სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს განსაკუთრებული დღეა. მოვიხსენიებთ წმიდა მარიამ ეგვიპტელს. ამ ღირსი დედის ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება: ერთი უძრავია და ყოველთვის 1 აპრილს ემთხვევა, მეორე კი, დიდმარხვის V კვირას. წელს ორივე დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა.
ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ღვაწლი ყოველი მორწმუნისათვის ჭეშმარიტი ცხოვრების საოცარი მაგალითია. უპირველესად კი, გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება დაცემული ადამიანის აღდგენა. ერთი სწავლული ამბობს, ქვეყანა შუაზე გაიპო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარაო. ვერცერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ მისი გული გაუბზარავია, დამშვიდებულია და შინაგანი ბრძოლები არა აქვს. იობის წიგნში წერია: ადამიანის ცხოვრება გამოცდაა, რომელიც ყოველმა ჩვენგანმა ღვთის წინაშე უნდა ჩააბაროს და საკუთარი ჯვარი ბოლომდე მიიტანოს, შუაგზამდე კი არა, ბოლომდე.
დღეს საოცარი ბრძოლები აქვს ადამიანს, განსაკუთრებული ბრძოლა კი, პირველ რიგში, ხორციელ ვნებებთან უხდება. ძველი აღთქმის მიხედვით, უფალი კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის პირით 10 მცნებას აძლევს. მათ შორის ერთ-ერთია - „არა იმრუშო“. ამ სიტყვებში ბევრი რამ იგულისხმება: მეძავობა, ოჯახის ღალატი, ღალატი ცოლ-ქმარს შორის, არსებობს ასევე მრავალი სხვა დარღვევა, რომელთა რეალურობასაც ვერ უარვყოფთ. დღეს განსაკუთრებული გამოცდის წინაშე დგას ყოველი ადამიანი. ძველ დროს, თუნდაც სულ რამდენიმე წლის წინათ, ადამიანებს ამ თემაზე ლაპარაკიც კი უჭირდათ, იმიტომ, რომ რცხვენოდათ. ახლა კი, თითქოს სირცხვილი დაკარგეს. პრესისა და რადიო-ტელევიზიის საშუალებით ხშირად ეწევა რეკლამა საშინელ გარყვნილებას. ბედნიერია ადამიანი, რომელიც ხორცის ასეთი მღელვარების დროს სულს გადაირჩენს.
ცოდვა იწყება თვალიდან. ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, თვალი უნდა „დაიმარხოს“. თქვენთვის კარგად ცნობილ მოძღვარსა და ფილოსოფოსზე, მღვდელ პავლე ფლორენსკიზე, რომელიც გარკვეულ პერიოდში საქართველოშიც ცხოვრობდა, ამბობდნენ, რომ ადამიანს პირდაპირ თვალებში არასდროს შეხედავდა, სულ თავდახრილი დადიოდაო. ე.ი. თავის თვალს იცავდა და ამით ცოდვას გაურბოდა, რადგან ცოდვა იწყება თვალიდან. შემდეგ ადის გონებაში, ჩადის გულში და იქედან მთელ სხეულს ედება. თუკი ცოდვა თვალსა და გონებაში შეუშვი, თუ იმ წუთში, არ განიშორე და გულში შეაღწევინე, იგი მაშინვე დაეუფლება მთელს სხეულს. აი, ამგვარი ურთულესი პროცესია ცოდვის შემოჭრა ადამიანში, განსაკუთრებით კი, ხორციელი ცოდვისა.
ვინ იყო ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი? თქვენ იცით, რომ დიდ მარხვას წინ შენდობის კვირიაკე უძღვის. ცოდვათა შენდობის ტრადიციას საფუძველი ეგვიპტის მონასტრებში დაედო. ბერებს ასეთი წესი ჰქონდათ: დიდი მარხვის წინა საღამოს იკრიბებოდნენ, ერთმანეთს ცოდვათა მიტევებას სთხოვდნენ და სააღდგომო საგალობელთა გალობას იწყებდნენ, რის შემდეგაც უდაბნოში მიდიოდნენ და მთელი მარხვის განმავლობაში იქ იღვწოდნენ. აღდგომისათვის დაბრუნებულნი ერთმანეთს თავიანთი მოღვაწეობის შესახებ არაფერს მოუთხრობდნენ, რადგან ეს იყო სულიერი საიდუმლო, რომელიც ღვთის წინაშე აღესრულებოდა.
VI საუკუნეში მცხოვრები დიდი სულიერი მოძღვარი, მამა ზოსიმე, სხვა ბერებთან ერთად, დიდი მარხვის გასატარებლად უდაბნოში წავიდა. უდაბნოს სიღრმეში შესული რატომღაც სულ იმაზე ფიქრობდა, რომ შეხვდებოდა ვინმე, რომელიც იქ განსაკუთრებულად იღვწოდა. ერთ დღეს, მართლაც დაინახა ადამიანი - თეთრი თმებით, სრულიად შიშველი, მზისგან დამწვარი და გაშავებული, რომელიც მისგან გარბოდა. იგი მოეფარა ამაღლებულ ადგილს და იქედან სახელით მიმართა უცნობ ადამიანს, „მამაო ზოსიმე, მე ქალი ვარ, ტანსაცმელი შემოძარცული მაქვს და ვერ დაგენახვები, ამიტომ შენი ზედა შესამოსელი მომეცი, რათა მოვიხვიო და შეგხვდეო“. მამა ზოსიმემ მას თავისი ანაფორა დაუტოვა, მოიხურა და შესახვედრად გამოვიდა. ღირსი მამა ზოსიმე მიხვდა, რმო მის წინაშე არაჩვეულებრივი ადამიანი იდგა, რადგან უცნობდა, რომელიც მას არასოდეს უნახავს, სახელით მიმართა. როცა ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, დაიჩოქეს და ერთმანეთისაგან ლოცვა-კურთხევა ითხოვეს. მაგრამ მეგვიპტელი იმასაც მიხვდა, რომ მამა ზოსიმე მოძღვარი იყო. მან ასე მიმართა ბერს: „შენ მოძღვარ ხარ და შენგან უნდა მივიღო ლოცვა-კურთხევა“. ზოსიმე მაინც არ ადგა და მარიამ მეგვიპტელს თავად დაალოცვინა თავი. შემდეგ მარიამ მეგვიპტელმა მას აღსარება უთხრა და თავისი თავგადასავალი უამბო. აი, ეს იყო მათი პირველი შეხვედრა.
მარიამ მეგვიპტელი 12 წლის იყო, როცა ოჯახიდან გავიდა და ალექსანდრიაში გაემგზავრა. ალექსანდრია იმ დროს დიდი ქალაქი იყო, ხალხმრავალი და, ამავე დროს, ცოდვებით აღსავსე. მან, ჯერ კიდევ ბავშვმა დაიწყო მეძავობა, რაც 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთხელაც, მოახლოებული ჯვართამაღლების დღესასწაულზე იერუსალიმში გემით უამრავი ადამიანი მიდიოდა, რათა თაყვანი ეცა ცხოველსმყოფელი ჯვრისათვის. მარიამ მეგვიპტელიც მათთან ერთად გაემგზავრა, მაგრამ არა იმიტომ, რომ თაყავი ეცა ჯვრისათვის, არამედ იმისათვის, რომ გემზე მყოფი ახალგაზრდები ეცდუნებინა. ასეც მოიქცა. თვითონვე ამბობდა - მიკვირს ჩემი ცოდვების გამო გემი როგორ არ ჩაიძირაო. როცა ხალხი გემიდან გადმოვიდა და იმ ტაძარს მიაშურა, სადაც ჯვარი იყო აღმართული, მოხდა სასწაული - ხალხი შედიოდა ეკლესიაში, მარიამ ეგვიპტელი კი ვერა, უხილავი ძალა მას ტაძარში არ უშვებდა. იგი ძალიან ბევრს ეცადა, მაგრამ შიგ ვერაფრით შეაღწია. სწორედ ამ დროს მიეცა მას სინანულის განცდა, იგრძნო თავისი დანაშაული და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას შესთხოვა, ოღონდ ტაძარში შეეშვა და ცხოველსმყოფელი ჯვრის მთხვევის ნება დაერთო, ცოდვას აღარასოდეს ჩაიდენდა. როგორც კი ღვთისმშობლის წინაშე ეს სიტყვები წარმოსთქვა, ტაძარში თავისუფალად შევიდა და ჯვარს ემთხვია. ტაძრიდან გამოსვლისთანავე სამი პური იყიდა და უდაბნოში სამოღვაწეოდ წავიდა. მარიამ მეგვიპტელმა ზოსიეს უამბო, რომ რაღაც საოცრად საშინელი ბრძოლებისაგან გასათავისუფლებლად მას 17 წელი დასჭირდა, ე.ი. ზუსტად იმდენი დრო, რამდენ ხანსაც ცოდვაში იმყოფებოდა. უდაბნოში სულ 47 წელი დაჰყო, და საოცარი ღვაწლით შეიმოსა. მაგრამ მეგვიპტელმა მამა ზოსიმეს სთხოვა, მომავალ წელს ზუსტად იმავე ადგილზე მისულიყო და მისთვის წმიდა ზიარება მიეტანა. ასეც მოხდა, მაგრამ უკვე შემდეგ წელს, როცა მამა ზოსიმე უდაბნოში მივიდა, მარიამ მეგვიპტელი უკვა გარდაცვლილი დახვდა. მამა ზოსიმემ მისი სახელი მისივე ცხედრის გვერდთ, სილაზე დატოვებული წარწერით შეიტყო. ბერმა საფლავის ამოთხრა სცადა, მაგრამ უდაბნოს მიწა ისე გაქვავებულიყო, რომ მიხვდა, არაფერი გამოუვიდოდა. ამ დროს უდაბნოდან ლომი გამოვიდა. ზოსიმეს შეეშინდა და პირჯვარი გადაიწერა. ლომი მარიამ მეგვიპტელის გვამთან მივიდა და ტერფების ლოცვა დაუწყო. როცა მამა ზოსიმემ ეს იხილა, მიხვდა, ღვთისგან მოვლენილი სასწაული ხდებოდა და ლომს უბრძანა, საფლავი გაეთხარა. ლომმა მართლაც აღასრულა მისი ბრძანება.
ასე დასრულდა ამ დდი მოღვაწის მიწიერი ცხოვრება; იდი დაცემული იყო და აღდგა, და თანაც იმდენად ამაღლდა, რომ ანგელოზებს ემსგავსა. ზოსიმე ხედავდა რომ როცა მარიამ მეგვიპტელი ლოცულობდა, იგი ჰაერში იდგა, მდეინარეზე ისე გადადიოდა, თითქოს მიწაზე მიაბიჯებდა. ამიტომაც სთხოვდა მარიამს, მე კი არა, შენ უნდა დამლოცო მე ცოდვილიო.
აი, ასეთი დიდი წმიდანის დღესასწაულია დღეს. შეგეწიოთ ღირსი მარიამ მეგვიპტელის ლოცვა თქვენ და სრულიად საქართველოს, მთელ ქვეყანას. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მძიმე და საშინელი ბრძოლა - სიძვის ცოდვასთან ბრძოლაა. თუ არ იქნა ღვთის ლოცვა-კურთხევა, წმიდანთა შემწეობა, ღვთისმშობლის მეოხება, შეუძლებელია, რომ ადამიანმა თავი დააღწიოს ამ ვნებას.
გეწეოდეთ ღირსი დედის მარიამ მეგვიპტელის ლოცვა-კურთხევა.
დასასრულს, უწმიდესმა დალოცა ტექნიკურ უნივერსიტეტთნ არსებული „ნატიფი ხელოვნების სკოლის“ მასწავლებლები და მოსწავლეები. სკოლის დირექტორია გიორგი ბერიძე.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14, 2001 წ.