„ვიქადოთ ღმერთით..., რომლის წყალობითაც
მივიღეთ ახლა
შერიგება“ (რომ. 5,11)
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ყველას გულითადად გილოცავთ წმიდა პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის.
უფალმა კიდევ ერთხელ ღირსგვყო შევხვედროდით მაცხოვრის აღდგომის საიდუმლოებით მოცულ საოცარ ზეიმს, სათავეს ჩვენი რწმენისა და სასოებისა, ძალას ჩვენი სიყვარულისა.
ამ დღეს განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენთვის ვნებულ იესოს, ბოროტის მონობისაგან ჩვენს მხსნელს, მარადიული ნეტარი ცხოვრებისა და მადლმოსილების მომნიჭებელს.
აღდგომა, - ეს არის მტკიცე და შეურყეველი ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სარწმუნოება და ქრისტეს ეკლესია, იგია ყველაზე დიდი დადასტურება ჩვენი ცხონებისა.
ამიტომაც წერს პავლე მოციქული: „ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და თქვენი რწმენაც“ (I კორ. 15,14).
უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავისი აღდგომით ზეცად აღამაღლა მთელი კაცობრიობა, რადგან მას გამოუთქმელი სიყვარულით უყვარს თითოეული ადამიანი. ყოველი პიროვნება განუმეორებელია, დაჯილდოებულია მარადიული სიცოცხლით, შემოქმედებითი უნარითა და თავისუფალი ნებით.
ღვთისაგან ნაბოძები თავისუფლების არასწორი გამოყენებით აღმოჩნდა ადამიანი ეშმაკის მონობაში. მიუხედავად ამისა, ღმერთმა თავისუფლების მადლი ცოდვით დაცემულ ადამიანსაც კი არ წაართვა და მას შემდეგ, რაც თავისი ჯვარცმით გამოიხსნა კაცობრივი ბუნება, ყოველ ჩვენგანს საშუალება მისცა პიროვნული არჩევანის გზით კვლავ მოეპოვებინა ცათა სასუფეველი.
„თვინიერ ჩემსა არარა ძალგიძთ“ (იოან. 15,5), - ბრძანებს უფალი და მართლაც, ჩვენ არ შეგვიძლია გადარჩენა ღვთის მადლისა და მოწყალების გარეშე, თუმცა ცხონების მოსაპოვებლად მხოლოდ ღვთის ნება საკმარისი არ არის, აუცილებელია ადამიანის თავისუფალი ნებაც.
მაცხოვარმა კაცობრიობას ახალი აღთქმა მისცა და მანამდე უცნობ საოცარ სიმაღლეებს აზიარა:
ეკლესიური სწავლებით, ქრისტეში ყველა ერთიანდება მიუხედავად ეთნიკური, რასობრივი, სოციალური თუ სქესობრივი განსხვავებისა. „ქრისტეში არ არის არც იუდეველი, არც ელინი, არც მონა, არც ბატონი, არც მამაკაცი და არც დედაკაცი“.
ქრისტიანობამ სხვა სიმაღლით წარმოაჩინა ადამიანის ღირსება და თითოეულ მათგანს უთხრა, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია, რომ სწორედ მისთვის ეწამა მაცხოვარი და მას გაუხსნა გზა ცათა სასუფევლისკენ.
პავლე მოციქული პიროვნებისათვის ღვთისაგან მონიჭებულ სამ უმთავრეს ნიჭს გამოყოფს: რწმენას, იმედსა და სიყვარულს.
ამქვეყნიურ ცხოვრებაში რწმენა უმტკიცესი საძირკველია სულიწმინდის ტაძრად შექმნილი კაცისათვის.
რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე, და არც თმის ერთი ღერი - ჩვენი თავიდან (მათე10,29; ლუკა 21,18).
იმედი ის მადლია, რაც ძალას აძლევს ადამიანს მიწიერი ყოფის განსაცდელთა დასაძლევად და ღმერთამდე ასამაღლებლად. გაჭირვებამ არ უნდა შეგვაშინოს და სასოება არ უნდა დაგვაკარგვინოს, რადგან თუ გვწამს, რომ ღმერთი სიყვარულია, ბუნებრივია, უნდა გვწამდეს ისიც, რომ იგი ცუდს არასოდეს გაუკეთებს მას, ვინც უყვარს. ამიტომ, სიხარული თუ მწუხარება, რაც ჩვენი ცხოვრების გზაზე გვხვდება, მხოლოდ ჩვენივე სიკეთისათვის არის დაშვებული, სამწუხაროდ ამას ხშირად ვერ ვაცნობიერებთ.
უფალი ბრძანებს: „ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები; როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე“ (ისაია 55,8-9).
რწმენა და იმედი მხოლოდ წუთისოფლის საგზალია და ბოროტთან ბრძოლისათვის ჩვენი ღვთაებრივი საჭურველი. მათგან გასხვავებით სიყვარული სულის მარადიული თვისებაა. ეს გრძნობა ღვთაებრივი მადლის განსაკუთრებული გამოვლინებაა, რადგან როგორც მოციქული ბრძანებს: „სიყვარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყვარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი“ (იოან. 1,4-7).
მთელი გონებით, მთელი გულით და სულით ისე უნდა შევიყვაროთ უფალი, რომ ვერაფერმა განგვაშოროს მას, რასაც მაშინ მივაღწევთ, თუ ცოდვებისგან განვიწმინდებით და თავდადებული სიყვარულით შევიყვარებთ ჩვენს მოყვასს. უფრო მეტიც, როგორც უფალი ბრძანებს, - უნდა შევიყვაროთ თვით ჩვენი მტრებიც და კეთილს უნდა ვუყოფდეთ მათ.
ესეც ხდება, რომ ადამიანმა შეიძლება ამპარტავნების გარდა სხვა ყველა ნაკლოვანება დაძლიოს, მაგრამ ამ უსაშინლეს ცოდვას შეუძლია გადაწონოს ყველა სიკეთე და ჩვენი სულიერი შენობა ძირფესვიანად დაანგრიოს. გეშინოდეთ მისი!
ამიტომაც თავმდაბლობა არის კიდევ ერთი უმთავრესი თვისება ადამიანის პიროვნებისა, იგი ერთი მხრივ იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისაგან და მეორეს მხრივ უნარჩუნებს მას ინდივიდუალიზმს, მეობასა და ღირსებას, რათა მან არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევები და არც თავისი პიროვნება და თავისუფალი ნება არ უარჰყოს სრულად.
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. იგი ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას სთავაზობს, იმედის ნაცვლად - სასოწარკვეთილებას ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ - უსიყვარულობას ან მოჩვენებით სიყვარულს და ეს ყოველივე ისე არის შენიღბული, რომ ჭირს შავის და თეთრის გარჩევა.
როცა წმინდა ანტონი დიდმა ჩვენებაში იხილა კაცთა საცდუნებლად დაგებული ეშმაკის მახენი, აღმოთქვა: განა შეუძლია ვინმეს თავი დააღწიოს მას?
პასუხად მოესმა: მხოლოდ თავმდაბალთ.
როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე ყოველ ერს, ღვთის განგებულებით, გარკვეული მისია აკისრია.
ადამიანმაც და ერმაც უნდა გააცნობიეროს თავისი უმთავრესი დანიშნულება და უნდა ემსახუროს მას.
ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭით; ალბათ, ამიტომაა, რომ ჩვენ წილად გვხვდა მსოფლიოს უდიდესი სიწმინდე, უკერველი კვართი ქრისტესი, რომელიც სიმბოლოა ქრისტეს განუყოფელი ეკლესიისა, რომლის სწავლებასაც ოცი საუკუნეა შეურყვნელად იცავს ჩვენი ხალხი.
ეს არის ჩვენთვის განცხადებული მისია ქართველი ერისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მხნეობითა და დიდი თავგანწირვით აღასრულეს. თუ როგორ ვუერთგულებთ ამ გზას, ეს დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მომავალ თაობაზე.
საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის, თავის ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს.
ამ ორივე პირობის შესრულება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მოკლება უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის.
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება, რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას.
კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაშიც.
გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს იმ ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც, რომელნიც ვერ გამოიმუშავებენ სათანადო იმუნიტეტს, მაგრამ ეს არ არის ახალი მოვლენა.
ისტორიულად ცნობილი ყველა დიდი იმპერია ცდილობდა განეხორციელებინა გლობალიზაციის ერთგვარი პროცესი. დღეს კი ამან საყოველთაო ხასიათი მიიღო. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ინტეგრაციია, რადგან წარსულის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენს წინაპართა ძალისხმევით არასდროს დაგვიკარგავს თვითმყოფადობა.
ეს დღესაც უნდა შევძლოთ.
კულტურის განმაპირობებელი სამი ძირითადი ფაქტორია მამული, ენა, სარწმუნოება.
ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ I საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ ეზიარა. „ქართლის ცხოვრებაში“ ვკითხულობთ: „მოვიდა ანდრია ტრაპიზონსა, სოფელსა მეგრელთასა“.
ჩვენი ენა კი უძველესია და საიდუმლოებით მოცული და მას „სახარებასა შინა ლაზარე ჰქვიან“.
იგი შეიძლება შევადაროთ სინათლეს, რომელიც თავის თავში მოიცავს ცისარტყელას ფერებს. ეს ფერები მსგავსია ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხის სამეტყველო ენისა: ხევსურულისა და სვანურის, მეგრულისა და თუშურის, ლაზურისა და კახურის, გურულისა და ინგილოურის, მესხურისა და რაჭულის, კლარჯულისა და მოხეურისა, იმერულისა და მთიულურისა, რომელნიც შენაკადების მსგავსად ქმნიან ერთიანი ქართული ენის სიმდიდრეს, ენისა, რომლითაც უძველესი დროიდან ჩვენს მიწა-წყალზე „...ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების“.
ამ სამ საგანძურს თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ერის მთლიანობა და თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ.
ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელია გარკვეული პრიორიტეტების განსაზღვრა. ამაზეა დამოკიდებული თუ როგორ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით. ვფიქრობთ, მომავალმა თაობამ უმთავრესი ყურადღება უნდა მიაქციოს სამეცნიერო, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროს, რომ ჩვენი ქვეყანა სრულფასოვან სახელმწიფოდ იქცეს.
საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათწლეულში სასმელი წყალი გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი კაცობრიობისათვის. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი დიდი მფლობელია და მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან. დღეს კი უმთავრეს პრიორიტეტად უნდა იქცეს სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ხალხი დასაქმდეს და გამოვიდეს იმ მძიმე სოციალური პირობებიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება.
ჩვენი დიდი რესურსია ინტელექტუალური პოტენციალიც. ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ის სამეცნიერო მონაპოვარი, რაც მას გააჩნია. ამის მაგალითია ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელთაც თითქმის სრულად გამოიყენეს საბჭოთა პერიოდის სამეცნიერო თუ ეკონომიკური მიღწევები, რამაც განაპირობა ამ ქვეყნების სწრაფი განვითარება. ჩვენთან პროცესები, სამწუხაროდ, სხვაგვარად განვითარდა. დაიშალა ქვეყნის ეკონომიკური სისტემა და გაუქმდა მთელი რიგი საწარმოები.
არ შეიძლება იგივე ბედი ეწიოს მეცნიერებას. მრავალ დარგში საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მკვლევარები ჰყავს. საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს; მის ჩამოყალიბებას დიდი თანხა და დიდი დრო სჭირდება. გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, ქვეყანამ არ გამოიყენოს ის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია.
საერთოდ, წარმატებით მხოლოდ ის ერები და სახელმწიფოები ვითარდებოდნენ, რომლებიც ალღოს უღებდნენ დროის მოთხოვნებს. სამოციანელთა მოღვაწეობით ქართველმა ხალხმა ღირსეული პასუხი გასცა თავისი რთული ეპოქის გამოწვევებს და არა მარტო ფიზიკურად გადარჩა, არამედ სულიერადაც მოემზადა დამოუკიდებლობისათვის.
XX საუკუნის ბოლოს აღორძინებულ ეროვნულ მოძრაობას მრავალი ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდა და ბევრმა ამ იდეალებს სიცოცხლეც შესწირა.
დღეს ასპარეზზე უკვე სხვა ახალგაზრდები არიან. საჭიროა არ დაიკარგოს თაობათა ერთობა და ახალი მოთხოვნების შესაბამისად გაგრძელდეს ეროვნულ ფასეულობათა დაცვა.
ჯერ კიდევ ილია ამბობდა: დღეს სხვა ომია, ომი წიგნისა და ცოდნის, ცოდო არ არის ცეცხლსა და მახვილში გამოტარებული ქართული დროშა ჩრჩილმა და მატლმა შეჭამოსო?
ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია, ოღონდ თანამედროვე პირობებში ვითარება კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ კაცობრიობამ შექმნა ბრძოლის ახალი ფორმა - ინფორმაციული ომი. ქვეყნებისა და პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება დღეს ძირითადად ამ საშუალებებით ხორციელდება; მომავალში კი მას, ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
სამწუხაროდ, ჩვენმა ქვეყანამ თავის დროზე სათანადოდ ვერ აუღო ალღო ამ ახალ მოვლენას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტებში საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ჯეროვნად ვერ წარმოაჩინა თავისი სიმართლე და წაგებული აღმოჩნდა ინფორმაციულ ომშიც.
მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია; საჭიროა მთელმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ქართულმა დიასპორებმა ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ მსოფლიომ ობიექტური ინფორმაცია მიიღოს ჩვენი ისტორიის, კულტურისა და დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვფიქრობთ, კარგი იქნება თუ სხვადასხვა უცხო ენაზე შეიქმნება ინტერნეტგვერდები, გამოიცემა ბროშურები და წიგნები, გაიმართება შეხვედრები და კონფერენციები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, რაშიც დიდი როლის თამაში შეუძლიათ უცხოეთში ამჟამად მცხოვრებთ ჩვენს თანამემამულეებს.
მოხარულნი ვიქნებით, თუ ისინი ხელისუფლებასთან ერთად ჩვენს დაგვიკავშირდებიან და ამ მიმართულებით კოორდინირებულად ვიმოქმედებთ.
მკვდრეთით აღდგომილო მრავალმოწყალეო უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, ჯვარსა შენსა თაყვანსა ვცემთ, მეუფეო, და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ. წინაშე შენსა მუხლმოდრეკილია მრავალტანჯული, მრავალვნებული, მაგრამ შენს მიერ კურთხეული ქართველი ერი და ჩვენ, ძენი და ასულნი საქართველოისანი, აღვიარებთ ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა. შენი მოწყალე თვალით გარდამოიხილე, ღმერთო, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, და შეგვინდევ ცოდვანი ჩვენნი, წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულში ჩვენნი.
შვილთა ჩვენთა მიანიჭე სიბრძნე და კეთილგონიერება და არ მოუშალო პატივისცემა მშობელთა; სრულასაკოვანთა განუხვენ თვალნი გონებისანი, რათა გიცნან შენ, ვითარცა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; სიბერე მათი ტკბილჰყავ და განაძლიერე, რათა იხარონ კეთილითა ნაყოფითა ძეთა და ასულთა თვისთა;
ურწმუნოთ და სულმოკლეთ განუხვენ სულიერნი თვალნი; შეცდომილნი და ცოდვით დამძიმებულნი შეიწყნარენ, ვითარცა უძღებნი შვილნი და შეაერთენ წმიდასა შენსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა; უძლურნი - განკურნენ, საპყრობილესა და ტყვეობასა შინა მყოფნი - განათავისუფლენ, ობოლნი და ქვრივნი დაიცვენ და მიჰმადლე მათ პური არსობისა; უცხოეთსა შინა მყოფნი ქართველნი მშვიდობით დააბურნე; სულნი გარდაცვალებულთა მამათა და დედათა, ძმათა და დათა ჩვენთა საყოფელსა მართლათასა დააწესენ; წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა, ღვთივკურთხეული საქართველო იხსენ შიდა დაპირისპირებისაგან, უცხო თესლთა მოსვლისაგან, სიყმილისა, მიწისძვრისა და სხვა ყოვლისა ბოროტისაგან.
ღვთივკურთხეულო საქართველო, ისმინე ხმა უფლისა ჩვენისა და აღასრულე მცნებანი მისნი; წინაშე შენსა ღია არს კარი სასუფეველისა. ივერნო, - გორგასლიანნო, დავითიანნო, თამარიანნო, მუდამ გახსოვდეთ პასუხისმგებლობა წინაშე ღვთისა და მამულისა. არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ განსაცდელს; ჯვარი, რომელიც გვიბოძა უფალმა, ბოლომდე უნდა ვიტვირთოთ და ჩვენი მისია აღვასრულოთ.
ღვთისა და მამულისათვის დამაშვრალნო მეფენო და დედოფალნო ჩვენნო, შემწეობა თქვენი დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. მტერი ლამობს შერყვნას რწმენა, დაფლითოს და დაანაწევროს ჩვენი მამული, ჩვენი ენა. თქვენი ლოცვით დაიცევთ და დაიფარეთ სულიერი და ეროვნული საგანძური ჩვენი და აღადგინეთ საზღვარნი საქართველოისანი. ერთ ძალად შეგვკრიბეთ და შესთხოვეთ უფალს ერთსულოვნება ჩვენი, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი ჩვენი იყოს მწყემსი ჩვენი.
მოძღვარნო და მასწავლელნო ჩვენნო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქნო, დიდია თქვენი ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე, თქვენი ლოცვით განაძლიერეთ მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი, რათა იგი იყოს მტკიცე შემაკავშირებელი და მაცხოვნებელი ძალა ჩვენი ერისა.
წმინდა მღვდელმთავარნო, მოწამენო, ღირსნო მამანო, მნათობნო სოფლისანო, მეოხ გვეყავით, რათა შევიცნოთ თავი ჩვენი, განვაგდოთ შური და ურთიერთშუღლი და მოგვანიჭოს უფალმა განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა; ამპარტავნება შესცვალოს თავმდაბლობით, მტრობა და მწუხარება - სულიერი სიხარულითა და ამაღლებით, რათა მოხდეს ჩვენი სულიერი ფერისცვალება და საქართველოს გაბრწყინვება. ყოველი ჩვენგანი უნდა იყოს ძე და ასული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, რათა ეკლესიის ლოცვით უფლის აღდგომის თანაზიარნი გავხდეთ და დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა.
სულიერი სიხარულით აღვსილი კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ პასექის დიდებულ ზეიმს, ქრისტე აღდგა.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
სრულიად საქართველოს |
აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2006 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანჲ“, №16(369), 2006 წ.