„ვისაც სურს, იხილოს ღვთაებრივი და
მშვენიერი, ჯერ
თვითონ უნდა გახდეს
ღვთაებრივი და მშვენიერი“ (პლოტინი)
„დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“, განაბრწყინვა იგინი ნათლითა, შეამკო, აღავსო და განასრულა ყოვლითა სიკეთითა. მთელი ხილული სამყაროს წარმოშობას ღვთის სიტყვა ედო საფუძვლად, მხოლოდ ადამიანი შეიქმნა ყოვლადწმიდა სამების წინასწარი ბჭობით: „და თქუა ღმერთმან, ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ“ (დაბადება 1,26).
მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ ხატება თვისი: „და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსა და ხატად ღმრთისა“ (დაბ. 1,27).
თანდათანობით შეიქმნა იგი, სხვა ქმნილებანი კი - წამისყოფით, მხოლოდ მას შთაბერა უზენაესმა თვისი უკვდავი სული: „და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი მტუერისა მომღებელმა ქუემანისაგან (ადამი წითელ მიწას - თიხას ნიშნავს) და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად“ (დაბ. 2,7).
ამიტომაცაა იგი გვირგვინი ქმნილებისა, ხოლო დანიშნულება მისი - ყველაზე მაღალი და დიადი, ამიტომაცაა ის განღმრთობის ღირსი.
მაგრამ ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, გაჩენის დღიდან რომ მოემადლა მას. მან უარყო ღვთის მცნება და, იგემა რა ნაყოფი ხისაგან შემეცნებისა კეთილისა და ბოროტისა, დაკარგა ერთობა ღმერთთან, რის გამოც დაკარგა შინაგანი მთლიანობა და სულის მშვიდობა.
პირველქმნილმა ცოდვამ დაარღვია არა მარტო ადამიანის სულიერი წონასწორობა, არამედ სამყაროში არსებული წესრიგი: „ცოდვა შემოხდა სოფლად და მასთან ერთად სიკუდილი“.
ცოდვა ფითრივით მოეღო ადამიანის სულს, მისი თანდაყოლილი სიკეთის ხარჯზე დაიწყო არსებობა. გაჩნდა შუღლი, მტრობა, სიძულვილი, ძმის მკვლელობა... ბოროტმა ძალამ მდაბალ ვნებათა მსახურად აქცია კაცი.
„ის, რასაც ბორიტება ჰქვია, სხვა არა არის რა თუ არა ნაკლოვანება სიკეთისა, - წერს ნეტარი ავგუსტინე. - ის, რასაც ბოროტება ჰქვია, არის არასრული სიკეთე. ცოცხალ არსებას რაიმე სენი რომ შეეყაროს ან იარა გაუჩნდეს, ეს იარა, ეს სენი ხომ ჯანმრთელობის ნაკლი ანუ არასრული სიჯანსაღე იქნება. ასევე სულიერი ნაკლიც ბუნებრივი სიკეთის დამახინჯებას ნიშნავს. ყოველგვარი ბუნება კეთილია. ეს სიკეთე დიდია, თუ ხრწნილებას არ ექვემდებარება და მცირდება, თუ ნაკლი ან დაზიანება აქვს.
უმეცრისა და გამოუცდელის გარდა სიკეთეს ვერავინ უარყოფს. თუ ბოროტება შთანთქავს სიკეთეს, მაშინ თვითონ ბოროტებაც მოისპობა, რადგანაც მას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია. ყოველგვარი ბოროტებისაგან თავისუფალი სიკეთე კი არის სწორედ ნამდვილი, წმინდა სიკეთე (ნეტარი ავგუსტინე. არასუბსტანციურობა ბოროტებისა).
ცოდვა შეიჭრა ჩვენს არსებაში, იქ გაიდგა ფესვი და დამკვიდრდა. პიროვნებაში ერთმანეთს შეეჯახა სიკეთე და ბოროტება გული მისი კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის ასპარეზად იქცა. ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება.
მშვენივრად წერს წმიდა პავლე: „არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7,19).
შინაგანმა გაორებამ ბუნებრივად წარმოშვა ადამიანის ცხოვრების ორი გზა. პირველი ჭეშმარიტებისაკენ მიდის, მეორე შეუცნობელი არყოფნისაკენ.
ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ნათელია იგი დაუღამებელი, სიყვარული დაულევნელი; მას ღმერთს ვუწოდებთ.
ცოდვის, სულიერი სიკვდილის გზას კი შეუცნობელი არყოფნისაკენ მივყავართ. ცოდვა და მისი შედეგი - სიკვდილი ბოროტებაა და როგორც უკვე ითქვა, მხოლოდ სიცოცხლის, სიკეთის ხარჯზე არსებობს. ანგრევს რა სიცოცხლეს, თვითონაც განქარდება, „დაინთქმება ძლევითა“ (ესაია).
პიროვნებამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი მათ შორის. ძველი რომაელები ამბობდნენ: Similis simili gaudet - მსგავსი მსგავსს შეჰხარის. ჭეშმარიტად, იდუმალი ძაფები აკავშირებთ მონათესევე სულთ. ისინი გრძნობენ მსგავსებას ურთიერთშორის და მიილტვიან ერთმანეთისაკენ, რათა თავიანთი მისწრაფების შესაბამისი ნაყოფი გამოიღონ.
სახარებაში ვკითხულობთ: „ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის. ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად და არცა ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად“ (მათე 7, 17-18).
„ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელ აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ“ (I ინ. 4,16), რადგან თვით ძე თვირი საყვარელი გასწირა შემოქმედმან, რათა ვნებებითა და ცოდვებით დამდაბლებული კაცობრიობა ხენეშ ხედ არ ქცეულიყო, რათა აღმდგარიყო დარღვეული კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის, განახლებულიყო ჩვენი ბუნება და მას უზენაესთან ყოფნის შესაძლებლობა დაბრუნებოდა.
„ამისთჳს გამოცხადნა ძე ღმრთისაჲ რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი“ (I ინ. 3,8) და ადამიანს დააძლევინოს ცოდვა. იგი ზეციდან მიწამდე დამდაბლდა, რომ კაცი მიწიდან ზეცად აღემაღლებინა. ქრისტე „განკაცდა, რათა ჩვენ განვღმრთეთ“ (ათანასე დიდი).
ბეთლემის მღვიმეში გამობრწყინდა პირველად „ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად“ (ინ. I,9). არა სამეფო დარბაზებსა და მეცნიერების წიაღში, არამედ მივარდნილ გამოქვაბულში დაედო სათავე ქვეყნის ახალ ცხოვრებას.
როგორ მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიოს ჩვენმა ცივილიზაციამ, როგორადაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, იგი მაინც ყოველთვის ეახლება და თაყვანსა სცემს ამ მღვიმეს, რადგან აქ დაირწა აკვანი მისი, რომელ არს „გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (ინ. 14,6).
ღვთის განკაცების არსი - ადამიანის ღმერთთან შეერთება - ქრისტიანული რწმენის გარეშე ვერ განხორციელდება. რწმენა ანიჭებს ჩვენს ყოფას ღვთიურ აზრს. ოღონდ რწმენა არა ცივი და მკვდარი, არამედ ცოცხალი და მოქმედი, რომელიც ქველი საქმით იცნობა.
სადაც არ არის კეთილი ქრისტიანული საქმე, იქ რწმენასაც ამაოდ დავუწყებთ ძებნას, რადგან „ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს“ (რომ. 14,23) და პირიქით, სადაც სიკეთის ქმნა ცხოვრების წესია, იქ, უთუოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებაა.
„მორწმუნე ის კი არ არის, - გვასწავლის წმიდა იოანე ოქროპირი, - ვისაც ყოველივე სჯერა, არამედ ის, ვისაც სწამს ღმერთი... რწმენა განანათლებს, რწმენა აკურთხებს, რწმენა სულიწმიდის ღირსად ხდის ადამიანს... სადაც რწმენაა, იქაა ძალი, სადაც ურწმუნოებაა, იქ - უძლურებაა. რწმენა სიკეთის სათავეა, რწმენა სიკეთის წყაროა, აღიჭურვე საჭურველითა მხსნელითა“.
რწმენა ზეგარდმო ნიჭია, რომელსაც გავყავართ ყოფიერების მიღმა, ტრანსცენდენტურ განზომილებაში, სადაც ღვთისმიერ მხსნელ სიყვარულს ვეზიარებით; მაგრამ ამ სიმაღლეს ვერ მივაღწევთ, თუ ჯერ საკუთარი თავი არ შევისწავლეთ.
თვითშემეცნება გულისხმობს ჩვენი შინაგანი ცხოვრების, ქცევის და მოქმედების დაკვირვებულ განსჯას და მის შეჯერებას ღვთის მცნებებთან, იდეალური ქრისტიანის განზოგადებულ სახესთან. ცხადად უნდა ვიგრძნოთ, რისი ძალა შეგვწევს ან ჩვენს შესაძლებლობებს რა აღემატება. რას ვუმალავთ სხვებს, რას ვუმალავთ საკუთარ თავს...
ქრისტიანული რწმენა გვასწავლის სიკეთის გარჩევას ბოროტებისაგან, გვეხმარება ჩავწვდეთ ჩვენი სულის სიღრმეს და ვიგრძნოთ მასში ორი დაპირისპირებული ძალის არსებობა, მათი ბრძოლა; გვეხმარება, რათა დავძლიოთ შინაგანი გაორება და განწმედის საშუალებით - მონანიების, ლოცვის, მარხვის, აღსარების წმიდა ზიარების გზით ვპოვოთ განკურნება სულთა ჩვენთა, აღვადგინოთ კავშირი ღმერთთან და შევიმოსოთ მისი ძალით და მადლით.
საიდან დავიწყო გლოვა? - კითხულობს ცოდვათა სიმრავლით სულშეძრული წმიდა ანდრია კრიტელი.
რით დაგიწყო გლოვა? რით დავიწყო სულიერი განახლება? ეს კითხვები დგას თითოეული ჩვენგანის წინაშე.
შეგახსენებთ, ზოგიერთ მომაკვდინებელ ცოდვას, ალბათ, ყველაზე გავრცელებულს და მათზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
უპირველესი და უმძიმესი ცოდვა არის ურწმუნოება. „რომელსა ჰრწმენეს და ნათელ იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“ (მარკ. 16,16), - ბრძანებს მაცხოვარი.
რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა. ღვთის უარყოფა დამღუპველი, მომაკვდინებელი სენია, რადგან იგი ხურავს გულს და არ უშვებს შიგ მას, ვინც მოვიდა შენთან, მოვიდა და „გახარა მშვიდობაჲ თქუენ, შორიელთა და მახლობელთა“ (ეფ. 2,17); გონებას ბინდით ბურავს, რათა ბნელში ამყოფოს სული შენი, წაგართვას მადლი და ნიჭი ღვთით მომადლებული, „რამეთუ მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს“ (ეფ. 2,8).
ურწმუნოება, ღვთის უარყოფა, იგივე ღვთის გმობაა. ეს არის სიყვარულის წყაროს დაშრეტა, ადამიანის უკიდურესი დაცემა, მისი დაღუპვა, „სიკუდილი იგი მეორე“.
მეორე მძიმე ცოდვა, რომელმაც კაცობრიობა მოიცვა, არის ამპარტავნება. ეს ის ცოდვაა, ანგელოზები რომ დაღუპა და ბოროტ სულებად აქცია. ამ ცოდვამ განაძევა ადამ და ევა სამოთხიდან. იგი საძირკვლამდე ანგრევს კაცის სულს.
ამპარტავნების სათავე პატივმოყვარეობაშია, ეგოიზმში, საკუთარი უპირატესობის დამკვიდრებაში. ამპარტავნებით შეპყრობილი ადამიანი მთელ ქვეყანას თავისი სურვილების დაკმაყოფილების ასპარეზად თვლის, ბუნების ძალნი, მის სამსახურში მყოფად წარმოუდგენია. ასეთი ადამიანისათვის სხვა პიროვნებას არავითარა ღირებულება არა აქვს, მოყვასი და მახლობელი მისთვის იმდენად არსებობს, რამდენადაც მას სჭირდება.
წმიდა მამები ამბობენ, რომ როგორც წყალი ვერ გაჩერდება შემაღლებულზე, ისე ღვთის მადლი ვერ დამკვიდრდება ამპარტავანის სულში. „თუ გაქვს სიმდიდრე უთვალავი, - გვაფრთხილებს წმ. ბასილი დიდი, - მიეკუთვნები მძლავრი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიცხვს, თუ დაჯილდოებული ხარ ჯანმრთელობით და სილამაზით, - მუდამ გახსოვდეს, მიწა ხარ და მიწად მიიქცევი. ყვავილისა და ბალახისებრ დაჭკნება ყოველი, რაიც ხელთ გიპყრია“.
ამპარტავნება საძაგელია, დამამცირებელია, დამამდაბლებელია კაცისა, რადგან იგი დაპირისპირებაა მთელ ქვეყანასთან, გამიჯვნაა ადამიანებისაგან, თვით ღვთისაგან. მისგან გათავისუფლება მხოლოდ სიმდაბლით შეიძლება. წმიდა მამები ამბობენ: თუ თავს ჯოჯოხეთის სიღრმემდე დაიმდაბლებ, ზეცამდე ამაღლდები. თუ ამპარტავნება შენი ცამდე ამაღლდა, ჯოჯოხეთამდე დაგცემს.
სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმითგან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღიარებით. ღირსი ისიხი წერს: „სამსონზე ძლიერნი არა ვართ, არც სოლომონზე უფრო ბრძენნი, არც ნეტარ დავითზე გონიერნი, პეტრეზე მეტად ღვთისმოყვარენი. ნუ მივენდობით საკუთარ თავს, რამეთუ საღვთო წერილი გვაუწყებს - თუ მხოლოდ საკუთარ თავს მიენდობი, დაეცემი საშინელი დაცემით“, რადგან „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იაკ. 4,6).
მესამე ცოდვა ვერცხლისმოყვარეობაა. „ვერცხლის მოყუარება თაყუანისცემა არს კერპთა, და ასული არს ურწმუნოებისა, წინასწარმეტყუელ არს უძლურებისა, ცრუ მოშიში არს სიბერისაგან, მაუწყებელ არს სიყმილისა... დედა არს ყოველთა ბოროტთა... გარნა რომელმან მოიგო სიყუარული, მან განაბნინა საფასენი“ (იოანე კიბისაღმწერელი).
ადამიანმა ღმერთი დაკარგა და სიმდიდრე გააღმერთა. ვერცხლის მოყვარეს არაფერი ჰყოფნის; ყველაფერი ეცოტავება. მისთვის ყველაფერი იყიდება: „სიყვარული ღვთისა და მოყვასისადმი, სახელი და ღირსება, სინდისი და პატიოსნება. იგი არ ფიქრობს, რომ მთელი სიმდიდრე, ოქრო და ვერცხლი აქ დარჩება, მიჯნის აქეთ, რომ მარტო თავის საქმეებს წაიღებს თან, რომელთაც მოჰკითხავენ, განსჯიან და კუთვნილს მიუზღავენ. ეს უბრალო ჭეშმარიტება თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ცოტა ვინმეღა თუ მისდევს მას. ადამიანმა თავი დაიბორკა მდაბალი ვნებებით, წვრილმანებით, ხელ-ფეხი შეიკრა, დაემონა ნივთებს, განუდგა მარადიულ იდეალებს, ღვთაებრივს, სულიერს, მშვენიერს, გადააფასა ფასეულობანი, მაგრამ არა თავის სასარგებლოდ. სიმდიდრისკენ სწრაფვამ იგი გააღატაკა.
ვერცხლისმოყვარეობიდან უშუალოდ წარმოიშვა მეოთხე ცოდვა - შური.
ყოველი შრომა და ყოველი წარმატება წარმოშობენ ადამიანთა შორის შურს და იგია ამაოება ამაოებათა. შური ქვენა გრძნობაა, ის შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. მოშურნეს ყველაფერ შურს. მოყვასის სიმდიდრე, მისი მდგომარეობა, თანამდებობა, წარმატება. შური აღავსებს მას სიძულვილით, ნგრევის ჟინით, ის მზდ არის გაანადგუროს სხვისი კეთილდღეობა. „ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომა გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი და საეშმაკოჲ“ (იაკ. 3,14-16).
შური სხვათათვის არ წარმოადგენს საფრთხეს, იგი უპირველეს ყოვლისა, ვნებს თვით მოშურნეს და, როგორც რკინას ჟანგი, ხრავს ადამიანის სულს (ბასილი დიდი). „შენ მტერი ხარ არა სხვისი, - ამბობს წმიდა კვიპრიანე, - არამედ შენი სულის ხსნისა. ყველას, ვისი შურიც შენ თან გსდევს, შეუძლია გაგექცეს, ხელიდან გაგისხლტეს, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი, სადაც არ უნდა იყო, მტერს ვერ დაემალები, მან შენს გულში დაიბუდა და შენში მყოფი სენი არ მოგასვენებს“ (წმ. კვიპრიანე. „საკვირაო საკითხავი“).
ღმერთმა შეიწყალოს და განათავისუფლოს ყოველი ადამიანი ამ ბოროტებისაგან.
ზოგი ფიქრობს, რომ ყოველგვარი ურთიერთობა მამაკაცსა და ქალს შორის ცოდვაა. ეს ასე არ არის. ქორწინება ღვთისაგან კურთხეული საიდუმლოა, მაგრამ სიძვა ერთერთი უმძიმესია სხვა მომაკვდინებელ ცოდვათა შორის, მისგან გამომდინარეობს ყოველი სხვა არაბუნებრივი კავშირი. იგია სიბილწე არა მარტო ხორციელი, არამედ სულიერი. ის ამახინჯებს ადამიანის სულს და გონებას, მის ფსიქიკას, უკარგავს ჭემმარიტების აღქმის უნარს, მრუდე გზით წარმართავს ცბოვრებას. ფართოდ გავრცელებული თეორიები მორალური და სექსუალური თავისუფლების შესახებ, ხელყოფაა ბუნებისა, დამღუპველია ადამიანისა.
ქორწინება, ოჯახი, შვილები, ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა, - ყოველი ზნესრული ადამიანის ცხოვრების წესია. იგი გულისხმობს მამაკაცსა და ქალს შორის უმწიკვლო ურთიერთობას, ურთიერთნდობას, ურთიერთთავგანწირვას, ურთიერთმსხვერპლგაღებას.
„სიწმიდეში დავანებულია ნათელი და სიხარული და მშვიდობა და მოთმინება, სიძვაში კი მწუხარება, ვაება, უძღები ძილი და წყვდიადი“ (ეფრემ ასური). მეძავთა და მემრუშეთა „სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკვიდრონ“ (I კორ. 6,10). რადგან ხორცი ჩვენი სიძვას კი არა, უფალს ეკუთვნის, „არა უწყითა რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან?.. არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან... ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორნ. 6,15,19-20), - გვასწავლის პავლე მოციქული.
როდესაც იესო ქრისტეს მოუყვანეს მემრუშე დედაკაცი, რათა იგი ქვებით ჩაექოლათ, იესო „თითით ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა“. შემდეგ მოუწოდა პირველ უცოდველს, დაეკრა ქვა ცოდვილისათვის და „კუალად ქვე დადრკა და წერდა ქუეყანასა“ და ოდეს მხილებულნი თითო-თითოდ გაიკრიფნენ, მან კვლავ განაგრძო თითით ხაზვა და დუმილი. „და დედაკაცი იგი დგა შორის“.
ქვე-დადრეკილი მაცხოვარი თითით ხაზავს მიწაზე ჩვენთვის შეუცნობელს და ფიქრობს ჩვენთა ცოდვათა გამო. შემდეგ ეუბნება განზე მდგომ ქალს, შეძრულს უფლის წყალობითა და საკუთარი სიცოცხლის გადარჩენით, „არცა მე განგიკითხავ შენ. წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ“ (იოანე 8,4-11).
ამიერიდან ნუღა სცოდავო, გვითხრა უფალმა, და მე არ განგიკითხავო შენ. მაგრამ ადამიანს აქვს უცნაური თვისება, დაიხშოს ყურნი სმენად, გამუდმებით სცოდოს თვითონ, სხვანი კი განიკითხოს.
„განკითხვა მიტაცება არს მხოლოდშობილისა პატივისა და დამაქცეველი სულისა“ (იოანე კიბისაღმწერელი). ამ ცოდვით ყველაზე მეტად ისინი არიან დამძიმებულნი, საკუთარ თავს კარგად რომ არ იცნობენ, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი სინანული და ბოლოს, არ იციან, საქმენი ეშმაკისანი, რომელიც ყოვლის ღონით ცდილობს ჩვენი სულის დაღუპვას.
ხშირად კაცი ცხადად დიდ ბოროტ საქმეთ იქმს, მაგრამ უფრო მეტ კეთილს - ფარულად; ჩვენ კი მას მხოლოდ განვიკითხავთ. განმკითხველი აუცილებლად ჩავარდება იმ ცოდვაში, სხვას რომ უძრახა და სასჯელსაც მკაცრს მიიღებს. „რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მათე 7,2).
თუ ადამიანში არ არის სიძულვილი და ბოროტება, იგი ლოცვით შეეწევა დაცემულს.
მაშ, მოვიზღუდოთ თავი, რადგან „ვითარცა ამპარტავნება თავით თვისით თვინიერ სხვისა ვნებისა შემძლებელ არს წარწყმედად ჩვენდა, ეგრეთვე განკითხვა მოყვასისა მარტოდ შემძლებელ არს სრულიად წარწყმედად ჩვენდა“ (იოანე კიბისაღმწერელი).
ჩავიხედოთ ჩვენს სულში და მთელის გულით შევსთხოვოთ უფალს: „მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, ვითარცა კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ“ (ეფრემ ასური).
სხვა კიდევ ბევრი ცოდვა გვაწევს მხრებზე. მათზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და უნდა ვილაპარაკოთ კიდეც, რადგან „ცხად არიან საქმენი ჴორცთანი, რომელ არიან: არაწმიდებანი, ბილწებანი, კერპთ-მსახურებანი, მწამლველობანი, მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულისწყრომანი, წვალებანი, შფოთებანი, კაცის კვლანი, ლირწებანი, მთრვალობანი, სიღოდანი და მსგავსნი ამათნი. რომელსა წინაჲსწარ გეტყვი თქუენ, ვითარცა პირველ გარქუ, ვითარმედ ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (გალ. 5,19-21).
ალბათ, ბევრი თქუენგანი იკითხავს, განა შესაძლებელია უცოდველი ცხოვრება?
მართალია, უცოდველი მხოლოდ უფალია, ადამიანი კი მიდრეკილია ცოდვისაკენ, მაგრამ არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს.
ჩვენი სული პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და მშვენიერ ბაღს დაემსგავსება, თუ განუწყვეტლივ მოვუვლით მას, მოვაშორებთ ეკალ-ბარდსა და სარეველას, გავწმენდთ ჭუჭყისაგან, თუ მოვიმკით ნაყოფს სულისა.
„ხოლო ნაყოფი სულისა არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელობაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მოთმინებაჲ“ (გალატ. 5,22-23).
ბედნიერია, ვინც თავისი ცხოვრების გზად „გზა ჭეშმარიტი“ აირჩია, ვინც არა მარტო ხორცისთვის ზრუნავს, თუ რა ჭამოს, რა სვას და რა შეიმოსოს, არამედ ემზადება საუკუნო ცხოვრებისათვის.
ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათლით გაბრწყინებულნი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება.
დღეს, როგორც არასდროს მთელი კაცობრიობა ესწრაფვის მშვიდობას, მშვიდობას ბირთვული იარაღის გარეშე. სიკვდილის იარაღი ადამიანმა დააგროვა ისეთი რაოდენობით, რომ ძალის პოლიტიკით საუბარი უკვე შეუძლებელია. აუცილებელია ახალი პოლიტიკური აზროვნება; მორატორიუმი, რომელიც ბირთვულ აფეთქებებზე ცალმხრივად ხორციელდება ჩვენი ქვეყნის მიერ, სწორედ ამ ახალი აზროვნებით იყო ნაკარნახევი.
გულისტკივილით შეხვდა მსოფლიო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატებისაგან ამ დიდმნიშვნელოვანი წინადადების უგულვებელყოფას. ყველამ უნდა გაიგოს, რომ მორატორიუმის უარყოფა საერთაშორისო დაძაბულობის შენელების უარყოფაა.
გვწამს, დედამიწაზე ადრე თუ გვიან აიკრძალება ბირთვული გამოცდები, რადგანაც უარი ამ ნაბიჯის გადადგმაზე, თვითმკვლელობას ნიშნავს.
ყოვლადსამღვდელონო მწყემსთმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძმანო და დანო ჩემნო, მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული - დღე ღვთის უნაპირო სიყვარულის გამჟღავნებისა, დღე კაცობრიობის უშრეტი სიხარულისა, ბელემში იშვა უფალი, მაგრამ დღეს იგი იბადება ყოველი ჭეშმარტი ქრისტიანის გულში. მოვემზადოთ, რათა მივიღოთ იგი ჩვენი არსების განწმედილ ტაძარში და ეგოს იქ უკუნისამდე.
„ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისა“, - ბრძანებს იესო ქრისტე. დიდ არს ჭეშმარიტება ესე. იგია ჭეშმარიტება მარადიული სიყვარულისა; იგია ჭეშმარიტება ღვთისა და ადამიანის შესახებ, რომელიც გვიჩვენებს გზას საუკუნო ნეტარებისას და გვყოფს ჩვენ უფლად თავისა ჩვენისა. „სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოანე 8,32), - ვკითხულობთ საღმრთო წერილში.
ყველას გილოცავთ მაცხოვრის შობის დღესასწაულს.
დაე, მშვიდობამ და სიყვარულმა დაივანოს თქვენს გულებში, თქვენს ოჯახებსა და მთელს მსოფლიოში.
ღმერთი მშვიდობისაჲ და სიყვარულისაჲ და ჭეშმარიტებისა იყავნ თქუენ თანა მარადის.
თბილისი,
ქრისტეს შობა,
1986/87 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.