტეს, შეესრულებინათ მისი თხოვნა და თანაც ახალგაზრდის ნაცვლად პირველად წარმართი მოხუცის დასჯა გადაწყვიტეს. განაჩენგამოტანილი მოხუცი გაბოროტდა და ღვთისმგმობელმა აღსასრულის წინ წარმბრთული სამსხვერპლოსაკენ ისურვა ყურება. როდესაც მოხუცის განაჩენი აღსრულდა, მეომრები ახლა ახალგაზრდისკენ გაემართნენ. ამ დროს სასწაული მოხდა - მისმა გულმხურვალე ლოცვამ შედეგი გამოიღო. უცებ გამოჩნდა ცხენზე ამხედრებული კაცი - ეგვიპტის გამგებლის წარმომადგენელი, ხელში ბარათით, სადაც ეწერა: „ყმაწვილი არ აწამოთ, არამედ უკან დააბრუნეთ“. ახალგაზრდა წარუდგინეს ბარათის გამომგზავნს, რომელმაც იგი საერთოდ გაათავისუფლა. ამ საოცარი წყალობის გამო ღვთისადმი უსაზღვრო მადლიერების გრძნობით აღვსილი ახალგაზრდა ბერად აღიკვეცა და სიცოცხლე ღვთისსათნო ცხოვრებით განვლო („სულიერი მდელო“ გვ.87).
გულწრფელ მხურვალე ლოცვას ასეთი დიდი ძალა აქვს. ამიტომაც თითოეულმა თქვენგანმა ყოველდღიურად სასოებით უნდა შესთხოვოთ უფალს თქვენი თავის, თქვენი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილწარმატებისათვის, რათა ადამის მოდგმისთვის ხსნისა და განახლების მომნიჭებელმა მაცხოვარმა მოწყალებით გადმოხედოს საქართველოს, და მკვიდრთა მას შინა. უფალმა დალოცოს და დაამშვიდოს ჩვენი ერი, დღეგრძელობით, სიხარულითა და კეთილდღეობით გაკურთხოთ და გაგიხსნათ გზა მარადიული ცხოვრებისა და უკვდავებისაკენ.
ღვთაებრივი სიხარულით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის დღესასწაულს, იხარეთ!
ჯოჯოხეთის დამთრგუნველი და სიკვდილის შემმუსვრელი
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ ს დ გ ა !
პასექი ქრისტესი,
11 აპრილი, 1999 წ.