სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი ბრძანებს: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. მართლაც, იგი მხოლოდ რჩეულთ აღამაღლებს, ადამიანთა ყოფა ღვთის ხელშია. რამეთუ, „უფალი მეფობს“. ჩვენ გვგონია, რომ თავად ვაკეთებთ ამა თუ იმ საქმეს, სინამდვილეში იარაღი ვართ ღვთის ხელში. როცა ადამიანი სჩადის ბოროტებას, ისმება კითხვა, ნუთუ უფალი აკეთებინებს მას ამას, ნუთუ იგი უშვებს, რომ ადამიანი დაეცეს?! მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის ბრძენთა ნათქვამი და კვლავ გავიმეორებ: „რასაც აკეთებ, შენი თავისთვის აკეთებ“. უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ვაკეთებთ კეთილს ან ბოროტს, თითქოს სხვას ვუკეთებთ, სინამდვილეში კი იგი თავად ჩვენსკენვეა მომართული.
დღეს არის ხსენება წმიდა წინასწარმეტყველ სამოელისა, რომელიც ქრისტეს შობამდე მე-11 საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს ის დროა, როდესაც მეფობდნენ საული და დავით წინასწარმეტყველი. ორივენი სამოელის ხელდასხმულნი იყვნენ, მის მიერ მირონცხებუნი. ისინი მეფედ ღვთისაგან გამოირჩნენ, მაგრამ საულმა ვერ გაამართლა უფლის უდიდესი წყალობა და ღვთისაგან სამოელს ჯერ კიდევ საულის სიცოცხლეშივე ებრძანა, მეფედ იესეს ერთ-ერთი შვილი ეკუთხებინა, თუმცა არ იყო თქმული - რომელი. როცა სამოელ წინასწარმეტყველი იესესთან მივიდა და განუცხადა, რომ უფალი მისი შვილდებიდან ერთ-ერთს მეფედ ირჩევდა, იგი ძალიან შეშინდა, რადგან მეფე საული ცოცხალი იყო. გამოიყვანა მან უფროსი შვილი, მაგრამ საულმა ღვთისაგან თანხმობის ნიშანი ვერ მიიღო, ასევე მოხდა დანარჩენებზეც. როცა თითქოს სულ ბოლო შვილი წარუდგინა მან სამოელს და უფლისაგან კვლავ არ იყო დასტური, წინასწარმეტყველი ძალიან გაკვირდა და შეშინდა, ნუთუ უფლის სიტყვა არ იყო სწორი. და ჰკითხა მან იესეს: მეტი შვილი არა გყავს? - მყავს ერთი პატარა, რომელიც ცხვარს უდგას - უპასუხა მამამ. მოიყვანეს ისიც და გაისმა ბრძანება ზეცით: ეს არის მეფე ისრაელისა. და ეს მეფე გახლდათ დავით წინასწარმეტყველი. აი, ასე მოღვაწეობდა სამოელ წინასწარმეტყველი, ასე გამოირა უფლისაგან მეფე დავითი.
დღეს ვიხსენებთ დიდგორის ბრძოლას და ამ ომში მონაწილეთ. ეს ომი დავით აღმაშენებლის მეფობის დროს მოხდა, როცა საქართველოს თურქ-სელჩუკები შემოესივნენ და გადამწყვეტი ბრძოლა დიდგორის ველზე გაიმართა. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მტერს 300000-იანი ჯარი ჰყავდა. ერთ-ერთი ფრანგი ისტორიკოსის ცნობით კი, მათი რიცხვი 600000 უტოლდებოდა. დავით მეფემ მათ წინააღმდეგ 40000 ქართველი მეომარი, 15000 ყივჩაღი და სადღაც 500 კაცამდე - ალანი და ფრანგი გამოიყვანა. აი, ამ რაოდენობის ჯართი გამოვიდა დიდი მეფე საშინელი მტრის წინააღმდეგ. რაში მდგომარეობდა ძალა ქართველთა, როგორ გადაურჩა ქართველი ერი ამდენ მტერს, ამდენ ომს, და საერთოდ, როგორ არსებობს იგი დღემდე ისევ იმის გამო, რომ უფალი მეფობს ჩვენში და ჩვენს გარშემო.
უფალი თითოეულ ადამიანს და ერს გულის სიწმიდის მიხედვით სწყალობს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი ხედავს სახეს კაცისას, ღმერთი კი - გულსა კაცისასა. ამიტომაც ამბობს გულის სისუფთავეზე მეფე დავით წინასწარმეტყველი: „გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა“. ღმერთმა ქართველ ერს საოცარი საჩუქარი მოგვცა - მოსიყვარულე გული. ცხადია, ყველას არ გვაქვს წმიდა გული, რამეთუ ცოდვილნი ვართ და ხშირად ვეცემით, მაგრამ სიყვარული შეგვიძლია. „ღმერთი სიყვარული არს“ - ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი უფლის შესახებ და თავისი ეს თვისება მან თითქოს გვიბოძა ჩვენ, რამეთუ სიყვარულით სავსეა ქართველი ადამიანის გული. მტერმა შეიძლება ბევრი ცუდი მოგვიტანოს, მაგრამ ჩვენ ვართ ბავშვის გულივით მიმტევებელნი და თითქმის იმ წამსვე ვივიწყებთ წყენას, ყოველგვარ ბოროტს, რომელიც მტერმა მოგვაყენა და კვლავ სიყვარულით ვივსებით. აი, ამ თვისებამ გადაარჩინა ქართველი ხალხი.
... და წერია წმიდა დავით აღმაშენებლის მატიანეში, რომ მან ომისთვის მზადებისას საოცარი სიბრძნე გამოიჩინა, ქართველთა ჯარი ორ ბანაკად გაჰყო, რომელთაგან 200 მამაცი მხედარი შეარჩია და მტრის ბანაკში გააგზავნა. მტერს ეგონა, რომ ისინი მოღალატენი იყვნენ და ქართველთა ჯარიდან გამოიქცნენ. რას წარმოიდგნედნენ, რომ ეს რამდენიმე კაცი ბრძოლას დაიწყებდა. როცა ისინი სიღრმეში შევიდნენ, იშიშვლეს ხმლები და გაჩაღდა ომი. ამ დროს ქართველთა ჯარმა ორი მხრიდან დაარტყა მტერს, რაც ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ზურგი აქციეს ბრძოლის ველს და გაიქცნენ. აღსანიშნავია, რომ როდესაც დავით აღმაშენებელმა ჯარი დიდგორის ველზე გაანაწილა, უკან დასახევი გზა ჩახერგა და განაცხადა: ან უნდა გავიმარჯვოთ, ან დავეცეთ. ღვთის წყალობით, ქართველმა ჯარმა დაამარცხა მტერი. აი, დღეს აღვნიშნავთ ამ დიდებულ გამარჯვებას. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - „უფალი მეფობს“. ჩვენ კი არ დავამარცხეთ მტერი, არამედ უფალმა მოგვანიჭა ეს საკვირველი ძლევა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული თბილისის გათავისუფლება. შემდეგ წელიწადს საქართველოს მომავალი დედაქალაქი მტერთაგან გათავისუფლდა და დავით აღმაშენებელმა სატახტო ქალაქი ქუთაისიდან აქ გადმოიტანა.
გილოცავთ ამ დიდ მოვლენას, დიდ გამარჯვებას! ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს გამარჯვება და სიცოცხლე!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს დიდგორის ვერლზე მომწყდარნი და ყოველნი მონაწილენი.
წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №36, 2001 წ.