საშობაო ეპისტოლე

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა

„ბეთლემო, იხარებდ, რამეთუ ხე იგი ცხოვრებისაი
შენს შორის აღმოცენდა დღეს“ (საშობაო საგალობელი)

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო! ადამსა და ევას, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, შემოქმედმა აღუთქვა, რომ კაცთა მოდგმას მაცხოვარს მოუვლენდა და ეს აღთქმა მან სხვა და სხვა დროსაც რამდენჯერმე გაიმეორა. ებრაელთა ერი მოთმინებით ელოდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას და აი, ახდა მამამთავარ იაკობის ნათქვამი: „არ წაერთმევა კვერთხი იუდას, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49,10). რომის იმპერიის ნაწილად ქცეულ იუდეაში, იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს, მმართველად დაინიშნა წარმოშობით იდუმიელი ჰეროდე, რომელსაც ხალხი ტირანად და დავითის ტახტის უზურპატორად მიიჩნევდა. სწორედ ჰეროდეს მეფობის პერიოდში დავითის ქალაქ ბეთლემში მწირ, მიტოვებულ გამოქვაბულში, ბაგასა შინა იშვა მხსნელი სოფლისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. აღსრულდა მიქიას წინასწარმეტყველებაც: „შენ კი ეფრათის ბეთლემო, უმცირეს ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამოვა ხელმწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან“ (მიქ. 5,1). როგორი უბრალოებითა და სიმდაბლითაც მოევლინა მაცხოვარი ამ ქვეყანას, მისი შობა პირველთ ასეთივე მადლის მქონე ადამიანებს ეუწყათ. არა საზოგადოების რჩეულნი - მწიგნობარნი, ფარისეველნი ან უხუცესნი, არამედ უბრალო მწყემსები გახდნენ ღირსნი, მოესმინათ ანგელოზთა საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“ და პირველებს ეხილათ ზეციური ყრმა.

სახარება გვამცნობს, რომ შემდეგ ახალშობილი იესოს თაყვანისაცემად აღმოსავლეთიდან ვარსკვლავს წამოყოლილი მოგვებიც მოვიდნენ და ძღვნად მოართვეს ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც ადამიანს). მათი სახით უფალი წარმართთაც „გამოუჩნდა“, რადგან ამ ხალხშიც დიდი იყო მესიის მოლოდინი და, ამასთან, თავიდანვე განცხადდა, რომ იესო განკაცდა არა მარტო „რჩეული ერისთვის“, არამედ სხვა ხალხებისთვისაც, ანუ მთელი კაცობრიობისათვის. დაკარგული ცხოვარის შესახებ სახარებისეული იგავი ნათლად წარმოაჩენს ადამიანთა გადარჩენისათვის უფლის მიერ გაღებული მსხვერპლის არსს: მწყემსი კეთილი ტოვებს 99 ცხვარს (იგულისხმება ანგელოზთა დასი) და მიდის მთებში დაკარგული ერთი ცხვრის (ცოდვებში დანთქმული კაცობრიობის) მოსაძიებლად და როცა იპოვის დავრდომილსა და უღონოს, მხრებზე შეისვამს და აბრუნებს უკან. მწყემსის მხრებზე შესმული ცხვარი სიმბოლოა სულიერად დავრდომილი, ღონემიხდილი ადამის მოდგმისა, რომელსაც უფლის დახმარების გარეშე არ შეუძლია ცოდვათაგან განწმენდა და ღვთის საუფლოში დაბრუნება. დიახ, იესო ქრისტემ „თავს იდო ჩვენი ცოდვები და იტვირთა ჩვენი სატანჯველნი“, - როგორც ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (53,4). მაგრამ ღმერთი განკაცდა არა მარტო იმიტომ, რომ გვასწავლოს გზა ჭეშმარიტი და გვიჩვენოს მაგალითი ცხოვრებისა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ დაგვაკავშიროს თავისთან და თავისი ღვთაებრივი მადლით ჩვენი დაზიანებული, დაცემული შინაგანი სამყარო განაახლოს და აღადგინოს. როგორ ხდება ეს? - საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით, რომელთა შორის უპირველესი არის ნათლობა. ერთადერთი ერი, რომელიც ქრისტეშობამდე აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, იყვნენ ებრაელები. მათ უფალი წინასწარმეტყველთა საშუალებით არიგებდა და სწორად სვლის გეზს აძლევდა. ძველი აღთქმა იცნობს უდიდეს წინასწარმეტყველთ: მოსეს, დავითს, ესაიას, იერემიას, იეზეკიელს, დანიელს, ილიას და სხვებს, რომლებიც, მართლაც, გამორჩეული და საოცარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ გარდაცვალების შემდეგ სამოთხის ღირსნი ვერ გახდებოდნენ, რადგან, სხვათა მსგავსად, ადამისა და ევასგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვით იყვნენ დამძიმებულნი. წმიდა წერილი ხომ ბრძანებს: „ვინ შობს წმიდას უწმიდურისაგან? არავინ“. (იობი, 14,4) და ისინიც, როგორც სხვა მრავალნი მართალნი, მოელოდნენ მესიას, რომელსაც ღმერთსა და ადამიანს შორის გაჩენილი უფსკრული უნდა ამოევსო და მიწიდან ზეცისკენ მიმავალი კიბე აღემართა. ებრაელ ერში უშვილობა ღვთის სასჯელად სწორედ იმიტომ ითვლებოდა, რომ მიაჩნდათ, თუ თვითონ არა, თავისი შთამომავალი მაინც მოესწრებოდა მხსნელს და მისი ლოცვით აღმოყვანებული იქნებოდა ჯოჯოხეთის სკნელიდან.

და აი, იშვა ემმანუელი - ჩვენთან არს ღმერთი, რომელმაც კაცთა მოდგმას ზეცის კარიბჭენი გაუხსნა. ვიმეორებ, პირველ რიგში, ნათლობით, რადგან ნათლობის მადლით აღიხოცება ადამისა და ევას პირველქმნილი უდიდესი ცოდვა და ნათლობამდელი ყველა სხვა ცოდვაც; ადამიანი ხდება უბიწო და ენიჭება სულიწმინდის ბეჭედი. ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, ეს არის პიროვნების მეორედ შობა და სულიერი დაბადება ქრისტეში; ამის გარეშე ცხონება არ არსებობს; ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა (წყლისა და სულისაგან), ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს“ (ინ III, 3,5). ასე რომ, ნათლობა აუცილებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან, თოთოეული ჩვენგანი, ბოროტის გავლენით, ყოველდღიურად მრავალ ცოდვას ჩადის, რაც მის სულს დაღუპვას უქადის. იესო ქრისტე, საეკლესიო საიდუმლოებების საშუალებით, საოცარ მადლს გვანიჭებს ეშმაკის მახეთაგან თავის დასაღწევად; ამ მადლთა შორის უმთავრესი არის სინანული; ამა თუ იმ მიზეზის გამო სინანულის განცდა ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ქრისტიანული სინანული განსხვავებულია; იგი გულისხმობს ღმერთთან დარღვეული კავშირის აღდგენის მიზნით ცოდვათაგან განწმედის დიდ სურვილს. „შეინანეთ!“ - ქრისტეს გამოჩენამდე მოუწოდებდა ხალხს იოანე ნათლისმცემელი და მათ წყლით განბანდა. „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა!“ - ბრძანებს პირველივე ქადაგებაში მაცხოვარი. დიახ, სინანულია სწორედ ის მთავარი ფუნდამენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ადამიანები ეკლესიაში ხშირად მოდიან გასაჭირის გამო, ან ავადმყოფობისგან განკურნების სურვილით, ან, თუნდაც, სხვათა მიბაძვით, მაგრამ მათში თუ ჭეშმარიტმა სინანულმა არ გაიღვიძა და ღვთისადმი ჩვენი დამოკიდებულება ამ გრძნობას არ დაეფუძნა, რწმენა მალე გაფერმკრთალდება და ასეთნი ეკლესიიდანაც თავისი ნებით განდგებიან. ამა თუ იმ საზოგადოებაში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეკლესიის გარეშეც ცხონდებიან, რადგან სხვებივით ცუდს არაფერს სჩადიან. მაგრამ მათი ყოფა ღმერთთან შერიგებისთვის სულაც არ არის საკმარისი. ჯერ ერთი, ეს „სიკარგე“ შედარებითია და სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უცოდველნია; მეორეც, თითოეულმა ჩვენგანმა შეწყალება უნდა ითხოვოს უფლისაგან და თანაც, მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომ ჯოჯოხეთისთვის არ გაიწიროს. ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ვდგავართ; ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი შეიძლება დაშორდეს ღმერთს და ჩამოვარდეს კიბიდან.

სულიერ ზეაღსვლას კიდევ ერთი თავისებურება ახლავს; რაც უფრო მაღლა ადის პიროვნება, მით უფრო ნათლად აცნობიერებს საკუთარ ცოდვებს და, შესაბამისად, უფრო ღრმა სინანულიც ეუფლება (ჩაიხედეთ თქვენს გულებში, და მიხვდებით, როგორია თქვენი სულიერი მდგომარეობა). ბევრს არ ესმის, ასე რატომ ხდება. მსურს, შეგახსენოთ აბბა დოროთეს საუბარი ქალაქ ღაზის ცნობილ პიროვნებასთან. მოძღვარმა ჰკითხა მას, თუ როგორ ადამიანად მიაჩნდა თავი თავის ქალაქში. - გავლენიან და ყველასგან დაფასებულ ადამიანად, - იყო პასუხი. - და თუ წახვალ კესარიაში, იქ როგორ მიგიღებენ? - იქაურ დიდებულთა შორის უკანასკნელად. - ანტიოქიაში? - ჩვეულებრივ ადამიანად. - კონსტანტინოპოლის სამეფო კარზე? - თითქმის არაფრად. ეს მიწიერი კეთილდღეობისათვის დამახასიათებელი კატეგორიებია; ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც, - წერს აბბა დოროთე, - რადგან, რაც უფრო ახლოს ხარ ღმერთთან, მით უფრო მეტად გრძნობ, რომ სინამდვილეში არარაობა ხარ. ჭეშმარიტი და ღრმა სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვასა და სასოწარკვეთას, რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება ღვთაებრივი სიყვარულისა და, რა თქმა უნდა, საკუთარი უძლურებისაც. წმიდა მამები ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ; მას, მართლაც, მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამქვეყნიური ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება. „ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, (ანუ მიწიერი კეთილდღეობა), არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა“, - გვასწავლის პავლე მოციქული (რომ. 14,17). გულწრფელი სინანულითა და მოძღვრის წინაშე თქმული აღსარებით, ნათლობის მსგავსად, ადამიანი სულიერი ბიწისაგან განიწმინდება. (უნდა ვეცადოთ, თვეში ერთხელ მაინც ვეზიაროთ ამ საიდუმლოს, რომ სული არ გაგვიუხეშდეს და შინაგანი თვალის ჩინი არ დაგვეშრიტოს). რატომ არის აუცილებელი აღსარება ვთქვათ მოძღვართან? რა საჭიროა ჩემსა და ღმერთს შორის შუამავალი? განა არ შეიძლება ხატთან ვაღიარო ჩემი ცოდვები? - ამ კითხვებს ხშირად გაიგონებთ მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიურ ადამიანებში. მათ პასუხად შევახსენებთ თავისი მოწაფეებისადმი მაცხოვრის მიერ თქმულ სიტყვებს: „ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, რასაც შეჰკრავთ ქვეყანასა ზედა, შეკრული იქნება ზეცაშიც და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც“ (მათე 18,18).

ეს ნიჭი შეკვრისა და ცოდვათა მიტევებისა მოციქულებმა ხელდასხმით გადასცეს თავის მოწაფეებს, იმ მოწაფეებმა თავის მოწაფეებს . . . და ასე მოდის ეს უწყვეტი ჯაჭვი დღემდე. რომ ავიღოთ მართლმადიდებელი ეკლესიის ნებისმიერი მოძღვარი და მივყვეთ მის ხელდამსხმელთა გენეალოგიურ რიგს, აუცილებლად მივალთ რომელიმე მოციქულამდე. და ეს უწყვეტობა მადლისა არის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი. ასე რომ, სასულიერო პირს, რომელსაც შეჩერებული არა აქვს მღვდელმოქმედება, თვით იესო ქრისტესაგან აქვს მონიჭებული უფლება ცოდვათა შენდობისა. ეს უფლება არა აქვს საერო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე მდგომ არც ერთ პიროვნებას, მათ შორის, არც მეფეს. მოძღვარი არის ერთგვარი შუამავალი ამა თუ იმ პიროვნებასა და ღმერთს შორის. იგი, შეიძლება, არ აკმაყოფილებდეს ჩვენს მოთხოვნებს, მაგრამ არავინაა შეზღუდული, მოძებნოს სხვა სასულიერო პირი, რომელთანაც ბოლომდე გაიხსნება. სულიერ ურთიერთობაში კომფორტს განსაკუთრებით ისინი საჭიროებენ, რომელთაც ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული აქვთ. შემდგომ ეტაპზე ადამიანისთვის მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, ვის ეტყვის იგი აღსარებას; მან იცის, რომ თუ რწმენით მიმართავს მოძღვარს, უბრალო მღვდლისგანაც საოცარ სიბრძნეს მოისმენს, რადგან აღსარების საიდუმლოს დროს უფალი უხილავად თვითონ ისმენს ჩვენს ნათქვამს და, ჩვენი რწმენისა და სიწრფელის შესაბამისად, მოგვაგებს მადლს მოძღვრის მეშვეობით. რაც არ უნდა მძიმე ცოდვა გვქონდეს ჩადენილი, არ უნდა მოგვერიდოს მისი თქმისა, რადგან ღვთის წინაშე ისედაც არაფერია დაფარული. მთავარია, ჩვენ რას განვიცდით და რომელი ცოდვის გამო ვითხოვთ შენდობას. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ცოდვა არ არის ჩვენი თვისება, ეს არის ბოროტის გავლენით განხორციელებული ქმედება, ხოლო ჩვენი ერთგულება ქრისტესადმი სწორედ იმაში უნდა გამოიხატოს, რომ მას ცოდვის შესაბამისი სინანული ვაჩვენოთ და თუ ღირსნი ვართ, მოძღვრის მიერ დადებული სასჯელიც (ეპიტიმია) მორჩილებითა და სიყვარულით მივიღოთ, როგორც წამალი ჩვენი განკურნებისა. ზოგიერთები ამა თუ იმ ვნებაზე ამბობენ, ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა და მას რატომ უნდა ვებრძოლოთო. ამასთან, ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ეს სიტყვა, – ვნება, – დადებით კონტექსტში მოიხსენიება და ტელევიზიისა თუ პრესის საშუალებით მკვიდრდება აზრი, რომ, მაგ., მრუშობა, სიცრუე, განკითხვა, დიდებისმოყვარეობა, ამპარტავნება, მამათმავლობაც კი . . . ადამიანის თვისებებია და მათში დანაშაულებრივი არაფერია. ეს ტყუილია! იოანე კიბისაღმწერელი (ისევე როგორც სხვა მამები), განმარტავს, რომ ვნებები ბიწია სულისა, რომელიც გულს ჩვეულებად ექცა ხშირად გამეორების გამო. ამავე მიზეზით გვექმნება ილუზია, რომ ისინი ჩვენი გულიდან მომდინარეობენ. სინამდვილეში ცოდვა, ვნება, - ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით (ასევე სხვა საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულებით). ადამიანს ძალუძს დაამარცხოს საკუთარ თავში ხანგრძლივად არსებული ყველაზე მძიმე ცოდვაც კი და საბოლოოდ განდევნოს იგი. უფრო სწორედ, მას ამის განხორციელება ღვთის შეწევნით შეუძლია. რადგან, თუ არა მოწყალება უფლისა, ჩვენ ვერც სათანადო სინანულს შევძლებთ, ვერც გულწრფელ აღსარებას ვიტყვით და, მით უმეტეს, სათანადოდ ვერ მოვემზადებით ევქარისტიისათვის, რომლის დროსაც მაცხოვრის ხორცსა და სისხლს ვეზიარებით და ჩვენი სული მასპინძელი ხდება უფლისა. თვით იესო ქრისტე შემოდის ჩვენში, რომ განგვამტკიცოს, განგვაძლიეროს და ახალ სულიერ სიმაღლეზე აგვიყვანოს, სულიერი და ხორციელი კურნება მოგვანიჭოს და ჭეშმარიტი სიბრძნე მოგვმადლოს. ამას ეწოდება სინერგია - ადამიანური და ღვთაებრივი ნების გაერთიანება. ამ მადლს, ამ წყალობას საუკუნეების განმავლობაში ელოდა კაცობრიობა; იგი ახლა ჩვენს წინაშეა და მის გარეშე არ უნდა დარჩეს არავინ, რადგან ეს, ფაქტიურად, უარყოფაა ღვთისა (თუნდაც რომ ადამიანს თავი მორწმუნედ მიაჩნდეს). ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: „თუ კი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შევსმავთ მის სისხლს (ანუ არ მივიღებთ ზიარებას), არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო ვინც შეჭამს ჩემს ხორცს და ვინც შესვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში. ეს არის პური, რომელიც გარდამოხდა ზეცით. ამ პურის მჭამელი იცოცხლებს უკუნისამდე“ (ინ. 6. 53,56,58). მაგრამ, ამ საიდუმლოს მისაღებად განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს ახალგაზრდაც და ასაკოვანიც, ხელისუფალიც და ინტელიგენტიც, მუშაც, გლეხიც და სასულიერო პირიც, რათა არ ექცეს იგი სასჯელად. ცხონების გზას ნებისმიერი ადამიანი თავისუფალი ნებით ირჩევს. ისინი, რომლებიც არ ისმენენ იესოს დარიგებებს, ოდესმე აუცილებლად გაიგონებენ მის მკაცრ სიტყვებს: „წარვედით ჩემგან წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელიც გამზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის“. (მთ. 25,41). დიახ, ღმერთი გულმოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც, უსასრულოდ შემნდობია, მაგრამ მართლმსაჯულიც. ყოვლადწმიდა სამებამ მოანიჭოს თითოეულ ჩვენგანს ჭეშმარიტების გზით სვლის უნარი და დაგვიფაროს გეენის ცეცხლისაგან! ეს ყოველივე ბევრისათვის ცნობილია და მასში ახალი არაფერია, მაგრამ ამას ვწერ „უძღებ შვილთათვის“, რომ დაუბრუნდნენ „მამის წიაღს” და, ვიდრე გვიან არ არის, ცხოვრების წესი შეცვალონ.

ჩვენ ისედაც მეტად რთულ დროს გვიწევს ამქვეყნად ყოფნა. მართალია, საქართველოს მძიმე პერიოდები თავისი არსებობის მანძილზე თითქმის სულ ჰქონდა, მაგრამ მაშინ ადამიანებს რწმენა უფრო მტკიცე ქონდათ და თან განსაცდელთა ასეთი სიმრავლეც არ იყო; ახლა ჩვენს ხალხს მოუწია პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმის გადატანა, ცხოვრების ერთი წესიდან მეორეში გადასვლა, უმუშევრობა, შიმშილი, ომი, მორალური კრიტერიუმების შეცვლა, ძალადობისა და სიცრუის მორევში მოხვედრა... აღარაფერს ვამბობ ვიწრო ოჯახურ და პირად პრობლემებზე. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არც ხვალინდელი დღე იძლევა უკეთესი მომავლის იმედს, რადგან მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში შედის, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისად იქცეს, ანუ არსებული სისტემა სხვამ, პრინციპულად ახალმა, სისტემამ შეცვალოს. ხდება მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების რეგიონალიზაცია, ანუ გარკვეულ ჯგუფებად დაყოფა; ხოლო, იმის მიხედვით, თუ რა პრინციპი უდევს საფუძვლად ცალკეული გაერთიანების შექმნას, შეიძლება, ესა თუ ის ქვეყანა რაღაც მიმართულებით (მაგ., გაზის ან ნავთობის მოპოვებით) ერთ გაერთიანებაში მოხვდეს, ხოლო მეორე მიმართულებით (მაგ., კოსმოსის ათვისების სფერო), – სხვა გაერთიანებაში. ამასთან, მოსალოდნელია დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებების გამწვავება გავლენის სფეროების გასაფართოვებლად. ისტორიის თანამედროვე ეტაპი მომხმარებლური საზოგადოების ღირებულებათა ზეობის დროცაა. მისთვის მთავარია მიწიერი კეთილდღეობა და არა სულიერი სიმდიდრე. ამიტომაცაა, რომ გამართლება ეძებნება მატერიალური გამდიდრების ყველა საშუალებას. დიახ, დღეს ბაზარზე საქონლისა და მომსახურეობის შეუზღუდავი წარმოება კი არა, ფული ბატონობს და თუ ეს მომხმარებლური პროცესი დროზე არ შეჩერდა, საზოგადოება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. სისტემური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სფეროში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო, რაც თავისუფალი ბაზრიდან უფრო რეგულირებად ბაზარზე გადასვლას გულისხმობს და, ბუნებრივია, ცალკეული სახელმწიფო ეფექტური მართვის საკუთარი მექანიზმის ძიებას დაიწყებს. ჩვენც უნდა გამოვნახოთ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზები. როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, აუცილებელია, საშუალო და მცირე საწარმოთა დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება. ის, რომ ჩვენი ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის წინსვლისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მისასალმებელია, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია. აქ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მიმართულებას შევეხები.

საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისთვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცისა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა და, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულადაც უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს. დღეს კი მავანნი კახელ გლეხს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რომ მან შვილივით ნაზარდი ვაზი აჩეხოს და სანაცვლოდ საზამთრო ან სხვა კულტურა დარგოს; ამასთან, ყურძნის მოყვანის ინტერესს იმითაც უკლავენ, რომ მოსავლის ჩაბარებისას, მინიმალურ ფასსაც არ აძლევენ. ასე არ უნდა გაგრძელდეს. იქნება გამოსავლად იქცეს გლეხურ მეურნეობებში დამზადებული სუფთა ღვინის ექსპორტი სახელმწიფოს მიერ. რაც შეეხება ხორბალს, მისი ადგილობრივი წარმოება კატასტროფულად არის შემცირებული და ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების მხოლოდ 9% აკმაყოფილებს; სამწუხაროდ, ამ 9%-შიც არ შედის ჩვენი ტრადიციული ადგილობრივი ჯიშები. მეტად სავალალოა, მაგრამ ფაქტია, რომ უნიკალური ქართული ხორბალი სრული გაქრობის პირასაა. არადა, ჩვენგან წაღებულ თესლს სხვა ქვეყნები თავისად წარმოაჩენენ და ამით ამაყობენ; ხოლო საქართველოში ექსპორტირებული ხორბალი და პურის ფქვილი, რომელიც მოხმარებული პროდუქციის 91% შეადგენს, იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქმე შემდეგშია: მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ხელოვნური მეთოდებით (გენური ინჟინერია, შხამ-ქიომიკატები, მცენარის ზრდის სტიმულატორები და ასე შემდეგ) მიღებული საკუთარი ჭარბი პროდუქციისათვის გასაღების ბაზრები გააფართოვონ და სხვა ქვეყნებში ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება შეაფერხონ, საქართველოც სურთ, თავისი გავლენის სფეროდ და მათი სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქციონ; მით უმეტეს, რომ აქ, ხალხის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, იაფფასიანი, უხარისხო ნაწარმის გასაღება პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ტენდენციას ჩვენ ჩვენი პოზიცია და ინტერესები უნდა დავუპირისპიროთ. სოფლის მეურნეობის აღორძინების მიზნით სახელმწიფოს პოლიტიკა, მართალია, მნიშვნელოვანია (ვგულისხმობ სახელმწიფო დოტაციებს, სარწყავი წყლითა და საძოვრებით უზრუნველყოფას, რაიონებში უფასო საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედებას), მაგრამ თვით მოსახლეობასაც შეუძლია ზომების მიღება, - მან უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, თვითონ უნდა დაიწყოს მიწის დამუშავება და შექმნას მცირე საწარმოები.

ყველამ იცის, რომ, ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, დღეს უკვე სერიოზული ბიძგი მიეცა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და მათზე მოთხოვნილებაც და ფასიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება. ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე მყარად დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები (არა მარტო ყურძნის და ხორბლის, არამედ ლობიოს, კარტოფილის, საერთოდ ბოსტნეულის, ხილისა და საქონლის), თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს. ამით ჩვენ ჩვენს სიმდიდრესაც შევინარჩუნებთ და მომავალი თაობების ჯანმრთელობასაც დავიცავთ. აღნიშნულის შესახებ მე ადრეც ვწერდი, მაგრამ დღეს ეს უკვე აუცილებლობად იქცა. მითუმეტეს, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც აქეთკენ გვიბიძგებს, რადგან მისგან გამოწვეული დეფიციტი, პირველ რიგში, ალბათ, კვების პროდუქტებს შეეხება. როდემდე გაგრძელდება ამდენი პრობლემები? - ბუნებრივია, ყველას გულში ეს კითხვა ტრიალებს. - ეს ჩვენზეა დამოკიდებული. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა, მაგრამ ვართ კი დღეს იმ სულიერ სიმაღლეზე, რომ ჩვენი თხოვნა ისმინოს უფალმა? - არც სხვები არიან უკეთესები, - იტყვის მავანი - ჩვენ ბევრი მოგვეცა და ბევრიც მოგვეთხოვება. არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ საქართველო, წმიდა მამების თქმით, ბოლოჟამს გაბრწყინდება, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? მატერიალური კეთილდღეობით? ამით ხომ დღევანდელი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იწონებს თავს და რა, ეს არის გაბრწყინება? - რა თქმა უნდა, არა; იგი გულისხმობს მთელი ერის სულიერ ამაღლებას. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, კარგია, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი, რადგან ეკლესიური ცხოვრებით ყველა არ ცხოვრობს. ამასთან, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ის მცნება, რომელიც ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მოსეს პირით გამოუცხადა რჩეულ ერს შემოქმედმა: „ისმინე ისრაელო! ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომელიც დღეს გამოგიცხადე. ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს“ (მეორე რჯული 6, 4-9).

წმიდა მარკოზ მახარებელი კი წერს: ერთ-ერთი მწიგნობრის კითხვაზე, - რომელია უპირველესი მცნება, - მაცხოვარმა უპასუხა: ისმინე, ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! და გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, და მთელი შენი სულით, და მთელი შენი გონებით, და მთელი შენი ძალით, - აი, უპირველესი მცნება! (მარკ. 12, 29-30). - რა იგულისხმება ამაში? - ეს ნიშნავს, რომ არავინ და არაფერი ღმერთზე წინ არ უნდა დავაყენოთ! „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი!“ - ბრძანებს მაცხოვარი (მათე 10,37). - რატომაა ასეთი მკაცრი მოთხოვნა? - იმიტომ, რომ სიყვარული ნიშნავს მთელი არსებით სწრაფვას მისდამი, ვინც გიყვარს. თუ ჩვენ ღმერთზე წინ სხვას დავაყენებთ, მისი გულისთვის რაიმე მიზეზით როდესმე დავივიწყებთ უფალს და სულიერად დავიღუპებით. ჩვენი გული და სული მთლიანად უნდა მივუძღვნათ შემოქმედს, რათა ადგილი აღარ დავუტოვოთ ბოროტს და არ მივცეთ საშუალება ამა თუ იმ საბაბით განგვაშოროს ღმერთს, როგორც ეს თავის დროზე ადამს და ევას დაემართათ. ღმერთი თავად სიყვარულია და ჩვენც ნამდვილი სიყვარულით ცხოვრებას გვასწავლის. ეს სიყვარული დიდად განსხვავდება მიწიერი სიყვარულისაგან, რომელიც „ეგო“-ზეა ორიენტირებული და „მეს“ წარმოჩენას ემსახურება. „მე უნდა ვიყო მდიდარი“, “მე უნდა ვიყო დაფასებული“, „მე ვარ ნიჭიერი“, „მე მინდა“, „მე შემიძლია“, „მე გაძლევთ გარანტიას“... ამ წესით მცხოვრებ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის თუნდაც ის, რომ ვსუნთქავთ, დავდივართ, ვხედავთ, ვგრძნობთ, ვაზროვნებთ... მარტო ჩვენგან არ მომდინარეობს არც ის, რომ გვყავს მშობლები, ოჯახი, შვილები, ნათესავები, ვართ ამა თუ იმ ერის წარმომადგენლები და ვმეტყველებთ ამა თუ იმ ენაზე... მითუმეტეს საერთოდ არა გვაქვს შეხება კოსმიური სამყაროს წესრიგთან, სადაც ყველაფერი მოძრაობს და თან ყველაფერი ერთმანეთთან საოცარ ჰარმონიაშია. ყოველივე ამის შემოქმედი რომ ღმერთია, ამას თანდათან თანამედროვე მეცნიერებაც აცნობიერებს. სულ ცოტა ხნის წინ მკვლევარები მიიჩნევდნენ, რომ ხელში ეპყრათ ჯადოსნური გასაღები და ნებისმიერი საიდუმლოს ფარდას ახდიდნენ. ახლა კი, დოქტორ შილტის სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებენ, რომ „10 წლის წინ უფრო მეტი იცოდნენ სამყაროს შესახებ, ვიდრე ეს დღეს იციან“, რადგან ყოველი აღმოჩენა ასჯერ უფრო მეტი ახალი საიდუმლოებების წინაშე აყენებს მათ.

ყოვლადწმიდა სამების ძალა რომ ოდნავ მაინც გავაცნობიეროთ, დედამიწის ტრაექტორიის შესახებ მეცნიერული გამოკვლევის შედეგებს გაგახსენებთ: ჩვენი პლანეტა და ჩვენც მასთან ერთად, სივრცეში ერთდროულად სამი მიმართულებით გადავადგილდებით: დედამიწა შეუჩერებლივ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო 1000 კმ.სთ. სიჩქარით; მზის გარშემო - 30 კმ.წმ. სიჩქარით, ხოლო მზის სისტემის პლანეტებთან და ჩვენს გალაქტიკასთან ერთად სხვა გალაქტიკებთან მიმართებაში, - 20 კმ.წმ.-ში სიჩქარით. ამისი წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვენს გონებას. და ნუთუ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს ყველაფერი თავისით ხდება?! შეგახსენებთ იმასაც, რომ ანდრომედას ნისლეულის სახელწოდებით ცნობილ გალაქტიკათა სიმრავლეში მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი გალაქტიკა, რომელიც, თავის მხრივ, ასობით მილიონ ვარსკვლავს მოიცავს; ამ მილიონობით ვარსკვლავთა შორის არის მზის სისტემაც თავისი 9 პლანეტით, ანუ დედამიწითაც, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. ო, რა პატარები ვართ ღვთის წინაშე! ამიტომაც ჯერ კიდევ 30 საუკუნის წინ აცნობიერებდა დავით წინასწარმეტყველი და ამიტომაც სულშეძრული ასე მიმართავდა ღმერთს-ყოვლისმპყრობელს: „შევხედავ შენს ცას - შენი თითების ნაღვაწს, მთვარეს და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე. რაი არს კაცი, რომ მოიხსენებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ ამის პასუხი, ალბათ ისაა, რომ უფალი იმდენად დიდია, მისთვის სიმცირე არ არსებობს (ისევე როგორც, სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი პიროვნებისთვის პატარა ცოდვები). მაშ, როგორ არ უნდა დავაფასოთ ის მსხვერპლი, რომელიც შემოქმედმა ჩვენთვის გაიღო და ძე თვისი საყვარელი ჩვენს გადასარჩენად მოავლინა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ცანი მოდრიკნა და კაცობრივი ბუნება მიიღო, ჯვარს ეცვა და ეწამა, რომ სიცოცხლის ხედ აღმოცენებულიყო და ამ ხის ნაყოფის მიმღებთ (ანუ მცნებების აღმასრულებელთ) შეგვესისხლხორცებინა, რომ ქრისტიანმა საკუთარი კეთილდღეობისათვის კი არა, სხვისთვის უნდა იცხოვროს. რომ ადამიანებისადმი მსახურებაშია ჩვენი გადარჩენა და უფლისადმი ჩვენი სიყვარულის დადასტურება. ამიტომაც მეორე მცნებად დაგვიდო: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავის თვისი!“, ხოლო „ვისაც უყვარს მოყვასი, მან აღასრულა სჯული“ (რომ 13,8). „თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, იცრუა; რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორ შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?“ (1 ინ. 4,20). „ღმერთი სიყვარულია“ და „რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში“ (1 ინ. 4,16).

ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანს ენიჭება სულიწმიდით, („ღმერთის სიყვარული განფენილია ჩვენს გულებში სულიწმიდის მიერ“ - რომ. 5,5). იგია უძლურთა მკურნალი, ნაკულულევანთა აღმავსებელი და ნუგეშინისმცემელი უსაზღვრო მადლი, რომლისადმიც ლოცვას („მეუფეო ზეცათაო“) ყოველდღე გულმოდგინედ უნდა წარმოვთქვამდეთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩვენი ღვთისსათნო საქციელი ჩვენი დამსახურება კი არ არის, არამედ იგი სულიწმიდის შეწევნით ხორციელდება; ამისთვის უნდა ვმადლობდეთ მას და ვცდილობდეთ, ჩვენი სიტყვა და საქმე (ჩვენი შესაძლებლობისამებრ) იყოს გამოხატულება მოყვასისადმი ღვთის ზრუნვისა, ღვთის სიყვარულისა, ღვთის სიმართლისა. ჩვენ ყველანი მართალია, უფლის წინაშე ინდივიდუალურად ვცოდავთ, მაგრამ, ამავე დროს ვცოდავთ, როგორც ქრისტიანთა კრებული. დავფიქრებულვართ იმაზე, ვართ თუ არა ჩვენ ის საზოგადოება, რომელიც მოსაწონია ღვთისათვის? სხვა და სხვა ერი შემოქმედმა სხვა და სხვა ნიჭით დააჯილდოვა. ჩვენ აქედან უფრო მეტად სიყვარულის უნარი განვავითარეთ (ყველაზე მთავარი თვისება ღვთისა), ეს მადლი საუკუნეების განმავლობაში ათას განსაცდელს გამოვატარეთ და დღესაც, მრავალი პრობლემის მიუხედავად, ღვთის შეწევნით, შევინარჩუნეთ. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის, რომ თითქმის 20-წლიანი გარდამავალი მძიმე პერიოდის პირობებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ერი არავის მიმართ მტრობის სურვილით არ აღძრულა; საშინელ ჭირ-ვარამგამოვლილი დევნილი მოსახლეობაც სულით არ დაცემულა და არ გაბოროტებულა. ამიტომაც მჯერა, ათასი საცდურის მიუხედავად, კვლავაც შევძლებთ ღვთის გზით სიარულსა და მის ულევ სიყვარულთან ნამდვილ თანაზიარებას. ჩვენს თავს მოწევნული განსაცდელი ჩვენი გამოსწორებისათვის არის დაშვებული და ამიტომაც, სიმძიმის მიუხედავად, თავმდაბლობითა და მადლობით უნდა მივიღოთ იგი. თუმცა ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება შექმნილ უსამართლობას. ჩვენ ყველასთან მშვიდობა გვინდა, მაგრამ არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე. ისიც მჯერა, ადრე თუ გვიან, აფხაზებიც და ოსებიც მიხვდებიან, რომ მათი გადარჩენა საქართველოსთან ერთობაშია და ეს დღე მით უფრო მალე დადგება, რაც უფრო მალე მოხდება მათიც და თითოეული ჩვენგანის, - საერთოდ ჩვენი საზოგადოების, შემდგომი სულიერი ამაღლება. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და გაბრწყინდება! საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა შვილს, - ქართველთ და არაქართველთ, სამშობლოს მკვიდრთ და უცხოეთში მყოფთ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ, - სრულიად საქართველოს, მთელს მართლმადიდებელ სამყაროსა და მსოფლიოს გულითადად ვულოცავთ იმედის, სიხარულისა და ნუგეშის მომცემ საყოველთაო დღესასწაულს - ქრისტეს შობას.

დღეს, ზეიმობს ცა და დედამიწა, კაცთა მოდგმა და ანგელოზთა დასი; დღეს დღეა სიყვარულისა, დღეა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგებისა, ევას გლოვის დასასრულისა და ჩვენი მეოხისა და მფარველის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამობრწყინვებისა. მაშ, მივუძღვნათ ჩვენი გული ბეთლემში შობილ ყრმას და შევიყვაროთ იგი ყოვლითა სულითა, ყოვლითა გულითა, ყოვლითა გონებითა და ყოვლითა ძალითა, რათა კეთილი გვეყოს ჩვენ და ვიხარებდეთ ორსავე სოფელსა შინა, ამინ!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შობა ქრისტესი
თბილისი, 2008/2009 წ.

www.patriarchate.ge