„გევედრებით ქრისტეს სახელით: შეურიგდით ღმერთს“.
(II კორ. 5, 19-20)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმინდა პასექს.
ქრისტე აღდგა!
რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს სულში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სიყვარულს ყველას და ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობთ.
ხორციელი აღდგომით მაცხოვარმა დაამტკიცა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილება, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. ამ სასწაულით მან აღდგომის შესაძლებლობა მიანიჭა მთელ კაცობრიობას.
სწორედ იმიტომაც მიიღო ადამიანური ბუნება, შეიმოსა ჩვენი მსგავსი სხეულით და ეზიარა ჩვენს ყოფას (გარდა ცოდვისა), იმიტომ ქადაგებდა და ითმენდა განსაცდელს, რომ ყველასთვის ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ დათრგუნოს ცოდვა და გაიმარჯვოს სიკვდილზე (რომელიც მხოლოდ დროებით განაშორებს ჩვენს სხეულსა და სულს) და ასევე ეჩვენებინა ისიც, თუ როგორ აღდგება მკვდრეთით ფერნაცვალი და უკვდავებას ნაზიარები ჩვენი სხეული და სულთან ერთად ამაღლდება მეორედ მოსვლის ჟამს.
ამიტომაცაა თავისი არსით ეს დღესასწაული ყოველი მართლმორწმუნისთვის პირადი გამარჯვების იმედის მიმცემი ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე.
აი, რას წერს წმ. პავლე მოციქული: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა დასაბამ შესვენებულთა... ვიღაც იტყვის, როგორ აღდგებიან მკვდრები. ან რომელი სხეულით მოვლენ.... უგუნურო, რასაც შენ თესავ, (ხომ) ვერ იცოცხლებს თუ არ მოკვდა, ასევე მკვდრეთით აღდგომისასაც: (სხეული) ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში, ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (1 კორ.15, 20, 35-42,47), „რადგან ვიცით, რომ ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოს მიერ“ (II კორ. 4,14).
მას შემდეგ, რაც უფალმა ცოდვის ტყვეობისაგან გამოგვიხსნა, ჯოჯოხეთსა და სიკვდილს ძალაუფლება მხოლოდ მათზე აქვს, რომელნიც დაშთენილნია ქრისტეს გარეშე. მათი მრავალრიცხოვანება ბნელეთის ძალებთან ერთადაც კი არაფერია ყოვლისშემოქმედი და ყოვლისმომცველი ღვთისა და მის ანგელოზთა წინაშე. ამიტომაც მოგვმართავს მოციქული: „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ, რადგან უფალმა კეთილ ინება თქვენთვის სასუფევლის მოცემა“„...
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომას წინ უსწრებდა მაცხოვრის ტანჯვა და ჯვარცმა. ასეთივეა ღვთის სასუფეველში დამკვიდრების მოსურნე თითოეული ადამიანის ხვედრიც. ყველამ ჩვენ ჩვენი გოლგოთა უნდა გავიაროთ, რომ მოვიპოვოთ სულის ცხონება.
წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს:
ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ კვლავ სრულიად განეშორება ცოდვას. ეს კი ყოველთვის მტკივნეული პროცესი იყო და არის, რადგან ბოროტი ადვილად არ თმობს ადამიანს და ათას საცდურსა და დაბრკოლებას უქმნის;
მაგრამ განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან განსაცდელში იწრთობა და იწმინდება ჩვენი შინაგანი სამყარო. პავლე მოციქული წერს: „ყოველნაირად გვავიწროვებენ, მაგრამ შევიწროვებულად არ ვგრძნობთ თავს, გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს, დევნილნი ვართ, მაგრამ მაინც არა მიუსაფარნი, დავრდომილნი ვართ, მაგრამ არა წარწყმედულნი. არ ვეცემით სულით, ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა (იგულისხმება წუთისოფლის განსაცდელები) უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს“ (II კორ 4, 8,9,16).
შევძლებთ კი ჩვენ სწორი არჩევანის გაკეთებას.
გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი განიკითხავდა იესოს, მეორე კი, ვინც გულწრფელად ნანობდა თავის დანაშაულს და სთხოვდა ძეს ღვთისას: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა„. და უთხრა იესომ: „ჭეშმარიტად, გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლკ. 23, 43).
ორივე ეს ავაზაკი სიმბოლური სახეა კაცობრიობისა, რომლის ერთი ნაწილი ისე ასრულებს ამქვეყნიურ ყოფას, რომ არ სცნობს, არ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. ალბათ იმიტომ, რომ „სახარება წარწყმედულთათვის დაფარულია“ (II კორ. 4,3). მეორე ავაზაკი კი, ცოდვით დაცემული, მაგრამ სინანულით განწმენდილი ადამის მოდგმაა, რომელიც მარადიული ნეტარებით განიხარებს უფალთან ერთად.
ესეც ხდება, რომ ის, ვინც ეზიარება მაცხოვრის ჭეშმარიტებას და აღვსილია მისი წყალობით, ხშირად საბედისწერო შეცდომას უშვებს და თავის ნებით სცილდება უფალს. აქაც ორ ძირითად სახეს ვხვდებით, რომელთა სიმბოლოებად პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი შეიძლება ვიგულისხმოთ.
უფლის მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე გულმხურვალე იყო და მთელი არსებით უყვარდა იესო, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის წინ ადამიანური სისუსტის გამო, სიკვდილის შიშით, უარყო იგი, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მწარედ განიცდიდა და გულით სთხოვდა უფალს პატიებას. მაცხოვარმა არა თუ შეუნდო მას და მოწაფის ხარისხში აღადგინა, არამედ მოციქულთა თავად დაადგინა წმ. პავლესთან ერთად.
იუდას ქმედება კი არ იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ის „ეძებდა მარჯვე დროს, რათა გაეცა“ მოძღვარი. არადა, იგი ამ დროს უკვე მოციქული იყო, ხედავდა მაცხოვარს და უშუალოდ მისგან ისმენდა ღვთის სიტყვას. ამასთან, მას მიცემული ჰქონდა ძალა სასწაულთმოქმედებისაც, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დაეცა საშინელი დაცემით, რადგან ღვთის დიდებას მიწიერი პატივი და ფული არჩია.
როგორც უმადური იუდა, ისე მისი ხვედრი, - თვითმკვლელობა, სიმბოლური სახეა ყველა იმ ადამიანისა, ვინც, უფლის მადლს ნაზიარები, მაინც განუდგება ჭეშმარიტებას და მას ამქვეყნიურ სიკეთეს ანაცვალებს.
სიმბოლურია ებრაელ მღვდელმთავართა დამოკიდებულებაც ისკარიოტელისა და მისგან დაბრუნებული ვერცხლისადმი.
„შევცოდე, მართალი სისხლი, რომ გავეცი“, - ამბობს სასოწარკვეთილი მოციქულყოფილი.
„ჩვენ რა. შენ იცი“, - იყო გულგრილი პასუხი. იუდას მიერ უკან მიცემული ფულიც, როგორც უწმინდური თანხა, მღვდელმთავრებმა ტაძარში არც კი შეიტანეს და იმით უცხოთათვის სასაფლაო იყიდეს.
„იუდა“ ყოველთვის საჭირო იყო და იქნება ავისმზრახველთათვის, მაგრამ მას (ღვთის საშინელ სამსჯავროზე, რომ აღარაფერი ვთქვათ), თვით ასეთ საქმეთა შემკვეთთაგანაც კი არასოდეს ექნება დაფასება;
საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსგავსოთ პეტრე მოციქულს, რომელიც შესცდა, მაგრამ დიდი სინანულითა და სიყვარულით აღდგა და უწინდელზე მეტი მადლით შეიმოსა; ვემსგავსოთ იმ ავაზაკს, რომელმაც სიკვდილის წინ მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწყალება და ცხონდა.
ჩვენ გაცილებით უფრო სუსტები ვართ და ცოდვით სავსენი, ამიტომაც ხშირად ვეცემით, მაგრამ დაცემას მაინც არასოდეს არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვძლიოთ ცოდვას და სინანულით განვიბანოთ, რომ კვლავ დავრჩეთ უფლის სიყვარულში.
როგორც ამბობს ხალხური სიბრძნე: სცოდავ. - შეინანე და სასუფევლისაკენ ისწრაფე.
ბევრნი ბედნიერებას ეძებენ მატერიალურ კეთილდღეობაში. თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, თუ იგი გამოყენებული იქნება გონივრულად და არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის.
ერთ მდიდარს იმდენად უყვარდა ოქრო, რომ დასახარჯადაც ვერ იმეტებდა; სახლში იკეტებოდა, ოქროს ფულს დაბლა ფენდა, ტანზე იხდიდა და მასზე წვებოდა, რადგან ამით იღებდა დიდ სიამოვნებას.
ამის საპირისპირო მაგალითია ალექსანდრე მაკედონელი. მან მრავალი ქვეყანა დაიპყრო და მისმა ჯარმა დიდი ალაფი ჩაიგდო. როცა მხედართმთავრებს მასთან ეს სიმდიდრე მიჰქონდათ, იგი თავისთვის არაფერს იტოვებდა და მას ხალხს ჯარისკაცებს ურიგებდა.
ეკითხებოდნენ: შენ რაღა დაგრჩაო. და პასუხობდა: ჩემთვის დავიტოვე იმედი.
სიკვდილის წინ კი დაიბარა: გარდაცვლილი საკაცეზე ხელჩამოშვებული დაესვენებინათ, რომ ყველას დაენახა, იმქვეყნად არაფერი მიჰქონდა.
გიკითხავთ კი ოდესმე თქვენი თავისთვის, რას აკეთებ ისეთს, რომ სცხონდე.
თანამედროვე ადამიანის ტრაგედია იმაშია, რომ კულტურა და მეცნიერება (განსაკუთრებით ფილოსოფია) დიდად დასცილდა ეკლესიას.
ბევრს ეჩვენება, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები დადასტურებაა ადამიანური გონების სრულყოფილებისა და გონიათ, რომ მას შეუძლია დროთა ვითარებაში ახსნას მთელი სამყაროს საიდუმლოებანი; ამიტომაც შემოქმედისადმი რწმენა ნაკლებად გაცნობიერებული საზოგადოების გამოვლინებად და დღეისათვის სრულიად ზედმეტად მიაჩნიათ, ანდა იმდენად მისაღებად, რამდენადაც შეიძლება იგი გამოადგეთ მოსახლეობის „დაბალი“ ფენების მართვის საშუალებად.
ისინი უარყოფენ სასწაულს, რადგან ნებისმიერ სასწაულში არის ის, რასაც ლოგიკითა და მიწიერი კანონებით ვერ ახსნი.
მორწმუნეთათვის კი ცხოვრება ღვთისა და სამყაროში მისი სასწაულების აღიარების გარეშე, წარმოუდგენელია. მშვენივრად თქვა გოეთემ: როგორადაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, ბუნება და მასში მიმდინარე პროცესები გონებაზე უნაშთოდ არ იყოფა, ანუ ყველგან და ყველაფერში რჩება ადგილი ირაციონალურისათვის, რწმენისთვის.
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღვწის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელებს). მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის თეორია ან ჰიპოთეზა შეიძლება ხვალ საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს ან უკეთესით შეიცვალოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და სრულყოფილებისაგან დაშორებული.
მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება არის ისეთივე, როგორიც იყო პირველ საუკუნეებში მაცხოვრისა და მისი მოწაფეების მიერ დადგენილი და წმიდა ეკლესიის მიერ აღიარებული. ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტე არა მარტო სრულყოფილი ადამიანია, არამედ - ჭეშმარიტი ღმერთიც და მისი სწავლება უცდომელია.
რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა ან სხვა რაიმე დიდი ტკივილი იხსნის ხოლმე თავდაჯერებულ ურწმუნოთ სულიერი სიბრმავისაგან.
ჩვენს საზოგადოებაში არის კიდევ ერთი კატეგორია ადამიანებისა, რომელნიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ არ სწამთ ეკლესიისა და მის გარეშე ცხოვრობენ. მათი ნაწილი თავს ვერ აღწევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს. მაგალითად, ზოგიერთს არ უყვარს ხალხთან ერთად ლოცვაზე დგომა და ამას თავის გამოჩენად მიიჩნევს, ზოგს არ მოსწონს ერთი კოვზიდან ზიარების მიღება, ანდა ვერ ხვდება, რატომ უნდა აღიაროს თავისი ცოდვები მოძღვრის წინაშე და არა ხატის წინაშე და ა.შ. ისეთებიც არიან, რომელნიც ფიქრობენ, რომ ეკლესია მხოლოდ სამაგალითო, წმინდა ადამიანებისაგან უნდა შედგებოდეს და რაკი აქ ჩვეულებრივ ცოდვილთაც და ზოგჯერ დამნაშავეთაც ხედავენ, აღარ სურთ ტაძარში სიარული. ამგვარი დამოკიდებულება ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან მოდის და მას სექტანტური მიმდინარეობა მონტანიზმი ეწოდება.
საერთოდ, ასეთი აზროვნება რელიგიაში სრული გაუცნობიერებლობის შედეგია, რადგან ეკლესიური ცხოვრების გარეშე ქრისტიანობა იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ხოლო ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, მათთვისაა, ვინც ცოდვილია და დაღუპვისაკენ მიექანება; ასეთი ადამიანების თავის წიაღში მიღებისათვის ეკლესიის განკითხვა ფარისეველთა ქრისტიანობაა, რადგან ქრისტეს, რომელიც ხშირად იყო მეზვერეებთან და ცოდვილებთან, ამის გამო სწორედ ფარისეველნი განიკითხავდნენ; უფლის პასუხი კი ასეთი იყო: „არ უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა“.
რჩეული და სიწმინდით მცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, არიან ეკლესიაში, მაგრამ მისი კარები ასევე ღიაა გადარჩენის მოსურნე ნებისმიერი ცოდვილისათვის. ეკლესიას ეკუთვნის კაცთა მთელი მოდგმა დაწყებული სრულყოფისაკენ მიმავალი გზის პირველი უმდაბლესი საფეხურიდან ნებისმიერ შემდგომ საფეხურამდე.
როგორც ყოველ ადამიანს, ერსაც ამქვეყნად თავისი მისია აქვს. საამაყოა, რომ რომ მთელი ისტორიის მანძილზე ვინარჩუნებდით ჩვენს ფუნქციას, - მტრის აურაცხელი შემოსევების მიუხედავად საუკუნეთა მანძილზე ვიყავით აღმოსავლეთში ქრისტიანული კულტურული სამყაროს ფორპოსტი, ხოლო ჯვაროსნული ომების დროს, - მთელი ევროპული კოალიციის ანგარიშგასაწევი მოკავშირე ძალა.
დღეს მსოფლიო პროცესები ახალ გამოწვევას სთავაზობს ყველას, ჩვენმა ერმაც პასუხი უნდა გასცეს გლობალიზაციის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნებს და თავისი ადგილი და ფუნქცია იპოვოს თანამედროვე მსოფლიოში, რაც აუცილებლად მოითხოვს სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების არსებობა კი ქვეყნის წარმატების საწინდარია.
მამულის მსახურება ჭეშმარიტი რწმენით ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლია; ეკლესიისაგან სწორედ ამ ნიშნით არიან წმინდანებად შერაცხილნი: ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი.
სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე, და მან შექმნას რაიმე ღირებული. შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და ააშენოს სრულფასოვანი სახელმწიფო.
უცხო სახელმწიფოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ ცხოვრებამ ჩვენს საზოგადოებას ეს სამი ძირითადი საყრდენი გამოაცალა. პოსტიმპერიულ საზოგადოებებს კი ხშირ შემთხვევაში უჩნდებათ არასრულფასოვნების განცდა, რაც მათ დამოუკიდებლობის მოპოვების ნაცვლად ხშირად ახალი ,,კეთილი“ ბატონის ძიებისაკენ უბიძგებს. ამას შეიძლება პირობითად პროვინციალიზმი ეწოდოს. როცა არასრულფასოვნების განცდის გამო ხდება უპირობო აღიარება სხვისი პრიმატისა, მაქსიმალური დამსგავსება და მონური ლტოლვა მისდამი, საკუთარი ფასეულობების უგულებელყოფის ხარჯზე.
ამის საპირისპირო მოვლენაა ე.წ. „მესიანიზმი“, რომლის გამოვლინებაა ფუნდამენტალიზმი და ფაშიზმი. ეს იდეოლოგია ამკვიდრებს თავის განსაკუთრებულობას, და, აქედან გამომდინარე, სხვებზე მბრძანებლობისა და ბატონობის უფლებას.
ეს ორივე მიმართულება უკიდურესობაა, იწვევს სახელმწიფოსა და საზოგადოების კრიზისს და სრულ კრახს; ამიტომაც იშლებოდა იმპერიები.
ქრისტიანული სწავლებით, ჭეშმარიტია მხოლოდ სამეუფო გზა, რომელიც გამიჯნულია უკიდურესობებისაგან და წარმოადგენს ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების ერთადერთ სწორ ორიენტირს. დღესაც ასე ვითარდება ყველა წარმატებული სახელმწიფო, ეყრდნობა რა საკუთარ ტრადიციას და კულტურათა ურთიერთგამდიდრების პრინციპს.
სახელმწიფოებრივი აზროვნება არის იმ საზოგადოებაში, სადაც გააზრებული აქვთ „ჩვენის“ საჭიროების უპირატესობა „მეს“ და „ჩემის“ საჭიროებაზე. ეგოისტური ინტერესების მქონე ადამიანი ზურგშექცევით დგას საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემებისადმი. მას მხოლოდ საკუთარი სახლი აქვს დალაგებული, ზღურბლს მიღმა კი არაფერს აქცევს ყურადღებას.
სახელმწიფოებრივი აზროვნება დიდი მონაპოვარია და იგი მაღალგანვითარებული კულტურის მაჩვენებელია. ჩვენი ერისთვის ტრადიციული ეს თვისება, ბოლო 200 წლის მანძილზე ქვეყნის პოლიტიკური, შემდეგ კი ეკლესიური დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო მეტად დაეცა. ეს პერიოდი ერთ-ერთი უმძიმესია ჩვენს ისტორიაში, რადგან მტრისგან იავარქმნილ საქართველოშიც კი ავტოკეფალური ეკლესია ერს არა მარტო სახელმწიფოებრივ აზროვნებას უნარჩუნებდა, მაქსიმალურად უწყებდა ხელს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების პროცესს.
ეროვნული ცნობიერების აღორძინებას ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და გარკვეული დრო სჭირდება. პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს, რადგან ყოველ სახელმწიფოში იგი ქმნის იმ გარემოს, რომელმაც საზოგადოება უნდა განაწყოს აქტიური ქმედებებისათვის.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად, ამ საკითხს სათანადო ყურადღება დღემდე არ დათმობია. ამის გარეშე კი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ძლიერი სახელმწიფოს შექმნა.
უნდა შეიკრას ჯაჭვი, - მე, შენ, ჩვენ ერთმანეთისთვის და საქართველოსთვის. ამ მიმართულებით ნაბიჯები უპირველეს ყოვლისა უნდა გადაიდგას ჯარში და განათლების სფეროში. ასევე აუცილებელია მოსახლეობის დასაქმება, - მცირე და საშუალო ეროვნული ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ადგილობრივი პროდუქტით ჩვენი ბაზრის შევსება და სამამულო წარმოებისათვის პრიორიტეტის მინიჭება; აუცილებელია მეცნიერების, კულტურის და სპორტის ხელშეწყობა და ბუნებრივია, ქვეყნის მთლიანობის აღდგენისთვის ზრუნვა. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს და სასიკეთო პროცესებიც დაწყებულია.
საქართველოს ეკლესია ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ხელისუფლებას და ცდილობდა, თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს დღესაც ასეა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდი, რომლის დევიზია: სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება და განვითარება.
მართალია, ცხოვრება მეტად რთულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გული არ უნდა გავიტეხოთ. „ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი“. ერთ-ერთი რეალური საშუალება, რითიც შეგვიძლია ურთიერთს დავეხმაროთ, არის დალოცვა.
წერილობითი ან სიტყვიერი დალოცვა შეიძლება: ოჯახის წევრის, შვილის, ახლობლის, ნაცნობის თუ უცნობის. მორწმუნე ადამიანი უნდა ლოცავდეს თავის მტრებსაც; და ხდება საოცრება, ჩვენი მოძულე ნელ-ნელა მოყვარედ იქცევა.
დალოცვა არსებობს მრავალი სახის: „ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს, გაგაძლიეროს“, „ღმერთმა მოგანიჭოს ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე“, „უფალმა არ მოგაკლოს თვისი წყალობა და მშვიდობა“ „ღმერთს ებარებოდეთ“, „უფალმა დალოცოს მთელი საქართველო და მკვიდრნი მას შინა“, „მაცხოვარმა დაგლოცოს და მტერი მოყვრად გიქციოს“, „წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული სუფევდეს შენ თანა“ და მრავალი სხვა.
მთავარია, დალოცვა გულიდან მომდინარეობდეს, მხოლოდ მაშინ შეიტანთ სხვის ოჯახში სიხარულსა და მშვიდობას. სანაცვლოდ კი თქვენი სახლი აივსება ბარაქით, სიყვარულითა და სიხარულით.
დადგა ჟამი, როდესაც მე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უნდა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო:
ღმერთო ძლიერო, მრავალმოწყალეო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო უფალო, დიდება და მადლობა შენდა! გევედრები, შეისმინე ლოცვისა ჩემისა და მოანიჭე მადლი და ძალა შენი ჩვენს ხალხს; შეცვალე მწუხარება ქართველთა ერისა სიხარულად, შფოთი და მტრობა - მშვიდობად და სიყვარულად.
სნეულნი განკურნე, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი მშვიდობით დააბრუნე, დალოცე და გააძლიერე ხელისუფალნი და მხედრობა ჩვენი, ერი და ეკლესია შენი და მოგვანიჭე მტკიცე და ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და იმედი, სიბრძნე და თავმდაბლობა. შეგვმოსე შენი მადლით და წარსდევნე ჩვენგან და ჩვენი ქვეყნიდან ყოველი მტერი და მბრძოლი ჩვენი და აცხოვნე სული ჩვენი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრო მამულო ჩვენო, უფლის კვართის მადლით სვეტად ცხოველად გამოჩინებულო.
ჰე, ერო ჩემო, ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულთა მიერ კურთხეულო და წმიდა ნინოს ქადაგებითა და ვაზის ჯვრის ძალით მოქცეულო და მადლმოსილო.
მრავალტანჯულო საქართველოვ, ურიცხვ მოწამეთა ცრემლით და სისხლით განბანილო.
გმირთა სამკვიდროვ, არ იყო შენთვის უცხო ღალატიც. ვიყავით და ვართ ბრძენნიც და უგუნურნიც, შეურაცხყოფილნიც და განლაღებულნიც, ცოდვით დამძიმებულნიც და სინანულით დამდაბლებულნიც. მამულს მოწყვეტილნი შვილნი შენნი ხმობენ ფერეიდანიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ლაზეთიდან, ჰერეთიდან და ქვეყნის სხვა კიდითგან, მონატრულნი ერთიანი საქართველოს ხილვისა.
უფალო, საკვირველად მწყალობელო ჩვენო, შენ გვაძლევ ძალას, რომ დანგრეული კვლავ აღვადგინოთ, უიმედოს ნუგეში ვსცეთ, მტირალს ცრემლი მოვსწმინდოთ, არ დავემონოთ ბოროტს და ათას საცდურთა მიუხედავად, მაინც გვახსოვდეს, რომ მხოლოდ შენა ხარ „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“.
ჰე, უფალო, გევედრებით, კვლავაც აღხოცე ცოდვები ჩვენი მეწამული და განგვასპეტაკე, ვითარცა თოვლი; შენია ცანი და ქვეყანა, შენა ხარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა. შეგივრდებით და გთხოვთ, გაგვხადე ღირსი შენი მეუფებისა, რათა ერთგულნი მადიდებელნი შენნი მარად ვიყოთ ღვთაებრივი სიყვარულით გარემოცულნი.
შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ, ამინ!
ქრისტე აღდგა!
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 2005 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18(325), 2005 წ.