საშობაო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარესა და ღვთივკურთხეულ შვილებს:

უფალი ბრძანებს: „გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და
მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ, უთხარით გულშემდრკალთ:
გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება,
ღვთიდ საზღაური: ის მოვა და გიხსნით თქვენ“ (ესაია 35,3-4).

ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, დალოცვილი და წმიდა ივერიის მკვიდრნო, გვწამს ღვთის შეწევნით მწუხარება ჩვენი სიხარულად შეიცვლება და მშვიდობა და კეთილდღეობა იზეიმებს ჩვენს სამშობლოში. დღეს მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა გული და გონება მიმართულია ბეთლემის გამოქვაბულისკენ, სადაც თითქმის 2000 წლის წინ დაიბადა ღვთაებრივი ყრმა - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

სამყაროს ღრმა ძილით ეძინა, როცა ბეთლემელ მწყემსებს ესმათ ანგელოზთა გალობა - სადიდებელი ახლადშობილი მაცხოვრისა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა არის სათავე ქვეყნად მშვიდობისა და კეთილდღეობისა, ადამიანთა შორის კეთილგანწყობისა და ურთიერთგაგებისა.

თუ წარმართნი ასწავლიდნენ, რომ „ომი მამაა ყოვლისა, მეფე ყოველთა“ (ჰერაკლიტე ეფესელი), ხოლო ებრაელნი - „თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“-ო (გამოსვლათა 21,24), მაცხოვარმა დედამიწაზე სიყვარული და შერიგება მოიტანა.

ადამიანმა, და მითუმეტეს ქრისტიანმა, სიყვარულის კანონით უნდა იცხოვროს და განაგდოს თვისგან სიძულვილი და წინააღმდეგობის სული. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს: ვისაც სძულს ძმა ანუ მოყვასი თვისი, ბნელსა შინა არს. მართლაც, მტრობის, სიძულვილისა და მრისხანების ტყვეობაში მყოფისგან ნათელი განშორებულია, ამიტომაც იგი გარე სამყაროს არასწორად აღიქვამს და ვერ გრძნობს, რომ სხვისი მტრობით, სინამდვილეში ბოროტად საკუთარ თავს ექცევა, რადგან ამ დროს გაცილებით დიდ ვნებას თავის სულს აყენებს.

ზოგჯერ მსოფლიოში თუ ცალკეულ ქვეყნებში ვხედავთ, როგორ ზეიმობს უსამართლობა, გაუტანლობა, ბანდიტიზმი. შორს წასვლა არ დაგვჭირდება. შეხედეთ, ჩვენს გვერდით ადამიანები როგორ ადვილად სჩადიან დანაშაულს: არ ერიდებიან მკვლელობას, ძარცვას, ქურდობას. იქმნება ტერორისტული ჯგუფები, ფულის, თუ თანამდებობის გულისთვის სიცოცხლეს უსწრაფებენ ერთმანეთს. შემდეგ კი ბოროტების ჩამდენნი თვითონაც ისეთივე საშინელი სიკვდილით კვდებიან როგორიც სხვას განუმზადეს, უფრო მეტიც, ისინი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც იღუპებიან.

არ შეიძლება ძარცვით და ადამიანის სისხლის ფასით მოიპოვო პური არსობისა. გახსოვდეთ, დანაშაული დაუსჯელი არ რჩება ამ ქვეყნად. უფალი მკაცრად მიაგებს ყველას საზღაურს. ცოდვა მძიმე ტვირთად აწვება არა მარტო ბოროტების ჩამდენთ, არამედ მათ შვილებს, ახლობლებსა და შთამომავლობას.

ჩვენ ჩვენი ცხოვრებით გარეულ ზეთისხილს დავემსგავსეთ, რომელიც მართალია, ნაყოფს იძლევა, მაგრამ ნაკლებად ვარგისს. ასეთი ყოფა ბევრს უკარგავს საკუთარი ხალხისა და საერთოდ ადამიანის რწმენას. მაგრამ ამ დროს გვავიწყდება, რომ ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა და უფლის ბეჭედი ყველაზე დაცემული მდგომარეობიდან წმიდანად და დიდ მოღვაწედ ამაღლების შესაძლებლობას აძლევს, რა თქმა უნდა, თუ ამას თვითონ მოინდომებს.

გავიხსენოთ ისიც, რომ თითქმის ყველა ღირსეულსა და სულიერობით გამორჩეულ შვილს ამა თუ იმ ქვეყნისა ხშირად გასტეხია გული თავისი ხალხის გამო. მოვიგონოთ პავლე მოციქულის სიტყვები რომაელთა მიმართ ეპისტოლედან: „ვამბობ: ნუთუ ღმერთმა განიშორა თავისი ხალხი? არამც და არამც, არ განუშორებია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან, იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიასათვის? როგორ შესჩივის იგი ღმერთს ისრაელის გამო: უფალო, შენი წინასწარმეტყველნი მოკლეს და შენი საკურთხეველნი დაანგრიეს; მეღა დავრჩი და ეძიებენ ჩემს სულს“.

მაგრამ რას ეუბნება მას პასუხი ღმრთისა? - ძე დავიტოგე შვიდი ათასი კაცი, რომელთაც არ მოუყრიათ მუხლი ბაალის წინაშე. ასე ამჟამადაც, მადლის მიერი არჩევანით გადარჩა ნაშთი (რომ. 11,1-5).

უფალი არასდროს მიატოვებს თავის ქმნილებას, რადგან უყვარს იგი. სინამდვილე უნდა დავინახოთ, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მიწა სამოთხე როდია, არამედ ადგილი სამოთხიდან განდევნისა, - როგორც ეს ერთმა ღვთისმეტყველმა ბრძანა.

ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ძალა ნათლისა (შელინგი). დღეს ჩვენი ქვეყანა ნათელსა და ბნელს შორის ბრძოლის ასპარეზია. დიდი მსხვერპლი იქნა გაღებული, მაგრამ, მადლობა ღმერთს, უფლისა და მრავალრიცხოვან წმიდანთა შეწევნით ბოროტების არტახებისგან თანდათან ვთავისუფლდებით. ეს ყოველივე უნდა გაგვევლო, რადგან ჩვენი ცხოვრებით დავიმსახურეთ იგი.

დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.

შევეცადოთ ნათლის მსახურნი გავხდეთ. რამეთუ სადაც ნათელია, იქ ღმერთია და სადაც ღმერთია, გზაც არის. „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოანე 14,6). - ბრძანებს უფალი.

მაგრამ ამ სიმაღლეზე რომ ავიდეთ, აუცილებელია გვქონდეს ღრმა სინანული.

რა არის სინანული? სინანული განმწმენდია, განწმენდის გარეშე კი ვერ მივუახლოვდებით ღმერთს.

სინანული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულში ჩაღმრავებაა, ეს არის სწრაფვა სულისა აღიქვას საკუთარი თავი ისეთად, როგორიც იგი სინამდვილეშია შეიცნოს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ჩვენ კი ხშირად თვალს ვარიდებთ ჩვენს სულში დაბუდებულ უარყოფით თვისებებს, და თუ აღმოვაჩენთ ხოლმე მათ, ადამიანური სისუსტით ვამართლებთ. ასეთი განსჯა არასწორია და აშკარა დაღუპვისკენ გვიბიძგებს.

შენ არათუ უნდა ხედავდე შენში არსებულ ცოდვას, არამედ უნდა გძულდეს იგი და ებრძოდე, ხოლო თუ ცოდვა არ გაღელვებს და დაუმეგობრდი მას, მაშ იცოდე, სული შენი განსაცდელშია და მარადიული სიკვდილის საფრთხე ემუქრება.

სინანულის გამოვლენის მეორე საფეხურზე ადამიანი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს. ცხოვრების შეცვლა! სათქმელადაა ადვილი, ხოლო განხორციელება მისი მეტად ძნელია.

უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკეთისკენ წარმართვა უნდა ვთხოვოთ, რადგან აზროვნებაზე მეტად ბევრი რამაა დამოკიდებული. ცოდვა ხომ ჯერ გონებაში იბადება და თუ მას თავიდანვე არ შევებრძოლეთ, გულში გადავა და მთელ ჩვენს არსებას მოედება.

ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო აზროვნებას, არამედ მოქმედებასაც ცვლის.

თითოეულ ჩვენგანსა და მთელს ერში სინანულმა უნდა გაიღვიძოს. სინანული აუცილებელია არა მარტო ჩვენთვის, ქართველებისთვის, არამედ ყველა ხალსისათვის. მის გარაშე ერიც და ქვეყანაც სულიერად კვდება, ფიზიკურად აღიგვება პირისაგან მიწისა და მოისპობა, ვითარცა სიცოცხლის ხისთვის უვარგისი, გამხმარი ტოტი. სინანული გადარჩენაა, რასაც მრავალი მაგილითი გვიდასტურებს.

დღეს ბევრს მსჯელობენ, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, საითკვნ უნდა წარიმართოს იგი: აღმოსავლეთისკენ თუ დასავლეთისაკენ.

დასავლეთი არის სამყარო, სადაც ყველაფერი ნებადართულია და სადაც ძალმომრეობა ბატონობს. იგი მატერიალურად ძლიერია, მაგრამ სულიერად მწირი, რადგან ფული იქ კერპადაა ქცეული. მიწიერმა კეთილდღეობამ არ უნდა მოგვხიბლოს. წარსული ბევრი რამის მასწავლებელია. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: „მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს“. დაახლოებით იმავეს ამბობდა სატირიკოსი იუბენალი: „ფუფუნებამ, ომზე უფრო საშიშმა, მოიცვა რომი... მას შემდეგ, რაც რომში აღარ არის ღატაკი, იგი ვნებასა და ცოდვაში დაინთქა“.

რა თქმა უნდა, ევროპაში კარგიც ბევრია, მაგრამ ეს კარგი ჩვენთვის უცხოა და ძნელად მისაღები.

სულიერად ასევე უცხოა ჩვენთვის აღმოსავლეთი. ჩვენი მწუხარება და სიხარული ვერ ერგება მისი აზროვნების წესს, თუმც მიმზიდველია მისი კულტურა და უძველესი ფილოსოფია.

მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისათვის არ არის საკმარისი: არის ღირებულებანი, რომელიც ამათუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებლური სარწმუნოება, მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა, - ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა, იდუმალებით სავსე და დიდებული; გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი.

აღმოსავლეთის ან დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება მათ? სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.

ჩვენი ხელოვნების უიშვიათესი შედევრები და სულიერი საგანძური დანაწევრებული და გაბნეულია. მათზე სრული წარმოდგენა ჩვენც კი არა გვაქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ხალხისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის სულიერი აღზრდისა და ამაღლების მიზნით უნდა დაარსდეს კულტურის დიდი ცენტრი, სადაც ბინას დაიდებს სასულიერო და საერო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები, მოეწყობა დროებითი და მუდმივი გამოფენები თანამედროვე ქართველი და უცხოელი ოსტატებისა.

კულტურის ამ ცენტრში ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს ქართულ არქიტექტურას, უნდა დაარსდეს მინანქრის, ჭედურობის, ხეზე კვეთის, ქარგვის, ქსოვის, ქვის დამამუშავებელი სახელოსნოები. ყოველივე ამისთვის, ვფიქრობ, შესაფერისი რუსთაველის პროსპექტზე მდებარე ყოფილი მთავრობის სასახლის შენობა იქნება. ამ შემთხვევაში იგი არა მარტო საგამოფენო ადგილად, არამედ ჩვენს სულიერ და ზნეობრივ სკოლადაც იქცევა.

როდესაც ჩვენი კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ვლაპარაკობთ, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა გვსურს და სხვისგან აღარაფრის სწავლა აღარ გვჭირდება. არა, ჩვენ გონიერ შრომისმოყვარე ფუტკარს უნდა დავემსგავსოთ, რომელიც ნექტარს მხოლოდ იმ ყვავილებისგან აგროვებს, რომელიც თაფლისთვისაა გამოსადეგი.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში დაარსდა საერთაშორისო ცენტრი „აღმოსავლეთ-დასავლეთი“, რომლის პრეზიდენტიც სახელმწიფოს მეთაური, ბატონი ედუარდ-გიორგი შევარდნაძე ბრძანდება. მიმაჩნია, რომ ეს ცენტრი ბევრს გააკეთებს მიმდინარე პროცესების შესწავლითა და გაანალიზებით და, რაც მთავარია, გამოძებნის გზებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისათვის.

დღეს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე მწვავედ დგას საკითხი, თუ როგორ დავძლიოთ სულიერი, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები და როგორ დავაღწიოთ თავი შექმნილ ვითარებას.

და მაინც, ყველაზე საშიში სულიერი კრიზისია, რადგან ტოტალიტარულმა რეჟიმმა ღრმა კვალი დაგვიტოვა: ურწმუნოება, სულიერობის ნაკლებობა, დანგრეული ტაძრები და მონასტრები, ადამიანთა დამახინჯებული შინაგანი სამყარო, რომელიც განმაცოცხლებელ ხელს ელოდება.

გაცილებით ადვილია ეკლესიის აგება და ეკონომიკის აღდგენა, ვიდრე სულის დარღვეული ტაძრის აშენება. ჩვენი მიზანია, ადამიანი უფალთან მივიყვანოთ, დავუბრუნოთ მას რწმენა არა ზოგადად ღმრთისა და აქედან გამომდინარე, საერთოდ რელიგიისა, არამედ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომლითაც ცხოვრობდნენ და ცხონების ღირსი ხდებოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ საკითხებისთვის ზრუნვა მხოლოდ სასულიერო პირთა საქმეა. ის კი ავიწყდებათ, რომ ხალხი და ეკლესია, რომლის თავიც უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანდება, განუყოფელია.

ამიტომაც ამ პრობლემის მოგვარებისთვის ზრუნვა ერსაც ჰმართებს, ბერსაც, და რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც. ჩვენი გაუკუღმართებული ცხოვრების წესს ტელევიზორის ეკრანი კიდევ უფრო მეტი სიმდაბლისკენ უბიძგებს. შერყეულია ოჯახის საძირკველი, ცხოველურ ინსტინქტებამდეა დასული უფაქიზესი გრძნობები, მოდებულია ნარკომანია, რაც პიროვნების დაცემასა და დეგრადაციას უწყობს ხელს. საშიშროებას ისიც აღრმავებს, რომ აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან ჩვენი ქვეყნისაკენ (და არა მარტო ჩვენი ქვეყნისაკენ) სხვადასხვა სექტის და რელიგიის წარმომადგენელთა დიდი ნაკადი დაიძრა. ისინი ხელგაშლილად ფინანსდებიან საზღგარგარეთ არსებული მათი ცენტრებიდან. ჩვენთვის უცხო მქადაგებლები საჩუქრებით იტყუებენ მართლმადიდებლებს და თავს სხვადასხვა ცრუ სწავლებებს ახვევენ.

ისინი უარყოფენ ეროვნულობას, სამშობლოს, სარწმუნოებას, სიწმიდეთ, ტრადიციებს, განმკითხველი კი არავინა ჩანს.

ის, ვინც ჭიშმარიტ რწმენას განუდგება და ვინც თავისი დაუფიქრებლობით სულიერ ღირებულებებს მიწიერ სიკეთეზე გაცვლის, ღვთისა და მამულის წინაშე მოღალატეა.

განა შეიძლება მშვიდად ვუყუროთ, რელიგიური დაპირისპირების ნიადაგზე თუ როგორ ირღვევა ოჯახები საქართველოში? განა შეიძლება დავდუმდეთ მაშინ, როცა ამ მიზეზით სისხლი იღვრება? თუ ეს პროცესი სასწრაფოდ არ შეჩერდა, იგი უცილობლად შემაძრწუნებელ შედეგებს გამოიღებს. მარტო ჩვენ ამ საშიშროებას ვერ გავუმკლავდებით, საჭიროა მთელი ძალების კონსოლიდაცია. მე დიდი პატივისცემით მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, კულტურის მუშაკებს, ჩვენს ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, - დაფიქრდით საქართველოს ხვალინდელ დღეზე, თუ ეს შემოსევა დროზე არ აილაგმა, თუ არ დაწესდა კონტროლი პრესაზე, ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაზე, და თუ დროზე არ გადაიკეტა გზა ცრუ სწავლებათა გავრცელებისა, ჩვენი ხალხი ომის გარეშეც დაიღუპება.

დიდი გასაჭირია ეკონომიკის სფეროშიც. შიმშილმა, სიღატაკემ და სიცივემ უკვე მრავალ ოჯახში დაისადგურა. განსაკუთრებით დამძიმდა ქალაქის მოსახლეობის მდგომარეობა, რადგან იგი ხელფასსა და პენსიაზე ცხოვრობს და მიწის პატარა ნაკვეთიც კი არა აქვს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოიყვანოს. სიღარიბე მძიმე ტვირთად დააწვა ყველას, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზების ძებნაც მანვე გვაიძულა.

ქართველები გლობალურად ძალიან კარგად ვაზროვნებთ, ვადგენთ გენიალურ გეგმებს, მაგრამ, როგორც წესი, ვერ ვახორციელებთ მათ, რადგან სწორად საქმის დაწყება, დიდისგან მცირის, მაგრამ მნიშვნელოვანის, გამოყოფა გვიჭირს. ჩვენში, როგორც ჩანს, თეორიული აზროვნება სჭარბობს პრაქტიკულს.

ჩვენი გონება, ძველებურად ტოტალიტარული რეჟიმის პრინციპებით მუშაობს, ვერ ვთავისუფლდებით მისი გავლენისგან, ვერ ვიჩენთ ინიციატივას, არ ვეძებთ ახალ გზებს, ველოდებით რას გვიკარნახებენ სხვები და რითი დაგვეხმარებიან...

ფილოსოფოსი ს. ბულგაკოვი წერს: „მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ სამეურნეო საქმიანობა არასოდეს არ არის ინდივიდუალური. ცალკეული ადამიანი, როგორც გენეტიკური არსება მემკვიდრეა მასზე წინ არსებულ თაობათა სამეურნეო გამოცდილებისაა და ამავე დროს მუშაობისას თანამედროვე კაცობრიობის გავლენასაც განიცდის („მეურნეობას ფილოსოფია“, გვ. 275).

ამიტომ ჩვენც გვმართებს გამოვიძიოთ, რას საქმიანობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს, როცა ნედლეულისა და მანქანა-დანადგარების ნაკლებობა ასე მწვავედ იგრძნობა, ფაბრიკა-ქარხნები ერთ დღეში ვერ ამუშავდება. კრიზისიდან გამოსვლისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დამუშავდეს მიწა, ჩვენი მარჩენალი. ხალხი ჯერ შიმშილისგან უნდა ვიხსნათ, შემდეგ კი შეგვეძლება წარმოების თანდათანობით აღდგენასა და განვითარებაზეც ვიფიქროთ. ამის უგულებელყოფა შეუძლებელია.

ყველა გრძნობს, რა ძნელია მიწის გამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს მძიმეა მიღება მიწის პრივატიზაციის კანონისა. 

ვფიქრობ, ჩვენ ამ საკითხში იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, რომელთაც მსგავსი პერიოდი გაიარეს. თუ მათ რჩევას დავეყრდნობით, ჯერ მიწის დროებითი მფლობელობის 10-15 წლიანი გარდამავალი პერიოდი უნდა გამოვაცხადოთ. ამ გარდამავალ პერიოდში მიწა სოფლის და ქალაქის მოსახლეობას გაყიდვის უფლების გარეშე უნდა დაურიგდეს. საქართველოს იმ რაიონებმა, რომელიც მიწის ნაკვეთებით მდიდარია, უნდა გამოყოს და ქალაქელებს გადასცეს ფართობები დროებითი სარგებლობისთვის. ნაკვეთი იმხელა მაინც უნდა იყოს, რომ ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს. ამასთან, ასეთი მიწის მფლობელებს გაერთიანების უფლებაც უნდა ჰქონდეთ, რათა მიწა შეერთებული ძალით დაამუშაონ.

ეკონომისტებმა და სხვა სპეციალისტებმა უნდა შეიმუშაონ და მოსახლეობას მარტივი და კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდონ, რათა მიწაზე შრომას შეუჩვეველ ადამიანებს სწორი ორიენტაციის არჩევაში დაეხმარონ.

მინდა მოვუწოდო ყველას: წარსულით ცხოვრება არ გამოგვადგება, ბრძენნი გვარიგებენ: „ნუ იძიებთ, რით სჯობს წარსული დღევანდელ ჩვენს ყოფას, რადგან გონივრული არ არის ეს კითხვა“ (ეკლესიასტე 7,10). ნუ შეგეშინდებათ სიძნელეების, ნუ დაიწყებთ ცხოვრების იოლი გზების ძიებას, რადგან ის, რაც ადვილად მოიპოვება, არა მხოლოდ ადვილადაც იკარგება, არამედ ხშირად კაცისთვის ზიანიც კი მოაქვს.

დოვლათის შექმნა ყველამ უნდა ისწავლოს. გამოიჩინეთ ინიციატივა, სრულად გამოავლინეთ ღვთისგან თქვენთვის ბოძებული ნიჭი, გონებამახვილობა. ნუ დაელოდებით სხვის შეწევნას, პირიქით, თუნდაც გიჭირდეთ, მაინც მიეხმარეთ სხვას, ვინც თქვენზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და გახსოვდეთ ბიბლიის სიბრძნე: „გამცემი ხელი ცარიელი არ დარჩება, ზარმაცის ხელს სიღარიბე მოაქვს, მუყაითისას კი - სიმდიდრე“ (იგავნი 10,4).

მინდა განსაკუთრებით მივმართო მათ, ვინც იოლი გზების ძიების სურვილით დღეს საქართველოს ტოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის, თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან იქ უკეთესი ხვედრი არ გელოდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, უცხო გარემოში თქვენ მაინც უფრო ნაკლებად იქნებით დაცულნი, რადგან სამშობლოში ახლობლები, ნათესავები, მეგობრები გყავთ, რომელნიც განსაცდელის ჟამს გვერდში დაგიდგებიან, იქ კი ვინ იქნება თქვენი გულშემატკივარი?

აუცილებლად დადგება დრო უკან დაბრუნებისა და დაგისვამენ კითხვას, სად იყავით მაშინ, როცა სამშობლოს უჭირდა?

საზღვარგარეთ შეიძლება სასწავლებლად ან საქმიანი ვიზიტით წასვლა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აქაური სიძნელეებისთვის თავის არიდების მიზნით, - ეს მოქალაქისთვის უღირსი საქციელია.

არ შეიძლება სულით დაცემა, შენში და შენს გარშემო მხოლოდ ცოდვის მორევის დანახვა და ვერ შემჩნევა სიწმინდისა; არ შეიძლება ერის სულიერი ამაღლების რწმენის დაკარგვა, არ შეიძლება ღალატი და უმოქმედობა.

მოციქული იოანე ღვთისმეტყველი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად შეაგონებდა მსმენელებს: შვილებო, გიყვარდეთ ერთმანეთი. როდესაც ჰკითხეს, რატომ იმეორებდა ამ ფრაზას ასე ხშირად, უპასუხა: სახარების მთელი აზრი ამ სიტყვებშია ჩადებულიო. ამიტომაც ბრძანებს იგი: „ღმერთი სიყვარული არს“ და ამით საცნაურ ყოფს სიყვარულს, როგორც უფლის უპირველეს თვისებას.

შემოქმედებითი უნარი მხოლოდ იმ პიროვნებებში გამოვლინდება სრულად, ვის გულშიც მოყვასის სიყვარული მეფობს. მიუძღვენით ერთმანეთს სიყვარული, „ურთიერთარს სიმძიმე იტვრთეთ დ ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6,2).

ჩვენ კი, ჩვენი არასწორი საქციელით, ხშირად ტვირთის შემსუბუქების ნაცვლად ერთმანეთს ჯვარს კიდევ უფრო ვუმძიმებთ. არადა როგორი მყიფეა ადამიანი, როგორი ნაზია მისი უკვდავი სული. ომისდროინდელ ერთ მაგალითს მოვიტან: ფაშისტებმა სხვებთან ერთად ერთი პიროვნებაც დააპატიმრეს. არ დაუკლიათ მისთვის წამება, ცემა, დამცირება, ბოლოს საკონცენტრაციო ბანაკშიც მოათავსეს, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გატეხეს. ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ ამ კაცმა შემთხვევით გაიგო, რომ ციხეში საკუთარი შვილის დასმენით მოხვდა: ამ ფაქტმა მასზე ისე იმოქმედა, რომ სულიერად დაიმსხვრა და მოულოდნელად გარდაიცვალა.

მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენ სიკეთისა და ბოროტების არჩევანის წინაშე ვდგავართ, საით წავიდეთ მარჯვნივ თუ მარცხნივ: „ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც მოისურვებს, ის მიეცემა“ (ზირაქი 15,17).

წმიდა მეთოდიოს ოლიმპიელი წერს, რომ ყველაზე დიდი სიკეთე, რაც ღვთისგან ადამიანს მიენიჭა, თავისუფალი ნებაა, რომელიც მასზე რაიმე ძალდატანებას გამორიცხავს.

სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.

ადამიანური ყოფის მთელი აზრიც ზნეობრივ ამაღლებასა და სრულყოფაშია, რაც ღმერთთან და მოყვასთან კავშირით უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ ერთობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: „იარებოდეთ ისე, როგორც შეშვენის ხმობას, რომლითაც ხართ ხმობილნი, მთელი ქედმოდრეკილობით, თვინიერებით და დიდსულოვნებით; სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (ეფესელთა 4,1-3).

თუ გვსურს დღევანდელ რთულ და მძიმე დროს გავუძლოთ და არ დავკარგოთ მშვიდობა ჩვენს სულში, შინ და გარეთ, და გვინდა დავძლიოთ ყველა წინააღმდეგობა და გავუმკლავდეთ მოსალოდნელ განსაცდელს, - ამ კანონით უნდა ვიცხოვროთ.

ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, საქართველოში მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელნო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო ქართველნო, ჩვენი მეოხის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობას მინდობილი, ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიად ზეიმს და დამდეგ ახალ წელს. დაე, იყოს იგი ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსათვის წელი მშვიდობისა და სიყვარულისა, კეთილდღეობისა და ურთიერთგაგებისა.

მჯერა, მალე გადაივლის შავი ღრუბელი, საქართველო და ქართველი ხალხი გამთლიანდება, მოხდება ჩვენი სულიერი ფერისცვალება და ვიტყვით იმ დღეს: „გმადლობთ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა რისხვა შენი და მანუგეშე. აჰა, უფალია ჩემი ხსნა... უფალია ჩემი ძალა... ის იყო ჩემი მხსნელი“ (ესაია 12,1-2).

იყავნ, უფალო, წყალობაი შენი ჩვენზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ (ფს. 32,22). ამინ.

თბილისი,
ქრისტეს შობა,
1994-1995 წწ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.