სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღევანდელ კვირას, როგორც თქვენ სახარებიდან და მეუფე დანიელის ქადაგებიდან მოისმინეთ, მეზვერე-ფარისევლის კვირიაკე ეწოდება. სახარებაში მოთხრობილია ორი ადამიანის შესახებ: ერთია ფარისეველი, რომელიც თითქოს სჯულს აღასრულებს, მაგრამ ამპარტავნებაშია და მეორე - მეზვერე, ადამიანი რომელიც იმ დროისთვის ყველასთვის საძულველი იყო. მეზვერენი ხალხში გადასახადების ამკრეფნი იყვნენ და მოვალეობას ძალიან ხშირად თავის სასარგებლოდ იყენებდნენ, იჩენდნენ უსამართლობას, რის გამოც ხალხს სასტიკად სძულდა ისინი. ამიტომ, მეზვერეებს ძალიან ცოდვილად მიიჩნევდნენ. და აი, ტაძარში შევიდა ეს ორი ადამიანი: ფარისეველი და მეზვერე. ფარისეველი ტაძარში ყველაზე წინ დადგა და მადლობა შესწირა უფალს, რომ არ არის ისეთი ცოდვილი, როგორც მეზვერე. მეზვერე კი შორს, ბოლოში დადგა და ამბობდა: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე“. იმდენად განიცდიდა თავის ცოდვებს, რომ თვალებსაც კი ვერ სწევდა მაღლა. სახარებაში ნათქვამია, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი. იგავის დასასრულს უფალი ბრძანებს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს. სიმდაბლე განსაკუთრებით გვჭირდება ჩვენ, ქართველებს, იმიტომ, რომ ამპარტავნება ჩვენი ერისათვის უცხო არ არის. ღმერთმა ინებოს, რომ მოგვეცეს ეს დიდებული სათნოება - თავმდაბლობა. როგორც წმიდა მამები ამბობენ, მხოლოდ წმიდა სამება ჰკურნავს ამპრატავნებას და შევთხოვოთ უფალს, რომ წმიდა სამებამ განკურნოს ქართველი ხალხი ამ მომაკვდინებელი ცოდვისაგან.
დღეს მნიშვნელობანი დღეა კიდევ იმით, რომ ორი სასწავლებელი მოვიდა დასალოცად. სკოლების დალოცვა სიონის ტაძარში უკვე ძალიან კარგ ტრადიციად იქცა; აქ მობრძანდებიან სასწავლებლების რექტორები, დირექტორები, პროფესორ-მასწავლებლები, მოსწავლეები და ჩვენ ვლოცავთ მათ. დღეს სიონის საკათედრო ტაძარში დასალოცად მობრძადნენ საქართველოს უშიშროების აკადამიის რექტორი, გენერალ-მაიორი ბატონი თენგიზ ენდელაძე, პროფესორები, მასწავლებლები, მოსწავლეები.
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ბატონო თენგიზ, უშიშროების აკადემია, პროფესორ-მასწავლებლები, მოსწავლეები, მომსახურე პერსონალი. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ თქვენ და სრულიად საქრთველოს. შევთხოვთ უფალს, რომ ხილული და უხილავი მტრებისაგან დაიფაროს სრულიად საქართველო. ჩვენს ქვეყანას მრავალი წმიდანი და მოწამე ჰყავს და მათი ლოცვით დაცულნი ვიქნებით ღვთისაგან.
დღეს ასევე დასალოცად მობრძანდეს 163-ე სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები. სკოლის დირექტორი გახლავთ ბატონი ავთანდილ ნადარაია. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა სკოლების დალოცვის ტრადიცია, რადგან ეს არ არის უბრალოდ ჩემი დალოცვა, ეს ღვთის კურთხევაცაა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. რაღაც განსაკუთრებული სითბო სჭირდება ჩვენს ბავშვებს, სიმკაცრე ხელს არ უწყობს აღზრდას, ადამიანს უფრო სიყვარული გარდაქმნის. სკოლის ყველა დირექტორს ვთხოვ, და მათ შორის თქვენც, რომ არცერთ ბავშვს ორიანი არ დაუწეროთ. ამავე დროს ბავშვებსაც მინდა დავავალო, იმაზე უკეთ ისწავლონ, ვიდრე აქამდე სწავლობდნენ. იმედი მაქვს, ჩემი კურთხევა შესრულდება. ამიტომ, წინასწარ მინდა მოგილოცოთ, როგორც ბავშვებს და ისე მასწავლებლებს, ის რომ ნიშანი ორიანი თქვენს სკოლაში აღარასოდეს დაიწერება.
ღმერთმა დაგლოცოთ და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №???, 2001 წ.