„იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაი და მშვიდობაი
ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესო ქრისტესა
ძისა მამისა ჭეშმარიტებით და სიყვარულით“ (2 იოანე 1,3)
ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო,
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
აღდგა ერთობა ღმერთთან, და გაიხსნა კარი მარადიული სიხარულისა.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
იხარებს და იშვებს ცა და დედამიწა, ანგელოზთა დასი და კაცთა ნათესავი, სამყარო ხილული და უხილავი.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
სიცოცხლე მეფობს, რამეთუ უჭკნობ ნეტარებას მივემთხვიენით.
მოვედით და შევსვათ წყარო უხრწნელებისა, ვიხმიოთ პური საზეპურო, ტრაპეზი - სამეუფო.
მთელი სამყარო თაყვანსა სცემს ღვთის დიდებასა და მოწყალებას, რამეთუ დაიხსნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, დაითრგუნა სიკვდილი და ჩვენც წმიდა პავლე მოციქულთან ერთად ვხმობთ: „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი“ (I კორ. 15,55).
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს დაუტევნელი გრძნობა ვახაროთ დედას უფლისასა და ანგელოზის მსგავსად, რომელმაც პირველმა მიულოცა მას მაცხოვრის აღდგომა, ჩვენც ვუგალობოთ: „განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა“. ამ დღეს მისი გახსენება განსაკუთრებულად გვმართებს, რადგან წილხვედრნი ვართ ყოვლადწმიდა მარიანისა და მისი მეოხებით გავხდით ღირსნი ქრისტეს ნათლისა.
მაგრამ მოდით, გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ეს დიდი სასწაული მოხდა.
დიდი პარასკევი: უფლის ვნების დღე; ავაზაკთა გვერდით ჯვარზე გაკრული აღესრულა მაცხოვარი; უნუგეშოდ შთენილი, სასოება მოხდილი, დამცირებული მოციქულნი და ახლობელნი უფლისა უფლისა დაბნეულობას მოეცვა. მათჲ მდგომარეობა მართლაც ამის საფუძველს იძლეოდა, რადგან დაკარგეს არამარტო მოძღვარი, არამედ მათ თვალწინ ეწამა ღმერთი. ამასთან იესო ქრისტე გასცა თორმეტ უახლოეს მოწაფეთაგან ერთ-ერთმა.
არას მქონეთ, უბირთ და გამოუცდელთ რისი იმედი უნდა ჰქონოდათ? თუნდ ექადაგათ, ვინ რას დაუჯერებდა?
მაშ, როგორ მოხდა რომ ამ უბრალო მეთევზეებმა სძლიეს მთელ წარმართულ სამყაროს, დაამარცხეს მეფეები და მათი ჯარები, დაიპყრეს მსოფლიო?
- ამაშია ღვთის განგებულების დიადი საიდუმლოება, ამაშია ძალა და ძლიერება სულიწმიდისა, უძლურთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელია. ეს ძალა ჯვარცმიდან ორმოცდამეათე დღეს მიენიჭათ მოციქულებს და უფლის მადლით მათ მართლაც რომ განაცვიფრეს გარშემომყოფნიც და მსოფლიოს მრავალი ქვეყანაც.
რატომ გამოირჩია ისინი უფალმა; რით დაიმსახურეს მათ ღვთის ასეთი წყალობა?
უპირველეს ყოვლისა, გულის განსაკუთრებული სიწმიდითა და სულის სიწრფელით, თავმდაბლობითა და შრომისმოყვარეობით. ამიტომაც იქცნენ ისინი სასურველ ჭურჭლად უფლისა და დაიტიეს მათზე უხვად გარდამომავალი მადლი სულისა წმიდისა.
დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს რომ ვუყურებთ, ჩანს, რომ ხალხის ნაწილი დაბნეულია და გულგატეხილობა დაუფლებიათ. გადაუჭრელი საკითხები მართლაც ბევრია: კორუფცია, დაუსაქმებელი მოსახლეობა, ნარკომანია, ქურდობა, სოციალურად დაუცველი ფენის გამრავლება და სხვა.
ზოგიერთნი აქედან გამოსავალს მხოლოდ უცხოურ დახმარებასა და კრედიტში ხედავენ, რაც არასწორია, რადგან უშრომელად მიღებული თანხა ბარაქას ვერ გამოიღებს. დახმარება, ინვესტიციები, კრედიტები საჭიროა, მაგრამ მთავარი არ არის. მთავარია ჩვენ თვითონ დავიწყოთ შრომა და ვიზრუნოთ იმაზე, რათა ღირსნი გავხდეთ უფლის წყალობისა, რომ იესო ქრისტეს იმედმიხდილ, დაუძლურებულ მოწაფეთა მსგავსად აღგვადგინოს, განგვაცხოველოს და განგვაბრწყინვოს უფლის მადლმა და ძალამ.
ყველამ ვიცით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის გზით განვითარების პრინციპი აირჩია და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებიც გადადგა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არა აქვს გაცნობიერებული, რომ ცხოვრების ეს წესი უცხო ქვეყნების ყოფის ბრმა მიბაძვას არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში ყველა ქვეყანას საკუთარი დემოკრატიული წყობა უნდა ჰქონდეს დაფუძნებული ეროვნულ ტრადიციებზე, კულტურაზე, აზროვნებაზე... ბუნება თვითონ იძლევა მაგალითს მრავალფეროვნებისას. არ არსებობს ერთნაირი ფოთოლიც კი, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანზე და მის ფსიქიკაზე; ხოლო სახელმწიფოში, სადაც მექანიკურად იმეორებენ სხვათა ნააზრევს, სხვათა ფორმულებს, ვიღებთ უსულო, დაშტამპულ, სიცოცხლის უნარდაკარგულ საზოგადოებას, რომელიც აუცილებლად განვითარების დეგრადაციული გზისთვისაა განწირული. ეს აქსიომაა.
ვინც დასავლეთის ცხოვრებას ასე თუ ისე იცნობს, მისთის ნათელია, რომ დემოკრატიისთვის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს: არჩევითობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობა. ესაა განმსაზღვრელი დემოკრატიულობისა სხვადასხვა ქვეყანაში. ამასთან ზოგან უპირატესობა ადამიანთა უფლებების დაცვას ენიჭება, ზოგან კი - კანონს, ხოლო თვითონ შენობა დემოკრატიული წყობისა ამ საყრდენზე იგება ქვეყნის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.
დღეს საქართველოში აქცენტი ე.წ. „კანონის უზენაესობაზე“ კეთდება, ამიტომაც როგორ კანონებსაც მიიღებს სახელმწიფო, ეს განაპირობებს ქვეყანაში მიმდინარე არა მარტო ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს, არამედ ხალხის სულიერ მდგომარეობასაც.
ეს უნდა გაითავისოს თითოეულმა ჩვენგანმა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ბაზის შექმნაში.
დემოკრატიული წყობის ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ ასეთ ქვეყნებში განსაკუთრებულად უფრთხილდებიან სხვის ღირსებას, თავისთავადობას, და ქმნიან პირობებს ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების სრული გამოვლენისათვის. ჩვენთან კი ზოგიერთნი სწორედ დემოკრატიის სახელით უპირისპირდებიან იმას, რაც განაპირობებს ერის ინდივიდუალობასა და თვითმყოფადობას, უპირისპირდებიან ჩვენს ტრადიციებსა და კულტურას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ცდილობენ ქვეყანას გადაუჭრან ის მაცოცხლებელი ფესვები, რომელიც ასაზრდოვებს ჩვენს ერს და განაპირობებს მის წინსვლას.
რატომ ხდება ასე?
ხელისუფალთ სიბრძნე უპირველეს ყოვლისა იმაშია, რომ შეძლონ შეინარჩუნონ საზოგადოების სიჯანსაღე, რაც ღირებულებების სწორად შეფასებას, სწორ აზროვნებას და სახელმწიფოს განვითარების სწორ ორიენტაციას გულისხმობს.
შუასაუკუნეებიდან დასავლეთში ადამიანური გონება გამოცხადდა ჩვენი უფლის ყველაზე ღრმა საკითხების უმაღლეს მსაჯულად, - წერს ერთ-ერთი მკვლევარი - ამასთან წარმოიშვა კულტი მეცნიერებისა და ტექნიკისა და სოციალური საკითხების მოგვარება აღქმულ იქნა, როგორც ერთადერთი საშუალება სულიერი პრობლემების დაძლევისათვის (ემანუილ სვეტლოვი „რელიგია და ხელოვნება“ წიგნიდან „რელიგიის საწყისები“).
სწორედ თვითმიზნად ქცეულმა ეკონომიკურმა პროგრესმა ანტიჰუმანური ნაყოფი გამოიღო და ამ გზით მავალ თანამედროვე საზოგადოებას თვითგანადგურების საფრთხე შეუქმნა.
ერთადერთი ძალა, რომელმაც კაცობრიობის განვითარებას სწორი გეზი შეიძლება მისცეს არის ღვთის აღიარება, როგორც სამყაროს შემოქმედისა და ყოველივეს განმსაზღვრელისა. დღეს ამის აუცილებლობას ადრე ღმერთისადმი მტრულად განწყობილი მეცნიერებიც კი აღარ უარყოფენ.
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯემსი: „თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგავსი ურთიერთობა. იგი იყო ჩემთან, თუ მე ვიყავი მასთან, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ის მამხნევებდა და სიცოცხლის ძალით მავსებდა, რომ კვლავ შემეგრძნო მისი იდუმალი მყოფობა. მე მას აღვიქვამდი, როგორც დაუშრეტელ წყაროს სიცოცხლისა, სამართლიანობისა, ძლიერებისა, ინსტიქტურად მივმართავდი ძალების დაშრეტისას და იგი მუდამ მევლინებოდა მხსნელად. ახლა კი ნათლად შევიგრძენი და მივხვდი, რომ უფლისკენ მიმავალი ბილიკის დაკარგვას არაფერი სიკეთე არ მოუტანია ჩემთვის“.
ეს სიტყვები შეიძლება მთელი ეპოქის აღსარებად აღვიქვით.
მეცნიერებაც და რელიგიაც ორი საშუალებაა ობიექტური რეალობის შესაცნობად და ისინი ხელს უნდა უწყობდნენ ჭეშმარიტების გზით კაცობრიობის განვითარებას.
ცნობილი მკვლევარი მაქს პლანკი შეგვახსენებს: „მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ნებისმიერი მოაზროვნე კაცისათვის ისინი ყოვლადაუცილებელია ერთმანეთის შესავსებად და გასაღრმავებლად“.
ამ აზრს უძველესი დროიდან ავითარებდა ქრისტეს ეკლესია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ იგივეს იმეორებს თანამედროვე მეცნიერებაც, რომელიც გარკვეული წლებბის მანძილზე თითქოს დაუპირისპირდა რელიგიას. თუმცა ეს იყო დროებითი მოვლენა და ამ ეტაპმა, მადლობა ღმერთს, უკვე განვლო.
ევროპისაგან ძალიან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ვიმეორებ, არ უნდა დავკარგოთ ის ჩვენი ტრადიციული, რაც ჭეშმარიტად ღირებულია და ამასთან მათთვისაც მისაბაძია და დასაფასებელი. ჩვენთან მთავარია ეკონომიური პრობლემების მოგვარება, თორემ მოსახლეობაში ღვთისადმი სწრაფვა და სიყვარული გულწრფელია და დიდი, ოღონდ მას სწორი მიმართულება უნდა მიეცეს.
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთისაგან დადგენილ კანონებს, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს იგი ეკონომიკურად, აუცილებლად დიდი სულიერი პრობლემების წინაშე დადგება, რადგან ცხოვრების ასეთი წესი ნაყოფია თავისი თავის აბსოლუტიზაციისაკენ მიმართული, ყველაფრის ლეგიტიმიზაციის მოსურნე გონებისა, რომლისთვისაც აღარაფერია წმიდა და რომელიც თავის თავს გაუცნობიერებლად, ძირფესვიანად თვითონვე სპობს. თუ გადარჩენა გვინდა, მიწიერი პრობლემების მოგვარების სურვილის გარდა, უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ მოსახლეობას არ დავაკარგვინოთ სასუფევლისაკენ მიმავალი გზა და სხვათა შეცდომები აღარ გავიმეოროთ.
ახლა ჩვენს ქვეყანაში ღმერთის არსებობაზე და რელიგიის აუცილებლობაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასევე ბევრს ლაპარაკობენ აღმსარებლობის თავისუფლებაზე. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება, სწამდეს ის, რაც მას ჭეშმარიტებად მიაჩნია. რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა არასწორია, მაგრამ ყოვლადგაუგებარია ზოგიერთ იდეოლოგთა მცდელობა იმისა, რომ ნებისმიერი რელიგია, სექტა თუ სხვადასხვა მიმდინარეობანი ერთ სიბრტყეზე დააყენონ და ხალხს მათი თავისუფალი არჩევის შესაძლებლობა შესთავაზონ.
რა გამოდის, რომ თურმე არსებობს 10-100-1000 ჭეშმარიტება? არადა საშუალოზე დაბალი განვითარების ადამიანმაც კი ცის, რომ ჭეშმარიტება ერთია.
მაინც რის საფუძველზე ქადაგებენ დღეს ზოგიერთნი რელიგიურ პლურალიზმს?
როგორც ჩანს, ისინი იმქვეყნიურ სიცოცხლეზე არც ფიქრობენ და არც სწამთ იგი, თორემ ასე როგორ გაიმეტებდნენ თავის თავსაც და ხალხსაც მრწამსის ნაირფეროვანი არჩევანისთვის? ეს ხომ მარადიული სიკვდილისათვის მათ განწირვას ნიშნავს?! ხოლო თუ არ სჯერათ სულის უკვდავება, რელიგიაზე რატომღა ლაპარაკობენ? ნუთუ იმიტომ, რომ რწმენა საზოგადოების მართვის ერთ-ერთ საშუალებად წარმოუდგენიათ, თვითონ კი სულით ათეისტები არიან და ხალხს განზრახ აბნევენ?
ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს სექტების დამღუპველი მოქმედების შესახებ და იმის თაობაზეც, რომ თუ სახელმწიფომ დროულად არ მიიღო გადამჭრელი ზომები, ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება. შედეგი კი ჯერ არ სჩანს.
დღეს, მაგალითად, ე.წ. იეღოველებზე ტელევიზიაც და პრესაც ალაპარაკდა და შეშფოთებას გამოთქვამენ. რადგან უკვე ათეულობით შემთხვევაა იმისა, რომ სისხლის გადასხმაზე უარის თქმის გამო ამ სექტის მიმდევარნი გარდაიცვალნენ.
რა თქმა უნდა, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია და არც შეიძლება, რომ იგი საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი არ გახდეს, მაგრამ იგივე იეღოველთა სექტა რომ აყალიბებს ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესების მოწინააღმდეგეთა მთელ არმიას, ეს განაგაშო არ არის? რომ ათასობით ადამიანი ფაქტიურად სულიერად მკვდარია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველი (აღარაფერს ვამბობთ ქრისტიანებისადმი მათ დამოკიდებულებაზე) და მათი რიცხვი ხვალ უფრო მეტი იქნება, ეს არ არის საშიშროება ჩვენი პატარა სამშობლოსათვის, რომელსაც გარშემო ამდენი ქვეყანა ესაზღვრება?
სამწუხაროა, რომ ასეთ უარყოფით ძალას ჩვენს საზოგადოებაში ქომაგები გამოუჩნდა, რომელნიც ვითომც დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით მოქმედებენ. საინტერესოა, თვითონ რა აღმსარებლობისა არიან ისინი?
რჯულთშემწყნარებლობის გამოვლენა მორწმუნე ადამიანისაგან კარგია, როდესაც იგი რწმენის სისავსიდან და უმაღლესი ზნეობრივი ძალის გაცნობიერებიდან მომდინარეობს, ხოლო რჯულთშემწყნარებლობა მრწამსის არმქონე ადამიანისა კიდევ ერთი დასტურია მისი უღმრთოებისა.
თუ ჩემთვის სულერთია ქრისტიანობა, იუდაიზმი, წარმართობა, ესა თუ ის სექტა... მაშინ, როგორ არ ვიქნებია შემწყნარებელი ამა თუ იმ რწმენის მიმართ, მაგრამ რაში იქნება ღირსება ჩემი შემწყნარებლობისა?!
„რელიგიური ინდიფერენტიზმი“, - წერს ვლადიმერ სოლოვიოვი - სრული უგულვებელყოფაა გულის სითბოსი და სულიერობისა. ეს არის ზნეობრივი გაყინვის წერტილი, სიცივე სულიერი სიკვდილისა. ხოლო თუ უმაღლესი იდეალისადმი საზოგადოების გულგრილობისას თავს იჩენს მათი მკვეთრი ლტოლვა მდაბალი ინტერესებისა და მატერიალური კეთილდღეობისადმი, ნათელია, რომ ჩვენს წინაშეა სოციალური გახრწნის პროცესი (სოლოვიოვი ტ.IV. გვ.138). სავალალოა, რომ საქართველოს მოსახლეობა ასეთი საშიშროების ზღვარზე დგას.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიხსნა მარადიული სიკვდილის წყვდიადისაგან. გამოგვიცხადა, განგვამართლა, და შეგვირიგდა გოლგოთის სამსხვერპლოზე, მაგრამ როგორც გამოსყიდვა, ისე განმართლებაც და შერიგებაც ჩვენს მონაპოვრად უნდა იქცეს. ეს კი მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით არის შესაძლებელი. რწმენით, რომელიც ფაქტიურად როგორც საჩუქარი ისე მივიღეთ უფლისაგან; ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: „მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია“ (2,8).
ზოგიერთს იქნებ ჰგონია, რომ მოციქულთა და წმიდა მამათა მიერ დადგენილი ქრისტიანული ღირებულებანი დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს. ასეთი ადამიანები სულიერობაში საერთოდ ვერ ერკვევიან და სარწმუნოებას მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მსგავსად განიხილავენ. მათ არ ესმით, რომ მართლმადიდებლობა ეს არის ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. ქრისტეს ეკლესია კი არის სულიწმიდის მადლის განახლებული სიცოცხლე ქრისტესთან და ქრისტეში.
ქრისტიანობაში სწორედ სათავეები უნდა ეძებოს ჭეშმარიტების პოვნის მსურველმა, იმ წყაროს უნდა მიაგნოს, რომელიც პირველქმნილი მადლით ავსებს მის მიმღებთ და შეურყვნელად იცავს მაცხოვრის სწავლებას.
მადლობა ღმერთს, ჩვენი ქვეყანა უკვე 2000 წელია ამ წყაროსაა დაწაფებული და უხვად საზრდოობს მისი მაცოცხლებელი ძალით. საქართველოს ეკლესია იცავდა და იცავს უძველესი, მოციქულთაგან ბოძებული, ერთიანი, განუყოფელი ქრისტეს ეკლესიის ტრადიციას.
განა ეს არ უნდა გვახსოვდეს და გვეამაყებოდეს? განა შეიძლება ღვთისაგან ბოძებული ამ წყალობის ვერ დანახვა ან უგულებელყოფა?
დიახ, ჭეშმარიტება ერთია და მას ვერ უმეტოქევებს სხვა ნახევრადჭეშმარიტებანი. ეს არ არის ამპარტავნება და სხვათა ზემოდან ყურება, რადგან ჭეშმარიტება დამსახურებისამებრ არ მოიპოვება, არამედ იგი ერს ღვთისაგან ეძლევა.
ქრისტიანობა ჯვრისმტვირთველობაა - ამასთან ვერტიკალური ხაზი მიანიშნებს ჩვენს მსახურებას და ერთგულებას უფლისადმი, ხოლო ჰორიზონტალური - მოყვასისადმი.
თუ ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს არ ქმნის, იგი არ ცხოვრობს სწორად.
ადამიანმა მადლობით უნდა მიიღოს ის ტვირთი, რისი ტარებაც ამქვეყნად უწევს, სანაცვლოდ კი ღირსი გახდება მარადიული ნეტარებისა. გახსოვდეთ, უფალი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგცემთ, რისი აწევაც თქვენ არ ძალგიძთ, ოღონდ ნუ მიენდობით მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ უფლის სასოება არ დაკარგოთ ყველაზე მძიმე წუთებშიც და მაშინაც, როცა სიხარულით იქნებით სავსე.
მე მინდა ერთი მაგალითი მოვიყვანო ჩვენი დღევანდელი ცხოვრებიდან. თქვენ იცით, ბოლო დროს ახალგაზრდების სიკვდილიანობა გახშირდა; დაახლოებით 10-12 წლის წინ კი ეს დიდი იშვიათობა იყო; და, აი, მაშინ, ერთ მეტად სათნო, სიყვარულით სავსე ოჯახში უდიდესი უბედურება დატრიალდა: ღამით, როდესაც მშობლები სახლში არ იყვნენ, მათი შვილები - 14 წლის ვაჟი და 8 წლის გოგონა დაძინებულები გაზით მოიწამლნენ და აღესრულნენ.
უნაპირო მწუხარებით ელოდნენ დედ-მამა დაკრძალვის დღეს. თურმე ცოლ-ქმარს ერთმანეთთან მოელაპარაკებინათ, შვილებს რომ დაასაფლავებდნენ თვითონაც თავი უნდა მოეკლათ.
დაკრძალვამდე ორი დღით ადრე საპატრიარქოში მოვიდა მათი ახლობელი რამოდენიმე ადამიანი და მთხოვეს, დამელოცა გარდაცვლილი ბავშვები და მათი სასოწარკვეთილი მშობლები.
ჩვენ, მართლაც, მივედით ამ ოჯახში, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდით და ძალიაებრ ჩვენისა ნუგეში ვეცით. მოხდა სასწაული, თითქოს მაშინვე სულიწმიდის მადლით აღივსო ორივე და მათი გული რწმენამ გაათბო.
ღმერთმა არ დაკარგა მათი სიკეთე, მათი სიყვარული, ერთგულება და, აი, ასეთი ჯვარი მისცა: უმძიმესი ტრაგედიით მიიყანა ისინი დიდ რწმენამდე, რომელმაც სრულიად გარდაქმნა მათი აზროვნება.
ცოლ-ქმარში ისე განმტკიცდა რწმენა, რომ ცხოვრების მიზნად მხოლოდ ღვთის დიდება და მოყვასის მსახურება აირჩიეს. მათ თავის გარშემო გააერთიანეს შვილგარდაცვლილი სხვა ოჯახები და მათი ტკივილისა და მწუხარების ნუგეშად იქცნენ. დღეს ასეთ ოჯახთა რიცხვი 400-მდეა, ისინი ყოველ შაბათ-კვირას დადიან ტაძარში, სპეციალურ წირვებს აყენებენ გარდაცვლილი შვილებისათვის, ხშირად ეზიარებიან, ეხმარებიან გაჭირვებულ ხალხს, ხელმოკლე მონასტრებს, ცდილობენ ქრისტიანულად იცხოვრონ და უფლის რწმენა განამტკიცონ სხვა ადამიანებშიც.
ეს ცოლ-ქმარი ხელმძღვანელობს საპატრიარქოსთან არსებულ სასადილოსაც, სადაც ყოველდღიურ საკვებს და აუცილებელ პირველად სამედიცინო დახმარებას უფასოდ იღებენ გაჭირვებული, ღატაკი ადამიანები განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა.
სიკეთე სიკეთეს შობს, მადლი მადლს ამრავლებს. ეს ორი ადამიანი ვერაფერს შეძლებდა, რომ არ ყოფილიყო ღვთის დახმარება და ასევე მათ გარშემო კეთილ, უფლისა და მოყვასის სიყვარულით სავსე ადამიანთა სიმრავლე, რომელთაგან თითოეულის ყოფა ცალკე ისტორიაა, - მეტად საინტერესო და რთულია გზა ცხოვრებისა, რამაც საბოლოოდ ისინი განწმენდამდე მიიყვანა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის სიხარულს აზიარა.
დიახ, სიცოცხლე გრძელდება და იგი ღვთის მადლით უინეტესო სულაც არ არის ამ ადამიანებისათვის, პირიქით, თითქოს ისინი ხელახლა დაიბადნენ, მიხვდნენ მანამდე განვლილ გზაზე დაშვებულ შეცდომებს და იმასაც, თუ რა უნდა იქცეს მათი ცხოვრების მიზნად.
ჭეშმარიტად დიდ არს უფალი და საკვირველ არიან საქმენი მისნი.
მაგრამ აუცილებელი არ არის მაინც და მაინც დიდი მწუხარება შეხვდეს ადამიანს, რომ დაფიქრდეს და პასუხი გასცეს ისეთ აუცილებელ კითხვებზე როგორიცაა: რაში მდგომარეობს სიცოცხლის აზრი? რისთვისაა თითოეული ჩვენგანი გაჩენილი, რა არის სინამდვილეში სიკეთე და რა ბოროტება?..
შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გული წმიდა და გონიერი, მოგვცეს სიწრფელე სულისა, რომ შევძლოთ, დავინახოთ ჭეშმარიტების გზა როგორც საკუთარი სულის, ისე ქვეყნის გადასარჩენად.
ასეთია ეკლესიური ხედვა ჩვენს ქვეყანაში დღეს მიმდინარე ზოგიერთი პროცესისა. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ საქართველო გაუძლებს დროის გამოცდას, თავის სიტყვას იტყვის და ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოთა შორის.
აღდგომილი ქრიტეს ნათელი განაბრწყინვებს მის ეკლესიას და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის სიხარული სრულიად აღავსებს მას. ჩვენს შორის უხილავად იმყოფება აღდგომილი მაცხოვარი და ჩვენც, ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით იდუმალად ვერთიანდებით მასში.
გუშინ შენთან ერთად დავიფალით, უფალო, და დღეს შენთან ერთად აღვდგებით და ძლევის საგალობელს გიგალობთ ზეცის თანაზიარნი.
დღესასწაულთა დღესასწაული ფართოდ აღებს მორწმუნეთა გულის კარს, და ჩვენც, არამიწიერი სიხარულით აღვსილნი, ყველას გულითადად გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომას - ზეიმთა ზეიმს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ ს დ გ ა !
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 30 (17) აპრილი, 2000 წ.