„ჰე, მოდი, უფალო იესო“ (გამოცხ. 22,20).
ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ძმანო და დანო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს მკვიდრნო და ჩვენი დალოცვილი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო:
მშვიდობა და კურთხევა თქვენდა ღვთისა - მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა.
„იყავით ჩემში, და მე ვიქნები თქვენში, როგორც ნასხლავი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში“ (იოანე 15,4), - ბრძანებს მაცხოვარი.
მთელი ჩვენი ცხოვრება - ეს არის უფალთან შეხვედრისათვის მზადება. თუ ადამიანში არ ხდება პროცესი სულიერი განწმენდისა და ფერისცვალებისა, ეს შეხვედრა სამწუხარო შედეგით დამთავრდება. მიუხედავად იმისა, სწამს თუ არა ღმერთი პიროვნებას, უნდა მას თუ არა არა წარდგომა წინაშე უფლისა, ეს შეხვედრა აუცილებლად მოხდება; მან პასუხი უნდა გასცეს შემოქმედს ყველა თავისი საქციელის გამო, რათა საუკუნო ნეტარება ან მარადიული ტანჯვა დამსახურებისამებრ მიეგოს.
გვიახლოვდება ქრისტეს შობის სიხარულით აღსავსე ბრწყინვალე დღესასწაული. ეს არის ზეიმი, რომელიც მორწმუნე ქრისტიანის სულს სიყვარულით ასხივოსნებს და გულს იმედით განათბობს, რადგანაც მასში იშვება ქრისტე - სასოება ჩვენი.
სახარებაში ვკითხულობთ: „და მწყემსნი იყვნეს მასვე სოფელსა, ველთა დგებოდეს და ჴუმილვიდეს საჴუმილავსა ღამისასა სამწყოსოსა მათსა. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ დაადგრა მათ ზედა, და დიდებაჲ უფლისაჲ გამოუბრწყინდა მათ, და შეეშინა მათ შიშითა დიდითა. და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა. და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლარე ბაგასა. და მეყსეულად იყო ანგელოზისა მის თანა სიმრავლე ერთა ცისათაჲ, აქებდეს ღმერთსა და იტყოდეს: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ. “ (ლუკა 2,8-14).
საოცარია, უფლის განხორციელების შესახებ პირველად უბრალო მწყემსებს ეუწყათ და არა მეფეთ ან სხვა დიდებულთ ამა ქვეყნისა.
ებრაელი მწიგნობრები დასცინოდნენ და ამცირებდნენ მწყემსებს, რადგანაც მათ ცხოვრების განსაკუთრებული პირობების გამო მოსეს კანონის დარღვევა უხდებოდათ. სწორედ ჩინებულთაგან დაწუნებულნი გახდნენ ღირსნი სხვათა უწინარეს ეცათ თაყვანი ღვთაებრივი ყრმისათვის.
იუდეველთა ტრადიციით იმ ოჯახში, სადაც ვაჟი დაიბადებოდა, ნათესავები იკრიბებოდნენ და ახალი წევრის შემატებას საგალობლებით, სიმღერითა და მხიარულებით აღნიშნავდნენ. მაცხოვარს არათუ ეს წესი დააკლდა, არამედ სახლიც კი არ მოიძებნა მისი შობისათვის. იგი ქვეყნიერებას მოევლინა გამოქვაბულში, იქ, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ ხოლმე. ამ სოფლისაგან ყოველგვარ პატივს მოკლებულ ახლადშობილ ძე ღვთისას ზეციური საგალობელი ანგელოზებმა უგალობეს.
წმ. იოანე ღვთისმეტყველი ღვთის განხორციელების გონებით მიუწვდომელ ამ მოვლგნას ასე გადმოგვცემს: „და სიტყუაი იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ-შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებათა“ (იოანე 1,14).
მადლი და ჭეშმარიტება - როგორი ახლობელი და ამავე დროს შორეულია ისინი ჩვენთვის. მადლის შესახებ ლოცვაში ვკითხულობთ, რომ იგი არის ძალა „სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“.
წყარო და უშუალო სათავე მადლისა არის ყოვლადწმიდა სამება. მადლი ღვთისა იცავს და განათბობს მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, ხოლო მადლი ყოველ მორწმუნე ქრისტიანს მისი ღირსებისა და სულიერი სიწმინდის შესაბამისად მიეცემა, ოღონდ, პიროვნებამ მისი მოპოვება უნდა მოინდომოს და გული მისი მიღებისათვის განიწმინდოს. ამიტომაც არ უნდა იფიქროთ, თითქოს მადლის მონიჭება ჩვენი ნების გარეშე ხდება.
სწორედ მადლი უდევს საფუძვლად კათარზისის, განწმენდის პროცესს, გონების გაბრწყინება-გაცისკროვნებას, სულიერ მჭვრეტელობას. წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.
მადლი და ჭეშმარიტება - ეს არის საუნჯე, რომლის მოხვეჭა ყველა ადამიანისათვის აუცილებელია. მხოლოდ მათი წყალობით მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას და მხოლოდ ამ გზით ვეზიარებით უფალს. მოციქული პავლე წერს: „უფალი სულია, ხოლო სადაც არის სული უფლისა, იქ თავისუფლებაა“ (2 კორინ. 3,17). თუ ჭეშმარიტებას შევიცნობთ, თავისუფლებისაკენ მიმავალი გზაც გაგვეხსნება. მაცხოვარი ბრძანებს: „და შეიცნობთ ჭეშმარიტებას, და ჭეშმარიტება განგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8,32). ჭეშმარიტება! როგორი სასურველი და აუცილებელია იგი თითოეული ჩვენგანისათვის. ჭეშმარიტება გვახარებს და აღგვიძრავს სევდას, აღგვაფრთოვანვბს და გვანაღვლიანებს.
კაცთა ცნობიერებაში ჭეშმარიტება ყოველთვის ღვაწლისა თავდადების შარავანდედით იყო მოსილი. დიახ, ვიწრო და ეკლიანია ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა მრავალფეროვანი და რთულია ცხოვრება. ჩვენი ყოველდღიური ყოფა ნათლად გვიჩვენებს, რომ ის, რაც მისაღები და სასარგებლოა ზოგიერთებისათვის, სხვათათვის ზიანის მომტანია. ღირსი მამა ანტონ დიდი ბრძანებს: „ილოცეთ, რომ მოგცეთ უფალმა მადლი, ნათელი ხედვა და გონიერება, რათა სიკეთე და ბოროტება, უცდომელად განასხვაოთ“. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ნაცვლად ჭეშმარიტების შეცნობისა, ხშირად პირიქით იქცევა, თავისი ბნელი მიზნებისათვის სახეს უცვლის და ამახინჯებს მას.
ასე რომ, ადვილი არ არის სწორად ცხოვრება. მაგრამ, „რაც არ უნდა ძნელი იყოს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა, მას ყოველთვის მოაქვს შვება და თავისუფლება“. ფილოსოფოსები ამბობენ, რომ ჭეშმარიტება მსგავსია სინათლისა, რომელიც ავადმყოფ თვლებს აღიზიანებს. ადამიანებმა შეიძლება სიმართლეზე თვალი დახუჭონ, დაიხშონ გონება და გული, შეიძლება სასიკვდილოდ გასწირონ სიმართლის პირში მთქმელი, მაგრამ თვით სიმართლეს ვერავინ მოსპობს და იგი ბოლოს მაინც გამარჯვებას იზეიმებს. კაცობრიობის ისტორია ამისი ნათელი დადასტურებაა.
საიდუმლოება დროისა - რამდენი რამ არის მასში აუხსნელი, ჩვენთვის დაფარული. ცნობილი რუსი ფილოსოფოსი პეტრე ჩაადაევი ამბობდა: „ღმერთს არ შეუქმნია დრო, მან ამის უფლება ადამიანებს მიანიჭა“. მაგრამ ხშირად ნათლად აღვიქვამთ იმასაც, რომ ზოგიერთი მოვლენა თითქოს თავისთავად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ვითარდება.
ეს იმიტომ, რომ მსოფლიო პროცესებს ღვთის ნებასთან შერწყმული ადამიანის შემოქმედებითი უნარი უდევს საფუძვლად. უფალი ყოველივეს ადამიანთან ორმხრივი კავშირით - სინერგიით წარმართავს, ოღონდ ადამიანის შემოქმედებითი სწრაფვა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთის ნებას, და თუ ეს ასე არ ხდება, იწყება გზა დაღუპვისა.
ქრისტიანული სარწმუნოების ღრმა გაცნობიერება საშუალებას იძლევა ჩავწვდეთ ისტორიის ფილოსოფიურ შინაარსს, ისტორიულ მოვლენათა მისტიურ აზრს. არ შეიძლება წარსულისა და მომავლის გარეშე მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრება. ისტორიული გამოცდილების გააზრება და გათვალისწინება ყოვლად აუცილებელია. ამიტომაც, სულიერი თვალით ღრმად უნდა შევისწავლოთ წარსული, რომ სამომავლოდ სწორი დასკვნები გავაკეთოთ.
ჩვენი ცხოვრება სავსეა დაცემითა და აღდგომით. თუ ვმხიარულობთ, მწუხარებისთვის უნდა ვემზადოთ, თუ შეჭირვებულნი ვართ, ღვთის მოწყალებას უნდა ველოდოთ. სიხარული და მწუხარება მუდმივად მონაცვლეობენ ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა ბედნიერი იქნება, უტოპიაა, რადგან, როგორც ნათქვამია, ქვეყანა სამოთხე არ არის, არამედ ადგილი - სამოთხიდან განდევნილთა.
ჩვენი ხალხიც დაცემისა და აღდგომის სპირალურ გზას მიჰყვება. მოსახლეობამ გადაიტანა ურწმუნოებისა და ნგრევის უმძიძესი პერიოდი, რომელსაც ტოტალიტარულს ვუწოდებთ. საშინელი იყო ეს 70 წელი, მაგრამ არის აზრი, რომ რუსეთში მართლმადიდებლობა სწორედ რევოლუციის წყალობით გადარჩა. მოსახლეობამ ვაჟკაცურად გაუძლო რბევას, საშინელ ნგრევას, შიმშილსა და განუკითხავ ტერორს. ქვეყანა უნაპირო მკვდარ უდაბნოს ჰგავდა, რომლის ტრამალებში ადამიანთა სულები უნუგეშოდ დახეტიალობდნენ. თუმცა, რაც უფრო მძიმე იყო წამება, მით უფრო იზრდებოდა სურვილი თავისუფლებისა. კრძალავდნენ რა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, იდეოლოგები ახალი ცრუ კერპებისა და იდეალების შექმნით ხერგავდნენ გზას ჭეშმარიტებისაკენ, მაგრამ ყოველივე ეს სწრაფად იმსხვრეოდა, რადგან საფუძველი მათი დაჭაობებული, უმადლო და უსულო იყო.
ცნობილი ფილოსოფოსი, ალექსი ლოსევი ასე აღწერს ამ პერიოდს: „ქვეყანა დაფლეთილი და ჯვარცმულია, ნაწილებად დამსხვრეული, საყოველთაო და აბსოლუტური გათიშვა ერთმანეთისაგან, როდესაც A მხოლოდ არის A და მეტი არაფერი. სრული განცალკევება ყოველი A-სი და მისი გაწირვა მარადიული მარტოობისათვის. ყოველგვარი ნათესაური კავშირის გაწყვეტა, მარადიული მტრობა და გაყოფა. ყოფის დამსხვრეული ნაწილების მარადიული და აუცილებელი გარეგნული სიცივე, გარეგნულ და შინაგან სულიერ სამყაროსთან სრულიად შეუთანხმებელი, რკინის ბორკილები ნათესაური სითბოს ნაცვლად, მექანიზმი - ცხოვრების მაგიერ, საშინელი ბედისწერა - თავისუფლების სანაცვლოდ; მარადიული უღიმღამო ყოფა და კანონთა სიმკაცრე, - აი შენი ცხოვრება ადამიანო“ (ა.ფ. ლოსევი, 1990, გვ.227).
ასეთი ყოფის მემკვიდრენი ვართ ჩვენ. ამიტომაც ვხდებით დღეს მოწმენი მძიმე ცოდვებით დაცემისა: მკვლელობის, ძარცვის, საშინელი ამპარტავნებისა და შურის, ოჯახის დარღვევის, მრუშობა-გარყვნილების და სხვა უარყოფითი ფაქტების გამოვლენისა.
მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ხანაში, მოზღვავებული ინფორმაციისა და სწრაფადცვალებადი მოვლენების გავლენით ადამიანმა თითქოს დაკარგა თავისი ადგილი, დაკარგა შეგნება თავისი ღირსებისა, როგორც ღვთის ხატებისა და დედამიწაზე მისი მადლისა და ჭეშმარიტების მთავარი მატარებლისა.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოება მადლს მოკლებულია. უნებურად იბადება კითხვა: შესწევს კი უნარი ამდენი დაცემისაგან გათანგულ ადამიანს კვლავ აღდგომისა და განახლებისა. ან იქნებ გამოსავალი უკვე აღარ არის?
თუ პიროვნება დამცირების და შეურაცხყოფის ქურაში გაივლის, დაინახავს თავის უღირსებას, სულიერ ჭუჭყს და გაუჩნდება სურვილი ფერისცვალებისა, დაიწყება იდუმალი და საოცარი პროცესი განწმენდისა და ამაღლებისა. მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა. ჩვენი ხალხი დღეს ამ ეტაპს გადის და, მადლობა უფალს, სახარებისეული უძღები შვილის მსგავსად თანდათან უბრუნდება ღმერთს. ყოველი განსაცდელი ან გაჭირვება ღრმა აზრს შეიცავს და თავისებურ ხიბლს ატარებს. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, მოულოდნელი სიხარული და პირიქით, რაც აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: „გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო“. და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განლევენ წუთისოფელს, ძალიან ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი წარმატებისა და წინსვლის საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი პიროვნებაში ამპარტავნებას, დამოუკიდებლობის გრძნობას აძლიერებს და აღვივებს ცრუ აზრს, თითქოს ღვთის დახმარების გარეშე შეგვწევდეს უნარი ვიყოთ განმგებელნი ჩვენი ყოფისა.
მხოლოდ ცხოვრების მძიმე პერიოდებში და უბედურების ჟამს ვაცნობიერებთ ხოლმე, რამდენად უსუსურნი და უმწეონი ვართ და როგორ აუცილებლად გვჭირდება შეწევნა ღვთისა.
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი წერდა: „მე ხშირად მიწევდა ღვთის წინაშე მუხლებზე დადგომა, რადგან უბრალოდ სხვაგან წასასვლელი გზა აღარ მქონდა“.
დიახ, ჩვენთვის აუცილებელია მტკიცე სულიერი საყრდენი, სულიერ რეალობაზე დაფუძნებული საძირკველი. ამ საძირკველზე იდგნენ ჩვენი დიდი წინაპრები რომელთაც შექმნეს და დაგვიტოვეს ის განუმეორებელი სულიერი კულტურა, რომელიც დღესაც სიამაყით გვავსებს. ადამიანებს აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ ძალით წართმეული რწმენა და ჭეშმარიტი სიყვარული. მხოლოდ რწმენა და სიყვარული გაათბობს ჩვენს გაყინულ და გაქვავებულ გულებს.
ოცი საუკუნის წინ იესო ქრისტეს მიერ მსოფლიოს მიენიჭა ღვთაებრივი მადლი და ჭეშმარიტება. მოვედი არა განსჯისათვის, არამედ ცხოვრებისათვის სოფლისა. - ბრძანებს იგი. მან ახარა და უჩვენა გაწამებულ კაცობრიობას, რომ ღმერთი არის სიყვარული, ამიტომაც ვის უნდა მივმართოთ ჩვენ, სიყვარულისაგან განძარცვულებმა, თუ არა მას, ვინც დაამტკიცა, რომ იგი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მხოლოდ მას ძალუძს გვიწყალობოს ის, რაც ასე გვჭირდება და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის.
საკუთარი ჯვრის სიმძიმისაგან დაღლილთ ჩაგვესმის სიხარულისა და იმედისმომცემი სიტყვები უფლისა: „მოდით ჩემთან ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენებთ თქვენ. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემი მსუბუქი“ (მათე 11,28-30).
ვმადლობთ ღმერთს ჩვენზედ მოღებული წყალობისათვის, იმ სიხარულისა და მწუხარებისათვის, რაც მოგვიტანა გასულმა წელმა. მართალია, 1995 წელი მძიმე იყო, - გაჭირვებამ, შიმშილმა, ავადმყოფობამ მრავალი ოჯახის კარი შეაღო, მაგრამ ამავე დროს, იგი იყო გადამწყვეტი და მეტად მნიშვნელოვანი: ჩამოყალიბდა სახელმწიფო სტრუქტურა, წინა პარლამენტმა შეძლო ძალების კონცენტრირება და მიიღო მეტად მნიშვნელოვანი კანონი - სახელმწიფო კონსტიტუცია; არჩეულ იქნა პრეზიდენტი; ახალი შემადგენლობა პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტისა; შეიქმნა ქართული ჯარი, მიმოქცევაში შევიდა ქართული ფული; ამუშავდა რიგი წარმოებებისა, გაჩნდა ჩვენი პროდუქცია, ქვეყანაში თანდათან დამყარდა წესრიგი... რაც ყველას გვახარებს და იმედს გვაძლევს.
კარგია, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ სერიოზულად მოჰკიდა ხელი ეკონომიკის შესწავლას, თუმცა შეცდომებს, ალბათ, ვერ გავექცევით.
როდესაც ახალი ტიპის მეურნეობების შექმნაზე ვმსჯელობთ, უნდა ვიცოდეთ წარმოების არა მარტო მეთოდები და შესაძლებლობანი, არამედ მოხმარების ზღვარიც. ცხოვრება უნდა დავინახოთ ისეთად, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა შევისწავლოთ მისი კანონები, რათა არარეალური გეგმები არ დავსახოთ.
სერგეი ბულგაკოვი, ცნობილი რუსი ფილოსოფოსი, თავის წიგნში „მეურნეობის ფილოსოფია“ ჩვენს ყოველდღიურ საზრდელს ქვეყნიურ ხორცთან ზიარებას უწოდებს და ასე წერს: „თუ საჭმელი მიუხედავად მისი სახისა და რაოდენობისა, არის ზიარება მიწიერ ხორცთან, ღვინისა და პურის სახით მიღება ქრისტეს ხორცისა და სისხლისა, არის ზიარება მაცხოვრის სხეულთან. მატერიალური საზრდელი მიწიერ წარმავალ ცხოვრებას ახანგრძლივებს, ევქარისტიული ტრაპეზი კი მარადიულ სიცოცხლესთან გვაკავშირებს“ (გვ.86, 1912 წ.).
ასე რომ, ადამიანისთვის, ორივე ფრიად საჭიროა, ოღონდ აუცილებელია მათი შეთანხმებული მოქმედება, რათა ჩვენი გონებისა და შრომის ნაყოფმა ჩვენს სულს ზიანი არ მოუტანოს.
მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებსა და ბანკირებს: მიზნად ნუ დაისახავთ ქონების დაგროვებას, აირჩიეთ ის სპეციალობა, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროს შეესაბამება და გიყვართ; თუ თქვენ სრულად გამოავლენთ თქვენს ინტელექტს, თქვენს გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს, სიკეთის მომტანი იქნებით ქვეყნისათვისაც და საკუთარი თავისთვისაც. დაიწყეთ მცირედით, რათა დიდს შეეჭიდოთ, თუ შეცდომას დაუშვებთ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, არამედ უნდა გეყოთ ძალა და ნებისყოფა ყველაფრის თავიდან დაწყებისათვის. მინდა პატარა მაგალითი მოგიყვანოთ:
ერთ საქმიან ადამიანს უბედურება დაატყდა თავს; მთელი მისი წარმოება ერთ დღეში დაიწვა და განადგურდა. ის სასოწარკვეთილი დაბრუნდა სასლში, დაჯდა მაგიდასთან და მწარედ ატირდა. მისი ქალიშვილის კითხვაზე, თუ რას განიცდიდა ასე ძალიან, მამამ უპასუხა: „შვილო, ყველაფერი დავკარგე, ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა“. გოგონამ უნდოდ შეხედა და უთხრა: „როგორ თუ ყველაფერი დაკარგე, განა მე და დედა შენთან არა ვართ და ეს ცოტაა შენთვის?“ კაცი მიხვდა, რომ მწუხარებას აზვიადებდა და შერცხვა შვილის, მუხლი მოიყარა ხატების წინაშე, მადლობა შესწირა უფალს და დამშვიდდა.
კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მრავალი ადამიანი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, აშენებენ ტაძრებს, აღადგენენ მონასტრებს, ეხმარებიან გაჭირვებულთ. მათი ყურადღება მინდა მეცნიერებისა და კულტურის მსახურებს მივაპყრო. ინტელიგენციამ მძიმე ტოტალიტარული რეჟიმის დროს სულიერი დეგრადაციისაგან იხსნა ჩვენი ხალხი. სამწუხაროდ დღევანდელ რთულ პირობებში, ყველაზე დაუცველი სწორედ ეს ფენა აღმოჩნდა და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მასზე ზრუნვა; რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს პენსიონერები, მარტოხელები, უსახლკარონი, ობლები...
ჩვენს ეკლესიასთან ფუნქციონირებს რამდენიმე უფასო სასადილო. მარტო კარის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში მდებარე მოწყალების სახლი ყოველდღიურად უფასოდ 3000-მდე ადამიანს აპურებს. ამ ღვთისსათნო საქმეს ხელმძღვანელობს ოჯახი, რომელმაც ორი სათაყვანებელი შვილი დაკარგა, მაგრამ ღვთის შიში და სიყვარული შეიძინა.
ეკლესიას განსაკუთრებით აწუხებს უპატრონოდ დარჩენილ იმ მოზარდთა ბედი, რომელთაც თავიანთი ცხოვრება ქუჩას დაუკავშირეს. ფერისცვალების მონასტრის ახალგაზრდა წინამძღვარს, იღუმებია მარიამს, მის სულიერ დებს და მორწმუნე ახალგაზრდებს ასეთი ბავშვების მოძიება და მოვლა-პატრონობა აქვთ დავალებული. მცხეთის რაიონის სოფ. ძეგვში მდებარე შენობაში მათ უკვე 40-მდე მოზარდი შეიკედლეს, მშობლიური მზრუნველობით უვლიან მათ და ცდილობენ ცხოვრების უფსკრულის პირას მდგარი პატარები სწორ გზაზე დააყენონ.
ბათუმში გახსნილია უპატრონო მოხუცებულთა სახლი.
სამცხე-ჯავახეთის გაჭირვებულ ოჯახებს დიდ დახმარებას უწევს საპატრიარქოსთან არსებული საქველმოქმედო ცენტრი „ლაზარე“, რომელსაც ამერიკული მართლმადიდებლური ქრისტიანული ორგანიზაცია „10CC“ აფინანსებს.
საქართველოში ფუნქციონირებს ორი სასულიერო აკედემია, ოთხი სასულიერო სემინარია, საეკლესიო გიმნაზიები და სასწავლებლები.
წარსული წელი საქართველოს ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანი, და შეიძლება ითქვას, ისტორიული იყო: სახელმწიფოს მეთაურის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ერთობლივი დადგენილებით, ეკლესიის ეგიდით შეიქმნა გელათის მეცნიერებათა აკადემია, მის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა - ცნობილი მეცნიერი მაგალი თოდუა, აკადემიკოს-მდივნად - ბატონი მიხეილ ქურდიანი, ახლადარჩეულ აკადემიკოსთა შორის არის პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი. ვიმედოვნებთ, ეს აკადემია ხელს შეუწყობს ჩვენი სამეცნიერო საზოგადოების დაახლოებას ეკლესიასთან, განამტკიცებს ცოდნისა და რწმენის კავშირს და კეთილისმყოფელ გავლენას იქონიებს ფართო საზოგადოებაზე.
ფრიად სასიხარულო მოვლენაა, თბილისში წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობის დაწყება, ხოლო 18-19 სექტემბერს სვეტიცხოველში გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება (45 წლის შემდეგ), რომელმაც მიიღო და დაამტკიცა ახალი საეკლესიო დებულება და სხვ.
ასე რომ, წარსული წელი, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა და ტკივილისა, ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის მაინც მეტად ნაყოფიერი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, არა, წინ მრავალი საქმე გველოდება.
ჩვენ მომავალს იმედით ვუყურებთ, რადგან ივერია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველით არის დაცული და მაცხოვრის კვართით კურთხეული. მთავარია ჩვენს გულში იშვას უფალი და გაიღოს კარი მის მისაღებად.
ღმერთმა ძე თვისი გამოგვიგზავნა, რათა მისი არცერთი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ მოეპოვებინა მარადიული ცხოვრება, რადგან ქრისტეში არის სიცოცხლე და სიცოცხლე იგი არის ნათელი კაცთა (იოანე 1,4). ეს ნათელი განგვაშორებს ბნელს; იგია ნათელი იმედისა და სიხარულის მომტანი, და ამავე დროს, მამხილებელი, განწმენდისაკენ მომწოდებელი. იესოსმიერი ნათლით უნდა შევხედოთ ჩვენს თავს და გამოვიკვლიოთ იგი, თუ გვსურს სწორად ვიცხოვროთ, სწორად შევაფასოთ მოვლენები და თვით ჩვენ გავხდეთ ძე ნათლისა.
უფლისმიერი სიხარულით აღვსილნი ყველას გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინეალე დღესასწეულს და ახალ წელს. ჩემი მისალმება და სიყვარული მინდა გადავცე ყველას, - საქართველოს მკვიდრთ და სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთ. ამ დიდებულ დღესასწაულს ვულოცავ სამაჩაბლოს მკვიდრ ჩვენს ნატანჯ სულიერ შვილებს; ვულოცავ აფხაზეთიდან დევნილ და აფხაზეთში მყოფ ჩვენს დებსა და ძმებს - ქართველებს, აფხაზებს, რუსებს ბერძნებს, სომხებს...
პირადად ჩემთვის აფხაზეთი მეტად ძვირფასია, თერთმეტი წლის მანძილზე ვიყავი მღვდელმთავარი ამ ეპარქიისა და კარგად მახსოვს ის სითბო, ურთიერთპატივისცემა და მეგობრობა, რაც სუფევდა ქართველებს, აფხაზებს და სხვა ერის წარმომადგენელთა შორის. ამ სიყვარულის მოსპობას ვერავითარი მტრული ძალა ვერ შეძლებს, რადგან იგი ხელოვნურადაა შექმნილი, ის ურთიერთობები კი - ბუნებრივად აღმოცენებული.
მამობრივი სიყვარულით ვულოცავ ყველა გაჭირვებულს: ავადმყოფებს, ქვრივ-ობლებს, პატიმრებს, მშიერთ, განსაცდელში მყოფთ.
გახსოვდეთ, უდალი მოწყალეა; წმიდანების და პირადად თქვენი ლოცვით მიიღებთ, რასაც წრფელი გულით ითხოვთ. მთავარია, არ დაკარგოთ სასოება, სიყვარული და რწმენა და არ დაივიწყოთ მაცხოვრის სიტყვები: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიებდეთ და ჰპოვებთ, დააკაკუნეთ და გაგიღებენ“ (მათე 7,7).
„ღამე განგვშორდა და დღე მოახლოვდა“ (რომ. 13,12). დროა გავიღვიძოთ.
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1995-1996 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი I, თბილისი, 1997 წ.