მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ
ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა (ეფეს. 6,23).
რწმენა, სიყვარული, სიბრძნე, კეთილგონიერება, მომავლის ჭვრეტა - ეს არის უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყოს აღჭურვილი ყოველი ადამიანი. ამაზე ფიქრით, ჩვენ ვაცილებთ ძველ წელიწადს და ვხვდებით ახალ, 1981 წელს. ბედნიერი იყო წარსული წელი ჩვენი ერისათვის: მშვიდობა სუფევდა ჩვენს სამშობლოში, ქართველმა ერმა შექმნა დიდი სულიერი და მატერიალური დოვლათი, ჩვენი ერი აგრძელებდა და აგრძელებს აღმავლობის გზას. ღვთის წყალობითა და მისი ლოცვა-კურთხევით კარს მოგვადგა ახალი წელი.
რა ვთხოვოთ უფალს, რა ვუსურვოთ ერთმანეთს?!
უფალი ბრძანებს: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ“ (მათე 7,7). ჩვენს ხალხში არის ღვთისგან მონიჭებული შემოქმედების გენია და უნდა ვეცადოთ, რომ ეს გენია გამოვლინდეს. ამ გენიამ შექმნა ჩვენი ანბანი, სვეტიცხოველი, ჯვარი, ბოლნისის სიონი, „ვეფხისტყაოსანი“, შეუდარებელი მუსიკა... და დღესაც, ყოველ დარგში უნდა ითქვას ახალი სიტყვა, შემოქმედების ახალი ძალა უნდა იგრძნობოდეს.
როცა გავხედავთ ჩვენს წარსულს, გვაოცებს, თუ ამდენ წინააღმდეგობაში ვით შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა თავისი ენა, ქრისტიანული სარწმუნოება და კულტურა; როგორ არ მოისპო ეს ყველაფერი და ვით გაუძლო ჟამთან ჭიდილს. საქართველოს არ ჰქონდა სასაზღვრო კავშირი არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანასთან და მიუხედავად ამისა, ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა ერმა თავისი თვითმყოფადი, მადლმოსილი სახე შეინარჩუნა. ჩვენი დღემდე არსებობის და სულიერი სიმტკიცის საიდუმლოება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეურყევლად ვიდექით და ვდგავართ ქრისტიანულ ნიადაგზე, ქრისტეს სჯულზე, რომელიც ქადაგებს სიყვარულს ღმრთისა, მამულისა და მოყვასისადმი, სიყვარულს ჩვენი ძველი ქართული ტრადიციებისადმი.
ქართველი კაცი დაუსრულებელი ომების დროსაც ახერხებდა ტაძრებისა და მონასტრების შენებას, ქმნიდა თავის უბადლო კულტურას. ამ ომებსა, ჭიდილსა და წინააღმდეგობებში იძერწებოდა, იხვეწებოდა ქართველი ადამიანის სულიერი სახე. მაგალითისთვის ავიღოთ ის მძიმე დღეები, როცა საქართველოში შემოვიდა ჯალალ-ედ-დინი. მარტო თბილისში მისი ბრძანებით თავი მოკვეთეს ასი ათას ქართველს, რომელთაც სჯული არ შეიცვალეს და სიონიდან ხიდზე გატანილი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები ფეხით არ გადათელეს. ისინი ჩვენი ეკლესიის აღზრდილი შვილები იყვნენ და მათი თავდადება ერის სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს. აი, ამისთანა მტკიცე სარწმუნოება ჰკლებია იმ ერებს, რომლებიც დაიღუპნენ და აღიგავენ პირისაგან მიწისა.
წმიდა ნინო, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიდი რუსთაველი, დიმიტრი თავდადებული, სირიელი მამები, ბერი იოანე, თორნიკე ერისთავი, მეფე-მოწამენი - არჩილი და ლუარსაბი, სჯულისათვის თავდადებული დედოფალი ქეთევანი, მღვდელი თევდორე, გმირნი მარაბდელნი, დავით გურამიშვილი, 300 არაგველი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე; კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონ III, კალისტრატე და მრავალი სხვა - ხომ მნათობნი და სვეტნი არიან საქართველოსი. მათი შრომითა და თავდადებული მოღვაწეობით საქართველო სულიერად აღორძინებულა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად გაძლიერებულა. ჩვენ უნდა ვიყოთ გამგრძელებელნი იმ დიდი საქმისა, რასაც შეეწირნენ ისინი.
ჩვენ იგივენი ვართ, ვინც ვიყავით ადრე, ვინც აღვაშენეთ ხუროთმოძღვრების შეუდარებელი ძეგლები, გამოვჭედეთ ხახულის კარედი და შევქმენით შეუდარებელი ჰაგიოგრაფიული თუ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები. ჩვენშია ის გენია, ამას მხოლოდ წარმოჩინება სჭირდება. ერის ისტორია დამთავრებულად შეიძლება ჩაითვალოს, როცა მას ვეღარაფერი შეაქვს კაცობრიობის საუნჯეში და მხოლოდ გამოაქვს ამ საუნჯიდან, როცა არაფერი გააჩნია საექსპორტო და ცხოვრობს იმპორტით. ჩვენთან დღესაც ბევრი რამ იქმნება ზოგადკაცობრიული და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ერის ნათელ მომავალში. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიამაყოთ მხოლოდ წარსულით, სახელოვანი წინაპრებით; ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ თანამედროვეობას, რეალურ ცხოვრებას, რომელიც საკმაოდ რთულია. მე მწამს, რომ, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ქართველი ერი დღესაც შობს ახალ რუსთაველსა და ბარათაშვილს, ახალ ბექა ოპიზარსა და თავდადებულ დიმიტრის. ჩვენი ერის გენია სწორედ იმაშია, რომ ქართველი კაცი გაართმევს თავს ამ სირთულეს და შეინარჩუნებს ეროვნულ თვითმყოფადობას.
ქართულ ეკლესიას ისევე, როგორც ჩვენს ინტელიგენციას და მთელ ქართველ ერს, არ გვაძლევს მოსვენებას ერთი ფიქრი: ვინ ვიყავით უწინ, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით?! კარგია, რომ ჩვენი ხალხი ამაზე ფიქრობს. განსაკუთრებით დღეს ამაზე ფიქრობს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდობა და ეს გვახარებს ჩვენ.
ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს არის ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა და ბავშვების აღზრდა. ოჯახი - მცირე სახელმწიფოა, სადაც არ შეიძლება სუფევდეს ანარქია, არამედ ოჯახის წევრებს შორის უნდა იყოს იერარქიული დამოკიდებულება. პავლე მოციქული ამბობს: „ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5,23). შვილები - ეს ხომ ღვთის დიდი ლოცვა-კურთხევააა. ადამიანს არ აქვს უფლება არეგულირებდეს შვილების რაოდენობას, უნდა ჰყავდეს იმდენი, რამდენსაც ღმერთი მისცემს. აღზრდას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი უნდა აღვზარდოთ მორწმუნე, მოსიყვარულე, მშვიდობისმყოფელი, სიმართლისმოყვარე, სათნო, თავმდაბალი, გაჭირვებულთა დამხმარე, სამშობლოსათვის თავდადებული. ბავშვი არ უნდა მოვწყვიტოთ ბუნებას; ბუნება ხომ დიდი წიგნია, რომლის კითხვა და გაგება უნდა ისწავლოს ბავშვმა. ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, - ესაა აღსაზრდელის შრომისადმი დამოკიდებულება. ჩვენ თითქოს გვებრალება მოზარდი და ვათავისუფლებთ მას შრომისაგან. ამის შედეგად ბავშვში ეგოიზმი ძლიერდება და იგი შრომას დამცირებად მიიჩნევს.
ქართველმა დედამ უნდა აღზარდოს შვილი იმგვარად, როგორც გვასწავლიდა ერის მამა ილია ჭავჭავაძე:
„დედავ, ისმინე ქართვლის ვედრება:
ისე აღზარდე შენ შვილის სული,
რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება,
უკან რჩეს კვალი განათლებული!“
საქართველოს შვილნო, გისურვებთ მრავალ ქორწინებას, გამრავლებას, მრავალი შვილის ყოლას!
ყველას ვუსურვებ მშვიდობას, მშვიდობა სუფევდეს ადამიანთა გულებში, ოჯახებსა და ერთა შორის კიდით კიდემდე. დაე, აღორძინდეს სარწმუნოება, სიყვარული და ურთიერთგაგება კაცთა შორის! სუფევდეს ქართველი ერი, ვითარცა პავლე მოციქული იტყვის: „ერთ სულ და ერთ გონება“. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებით ძლიერნი და მტერი ვერას დაგვაკლებს. „ორთაგან ერთი არჩიე - ან თვით სიბრძნისმოყვარე იყავ, ან სხვათა სიბრძნეს ეცი პატივი, რათა არა სრულიად განვარდე კეთილისაგან“ (გრ. ნაზიანზელი).
ბრძენი ამბობს: „მე მინდა ვიყო ღმრთისაგან შეწყალებული, ვიდრე ეშმაკისაგან გამდიდრებული“.
და ბოლოს, მსურს დავლოცო ერი ჩვენი:
მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამამყარებელო და მმართველო ყოვლისაო სიბრძნითა და სახიერებითა შენითა განგებულებითა, გმადლობთ მოწყალებათა შენთათვის, რომელნი საკვირველ-ჰყვენ ჩვენზედა წარსულსა ჟამსა ცხოვრებისა ჩვენისასა. გევედრებით შენ, ყოვლადმოწყალეო, აკურთხე გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა.
აცხოვნე, უფალო, ერი ჩვენი და საკუთხე სამკვიდრებელი შენი, ამინ!
თბილისი,
1981 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.