ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, დიდად პატივცემულო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოსა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ და რწმენა და იმედი განგმტკიცებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
კვლავ დაგვიდგა დღე იდუმალი, - შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; ამ დიდი საიდუმლოების თანაზიარნი მუხლმოდრეკით თაყვანსა ვცემთ ბეთლემს შობილ ყრმას და მთელი არსებით ვმადლობთ მამაზეციერს, რომელმან „ესრეთ შეიყუარა სოფელი, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნო“ (იოანე 3,16).
მადლობას ვწირავთ უფალს იმისათვისაც, რომ მოგვანიჭა გონება და შინაგანი ხედვა, რათა სული ჩვენი ვყოთ ტაძრად, გული კი, - სანთლად წინაშე ღვთისა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დავინახოთ „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“;
ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი ერი ოცი საუკუნეა მისდევს მაცხოვრის გზას და დღემდე ერთგული დამცველია იმ რწმენისა, რომელიც იესო ქრისტემ და მისმა მოციქულება იქადაგეს.
მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ ჩამოაყალიბა არა მხოლოდ ერთიანი, ქართული სახელმწიფო და უნიკალური ქართული კულტურა, არამედ განსაზღვრა ქართველი კაცის ცხოვრებისა და აზროვნების წესიც.
დღესაც ჩვენი ხალხი, მიუხედავად ათეისტური რეჟიმის 70-წლიანი ბატონობისა, მართლმადიდებლური კულტურის ერს წარმოადგენს. თვით მუსულმანი ქართველებიც კი საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებენ ისეთ ტრადიციებს, რომელიც ქრისტიანული სწავლებიდან მომდინარეობს და მამა-პაპათაგან აქვთ შესისხლხორცებული.
საერთოდ, რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცალკეული პიროვნების თუ საზოგადოების აზროვნება.
ამიტომაც იყო, რომ მთელი ისტორიის მანძილზე, როგორც ჩვენთან, ისე ნებისმიერ ქვეყანაში, დამპყრობლები ცდილობდნენ ხელოვნურად თავს მოეხვიათ არა მხოლოდ თავისი პოლიტიკური გავლენა, არამედ მოეხდინათ კულტურულ-რელიგიური ასიმილაციაც, რაც გულისხმობდა როგორც რწმენის, ასევე სიმღერის, ცეკვის, სამოსლის, ლიტერატურული ღირებულებების, სუფრის წესის და ა.შ. შეცვლას. ეს ხელოვნური ექსპანსია, რა თქმა უნდა, განსხვავდებოდა და განსხვავდება კულტურათა შორის ურთიერთგამომდიდრების პროცესისგან, რაც კაცობრიობის კულტურულ განვითარებას განაპირობებს.
დღეს კულტურასა და ცხოვრების წესზე ზემოქმედების ყველაზე გავლენიან ძალად იქცა ისეთი საშუალებები, როგორიცაა მასმედია, კინოხელოვნება, ინტერნეტი, და სხვა.
საზოგადოების და, განსაკუთრებით, მოზარდი თაობის, მსოფლმხედველობას მნიშვნელოვნად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, მისი საშუალებით ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აქვს ადგილი იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრების მცდელობას. წლების განმავლობაში, არატრადიციული ღირებულებების ხელოვნურად დანერგვას ხელს უწყობენ გარკვეული ძალებიც და ამას თავისუფლების, დემოკრატიისა, და განვითარების პროცესად წარმოაჩენენ, რითაც დარტყმას, უპირველეს ყოვლისა, ქართულ სახელმწიფოს და ხელისუფლებას აყენებენ.
ვფიქრობთ, სახელმწიფოსათვის არ უნდა იყოს სულერთი, თუ როგორ პიროვნებად ჩამოყალიბდება მომავალი თაობა. სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ და ისედაც ვიცი, რომ განვითარებულ სახელმწიფოებში, ოფიციალური და წამყვანი ტელევიზიებით თითქმის არსად არ უჩვენებენ ძალადობის, ნარკომანიის, აღვირახსნილობის ამსახველ ფილმებსა და გადაცემებს, თუმცა არსებობს საკაბელო ტელევიზიები, სადაც მსგავსი მიმართულება დომინირებს, მაგრამ მათი მომხმარებლები დაბალ სოციალურ-კულტურულ ფენას განეკუთვნებიან და ამასთან, სათანადო გადასახადსაც იხდიან.
შეუძლებელია ახალგაზრდა იზრდებოდეს ქართული ტრადიციული ღირებულებების უგულებელყოფის ატმოსფეროში და მაგალითად ჯარში იგი თავისი ქვეყნის მამაც დამცველად მოგვევლინოს.
შეუძლებელია, საზოგადოება უარყოფდეს თავის მეობას, უარყოფდეს იმ ზნეობრივ საფუძვლებს, რასაც ისტორიულად ეყრდნობოდა (მაგ. მეგობრობის, ვაჟკაცური ღირსების, უფროსისადმი პატივისცემის, ერთგულების, ურთიერთგატანის, ქალის სიწმინდის ინსტიტუტის) და მან ააშენოს წარმატებული ქართული სახელმწიფო, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო თავისი ისტორიიდან მომდინარეობს და თავის ტრადიციებზეა დაფუძნებული.
ასევე შეუძლებელია ამა თუ იმ განვითარებული სახელმწიფოს ცხოვრების წესი მხოლოდ მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური წინსვლის გამოვლინებად მივიჩნიოთ და იგი ვაქციოთ მისაბაძად, რადგან სინამდვილეში იქაური ყოფა-ცხოვრება მნიშვნელოვანწილად არის შედეგი ამ ქვეყნის კულტურის, რელიგიისა და ტრადიციისა. სხვადასხვა განვითარებული ქვეყნების საზოგადოებებს განსხვავებული ცხოვრების წესი აქვთ. ამისი დადასტურებაა იაპონიის, ისრაელის, სამხრეთ კორეის, ნორვეგიის და სხვათა მაგალითი.
ვფიქრობთ, ჩვენთვის ბევრის სწავლა შეიძლება ისრაელის სახელმწიფოს მაგალითზე, რომელმაც უმოკლეს დროში მოახერხა პოლიტიკურ-ეკონომიკურ სფეროში მიეღწია დიდი წინსვლისათვის და ამასთან აეშენებინა ტრადიციული და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფო.
სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას არა მარტო ხელისუფლება, არამედ ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრია ეკლესიას, მეცნიერებს, ინტელიგენციას, მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა მაინც ახალგაზრდობაზე მოდის, რადგან ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია. მათ უნდა შეიმუშაონ ახალი ეროვნული იდეები, ახალი პროექტები, გამონახონ ახალი გზები განვითარებისთვის და პრობლემების მოგვარებისთვის.
ყველამ ვიცით, რომ ახალგაზრდობისათვის და არა მარტო მათთვის, ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას ნარკომანია წარმოადგენს. მან დღეს ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენა მოიცვა. ზოგიერთს იგი არასწორი ყოფის გამოვლინებად მიაჩნია, თვით ნარკომანები კი, მას ლამის ვაჟკაცობად თვლიან;
სინამდვილეში ეს არის ლაჩრობა, ეს არის სირცხვილი, ეს არის შიში რეალობისადმი და თავის არიდება იმ პრობლემებისათვის, რომელთა წინაშეც დგას ყოველი ჩვენგანი. იგია ცხოვრებიდან გაქცევის მცდელობა, უარის თქმა იმაზე, რომ შესაძლებლობისამებრ სიკეთე მოუტანო ოჯახს, საყვარელ ადამიანს, საზოგადოებას და სახელმწიფოს (ჩვენ აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკების გამავრცელებლებზე, რომელთა საქმიანობაც ეშმაკის მსახურებაა).
მე მესმის, რომ ეს მძიმე სენია და ადვილი არაა მისგან თავის დაღწევა, ამიტომაც თანავუგრძნობ მათ, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. ხელისუფლებამ, მეც და ჩვენმა ეკლესიამაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთის მხრივ, შევიმუშაოთ სერიოზული პრევენციული ზომები (განსაკუთრებით მოსწავლეებსა და სტუდენტებში), მეორეს მხრივ, ამ საშინელ ურჩხულს როგორმე გამოვგლიჯოთ ჩვენი შვილები.
ამისთვის აუცილებელია, რომ ადამიანი იყოს მორწმუნე და გრძნობდეს პასუხისმგებლობას ღვთისა და ერის წინაშე; მას ასევე უნდა ჰქონდეს დიდი სურვილი დაავადებისგან განთავისუფლებისა და იმედი, ღვთის შეწევნით მიზნის მიღწევისა.
ამ ადამიანს ასევე უნდა ჰყავდეს მოძღვარი და სასულიერო პირს უნდა აკურთხებინოს სახლი, უნდა მარხულობდეს, ხშირად უნდა ამბობდეს აღსარებას, რათა გათავისუფლდეს ცოდვებისაგან და მიიღოს წმინდა ზიარება. დარწმუნებული ვარ, ასეთი პიროვნება აუცილებლად, დაამარცხებს ცოდვით მიდრეკილებებს და გაიმარჯვებს საკუთარ თავზე.
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ცოდვა დღეს არ წარმოშობილა, იგი უძველესი დროიდან არსებობდა და არსებობს, მაგრამ ადრე ცოდვას ცოდვა ერქვა და იგი სირცხვილად მიიჩნეოდა; დღეს კი სიტუაცია იცვლება და იქითკენ მიდის, რომ მოხდეს ცოდვის ლეგალიზება.
განა შეიძლება ნარკომანობა იყოს ჩვეულებრივი მდგომარეობა და ნარკომანი საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიიჩნეოდეს? განა შეიძლება სოდომ-გომორის ცოდვა ბუნებრივ მოთხოვნილებად შევრაცხოთ და ეს გადახრა ჩვეულებრივ მოვლენად წარმოვაჩინოთ? მაშინ რატომ ვსჯით მკვლელებს და ქურდებს, სხვა ბოროტმოქმედთ, მათაც აქვთ ამ დანაშაულების მიმართ მიდრეკილებები?
ასეთი ლიბერალური მიდგომის პროპაგანდა არ შეიძლება; ამას მხოლოდ ურწმუნონი თუ გააკეთებენ და ისინი, ვისაც სინდისი დამწვარი აქვთ, როგორც ამბობს პავლე მოციქული. მართალია მათი რიცხვი საქართველოში ჯერ დიდი არ არის, მაგრამ ეკლესიის ვალია გააფრთხილოს ისინი და აუხსნას, რომ იმქვეყნად თავის თავს საშინელ ხვედრს უმზადებენ, თუმცა არც ამქვეყნად დარჩებიან დაუსჯელნი.
მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის მთლიანობის აღდგენის საკითხი. საქართველოსთვის გარეშე ძალების მიერ თავსმოხვეული შიდა კონფლიქტები, რომელსაც არასწორად ეთნოკონფლიქტებსაც უწოდებენ, ორასი წლის მანძილზე მტრული ძალების მიერ წარმოებული ინფორმაციული ომის შედეგიცაა.
მავანნი დღესაც ცდილობენ შეუქმნან საერთაშორისო საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ისტორიულად არაქართული ტერიტორიებია.
ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება, არქეოლოგია... ნაწილობრივ პოლიტიზირებული მეცნიერებებია და, ბუნებრივია, ყოველი ქვეყანა, თავის ინტერესებიდან გამომდინარე, იყენებს მათ. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია იმპერიებისათვის, რომელნიც ამ მეთოდით ცდილობენ გაიმყარონ თავისი პოზიციები (გათიშე და იბატონეს პრინციპი).
ჯერ კიდევ წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიუგრაფიულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ერთიანი ქართველი ერი წარმოდგენილი იყო განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებად. აღნიშნული კამპანიის გაგრძელება იყო ის, რომ იმპერიულმა ძალებმა დაიწყეს მეგრულად და სვანურად საღვთისმსახურო წიგნების თარგმნა და სცადეს წირვა-ლოცვის ჩატარებაც, მაგრამ ამ კუთხის შვილებმა და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ მათ საკადრისი პასუხი გასცა.
ქართული საზოგადოება წინ აღუდგა აფხაზთა მუჰაჯირობის (გადასახლების) პროცესსაც, ვინაიდან აფხაზები ოდითგან ჩვენი კულტურის და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყვნენ და არიან.
ასევე ჩვენი ნაწილი არიან ოსები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე საქართველოში მშვიდობიანად ცხოვრობენ.
სამწუხაროდ, აფხაზებისა და ოსების ბოლო თაობები იმ იმპერიულ ისტორიოგრაფიაზე გაიზარდნენ, რომელმაც მათ ქართველებისადმი არამეგობრული დამოკიდებულება ჩამოუყალიბა.
ეს იყო ნელი მოქმედების იდეოლოგიური ნაღმი; ამ ნაღმმა ჩვენ დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და ძმობა და ერთობა დაგვარღვევინა. მაგრამ ჩვენს შორის არსებული ნათესაური, მეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გამო მტერმა მიზანს ვერ მიაღწია. ამიტომაც, მიუხედავად ყველაფრისა, ძმათამკვლელი ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ძირითადად განიხილება როგორც პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი და არა ხალხებს შორის მომხდარი კონფლიქტი, რისი დადასტურებაცაა თუნდაც დღეს, ორივე მხარის უბრალო ადამიანების ძირითად ნაწილში კეთილგანწყობითი ურთიერთდამოკიდებულება.
ვლოცულობთ, რომ მალე აღდგეს ნამდვილი მშვიდობა და ერთობა ჩვენს შორის.
ის ძალები რომლებიც ტრადიციულ ღირებულებებს უპირისპირდებიან, ეკლესიის წინააღმდეგაც გამოდიან და სურვილი აქვთ, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით იგი წარმოაჩინონ სხვა კონფესიების უფლებების დამრღვევად და ამის ერთ-ერთ მიზეზად კონსტიტუციურ შეთანხმებასაც ასახელებენ. ისინი რელიგიური თავისუფლების მოტივით, ითხოვენ ყველას თანასწორუფლებიანობას, მაშინ, როდესაც მსგავსი სამართლებრივი მოდელი არც ერთ ტრადიციულ სახელმწიფოში არ არის.
მაგალითად, არც ერთ ქვეყანაში არ არის ყველა კონფესიის დიდი დღესასწაული სახელმწიფო უქმე დღედ გამოცხადებული. არც ერთ სახელმწიფოში ჯარში არ მსახურობს ყველა კონფესიის სამხედრო მოძღვარი და ა.შ. რაც უბრალოდ ქაოსსა და ანარქიას გამოიწვევს.
პირიქით, ევროპაში სწორედაც, რომ სხვა მაგალითები გვაქვს: ბრიტანეთის სახელმწიფოს მონარქი, ამავდროულად არის ანგლიკანური ეკლესიის მეთაური, ხოლო ეპისკოპოსები – ლორდთა პალატის წევრები არიან; რომის პაპი სახელმწიფო ვატიკანის მეთაურია; ვატიკანი კი არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმება შეიქმნა ევროპული ქვეყნების სამართლებრივი მოდელების შესაბამისად და მას მხარი დაუჭირა ქვეყანაში არსებულმა ყველა ტრადიციულმა რელიგიამ. იგი, აგრეთვე, იყო საერთო-საჯარო განხილვის საგანი და შეიძლება ითქვას მთელი ქართველი ერის მხარდაჭერით იქნა მიღებული.
ამ დღეებში შემდგარმა წმინდა სინოდის სხდომამ, ერთ-ერთ საკითხად მიიღო საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვის ტექსტი, სადაც არის თხოვნა კონსტიტუციური შეთანხმების სრულად განხორციელებისათვის ორმხრივი კომისიების ამუშავების შესახებ. ვიმედოვნებთ, ეს თხოვნა მალე რეალობად იქცევა.
წმინდა წერილი გვასწავლის, რომ განსაცდელს უფალი უშვებს, რათა როგორც ცალკეული ადამიანი ისე ესა თუ ის ერი გამოიცადოს „ვითარცა ცეცხლში გამოწრთობილი ოქრო.“
„გამოსვლათას“ მთელი წიგნი არის მოწმობა ცოდვათა გამო ისრაელის დაცემისა და სინანულით განწმენდილი ერის ღვთის მადლით კვლავ აღდგინებისა.
ქართველი ერის მთელი ისტორიაც სულიერი გზაა ეგვიპტიდან აღთქმული მიწისაკენ. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ჩვენზედ განცხადებული ღვთის სასწაულისა არის დავით აღმაშენებლის დროს ქართველთა დაცემული სამეფოს აღორძინება და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა.
მთელ ამ პროცესს შეიძლება ეწოდოს „ძლევაი საკვირველი“, რადგან თექვსმეტი წლის ყმაწვილმა ჩაიბარა ტერიტორიებდაკარგული, გაღატაკებული, მოსახლეობისაგან დაცლილი, სულიერად და მორალურად განადგურებული ქვეყანა და ღმერთმა თავისი სიდიადე სწორედ ამ ახალგაზრდა მეფის საშუალებით დაუძლურებულ ერში განახორციელა; და კვლავ განცხადდა პავლე მოციქულისადმი ნათქვამი უფლის სიტყვები: „ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების...“ (II კორინთ. 12,9)
თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ღვთის განგებულებით, ქართველთა გამოხსნისა და აღორძინების საქმე დავითს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია. ამ პროცესს საფუძველი ჩაეყარა ტაო-კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობით. საქართველოს აღორძინების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ასევე იყო მტერთაგან დასუსტებულ ქვეყანაში სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის აგება და ერის სულიერი მომზადება. აი, ამან შექმნა წინაპირობა დავითის საქართველოსთვის.
ასე რომ, კაცთათვის შეუძლებელი, შესაძლებელია ღმრთისაგან, მაგრამ ერის განწმენდის გარეშე ეს სასწაული არ აღსრულდება. აუცილებელია მოხდეს სინერგია, ანუ უფლისა და ადამიანის ნების თანხვედრა.
საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და გაბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ჟამი როგორც შრომისა, ისე ლოცვისა, აღსარებისა და ზიარებისა.
დიდი მნიშვნელობა აქვს შვიდგზის ლოცვას, რადგან ამ დროს ათასობით და ათიათასობით ადამიანი ერთიანდება და აღავლენს ერთობლივ ლოცვას ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც მათ შორის ვარო“ და როცა ამდენი ადამიანი შეჰღაღადებს უფალს და დახმარებას სთხოვს, რა თქმა უნდა, იგი ჩვენთან იქნება. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ეკლესიის ყველა სულიერ შვილს, - როგორც ქართველთ, ისე სხვა ერის წარმომადგენელთ, რომ შვიდგზის ლოცვა გააძლიერონ და ეს იქნება დასაწყისი საქართველოს გაბრწყინებისა.
დღეს ზეიმობს ცა და ქვეყანა, ანგელოზნი უგალობენ ახალშობილ მაცხოვარს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ და ჩვენც მათთან ერთად აღმოვთქვამთ სადიდებელს ღვთისას:
უფალო ძლიერო, ბეთლემს შობილო, აღგვადგინე დაცემულნი და კვლავ მოგვანიჭე მადლი შენი; მოგვმადლე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა; მოგვეც სიბრძნე, სიმშვიდე, ერთგულება, ერთსულოვნება, გულის სიწრფელე, რწმენის სიმტკიცე, ჯანის სიმრთელე, მთლიანობა ქვეყნისა, შვილთა სიმრავლე, ნაყოფის სიუხვე, ამაღლებული სიყვარული, სასოება შეურყეველი, რათა ვიხაროთ ორსავე სოფელსა შინა.
საშობაო ეპისტოლე კი მსურს დავამთავრო, ჭეშმარიტი ღვთისადმი ერთგულების გამო ბაბილონის კერპთმსახური მეფის, ნაბუქოდონოსორის მიერ ცეცხლში ცოცხლად ჩაგდებული და უფლისაგან სასწაულებრივად გადარჩენილი სამი ყრმის: ანანიას, აზარიასა და მისაელის ღვთისადმი ლოცვით:
„აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე...
აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!
აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე!
აკურთხეთ, წმიდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე... რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან.“
კურთხეულო საქართველოვ, შეისმინე სიტყვა უფლისა: „აჰა ესერა მიმიცემია წინაშე შენსა კარი განღებული, რომლისა დახშვად ვერვინ შემძლებელ არს.“ (გამოცხადება 3,8)
მაშ, გავუღოთ გული ჩვენი ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა და ვიხაროთ უფალთან ერთად.
„ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა.“
ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს და ახალ წელს.
იხარეთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
თქვენთვის მლოცველი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ქრისტეს შობა
თბილისი, 2006 წელი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2(355), 2006 წ.