მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე): უფალმა ჩვენს ერს მართლაც რომ საოცარი მადლი მოუვლინა უწმიდესი პატრიარქის ილია II-ის სახით.
უწმინდესთან სიახლოვისას ადამიანი შინაგანი სიხარულით ივსება იმდენად, რომ ხშირად ავიწყდება თავისი ყოველდღიური საწუხარი და იმსჭვალება ნეტარების, კმაყოფილებისა და სიხარულის გრძნობით. მახსენდება პირველი შეხვედრები პატრიარქთან. უწმინდესი სულ ახალნაკურთხი პატრიარქი იყო. თუ არ ვცდები, 1979 წლის გაზაფხული იდგა. იმჟამად ვმუშაობდი ინჟინრად ერთ-ერთ საკავშირო მნიშვნელობის დაწესებულებაში - კავშირგაბმულოების ცენტრში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობდა და აღჭურვილი იყო უამრავი აპარატურით. იმჟამინდელმა ქორეპისკოპოსმა, აწ განსვენებულმა მეუფე შიომ მე, როგორც მორწმუნე და ეკლესიის მოყვარული ახალგაზრდა, უწმინდესთან წარმადგინა. მაშინ სიონის ტაძრის მრევლი ვიყავი და არ ვაცდენდი უწმინდესის წირვებსა და ქადაგებებს. ვფიქრობ, რომ უწმინდესმა მრევლში შემამჩნია. პირველად შეხვედრის დროს უწმინდესმა ასაკი მკითხა. ოცდაათი წლის ვარ-მეთქი. ჩვენმა მაცხოვარმაც ამ ასაკში დაიწყო თავისი ღვაწლი და შენც დროა შეუდგე სასულიერო მოღვაწეობასო, - მომიგო.
უწმინდესის ახლოს ისეთი საოცარი, სანეტარო სიხარულით აღვივსე, რომ ვერც ვგრძნობდი, სად ვიყავი. უწმინდესი მეკითხებოდა, ჩემი ყურადღება კი ამ დროს მიმართული იყო მისი უმშვენიერესი მოხატული დარბაზისკენ, მისი პიროვნებისკენ, მის გარშემო მსხდომი ეპისკოპოსებისკენ. ასე რომ, პასუხის გაცემასაც ვაგვიანებდი. ეპისკოპოსები მიხვდნენ, რომ დაბნეული ვიყავი და მახსენებდნენ, რომ დასმულ კითხვაზე პასუხი გამეცა. ვფიქრობ, იმჟამად ჩემში რაღაც დაინახა უწმინდესმა და მომცა ლოცვა-კურთხევა, დამენებებინა სამსახურისთვის თავი (რაც მე შინაგანად ძალიან მინდოდა) და მოვსულიყავი ეკლესიაში. ამის შემდეგ მალე კვლავ მქონდა ბედნიერება, შევხვედროდი უწმინდესს. მან ისევ მომცა კურთხევა, სასულიერო პირი გავმხდარიყავი.
ამ შეხვედრების მერე თავი სამოთხეში, ნეტარებაში, ნათელ ბურუსში მეგონა.
მას მერე გავიდა 28 წელი და დღესაც, როცა უწმინდესს ვხვდები, იმასვე განვიცდი, ვმშვიდდები და ვუახლოვდები იმ მდგომარეობას, რომელსაცს გრძნობენ ნეტარებისას.
მადლობა უფალს, რომ უწმინდესი კვლავ ერის მამაა და ამ ხნის განმავლობაში მას თავისი ძლიერება არ დაუკარგავს.
მაგალითად, ახლახან, როცა უწმინდესს მოახსენებ, რომ, როგორც 100 წლის წინათ, მტრები ცდილობენ ქართველი ერის დაშლა-დაყოფას და ერთიანი ქართული კულტურის, რომელიც ათასწლეულთა განმავლობაში იცავდა ერს, დანაწევრებას, რათა წარმოქმნან ახალი რეგიონული, კუთხური კულტურები, კუთხური სალიტერატურო ენები, დიალექტებზე თარგმნონ წმინდა წერილი, ძველი ქართული საეკლესიო სალიტერატურო ენა უარყონო, მისი რეაქცია იყო მძაფრი. პატრიარქმა საუკეთესო მეცნიერებს სთხოვა, - ნუ იქნებით გულგრილნი და ეკლესიასთან ერთად იფიქრეთ ამ საკითხზეო.
როგორც აღვნიშნეთ, უწმინდესი საოცარი მადლია ღვთისაგან გამოვლენილი და მთელი ერი შესთხოვს უფალს მის მრავალჟამიერ სიცოცხლეს.
ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე): ერისკაცობაში დავითგარეჯის მონასტერში ვიყავი. ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, მაგრამ ლოცვებს კი ვკითხულობდი. ძალიან მინდოდა პატრიარქის ნახვა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მომეხერხებინა ეს და ალბათ ვერც გავბედავდი მისვლას.
ერთ მშვენიერ დღეს, როგორც ლამაზ სიზმრებში ხდება ხოლმე, გარეჯში ჩემი ახლობლები მოვიდნენ. სასწრაფოდ თბილისში უნდა წამოხვიდე და პატრიარქს შეხვდეო, - მითხრეს. აღტაცებული, თანაც გაოგნებული დავრჩი. მაშინ უწმინდესი სიონის ტაძართან, საპატრიარქო სახლში ცხოვრობდა. პატრიარქი პირველად ვნახე. ისეთი სათნო და გაბრწყინებული თვალები ჰქონდა, ისეთი სითბო ვიგრძენი, რომ შეკითხვებზე პასუხისას ფეხზე ვდგებოდი, რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა. მერე ნელი ხმით მითხრა, - დაბრძანდიო... ისე მოხდა, რომ ღმერთმა ნატვრა ამისრულა და ამით ჩემი არაეკლესიური სული გაათბო.
რამდენიმე ხნის შემდეგ პატრიარქმა ხუცურით დაწერილი ფსალმუნი მაჩუქა წარწერით „ღმერთმა დალოცოს ბატონი ირაკლი“. პირველი შეხვედრისას მკითხა, - ხუცური კითხვა თუ იციო. არა, ასომთავრული ვიცი-მეთქი და ხუცურის სწავლა დამავალა. მოკლე დროში ვისწავლე. ეს წიგნი დღესაც მაქვს. ერთხელ უწმინდესი მანგლისის რეზიდენციაში ბრძანდებოდა. მასთან მისვლა მომიწია. პატრიარქი მეუბნება, - ხუცურის კითხვაში უნდა გამოგცადოო და იქ მყოფებს ფსალმუნის მოტანა სთხოვა. ნებისმიერ გვერდზე გადავფურცლე და დავიწყე კითხვა.
ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ გითხრათ, პატრიარქი ყოველთვის აკვირდება ადამიანს, რამდენად ისმენს მის რჩევას, ნათქვამს. ისეთ დროს შეიძლება გამოგცადოს, როცა არ ელოდები. კითხვისას გული ისე მიცემდა, სულ ბაგაბუგი გაჰქონდა. პატრიარქმა კითხვის დროს გამაჩერა - გეყოფაო. არც შევუქივარ, მაგრამ სიტყვას, გამოხედვას, ტონს, ყველაფერს ეტყობოდა პატრიარქის განწყობა.
პატრიარქმა დიაკვნად კურთხევა რომ შემომთავაზა, თან მკითხა, - ხომ არ გეშინიაო. არ ვიცი-მეთქი. ნუ გეშინია, ღმერთი შეგეწევა, ანგელოზი დაგიცავსო. ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მოხდა ჩემი დიაკვნად ხელდასხმა. პატარიარქმა მითხრა, - შინ არ წახვიდე, ბოროტმა რაიმე განსაცდელი არ შეგამთხვიოსო და დამტოვა ტაძარში. ის ღამე ქაშვეთში გავათენე.
პატრიარქი აღსაყდრების დღიდან იღწვის ჩვენი ერის ერთობისა და მთლიანობისათვის, ერისა და ბერის სიახლოვისთვის.
ღმერთმა ინებოს და აკურთხოს უწმინდესის დღეგრძელობა.
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა): ბედნიერი ვარ, რომ ადრე უწმინდესი ჩემი მშობლიური აფხაზეთის მიტროპოლიტი ბრძანდებოდა. როდესაც 1977 წელს საქართველოს კათოლიკოს გახდა, მისი აღსაყდრება ქართულმა და აფხაზურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო.
ჩემი პირველი მოძღვარი გახლდათ მამა ზაქარია (ძინძიბაძე), ვისგანაც მივიღე პირველი ლოცვა-კურთხევა. მერე მოვხვდი წმინდა ნინოს მომლოცველობით გზაზე და მივხვდი, რომ ჩემთვის სანატრელი გზა, მისწრაფება არის მონასტრული ცხოვრება. წავედი ანტონ მარტყოფელის მონასტერში. თითქმის წელიწადი და რვა თვე ვცხოვრობდი იქ, როგორც კაბოსანი მორჩილი აკაკი. 1992 წლის ივლისში ჩვენთან უწმინდესი მობრძანდა. მისი დანახვა ისე გამიხარდა, როგორც ბავშვს - დიდი ხნის უნახავი მშობლისა. მახსოვს, დიდი ჩექმები მეცვა. ბრახაბრუხით გავიქეცი და ჩავეხუტე ჩვენს პატრიარქს, უნებურად მუხლებზე დავემხე მის წინაშე და დალოცვა ვთხოვე. გაუხარდა, დამლოცა და თავზე ხელი დამადო. მაშინ მონასტრის წინამძღვარი ამჟამინდელი მეუფე იოსები იყო. ადრინდელი წინამძღვარი არქიმანდრიტი იობი მაისში ეპისკოპოსად აკურთხეს. ეკონომოსის მოვალეობას ვასრულებდი და მონასტრის ცხოვრებაზე უწმინდესთან მე მიხდებოდა პასუხის გაცემა. მონასტერში ყოფნისას თიხაში გავაკეთე ანჩისხატის ასლი. უწმინდესმა მკითხა, ვისი გაკეთებულიაო. ჩემი-მეთქი. შემომხედა, ყურადღებით დამაკვირდა. რამდენიმე დღის შემდეგ წინამძღვარმა მითხრა, - უწმინდესი გიბარებს საპატრიარქოშიო. ალბათ ბერად უნდა აღმკვეცონ-მეთქი. აგვისტოს დასაწყისში საპატრაირქოში გადამიყვანეს. მესამე სართულზე ვცხოვრობდი. შენობა ახალი გადმოცემული იყო, ჯერ გალავანიც არ ჰქონდა. ვატყობდი, უწმინდესი მაკვირდებოდა და ამით უბედნიერესი ვიყავი. დილა-საღამოს პატრაირქის ლოცვას, პარაკლისებს ვესწრებოდი. ერთ დღესაც უწმინდესმა დამიბარა, - მოემზადე ბერობისთვის, ხაშმში უნდა გაგამწესოო. ხაშმში წამიყვანა - ხომ უნდა ნახო, სად გიშვებო და იქაურებთან წარმადგინა, როგორც მომავალი ტაძრის წინამძღვარი.
რამდენიმე ხნის შემდეგ უწმინდესს მეუფე დანიელმა ურჩია, ხომ არ აჯობებდა, რომ მორჩილი აკაკი ფოკაში გაგვეშვა წინამძღვრადო. უწმინდესი დათანხმდა. მანამდე უწმინდესისთვის მეუფე იოსებს ეთქვა, - აკაკის ძალიან უყვარს წმინდა სერაფიმე საროველიო. პატრიარქს უთქვამს, მეც მიყვარსო. უწმინდესმა მეუფე დანიელს უთხრა, - აკაკი აღკვეცეთ სერაფიმე საროველის სახელზეო.
ფოკაში წასვლის წინ უწმინდესს უნდა დაველოცე. მასთან მყოფ მონაზონს სთხოვა, ჩამოიტანე სერაფიმე საროველის ხატიო. მონაზვნებს სენაკში წმინდა სერაფიმეს ორი ხატი ჰქონდათ, ერთი ძალიან მომწონდა. მონაზონმა მოიტანა ჩვეულებრივი ხატი. პატრიარქმა უთხრა, - ის ხატი ჩამოიტანე, რომელზეც წმინდა ქვა იყო დამაგრებული და სერაფიმე საროველი ათასი დღე-ღამე ლოცულობდაო. ასე დამლოცა უწმინდესმა ბერულ გზაზე. ეს ხატი მას შემდეგ ჩემთანაა...
ვულოცავ პატრიარქს აღსაყდრების დღეს და ვუსურვებ დღეგრძელობას!
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი): მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მრევლის სახელით მინდა დიდი სიხარულით მოგილოცოთ აღსაყდრების, მღვდელმთავრობისა და დაბადების თარიღები.
თქვენი მამამთავრობა ერისა მდიდარი გახლავთ მრავალი დიდებული საქმით. ათეისტური ცხოვრების უმძიმეს დროში, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ტაძარში აღესრულებოდა წირვა-ლოცვა და ისიც - შეზღუდვებით, თქვენ ღვთის, ხალხის გულწრფელი სიყვარულით შეძელით ეკლესიათა აღორძინება, მის წიაღში მრავალი ადამიანის გაერთიანება. ლხინშიც და გაჭირვებაშიც ყოველთვის გვერდში ედექით და დღესაც უდგახართ თქვენს ერს. არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან 9 აპრილი, თქვენი მშვიდი, მაგრამ სულის სიღრმეში შეშფოთებული მოწოდება ხალხისადმი და მათთან ბოლომდე ყოფნა. ეს ეპიზოდი თითქმის ყველაფერზე მეტყველებს. თქვენი უწმინდესობის ბრძნული სიტყვა დღესაც მოუწოდებს სამწყსოს სინანულის, სულიერი ფერიცვალებისა და სიძულვილის, შუღლის შეწყვეტისაკენ. გვწამს, რომ თქვენი ლოცვა შეეწევა საქართველოს.
გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, მრავალჟამიერ თქვენს მამამთავრულ მოღვაწეობას.
ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი): პირველად პატრიარქს ერისკაცობაში შევხვდი. ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად ვმონაწილეობდი და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრა მომიწია. მაშინ მწეველი ვიყავი. როდესაც პატრიარქთან შესახვედრად ვემზადებოდი, მექანიკურად ამოვიღე სიგარეტი, მაგრამ უხერხულობა ვიგრძენი. შინაგანი ხმა მსაყვედურობდა - პატრიარქთან მიდიხარ და სიგარეტს ეწევიო? დიდი სულიერი ბრძოლა გამოვიარე და ვაჯობე თავს.
პატრიარქს მანგლისის რეზიდენციაში შევხვდი. დიდხანს ვისაუბრეთ სამცხე-ჯავახეთის პრობლემებზე. ერთ-ერთი საკითხი ფოკის დედათა მონასტრის გახსნას ეხებოდა. პატრიარქთან საუბრით საბოლოოდ გახარებული დავრჩით.
მაშინ წირვა-ლოცვაზე მაინცდამაინც არ დავდიოდი, კომუნისტების ჯინაზე შევდიოდით ხოლმე ეკლესიაში, სანთლებს ვანთებდით. ტაძარი სიმშვიდეს მანიჭებდა. მაშინაც, იმ შაბათ დღეს, პატრიარქი სიონის ტაძარში ლოცვას ატარებდა და მრევლს ზეთს სცხებდა. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, მეამაყებოდა, რომ უწმინდესს ვიცნობდი. მივედი ზეთისცხებაზე, რაღაცას ფეხი წამოვკარი და ლამის დავეჯახე უწმინდესს. გამიღიმა და ზეთი მცხო. ტაძრიდან გასვლის შემდეგ მექანიკურად ჯიბისკენ წავიღე ხელი. სიგარეტი ამოვიღე, მაგრამ მოწევა გადავიფიქრე... სიონის ღვთისმშობლის ხატთან მივედი. ვთხოვე დამხმარებოდა ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევაში. თითქოს დასტურიც მივიღე. იმ დღის შემდეგ სიგარეტი აღარ მომიწევია. როცა გამიჭირდა და ძალიან მომინდა მოწევა, მაშინ ღვთისმშობელს კვლავ მივმართე შინაგანად. პასუხად ასეთი რამ მივიღე: როცა ყველაზე მეტად გინდა მოწევა, მაშინ მოითმინე და სხვა დროს აღარ გაგიჭირდებაო. თუ დავაკვირდებით, ყველა ცოდვა ასეა. როცა ყველაზე მეტად გინდა ცოდვის ჩადენა, მაშინ უნდა შეიკავო თავი. ცოდვა რომ მოგეძალება, მაშინ უნდა დაიცვა თავი, სხვა დროს ვერ ბატონობს საქართველოზე. თუმცა უწმინდესს ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაინც ძლიერ შემეწია ამ მავნე ჩვევის მოშორებაში.
მთელი გულით ვულოცავ უწმინდესს აღსაყდრების დღეს. ჩვენს ერს მის მორჩილებას ვუსურვებ. პატრიარქობა მამობას ნიშნავს. მამას დავუჯეროთ, მას გავყვეთ და ეს ძალიან ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.
ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე): საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა და მომწონდა წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლი მონუმენტური ფრესკული ხატი. რატომღაც არასდროს მიკითხავს, ვისი შესრუბულია-მეთქი. ერთხელ გავიგე, რომ იგი უწმინდესს დაუხატავს. მოულოდნელობისგან გაოცებულმა დაუფიქრებლად ვკითხე: - თქვენო უწმინდესობავ, მართლა თქვენი დახატულია ეს ხატი-მეთქი? მიპასუხა: - ასე ამბობენო!..
ბერდიაკნობის შემდეგ მეუფე დანიელმა მღვდელმონაზვნად დამახსა ხელი მცხეთის წმინდა ოლღას სახელობის დედათა მონასტერში და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დავინიშნე მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვრად. გამოუცდელობით დამოუკიდებლად წირვის ჩატარება რომ არ გამჭირვებოდა, მეუფემ უწმინდესს სთხოვა, რამდენიმე ხანი მემსახურა სიონის საკათედრო ტაძარში, რაზეც უწმინდესს უბრძანებია, - მონასტერში ისწავლოსო!
მონასტერში ჩემს მიერ ჩატარებულ პირველ წირვას მარტყოფის დედათა მონასტრის დედებიც დაესწრნენ. რომ არაფერი შემშლოდა, წირვა ძალიან ნელა შევასრულე, მაგრამ, ხანგრძლივი პაუზების მიუხედავად, მაინც გამიჭირდა გამერკვია, როდის გამეღო ან დამეკეტა აღსავლის კარი, ან საკურთხევლიდან როდის გამოვსულიყავი. დედებს ამაზე ეღიმებოდათ, მაგრამ წირვით მაინც კმაყოფილნი დარჩნენ. ჩვენი მონასტრის წევრებსაც უხაროდათ, რადგანაც ამიერიდან დამოუკიდებლად შეგვეძლო წირვის აღვლენა. მეც, მიუხედავად ასეთი ვაი-ვაგლახისა, გულში თავისებური სიხარული ვიგრძენი...
რამდენიმე ხანში უწმინდესი ამობრძანდა მონასტერში. გავიხარეთ, დავრეკეთ სამეუფო ზარები. მივირბინე ღვთაების ტაძარში, გულმა ვეღარ მომითმინა, კიბე ჩავირბინე და უწმინდესს მონასტრის კარიბჭესთან შევხვდი. კურთხევა ავიღე, დაველოცვინე და შენდობა ვთხოვე, არ ვიცი, როგორ უნდა დაგხვდეთ და თუ რამე შემეშალა, შემინდეთ-მეთქი. დახვედრის წესში ალბათ რაღაც კიდევ შემცდა, მაგრამ უწმინდესს, ეტყობოდა, შეხვედრის წესზე უფრო ჩვენი გულწრფელი სიხარული ახარებდა.
ტაძარში, პარაკლისის შემდეგ, უწმინდესმა თავისთან გვიხმო, დაჯდომა გვითხრა. ზოგი სკამების ნაკლებობის გამო ფეხზე დავრჩით. უწმინდესმა მანიშნა, დაჯექიო. მიმოვიხედე, სკამი ხომ არ იყო. იატაკზე დაჯექიო, მანიშნა. მე და სხვებიც ხალიჩაზე მოვკალათდით. უწმინდესი სულიერ საკითხებზე გვესაუბრებოდა. ყურადღებით ვისმენდით მის ყოველ სიტყვას. ისეთი სიჩუმე იყო, რომ კოღო წუილით როგორ დააჯდა ერთ იქ მყოფთაგანს, ისიც გავიგეთ. ბიჭმა ხელი მოუქნია კოღოს. კოღომ იმარჯვა და უვნებელი გაფრინდა, მაგრამ ცოტა ხანში ისევ იმავე ადგილზე დაასკუპდა. მან ისევ მოუქნია ხელი, კოღო ისევ უვნებელი გაფრინდა. კოღო მესამედაც ზუსტად იმ ადგილზე დააჯდა. ხელი მოსაკლავად რომ მოუქნიეს, სხარტად გაფრინდა. უწმინდესმა საუბარი შეწყვიტა, ბიჭს მიუბრუნდა და უთხრა: - რა იყო, ერთი წვეთი სისხლი დაგენანაო? ეს ისე წარმოთქვა, რომ ყველას გაგვეცინა...
თითქოს მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ კოღოს, დიდი-დიდი, ერთი წვეთი სისხლი წაერთმია იმ ბიჭისთვის!..
მარტყოფის მონასტრიდან ჩამოსული, შვიდი ეფესელი ყრმის ხსენებაზე, საპატრიარქოში დავესწარი დილის პარაკლისს. პარაკლისის შემდეგ უწმინდესმა შვიდი ეფესელი ყრმისა და ამ დღის წმინდანების ცხოვრება წაგვიკითხა. გვითხრა: - ვისაც უძილობა სჭირს, შვიდ ეფესელ ყრმას ევედროსო. დიდ კურთხევანში მღვდლის წასაკითხი განსაკუთრებული ლოცვებიცაა, ვისაც სჭირდება, შეუძლია მღვდელს სთხოვოს სნეულისათვის ამ ლოცვების წაკითხვაო.
ერთ-ერთმა მონაზონმა უწმინდესს შესჩივლა, - ჩემს შვილიშვილს უძილობა აქვს და როგორ მოვიქცეო?
- მღვდელი წაიყვანე სალოცავადო.
- რომელიო?
უწმინდესმა ჩემზე ანიშნა - აი, ეგო.
სახელდახელოდ ვიშოვეთ: დიდი კურთხევანი, ოლარი, სამაჯურები, საცეცხლური და სანთლები. მის შვილიშვილთან როცა მივედით და მოვიკითხეთ, გვითხრეს, სძინავსო. რა გვექნა, აღარ ვიცოდით. ცოტაოდენი მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, აჯობებდა, მაინც გველოცა და ფეხაკრეფით შევედით ოთახში, სადაც ბავშვს გემრიელად ეძინა. ძალიან ჩუმად, ისე, რომ არ გაღვიძებოდა, ლოცვა დავიწყე... ყმაწვილს მაინც გაეღვიძა, წამოდგა და ბუზღუნით გავიდა ოთახიდან. უცნაურ ვითარებაში აღმოვჩნდით - „დაძინების“ მაგივრად გავაღვიძეთ ადამიანი.
ბიჭს იმ ღამით შედარებით მშვიდად სძინებია... ისე გამოვიდა, რომ დღისით გავაღვიძეთ, რათა ღამე უკეთ დასძინებოდა...
გორისა და სამთავისის ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა): მაშინ მონაზონი ვიყავი. საპატრიარქოს ეზოში დავდიოდი. იქ ბაღს აშენებდნენ და ნერგები მოჰქონდათ. მორჩილი მოვიდა და მითხრა, - პატრიარქმა თქვა, ეზოში ერთი მონაზონი დადის და თავში ცუდი აზრები უტრიალებს. უთხარი, მოვიდეს და მოგეხმაროთო. მაშინ გონებაში მართლაც ცუდი აზები მქონდა.
მახსოვს, ერთხელ ბრიტანეთის დელეგაცია იყო ჩამოსული. მათ უწმინდესთან ჰქონდათ შეხვედრა. საუბრის ბოლო ჰკითხეს, რაიმეთუ ხომ არ გსურთ დაგეხმაროთო. პატრიარქმა უპასუხა, - კარგი იქნება, თუ შეგიძლიათ გამოსცეთ ან ითარგმნოს ჩვენი ქვეყნისთვის ბროშურები და დამხმარე სახელმძღვანელოები მცირე ბიზნესის შესახებო. ამით მინდა ვთქვა, რომ პატრიარქის ზრუნვა მხოლოდ ეკლესიით არ შემოიფარგლება, ის ზრუნავს მთელ სამშობლოზე.
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი):
შენი სიცოცხლე ერს უხარია
მაცხოვრის კვერთხის მპყრობელი ხელთა, |
ჟურნალი „კარიბჭე“, №23, 2005 წ.