საშობაო ეპისტოლე

წმიდა სინოდის წევრებს - ღვთივგანბრძნობილ ყოვლად-სამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს, მოძღვრებს, ბერ-მონოზვნებს და საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველა ღვთივკურთხეულ შვილს, მცხოვრებს დედასამშობლოში და მის საზღვრებს გარეთ

რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე,
ვითარმედ ძეცა თვსი მხოლოდშობილი მოსცა მას,
რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს,
არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი (იოანე 3,16).

სიხარულისა და სიყვარულის სიტყვებით კვლავ მოგმართავთ ყოვლადსამღვდელონო, მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, ბერნო და მონოზონნო, ძვირფასნო ძმანო და დანო - საქართველოს საპატრიარქოს კურთხეულნო შვილნო - მცხოვრებნო დედასამშობლოში და ჩვენი ძვირფასი მამულის საზღვრებს გარეთ! ღვთივდაცულ სამწყსოს გულითადად გილოცავთ ქრისტეს დაბადების დიდებულ დღესასწაულს და გისურვებთ სრულ მშვიდობას და მარადიულ სიხარულს, რამეთუ დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი.

განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახალშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. ის იშვა, როდესაც ეძინა ბეთლემს, ეძინა იერუსალიმს, ეძინა იუდეველთა ქვეყანას, ეძინა მთელს კაცობრიობას. პირველნი, რომელთაც შემოესმათ ანგელოსთა გალობა - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება და რომელნიც ღირს იქმნენ თაყვანი ეცათ ახალშობილი იესოსათვის - იყვნენ უბრალო, წმიდა გულის პალესტინელი მწყემსები. ეს იყო დასაწყისი ახალი აღთქმისა, დასაწყისი ახალი, ქრისტიანული რწმენისა, რომელსაც უნდა გარდაექმნა მთელი კაცობრიობა. „სიტყვა განკაცნა, რათა ჩვენ ღმერთ-ვიქმნეთ“, - სთქვა წმიდა ათანასე დიდმა.

წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტეს დაბადება შეუძლებელია გააზრებულ იქნას ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. „ნუ შემეკითხები, როგორ მოხდა ეს სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს. მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - დღეს ხორციელდება!“ მაგრამ ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს.

სიყვარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა, ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს, მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა, ერთნი შეიტკბობენ მას და იმყოფებიან მასთან, სხვანი უარყოფენ მას. უფლის მიღება ანუ მისი რწმენა თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავსი ხელახალი დაბადებისა.

ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება, შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შორეულისა და მიუწვდომელისა - შეგრძნება ღვთისა.

წმიდა მამათა აზრით: ღმერთი ძლიერ ახლოსაა ჩვენთან, ის განუშორებელია ადამიანისაგან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „როგორ შემიძლია მოვიხმო ჩემში ღმერთი? არის კი ჩემში ადგილი, სადაც შვეძლება ღმერთს მოსვლა? მე არ ვიარსებებდი, ღმერთო ჩემო, შენ რომ არ იყო ჩემში, ანუ არ ვიარსებებდი, მე რომ არ ვიყო შენში, რამეთუ ყოველი არსება იმყოფება შენში და შენით არსებობს. სად მოგიწოდო შენ, როდესაც მე ვიმყოფვბი შენში და საიდანღა შეძლებ შენ ჩემში მოსვლას?“

ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდვს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება „ხატი ღვთისა“. ხშირად ადამიანში ვხედავთ წინააღმდეგობას, კეთილი საწყისის გვერდით ვხვდებით სრულიად სხვა ხასიათის ენერგიას, დემონურ ძალას, ბოროტსა და საშიშს; საშიშს უპირველესად თავად ამ ძალის მატარებლისათვის, ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვინ უნდა იგოს ჩვენი დასაყრდენი ამ ბრძოლაში? - ღმერთი, ქრისტე, ჭეშმარიტება, სიმართლე. „ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა“ - ეს ნათელი იმდენად ძლიერია და ცხოველმყოფელი, რომ იგი აცისკროვნებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, აღწევს ადამიანის სულისა და სხეულის ყველა ნაწილში, იგი ანათებს, უხმობს ქვეყანას, გარდაქმნის მას, განსაკუთრებით ბრწვინვალედ ანათებს სიბნელეში, რომელიც ცდილობს მის შთანთქმას, მაგრამ სიბნელე, თუმცა დიდია თავისი მოცულობით, უძლურია ნათელის წინაშე. ნათელი, რომელიც გვინათებს ცხოვრებას და რომლის მეოხებითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი, გვინათებს ჩვენ არა გარედან, არამედ შიგნიდან, ჩვენი ზნეობრივი არსების, ჩვენი გულის სიღრმიდან. ამიტომ ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ნათელთან, ღვთიურ ენერგიასთან. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც მექანიზმის გენიას სურს მოაშთოს ადამიანი, როდესაც ამ მექანიზმს სურს გამოაძევოს ჩვენგან სული და დატოვოს მხოლოდ მკვდარი მატერია. ამან გამოიწვია ის, რომ კაცობრიობამ განიცადა მერყეობა სულიერ ფასეულობათა აღქმაში. ეს ჩვენი დროის დამახასიათებელი თავისებურებაა. ამის თაობაზე გვაფრთხილებდა წმიდა მოციქული პავლე, როდესაც სწერდა: და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა (რომ. 12,2).

მაგრამ ადამიანმა პოვა ძალა თავის თავში, რათა წინაღუდგეს ამ ცთუნებას. დღევანდელ ადამიანს აინტერესებს სულიერი და საღვთისმეტყველო საკითხები. იმისათგის, რომ ღრმად ჩავწვდეთ სულიერი პრობლემების არსს, გავხდეთ ღვთისმეტყველი, საჭიროა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება და არა მხოლოდ ეკლესიური დოგმატების შესწავლა.

თანამედროვე ახალგაზრდობას არ შეიძლება დავწამოთ ინდიფერენტიზმი. ეს არის მოაზროვნე, მაძიებელი, ნიჭიერი ახალგაზრდობა, ძიება ახალგაზრდობისა, მისი უნარი მსხვერპლის გაღებისა, სწრაფვა მეცნიერებისაკენ - ყოველივე ეს მისი სულის ძალასა და სიდიადეზე მეტყველებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იმას, რაც გაყინული, უძრავი, უსიცოცხლო და უსულოა, არ იწყნარებს. ბევრს გაუჩნდა წყურვილი ნამდვილი სახარებისეული ცხოვრებისა, დღეს ბევრს უფრო სულიერი სიმდიდრე აინტერესებს, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა, ადამიანმა გაიგო რა არის სიმდიდრე. ვის აკურთხებს იგი, ვის აბედნიერებს, ვის ალამაზებს, ვის ჰმატებს სიკეთეს და გონიერებას? დღემდე - არავის.

ქრისტიანობა თავისი უბრალოებით და უჩვეულობით სუსტი და უძლური ჩანდა, მაგრამ მან ბრძოლაში გამოიწვია ძველი სამყარო. ქრისტიანობამ უშუალოდ ადამიანის გულს მიმართა და იგი ისეთ სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეზე აიყვანა, რომლის მსგავსი ძველ რელიგიებს და ფილოსოფიას ვერც კი წარმოედგინათ.

ადამიანთა გულების დაპყრობისათვის საჭირო იყო არა მტკიცებანი, არამედ მადლიან ცხოვრებასთან ზიარება, არა დარწმუნება, არამედ ქრისტიანობის ჩვენება, რამეთუ მოციქული პავლეს სიტყვებით: არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა (I კორ. 4,20).

ჩვენს დროში სამყარო სწრაფად იცვლის სახეს. ახლა წელიწადი მთელი ეპოქაა. ეს ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაშიც შეიმჩნევა. იგრძნობა მისწრაფება მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა ურთიერთგაგებისა და დაახლოებისაკენ, რაც ხელს უწყობს ხალხთა და სახელმწიფოთა ურთიერთგაგებას, ქრისტიანთა დაახლოება იწვევს იმას, რომ მტრობა და უნდობლობა წარსულს ბარდება, ისპობა ფსიქოლოგიური და სხვა წინააღმდეგობანი. ჩვენი მიზანია ადამიანური ურთიერთობების - პირადი, ოჯახური, საზოგადოებრივი, საერთაშორისო ურთიერთობების ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნება დამყარება. ეს საერთო ქრისტიანული საქმე, ქრისტიანთა გამაერთიანებელი და დედამიწაზე მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის დამყარების განმაპირობებელი საქმე უნდა გახდეს.

რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული (2 კორ. 5,17) - ამბობს მოციქული პავლე. აღდგენა ადამიანში „ხატისა ღვთისა“, გარდაქმნა ადამიანისა ნამდვილ ღვთისნიერ ქმნილებად - ესაა მიზანი ქრისტეს შობისა, ესაა მიზანი ახალი აღთქმისა.

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). რა შეიძლება იყოს კაცთათვის უფრო სანატრელი, ვიდრე „ქუეყანასა ზედა მშვდობაჲ“ და სათნოება კაცთა? მხოლოდ განხორციელებული უფლის დედამიწაზე მობრძანებას შეეძლო ადამიანებისათვის მოენიჭებინა ეს სიკეთე.

იესო ქრისტე ბეთლემში იშვა. მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთუწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა - მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.

იესო ქრისტემ გვიბოძა შინაგანი განახლების და სულიერი ზრდის უნარი. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველი ჩვენი მოძრაობა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაზე, რომლითაც განმსჭვალულია ჩვენი გული და რომელიც წმიდას ყოფს ჩვენს გულს. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა (ფს. 50). ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა. შენ ვერასდროს ვერ შეიტყობ ამას, თუ სასწაულთმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასდროს არ მოგწყურდება, შესვი და შენს წინაშე წარმოჩნდება მანამდე უხილავი და უცნობი ახალი სამყარო, სულიერი სამყარო, რომელიც თავისი მადლიანი სხივებით ათბობს და ანათებს დედამიწას.

იესო ქრისტე და ქრისტიანობა სამყაროში არამიწიერი გზით შემოვიდა. მაცხოვარმა თავისი განკაცებით მიმართა არა მხოლოდ ადამიანის გულს, არამედ გონებასაც. სახარებამ დაიმორჩილა ადამიანის ნებისყოფა, მისცა კაცობრიობას ახალი სიცოცხლე. მოციქული პავლეს სიტყვებით, სახარებისეული ჭეშმარიტება კაცობრიობას წარუდგა არა ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელი სიტყვებით, არამედ „მოვლინებითა სულისა და ძალისა“. სულმა და ძალამ დაიპყრო მსოფლიო. მოვედინ სუფევაი შენი! იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. ასეთია ჩვენი ლოცვა, ასეთია ჩვენი სურვილი.

დღეს ჩვენ შევსთხოვთ უფალს ჩვენი რწმენისა და სიყვარულის გაძლიერებას, სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა სიუხვეს, სიკეთის გამრავლებას და ბოროტების აღმოფხვრას, ჩვენი სამოციქულო ეკლესიისა და ჩვენი ხალხის ნათელ მომავალს.

ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ მსოფლიოში აღარ იყოს ომი, შიმშილი და უსამართლობა.

ლოცვითა და მფარველობითა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ღვთისა და მამულისათვის თავდადებულ ყოველთა წმიდათა, უფალმან განწმიდოს და გარდაქმნას ჩვენი შინაგანი სამყარო, რათა ჩვენი გულები და აზრები წმიდა ძღვნის სახით მიმართულ იქნას ახალშობილი ყრმისადმი.

განვლო ოცმა საუკუნემ, მაგრამ შობის ღამე მორწმუნე გულისათვის ისევე დაუვიწყარი და მომნუსხველია. ბაგა, ახალშობილი ყრმა დედასთან და მართალ იოსებთან ერთად, მწყემსები, მოგვები თავიანთი ძღვნით, გამოქვაბულს დაჰნათის ვარსკვლავი, ყოველივე ეს დღესაც მახლობელი და მშობლიურია ჩვენთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩევნი სულიერი დაბადების და განახლების დღესასწაულს - ქრისტეს შობას. მარად გვემახსოვრება ჩვენი დიდებული წინაპრები, რომელთაც ახასიათებდათ ღრმა რწმენა და სიყვარული, შთაგონებული და შემოქმედებითი აზროვნება და თავდავიწყებული ძიება. დაე, ეს წელი მთელი მსოფლიოსათვის, ყველა ჩვენგანისათვის, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ღვთივდაცული ერისათვის მშვიდობის, კეთილდღეობის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.

აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მისი დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ (2 პეტრე 3,18).

ქრისტეშობა
1979/1980
თბილისი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.