„პირველი დამხმარე, პირველი ქომაგი, პირველი ჭირისუფალი გაჭირვებული ადამიანისა - პატრიარქია!“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II შესახებ ჩვენ გავესაუბრეთ მის ბიძაშვილს, ქალბატონ ნელი შიოლაშვილს. გთავაზობთ ამ საუბრის ჩანაწერს.

 

- ქალბატონო ნელი, თუ შეიძლება გვიამბეთ, როდის გადაწყვიტა უწმიდესმა საბერო ცხოვრების დაწყება და რამ განაპირობა მისი არჩევანი.

- უწმიდესმა საშუალო სკოლა ვლადიკავკაზში 1950 წელს დაამთავრა. 5 წელი იყო გასული ომის დამთავრებიდან. ჩვენ ომი შეგვეხო, იმიტომ რომ ფრონტისპირა ზოლში ვცხოვრობდით. მახსოვს, როგორი ურთულესი პირობები იყო. ადამიანები მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე ფიქრობდნენ და სხვა რამ საზრუნავი არავის გააჩნდა. და აი, ამ ვითარებაში ჩვენს საზოგადოებაში გაჩნდა პიროვნება, რომელმაც ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გადაწყვიტა დადგომოდა უფლის გზას. ეს არამც თუ იშვიათობა იყო, არამედ ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა. თუმცა, შემთხვევა კი არა, საიდუმლო განგება ღვთისა.

ეს, რა თქმა უნდა, მშობლების დიდი გავლენით მოხდა. მამის როლი გადამწყვეტი იყო.

- გვიამბეთ, პატრიარქის მამის შესახებ. როგორი იყო იგი?

- საოცარი მამა ჰყავდა პატრიარქს, ბატონი გიორგი იმ მხარეში დიდად პატივცემული პიროვნება გახლდათ. თუმცა ერისკაცი იყო, იმდენად მორწმუნე ადამიანი გახლდათ, რომ სასულიერო პირის ტოლ პატივს მიაგებდნენ. ეკლესია იმ პერიოდში, რა თქმა უნდა, არ გვქონდა. მხოლოდ მას ჰქონდა სამლოცველო ოთახი და ჩვენ ბავშვები ამას აღვიქვამდით, როგორც ეკლესიას. თუ ვინმე ქუჩაში ბატონ გიორგის შეხვდებოდა, მას უმალ განსაკუთრებული მოწიწება უჩნდებოდა ხოლმე მის მიმართ და იმედით ივსებოდა, რადგან ოჯახებში თუ რამ კარგი ხდებოდა, ბატონ გიორგის უნდა დაელოცა; და თუ რამ ცუდი მოხდებოდა - ნუგეშსაც მისგან ელოდებოდნენ. რწმენა ხალხში უკვე ნაკლებად იყო და ეს გამორჩეული პიროვნება განამტკიცებდა ხალხს და მხარში ედგა ყველას.

ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ მის ოჯახში სუფევდა განსაკუთრებული გარემოება ბავშვების დიდი სულიერებით აღზრდისათვის.

- საოცარია, როგორ გადაურჩა იმ წლებში დევნას ამგვარი პიროვნება...

- ეს უთუოდ ღვთის განგებით მოხდა. მას გააჩნდა მისია, რომ აღეზარდა საქართველოს პატრიარქი. რუსთველის შეგონება: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“, - ამ შემთხვევაშიც ქმედითი გახდა. ბატონმა გიორგიმ თავის შვილს არა მარტო ჩააგონა ის, რომ ღვთის ნებას მიჰყოლოდა და ღვთის სამსახურში ჩამდგარიყო, არამედ წმინდა ცხოვრებითაც აძლევდა მაგალითს. ყრმა ირაკლი მას არდადეგებზე მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში დაჰყავდა მის ნათლიასთან, მონასტრის იღუმენიასთან დედა ზოილესთან. ბატონი გიორგი ვლადიკავკაზში ცხოვრობდა და იგი ფაქტიურად ქართულ სათვისტომოს სათავეში ედგა. მას ჰქონდა ურთიერთობა სასულიერო პირებთან და უპირველესად მცხეთას სტუმრობდა.

ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდა წირვა-ლოცვას, აკვირდებოდა მონასტრულ ცხოვრებას, ბევრს კითხულობდა საღვთისმეტყველო ლიტერატურას.

- როგორი ბავშვი იყო ირაკლი?

- პატარებს არავის დააჩაგვრინებდა; ყოველთვის პოულობდა საერთოს თავისზე უმცროსთან, ან სუსტთან და უმწეოსთან, რათა რაღაცით დახმარებოდა. იგი დღესაც ასეთია. პირველი დამხმარე, პირველი ქომაგი, პირველი ჭირისუფალი გაჭირვებული ადამიანისა - პატრიარქია. ყველაზე ძვირფასი პატრიარქისთვის, პირველ რიგში, ყოველთვის პიროვნება იყო. ნებისმიერ ვითარებაში იგი წინა პლანზე სწორედ პიროვნებას წამოწევდა. თუკი ვინმემ მნიშვნელოვანი საქმე გააფუჭა, პატრიარქი, უპირველეს ყოვლისა, არა საქმეზე, არამედ პიროვნებაზე ფიქრობს. იგი ეძიებს ამ ადამიანის გამოქომაგების და შველის გზებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეცოდება და იმიტომაც, რომ ეშინია, ვაი თუ ამ შემთხვევამ სრულებით დაღუპოს ის ადამიანი.

- ქალბატონო ნელი, პატრიარქის დედის შესახებ ხომ არაფერს გაიხსენებდით?

- ქალბატონი ნატო კობაიძე შიოლაშვილების რძალი იყო. ჩვენთან ხევში იყო ასეთი წესი, რომ გვარში უფროსი რძლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა იყო. და თუკი იგი გამორჩეული პიროვნება იყო, შესაბამისად. პატივისცემაც მეტი ჰქონდა. ძალიან საყვარელი და გულისხმიერი ქალი იყო. საოცარი მოფერება იცოდა, ჩვენთან იციან თქმა ასეთ ადამიანზე - სულ თაფლის წყალი ამოსდის პირიდანო. ერთხელ მის გარშემო ბავშვები შეკრებილიყვნენ, მისი შვილები, ნათესავები, მეზობლები. იგი ყველას მოფერებია და ყველასთვის განსხვავებული ალერსიანი სიტყვა უთქვამს. პატარა ირაკლი კი უყურადღებოდ დარჩენია. ბავშვმა ვერ მოითმინა და გაბუტულმა დედას უთხრა: „დედა, მე?“ დედა მიუბრუნდა, თურმე, ყველა შემოიცალა და მიიხმო. ირაკლი მივიდა და დედას კალთაში თავი ჩაურგო. დედა მოეხვია და უთხრა: „შენ? შენ ხომ ჩემი ოქრო ხარ!“ დედის ამ მოფერებას მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია და კარგადაც დამახსოვრებია. ამის შემდეგ, უწმიდესსაც ჩვევაში დაუმკვიდრდა ასეთი მოფერება: „ჩემო ოქრო!“, რომელსაც დედის სიტყვის მადლი მოჰყვება.

- თქვენ როგორი დაგამახსოვრდათ ქალბატონი ნატო?

- ნატო ძალოს ვეძახდით. მახსოვს, მას დაბალი ხმა ჰქონდა და ძალიან მშვიდი საუბარი იცოდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და საუბრების თემა აღარ მახსოვს. უკონფლიქტო და საოცრად თბილი ადამიანი იყო.

- თქვენგან მსმენია, რომ უწმიდესს პატრიარქობა უწინასწარმეტყველეს. გვიამბეთ ამის შესახებ.

- ბატონ გიორგის გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ირაკლი უნდა გაეგზავნა სწავლა-განათლების მისაღებად სასულიერო სემინარიაში. იმ ხანად ბატონი გიორგი ეზოში სათავსოს აშენებდა. ერთხელ მან უთხრა ირაკლის და თავის ძმისწულს: „მე ვიცი, რომ თქვენს შორის ერთ-ერთი საქართველოს პატრიარქი იქნება.“ მისი ნათქვამი აიტაცეს. ბატონმა გიორგიმ ეს სიტყვები დაწერა, ბოთლში ჩადო და სათავსოს კედელში ჩაატანა. ამ სიტყვების მომსწრე ბევრი ახლობელია.

- უწმიდესის ინტრონიზაციას ბატონი გიორგი ვეღარ მოესწრო, არა?

- ბატონი გიორგი 1967 წელს გარდაიცვალა. გაზაფხული იდგა. ირაკლი შიოლაშვილი მაშინ ეპისკოპოსის ხარისხში იყო. კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ეფრემი ესწრებოდა ბატონ გიორგის დაკრძალვას. უწმიდესმა ეფრემმა ქადაგება მოისურვა. უცნაური იყო მისი სიტყვები. მან ამ მოვლენას სასწაული უწოდა. „რაც თქვენ დღეს აქ იხილეთ, სასწაულია და თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რას უქადის ბედი მეუფე ილიას“ - ბრძანა უწმიდესმა ეფრემმა.

- ცნობილია, რომ პატრიარქი ეფრემი მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობისთვის ამზადებდა...

- უწმიდესი ეფრემის გარდაცვალების შემდეგ, მიტროპოლიტ ილიას ყველა ხედავდა მის მოსაყდრედ და მომავალ პატრიარქად. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება და რაც მოხდა, ასეა საჭირო“ - ბრძანა მიტროპოლიტმა ილიამ.

- ეტყობა, მიტროპოლიტ ილიას ჯერ აფხაზეთში ჰქონდა თავისი მისია შესასრულებელი...

- დიახ, იმ ხანად პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო. ეს ის პერიოდია, როცა იქ ქართველი ეკლესიაში არ შედიოდა, 2-3 მოხუცის გარდა. მიტროპოლიტ ილიას უპირველესი მიზანი - ქართველი კაცის ეკლესიასთან დაახლოება იყო. ამისათვის მან ბევრი გააკეთა და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მოექცა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ, როცა ამ კუთხეს თავს უბედურება დაატყდა და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად იქცა, ბევრი მათგანი ამბობდა: „კანონზომიერად მივიჩნევთ იმას, რაც დაგვემართა“. ერთ-ერთი ასეთი ოჯახიდან 14 წლის გოგონამ ასე გამოხატა თავისი განცდა: „ჩვენ გალში 3-სართულიანი სახლი და ორი აუზი გვქონდა, ეზოში კი შვლები და ფარშევანგები გვყავდა გაშვებული. აი, ასეთ პირობებში ვცხოვრობდით და ღმერთის სახელი არ გვიხსენებია. და განა შეიძლება არ დავსჯილიყავით?“ ეს გააცნობიერა მოზარდმა გოგონამ, რომელიც ახლა უკვე ეკლესიური გახდა. მე ვკითხე მას: „შენნაირად კიდევ ბევრი ფიქრობს?“ მან მომიგო: „ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი, - ალბათ ფიქრობს“.

- მას შემდეგ, რაც უწმიდესი და უნეტარესი ილია II საპატრიარქო ტახტზე ავიდა, სანათესაო მას როგორ მიმართავთ?

- სანათესაომ პირველ დღესვე გადალახა ეს ზღვარი. პატრიარქის კურთხევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ეს პრობლემა აღარ იდგა. უფროსებისგან მე თვითონ გამიკვირდა, ვკითხე კიდეც: „თქვენ ხომ მას გუშინ ირაკლის ეძახდით, ახლა ასე უცებ, როგორ შესძელით ამის გადალახვა?“ პასუხი იყო: „არა, ეგ დაბადებიდან უწმიდესი იყო, ახლა კი აღსრულდა ეს“.

- როგორ დაგამახსოვრდათ პატრიარქის ინტრონიზაციის დღე?

სვეტიცხოველში პატრიარქის კურთხევის შემდეგ, სასტუმრო ივერიაში გაიმართა ბანკეტი, რომელსაც ესწრებოდა, როგორც სამღვდელოება, ისე საზოგადოების წარჩინებული პირები.

ყველა გრძნობდა, რომ ხდებოდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი რამის ახსნა მაშინ ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო. ერთმანეთს კითხვის ნიშნით ვუყურებდით - პასუხი არავის ჰქონდა. ბანკეტის შემდეგ, მისი უწმიდესობა საპატიო ესკორტით მიაცილეს საპატრიარქო რეზიდენციაში. გვიანი ღამე იყო. პირველად შედგა ფეხი სამუშაო ოთახში უკვე გვირგვინოსანმა პატრიარქმა. გავიდა დრო, მისი უწმიდესობა არ ჩანდა. გავბედე და ღია კართან მივედი.

კაბინეტის კედლებზე ეკიდა საქართველოს ყოფილი პატრიარქების პორტრეტები. მისი უწმინდესობა მიდიოდა ყოველ სურათთან, პატივს მიაგებდა, ხელაპყრობით ლოცულობდა და შესთხოვდა მათ სულებს - დახმარებოდნენ იმა სოფლიდან, რადგან მთელი სიცხადით გრძნობდა და ხედავდა, რა რთულ და ეკლიან გზას შეუდგა.

- მსმენია, რომ უწმიდესისა და უნეტერსის ილია II საპატრიარქო ტახტზე ასვლას ქართველი ხალხი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა.

- პატრიარქის მმართველობის პირველ წლებში, მახსოვს ერთხელ უწმიდესი ფილარმონიის დარბაზში საიუბილეო საღამოზე მიიწვიეს. ცკ-ს მდივანი ედუარდ შევარდნაძე თავისი ამალით უკვე დარბაზში იყო, როდესაც უწმიდესი შემობრძანდა. საიუბილეო საღამო ეროსი მანჯგალაძეს მიჰყავდა. როცა პატრიარქი დარბაზში შევიდა, ვინც დაინახა, ყველა ფეხზე წამოდგა და აპლოდისმენტებით მიეგება. პატრიარქმა ხალხი დალოცა. ისეთი ხმაური იყო დარბაზში, ბატონ ეროსს არ მიეცა საშუალება საღამო დაეწყო, თუმცა მან რამდენიმეჯერ უშედეგოდ სცადა. ხელისუფალთ ეს ლამის გამოწვევად მიიღეს. ასეთი „ბარიერები“ იმხანად ბევრზე ბევრი იყო.

- რაც პატრიარქის მძიმე ჯვარს კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა...

- ბევრი იყო რთულ გზაზე განსაცდელი, გულისტკენა, უსაფუძვლო ცილისწამებაც კი. და იტანდა ყოველივეს მართალი კაცი მშვიდად, უსიტყვოდ, უდრტვინველად, იმ ცოდვილთათვის მლოცველად, თავგზააბნეულებს რომ ვერ გაეგოთ რასა იქმან - და... მარცხდებოდნენ, მარცხდებონენ მისი უწმიდესობის ერთადერთი იარაღით - სიყვარულით, ყველას და ყველაფერს რომ მოერევა და კურნავს.

- საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს კარგად იცნობენ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დიდ პატივსაც მიაგებენ მის პიროვნებას...

- ამასთან დაკავშირებით, ერთი შემთხვევა მახსენდება. პატრიარქთან სტუმრად იყო ჩამოსული ამიერკავკასიის მუსულმან ხალხთა მუფტი. მოგეხსენებათ, პატრიარქმა როგორი თბილი მიღება იცის. მათ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. როდესაც მუფტი მიდიოდა და პატრიარქმა გააცილა, ჰოლში მონაზვნების ჯგუფი იდგა. მუფტის სახეზე ეტყობოდა, როგორი კმაყოფილი და სავსე ტოვებდა საპატრიარქოს. იგი მიუბრუნდა მონაზვნებს, ვერ მოითმინა, რომ არ ეთქვა: „თქვენ არ იცით, ვინ გყავთ!“ მან პატრიარქის პიროვნებაში უფლის რჩეული დაინახა.

- გთხოვთ, გაიხსენოთ რაიმე ისეთი შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს უწმიდესისა და უნეტერესის ხასიათს.

- ერთხელ სიონის ტაძარში წირვის დროს ერთი გაჭირვებული ქალი შემოვიდა. მას სახეზე თავსაფარი ჰქონდა ჩამოფარებული. ერთ-ერთი მრევლთაგანი გამოელაპარაკა და მანაც უამბო, რომ კანის დაავადება სჭირს, ამიტომ სახლში შვილებმა მოიძულეს და იგი თბილისში სამათხოვროდ ჩამოვიდა. ტაძარში ჩოჩქოლი შეიქნა. პატრიარქს რომ ხმაური მოესმა, სტიქაროსნებს დაავალა, გაიგეთ რა ხდებაო. მალე უწმიდესს ამ ქალის შესახებ მოახსენეს: წასასვლელი არსად აქვს და აქ ზისო.

მაშინ პატრიარქის რეზიდენცია სიონის ეზოში იყო. როგორც კი წირვა დამთავრდა, პატრიარქმა საჩქაროდ მალამოს მომზადება დაიწყო. ალბათ, იცით, რომ უწმიდესი ფიტოთერაპიითაა გატაცებული. მალამოსთვის საჭირო კომპონენტები მოითხოვა და თავისი ხელით შეაზავა. შემდეგ დედები სიონის ტაძარში გააგზავნა, რომ ის ქალი მოეყვანათ. ავადმყოფი ქალი სიონში აღარ დახვდათ. პატრიარქი შეწუხდა და დაავალა, მოეძებნათ იგი. უწმიდესმა ზოგი ვაგზალზე გააგზავნა მის მოსაძებნად და ზოგიც - ავტოსადგურში. ქალი ვერსად იპოვეს. უწმიდესი კი სადილს არ ეკარებოდა, იჯდა და ელოდა...

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის.

ესაუბრა მარიამ გაგუა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“  2004 წ.