საშობაო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ

ნუ ჰკურნებ ბოროტსა ბოროტითა (წმ. ბასილი დიდი)

საქართველოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის საყვარელნო შვილნო, ივერნო, მადლი თქუენ თანა და მშვიდობაი განმრავლდინ! (I პეტრე 1,2).

ღვთის წყალობით კვლავ ვეგებებით სასიხარულო და საზეიმო დღეს - ქრისტეს შობის დღესასწაულს.

ბეთლემი... რა საოცრად ახლობელი და ძვირფასია ეს სიტყვა ყოველი ქრისტიანისთვის. იდუმალი ღამის სიჩუმეში სწორედ აქედან მოეფინა მსოფლიოს ანგელოზთა გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).

მთელი სამყარო, კაცობრიობა მოუთმენლად ელოდა მაცხოვრის მოვლინებას დედამიწაზე, ბოლოს აღსრულდა იმედი ხალხთა და ყოველთა მოიღეს შვილებაჲ ზეციური მამისაგან (გალატელთა 4,5) - იშვა ქრისტე, განახლდა იმედი, აღორძინდა სიყვარულ. უფლის განხორციელებით აღდგა არა მარტო პირვანდელი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის, არამედ უმაღლესი ერთობა შემოქმედსა და ყოველივე ქმნულს შორის.

სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იოანე 14,23).

უფლის განკაცების წყალობით გარდაიქმნა პიროვნება, შეიცვალა მისი ზნე-ჩვეულებები. იესოს მადლით გამოხსნილმა ადამიანმა სულ სხვანაირად დაიწყო სამყაროს აღქმა. თუ ძველი აღთქმით დაშვებული იყო თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ (გამოსვლათა 21,24), ქრისტიანული სამყაროს საფუძვლად იქცა სიყვარული, ძმობა და ხალხთა შორის მეგობრობა განურჩეველად ეროვნებისა, ენისა, რასისა. თვით უფალი ასე განმარტავს ქვეყნად თავისი მოვლინების მიზანს: ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ, ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ (იოანე 3,16). გონებისათვის მიუწვდომელი ამ მსხვერპლის წყალობით განქარდა ზღუდე ღმერთსა და კაცს შორის, ადამიანს კვლავ განეღო სამოთხის კარი, გამოჩნდა გზა მარადიული ცხოვრებისაკენ.

სახარებიდან ვიცით, აღმოსავლელმა მოგვებმა ბეთლემში შობილ მაცხოვარს თაყვანისცემის ნიშნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური. ჩვენ რაღას შევთავაზებთ ახლადშობილ ქრისტეს? ერთ საშობაო ლოცვაში წერია. მიუძღვენით მას რწმენა ნაცვლად ოქროისა, სიყვარული კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლის მაგიერ და საქმენი კეთილნი საკმევლისა წილ, ანუ მიართვით მას ცხოვრება თქვენი.

ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ყოფნას ღმერთში, ზრუნვას მოყვასისათვის, ესაა გზა ჯვარისმტვირთველისა, განსაცდელით სავსე ცხოვრების ზღვაში ცურვაა იგი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: „უკეთუ ნავი შენი ჯერეთ არა დაბმულ იყოს ნაპირსა ზღვისასა, ნუ მოიწონებ თავსა მგზავრობისა კეთილად დამთავრებითა, რამეთუ არიან მრავალნი, რომელნი დაინთქნეს წინაშე ნავსაყუდელსა“ (გრ. ღვთისმეტყვ. შრომები, ტ. II, გვ, 228).

ცხოვრება უნდა აღვიქვათ ისე, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა დავინახოთ და გავარჩიოთ, რა არის კეთილი, რა - ბოროტი და ამის მიხედვით ავირჩიოთ ჩვენი გზა. ცხადია, თუ ერთ გზაზე დავდგებით, მეორეს უარვყოფთ და ვაი მათდა, რომელნი იტყვან ბოროტსა კეთილად (ესაია 5,20).

ბოროტისადმი წინააღდგომა ჭეშმარიტ ქრისტიანს ავალდებულებს უყვარდეს ქვეყანა, უყვარდეს ადამიანი, ბუნება... მისი მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პიროვნების პატივისცემასა და მისთვის გულშემატკივრობის განცდას, შინაგან მოთხოვნილებას, მხარში ამოუდგეს გაჭირვებულს. განა არის რაიმე იმაზე სასიამოვნო, შეძლო, რითიმე დაეხმარო განსაცდელში მყოფს?!

სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა. სიყვარულს ადამიანისა ღმერთთან მივყავართ. „მოყვასი არს მიზეზი ვითარცა ცხოვნებისა, ეგრეთცა წარწყმედისა სულისა ჩუენისა. უკეთუ შეიძინო ძმაჲ, ჰპოვებ უფალსა, და შეიყუარე იგი ესრეთ, ვითარმედ არა განურისხდე და ავსა მისსა ნუ მოიხსენებ, იყავ მშვიდობის მყოფელ, დაუთმე, უკეთუ ესე შესაძლებელ იყოს, განერიდე სიტყვის მიგებასა და დავასა“, - წერს ღირსი მამა ანტონ დიდი (შრ. 5. გვ. 88); ხოლო ბრძენი სოლომონი გვასწავლის: რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არა მოაკლდეს სახლსა მისსა ძჳრი (იგავნი 17,13).

ერთ-ერთი დიდი მადლი, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის, არის მშვიდობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან  - აი, ის პირობები, რაც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის, როგორც გაზაფხულის მზის მაცოცხლებელი სხივები აღვიძებს მიძინებულ ბუნებას, ასევე მშვიდობაც ხელს უწყობს გამოვლინდეს ღვთის მიერ ადამიანისათვის მინიჭებული შემოქმედებითი ენერგია.

პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: „სადა არა არს ამბოხებაჲ, ბრძოლა და ტაცებაჲ, მუნ არს მშვიდობაჲ“.

მშვიდობისადმი მოწოდება განსაკუთრებული ძალით გაისმა ქრისტიანობაში. ანგელოსთა გალობა - დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ - მაცხოვრის შობისას რომ მოეფინა ქვეყანას, ღვთის მცნებად იქცა ყოველი ქრისტიანისთვის.

„რაჲ უმჯობეს არს სულთა ჩვენთათვის, ანუ უმეტეს კეთილ ამა ჟამად? ესე იგი არს, რომელი მეტობს ყოველთა სწავლათა და რომლისგანცა მომდინარეობს სარგებელი უფროჲსი ყოვლისა, - მშვიდობისათვის ვიტყჳ. ხოლო უფროჲსი ყოველთა სამწუხარო და შემაჭირვებელ არს განწვალებაჲ ანუ მტერობაჲ“, - წერს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (შრ. 3, 1844, გვ. 135). „რომელნი ეძიებენ საწუთროსა შინა სიტკბოებასა, მშვიდობიანი ყოფის უკეთესს ვერარას პოვებენ. ყოველი რაიცა სახელ-იდების სიკეთედ და მშვენივრად, ჭეშმარიტად კეთილ არს, უკეთუ თანაზიარ არს იგი მშვიდობასა“, - ვკითხულობთ წმ. გრიგოლ ნოსელთან,

ბიბლიაში თითქმის ორასჯერ მეორდება მოწოდება ღვთისა იმის თათბაზე, რომ ვესწრაფვოდეთ ხალხთა შორის მშვიდობიან ურთიერთობას, გვიყვარდეს მშვიდობა, ველტვოდეთ მას. მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუის მიერ... ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი საინო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით - გვასწავლის პავლე მოციქული (ფილიპელთა 4,7-8). ასე ცხოვრობენ ნამდვილი ქრისტიანები და, როგორც კეთილ საქმეთა ჯილდოს, უფლისაგან სულიწმიდის დიდ მადლს იღებენ. ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ (გალატელთა 5,22-23). წმ. ბასილი დიდი წერს: „რომელი ეძიებს მშვიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა, რამეთუ თავადი იგი არს მშვიდობაჲ ჩუენი“.

ქადაგება მშვიდობისა, მსახურება მშვიდობისათვის ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა. განსაკუთრებით ეს ითქმის დღევანდელ დღეზე, როდესაც ასე სწრაფი ცვლილებები ხდება ჩვენს პლანეტაზე, გამძაფრებულია საერთაშორისო მდგომარეობა, გვემუქრება თერმობირთვული ომის საშიშროება.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერებამ და ტექნიკამ ახალი გზები და საშუალებები გამოავლინეს ადამიანის განვითარებისათვის. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მეცნიერულ მიღწევებს კაცობრიობა სულიერად და მორალურად მოუმზადებელი შეხვდა და სიკეთის ნაცვლად იგი ზოგიერთმა ბოროტების სათავედ აქცია.

დღეს ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანთა, ხალხებსა და სახელმწიფოთა შორის მშვიდობა და გავუფრთხილდეთ მას, როგორც ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს, როგორც ჩვენი ყოფის ყველაზე აუცილებელ პირობას.

ჩვენი ქვეყნის რელიგიურ გაერთიანებათა და ეკლესიათა მეთაურების 1983 წლის 27 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია:

„ბირთვული ომი მიგვაჩნია უმძიმეს დანაშაულად უმაღლესი ძალის, შემოქმედისა, და თვით კაცობრიობის წინაშე.

პიროვნება უფლისაგან მოწოდებულია იცხოვროს მთელი სისავსით, განამრავლოს სულიერი ღირებულებანი, სრულყოს თავისი ყოფის მატერიალური მხარე, დაამყაროს კეთილი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ხალხებთან სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის საფუძველზე“.

ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; აი, რას ამბობენ წმ. მამები: ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს (I იოანე 4,7); სიყუარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყუარული უფლისა, ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტ. II. გვ. 312).

ჭეშმარიტად სიყვარულია ერთადერთი გზა, რომელსაც ღმერთთან მივყავართ: მოვიტან მაგალითს IV ს-ის კაპადოკიელი წმ. მამის - ბასილი დიდის ცხოვრებიდან, როგორც ნიმუშს ქრისტიანული სიყვარულისა და მოყვასისათვის ზრუნვისა.

კესარია-კაპადოკიის მთავარეპისკოპოსმა ბასილი დიდმა ერთ დღეს გადაწყვიტა, სტუმრებოდა თავისი ეპარქიის მღვდელს. დიდი სიხარულით შეხვდნენ მეუფეს მღვდელი ანასტასი და მისი მეუღლე თეოგნია. როგორ ცხოვრობო? - ჰკითხა ბასილი დიდმა. - ცოდვილი ვარო, - მიუგო მღვდელმა, - ორი უღელი ხარი მყავს. ერთ უღელს მე ვამუშავებ, მეორეს დაქირავებული კაცი. შემოსავლის ნაწილს ღარიბ-ღატაკთ და მწირებს ვურიგებ, ნაწილით კი გადასახადს ვისტუმრებ. ჩემი მეუღლეც მეხმარება, გვემსახურება მე და გლახაკთ.

- მითხარ, რა სიკეთე გიქმნია?

- არაფერი - იყო პასუხი.

მაშინ წმ. ბასილი ერთ-ერთი ოთახის დაკეტილ კართან გაჩერდა და მისი გაღება მოითხოვა. მღვდელი შეეცადა, გადაეფიქრებინა მეუფისათვის იქ შესვლა, არწმუნებდა, მანდ სამეურნეო ნივთების გარდა არაფერიაო. - მე სწორედ ამ ნივთების სანახავად მოვედი, - თქვა წმიდანმა.

გახსნეს კარი. მათ თვალწინ მძიმე სურათი გადაიშალა: სარეცელზე იწვა კეთროვანი, რომელსაც ნაფლეთებად ეკიდა ხორცი. იგი სადღაც ქუჩაში ეპოვათ ანასტასისა და თეოგნიას, სახლში წამოეყვანათ და უვლიდნენ (საერთოდ ჩვევად ჰქონდათ, სხვათათვის დაფარულად ეპატრონათ მძიმე ავადმყოფებისათვის).

რად მიმალავდი ამ საუნჯესო - ჰკითხა მთავარეპისკოპოსმა.

- ეს კაცი ნერვიულია - უპასუხა მღვდელმა - არ მინდოდა მევჩვენებინა, ვშიშობდი, დაუფიქრებელი სიტყვით არ შეურაცხეყო თქვენი სიწმიდე.

მღვდელმთავარმა სთხოვა ანასტასის, ნება დაერთო, ერთ ღამეს მაინც მომსახურებოდა კეთროვანს, რათა მასაც ჰქონოდა წილი იმ დიდ ჯილდოში, რასაც მღვდელი და მისი ოჯახი უფლისაგან მიიღებდა. და დარჩა იმ ღამეს ბასილი დიდი, ლოცვაში დაათენდა, დილით კი უკვე განკურნებულ ავადმყოფთან ერთად გამოვიდა ოთახიდან.

აი, როგორ უნდა გვწამდეს, როგორ უნდა ვემსახუროთ მოყვასს. „სრულყოფილი სიყვარული ერთნაირად ჰყვარობს ყოველთა, კეთილთ - ვითარცა მეგობართა, უკეთურთ - ვითარცა მტერთა, რომელთაც სწყალობს, მომთმინე და მშვიდია შეურაცხყოფასა მათსა ზედა და ბოროტითა არა მიაგებს. ხოლო განიცდის და იტანჯება მათთვის და თუ მიზეზი რაიმე მივცეს, ჰყოფს მათ მახლობლად თვისა“ (მაქსიმე აღმსარებელი).

ერთხელ იოანე კიბისაღმწერელთან მივიდნენ გლეხები და დაიწყეს ჩივილი, ძნელიაო სულის ცხონება, ოჯახური და ყოფითი საზრუნავი ბევრი გვაქვსო - იმართლებდნენ თავს. წმიდა მოღვაწემ მიუგო: „რაოდენცა შესძლებთ კეთილ საქმეთა ქმნას, ქმენით, ნუ იტყვით ძვირსა ძმისასა, ნუ იპარავთ, ნუ ცრუობთ, ნუ განდიდდებით, ნუ გძულთ ვინმე, საეკლესიო ღვთისმსახურებას ნუ მოსწყდებით, განიკითხეთ გლახაკი, ნუ ვის აცდუნებთ, დაიცევით სიწმიდე ოჯახისა... და თუ ყოველსა ამას ესევითარ ჰყოფთ, არა შორსა ხართ სასუფეველსა ცათასა“ (იოანე კიბისაღმწერელი, კიბე, 1851, გვ.11).

ქრისტეს შობით თვით ღვთაებრივი სიყვარული გარდამოხდა ზეცით და აღიღო ცოდვანი სოფლისანი, რათა შეემსუბუქებინა ჩვენთვის ტვირთი იმ გზაზე, რომელსაც ღმერთთან და ადამიანთან მივყავართ. ბეთლემში იმ საკვირველ ღამეს აღსრულდა ღვთის სიტყვები; მე ვარ რომელი ვიქმ მშვდობასა (ესაია 45,7).

ჰყოფდით ურთიერთას მშვიდობასა! - მოწაფეებისადმი მიმართული ამ სიტყვებით მაცხოვარმა ადამიანურ ურთიერთობათა დაურღვეველი კანონი დაგვიწესა. ამისკენვე მოგვიწოდებს პავლე მოციქული: მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა - იგი ჩინებულ ხართ (კოლასელთა 3,15).

განწმენდილ გულზე დაფუძნებული მშვიდობა დაუშრეტელი წყარო და ძალაა ადამიანის მიახლოებისათვის ღმერთთან და მოყვასთან, რის შედეგადაც თითოეული ჩვენგანის შინაგანი მშვიდობა საკაცობრიო მშვიდობად იქცევა. წმ. ესაიამ ხალხთა შორის ყოვლისმომცველი მშვიდობისა და ერთობის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომ დადგება ის ღვთივკურთხეული დრო, როცა ადამიანები დასჭრიან მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა ნამგლად; და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმედ ბრძოლასა (ესაია 2,4).

შეკავშირებისა და ურთიერთგაგებისაკენ მოგვიწოდებს უფალი და მწამს, ასეთი დღე დადგება, რამეთუ თვით თავადი იგი ბრძანებს: ჴმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს (იოანე 10,16).

საყვარელნო შვილნო ჩემნო! გილოცავთ ქრისტეშობის დიად დღესასწაულს. დაე, ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა მოგვმადლოს ნანატრი მშვიდობა და თავისი ღვთაებრივი სიყვარულით გაგვითბოს გაციებული გულები. დაე, იყოს ეს ახალი წელი მშვიდობიანი და ღვთივკურთხეული თითოეული ჩვენგანისათვის, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის!

ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკვიდრე ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა, იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი (ფსალმუნი 36,3-4). და იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშვდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით (2 იოანე 1,3), ამინ!

ქრისტეს შობა,
თბილისი,
1983-1984 წწ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.