ყოვლადსამღვდელონო, მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო, ღვთივრჩეულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, უფალი მოგვმართავს თითოეულ ჩვენგანს და გვეუბნება:
„მოიწია ჩემმა დრომ; შენთან ვყოფ პასექს ჩემს მოწაფეებთან ერთად“ (მათ. 26,18).
მკვიდრნო ივერიისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, განიხარეთ, რამეთუ
ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !
„ჰოი, პასექო, დიდო და დიდებულო, ქრისტე! ჰოი, სიბრძნეო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა“ (ტროპარი, პასექის IX გალობა).
აღდგომა ქრისტესი უდიდესი საიდუმლოა, რომლის ჭეშმარიტ სიღრმეს ვერასოდეს შეიცნობს ადამიანის გონება. ეს არის საიდუმლო ჩვენი გამოსყიდვისა და გადარჩენისა;
დღეს ზეიმობს ცა და მიწა, რადგან თავისი აღდგომით მაცხოვარმა სიკვდილი დასთრგუნა. „სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?“ (ოსია 13,14).
შეიმუსრა ქვესკნელი, დაემხო ბოროტების ტახტი, იხარებენ მართალნი და იშვებენ ქრისტესთან. „სიკუდილითა სიკუდილისა შემუსვრასა ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა, ვუგალობთ მხოლოსა კურთხეულსა, ღმერთსა მამათასა და ზესთა ამაღლებულსა“ (ტროპარი, პასექის VII გალობა).
უფალმა განგვიღო თვისი სამყოფელი და მოგვცა შესაძლებლობა, დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი - ვეზიაროთ მარადიულ ცხოვრებასა და დაუსრულებელ ნეტარებას მისსა.
მაგრამ, მზად ვართ, რომ მივიღოთ ეს საოცარი წყალობა? მზად არის ჩვენი გული, რომ იქცეს იგი ტაძრად სულისა წმიდისა, ტაძრად ჭეშმარიტი რწმენისა, შეურყევნელი სასოებისა და უნაპირო სიყვარულისა, სიკეთისა და თანალმობისა?
ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა, რომელთაც სურთ, ისმინონ ღვთის სიტყვა, უფლის მცნებები არის მანათობელი ჩვენი შინაგანი სამყაროსი. ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ სულიერ სარკეში და დავინახოთ, თუ როგორნი ვართ სინამდვილეში; ავია თუ კარგი ჩვენი საქმიანობა, ჩვენი სიტყვა, ფიქრი და ზრახვა; ვართ თუ არა მართალნი საკუთარი თავის, ღვთისა და მოყვასის წინაშე?
ორი ათასი წელია კაცობრობას საშუალება აქვს მიუკერძოებლად განსაჯოს თავისი თავი და სინანულით აღვსილმა მიიღოს შეწყალება უფლისაგან ცოდვათა გულწრფელი მონანიებით; რაოდენ ამაოა და საწყალობელია ყოფა მათი, რომელთაც ისე გალიეს ეს წუთისოფელი, რომ მხოლოდ მიწიერ სიკეთეთა (ქონების, მდგომარეობის, უზრუნველი ცხოვრების, პატივისა და თანამდებობის) მოხვეჭა დაისახეს ცხოვრების მიზნად და მარადიულ ღირებულებებზე არც კი დაფიქრებულან.
ასეთ ადამიანთა შინაგანი სამყარო დახშულია ღვთის სიტყვისათვის. იესო ქრისტეს ნათელი მათ გულამდე ვერ აღწევს და სიბნელით მოცული მათი სულიერი თვალი, ბუნებრივია, ცოდვებს ვერ ხედავს; ეს კი, ფაქტიურად, ნიშნავს ნებაყოფლობით უარის თქმას მარადიულ ნეტარებაზე, - გოლგოთის მსხვერპლით მონიჭებულ უფლის საოცარ ძღვენზე.
„მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი. ნეტავ, ყურად გეღო ჩენი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით - შენი სიმართლე“ (ესაია 48,12,18), - ბრძანებს უფალი და გვაფრთხილებს: „ჟამი ჩემი ახლოს არს“.
ეს სიტყვები ეხება ყველას, თითოეულ ჩვენგანს. მაცხოვარს სურს, რომ გადავრჩეთ, ღირსნი გავხდეთ ნეტარებისა და ჩვენს გულებში პასექი იზეიმოს.
ძველ აღთქმაში პასექი ნიშნავდა ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა ტყვეობისაგან და ამ ქვეყნად ღვთის ძის, მესიის მობრძანებას. ახალი აღთქმის პასექი - ესაა გათავისუფლება სიმბოლური ეგვიპტისგან - ცოდვებისაგან და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე.
ჩვენ რას ავირჩევთ, ეგვიპტეს თუ აღთქმულ მიწას?
„ადამიანის შინაგან სამყაროში უხილავი ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე გრძელდება. მისი შედეგი, მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ეკუთვნის ჩვენი სული, ვისთან და რასთანა არის იგი კავშირსა და ერთობაში“, - წერს ღირსი მამა, მაკარი დიდი.
ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებულიც იგივეს ბრძანებს: „აიღე გული შენი და გამოიძიე, სად არის საუნჯე მისი, რით ხარობს იგი, რა აქვს მიზნად და რა მიაჩნია კეთილდღეობად? მაშინ იხილავ, სადა ხარ შენ“.
ცოდვათა დაძლევის პროცესი ადვილი არ არის და იგი დიდ შრომასა და ნებისყოფას ითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის შინაგანი ნეტარებისა და მადლის მომნიჭებელი ღვაწლი, მსვლელობა ცად აღმყვანებელ კიბეზე, რომლის თითოეული საფეხურის დაძლევა გარკვეული გამოცდის ჩაბარების ფასად ხდება. ამიტომაც, არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელს. იგი საშუალებაა სულიერი წრთობისა და ცოდვათაგან განთავისუფლებისა. იგია ნიშანი სულიერ კიბეზე ზესვლის დაწყებისა, ხოლო ვინც არ შედგომია ამგვარ ამაღლებას, იგი შორსაა სულიერი ბრძოლისა და განსაცდელისაგან.
უნდა იცოდეთ ისიც, რომ უფალი ხედავს ჩვენს ყოველ ნაბიჯს, აზრის ყოველ მოძრაობას, იცის ჩვენი შესაძლებლობები და თუ ძალიან გაგვიჭირდება, ჩვენს ჯვარს იტვირთებს და შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს მისას. ქრისტეს გზა ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ ერთადერთია და გადამრჩენელი. იგი ჯვარცმაა, მაგრამ იგი არის აღდგომაც.
ყველაზე მძიმე ბრძოლა საკუთარ თავთან მოგვიწევს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იცოდნენ ამ ჭეშმარიტების შესახებ. დანანებით ამბობს ალექსანდრე მაკედონელზე მისი ბიოგრაფი კვინტუს კურელი: „ის, ვინც ვერ გატეხა სპარსთა ურიცხვმა ლაშქარმა, დამარცხდა ვნებათაგან“.
ჯვარცმის (ანუ განსაცდელის) გარეშე არ არსებობს აღდგომა და ამაღლება. და თუ ჩვენ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანნი, ვიყოთ ქრისტეში და ქრისტესთან, უნდა განვლოთ ვნების და ტანჯვის გზა, რათა შემდეგ გამარჯვებულებმა ჩვენი ჯოჯოხეთის შემუსვრა ვიზეიმოთ უფალთან ერთად.
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც ძალიან ადვილად მყარდება კავშირები როგორც ერთმანეთისგან შორს მცხოვრებ ადამიანებს, ისე ცაკლეულ ქვეყნებს შორის. სულ რამდენიმე საათია საჭირო, რომ ფეხი დავადგათ ჩვენთვის სასურველ დედამიწის ნებისმიერ ადიგლს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი გვაწვდიან ცნობებს მსოფლიოში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ თანდათან ვიწყებთ გაცნობიერებას იმისას, რომ შევედით განვითარების ახალ ფაზაში, როცა დედამიწა მრავალრიცხოვან, მრავალფეროვან ერთ ოჯახად იქცა და კაცობრიობის ყოფნა არყოფნა, შეიძლება ითქვას, ერთგვარად დამოკიდებული გახდა მისი ყველა წევრის გონიერებასა და სიბრძნეზე, რადგან დღეს ჩვენს წინაშე არსებულ სხვა გლობალურ პრობლემებთან ერთად კვლავ შეიქმნა საშიშროება მსოფლიო ომის დაწყებისა. ძლიერ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა გაბატონებისათვის, ერთპოლუსიანი თუ მრავალპოლუსიანი სამყაროსათვის. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ჭიდილი, სამწუხაროდ, შემდგომში ახალ ზესახელმწიფოთა დაპირისპირებას ვერ ავცდებით და არც იმ ქვეყნის მდგომარეობა იქნება ხანგრძლივი, რომელიც ბოლოს ერთპიროვნულ ლიდერობას მოიპოვებს, რადგან იგი ვერ შეძლებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მუდმივ, სრულ კონტროლს. მერე მოვლენები კვლავ თავიდან დაიწყება, თუ, რა თქმა უნდა, დედამიწაზე სიცოცხლეს უწერია კიდევ დიდხანს არსებობა.
ამიტომაც, უკვე ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ უნდა შეიქმნას უშიშროების ისეთი მექანიზმი, რომელიც აღიარებს სახელმწიფოთა დღეს არსებულ საზღვრებს და ქვეყანათა შორის წესრიგის დამყარების მიზნით შექმნის საერთაშორისო სამხედრო ძალას, რომელსაც კონტროლს გაუწევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განახლებული სტრუქტურა ან სხვა რომელიმე ახალი საერთაშორისო ორგანიზაცია. ისეთი პატარა ქვეყნისთვის კი, როგორიც საქართველოა, ალბათ, ყველაზე სწორი პოზიცია, ნეიტრალიტეტია, თუ, რა თქმა უნდა, იგი გარანტირებული იქნება სხვა დიდ სახელმწიფოთა მიერ.
მაგრამ ეს ყველაფერი ცარიელ ფრაზებად დარჩება, თუ კაცთა მოდგმა ვერ ჩასწვდა ჭეშმარიტებას. თუ იგი ვერ ეზიარა ნამდვილ სარწმუნოებას, მისთვის ყოველთვის მიუწვდომელი იქნება მშვიდობაც და სხვა ისეთი დიადი ღირებულებანი, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე, სამართლიანობა... რადგან ყოველივე ეს უფლისაგან მომდინარეობს. არასწორი სარწმუნოებით კი ღმერთამდე ვერ მივალთ და ვერც მის მადლს ვეზიარებით. ამიტომაც არის, რომ ამ ღირებულებათა შესახებ მრავალნი საუბრობენ, ცხოვრებაში მათი დამკვიდრებისთვის ბევრსაც იღწვიან, მაგრამ ყოველივე ეს არარეალურ, უკეთეს შემთხვევაში დროებით შედეგს იძლევა, რადგან მისი საფუძველი ყალბი და არარეალურია.
„შეურიგდით ღმერთს“, - მოგვიწოდებს პავლე მოციქული. აი, გასაღები მშვიდობისა და სიყვარულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: „ქრისტიანი სხვებისაგან განსხვავებით მრავალი კეთილი თვისებით ხასიათდება, მაგრამ მათ შორის ყველაზე დიდი და საუკეთესოა, უნარი ჭეშმარიტი ურთიერთსიყვარულისა და გამორჩეული სიყვარული მშვიდობისა“.
მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ პიროვნებას ან საზოგადოებას, რომელიც თუნდაც მორწმუნედ მიიჩნევდეს თავს, შეიძლება საფრთხე ორი უკიდურსობიდან დაემუქროს.
პირველი, - ეს არის ფანატიზმის, კარჩაკეტილობის, იზოლაციისა და თვითდაჯერებულობის მდგომარეობა, მეორე კი პირიქით, მომდინარეობს თავისუფლების უგუნური გაგებიდან, ზედმეტი ლიბერალიზმისა და ყველაფრის ნებადართულობის პრინციპიდან.
ორივე ეს მიმართულება სინამდვილეში ღვთისაგან გაუცხოების შედეგია. იგი თითქმის არასოდეს იყო დამახასიათებელი ჩვენი ხალხისთვის, რადგან ყოველთვის ვეძებდით და კიდეც ვპოულობდით ჩვენს ადგილს ჭეშმარიტების საზღვრებში, მაგრამ დღევანდელ ჩვენს ყოფაში შეიმჩნევა როგორც ერთის, ისე, განსაკუთრებით, მეორე უკიდურესობის ნიშნები. ამიტომაც მასზე გავამახვილებ ყურადღებას.
თუ პიროვნებას, ხალხს, სახელმწიფოს არა აქვს სწორი რელიგიური და ეროვნული იდეოლოგია, ლიბერალიზმი აუცილებლად მტრების სასარგებლოდ იმუშავებს და შინაგანად მთლიანად დაანგრევს ქვეყანას. ის უბიძგებს საზოგადოებას ფსევდოდემოკრატიისა და ცრუ თავისუფლებისკენ, გააუფასურებს ეროვნულ ღირებულებებს, დაარღვევს ფორმასა და შინაარსს სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.
უგუნური ლიბერალიზმი, როგორც წესი, სათავეა მრავალი ნეგატიური მოვლენის, მათ შორის კორუფციის, დანაშაულთა გამრავლების, საერთო მიშვებულობის და განუკითხაობისა. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა... აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს და გამომდინარეობდეს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან.
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არა გვაქვს ასეთი იდეოლოგია. ამიტომაც, უკიდურესობებში ვვარდებით და პრობლემებიც გვიათმაგდება. ხომ არ დადგა დრო, საერთო სახალხო დაბრაზის შექმნისა, რომელიც ყველა ფენიდან შეკრებს ჯანსაღ, გონივრულ წინადადებებს და მასალას მოუმზადებს ხელისუფლებას იდეოლოგიის განსაზღვრისათვის?
საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოს.
ღირსი მაკარი აღმსარებელი წერს: „სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ საგნები და მოვლენები დავინახოთ ისე, როგორც ისინი სინამდვილეშია, მთელი მათი შინაგანი თავისუფლებით“. მართლად ხედვის უნარი კი სუფთა გულიდან მოდის.
ღმერთმა მოგვცეს ძალა სწორი ხედვისა, ღმერთმა მოგვცეს უნარი ჭეშმარიტებასთან ზიარებისა და მაშინ ჩვენ ნამდვილ თავისუფლებას მოვიპოვებთ.
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს ინტელიგენციამ და ახალგაზრდობამ. სწორედ ისინი უნდა დადგნენ ჩვენი სულიერი და ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე.
მსურს ერთგვარი სიამაყის გრძნობით აღვნიშნო, რომ საქართველოში ინტელიგენტთა შორის თითქმის არ ყოფილან მებრძოლი ათეისტები. მართალია, უმრავლესობამ კომუნისტურ პერიოდში ეკლესიურობა დაკარგა, მაგრამ ღვთისადმი შინაგანი რწმენა შეინარჩუნა და ამ გრძნობას ბოლომდე თან ატარებდა. ამიტომაც იყო, რომ 1977 წელს, როდესაც ღვთის განგებით მე ამირჩიეს საპატრიარქო ტახტზე, ეკლესიისთვის დასახმარებლად პირველად ინტელიგენცია და ახალგაზრდობა მოვიდა. დიდი მადლიერებით მინდა გავიხსენო ქ-ნი ბაბო (ბარბარე) დადიანი, ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე, გურამ პატარაია, ლევან ცუცქირიძე, ლამარა და გრიგოლ აბაშიძეები, ირაკლი აბაშიძე, ერასტი და ელენე ვაჩნაძეები, ნანა ხატისკაცი, მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი, ლილი გეგელია, რეზო ჩხეიძე, მედეა ჩახავა, ზურაბ კიკნაძე, ელგუჯა გიუნაშვილი, გიორგი ცინცაძე, ბაჩანა ბრეგვაძე და სხვანი.
მათ უთვალთვალებდნენ, ავიწროვედნენ, უშლიდნენ ჩვენთან სიახლოვეს, მაგრამ ისინი არ უშინდებოდნენ ზეწოლას.
მინდა შევჩერდე ახალგაზრდებზეც, რომელთა ყოფნა ეკლესიაში მაშინ, ფაქტიურად, თავგანწირვა იყო. რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა მაგალითად ზურაბ ჭავჭავაძეს, რომ წლების განმავლობაში შეენარჩუნებინა თანამშრომლობა და კავშირი საპატრიარქოსთან. ცნობილი ფილოსოფოსის, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორის, ბ-ნ ნიკო ჭავჭავაძის შვილი თავადაც შესანიშნავი მეცნიერი იყო, ზურაბი კომკავშირიდან გარიცხეს, ცილს სწამებდნენ, ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ მის მშობლებზე, დაემცირებინათ და მძიმე მდგომარეობაში ჩაეგდოთ მთელი ოჯახი.
ეს გზა გაიარა კომუნისტური მმართველობის დროს ეკლესიაში მოსული ახალგაზრდობის უდიდესმა ნაწილმა, რომელთა შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო ტრაგიკულად გარდაცვლილი სოსო (იოსებ) წერეთელი და გიორგი ჭანტურია.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღესაც ინტელიგენციის და ახალგაზრდობას სერიოზული პრობლემების გადალახვა მიუხდებათ, თუ აქტიურად ჩაებმებიან ქვეყნის აღმშენებლობაში და მაცხოვნებელი გზიდან არ გადაუხვევენ.
მსურს, ყურადღება გავამახვილო ჩვენი ყოფისთვის დამახასიათებელ ერთ მომენტზეც, რაც უკვე რამდენიმე წელიწადია საზოგადოების სენად იქცა. ეს არის საზღვარგარეთ წასვლა სამუშაოს შოვნის იმედით, მიდიან ახალგაზრდებიც და საშუალო ასაკისანიც.
გაუგებარია, საზღვარგარეთ, ათასობით კილომეტრის დაშორებით, სრულიად უცხო გარემოში მშობლები როგორ უშვებენ შვილებს (თუნდაც სწავლის მიზნით) იმ დროს, როცა ყველაზე მეტად სჭირდებათ მათი ყურადღება, შეწევნა, მზრუნველობა. ვის ხელში მოხვდება ეს ახალგაზრდა, რა წრეში იტრიალებს, ცხოვრება რა გამოცდას მოუწყობს, არავინ იცის;
ჩვენი შვილები განსხვავეულ გარემოში არიან აღზრდილნი, უცხოეთში კი ისინი მრავალი ისეთი პრობლემისა და განსაცდელის წინაშე დგებიან, რისთვისაც, ფაქტიურად, სრულიად მოუმზადებელნი არიან და, ამდენად, დაუცველნიც. ამიტომაც ვალდებული ვარ შევახსენო მშობლებს, რომ ისინი დიდ რისკს ეწევიან, როცა ასეთ ნაბიჯს დგამენ.
საშიშროება მაშინაც არანაკლებია, როდესაც საზღვარგარეთ ოჯახის უფროსები მიდიან და, ფაქტიურად, ღვთის ანაბარა ტოვებენ შვილებს, მეუღლეს, ახლობლებს.
ბოლო დროს ჩვენი ქვეყნიდან წასულ ბევრ ქართველს შევხვედრილვარ ინგლისშიც, ამერიკაშიც, ისრაელშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც. იშვიათად თუ ვინმეს გაუმართლა. ძირითადი ნაწილი მატერიალურად ჩვენზე უარეს დღეში ცხოვრობს და ამასთან ერთად, მთელს ენერგიას ახმარს სრულიად უმნიშვნელო, არაფრისმომცემ საქმიანობას. მათ რომ სამშობლოში ასე ეშრომათ, აღარ გაუჭირდებოდათ და ქვეყანასაც გამოადგებოდნენ.
ნუთუ ოჯახური გარემო, სანათესაო, სამეგობრო წრე, სამშობლო... არ სჯობს ამ გზით მოპოვებულ ფულს? განა უკეთესი არ არის, განსაცდელს და სიდუხჭირეს ყველანი ერთად გავუმკლავდეთ და ჩვენ თავად შევქმნათ საკუთარი კეთილდღეობა? ჩვენი გონებით, ჩვენი შრომით, ჩვენი ხელებით მოვიპოვოთ პური არსობისა?
მართალია, ამის განხორციელება ადვილი არ არის, რადგან დღეს მრავალმხრივი გაჭირვება და პრობლემაა საქართველოში, მაგრამ შესაძლებელია ამ პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით დაძლევა, თუკი ყველანი ერთად ვიღვაწებთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის.
ისევე როგორც პიროვნების განსაცდელი, ერის განსაცდელიც ღვთისაგან მისი სულიერი ამაღლებისთვის ხდება. ახლა სწორედ ამ პროცესს გავდივართ და დარწმუნებული ვარ, ღვთის წყალობით, იგი იქცევა ზეცად აღმყვანებელ ჩვენს სულიერ კიბედ. ის კი, ვინც გაურბის ღვთისაგან დაშვებულ ამ გამოცდას და იოლ გზას ეძებს, უარს ამბობს დიდების გვირგვინზე. ამიტომაც, მოვლენებს სულიერი თვალით უნდა შევხედოთ, უფრო ღრმა ანალიზი უნდა გავუკეთოთ ჩვენს ცხოვრებასა და საერთო ყოფას, რათა მართებული დასკვნები გამოვიტანოთ.
ქრისტე აღსდგა, გიხაროდეთ!
მაშ, ისმინეთ უფლის სიტყვები: „აჰა, მოვალ მალე. მტკიცედ იპყარ, რაცა გაქვს, რათა არავინ წარგიტაცოს შენი გვირგვინი. მძლეველს ვყოფ ბურჯად მამის ჩემის ტაძარში“ (გამოცხადება 3,11-12).
იყავით მძლეველნი საკუთარი თავისა და თქვენს გულში განამზადეთ ტრაპეზი განწმენდისა, რათა იქ პასექი იხმიოს ქრისტემ.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა;
ჩვენთან არს ღმერთი!
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2001 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №16(118), 2001 წ.